დღეს, 9 ოქტომბერს, „ოცნების“ პროკურატურამ ბრალი წარუდგინა გუშინ, 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 13 ადამიანს.
შს სამინისტროს გამოძიების ვერსიით:
„ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და შეიჭრნენ ეზოში.
შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავდროულად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა დაკავებულმა – კობა ეპიტაშვილმა პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საბა კორძაიამ კი წესრიგის აღსადგენად მობილიზებული სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა ე.წ. ,,მოლოტოვის კოქტეილი“ – წერს პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, კობა ეპიტაშვილს და საბა კორძაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გოჩა ყატაშვილს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას, სულხან აბრალავას, ბექა ქელეხსაშვილს და გიორგი კირვალიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ასევე წერს, რომ „დაიდენტიფიცირებულია ზემოაღწერილი დანაშაულებრივი ქმედების – ჯგუფური ძალადობის კიდევ ერთი ორგანიზატორი – ნანა სანდერი“. უწყება მას ორგანიზებას ედავება.
ნანა სანდერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
9 ოქტომბრის დღის 12 საათის მონაცემებით, 4 ოქტომბრის მოვლენებზე შს სამინისტრომ 36 პირი დააკავა.






