მთავარი,სიახლეები

რას აპირებს გახარიას პარტია? – „გვირჩევნია არ ვიჩქაროთ, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ“

08.10.2025 •
რას აპირებს გახარიას პარტია? – „გვირჩევნია არ ვიჩქაროთ, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ“

„ჩვენ დაგვჭირდება დრო – მაქსიმუმ 2 კვირა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. გვირჩევნია, არ ვიჩქაროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. შემდეგ კი, ამ დასკვნების საფუძველზე უკვე ახალი ნაბიჯები შევიმუშაოთ,“ – გვითხრა გიორგი შარაშიძემ, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა. მასთან სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ინტერვიუ ჩავწერეთ.

„ბათუმელები“ სხვადასხვა ოპოზიციური და კვალიფიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერს ესაუბრა ამ საკითხზე: როგორ და რა სტრატეგიით აპირებენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას?  ამ სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ბათუმელების“ ვებგვერდზე.

  • ბატონო გიორგი, ჟურნალისტებთან ახსენეთ, არჩევნების ბოიკოტირებით პოლიტიკური პროცესი მოკვდაო. თქვენ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. რას აპირებთ ახლა? 

პირველ რიგში, უნდა გავაკეთოთ ყველაფრის სწორი შეფასება, რაც მოხდა. ჩვენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ, იმდენად სერიოზული პროვოკაციის მომსწრენი გავხდით. ამ პროვოკაციაში, გასაგებია მგონი ყველასთვის, რომ მხოლოდ „ოცნება“ ვერ მიიღებდა მონაწილეობას და ეს არის, როგორც „ოცნების“ პასუხისმგებლობა, ასევე პოლიტიკოსების იმ ნაწილის, რომლებიც მოუწოდებდნენ ადამიანებს ძალადობრივი დაპირისპირებისკენ.

თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით, თუ შეცდომა არ გავმიჯნეთ დანაშაულისგან და თუ დანაშაულს დანაშაული არ დავარქვით, თუ ხალხს არ გავაგებინეთ, რეალურად ვინ ვინ არის, რა მოხდა, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, ახალ ნაბიჯებზე საუბარი იქნება ნაადრევი და ნაჩქარევი. ამიტომაც, ახლა ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სიტუაციის ანალიზი.

თუ აქამდე ვსაუბრობდით ზოგიერთის იდიოტობაზე, როგორც ჩანს, უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული დანაშაულის ვერსიაც. ყველაზე ნაკლებად რჩება არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ის, რაც ჩაიდინეს, ეს ან მარტო უგუნურებით მოუვიდათ, ან ისევ და ისევ სასარგებლო იდიოტების როლში დარჩნენ.

  • მანამდე სახელმწიფო მიიტაცა „ქართულმა ოცნებამ“, რასაც თქვენ არ ახსენებთ… „ოცნება“ ცდილობს დაამყაროს დიქტატურა.

ამის წინააღმდეგ სწორად ბრძოლაა საჭირო, ხომ მეთანხმებით?!

  • თქვენთვის სწორი ბრძოლა რა არის, რომ ისევ „ნაცმოძრაობას“ დაუპირისპირდეთ?

ჩვენ ეს პროცესი რეალურად უნდა გავათავისუფლოთ აი, ამ მოჯადოებული წრისგან, როდესაც „ოცნება“ ყველა არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიშის ფაქტორით იგებს. ხან გამოგონილი და ხან დადგმული სცენარებით იგებს და ახდენს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაციას, კონსოლიდაციას.

მე არავისთან დაპირისპირება არ მინდა.

თქვენ იცით კარგად, რომ ჩვენ თავიდანვე გავემიჯნეთ, როგორც ძალადობრივ სცენარებს, ასევე ბოიკოტს. პირველივე დღიდან ვთქვით, რომ მივდივართ არჩევნებზე. დადასტურდა ფაქტობრივად, რომ ბოიკოტი იყო ძალიან სერიოზული შეცდომა.

  • მიიჩნევთ, რომ არჩევნების დისკრედიტაცია მოხდა. დისკრედიტაცია მოხდა, თუ თავიდანვე არ იყო არჩევნები? სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც კი უარი თქვეს დაკვირვებაზე, რადგან არ დარჩა არანაირი პირობა ჩატარებულიყო სამართლიანი არჩევნები.

არჩევნები იყო თუ არ იყო, ძალადობრივი დაპირისპირების სცენართან შედარებით ეს იყო არჩევანი კარგსა და უარესს შორის.

რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ „ოცნება“ არჩევნებს აყალბებს, ყველანაირი შედეგისთვის ვიყავით მზად, მაგრამ ამის ალტერნატივა არ იყო. არჩევნები არის მშვიდობიანი ფორმა ხელისუფლების შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ არ ტარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

  • თქვენ ახსენეთ მოჯადოებული წრე. როგორ აპირებთ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას და ვისთან ერთად?

ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ კონკრეტული ნაბიჯების გამჟღავნებისგან და არც გვაქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული. ამ ეტაპზე ვართ სიტუაციის ანალიზით დაკავებული: თუ ეს არ გავაანალიზეთ და ყველაფერს თავისი სახელი არ დავარქვით, ახალი ნაბიჯების სწორად გადადგმა გაგვიჭირდება.

ჩვენ დაგვჭირდება დრო – მაქსიმუმ 2 კვირა ამ ყველაფრის გასაანალიზებლად. გვირჩევნია, არ ვიჩქაროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. შემდეგ კი, აი, ამ დასკვნების საფუძველზე ახალი ნაბიჯები შევიმუშაოთ.

  • არჩევნებამდე გიორგი გახარიამ გააჟღერა, რომ შესაძლოა საპარლამენტო მანდატები გამოიყენოთ. შეხვალთ პარლამენტში?

ეს გადაწყვეტილებაც ელოდება სიტუაციის ანალიზს, რაზეც ახლა ვსაუბრობდით. ვადასტურებთ, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტში შესვლა იქნება ამის გამოსწორების ერთადერთი გზა. რამდენიმე გზა არსებობს და ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: