ბათუმი,მთავარი,სიახლეები

უსახლკაროებმა ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს – „ძალით გამოგიყვანთო“

06.10.2025 •
უსახლკაროებმა ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს – „ძალით გამოგიყვანთო“

20-მდე ადამიანმა, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილი, ძველი შენობა დაიკავა.

„გუშინ დილით შემოვედით, გამთენია იყო,“ – გვიყვება შორენა კონცელიძე, – „დღეს მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, თუ ნებით არ დატოვებთ შენობას, ძალით გაგიყვანთო… ვითხოვთ ყურადღებას, წასასვლელი არსად გვაქვს.

აქ არც შუქია, არც წყალი და არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, სახელმწიფოს არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ არავინ ყურადღება არ მოგვაქცია,“ – ამბობს შორენა კონცელიძე, რომელიც მეტაქსას ქუჩაზე მდებარე ავარიულ შენობაშია.

ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ მეტაქსას 10-ში, ძველი შენობის შესასვლელთან, პოლიცია დახვდა. პოლიციელებმა გვითხრეს, რომ შენობაში ვერ შევალთ, რადგან იგი ავარიულია და საფრთხის შემცველი.

მეტაქსას 10-ში მდებარე ავარიული, ორსართულიანი სახლი აჭარის საკუთრებაა. შენობა სარგებლობის უფლებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაა გადაცემული.

„საკრებულომ უკვე დაამტკიცა უსახლკაროთა პროგრამა, მერია დაიწყებს მის ამოქმედებას… 31 დეკემბრამდე არის ვადა, რომ ეს ადამიანები დარეგისტრირდნენ უსახლკაროთა ბაზაში. ამის შემდეგ გადაწყდება, როგორ მათ დაეხმარება მერია.

ნაწილი ეკომიგრანტია, მათ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარება, ნაწილი კი, საერთოდ გურიაშია რეგისტრირებული,“ – გვითხრა უსახლკაროებთან შეხვედრის შემდეგ რამაზ ჯინჭარაძემ, იგი აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატია და მეტაქსას ქუჩაზე, სახელმწიფო საკუთრებაში შესულ ადამიანებს შეხვდა.

რა პროგრამაზე საუბრობს რამაზ ჯინჭარაძე, როცა ამ დრომდე „ოცნების“ მთავრობა სოციალურად დაუცველ უსახლკაროებს არაფერს სთავაზობს? – რამაზ ჯინჭარაძემ კონკრეტულად ვერ გვიპასუხა და მერიისკენ მიგვითითა. რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ბინებს უსახლკაროების ნაწილი მერიის ე.წ. საბინაო ფონდიდან მიიღებენ.

კონკრეტულად რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო იმისთვის, რომ ქუჩაში დარჩენილმა მარტოხელა დედამ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, ან სოციალურად დაუცველმა უსახლკარომ ბინა მიიღოს? – ამ შეკითხვით „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერიის პრესცენტრს.

ბათუმის მერიისგან კომენტარის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

სოციალურად დაუცველი უსახლკაროები წლებია ბათუმში მთავრობის ყურადღებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ, მაგრამ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის არანაირი პროგრამა არ შეუქმნიათ. მათი საცხოვრებელი პირობები და რეალური ქონებაც კი რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან არავის შეუსწავლია.

შორენა კონცელიძეც მარტოხელა დედაა. ის რამდენიმე სხვა უსახლკაროსთან ერთად 2024 წლის არჩევნების წინ ბათუმში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილ, მიტოვებულ შენობაში შევიდა.

„…იქ ვიყავით რამდენიმე თვე, მაგრამ შუქი არ იყო და მე პირადად იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი. ქირის ფულს ვერ ვიხდი ისევ.

რამდენიმე ოჯახი ისევ იქ ცხოვრობს, რკინიგზის ყოფილ შენობაში. მეტაქსას ქუჩაზე ეს შენობა აჭარას ეკუთვნის. აქ უფრო იქნება შესაძლებელი შუქის შემოყვანა.

რამაზ ჯინჭარაძე რასაც გვპირდება, არ გვჯერა. უნდა გვჯეროდეს?

მხოლოდ 1000 – 1000 ლარით დახმარებას დაგვპირდა ერთჯერადად, მეტი არაფერი,“ – უთხრა შორენა კონცელიძემ „ბათუმელებს“.

„ოცნების“ მთავრობა წლების განმავლობაში აიგნორებდა უსახლკარო ადამიანებს, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“, კრიტიკულ ეტაპზე კი, 2022 წელს „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველი ადამიანები საარჩევნო სქემაში ჩართო: „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები თვითმმართველობის წინა არჩევნებზე მასობრივად დაარეგისტრირეს ბათუმში და დაჰპირდნენ ბინების გადაცემას, თუ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდნენ მხარს.

2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების ბედი პრაქტიკულად „ოცნების ქალაქმა“ გადაწყვიტა – მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა და ეს ფაქტი დღემდე გამოუძიებელია, შუალედური არჩევნები ჩატარდა. საბოლოოდ, „ოცნების ქალაქის“ გამოყენებით ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. 

მაშინ არჩევნებში „ოცნების ქალაქის“ ამ სქემის გამოყენების შედეგად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სწორედ რამაზ ჯინჭარაძე გახდა, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და დევნილებთან და ეკომიგრანტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. დღეს რამაზ ჯინჭარაძეა, „ოცნების“ არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. დღეს „ოცნებამ“ უსახლკაროებს სწორედ ის შეახვედრა.

ამ თემაზე:

„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: