„რომ არა უვიზო მიმოსვლა, წარმოდგენაც არ მინდა როგორ იქნებოდა“ – დემეტრეს ამბავი ემიგრაციიდან

„ჩვენ აქ წამოვედით დემეტრეს გამო. ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს – უმართავი ეპილეფსია და ძლიერი დაჭიმულობა. სჭირდება ოპერაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ კეთდება“ – გვიყვება 35 წლის თეკლე მეტრეველი, რომელიც შვილის გადასარჩენად ოჯახთან ერთად გერმანიაში ლტოლვილად წავიდა.

ეს გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც თეკლე ამბობს, სხვა გზა არ დარჩენიათ – საქართველოში მისმა შვილმა საჭირო მკურნალობა ვერ მიიღო.

თეკლე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება უამრავი ოჯახის მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა სჭირდებათ:

„საქართველოში ძალიან ბევრ ბავშვს სჭირდება მკურნალობა. ისინი ყველანაირი ხელის შეშლის გარეშე უნდა ახერხებდნენ ამას. ძალიან ბევრი ბავშვი და ბევრი ზრდასრული გადარჩა აქ, ევროპაში“ – ამბობს ის. 

  • თეკლე, რატომ მოგიწიათ საქართველოს დატოვება და გერმანიაში ჩაბარება?

ჩვენ ვართ აქ მთელი ოჯახი – მე, ჩემი ქმარი, ჩემი უფროსი შვილი ნიკოლოზი [14 წლის] და უმცროსი – დემეტრე [12 წლის].

წამოვედით დემეტრეს გამო. მას ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს – ცერებრალური დამბლა, ჰიდროცეფალია, მიკროცეფალია, ბრონქული დისპლაზია, ვერ საუბრობს და აქვს მხედველობის პრობლემა. ასევე, აქვს უმართავი ეპილეფსია და ძლიერი დაჭიმულობა. სულ სჭირდება ოპერაციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ კეთდება. კარგი იქნებოდა, რომ კეთდებოდეს, იმიტომ, რომ დემეტრეს გარდა არის ძალიან ბევრი ბავშვი იმავე და სხვა მდგომარეობით.

ექიმს ვკითხე – დემეტრემ ოპერაცია რომ არ გაიკეთოს, მაშინ რა მოხდება – მეთქი. გადაეკეტება ძვლები და ვერ იცოცხლებს. ვერ იცოცხლებს ტკივილისგან. 

  • რა მდგომარეობა აქვს დემეტრეს და როგორი იყო მისი ცხოვრება საქართველოში?

დემეტრე 8 თვის გაჩნდა საკეისრო ოპერაციით. დაბადების შემდეგ 6 დღე ვერ ვნახე – ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეოთხე დღეს ჟანგბადის დიდი დოზა მიაწოდეს, მარცხენა ფილტვი გაუხეთქეს, უჟანგბადობა წავიდა ტვინში და დაუზიანდა თეთრი ნივთიერება. როგორც ექიმმა ამიხსნა, ნაცრისფერი ნივთიერება შენარჩუნებულია – ყველაფერს ხვდება, მაგრამ ვერ ლაპარაკობს და ვერ გადმოსცემს ტკივილს.

თუ დემეტრეს ექნება შესაბამისი მკურნალობა და ყველაფერი თავის დროზე, შეიძლება ჯანმრთელმა უჯრედებმა აითვისონ დაზიანებულის ფუნქცია და რაღაც შეძლოს. მას არც ლაპარაკი შეუძლია, რომ მითხრას რა სტკივა და სამწუხაროდ, არც ხელით შეუძლია, რომ მაჩვენოს, მაგალითად, მუცელი სტკივა, ან კბილი, ან თავი.

აქვს მენჯების პრობლემაც. ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ საქართველოში მკურნალობა, გადიოდა რეაბილიტაციას, რაც საერთოდ არ ეხმარებოდა. 

ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ მეთოდისტმა მითხრა, დღეს დემეტრეს ძალიან აქვს დაჭიმული ფეხები და შეიძლება ძვალიც გადატყდეს — ამიტომ დღეს ვარჯიშს ვეღარ გავაგრძელებთო.

2024 წლის იანვარსა და თებერვალში გერმანიაში გავიკეთეთ მენჯების ოპერაცია. მენჯები არ ჰქონდა განვითარებული და თან დაშორებული იყო. იმ ადგილას, სადაც მენჯი არასწორად იყო მოთავსებული და არ უნდა ყოფილიყო, ძვალი სწორ ადგილას ჩასვეს. ამ პროცესში დარჩა ცარიელი ადგილები, სადაც დამატებით ჩაუყენეს სპეციალური (ხელოვნური) ქსოვილები , რომელიც ძვლის ფუნქციას ასრულებს. ძვლებზე გაკეთდა პლასტიკა – ძალიან რთული ოპერაცია იყო. იანვარში ჩაუტარდა ოპერაცია ერთ ფეხზე, თებერვალში – მეორეზე. თითოეული ექვსი საათი გაგრძელდა.

საქართველოში დემეტრე საჯარო ბაღში რომ უნდა შემეყვანა, ფორმას ავსებდნენ, მკითხეს, თავისით თუ ჯდება, თუ შედის საპირფარეშოშიო. ამ ყველაფერზე უარი როცა მიიღეს, მითხრეს, რომ ვერ მიიღებდნენ. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციიდან გამყვა იურისტი, რამინ მაჭარაშვილი და მიიღეს, მაგრამ მე აღარ მინდოდა, იმიტომ, რომ ვგრძნობდი, მაინც ისე გულით ვერ მიხედავდნენ ჩემს შვილს, როგორც საჭირო იყო. ამიტომ გადავწყვიტე, კერძო ბაღში შემეყვანა. 600 ლარი დაგვემატა ხარჯი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ დემეტრეს პირველად სიცილის რეფლექსი იქ განუვითარდა, უფრო კონტაქტური გახდა. 

ბაღში დადიოდა შვიდ წლამდე, შემდეგ უნდა წასულიყო სკოლაში, მაგრამ სკოლამ არ მიიღო – ვერ ლაპარაკობს და სპეციალური პედაგოგიც ვერ დაეხმარებოდა.

დამაწვა ფინანსები – ბაღში 600 ლარს ვიხდიდი. ქმარი მუშაობდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. დემეტრეს მკურნალობაც არ უტარდებოდა – საჭირო ოპერაციები საქართველოში არ კეთდებოდა. საქართველოში ან არ არის ხელმისაწვდომი, ან არ ფინანსდება ჩვენთვის საჭირო წამლები.

როცა მივხვდი, რომ მკურნალობაც არ იყო, სკოლაშიც არ იღებდნენ და დემეტრეს მდგომარეობა უარესდებოდა, ეს იყო ბოლო წვეთი. გადავწყვიტეთ, წავსულიყავით. სოციალურ ქსელში გერმანიაში მყოფ მშობლებს მივწერე და ისინი დაგვეხმარნენ.

დემეტრეს ფრენა არ შეიძლებოდა, ამიტომ ავტობუსით წამოვედით – ოთხი დღე და სამი ღამე ვიყავით გზაში. საქართველოდან ჯერ თურქეთში გავჩერდით ერთი ღამით, შემდეგ პირდაპირ გერმანიაში ჩამოვედით, 2022 წლის მაისში. ჩავბარდით კარლსრუეში, შემდეგ გადაგვიყვანეს ჰაიდელბერგში, მერე ბამბერგში, სადაც 11 თვე ვიყავით თავშესაფარში. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ როგორც კი ბინაში გადავედით, დემეტრეს დაუწყეს მკურნალობა, შევიდა სკოლაში, სადაც მანამდე არ უვლია და დღემდე დადის.

  • რას ფიქრობთ, რამდენად შეგაფერხებდათ ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის არარსებობა?

ვიზა რომ ყოფილიყო ჩვენს დროს, ჩვენ აქ ვერ ვიქნებოდით, იმიტომ, რომ ჩვენ ვიზას ვერავინ ვერ გაგვიკეთებდა, რომ ჩამოვსულიყავით. ვიზა რომ არ იყო, იმიტომ ვართ აქ. ჩვენ თავშესაფრის მიზნით ჩამოვედით და ჩავბარდით.

თუ ადამიანს ასეთი მძიმე სიტუაცია არა აქვს, დარჩენა არ სჭირდება, პროფილაქტიკისთვის ან რამე სხვა მიზეზით ჩამოდის, სამი თვე იქნება და წავა.

მაგრამ ვიზა ძალიან შეაფერხებს ამ ყველაფერს. ძალიან ბევრი ბავშვია საქართველოში, ვისაც მკურნალობა სჭირდება. ძალიან ბევრი ბავშვი და ბევრი ზრდასრული გადარჩა აქ, ევროპაში.

რომ არა ვიზალიბერალიზაცია, მე აქ არ ვიქნებოდი და, ღმერთს მადლობა, წარმოდგენაც არ მინდა, დემეტრე როგორ იქნებოდა. თორემ მე კი, ვიცხოვრებ საქართველოში, ვიმუშავებ, მაგრამ როდესაც უკვე ჯანმრთელობას ეხება საქმე…

მე არ ვამბობ მარტო ჩემს შვილზე, მე ვამბობ ასევე ზრდასრულ შშმ პირებზეც, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. აქ შშმ პირები დასაქმებულები არიან ყველგან, აქ არ არის, რომ შენ შშმ პირი ხარ და შენ არ გაქვს იქ მუშაობის უფლება და შიშით რომ ვერ იტყვი, რომ რაღაც გჭირს.

ყველა, აქ ჩამოსული, გახარებულია იმით, რომ ეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ ეს კარი გაგვიღეს წლების წინ და ძალიან ცუდი იქნება, თუ მოგვიხსნიან, იმიტომ, რომ ბევრი ჩამოსულია სამკურნალოდ… კი, მე აქ ვარ, მაგრამ სხვა ბავშვები და დიდები, ვისაც გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება, მათთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი…

მე მყავს ბევრი ახლობელი, ვინც წამოსულია ბავშვების გამო.

ასევე მნიშვნელოვანია სწავლისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მარტო მოდიან და აქ მუშაობენ – ეს ყველაფერი ხომ ისევ საქართველოში მოდის, არა?! ოჯახებს არჩენენ. ხოლო ბავშვები, რომლებსაც გადაუდებელი მკურნალობა სჭირდებათ, ყველანაირი ხელის შეშლის გარეშე უნდა ახერხებდნენ ამას.

  • რა მთავარი განსხვავებაა საქართველოსა და გერმანიაში დემეტრეს მკურნალობასა და მომსახურებას შორის?

2023 წლის ოქტომბერში დემეტრეს დაეწყო ეპილეფსიის შეტევები. მას როლანდოს ტიპის ეპილეფსია აქვს, რაც ძირითადად ღამით, ძილში ვლინდება, მაგრამ დაემატა სტატუს ეპილეპტიკუსიც — ძალიან ხანგრძლივი შეტევები, რომლის შესაჩერებლად სასწრაფოს გამოძახებაა საჭირო. ეს დემეტრეს უკვე ორჯერ განუვითარდა; ორივე შეტევა ორ საათ-ნახევარს გაგრძელდა და მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.

შეტევიდან სამ წუთში აუცილებელი წამალია მისთვის ბუკოლამი, რომელიც საქართველოში არ არის, სასწრაფოს მოსვლამდე ვაძლევთ და შემდეგ დანარჩენ წამლებს ისინი უკეთებენ. როცა საავადმყოფოში გადაგვყავს, უქ უკვე უკეთებენ სხვა პრეპარატს.

გერმანიაში სასამართლო დავა წავაგე იმ არგუმენტით, თითქოს საქართველოში ყველა მკურნალობა ხელმისაწვდომია. რეალურად ასე არ არის. იაშვილის კლინიკაში მითხრეს, რომ დემეტრემ მკურნალობა უნდა გაიაროს საზღვარგარეთ, სპეციალიზებულ კლინიკაში, როგორც ოპერაციულ, ისე არაოპერაციულ პერიოდში, რადგან საქართველოში მისი მდგომარეობის მართვა ვერ ხერხდება.

მაქვს დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ მივმართე საქართველოს შესაბამის უწყებებს მკურნალობისა და წამლების საკითხზე, მაგრამ ორივეზე უარი მივიღე. 

ამიტომ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ აქ დარჩენის უფლება, რათა დემეტრეს სიცოცხლე იყოს დაცული. ვერ წარმომიდგენია დაბრუნება საქართველოში — იქ დარჩნენ ჩემი და ჩემი ქმრის დედები და დედმამიშვილები, მაგრამ შვილს ვერ გავწირავთ.

აქ დემეტრეს დილით, 8:30-ზე აკითხავს სპეციალური მანქანა და მიჰყავს სკოლაში, სადაც არიან ექიმები, თერაპევტები, ფიზიოთერაპიისა და მეტყველების სპეციალისტები; აქვს ცურვა, მუსიკა, სრულფასოვანი განვითარება. საღამოს 5:30-ზე ბრუნდება, რაც მაძლევს დროს, რომ ვისწავლო ან ვიმუშაო. დავამთავრე გერმანული ენის B1 კურსი და ჩავაბარე გამოცდა. ჩემი უფროსი შვილი წარმატებით სწავლობს და ჭიდაობაში მესამე ადგილი აიღო.

მე და ჩემი ქმარი მოხალისეობრივად ვმუშაობთ „წითელ ჯვარში“, ის მალე სამუშაო ნებართვას ელოდება.

წულუკიანის კომისიის დასკვნით, ომი საქართველომ დაიწყო, რა გათვლით მოქმედებს ივანიშვილი? – ინტერვიუ

„ზეციდან ნიშანს არ უნდა ველოდეთ, ეს არის პიკი“, – მიიჩნევს პოლიტიკის ფსიქოლოგი და კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით ჯინჭარაძე, რომელსაც სინდისის პატიმრების მიმართ დღეს, 2 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე ვესაუბრეთ.

რა გათვლა აქვს ივანიშვილს – პოლიტპატირებს როდესაც სასამართლო სინდისის პატიმრებს მოსალოდნელთან შედარებით ნაკლები ვადით უშვებს ციხეში?

„თუ იყო მოლოდინი 8-9 წელი, მიუსაჯეს 2 წელი, რომ შექმნილიყო ილუზია, თითქოს რაღაც ჩვენთვის სასიკეთო მოხდა. სინამდვილეში არაფერი სასიკეთო არ ხდება. ეს სასამართლო პროცესები ასევე დაამთხვიეს წულუკიანის კომისიის სხდომას, რომელიც დასკვნას აცხადებს იმაზე, რომ თურმე საქართველომ დაიწყო 2008 წელს ომი.

მნიშვნელოვანია, არ შევქმნათ სიტუაცია, რომ თითქოს „ოცნება“ რასაც აკეთებს, არავის აღარ უნდა გაუკვირდეს და აღარავის ჰქონდეს რეაქცია. შესაძლოა, ყველაფრის მოლოდინი არსებობს, რადგან არალეგიტიმური მთავრობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავუტაროთ. თუ ასე მოვიქცევით, ამით „ქართულ ოცნებას“ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას, რომ ყველაფერი გააკეთოს. ამიტომაც, არის მნიშვნელოვანი ხალხი გამოვიდეს ქუჩაში,“ – მიიჩნევს დავით ჯინჭარაძე.

  • ბატონო დავით, თქვენი აზრით, რაზეა გათვლილი ეს მიდგომა, როცა „ოცნების“ სასამართლო სინდისის პატიმრებს შედარებით ნაკლები ვადით აპატიმრებს? 

ამ ხელისუფლებისთვისაც კი რთულია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება – იციან, რომ არ აქვთ ლეგიტიმაცია, საქართველო პატარა ქვეყანაა, ეს გადაწყვეტილება ეხება ამდენ ოჯახს, ამიტომაც უნდათ, რომ რაღაც შუალედური გადაწყვეტილება მიიღონ: თუ იყო მოლოდინი 8-9 წელი, მიუსაჯეს 2 წელი, რომ შექმნილიყო ილუზია, თითქოს რაღაც ჩვენთვის სასიკეთო მოხდა. სინამდვილეში არაფერი სასიკეთო არ ხდება.

ეს სასამართლო პროცესები ასევე დაამთხვიეს წულუკიანის კომისიის სხდომას, რომელიც დასკვნას აცხადებს იმაზე, რომ თურმე საქართველომ დაიწყო 2008 წელს ომი.

დავით ჯინჭარაძე

ივანიშვილს ამ გზით არ ექნება რესურსი, რომ გაიხანგრძლივოს რეჟიმი, თუ ჩვენ ამას არ გავუტარებთ. მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს შესვლას და 93% ვამბობთ, რომ არ დავუჭერთ მხარს „ქართული ოცნების“ კურსს. ამ 93%-ის პოზიციიდან თუ ვილაპარაკებთ, ივანიშვილს არ გამოუვა ეს ყველაფერი. ახლა რა სტრატეგიასაც მიჰყვება ივანიშვილი, შესაძლოა, ბევრი ცუდი რამ მოხდეს ერთ კვირაში და ასე მოიმთავროს, როგორც ეს 29 ნოემბერს მოხდა.

ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ხალხს მალე რეაქცია არაფერზე არ ექნება.

ამიტომაც, თუნდაც ერთი კაცის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. რეაქცია უნდა შენარჩუნდეს და ეს არის ჩვენი მიზანი.

  • სინდისის პატიმრების შედარებით ნაკლები ვადით ციხეში გაშვება, თქვენი აზრით, როგორ აისახება წინააღმდეგობაზე?  

თუ ეს ამაზეა გათვლილი, არ გამოუვათ. ჩემი აზრით, ამით ისინი ილუზიას უქმნიან მათ ამომრჩეველს, რომ თითქოს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. არა მგონია, აქ სხვა გათვლა ყოფილიყო.

ამ ქვეყანაში ადამიანების 70-80 % არის ცვლილებების მომხრე, ჯერ შეიძლება ყველამ არ იცოდეს, რანაირი ცვლილება უნდა, მაგრამ 80%-მა იცის, რომ ცვლილება ნამდვილად უნდა.

  • რა ეტაპზეა თქვენი დაკვირვებით „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის გაუქმებაზე საუბრობს და წულუკიანი დასკვნას ამზადებს, სააკაშვილმა დაიწყო ომიო?

არალეგიტიმური პარლამენტი და კომისია არ ნიშნავს იმას, რომ მის მიერ დადებულ დასკვნას არანაირი ძალა დე ფაქტო არა აქვს. როგორც პინოჩეტი იყო დიქტატორი, მაგრამ იღებდა კანონებს.

როცა ქვეყნის პარლამენტის გვერდზე და სახელით ვრცელდება განცხადება, სანამ ეს პარლამენტი მოქმედებს და არ შეცვალა ხალხმა, შესაბამისი ძალაც მას აქვს. მით უმეტეს, რუსეთისთვის ეს საკმარისი იქნება, რომ ახალი პროცესები დაიწყოს. ვერ დავიწყებ სპეკულაციას, შემდეგი რა პროცესები დაიწყება, მაგრამ პირველი ნაბიჯი ნამდვილად ეგ არის, რომ შეგვაჩვიოს იდეას, რომ თითქოს ქართული მხრიდან ვინმემ, ანუ საქართველოს მხარემ დაიწყო ომი.

მნიშვნელოვანია, რომ არ შევქმნათ სიტუაცია: „ოცნება“ რასაც აკეთებს, არავის აღარ უნდა გაუკვირდეს და აღარავის ჰქონდეს რეაქცია. შესაძლოა, ყველაფრის მოლოდინი არსებობს, რადგან არალეგიტიმური მთავრობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავუტაროთ. თუ ასე მოვიქცევით, ამით „ქართულ ოცნებას“ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას, რომ ყველაფერი გააკეთოს. ამიტომაც, არის მნიშვნელოვანი ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და დაიწყოს პროცესი.

ზეციდან ნიშანს არ უნდა ველოდეთ, ეს არის პიკი.

  • თქვენ როგორ ხედავთ წინააღმდეგობის გაძლიერებას? დღეს ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ამბობდა, უფრო ხისტ ფორმებს უნდა მივმართოთო.

მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ გამწვავება. ნაბიჯ-ნაბიჯ თუ გავამწვავებთ პროტესტს, ნდობაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზრდება. ჩემი აზრით, ადამიანებს არ უნდა მოვთხოვოთ, ერთბაშად რაღაც დაანთონ, გააკეთონ. ამიტომაც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ. ყველა პროტესტს, რასაც დავგეგმავთ, ეგ ორი კითხვა უნდა დაესვას: ამწვავებ თუ ახერხებ, რომ გადმოიბირო ხალხი?

ჩვენ უნდა დავგეგმოთ აქციები, რომლებიც მწვავდება ნელ-ნელა, არ უნდა ველოდებოდეთ, რომ რომელიმე კონკრეტულ თარიღში უცბად გამოვა ხალხი.

  • მაგალითად, როგორც 4 ოქტომბერს დაანონსდა „ოცნების“ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა? 

არ ვიცი, რეჟიმი როდის დამთავრდება. მე ის ვიცი, რომ ეს რეჟიმი უნდა დამთავრდეს.

ჩვენს მხარესაა სტატისტიკა. ჩვენს მხარესაა მეცნიერება – შეიძლება ამ რეჟიმის შეცვლა. ასე დაეცა ასადის რეჟიმი, დაეცა პინოჩეტი, მილოშევიჩი, რომელმაც რამდენიმე ქვეყანას გენოციდი მოუწყო.

სამი რაღაც არის ამ პროცესში ჩემი აზრით მნიშვნელოვანი: კომუნიკაცია, მედიაცია და პროტესტი.

კომუნიკაცია ნიშნავს იმას, რომ გაქვს კომუნიკაცია და იმ ტკივილს, რასაც, მაგალითად, ჩვენ განვიცდით და პატიმრების ოჯახის წევრები განიცდიან, ადამიანებს აჩვენებ. ამას აკეთებენ კიდეც პატიმრების მშობლები.

მედიაცია არის ის, რომ პროტესტის მხარეს მყოფმა ხალხმა ერთმანეთი არ უნდა დავჭამოთ იგივე 4 ოქტომბრის გამო, ან რომელიმე პლაკატის გამო. რაღაცნაირად მოვრიგდეთ.

მესამე კი არის პროტესტის გამწვავება. პროტესტი რაც შეიძლება უნდა გამწვავდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ.

_______________

ფოტოზე: 2 სექტემბერი, თბილისი, აქცია სასამართლოსთან. ფოტო: „ნეტგაზეთი“

„ოცნება“ არ აქვეყნებს პატიმრების სავარაუდო წამებაზე ევროსაბჭოს ანგარიშს – ინტერვიუ

„ოცნება“ ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშს მალავს, პოლიტპატიმრების საქმეებისთვის მნიშვნელოვანია დოკუმენტირებული წამების ფაქტები,“ – აცხადებს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე.

საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც სინდისის პატიმრების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის შემთხვევებზეა საუბარი. ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის [CPT] წარმომადგენლებმა პოლიტიკური პატიმრები 2025 წლის იანვარში მოინახულეს და შესაბამისი მონაცემებიც შეაგროვეს. კომიტეტმა ანგარიში საქართველოს იუსტიციის სამინტროს 2025 წლის 4 ივლისს გადასცა, მაგრამ დოკუმენტს იუსტიციის სამინისტროს არ აქვეყნებს.

„არაერთი საერთაშორისო ანგარიში, მათ შორის სახალხო დამცველი, საუბრობს იმაზე, რომ არაადამიანური მოპყრობა და წამება განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ჩაიწერა ამ ანგარიშში. იუსტიციის სამინისტროს არაფერი არ უკრძალავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო და ანგარიში მიღებისთანავე გამოექვეყნებინა,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

სინდისის პატიმრების სავარაუდო წამების შესახებ წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა გარკვეული მონაცემები მიაწოდა საქართველოს სახალხო დამცველსაც, თუმცა სახალხო დამცველის აპარატში „ბათუმელებს“ ამ თემაზე დღეს, 2 სექტემბერს არაფერი უთხრეს. იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრის განმარტებით კი, „ივლისიდან 6 თვის ვადა აქვს ქვეყანას, რომ კონფიდენციალურად მომზადებულ ანგარიშზე თავისი კომენტარები მოამზადოს და მხოლოდ ამის შემდგომ თანხმდებიან CPT და საქართველო ანგარიშის გასაჯაროების თარიღზე.

მანამდე ერთპიროვნულად ქვეყანა CPT-ის მიერ მომზადებულ კონფიდენციალურ ანგარიშს ვერ ასაჯაროებს,“ – მოგვწერეს იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრიდან.

„ბათუმელებმა“ უფლებადამცველ გიორგი ბურჯანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველია. 

  • ბატონო გიორგი, რა სახის დასკვნას ამზადებს ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი და რას ნიშნავს ის ამბავი, რომ უკვე ორი თვეა დასკვნას იუსტიციის სამინისტრო არ აქვეყნებს?

თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომიტეტი შექმნილია ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კონვენციის საფუძველზე და მისი მიზანია წევრ სახელმწიფოებში ჩავიდეს და ყველა დახურული დაწესებულება დაამონიტორინგოს.

ეს არის ევროსაბჭოს გამორჩეული მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში წინასწარ გაფრთხილების გარეშე ჩამოსვლას და ნებისმიერ დახურულ დაწესებულების მონახულების უფლებას, სადაც პირი თავისი ნების გარეშე იმყოფება. ეს იმიტომ არის კარგი და გამორჩეული, რომ ქვეყანაში შეიძლება ადამიანებს აწამებდნენ, ამ დროს ადამიანის უფლებების დოკუმენტირებაც არ ხდებოდეს, ამ კომიტეტს შეუძლია ჩამოვიდეს, ნახოს, შეამოწმოს და დაადოკუმენტიროს ეს ფაქტები.

ამ მექანიზმს აქტიურად იყენებს ხოლმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში.

საშუალოდ ციკლი ქვეყანაში ჩამოსვლის არის ოთხი წელი, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, საქართველოში ორჯერ იყვნენ გადაუდებელი ვიზიტით, როცა პატიმრების პრობლემების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია, ასევე, როცა ციხის ჯანდაცვა გახდა პრობლემური.

გიორგი ბურჯანაძე

ამჯერადაც, საქართველოში წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ჩამოსული იყო 2024 წლის ნოემბერში რეგულარული ვიზიტის ფარგლებში, მათ 28 ნოემბერს ჰქონდათ ბოლო სამუშაო დღე [ამ დღეს გამოაცხადა „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და დაიწყო უწყვეტი საპროტესტო აქციები], მაგრამ დაბრუნდნენ 21-22 იანვარს დამატებითი ვიზიტით, რადგან დაიწყო მასიური დაკავებები.

ამ ვიზიტის ანგარიში მოამზადა კომიტეტმა და 4 ივლისს გადაუგზავნა იუსტიციის სამინისტროს. საქართველოს შეეძლო მაშინვე გამოექვეყნებინა ეს ანგარიში. კომიტეტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ ავტომატურად გამოაქვეყნონ ეს ანგარიში, მაგრამ საქართველოს ასეთი პროცედურა აღიარებული არ აქვს.

არც აქამდე ხდებოდა ამ დოკუმენტის გამოქვეყნება წინა შემთხვევებში რაღაც ვადით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მასშტაბის წამება და არაადამიანური მოპყრობა საქართველოში ბოლო 20 წელი არ მომხდარა, იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი საერთაშორისო ანგარიში, მათ შორის სახალხო დამცველი, საუბრობს იმაზე, რომ არაადამიანური მოპყრობა და წამება განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ჩაიწერა ამ ანგარიშში.

იუსტიციის სამინისტროს არაფერი არ უკრძალავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო და ანგარიში მიღებისთანავე გამოუქვეყნებინა.

  • იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „ივლისიდან 6 თვის ვადა აქვს ქვეყანას, რომ კონფიდენციალურად მომზადებულ ანგარიშზე თავისი კომენტარები მოამზადოს და მხოლოდ ამის შემდგომ თანხმდებიან CPT და საქართველო ანგარიშის გასაჯაროების თარიღზე“.

პირიქით, კომიტეტი ყოველთვის მოითხოვს ამას, რომ სახელმწიფოებმა ავტომატური გასაჯაროების მექანიზმი მიიღონ. ბევრი მაგალითია ამის, როცა სხვადასხვა ქვეყანაში ეგრევე აქვეყნებენ მსგავს დოკუმენტს. კომიტეტი სახელმწიფოს არ უკრძალავს ამ დოკუმენტის გასაჯაროებას, პირიქით, სახელმწიფოები წახალისებული არიან, რომ ეს გასაჯაროვდეს და პროცესი იყოს გამჭვირვალე.

  • თქვენი მონაცემებით, რამდენად ჰქონდა ადგილი სინდისის პატიმრების წამებას? კონკრეტული პოლიტიკური პატიმრები, იგივე მზია ამაღლობელი საუბრობენ არაადამიანურ მოპყრობაზე, მას ბათუმის პოლიციის უფროსმა სახეში შეაფურთხა… და არცერთი მსგავსი შემთხვევა არ გამოუძიებიათ. 

ჩვენ პირდაპირ ეთერშიც ვნახეთ, მოვუსმინეთ პროცესებზე და ვიცით არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ, როგორ გამოიყენეს წამება იმისთვის, რათა მათთვის დანაშაულის აღიარება მოეთხოვათ. ამიტომაც, გვაქვს საჯარო ინტერესი, რომ ეს საკითხები მაქსიმალურად გაშუქდეს.

ჩვენს შემთხვევაში საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებულ წამების გარდა გვქონდა ქუჩაში დახვედრები სხვადასხვა ფორმირების მიერ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა.

  • წამების საწინააღმდეგო კომიტეტს არ აქვს უფლება, რომ თავად გაასაჯაროოს ეს დოკუმენტი?

კომიტეტი ამას თვითონ ვერ გაასაჯაროებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმწიფო არ ითანამშრომლებს მასთან.

  • წინა შემთხვევაში, როცა იგივე კომიტეტს ჰქონდა დასკვნა საქართველოს შესახებ, რამდენად შეასრულა „ოცნების“ მთავრობამ რეკომენდაციები? 

როცა, მაგალითად, იყო ციხის „მაყურებლების“ საკითხი, სხვადასხვა არაფორმალური მმართველობის შემთხვევები და კომიტეტს ჰქონდა დასკვნა, პროგრესი იყო ძალიან მცირე.

ბოლო რვა წლის განმავლობაში, რასაც მე უშუალოდ ვაკვირდებოდი და რაც წერია კიდეც ანგარიშებში, შესრულების ხარისხი იყო ყოველთვის ძალიან დაბალი.

„ამნესტი“ ანტონ ჩეჩინის განაჩენს ეხმიანება – „ვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეშენალი“ [Amnesty International] განცხადებას ავრცელებს აქტივისტ ანტონ ჩეჩინის განაჩენთან დაკავშირებით.

დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს.

„მოვითხოვთ სამართლიანობას — ობიექტურ გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს, მათ შორის, საქმის ფაბრიკაციის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით“, — წერია „ამნესტის“ განცხადებაში.

Amnesty International-ი ითხოვს ანტონ ჩეჩინისა და სხვა მსჯავრდებულების საქმეების ხელახალ განხილვას ან გათავისუფლებას და პოლიციელების, გამომძიებლებისა და პროკურორების ქმედებების გამოძიებას.

„ანტონ ჩეჩინი ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები პოლიციამ ჩაუდო. მან გაგვიზიარა თავისი დაკავების დეტალები: არაერთი ჩხრეკა მოწმეებისა და სამხრე კამერების გარეშე; ის, თუ როგორ წაართვეს ქურთუკი და მას შემდეგ რაც დაუბრუნეს, უკვე თარჯიმნის თანდასწრებით „იპოვეს“ მასში ნარკოტიკები — ეს თარჯიმანი ბრალდების მხარემ მოგვიანებით ოფიციალურად გააფორმა როგორც მოწმე. სასამართლომ ყველა ეჭვი ბრალდების სასარგებლოდ გადაწყვიტა.

იგივე დავინახეთ პროტესტის სხვა მონაწილეთა შემთხვევაშიც, რომლებიც ნარკოტიკების მუხლებით იდევნებოდნენ“ – ნათქვამია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებაში. 

„პროტესტის ყველა მონაწილე, რომელიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით არიან გასამართლებული, უარყოფს ბრალს და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს. თუმცა სასამართლომ მხოლოდ ორი გაამართლა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. ანტონ ჩეჩინისა და ყველა მსჯავრდებულისთვის ვითხოვთ საქმის ხელახალ განხილვას და სამართლიან სასამართლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უნდა გათავისუფლდნენ“, — აღნიშნავს კრივოშეევი.

„პოლიციელების, გამომძიებლებისა და პროკურატურის თანამშრომლების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმეებში, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციის ბრალდებებზე. ზოგიერთი მათგანის სახელი საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია. შეიძლება ეს მხოლოდ დამთხვევა იყოს, რომ ისინი სხვადასხვა „ნარკოტიკულ“ საქმეში ფიგურირებენ აქტივისტების წინააღმდეგ? ამ საქმეების დეტალები ერთსა და იმავე სქემას იმეორებს: პროტესტის მონაწილეს აკავებენ თითქოს ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, პოლიცია ჩხრეკას ატარებს გამორთული სამხრე კამერებით და სხვა დარღვევებით, შემდეგ კი „აღმოაჩენენ“ ნარკოტიკებს და აღძრავენ საქმეს“. 

2024 წლის დეკემბრიდან საპროტესტო აქციების მინიმუმ ექვსი მონაწილეა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული, მათ შორის სამი რუსეთის მოქალაქეა. ყველა მათგანი ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს და სისხლის სამართლის საქმეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ. ადვოკატებისა და უფლებადამცველების განცხადებით, მათ საქმეებში დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. 

აჭარიდან ასლან აბაშიძის გაქცევას „წულუკიანის კომისია“ ნაცმოძრაობის დიქტატის დამყარებად აფასებს 

დღეს, 2 სექტემბერს, „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო, ე.წ. „წულუკიანის კომისიის“ დასკვნა განიხილეს.

„წულუკიანის კომისიის“ დასკვნაში 2004 წელს აჭარიდან აბაშიძის მოსკოვში გაქცევა შეფასებულია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის დიქტატის დამყარება“.

„2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატის დამყარების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს – „შემდეგი ცხინვალია“. მიხეილ სააკაშვილს რომ მსგავსი შემაშფოთებელი მოსაზრება ჰქონდა, ამის შესახებ წუხილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც გამოხატავდა, რაც მან თავის მემუარებში აღწერა კიდეც.

2004 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს, რომელიც კომისიამ გამოკითხა, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცხინვალის რეგიონზე ძალისმიერი მეთოდით კონტროლის აღდგენა უკვე გადაწყვეტილი იყო, უფრო მეტიც შეთანხმებული იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილმა მას პირდაპირ უთხრა „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“. ეს ხდებოდა 2004 წლის ზაფხულში“, – განაცხადა წულუკიანმა.

2004 წელს აჭარაში ხავერდოვანი რევოლუციით დასრულდა ასლან აბაშიძის ავტოკრატიული, 13-წლიანი მმართველობა. მმართველობის ბოლო ეტაპზე, 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძის ბრძანებით ჩოლოქის, ქაქუთისა და ცეცხლაურის ხიდები ააფეთქეს, აჭარის დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციის მიზნით. მანამდე აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ჩოლოქის ხიდთან, წლების განმავლობაში ბლოგპოსტები იყო მოწყობილი.

ჩოლოქის ხიდი, რომელიც 2004 წლის 2 მაისს ააფეთქეს

აბაშიძის მმართველობა ხასიათდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევებით, რუსული გავლენების გაძლიერებითა და კლანური მმართველობით.

2004 წლის მაისში, ბათუმში, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე ასლან აბაშიძემ დატოვა საქართველო და რუსეთში წავიდა, პუტინის მთავრობის წარმომადგენლის, იგორ ივანოვის თანხლებით.

ამავე თემაზე:

2008-ში ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა – წულუკიანი

„საქართველოს ხიფათი ელის წულუკიანის კომისიის დასკვნის შემდეგ“ – ინტერვიუ

თბილისში, რუსთაველზე, 20 აქტივისტი დააკავეს

დღეს, 2 სექტემბერს, შსს-ს ცნობით რუსთაველის გამზირზე 16 პირი დააკავეს, თუმცა ,,ნეტგაზეთის” ინფორმაციით, დაკავებულია არა 16, არამედ მინიმუმ 20 ადამიანი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ადგილზე პოლიციელები განსხვავებულ ინფორმაციასაც ავრცელებენ. ამბობენ, რომ ზოგიერთი აქტივისტი პირადი შეურაცხყოფის გამო დააკავეს და ა.შ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, დაკავებულები არიან:

  • ლაშა დგებუაძე
  • თათია აფრიამაშვილი
  • ნენე გაბელაია
  • დათა ქაშიაშვილი
  • ბექა პაპაშვილი
  • შუშანა მაცაბერიძე
  • ალბი კორძაია
  • თიკა პატარაია
  • ნიკა კორძაძე
  • ანუკი ჩრდილელი
  • რუსკა მაღრაძე
  • მარიამ უძილაური
  • ლუკა ჭოხონელიძე
  • ანი ჭინჭარაული
  • დავით სეხნიაშვილი
  • ნინი ნაჭყებია
  • ნუნუ მაღრაძე
  • მარიკო ცომაია
  • დავით გუნაშვილი
  • თათია ფერაძე

დღეს რუსთაველზე აქცია მას შემდეგ დაორგანიზდა, რაც საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები შეძახილებით აცილებდნენ „ოცნების“ დეპუტატებს, რომლებიც მანქანებით საკანონმდებლო ორგანოს ტოვებდნენ.                  თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს სინდისის 9 პატიმარი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ზვიად ცეცხლაძის მამა – „ეს პარტიული სასამართლოა, ხისტი ბრძოლაა საჭირო“

„ბრძოლის მეთოდებს უნდა გადავხედოთ, აუცილებელია გაფიცვების და ბოიკოტის მკაცრი, ხისტი ფორმები, რაც სრულად ჯდება, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო კანონმდებლობაში,“ – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე, ბათუმელი სტუდენტის, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა.

დღეს, 2 სექტემბერს, სინდისის 8 პატიმარს, მათ შორის, ზვიად ცეცხლაძეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა. მოსამართლემ პოლიტპატიმრებს ბრალი გადაუკვალიფიცირა.

„ორგანიზებაც დაუტოვა, ჯგუფურობაც, უბრალოდ წლების შემცირების გზით წავიდა, რომ ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ დაუმტკიცოს, თითქოს ჰუმანიზმის ნიშნები არსებობს ამ ხელისუფლების პირობებში, თითქოს მეტ გამოსავალს არ აძლევდა კანონი, რომ გამამართლებელი განაჩენი გამოსულიყო.

ეს არის სრულად პოლიტიზებული გადაწყვეტილება, ეს სასამართლო არის პარტიული სასამართლო და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ხელისუფლების ორგანოები: სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია პარტიული ფუნქციონირებიდან გამოვგლიჯოთ და სახელმწიფოს სამსახურში ჩავაყენოთ.

ხისტი ბრძოლაა საჭირო. ამათ არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ქვეყანა აქციონ არათუ ბელარუსად, არამედ ჩრდილოეთ კორეად.

ამათ უნდათ, რომ მარადიულად დარჩნენ ხელისუფლებაში – გახანგრძლივებაზე არ ფიქრობენ, მარადიულად დარჩენაზე ფიქრობენ. გაფიცვები და ბოიკოტია საჭირო, ბრძოლა ბოლომდე,“ – უთხრა ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

„კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სინდისის 8 პატიმრის საქმეზე გამოტანილ განაჩენს.

„კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი დღეს: 8 პროევროპული მომიტინგე დღეს დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის გაჩუმების აშკარა მცდელობაა.

ეს არის სახელმწიფოს მიერ მართული რეპრესიები, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის 8 პატიმრის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

ნახეთ ამ თემაზე: 

რა მიუსაჯეს სინდისის 8 პატიმარს – მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა

 

 

რა მიუსაჯეს სინდისის 8 პატიმარს – მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა

სინდისის 8 პატიმარს დღეს, 2 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენი გამოუცხადა.

ბათუმელ სტუდეტს, ზვიად ცეხლაძეს 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ასევე ვასილ კაძელაშვილს და ვეფხია კასრაძეს.

2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს: ინსაფ ალიევს, გიორგი გიორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და თორნიკე გოშაძეს. მათ ბრალი ჰქონდათ წარდგენილი სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით [ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა].

მოსამართლემ სინდისის პატიმრებს: ვეფხია კასრაძეს, ზვიად ცეცხლაძეს და ვასილ კაძელაშვილს ბრალი გადაუკვალიფიცირა. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ჩადენას [სსკ-ის 225-ე მუხლი] ედავებოდა. მოსამართლემ სამივე ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 226-ე მუხლის შესაბამისად შეუფარდა. ეს მუხლი გულისხმობს „ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა“ .

სსკ-ის 226-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს, როგორც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას და შინაპატიმრობას, თუმცა მოსამართლემ სინდისის პატიმრების მიმართ ყველაზე მკაცრი სასჯელის ფორმა გამოიყენა.

სინდისის პატიმარს, ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა

დღეს, 2 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების მონაწილეს, ანტონ ჩეჩინს.

ანტონ ჩეჩინს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეში არ არსებობს ანტონ ჩეჩინის გაჩერებისა და ჩხრეკის ამსახველი ვიდეომასალა, არ არსებობს ნეიტრალური მოწმე, რომელიც დაკავებას და ჩხრეკას დაესწრებოდა, რაც კონსტიტუციური მოთხოვნაა.

„ჩემი დევნა იქნება იქამდე, სანამ არ გამამართლებენ. ორი ადამიანი უკვე გაამართლეს ნარკოდანაშაულში ბრალდებული. ორ პროკურორს აბარია ყველა ეს საქმე. ყველა უნდა გამართლდეს.

28 აგვისტოს იყო წმინდა მარიამის მიძინების დღესასწაული. იმედი მქონდა, რომ მაგ დღეს თავისუფალი ვიქნებოდი და მონაწილეობას მივიღებდი ძველ ქართულ ჩვეულებაში. მეც მოვინახულებდი პატიმრებს ციხეში.  ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს თავისუფალი.

9 თვე ვერ ვპოულობდი ადგილს, როგორ დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე. არ გამოვრიცხავ, რომ ზეწოლა ჩვენს დევნაზე რუსეთიდან იყო. იმიტომ, რომ მმართველი პარტია ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაშია.

მათ გადაწყვიტეს, რომ რეპრესიებით გაუსწორდნენ ხალხს, რასაც მოწმობს დღევანდელი მდგომარეობა და ნარკოტიკების ჩადება. ასეთი პრაქტიკა ძალიან გავრცელებულია სხვა ქვეყნებშიც და ეს მოხდა საქართველოშიც.

მე დიდი შრომა გავწიე, არა იმიტომ, რომ დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა და მემხილებინა ისინი, ვინც ნარკოტიკი ჩამიდო. 20 ქვეყნის საელჩოში გავგზავნე წერილი, საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომ დამხმარებოდნენ ამ საქმეში. მივმართე ევროპულ სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ გამომიტანენ გამამტყუნებელ განაჩენს, გავაგრძელებ ბრძოლას.

ჩემი უფლებები ირღვევა ციხეში. სპეციალურ საგამოძიებო უწყებაშიც იყო შეტანილი რამდენიმე საჩივარი, რომელიც არ გამოძიებულა. პროკურატურა ჩემ წინააღმდეგ არის განწყობილი, არა იმიტომ, რომ ბრალდებული ვარ, არამედ მე გამოვდიოდი პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ.

ჩემ დაკავებას შეიძლება დავარქვათ პოლიტიკური განუკითხაობა. პოლიციის მოქმედება იყო არაკანონიერი. ჯიბიდან ამომიღეს ნარკოტიკი, რომელსაც პირველად ვხედავდი. პოლიციამ გამოიყენა ძალა, რომელიც არ იყო საჭირო, რათა დავემცირებინე და შევეშინებინე. აქციებში მონაწილეობის გამო წამიყენეს ბრალი“ – თქვა ანტონ ჩეჩინმა დასკვნით სიტყვაში.

ამავე თემაზე: 

ანტონ ჩეჩინის საქმის მთავარი დეტალები, პერსონაჟები და ამბავი პირველი პირიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 083 790 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +800]
  • ტანკი – 11 156 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 23 233 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 32 301 ერთეული [+53]
  • MLRS – 1 477 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 213 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 55 446ერთეული [+170]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 664 ერთეული [+38]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 60 488 ერთეული [+89]
  • სპეცტექნიკა – 3 952 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 81 130 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 627 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 922 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 589 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 167 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 904 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი გაათავისუფლეს – უკრაინის გენშტაბი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ყაველაშვილის ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ოცნება“ და მისი ბელადი“ – ინტერვიუ

„ივანიშვილი წინსწრებით ითხოვს მხარდაჭერას იმ მოვლენების დროს, რომლებსაც ის სავარაუდოდ ელოდება შემოდგომაზე,“ – პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ყაველაშვილის წერილის ადრესატი ტრამპი კი არა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

„ყაველაშვილი საკუთარი ინიციატივით ალბათ მეუღლეს ვერ მისწერს წერილს, არათუ შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ და მათი ბელადი. გარკვეულწილად ეს არის სასოწარკვეთილი მდგომარეობის გამოძახილი.

ძალოვან უწყებებშიც ხვდებიან, რას ნიშნავს ის, რომ ჩინეთმაც უარყო ივანიშვილი,“ – ამბობს ლელა ჯეჯელავა.

კიდევ რა იკითხება ყაველაშვილის ღია წერილიდან, რომლითაც მან ტრამპს მიმართა? – „ბათუმელებმა“ პოლიტიკის ანალიტიკოსთან, ლელა ჯეჯელავასთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო ლელა, მიხეილ ყაველაშვილის წერილი რას აჩვენებს თქვენთვის? თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა ივანიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა?

ის, რომ წერილის ავტორი და ინიციატორი მიხეილ ყაველაშვილი არ არის – ეს არც განიხილება. ყაველაშვილი საკუთარი ინიციატივით ალბათ მეუღლეს ვერ მისწერს წერილს, არათუ შეერთებული შტატების პრეზიდენტს.

ეს წერილი მთლიანად გადმოსცემს ივანიშვილის განწყობებს, პათოსს და მის მდგომარეობას. ეს წერილი აჩვენებს, რა მდგომარეობაშია „ქართული ოცნება“ და მათი ბელადი.

მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და ეს ჩანს ამ წერილის მთელი კონტექსტიდან. გარკვეულწილად, ეს არის სასოწარკვეთილი მდგომარეობის გამოძახილი.

წერილში იმის ხაზგასმა, რომ ამერიკელებს საქართველოს მეზობლებთან არაერთგზის ჰქონდათ შეხვედრა და მხოლოდ ჩვენ დაგვრჩით უყურადღებოდ, სწორედ ამას მიანიშნებს: ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული ბიძინა ივანიშვილს თავისი მდგომარეობა და იზოლაციონიზმი, რომელშიც არის ახლა ქვეყანა.

ლელა ჯეჯელავა

როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის ნელ-ნელა საცნაური ხდება, რომ მხოლოდ, ასე ვთქვათ, შიდა რეპრესიებით დიდხანს ვერ შეძლებს შეინარჩუნოს ეს ვითარება. ბუნებრივია, რომ იზოლაციაში მყოფი ქვეყანა პრაქტიკულად კარგავს ყველა იმ რესურსს, რომლითაც მას შეუძლია შიდა სტაბილურობა შეინარჩუნოს. საქართველო არ არის აზერბაიჯანი, რომელიც ენერგეტიკულ რესურსებზე დგას და რომელსაც თავისი ეკონომიკა მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ, დავუშვათ, ავტორიტარიზმი ქვეყნის შიგნით შეინარჩუნოს.

მოთხოვნა, ასე ვთქვათ, სახელმწიფოთა ურთიერთობის კონტექსტში საქართველოს მიმართ ამჯერად არ არის ისეთი, როგორც აზერბაიჯანის ან სხვა ტიპის ქვეყნების მიმართ, რომლებიც დემოკრატიით არ გამოირჩევიან, მაგრამ სხვა ფუნქცია და დანიშნულება აქვთ.

  • ყაველაშვილამდე ირაკლი კობახიძემ მიმართა აშშ-ს, როგორც აზერბაიჯანს არ სთხოვთ დემოკრატიას, ჩვენც ნუ მოგვთხოვთო.

ბიძინა ივანიშვილი ვაჭრობს რეალურად. მას ჰგონია, რომ იდეოლოგიური თანხვედრა შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ჰგავს ცნობილ თეზას – „დედა დედაა და მამა მამაა“. „ოცნების“ წარმოდგენით, ეს არის შეერთებული შტატების ღირებულებათა სისტემის ფუნდამენტი. არადა, ასე ნამდვილად არ არის.

წერილში ხაზგასმულია ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ „დიპ სტეიტთან“ და აშშ-ს წინა ადმინისტრაციასთან დაკავშირებით თანმხვედრი პოზიცია აქვთ და აი, ამ ყველაფრის მერე მაინც რატომღაც უგულებელყოფილი არიან.

ცოტა გაბუტულ მდგომარეობაშია ჩამდგარი ივანიშვილი.

  • ყაველაშვილი წერს ამასაც: „ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით…“

დიახ, დატუქსვაც არ ავიწყდება, ეს მნიშვნელოვანი პასაჟია. აქ მთავარი ის არის, რომ ამ წერილს შიდა მოხმარების ფუნქცია აქვს მხოლოდ, თორემ ეს რომ დიპლომატიური ეტიკეტისთვის არ არის დამახასიათებელი, ივანიშვილმა ალბათ არ იცის, მაგრამ ვიღაცას უნდა ეთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხაზს უსვამს ყოველ ჯერზე, რომ როგორც თანასწორი თანასწორს, ისე მიმართავს.

მაგრამ ეს წერილი არის შიდა მოხმარებისთვის, რომ აი, ქოცურ ამომრჩეველს უთხრას, რომ „მე თანასწორი პოზიციებიდან ველაპარაკები შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც“.

ჩანს, რომ ივანიშვილს საერთოდ არ ესმის დიპლომატიური ეტიკეტის ნორმები და წარმოდგენა არ აქვს საერთაშორისო პოლიტიკაში ურთიერთობის წესებზე.

მარკო რუბიომ არაერთგზის გააკეთა განცხადება და კონკრეტული მოთხოვნებიც დააყენა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინაშე – ეს უგულებელყვეს საერთოდ, ელჩი არ მიიღეს და აი, ამ ტიპის ეპისტოლარული ურთიერთობები აირჩიეს ამერიკასთან. მათ არ იციან, რომ ამას ძალიან მაღალი ფასი ექნება, ბუნებრივია, და რომ ასე არ „ლაგდება“ – ივანიშვილის ტერმინს გამოვიყენებ – ურთიერთობები.

  • ცდილობს კი ივანიშვილი ურთიერთობის დალაგებას აშშ-თან?

ივანიშვილს რაც უნდა, ეს მათ არაერთხელ განაცხადეს სხვადასხვა წერილში: დასავლეთმა და კონკრეტულად შეერთებულმა შტატებმა მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან.

  • ანუ, დემოკრატიის გარეშე?

რასაკვირველია, დემოკრატიის გარეშე მიიღონ, როგორც ავტორიტარული რეჟიმი.

რაც შეეხება ამერიკის გეოსტრატეგიულ ინტერესებს, მაშინ ისინი მზად იქნებიან ამის უზრუნველსაყოფად, მაგრამ იმდენი კი არ იციან, რომ ამერიკელებს ამათი, ე.წ. დათმობების გარეშეც შეუძლიათ საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესების უზრუნველყოფა.

საქართველოს პრეზიდენტ ყაველაშვილს, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, ვინც დგას სინამდვილეში ამ წერილის უკან, არავინ მისცემს უფლებას, რომ ივაჭროს ისეთი თემებით, როგორიც არის საკუთარი მოსახლეობის ბედი, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ამერიკის შეერთებული შტატები არსად, არცერთ ქვეყანაში არ უშვებს ადამიანის უფლებებით ვაჭრობას.

  • თუმცა აზერბაიჯანი დემოკრატიის გარეშე თანამშრომლობს დასავლეთთან.

მაგრამ ვითარება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის – ჩვენ ეს ძალიან ხშირად გვავიწყდება – არის აბსოლუტურად განსხვავებული. ქართველი ხალხის მოთხოვნა დემოკრატიაზე და აზერბაიჯანელი ხალხისა, არის სრულიად განსხვავებული. საქართველო თავისი ისტორიით, ეთნოფსიქოლოგიით, თავისი გამოცდილებით, ბოლო 35-წლიანი ისტორიით არის სრულიად განსხვავებული ქვეყანა, ასევე თავისი ფუნქციით, რომელიც საქართველოს აქვს და ჰქონდა რეგიონში.

ასე რომ, ქართველი ხალხის დამოკიდებულება და მოთხოვნები დემოკრატიისადმი არის სხვა, აზერბაიჯანელი ხალხისა – სხვა და ამას ძალიან კარგად ხედავენ შეერთებულ შტატებში.

  • თქვენი დაკვირვებით, ამ მოცემულობაში ივანიშვილს არ აქვს შანსი, რომ მიიღოს ლეგიტიმაცია აშშ-გან?

თითქმის გამოვრიცხავ ამ წერილის შემდეგ მიიღოს რამე ლეგიტიმაცია. პირიქით, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს წერილი კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ურთიერთობას აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასა და ივანიშვილის ხელისუფლებას შორის.

არ ვიცი, მართლა სჯერა თუ არა ივანიშვილს, რომ ტრამპი დილით „იმედის“ ნიუსებს უყურებს და ასე გაიგებდა ყაველაშვილის ამ წერილის შესახებ და პასუხსაც ასევე ღიად გამოუგზავნის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ადმინისტრაციის სპიკერი ნამდვილად გააკეთებს შესაბამის განმარტებას ამ წერილთან დაკავშირებით.

როდესაც საუბარია „სუფთა ფურცელზე“, „ოცნებაში“ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ სუფთა ფურცელს ჯერაც ატყვია ბიულეტენიდან გამოჟონილი შავი ლაქა და სანამ შავი ლაქა არის თეთრ ფურცელზე, მანამდე არანაირი ახალი ურთიერთობები არ იქნება.

ეს იყო გაცხადებული არაერთგზის ამერიკელების მიერ, როგორც ძველი, ისევე ახალი ადმინისტრაციის მიერ. აი, ამასთან ჯიუტად შერიგება არ უნდა ივანიშვილს და ამ წერილით ბირთვულ-ქოცურ ამომრჩეველს ეუბნება: „მე ყველაფერი ვცადე, ყველაფერი გავაკეთე და ეს არის, აი, ღია დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი ნებით არ უთქვამს უარი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა თავად უარყო საქართველო გაურკვეველი მიზეზების გამო, იმიტომ, რომ თუ სხვას ეპატიება, მაშინ ჩვენ რატომ არ გვეპატიება?“

მაგრამ აზერბაიჯანში არასოდეს არ ყოფილა პრეცედენტი, რომ 300 დღის განმავლობაში ადამიანები დემოკრატიის მოთხოვნით ქუჩაში მდგარიყვნენ.

  • თქვენი აზრით, რატომ ჩათვალა საჭიროდ ივანიშვილმა, რომ ამ ფორმით მიემართა „ოცნების“ მხარდამჭერებისთვის?

როგორც ჩანს, განსაკუთრებით აქტუალური გახდა მათთვის ამ წერილის შექმნა, როდესაც ამოიწურა ევროკავშირის დედლაინი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და აქეთ, მეორეს მხრივ, როდესაც სრული ფიასკო განიცადა, დავუშვათ, ჩინეთისკენ „ოცნების“ სწრაფვამ და ასევე ამომრჩევლის დაიმედება: თუ არ იქნება ევროპა და შეერთებული შტატები, აგერ, მსოფლიოს უდიდეს ქვეყანასთან – ჩინეთთან ჩვენ გვაქვს ურთიერთობებიო.

სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა – ჩინეთმა რეალურად უარყო საქართველო და არ მიიწვია გამარჯვების აღლუმზე. თავის მართლება იმით, რომ თითქოსდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები ან დიალოგის ფორმატის მონაწილეები იყვნენ და დამკვირვებლები მიწვეული არ არიან, მართალი არ არის, იმიტომ, რომ სლოვაკეთი ან უნგრეთი არ წარმოადგენს წევრს და არც დიალოგის ფორმატში არიან, მაგრამ მიწვეულები იყვნენ.

ჩინეთში ღონისძიებები ორ ნაწილად იყო გაყოფილი: ერთი არის აღლუმი, რომელიც გაიმართება 3 სექტემბერს და მეორე, ეს არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი.

დღეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს სამი ძირითადი მოთამაშე, რომელთა შორის წინააღმდეგობებსა და, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, როგორ აეწყობა ახალი საერთაშორისო დღის წესრიგი. ეს არის ჩინეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. რუსეთი აქ, როგორც თანასწორი სუბიექტი, აღარასოდეს აღარ დაჯდება ამ მაგიდასთან. ეს უკვე ძალიან მკაფიოდ ჩანს.

  • თუმცა რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს რეგიონული ლიდერის როლი. პუტინი შეხვდა ფაშინიანსაც, რომელმაც რუსეთს ზურგი აქცია. რა აჩვენა ამ შეხვედრებმა?

ამან ძალიან ნათლად აჩვენა, რომ რუსეთი ნელ-ნელა კარგავს პოზიციებს და ებღაუჭება ყველაფერს, რაც კი შესაძლებელია. რუსეთს უნდა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთზე, ანუ კავკასიაში, მთლიანად არ დაკარგოს გავლენები. ამაში მას ჩინეთი გარკვეულწილად ხელს უწყობს, იმიტომ, რომ ჩინეთს არ აწყობს, რუსეთმა უცებ დაკარგოს სახე, მას თავისი ინტერესები აქვს და ნელ-ნელა, მეთოდურად მიუყვება რუსეთისადმი თავის პოლიტიკას.

„მე კვლავ ვარ კავკასიაში“ – აი, ამის ჩვენება სურდა გუშინ პუტინს ამ შეხვედრებით, მაგრამ ჩვენ, მეორე მხარეს, ვიხილეთ სრულიად სხვა სურათი, როდესაც ვხედავდით ალიევის, ფაშინიანისა და ერდოღანის ძალიან საინტერესო შეხვედრების ამსახველ კადრებს. ამიტომაც, კავკასიაში რუსეთის შემობრუნების შანსები არის მიზერული და მას ვერ უშველის ვერც ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ. როდესაც თურქეთში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, დღევანდელი წერილის ავტორი, მას ძალიან ნათლად მიანიშნეს ეს და აუხსნეს გასაგებად.

ურთულესი მდგომარეობა აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას: მას არ აქვს არანაირი საყრდენი ქვეყნის გარედან. თქვენ იცით დავარდნილი მხედრის ამბავი, ხომ? – დავარდნილი მხედარი არავის უნდა. ახლა ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია „ქართული ოცნების“ რეჟიმი. ის აღარ არის არავისთვის მისაღები: არც დასავლელი პარტნიორებისათვის, არც რეგიონში ჩვენი მეზობლებისა და მოკავშირეებისთვის – თურქეთ-აზერბაიჯან-სომხეთისათვის. ჩინეთმაც ამისი ძალიან მკაფიო დემონსტრირება გააკეთა და ცოტა ხანში, მე ვფიქრობ, რომ რუსეთისთვისაც ის სრულიად მიუღებელი გახდება – დავარდნილი მხედარი, უფრო სწორად, მკვდარი მხედარი არავის არ უნდა.

  • ივანიშვილის გადაწყვეტილებები, მისი მთავრობის რიტორიკა გამიზნული იყო იზოლაციისკენ, მას სხვა მოლოდინი ჰქონდა?

ის არ იყო დარწმუნებული, რომ ასეთი დამოკიდებულება შეხვდებოდა – მას ეგონა, რომ ვაჭრობაში შეჰყვებოდნენ.

ივანიშვილი თავისი გამოცდილებით ზომავს, რომლითაც ის იქცეოდა და ძალაუფლება ჰქონდა კრიმინალურ-მაფიოზურ სამყაროში. ზუსტად ამ თამაშის წესებით მოინდომა მან ურთიერთობა საერთაშორისო პოლიტიკაში და თან თავისზე გაცილებით მძიმეწონიან ფიგურებთან. ბუნებრივია, რომ ეს არ გამოვიდოდა. ასეთია დიქტატორების ხვედრი, მარტო ივანიშვილის არა – ისინი კარგავენ რეალობის საღად აღქმის უნარს.

  • მხოლოდ რუსეთის მხარდაჭერით და მიტაცებული ძალაუფლებით, თქვენი აზრით, ივანიშვილს ხელისუფლების დაკარგვის რისკი გაეზარდა?

ძალიან პატარა ბიძგი სჭირდება, რომ რეჟიმი ჩამოიშალოს და ეს უკვე ქართველი ხალხის გასაკეთებელია.

ძალოვან უწყებებშიც ხვდებიან, რას ნიშნავს ის, რომ ჩინეთმაც უარყო ივანიშვილი. ამიტომაც, ახლა სისტემა ეცდება თვითრეფლექსიას, რომ თავი გადაირჩინოს და არ ჩაყვეს ივანიშვილს. ეს პროცესები დაიწყება ახლა, იმიტომ, რომ უკვე აქტიური პოლიტიკური სეზონი დადგება არდადეგების შემდეგ, დღის წესრიგშია ბრიტანეთის სანქციები. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ესენი დეტონაციას რაღაცებს თავადვე უკეთებენ, იმის მაგივრად, რომ თავი აარიდონ საშიშ თამაშებს.

ბუნებრივია, ამ არადიპლომატიურ წერილსაც მოჰყვება თავისი შედეგები, ისე, როგორც იმ დემარშს, როცა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღეს.

  • ფიქრობთ, ივანიშვილს აღარ აქვს იმედი, რომ ტრამპი მას ვაჭრობაში შეჰყვება?

მე ვეღარ დავინახე ამ წერილში ეს. ამ წერილში ვხედავ მხოლოდ ახსნას „ოცნების“ ამომრჩევლის მიმართ, რომ რაც მოხდა და რაც აწი მოხდება, ჩემი ბრალი არ არის. ეს ნიშნავს, პრინციპში, პრევენციულად, წინსწრებით მხარდაჭერის თხოვნას საკუთარი მოსახლეობისადმი და არა ტრამპისადმი.

ივანიშვილი წინსწრებით ითხოვს მხარდამჭერას იმ მოვლენების დროს, რომლებსაც ის სავარაუდოდ ელოდება შემოდგომაზე.

თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი გაათავისუფლეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 425-ე პოლკის თავდასხმის ჯგუფებმა დონეცკის ოლქის სოფელი ნოვოეკონომიჩესკოე გაათავისუფლეს რუსული ოკუპაციისგან და იქ უკრაინის დროშა აღმართეს.

დღეს, პირველ სექტემბერს, საღამოს, უკრაინის გენერალურმა შტაბმა სოფლის გათავისუფლების და დროშის აღმართვის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

ვიდეოში აღნიშნულია, რომ სოფლის გათავისუფლებას ორი კვირა დასჭირდა – თავდასხმის ჯგუფები ეტაპობრივად ათავისუფლებდნენ თითოეულ ქუჩას, ღამით შედიოდნენ სოფელში და კოორდინირებულ თავდასხმას ახორციელებდნენ.

საბოლოოდ 31 აგვისტოს, სოფლის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს.

___________

ფოტოზე: კადრი უკრაინის გენერალური შტაბის ვიდეომასალიდან

ერთი წლის შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით ბებია დააკავეს

1 წლის და 2 თვის შვილიშვილზე ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ბებიას ბრალდება წარუდგინა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 1-ელ სექტემბერს დააკავეს“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართვას.

ორი უსახლკარო დედა აჭარის მთავრობასთან: „მარტო კლანები აინტერესებთ, მეტი არავინ“

ბათუმში ორმა უსახლკარო დედამ დღეს, პირველ სექტემბერს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გამართა. ისინი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ითხოვენ შეხვედრას, ერთი თვის წინ განცხადებაც დაწერეს მასთან შეხვედრის მოთხოვნით, მაგრამ აჭარის მთავრობა უსახლკარო ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს.

მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე მარტოხელა დედები არიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები ჰყავთ.

„არის მარტო კლანები, მათი ნათესავები და მეგობრები, მეტი არავინ აინტერესებთ. განცხადება დავწერე თამაზაშვილის სახელზე ერთი თვის წინ, ვინმემ დამირეკა?“ – კითხულობს მაგული ფუტკარაძე.

მზიური ბალაძე და მაგული ფუტკარაძე

მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში წლებია მთავრობის ყურადღებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე აჭარის მთავრობას ან ბათუმის მერიას უსახლკაროებისთვის ცალკე პროგრამა არ შეუქმნია. ამ ადამიანებს შორის არიან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული პირები და ძალადობის მსხვერპლი ქალები.

მზიური ბალაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მას, სხვების მსგავსად, თვითნებურად არ დაუკავებია სახელმწიფო საკუთრება, როგორც ეს, მაგალითად, „ოცნების ქალაქში“ მოხდა – „ოცნების ქალაქის“ სქემა პარტია ქართულმა ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოიყენა.

„ოცნების ქალაქში“ რომ დასახლდა ხალხი, ონკოლოგიურში ვიწექი, ოპერაცია გავიკეთე. ამ დასახლებაში თვითნებურად დაკავებული ბინებიც იყიდებოდა და რამაზ ჯინჭარაძეს [ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე] ვუთხარი, ვისესხებ ფულს და ვიყიდი, თუ დამიკანონებთ-მეთქი. ასე მიპასუხა, არა, ყველას გამოვასახლებთ მაქედანო,“ – გვიყვება მზიური ბალაძე.

„საბოლოოდ იქ ისეთმა ოჯახებმაც მიიღეს ბინები, რომლებიც უსახლკაროები არ იყვნენ, მე კი, ქირა ვეღარ გადავიხადე და წლებია ახლობლის ბინაში ვცხოვრობ.

როცა ფეხმძიმე ვიყავი, ქირის გადაუხდელობის გამო მეპატრონემ ჩამიკეტა კარი, ქუჩაში ვიმშობიარე… ის ბავშვი გაიზარდა, მე სამართალი ისევ ვერსად ვიპოვე.

პროევროპულ აქციებზე დავიწყე სიარული და მითვლიდნენ, აქციებზე ნუ დადის, რაღაც იქნებაო. მე ზეწოლის არ მეშინია, ამ უსამართლობას ვერ ვუყურებ, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში.

ჩემი დანაშაული ისაა, რომ 2012 წელს „ოცნებას“ დავუჭირე მხარი,“ – გვითხრა მზიური ბალაძემ.

„უფსკრულისკენ მიდის ქვეყანა.

ჩვენთვის, უსახლკარო ხალხისთვის არაფერი არაა, კლანები ცხოვრობენ მარტო, დამსვენებელი შემოდის და „გულაობს“, მე უნდა ვიყო ჩაკეტილი ფსიქიატრიულის საცხოვრისში,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. ის თავის შვილთან ერთად დროებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე თვის წინ შეასახლა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მოქალაქეებისთვის განკუთვნილ საცხოვრისში. საუბარია პაციენტებზე, რომლებსაც არ სჭირდებათ სტაციონარში მოთავსება, მაგრამ სჭირდებათ მოვლა.

„ჩემს შვილსაც აქვს მოშლილი ნერვული სისტემა, მაგრამ ისე არაა, რომ მუდმივად სჭირდებოდეს ასეთ სახლში დარჩენა, მე კიდევ აღარ შემიძლია იქ ცხოვრება… იქაც მეუბნებიან, აღარაა თავისუფალი ადგილი, უნდა დაცალო აქაურობაო. ძალიან მძიმე ასე ცხოვრება.

გიორგი მურვანიძეს [ყოფილი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი] შევხვდით და გვითხრა, მე ბინები თაროზე ხომ არ მაქვს შემოდებულიო, მეორე დღეს კი, ერთ ახალგაზრდა ოჯახს გადასცა ბინა 130 კვადრატული მეტრი, პლუს სარემონტო ფული მისცა. მე კი ქირითაც არ გამიყვანეს, ქირის ფულიც არ მომცეს.

ემიგრაციაში ვიყავი წლებია, საქართველოში ფეხის დადგმა მენატრებოდა. ჩამოვედი და შვილი გამიხდა ავად, 20 კვადრატულს ვიხვეწები. მოვალ აქ და კარავს გავშლი, სად წავიდე აბა?! ავადმყოფ შვილთან ერთად სად ვიცხოვრო?“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე.

რატომ არ შეხვდა სულხან თამაზაშვილი უსახლკარო დედებს და რას სთავაზობს აჭარის არალეგიტიმური მთავრობა მათ? – „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის პრესცენტრს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

ამ თემაზე:

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

ბათუმისთვის დიდ და პატარა ავტობუსებს იყიდიან – 10,5 მილიონი ლარი 18 ავტობუსისთვის

ბათუმისთვის 18 ავტობუსის შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერები გამოაცხადა. ორი ტიპის ავტობუსებში მთლიანობაში ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 10,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ავტობუსები ბათუმმა 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს, თანხას კი მიმწოდებელს 2027 წლის თებერვლამდე გადაუხდიან სრულად.

სატენდერო პირობების მიხედვით შესასყიდი 10 ავტობუსიდან თითოეულის სიგრძე უნდა იყოს 11,5 მეტრიდან 12-500 მეტრამდე, ხოლო 8 ავტობუსის შემთხვევაში – სიგრძე 6,5 მეტრიდან 8,5 მეტრამდე.

10 ავტობუსის შესყიდვა დაგეგმილია მაქსიმუმ 7 590 590 ლარად, ანუ ერთი ავტობუსის სატენდერო ფასია 759 059 ლარი. 

მახასიათებლები ასე გამოიყურება:

„ძარის ტიპი – დაბალიატაკიანი საქალაქო ავტობუსი;
სიგრძე – არანაკლებ 11 500 მმ. და არაუმეტეს 12 500 მმ.
არანაკლებ 25 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის;
მგზავრების რაოდენობა სულ – არანაკლებ 70 მგზავრი;
დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავი განთავსებული უნდა იყოს ავტობუსის უკანა ნაწილში…
ავტობუსის ფერი – ლურჯი ფერი, სახურავი თეთრი ფერის“.

8 ავტობუსის შესყიდვა დაგეგმილია მაქსიმუმ 2 920 816 ლარად, ანუ ერთი ავტობუსის სატენდერო ფასია 356 102 ლარი.

მახასიათებლებია:

„ძარის ტიპი – საქალაქო ავტობუსი;
სიგრძე – არანაკლებ 6500 მმ – არაუმეტეს 8500 მმ;
არანაკლებ 14 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის;
მგზავრების რაოდენობა სულ – არანაკლებ 29 მგზავრი;
დიზელის ძრავი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ევრო 6 ემისიის სტანდარტს…“

ამ შემთხვევაში ავტობუსის ფერი მითითებული არ არის.

პირობებში აღნიშნულია, რომ ანგარიშსწორება განხორციელდება გრაფიკით:

„ავანსი – არაუმეტეს 3 510 000 ლარის ოდენობით [10 ავტობუსის შემთხვევაში] და არაუმეტეს 1 170 985 ლარი [8 ავტობუსის შემთხვევაში] – მიმწოდებლის მოთხოვნით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

2026 წელს, დარჩენილი გადასახდელი თანხის [ავტობუსის სახელშეკრულებო ღირებულებას გამოკლებული გადახდილი ავანსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში] ჯამის არანაკლებ 50%-ის გადახდა განხორციელდება ავტობუს(ებ)ის მიწოდების შემდეგ, 2026 წლის სახსრებით, მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 31 იანვრისა;

2027 წელს, დარჩენილი თანხის გადახდა განხორციელდება ავტობუს(ებ)ის მიწოდების შემდეგ, 2027 წლის სახსრებით, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 31 იანვრისა“.

ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 3 სექტემბერს დაიწყება და მეორე დღეს, 4 სექტემბერს დასრულდება.

„ავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 180 დღის განმავლობაში. მიმწოდებელი ვალდებულია ავტობუსების მიწოდება განახორციელოს ქ. ბათუმის მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილზე“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

„ოცნების“ ხელისუფლებამ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩანიშნა. არჩევნების დღემდე დაახლოებით 2 თვით ადრე კი, ბათუმის მერიამ ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში შეიტანა ცვლილება და ავტობუსებისთვის 4 მილიონ 681 ათასი ლარი გაწერა.

ამ თემაზე: ბათუმის მერია ავტობუსებს კიდევ იყიდის – პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტია

ამასთან, ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ ტენდერებში დაინტერესებულ პირს თუ მონაწილეობის მიღება სურს, წინადადების წარდგენისთვის 10 000 ლარის გადახდა მოუწევს – თითოეულ ტენდერში. შესაბამისი განკარგულება „ოცნების“ მთავრობამ 2025 წლის 12 აგვისტოს მიიღო.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის მერია ავტობუსებს კიდევ იყიდის – პროექტის ბიუჯეტი 11 მილიონ ლარზე მეტია

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ დღეს აქვს ჩემი დაპატიმრების რესურსი – გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ დღეისათვის „ოცნებას“ მისი დაპატიმრების რესურსი არ აქვს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს, პირველ სექტემბერს განაცხადა ტვ „პირველთან“ პირდაპირ ჩართვაში გერმანიიდან.

„მე არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ დღეს აქვს რესურსი, რომ დამიჭიროს.

მიუხედავად იმისა, რომ იქ არის ერთი საქმე აღძრული, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა საქმეებზე გამოძიების პროცესი გააქტიურებულია, მე არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ აქვს დღეს რესურსი, გიორგი გახარია დააპატიმროს.

მაგრამ „ოცნებას“ იმის რესურსი, რომ დღეს შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა, მაშინ როდესაც საქართველოში ვიქნები, აქვს.

ვგულისხმობ იმას, რომ მატარონ სხვადასხვა საქმეების დაკითხვებზე, შექმნან ამისგან რაღაც პიარული თემები, შემიზღუდონ ქვეყნის დატოვება, შემიზღუდონ მობილობა და ა.შ.

ფაქტია, დღეს „ოცნებას“ აქვს საჭიროზე მეტი რესურსი, იმისთვის, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაში ბევრად უფრო ეფექტური იყოს, მაშინ როცა მე ვიქნები თბილისში“ – თქვა გიორგი გახარიამ.

მან აქვე დასძინა, რომ ეს მისი სუბიექტური აზრია:

„მე არ ვამბობ ამას ასპროცენტიანი სიზუსტით, მათი პროგნოზი შეუძლებელია, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჩემი დაპატიმრება არ არის მარტივი საქმე“ – თქვა მან.

გიორგი გახარია გერმანიაში იმყოფება.  მან დღეს ტვ „პირველთან“ განაცხადა, რომ მას გერმანიაში ექნება ხანგრძლივად დარჩენის და მუშაობის უფლება. „უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ“ – თქვა მან.

Prosecutor’s Office Summons NGOs’ Leaders in ‘Face Masks’ Case Over Alleged Sabotage

The General Prosecutor’s Office is summoning the heads of civil society organizations for questioning as witnesses in the so-called “face masks” case over alleged sabotage against the state.

“As the public is aware, the Prosecutor’s Office of Georgia is conducting an investigation into sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, assisting foreign organizations or organizations under foreign control in hostile activities, and mobilizing funds for activities directed against Georgia’s constitutional order and the foundations of national security.

Within the framework of this criminal investigation, in order to clarify circumstances significant to the case, the leaders of certain non-governmental organizations have been summoned to the Prosecutor General’s Office for questioning as witnesses,” the Prosecutor’s Office said in its statement.

According to the Prosecutor’s Office, “The investigation into this criminal case has established that, during 2024, the planning and organization of violent protest rallies held in front of the Parliament of Georgia and in various locations across the country involved not only leaders of opposition political parties but also representatives of certain foundations and non-governmental organizations. These circumstances, along with the evidence gathered in the case, served as the basis for freezing the bank accounts of 12 legal entities – foundations and non-governmental organizations – thereby restricting the further misuse of financial resources.”

What is Happening

On August 27, the Tbilisi City Court granted a Prosecutor’s Office request to freeze the bank accounts of seven NGOs: Civil Society Foundation, ISFED, IDFI, Defenders of Democracy, Georgian Democracy Initiative, Sapari, and the Social Justice Center.

The Prosecutor’s Office claimed that during the spring protests, these organizations had purchased gas masks, goggles, face coverings, pepper spray, and other gear for protest participants, and had also helped pay fines for detained protesters and supported their families. The case was opened following a request from Vato Shakarashvili’s movement “United Neutral Georgia.”

After the Georgian court froze the bank accounts of seven Civil Society Organizations (CSO/NGO), the ruling party’s propaganda channel, TV Imedi, attempted to portray these organizations as engaged in “state sabotage.” The channel aired documents showing that the CSOs had purchased respirators, protective goggles and other protective items worth 8,700GEL [approximately $3,230].

In Connection with Pro-EU Protests, Court Freezes Bank Accounts of 7 CSOs Citing Alleged Sabotage

კიევში სკვერს ქართული ლეგიონის სახელს მიანიჭებენ

უკრაინის დედაქალაქში, კიევში, სვიატოშინზე მდებარე სკვერს ქართული ეროვნული ლეგიონის სახელს მიანიჭებენ. ეს მადლიერების სიმბოლოა იმ მოხალისეების მიმართ, რომლებიც 2014 წლიდან უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში იბრძვიან.

უკრაინული მედია იუწყება, რომ ეს გადაწყვეტილება კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატებმა მიიღეს.

სკვერი ვახტანგ კიკაბიძის ქუჩის 9 ნომერში მდებარე შენობის საზღვრებშია.

kiev.informato-ი იუწყება, რომ საკითხის საზოგადოებრივი განხილვა 12 მაისიდან 12 ივლისამდე მიმდინარეობდა კიევის ვებპორტალზე. გარდა ამისა, 26 მაისიდან 8 ივნისამდე ხმის მიცემა შესაძლებელი იყო საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემა „კიევი ციფრულის“ საშუალებით. შედეგების თანახმად, სახელწოდებას „ქართული ეროვნული ლეგიონი“ მხარი დაუჭირა 33,585-მა ადამიანმა, რაც გამოკითხულთა 79%-ია. წინააღმდეგი იყო კიევის 9,057 მცხოვრები.

„ქართული ეროვნული ლეგიონის“ მოხალისეთა რაზმი 2014 წელს შეიქმნა, როგორც უცხოელთა რაზმი და უკრაინის დასახმარებლად დონბასის ომში ჩავიდა. „ქართული ლეგიონი“ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელთა პირველი რაზმი გახდა.

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში – დაიღუპა 800-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3000-ზე მეტი დაშავდა.

გუშინ, 31 აგვისტოს, ავღანეთში დაფიქსირებული მიწისძვრის სიმძლავრე 6.0 იყო. ეპიცენტრი ქალაქ ჯალალაბადიდან 27 კილომეტრში, პაკისტანის საზღვართან ახლოს იყო.

დასავლური მედიის ცნობით, ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში, კუნარის პროვინციაში ოთხი სოფელი მთლიანად განადგურებულია, ხოლო რამდენიმე სხვა – ნაწილობრივ დაზიანებული.

დაშავებულების ევაკუაციისთვის აღმოსავლეთ პროვინციებში ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების რეაგირების ჯგუფები გაიგზავნა.

მედიის ცნობით, თვითმხილველების თქმით, ნანგრევების ქვეშ ბავშვები და მოხუცები რჩებიან.

მაშველებს აღმოსავლეთ ავღანეთში რიგ დასახლებებში შესვლა მთიანი ლანდშაფტის გამო უჭირთ.

___________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/HAMID SABAWOON

From Siberia to the “Georgian Dream’s” Prison — The Case of Anton Chechin

The total number of prisoners of conscience has exceeded 60 in Georgia. But behind the numbers are specific names, and behind those names lie distinct pasts and futures.

Some are accused of group violence, including organized acts; some of attacking law enforcement officers; some of damaging surveillance cameras; and politicians of showing disrespect to Tea Tsulukiani’s Commission. Six individuals, meanwhile, faced criminal charges related to drugs simply for participating in civil protests.

It seems the strategy was precisely to exploit stereotypes, making it easier to build cases against citizens whose guilt society would more readily accept: three young Russian nationals, a young man with tattoos, a 22-year-old accused of using so-called “club drugs,” and an anesthesiologist-resuscitator.

In all these cases, the accused and their lawyers assert that the drugs were planted. At every hearing, regardless of how biased or stereotypical a listener might be, the facts remain:

  • There are no neutral witnesses.
  • No camera footage confirms the seizure of drugs.
  • Drug use is not proven.

Instead, what is evident:

  • Police witnesses repeatedly give identical testimony.
  • There is an anonymous informant whose identity the court does not require to disclose.
  • DNA evidence from the seized drugs consists of saliva and sweat, which the defense claims was collected by police themselves using rubber gloves and then transferred onto the drugs they allegedly planted.

As a result, Nika Katsia, Anastasia Zinovkina, Artiom Gribul, and Anton Chechin face sentences ranging from 8 to 20 years, or even life imprisonment.

Giorgi Akhobadze and Tedo Abramov have been acquitted of the same charges, while the others are awaiting verdicts in the coming days.

“The handwriting, strategy, and approach are so identical that in criminal cases related to drug offenses against protest participants, we could replace person X with person Y and the overall picture would remain unchanged,” says Anton Chechin’s lawyer, Giorgi Chkheidze, in an interview with Netgazeti.

From Siberia to Georgia

Anton Chechin arrived in Georgia in 2022. A 26-year-old photographer and numismatist, Anton hails from Barnaul, Siberia. In Georgia, he met his future wife, Mancho Samkharadze. He left Russia due to repression, opposing Putin’s regime, protesting the war, and later facing persecution. He even organized small one-person protests and filed a collective complaint with the European Court of Human Rights regarding this persecution — a case he recently won against the Russian Federation.

Three years ago, when he found refuge and settled in Georgia, he could hardly have imagined that he would escape Putin only to find himself caught in the “Georgian Dream’s” captivity.

“My activism began in Siberia — I took part in protests against Putin’s regime, the bloody war, and the brutal treatment in prisons. I came to Georgia because of repression. I supported Ukrainians and participated in protests against the ‘Russian Law,’” Anton wrote in a letter sent from prison in January.

For participating in protests in Tbilisi, Anton was initially fined, at a time when society opposed the Russian Law. On November 18, 2024, he was arrested and warned to stay away from demonstrations. But the next time, police attention would cost him much more. “This all very much resembles what happens in Russia,” Anton remarked from his prison cell.

Arrest and Alleged Drug Planting

On the morning of December 3, 2024, while leaving his residence for work, Anton was intercepted. According to his lawyer, he was approached by police without identification, put into a car, and at that moment, a drug was planted in his pocket — a substance later presented as a white powder supposedly seized from the front left pocket of his jacket “he had covered his body with” – “TANTMOSILI” [Tantmosili – ტანთმოსილი, is the word not usually used in everyday spoken Georgian language but rather more older literature form, however every testimony repeats this word razing suspicion].

There is no video of Anton’s detention or search, nor any neutral witness present, as required constitutionally. Police claim the lack of footage is because Anton resisted (“struggled”), making filming impossible. A translator is presented as a neutral witness, which International Transparency – Georgia’s assessments consider a “questionable practice.”

“The translator’s role is to accurately and fully translate testimony or documents. No other participant has authority to take up the role of translator, because other participants might have an interest in the translation. Therefore, we believe the translator cannot perform any duties of other participants, including witnesses,” the organization reviewing Chechin’s case noted.

Anton’s lawyer, Giorgi Chkheidze, insists that Anton did not resist and was instead subjected to improper treatment by police.

“Did someone order you to plant drugs on me?” Anton asked one police witness, Zurab Rushishvili, involved in his search and arrest.

Rushishvili, alongside prosecutor Shmagi Gobejishvili, reacted indignantly. He dislikes all questions from the defense, often rolling his eyes or shaking his head. The prosecutor claims Anton was exerting pressure on the officer.

Prison Violence

Discussions about changing Anton’s pre-trial detention occasionally arise when new circumstances emerge. On June 16, Anton’s lawyer submitted a motion to include documents regarding the violent treatment Anton suffered from prison staff on June into evidences, also requesting a changing of his detention. The judge, however, ruled the circumstances unrelated to the charges and included the documents – addresses to the Public Defender and Special Investigative Service – only as informational.

Anton described the incident himself in a letter:

“I wanted to be moved to a non-smoking cell. I spoke to the prison staff about this… They twisted my arms and tried to remove me from the cell by force without explanation. About 5–6 staff used force to remove me. I was scared and did not understand why. After taking me from the cell, they shouted insults in Russian and Georgian, then inflicted physical pain and threatened that it would hurt more if I spoke. I told them I have a brain tumor and that I was suffering form chest and arm pain and requested medical attention, which they ignored. Afterwards, they placed me in solitary confinement for about 2 hours… I know prison staff in Russia violate prisoners’ rights in exactly the same way,” Anton wrote.

The Public Defender’s Office confirmed the bruising and injuries Anton sustained.

An Audience of Supporters

Anton’s hearings are not widely attended. Mostly, the same few faces appear: Sergey (name changed), a Russian national who travels from a small town in western Georgia; Marina, who closely follows cases of prisoners of conscience who are not ethnically Georgian and may feel isolated; Stanislav, another political exile from Russia; and a few others with similar stories.

“You Georgians are amazing, and believe me, it is painful to see you repeat our mistakes — Russia’s mistakes, Belarus’s mistakes. I have followed and supported protests in Georgia over recent years, including against the agents’ law. These laws are copies of those enacted in Russia, and I know the misfortune they caused there… Please attend court sessions. I know from my experience that having supporters in the courtroom is crucial. Write letters to prisoners. Good always prevails, but you must prepare yourselves for a long struggle. Your strength is in unity. Learn from our mistakes. Believe in your strength and courage. I believe the fight is necessary, regardless of the outcome. Anton believes in victory — he is more optimistic than I am,” Sergey told Netgazeti.

Anton’s Georgian wife, Mancho Samkharadze, watches hearings from the courtroom hallway. She is a witness for the defense and cannot attend the proceedings until she testifies.

“I don’t want to trouble people or ask them to attend Anton’s hearings, but it would make me and him happy. I am very grateful to everyone who comes, including complete strangers,” she says.

Lawyers’ Commitment

“What is happening today in our country and in the courts is unfortunate, but it does not give us the right to give up. Behind us, the lawyers, are people who most deserve freedom. I’m not only speaking about my client but every person unjustly held in prison today,” Anton’s lawyer Giorgi Chkheidze says after a hearing. Like other lawyers, he prepares in advance for every higher court, aiming to achieve a fair outcome for prisoners of conscience.

According to the defense, a verdict in Anton Chechin’s case is expected on September 2.


What is Happening in Georgia

In late fall 2024 and the beginning of winter, massive daily protests erupted across Georgia. The demonstrations were sparked by the ruling Georgian Dream party’s November 28 announcement to “postpone” the country’s EU integration bid until the end of 2028.

By that time, the ruling party had already been accused of massive electoral fraud during the October 26, 2024 parliamentary elections and of unconstitutionally forming a parliament boycotted by all opposition parties. The one-party parliament then proceeded to elect the government and appoint the president — all widely regarded as Georgian Dream-appointed, underscoring their perceived illegitimacy.

The protests, often referred to as the “Georgia Protests,” were met with violent crackdowns. Numerous journalists and citizens sustained physical injuries, and hundreds reported inhumane treatment at the hands of police and in detention, including cases amounting to torture. Journalists were attacked by uniformed, unidentified law enforcement officers during live broadcasts — none of which have been investigated.

Amidst police impunity and tightening repressive legislation, over 60 people have been jailed on criminal charges widely viewed as trumped-up and politically motivated attempts to silence dissent.

Since the late spring of 2025, eight opposition leaders were jailed for refusing to participate in a parliamentary commission purportedly formed to investigate crimes committed by the previous government, which left office in 2012. This commission has been widely criticized as a tool aimed at banning opposition parties. Notably, most opposition leaders summoned had never held high-ranking positions during the previous government’s rule, reinforcing suspicions that the commission’s true goal is to suppress the current opposition rather than investigate past crimes.

One of the main opposition figures, Giorgi Gakharia — who previously served as Interior Minister and Prime Minister under Georgian Dream — has been abroad “on an international business trip” since June, 2025. Meanwhile, an investigation is underway into his role in opening a checkpoint during his tenure as Interior Minister. The investigation involves criminal charges including sabotage, attempted sabotage under aggravating circumstances, aiding hostile activities on behalf of a foreign organization or one under foreign control, and mobilizing funds for actions directed against Georgia’s constitutional order and national security.

These are serious charges that carry potential prison sentences ranging from 7 to 15 years.

So far, two defendants pleaded guilty and sought plea deals but were nonetheless convicted and sentenced to prison without leniency. Only two defendants were acquitted and released in the courtroom.

 

56 000 ლარის ძვირფასეულობის მალულად გადმოტანის ფაქტი სარფის საბაჟოზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, მსუბუქი ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 179 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის ღირებულება 56 000 ლარს აღემატება“ – წერს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

“Your Inaction Raises Doubts and Questions Among the Georgian People” – Kavelashvili’s Open Letter to Trump

Georgian Dream–appointed President Mikheil Kavelashvili addresses US President Donald Trump:

Open Letter
To the President of the United States of America,
His Excellency Mr. Donald Trump

First of all, I would like once again to express my deep respect for you as the leader chosen by the American people. I also wish to reiterate my hope that your presidency will strengthen the United States of America and bring greater prosperity to the American people, as well as more peace, tranquillity, and well-being to the entire world.

As the leaders of the Government of Georgia have repeatedly stated publicly, resetting relations with the United States and renewing the strategic partnership between our two countries from a clean slate is one of the main priorities of Georgia’s foreign policy. I remind you that this strategic partnership was abolished by President Biden’s administration shortly after your election as President of the United States, just weeks before your inauguration, as part of the unfair, harsh, and aggressive policies it pursued toward several sovereign states.

Against this background, I must again regretfully note that your administration has not shown appropriate attention toward Georgia. This comes as a surprise to Georgian society, especially given the complete alignment of values between our governments. On the very issues that your administration highlights today, Georgia’s ruling team spoke out years earlier. Yet, despite this identical worldview, regrettably, instead of your administration, it is the “deep state” that remains active in Georgia, using the same entrenched, heavy-handed methods instilled by USAID, NED, and other similar organizations to stir destabilization and undermine peace. Fortunately, the Georgian people are more united than ever in resisting the “deep state,” a fact our citizens have repeatedly demonstrated over the past four years. It is thanks above all to the wisdom, experience, and determination of the Georgian people that four attempts at revolution organized by the “deep state” in Georgia were thwarted.

It is also noteworthy that in just a few months of your presidency, you have forged close relations with all of Georgia’s neighbours: you successfully facilitated a peace agreement between Azerbaijan and Armenia, you actively cooperate with the Turkish authorities, and you even restored partnership with Vladimir Putin. Yet, amid all this, your administration remains silent about Georgia — something that, as I have already noted, causes bewilderment within Georgian society.

It is said that in the past few months you have changed half the world. Naturally, however, everyone views events from their own perspective, and given that your administration does not show the logical level of attention toward our country, the Georgian people are left with doubts and questions about how free and genuine your administration’s actions truly are when it comes to strengthening peace in the region. Georgian society is deeply concerned about the dominance in Georgia of the “deep state,” focused on war and unrest, while your administration, unfortunately, observes passively.

I remain hopeful that your administration’s approach toward Georgia will change. It is important that, in the perception of the Georgian people, the United States be associated not with the “deep state” but with a strong American President; not with constant attempts at unrest and destabilization but with peace and stability; not with gender and LGBT propaganda but with respect for traditional values.

For my part, as the President of Georgia, I am fully prepared to assist in realizing the declared goal of the Georgian government — to restore the strategic partnership between Georgia and the United States on a clean slate and on the basis of a clear roadmap. Achieving this goal, however, requires the establishment of a fair and considerate approach by your administration toward the Georgian state and the Georgian people.

With deepest respect,
Mikheil Kavelashvili
President of Georgia

ბათუმში დღეს გაზი შეუწყდება 648 აბონენტს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, დღეს, პირველ სექტემბერს, 11:00 საათიდან, ბათუმში გაზმომარაგება შეუწყდება მუხრან მაჭავარიანის, ნევრესტან შალიკაშვილის, ენვერ ხაბაძის, ივანე მესხის, ევგენი მიქელაძის და ივანე ჯავახიშვილის ქუჩებზე მცხოვრებ 648 აბონენტს.

„სოკარის“ განმარტებით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 1-ელ სექტემბერს, 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. 

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

„ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს“ – ყაველაშვილის ღია წერილი ტრამპს

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართავს:

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულება ბატონ დონალდ ტრამპს.

პირველ რიგში, მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი, როგორც ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ლიდერისადმი. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მოუტანს მეტ კეთილდღეობას ამერიკელ ხალხს, აგრეთვე მეტ მშვიდობას, სიმშვიდეს და კეთილდღეობას სრულიად მსოფლიოს.

როგორც საქართველოს მთავრობის ლიდერებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად თქვენი არჩევის შემდეგ, თქვენ ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გააუქმა იმ უსამართლო, უხეში და აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ის არაერთი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აწარმოებდა.

ამ ფონზე, კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც, მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხვედრის ფონზე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს.

საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი. თუმცა, იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ, თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად, კვლავაც აქტიურობს „დიპ სტეიტი“, რომელიც USAID-ის, NED-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით, საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს.

საბედნიეროდ, „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული ოთხი წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. „დიპ სტეიტის“ მიერ საქართველოში ორგანიზებული რევოლუციის ოთხი მცდელობა, პირველ რიგში, სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილებისა და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე, თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან – წარმატებით შეუწყვეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი.

თუმცა, ამ ფონზე, თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს.

ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. თუმცა, ბუნებრივია, მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართველ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით.

ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული „დიპ სტეიტის“ დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია, სამწუხაროდ, პასიურად აკვირდება.

ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები არა „დიპ სტეიტთან“, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და ლგბტ პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს.

პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვარ, მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.

ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა კი, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი ადმინისტრაციის სამართლიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების დამკვიდრებაა.

ღრმა პატივისცემით,

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი“.

„მე პოლონეთში ვცხოვრობ, მაგრამ არ გავთხოვილვარ, ცოლი მოვიყვანე“ – ქართველი ემიგრანტი

„პოლონეთში ჩამოვედი 2014 წლის სექტემბერში, მინდოდა აქ მესწავლა. პოლონეთი არ იყო იმ მომენტში ძვირი ქვეყანა სწავლისთვის. გეგმაში მქონდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ვერ დავბრუნდი“, – ასე იწყებს ამბის თხრობას გიორგი თავაძე, ემიგრანტი, რომელიც წლებია პოლონეთში ცხოვრობს და ახლა უკვე საინვესტიციო ბანკის თანამშრომელია.

„ბათუმელები“ სავიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე ესაუბრა გიორგი თავაძეს, რომელმაც სცადა „ოცნების“ ამომრჩეველს აუხსნას, რატომ არის ტყუილი, რომ ევროპაში კაცებს ათხოვებენ, ან ვინმე ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს.

  • გიორგი, 2014 წელს არ იყო უვიზო მიმოსვლა, ალბათ სასწავლო ვიზით წახვედით, როგორი იყო ვიზის აღების პროცესი?

პოლონეთის საელჩოში საბუთები ჩავაბარე, საკმაოდ რთული პროცედურა იყო. ახლაც ეგრეა, თუ [სასწავლო ან სამუშაო] ვიზის აღებაა საჭირო, ბევრი საბუთის მიტანა გჭირდება. ზოგჯერ განმეორებით გთხოვენ საბუთებს.

უვიზო მიმოსვლა იმიტომაც არის კარგი, რომ შეგიძლია ჩამოხვიდე პოლონეთში, როგორც მინიმუმ გაესაუბრო უნივერსიტეტს, მერე საქართველოში გაიარო ლეგალიზაციის პროცედურა და აიღო ვიზა სწავლისთვის.

პოლონეთი ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა – უამრავი კორპორაციაა, საკმაოდ გამართული კანონმდებლობა აქვს და საკმაოდ ადვილი იყო აქამდე ქართველების დასაქმება სამსახურში. ახლა პოლონეთში დაინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილება, აპირებენ საქართველო ამოიღონ იმ 5 ქვეყნის სიიდან (სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვა, უკრაინის), ვისაც გამარტივებული წესით შეეძლო დასაქმება პოლონეთში.

ეს პრობლემას არ შექმნის იმ ემიგრანტებისთვის, ვინც პოლონეთში ისწავლა, მაგრამ სეზონურ სამუშაოზე ჩამოსულთათვის ბარიერად იქცევა. ბარიერი იქნება იმ ხალხისთვის, ვისაც გრძელვადიანი მუშაობის უფლების მიღება სურს.

  • რა მოგცათ პირადად თქვენ პოლონეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ?

პირველ რიგში, პიროვნულად გამზარდა. აქ ჩამოსვლის პირველივე დღეს მომიწია სწავლა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია თავისი საზღვრები. აქ ძალიან დაფასებულია პირადი სივრცე, რაც, ჩემი აზრით, საქართველოში არ არსებობს.

ფინანსური პასუხისმგებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც აქ სწავლობ. ვფიქრობ, ქართველების უმეტესობა ამას მაშინ სწავლობს, როცა საზღვარგარეთ მიდის.

აქ დაცულია ადამიანის შრომითი უფლებები. მაგალითად, კანონით აკრძალულია ადამიანი აიყვანოს სტაჟირებაზე თვეობით უხელფასოდ. აქ არსებობს მინიმალური ხელფასის ცნება, მასზე დაბალ ანაზღაურებას დამსაქმებელი ვერ მოგცემს. მაღალი ხელფასის მისაღებად საჭიროა პროფესიონალიზმი – აქ არ გარჩევენ ეროვნების, აღმსარებლობის ან პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.

არის ძალიან კარგი დაზღვევის პაკეტები – გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თუ გჭირდება, არ გიწევს ფიქრი, სად იშოვო ფული.

დასაქმების ბაზარი მზარდია და მრავალფეროვანი. ვარშავაში და სხვა დიდ ქალაქებში უამრავი საერთაშორისო კომპანია, კორპორაციაა, სადაც დასაქმება შეგიძლია. დაწყებული Google-ით, დამთავრებული Netflix-ით, ყველა კომპანიას აქვს თავისი ოფისი პოლონეთში. ამასთან, კარიერული ზრდის მაღალი შანსიც გაქვს. კარგი კადრი თუ ხარ, კორპორაციები ნადირობენ კარგ კადრებზე.

ეს ჩემთვის კარგი მაგალითია, თუ რატომაა ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი. ჩემს სამუშაო სფეროზე რომ ვისაუბრო, ვმუშაობ საინვესტიციო ბანკში.

საქართველოში საბანკო მონოპოლია რომ არ იყოს და მსგავსი საინვესტიციო ბანკები არსებობდეს, საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა უკეთესი. სესხებზე გვექნებოდა უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთი.

აქ მუშაობა გიჩენს განცდას, რომ ღირსეულად შრომობ და ამ შრომისთვის ღირსეულ ანაზღაურებას იღებ. შეგიძლია გაიზარდო პროფესიულად, პიროვნულად, ამავდროულად მიიღო და დააგროვო დოვლათი.

ეს ქვეყანა ამ შესაძლებლობას არამხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს აძლევს, არამედ აქ ჩამოსულ ემიგრანტებსაც, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.

ვარშავაში როცა წამოვედი სასწავლებლად, სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნება მინდოდა. მქონდა კიდეც მცდელობა – საგარეო საქმეთა სამინისტროში გავიარე გასაუბრება, მაგრამ არ ამიყვანეს. საკმაოდ ოპოზიციურად განწყობილი პიროვნება ვარ. გული დამწყდა, მაგრამ მერე როდესაც აქ დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ  აქ დარჩენა იყო უფრო სწორი გადაწყვეტილება.

ამ ქვეყანამ მომცა ყველაფერი, აქ შევხვდი ჩემს მეორე ნახევარს, თუკი რაიმე პოზიტიური ამბავი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მოხდა პოლონეთში.

2004 წელს გახდა პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა და სიკეთის გარდა მეტი არაფერი მოუტანია ამას ქვეყნისთვის. პირველ რიგში, გაიხსნა საზღვრები, შემოვიდნენ კომპანიები, დაბრუნდნენ ემიგრაციაში წასული პოლონელები.

საქართველომ მართლა შეიძლება ბევრი რამ ისწავლოს ამ ქვეყნისგან. ახლა სწორედ ამას უნდა აკეთებდეს. ამ ქვეყანაში არის საქართველოს ძალიან ბევრი ქომაგი. სამწუხაროდ, ჩვენკენ სამეგობროდ გამოწვდილ ხელს, ჩვენ ხელს არ ვუწვდით.

  • „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს აშინებს და აჯერებს, რომ ევროპა რყვნის, რომ იქ კაცები თხოვდებიან“. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ამის სჯერა.

პროპაგანდასთან ბრძოლის რამდენიმე ხერხი არსებობს. ერთ-ერთი – რასაც გეუბნებიან, ის ყველაფერი გადაამოწმო. თუ შესაძლებლობა აქვს ადამიანს, წავიდეს ევროპაში და ნახოს როგორ ცხოვრობს ხალხი. ან მოუსმინოს იმ ხალხს, ვინც უკვე ცხოვრობს იქ.

მაგალითად, მე ვცხოვრობ პოლონეთში, მე არ გავთხოვილვარ, მე ცოლი მოვიყვანე.

მეორე, ვნახოთ როგორ შეიცვალა ცხოვრება იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახან გახდნენ ევროკავშირის წევრები. მაგალითად, ავიღოთ ხორვატია. მას შემდეგ, რაც ევროკავშირში გაწევრიანდა, მისი ერთ-ერთი ქალაქი – დუბროვნიკი გახდა ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველი. მხოლოდ ერთ ქალაქში, დუბროვნიკში წელიწადში იმაზე მეტი ტურისტი ჩადის, ვიდრე მთელ საქართველოში.

ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების შემოსავალი იზრდება. ადამიანი ცხოვრობს უფრო ღირსეულად.

მაქვს კითხვა, რა ჯობია, იჯდე, უსმინო მდინარაძის ან კობახიძის რაღაცა სისულელეებს თუ, მაგალითად, გქონდეს ღირსეული შემოსავალი, იჯდე საკუთარ გერმანულ ავტომობილში ან თქვენი სახსრებით შეძენილ საკუთარ სახლში?

აქ როდესაც ყიდულობ სურსათს ნებისმიერ მაღაზიაში, 100%-ით ხარ დარწმუნებული, რომ გავლილია ყველა პროცედურა და არ მოგწამლავს.

თუ მოგზაურობის სახსრები არ აქვს ადამიანს, შეუძლია ყველაფერი გადაამოწმოს გუგლით ან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.

ოჯახსა და ტრადიციებზე ლაპარაკობენ. პოლონეთი საკმაოდ ტრადიციული ქვეყანაა. პოლონელებისთვის ოჯახი და ოჯახის წევრები ძალიან ბევრს ნიშნავს. აქვთ ტრადიციული დღესასწაულები, აღდგომა, შობა. ოჯახები იკრიბებიან და ერთად აღნიშნავენ ყველა დღესასწაულს. პოლონეთი ოჯახსა და ოჯახურ ტრადიციებზე ორიენტირებული ქვეყანაა. 97% არის მორწმუნე კათოლიკე.

  • პროპაგანდის კიდევ ერთი ხაზია მშვიდობა. ახლაც, ადგილობრივი არჩევნების წინ, „ქართული ოცნება“ ცდილობს ომზე პროპაგანდით დააშინოს საკუთარი მოსახლეობა.

რომელ ჭკუათმყოფელ ადამიანს შეიძლება ომი უნდოდეს? ვინმეს უნდა ახლა ომში წავიდეს და სანგარში იყოს?   მე მგონი, არავის არ უნდა. მეორე, ვხედავთ თუ არა ევროკავშირის ჩართულობას უკრაინა-რუსეთის ომში? არა, ვხედავთ, რომ ისინი არ არიან, პირიქით, ისინი ეხმარებიან.

რატომ არის ტყუილი ომზე პროპაგანდა. მაგალითად, ცხოვრობ საქართველოში და გინდა გაიგო გეუბნება თუ არა სიმართლეს კობახიძე.

წარმოიდგინე, გაქვს ბევრი ფული, ან კარგი სამსახური. ამ ყველაფერს დათმობ და სანაცვლოდ იომებ? არა.

