მთავარი,სიახლეები

რუსეთში საიდუმლოდ რჩება მარგარიტა სიმონიანის პროპაგანდისტი ქმრის საფლავის მდებარეობა

08.10.2025
რუსეთში საიდუმლოდ რჩება მარგარიტა სიმონიანის პროპაგანდისტი ქმრის საფლავის მდებარეობა

რუსეთში ასაიდუმლოებენ  სომეხი წარმოშობის რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის ქმრის, ტიგრან კეოსაიანის საფლავის მდებარეობას. ამის შესახებ რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელებში იწერება.

რუსული პროპაგანდისტული არხის, RT-ის რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის ქმარი, ასევე პროპაგანდისტი ტიგრან კეოსაიანი 9-თვიანი კომის შემდეგ, 26 სექტემბერს გარდაიცვალა. მედიაში გავრცელდა მისი სამოქალაქო პანაშვიდის ამსახველი კადრები, რომელიც მოსკოვში, სომხურ ეკლესიაში შედგა, თუმცა არც ერთი კადრი და ცნობა არ გავრცელებულა იმის შესახებ, თუ სად დაკრძალეს პროპაგანდისტი.

რუსი ჟურნალისტები მოსკოვის თითქმის ყველა სასაფლაოს ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ, თუმცა ყველგან უარყოფენ, რომ კეოსაიანი მათთანაა დაკრძალული. მისი საფლავი ვერ იპოვეს ვერც მოსკოვის ოლქის ისტრას რაიონში, ელიტარულ დახურულ თემში „კნიაჟიე ოზეროში“, სადაც ბოლო წლებში ცხოვრობდნენ ტიგრან კეოსაიანი და მარგარიტა სიმონიანი. ასევე, არ დასტურდება ინფორმაცია კრემაციის შესახებ.

სოციალურ ქსელებში კეოსაიანის საფლავის  გასაიდუმლოებაზე წერენ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება მის პროპაგანდისტულ საქმიანობას და ოჯახი შიშობს, რომ კეოსაიანის საფლავი შესაძლოა შეურაცხყონ.

რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი, რომელსაც რუსეთში 8 წელი აქვს მისჯილი დაუსწრებლად, წერს, რომ საფლავის ადგილმდებარეობა საგულდაგულოდ იმალება როგორც მედიისგან, ასევე „ოჯახის მეგობრებისგან“ და ეს უკავშირდება რუსული უშიშროების სამსახურების გაფრთხილებას კეოსაიანის საფლავის საზოგადოებრივ ტუალეტად გადაქცევის მაღალი რისკის შესახებ.

„როგორც ირკვევა, ამისთვის კონკრეტული ტერმინიც კი არსებობს: კრიმინალური დეფეკაცია [ძეგლის, მემორიალების და საფლავების განზრახ შეურაცხყოფა ექსკრემენტებით]“ – ამბობს ნევზოროვი.

კეოსაიანის უახლესი პროექტი იყო სატირული პროპაგანდისტული შოუ – „საერთაშორისო სახერხი“, რომელშიც იგი სიძულვილის შემცველ განცხადებებს ავრცელებდა უკრაინის და დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: