მთავარი,სიახლეები

ბათუმი-სარფის ავტობანისთვის სესხის ასაღებად უცხოელ დონორთან მოლაპარაკება ახლა იწყება

26.07.2025 •
ბათუმი-სარფის ავტობანისთვის სესხის ასაღებად უცხოელ დონორთან მოლაპარაკება ახლა იწყება

„ოცნების“ მთავრობა ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო სესხის ასაღებად უცხოურ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს იწყებს. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა 2025 წლის 24 ივლისს გამოსცა. არადა, „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო დაპირებით ეს ავტობანი კარგა ხნის აშენებული უნდა იყოს.

„გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების [ჩვეულებრივი ოპერაციები][ბათუმი-სარფის გზის პროექტი]“ ტექსტის მიღების მიზნით“ – აღნიშნულია 2025 წლის 24 ივლისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაპოვებლად რომ შესაბამისი პროცედურების დაწყება იგეგმებოდა, ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან „ბათუმელებს“ 6 თვის უკან მოგვწერეს.

„გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის E-70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოვლითი-სარფის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოპოვების მიზნით იგეგმება შესაბამისი პროცედურების დაწყება, რის დასრულების შემდეგაც, ეტაპობრივად განხორციელდება სატენდერო პროცედურები“ – ეწერა გზების დეპარტამენტიდან 2025 წლის 20 იანვარს მიღებულ ინფორმაციაში.

ვრცლად: ბათუმი-სარფის ავტობანის მშენებლობის დაფინანსება – რას პასუხობს გზების დეპარტამენტი

საქართველოში მარტო ავტობანის მშენებლობაში მილიარდობით ლარია დახარჯული, რაც უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული შეღავათიანი სესხია. მათ შორისაა აზიის განვითარების ბანკი (ADB); ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); მსოფლიო ბანკი (WB); აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) და სხვა.

ამ თემაზე: როდის დასრულდება ავტობანი სარფიდან-რიკოთამდე, რაშიც 4,5 მილიარდი იხარჯება

რაც შეეხება ბათუმი [ჭოროხი]-სარფის გზას, ახალი ავტობანი დაიწყება ქალაქის სამრეწველო ზონაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირთან [სადაც სპეციალური საგზაო კვანძით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას]; აშენდება ახალი ხიდი მდინარე ჭოროხზე; ახალი ხიდიდან გზა გაგრძელდება ახალსოფლისა და ჭარნალის ტერიტორიაზე და 7,6-კილომეტრიანი გვირაბით გამოვა სარფში [ანდრიას ჩანჩქერის მიმდებარედ], სადაც დაუკავშირდება სარფი-ბათუმის არსებულ გზას – აქ დაგეგმილია ზღვის სანაპიროს გამაგრება.

ამ თემაზე:

კომპენსაცია თვითნებურად დაკავებულ მიწებზეც გაიცემა – სარფისა და ქობულეთის ავტობანის პროექტები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: