რა ვიცით „ოცნების“ მიერ დაანონსებულ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში დაკავებულთა საქმეებზე? – „ბათუმელებმა“ ამ სტატიაში თავი მოუყარა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტებს, რომელთაც თავად „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები იძიებენ.
21 ივნისს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე გახდა პირველი მაღალჩინოსანი „ქართული ოცნების“ რიგებიდან, რომელიც „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფმა საგამოძიებო ორგანოებმა დააპატიმრეს.
- რას ედავება პროკურატურა რომეო მიქაუტაძეს?
„სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 2017 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში იკავებდა რა სხვადასხვა უწყებაში მაღალ თანამდებობებს, სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
2021 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ავტორიტეტი და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, გამორჩენის მიღების მიზნით, დაეხმარა ერთ-ერთ კომპანიას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ს სხვა კომპანიისთვის 4 400 000 აშშ დოლარად მიყიდვაში, რის სანაცვლოდაც აღნიშნული კომპანიისგან მიიღო დაახლოებით 400 000 აშშ დოლარი,“ – წერია ბრალდებაში, რომელიც პროკურატურამ წარუდგინა რომეო მიქაუტაძეს.
ამის გარდა, პროკურატურა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. კერძოდ, პროკურატურის ბრალის თანახმად, რომეო მიქაუტაძე ვერ ადასტურებს 599 955 ევროს წარმომავლობას, რომელიც მადრიდში, 120 კვ.მ. ბინის შესაძენად გადარიცხა.
„ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა, 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში 842 592 ლარს შეადგენს. აღნიშნული ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე,“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ რომეო მიქაუტაძისათვის წარდგენილ ბრალში.
რომეო მიქაუტაძემ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ეკონომიკის 5 მინისტრი გამოიცვალა. მათგან ყველაზე ხანგრძლივად ნათია თურნავასთან მუშაობდა – 2019 წლიდან 2022 წლამდე.
ნათია თურნავა ამჟამად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტია.
- თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმე
მეორე დიდი და ხმაურიანი საქმე უკავშირდება საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს პროკურატურამ ბრალი 13 სექტემბერს წარუდგინა.
ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მეცხრე წელს დაინიშნა – 2021 წლის 22 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს და თანამდებობას 2024 წლამდე იკავებდა.
თავდაცვის მინისტრის დაკავებამდე სუს-ის ანტიკორუფციულმა დააკავა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა. მას ბრალად 1.3 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა ედება. მასთან ერთად დააკავეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე და თავდაცვის სამინისტრო შესყიდვების ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური.
რაც შეეხება თავად ყოფილი მინისტრის ბრალდებას:
„სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს საქართველოს თავდაცვის იმდროინდელმა მინისტრმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მისთვის და მისი ნათესავისთვის გამორჩენის მისაღებად. კერძოდ, მისი მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალისთვის სამედიცინო აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით გაიზარდა აპარატის ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიეწოდა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა,“ – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ ჯუანშერ ბურჭულაძისადმი წარდგენილ ბრალში.
გარდა ამისა, პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით და ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ჩადენილ მაქინაციებს ედავება. პროკურატურის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ 544 000 ევროდ შეიძინეს ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული სახლით.
„ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი გზით წარმომავლობა არ უფიქსირდებოდათ, ამ თანხის წარმოშობის დამალვის მიზნით, 2024 წელს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
რას ნიშნავს როცა „ქართული ოცნების“ ორი მაღალჩინოსანი და მათთან დაკავშირებული პირები კორუფციაში არიან მხილებულნი თავად „ქართული ოცნების“ სამართალდამცავი უწყებების მიერ? თუ მაღალჩინოსნები კორუფციაში იყვნენ ჩართულები, რატომ ვერ აღმოაჩინა ამ უწყებებმა ეს მანამდე?
„ჯუანშერ ბურჭულაძე „ოცნების“ კორუმპირებულთა სიაში 500-ეულშიც კი ვერ შევა,“ – მიიჩნევს ეკონომისტი რომან გოცირიძე. ის რამდენიმე მაგალითს ასახელებს, რაც აჩვენებს ქვეყანაში კორუფციის მასშტაბს.
„კორუფცია, რაზეც უკვე თავად ხელისუფლება საუბრობს, პირდაპირ ბიუჯეტიდან ფულის მითვისებაა. წარმოიდგინეთ ეს მასშტაბი, როდესაც კულტურის მინისტრს აქვს 5000-იანი და 8000-ევროიანი ორი ჩანთა. მან ეს ჩანთები დაადეკლარირა. პარლამენტში ბევრ ქალს აქვს 5 და 10 000 -დოლარიანი ჩანთები, არავინ ამას არ ადეკლარირებს, მაგრამ კულტურის მინისტრი დადის ყოველდღე ამ ჩანთით და ეს ჩანთა არის ვიზუალურად თვალში საცემი. ვინმემ რომ ფოტო გადაუღოს და დაგუგლოს, მიხვდება, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული ჩანთაა.
ამ მინისტრს როდესაც დაუსვეს კითხვა, ამდენი შემოსავალი საიდან გაქვს, კონსულტაცია გავწიე 280 000 ლარადო. წარმოიდგინეთ: კონცერტს ატარებდა მერია და ამ ფირმამ, რომელმაც მიიღო მერიისგან 2.8 მილიონი ლარის შეკვეთა კონცერტების ჩასატარებლად, გადმომირიცხა 280 000 ლარიო, ანუ 10%.
რატომ გადმოგირიცხათ? – იმიტომ, რომ კონსულტანტი ვარ, დისტანციურ კონსულტაციას ვეწეოდიო. ეს ნიშნავს იმას, რომ შუამავალი იყო თბილისის მერიასა და ამ ფირმას შორის და კორუფციულად 10% მიიღო მან ამ ტენდერიდან. ესაა ტიპური კორუფციის მაგალითი“, – აღწერს სქემას რომან გოცირიძე.
- სუს-ის ყოფილი უფროსის ნათლიმამა მიმალვაში
„პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა“ – პროკურატურამ ეს განცხადება 25 სექტემბერს გაავრცელა.
პროკურატურის ბრალდების თანახმად,
„2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი პირი, ამავე კომპანიის დირექტორისა და კომპანიის თანამშრომლის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით, მათთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“.
შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი პირი, ბიჭიკო პაიკიძეა, რომელიც ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო. ბიჭიკო პაიკიძის შვილის ნათლია გრიგოლ ლილუაშვილია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი.
ამ საქმეზე ხუთი პირია დაკავებული, მეექვსე, ბიჭიკო პაიკიძე კი მიმალვაშია.
- უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
16 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ უპრეცედენტო ოდენობის – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი, კახა კოტორაშვილი დააკავა.
პროკურატურამ თქვა, რომ „ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი“.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა „განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში“.
რამდენად რეალურია 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრება ერთი ადამიანის მიერ? – ეკონომისტების განმარტებით, ეს არარეალური.
ბრალის თანახმად, ფულის გათეთრება სამი წლის განმავლობაში ხდებოდა. თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ ეს თანხა ყოველდღე თეთრდებოდა, მაშინ დღეში მინიმუმ 607 305 დოლარი უნდა გაეთეთრებინა ბრალდებულს.
„700 მილიონი დოლარი მოგონილი რიცხვია. საქართველოში მოქმედი 720 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი წელიწადში აკონვერტირებს დაახლოებით 4-5 მილიარდ დოლარს (2,5 მილიარდ დოლარს 2021 წლის ოფიციალური მონაცემებით) ანუ ერთი ასეთი ჯიხურის ბრუნვა წელიწადში საშუალოდ გამოდის 20 მილიონამდე დოლარი. თურმე ეს ერთი, ფულის გამთეთრებელი პუნქტი წელიწადში 350 მილიონ დოლარს აკონვერტირებდა. აბსურდია. ამდენი ვალუტის ყიდვა-გაყიდვას საქართველოში არსებული 17 ბანკიდან მხოლოდ „საქართველოს ბანკი“, თბს ბანკი“ და კიდევ ორიოდე თუ შეძლებს,“- განმარტავს ეკონომისტი რომან გოცირიძე ფულის გათეთრების საქმეს.
მისი აზრით, თუ საქმეს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ „ფიზიკურად“ შევხედავთ, დავინახავთ, რა მასშტაბის აბსურდია.
„ერთი მილიონი დოლარი 100-დოლარიანი კუპიურით არის ერთი „დიპლომატი“ ხელის ჩემოდანი, რომლის წონა 10 კილოგრამია. 5 ათასი რუბლის კუპიურით ერთი მილიონი დოლარის ეკვივალენტი არის 2 დიპლომატი. 700 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული რუბლი არის 1400 ჩემოდანი. ეს არის 14 ტონა. ტონობით ფული შემოზიდეს და თუ ვერავინ აღმოაჩინა, ეს ან არაპროფესიონალიზმის, ან კორუფციული მფარველობის მაჩვენებელია. ეს ჯიხური თურმე დღეში ორ ჩემოდან ფულს ათეთრებდა. დაუჯერებელია,“ – ამბობს რომან გოცირიძე.
- გორში დამზადებული ვისკის საქმე
17 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 7 პირი დააკავა. დაკავებულებს შორისაა გორელი ბიზნესმენი და მოკრივე, გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ბორის გოგიჩაიშვილი. მათ ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბება ედებათ.
„ბრალდებულებს ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – ვისკისა და არყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს.
2025 წლის 16 სექტემბერს, ბრალდებულები მათი ძირითადი დანაშაულებრივი საქმიანობის მისამართზე, აქციზური მარკის გარეშე ინახავდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 75 000-მდე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რომელთა სავარაუდო ღირებულება რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება,“- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ბრალში.
ამავე თემაზე:
ივანიშვილი ნელ-ნელა ყულფს უჭერს ღარიბაშვილის მთავრობას – ინტერვიუ