დემოკრატიული ქვეყნები არ ომობენ ერთმანეთში. როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მაღალია და ვითარდება, იმ ქვეყანას არ უნდა ომი. ომი არის ინვესტიციის გადინება – არავინ არ ჩადებს ფულს არც ერთ ბიზნესში, სადაც ტყვია-წამალი დაფრინავს.

ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი რესურსი ადამიანია, ადამიანის როგორც სიკვდილი, აგრეთვე მისი ემიგრაცია არის პრობლემა.

ბოლოს როდის იომა ევროკავშირმა ან ევროპის მდგრადმა ქვეყანამ? როდის იომა ბოლოს იგივე დიდმა ბრიტანეთმა?

დემოკრატიული ქვეყნები კარგი შემოსავლით, კარგი ეკონომიკით, გამართული სოციალური პოლიტიკით, ფისკალური პოლიტიკით, საგარეო პოლიტიკით, არ მიდიან საომრად. ეს არის ერთგვარი აქსიომა, რომელსაც დამტკიცება არც სჭირდება.

  • როგორ უნდა დაარწმუნო ევროკავშირის სიკეთეში „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელსაც პროპაგანდა აჯერებს, რომ „ევროპას ომი უნდა“ ან „ევროპა რყვნის“?

მარტივი მაგალითებით. მაგალითად, მე თუ დღეს უძრავი ქონების შეძენა მომინდება, შემიძლია მივიდე ბანკში, ავიღო დაბალპროცენტიანი კრედიტი. აქ სესხის აღება შემიძლია 3 %-ში. საქართველოში მგონი 12 %-ია ხომ?

შვეიცარიაში იპოთეკური სესხის პროცენტი არის 1%-ზე ოდნავ მაღალი, ყველაზე ცუდ ვარიანტში, გააჩნია ადამიანის კრედიტუნარიანობა როგორია. შვეიცარია არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია იმუშაოს შვეიცარიაში ლეგალურად.

აი, ახლა, მე შემიძლია ჩავალაგო ჩემოდანი და გავფრინდე ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის კუნძულზე დასასვენებლად. მაგალითად, მადეირაზე.

აქ შეგიძლია დააგროვო დოვლათი და გახდე წარმატებული. აქაური ხელფასით შეგიძლია ღირსეულად იცხოვრო.

ვუსურვებ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც და ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს, რომ დაინახონ ის  სიკეთე, რაც ევროკავშირის წევრობას აქვს ქვეყნისთვის. შესაძლებელია საქართველოსგან მშვენიერი ქვეყანა გამოვიდეს – გამართული, როგორც პოლიტიკური სისტემით, ისე საგარეო თუ სოციალური თვალსაზრისით.

ჩვენ შეგვიძლია ან ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ან რეალურად ხელი შევუწყოთ და ის გახდეს რუსეთის ერთ-ერთი ოლქი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 1 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 082 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
  • ტანკი – 11 155 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 23 229 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 32 248 ერთეული [+49]
  • MLRS – 1 476 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 213 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 341 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 55 276 ერთეული [+214]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 664 ერთეული [+38]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 60 399 ერთეული [+94]
  • სპეცტექნიკა – 3 952 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 80 972 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 627 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 910 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 589 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 143 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 818 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ყველაფერი ხეებიდან ჩამოცვენილი ტოტების და ფოთლების ბრალია – რატომ ვერ დასრულდა სპორტდარბაზი

საბოლოოდ ყველაფერი ხეებიდან ჩამოცვენილ ტოტებს, ფოთლებსა და ზამთრის სუსხს დაჰბრალდა. კომპანია, რომელმაც 2022 წელს დასასრულებელი საქმე 2025 წელსაც ვერ დაასრულა, შავ სიაში მოხვედრას გადაურჩა. შპს „ძმები“ შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებით მხოლოდ გააფრთხილეს.

მანამდე კომპანიამ შესყიდვების სააგენტოს განუმარტა:

„ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება ხდებოდა აჭარაში, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების წელს, დიდი რაოდენობით არსებული ნალექისა და თოვლის გამო განსაკუთრებით დაზარალდა.

ბუნებრივია, სწორი ექსპლუატაციის არქონის პირობებში დაზიანდებოდა შენობის როგორც კედლები, ასევე სახურავი. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ფოტოებით დასტურდებოდა, რომ სახურავი სავსე იყო ხეებიდან ჩამოცვენილი ტოტებით, ფოთლებით და სხვა ნარჩენებით, რაც გადათოვლისა და გაწმენდითი სამუშაოების არ ჩატარების შემთხვევაში ბუნებრივია გამოიწვევდა წყლის შეგუბებას და შესაბამისად კედლების დაზიანებას.

ასევე არ მომხდარა შენობის გარე პერიმეტრის გაწმენდა თოვლისგან და რამდენიმე მეტრის სიმაღლის თოვლის მასა კვირების განმავლობაში აზიანებდა კედლებს, რამაც ხელი შეუწყო კედლების შიდა და გარე მხარეს ნესტისა და ობის გაჩენას.“

სრული განმარტება და სააგენტოს პოზიცია იხილეთ აქ.

ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტრომ 2021 წელს შეისყიდა. სკოლაში სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2022 წელს უნდა დაესრულებინა. არაერთხელ ვადის გაგრძელების შემდეგ, 2025 წლის მაისში შესყიდვების პორტალზე ატვირთულ დოკუმენტში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ვკითხულობთ:

„2025 წლის 20 მაისს განხორციელდა მონიტორინგი, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ გარკვეული სამუშაოები დასასრულებელია. ასევე, სამუშაოების ნაწილი ხარვეზებით არის შესრულებული, კერძოდ: ღია სპორტული მოედნის ლითონის კონსტრუქციები კოროზირებულია, სპორტდარბაზის ფასადიდან და სახურავიდან ჟონავს წყალი, გადასაღებია სპორტდარბაზის შიდა კედლების და ჭერის ნაწილი, სპორტდარბაზის იატაკი ნაწილობრივ დაზიანებულია შემოსული წყლისგან, სპორტდარბაზის ნაწილში გათბობა არ მუშაობს, გაუმართავია კანალიზაციის სისტემა, საქვაბის საკვამლე მილი არ შეესაბამება სტანდარტებს“. 

2025 წლის 21 მაისს, სამუშაოების დაწყებიდან მეოთხე წელს, მინისტრის მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ კომპანიის დირექტორი გააფრთხილა და ხარვეზის გამოსწორება მოსთხოვა:

„ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება 2025 წლის 31 მაისს. შესაბამისად, გთხოვთ, ხუთი დღის ვადაში გამოასწოროთ არსებული ხარვეზები, დაასრულოთ ყველა სამუშაო და წარმოადგინოთ საბოლოო ფორმა-2. ზემოაღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან ცალმხრივად შეწყდება ხელშეკრულების მოქმედება და გატარებული იქნება ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“.

შეთანხმება ამჯერადაც დაირღვა.

2025 წლის 30 ივნისს განათლების სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ატვირთა დოკუმენტი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ამ დროისთვის [30 ივნისის მდგომარეობით] პორტალზე შესყიდვას არ აქვს მინიჭებული სტატუსი – „შეწყვეტილი ხელშეკრულება“. სამინისტრომ შექმნილი ვითარების შესახებ, შესაბამისი რეაგირებისთვის შესყიდვების სააგენტოს აცნობა.

რა გაარკვია სააგენტომ?

სააგენტო განმარტავს:

„აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის წევრების 2025 წლის 20 ივნისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ 2025 წლის 20 ივნისს ინსპექტირების განხორციელებისას დადგინდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიმწოდებლისთვის 2025 წლის 21 მაისს გაგზავნილ წერილში აღწერილი ხარვეზების მცირე ნაწილზე დაწყებული იყო გამოსასწორებელი სამუშაოები, მაგრამ ხარვეზების ძირითადი ნაწილი არ იყო აღმოფხვრილი.

კერძოდ, ღია სპორტული მოედნის ლითონის კონსტრუქციები კოროზირებული იყო, სპორტდარბაზის ფასადიდან და სახურავიდან ჟონავდა წყალი, გადასაღები იყო სპორტდარბაზის შიდა კედლების და ჭერების ნაწილი, სპორტდარბაზის იატაკი ნაწილობრივ დაზიანებული იყო შემოსული წყლისგან, სპორტდარბაზის ნაწილში გათბობა არ მუშაობდა, გაუმართავი იყო კანალიზაციის სისტემა, საქვაბის საკვამლე მილი არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.

მიმწოდებელმა 2025 წლის 24 ივნისის წერილით შემსყიდველ ორგანიზაციას აცნობა, რომ იგი აღიარებდა მის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევას და სამუშაოების მიმდინარეობის შეფერხებას, თუმცა ასევე განმარტავდა, რომ აღნიშნული შეფერხებები გამოწვეული იყო გარე ხელისშემშლელი გარემოებებით.“

  • რა დაწერა ინსპექტირებაზე პასუხისმგებელმა კომპანიამ

სააგენტო განმარტავს:

„მხარეთა შორის ხელშეკრულების შესრულებაზე ინსპექტირების განმახორციელებელი შპს „ზაისი და კომპანიის“ 2025 წლის 18 ივლისის №4/28 წერილის თანახმად, შესრულებული სამუშაოების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ ღია სპორტული მოედნის ლითონის კონსტრუქციები გადასაღები იყო, ცალკეული ადგილები კოროზირებული იყო, სპორტდარბაზის შიდა კედლებისა და ჭერის ნაწილი გადასაღები იყო, იატაკის ნაწილი [კედლებთან] დაზიანებული იყო, სკოლის ადმინისტრაციულ შენობაში და სპორტდარბაზში დასამონტაჟებელი და გასამართავი იყო სამი გათბობის რადიატორი.

კანალიზაციის სისტემა საჭიროებდა დამატებით გაწმენდას. 2025 წლის 18 ივლისის მდგომარეობით სახურავიდან წყლის ჟონვა არ შეინიშნებოდა. სახურავზე სამ ადგილას გლუვი ლითონის ფურცლის შუა ნაწილში დატანებული იყო ჰიდროიზოლაციის ფირი 15X20 სმ ზომის. გათბობის სისტემის საქვაბის საკვამლე მილის ზომები არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს.“

სააგენტო გაფრთხილებით შემოიფარგლა:

„მართალია, მიმწოდებელმა არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულებები, თუმცა სააგენტო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შესრულებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 97%. ამდენად, სააგენტო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, შპს „ძმების“ შავ სიაში დარეგისტრირებით დაირღვევა თანაზომიერების პრინციპი და მიზანშეწონილია მის მიმართ გაფრთხილების გამოყენება. “

ვრცლად მიმწოდებლ არგუმენტებსა და სააგენტოს პასუხზე წაიკითხეთ აქ. 

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

697 934 ლარი დაიხარჯება სპორტდარბაზზე, რომელიც 4 წელია ვერ აშენდა – „ხდება ხოლმე, თუ პატრონი გყავს“ 

განთიადის სკოლის სამუშაოები ვერ დასრულდა – შპს „ძმებს“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს

ამავე კომპანიამ, შპს „ძმებმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაიწყო და ვერ დაასრულა სააგენტოს ბათუმის ოფისის მშენებლობის სამუშაოები. ჯამში კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა.

იმავე სამუშაოებისთვის სააგენტოს ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწია თითქმის იგივე თანხით – 1 მილიონ 125 ათას 875 ლარით. დოკუმენტაციით, რაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ირკვევა, რომ სააგენტომ საბიუჯეტო სახსრები სათანადოდ ვერ დაიცვა, როცა ამის მექანიზმი ხელშეკრულებაშივე ჰქონდა ჩადებული.

ამ თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:

კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა – მშენებლობა ადლიაში

შპს „ძმები“ 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას მარად ჯიმშერაძე ფლობს.

„გულდამძიმებული ვემშვიდობები ქართველ ხალხს“ – საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი საქართველოს ტოვებს

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი X-ზე წერს, რომ საქართველოში მისი დიპლომატიური საქმიანობის ვადა ამოიწურა.

„მივესალმები საქართველოს. მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი მტკიცე ერთგულებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. გულდამძიმებული ვემშვიდობები მათ და ქართველ ხალხს. გაუმარჯოს!“ – წერს დიპლომატი X-ზე.

ელჩი შერაზ გასრი საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულებას 2022 წელს შეუდგა. ის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭების საკითხს და ამ მიმართულებით ბევრი იმუშავა.

მოგვიანებით ელჩი შერაზ გასრი ღიად აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებს, რაც მედიისა და არასამთავრობოს გაქრობას ისახავს მიზნად.

ამ ფონზე წამყვანი ევროპული ქვეყნის დიპლომატი ძალიან ხშირად ხდებოდა „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების თავდასხმის ობიექტი. სახელისუფლებო გუნდი მის მიმართ განსაკუთრებით კრიტიკული იყო, როდესაც დიპლომატი ბათუმში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდა.

უკვე ცნობილია ვინ შეცვლის შერაზ გასრის – საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ საქართველოში ახალ ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა.

ქართველებისთვის პოლონეთში დასაქმება გართულდება – ემიგრანტი

„ჩემთვის, ემიგრანტისთვის ცოტა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, როგორ უნდა მოიქცეს ხალხი საქართველოში. ასე თუ ისე, მე უარი ვთქვი ამ პროცესებში მონაწილეობაზე, მაგრამ ევროკავშირის სიკეთეები ყველაზე მაღლა დგას ჩემთვის“, – გვითხრა ნინო მახარაძემ, როცა მას ვკითხეთ, კიდევ რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა, როგორ უნდა გააგონონ ხმა ხელისუფალს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას საფრთხე არ დაემუქროს. ნინო მახარაძე უკვე 3 წელია ოჯახთან ერთად ემიგრაციაშია.

  • ქალბატონო ნინო, რატომ გადაწყვიტეთ წასვლა და რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ იმ გარემოებამ, რომ შესაძლოა შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია, რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა შევინარჩუნოთ?

უკვე სამი წელია პოლონეთში ვცხოვრობ მეუღლესთან და შვილთან, ცხრა წლის გოგოსთან, ასევე დედასთან ერთად. დასაქმებული ვარ – წამოვედით ლეგალური გზით და ამიტომ ავირჩიეთ პოლონეთი, ყველაზე მარტივი იყო აქ ლეგალურად ცხოვრება, დასაქმება და ასე შემდეგ. თავიდანვე ხანგრძლივად ვაპირებდით დარჩენას – მინიმუმ იქამდე, სანამ ბავშვი სკოლას დაამთავრებს. გადაწყვეტილების ერთ-ერთი, მთავარი მიზეზი იყო ბავშვის მომავალი.

ერთ-ერთ სასტუმროში დასუფთავების მიმართულებით ვმუშაობ. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ საქართველოში არც მიცდია, სხვა პროფესიით ვმუშაობდი, ძირითადად მარკეტინგში და მენეჯმენტში. საქართველოში ძალიან რთული იყო სრულყოფილად ცხოვრება იმ შემოსავლით, რაც მქონდა, ოჯახის და შვილის რჩენა.

მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნებას აღარ ვფიქრობთ, მინიმუმ იმიტომ არის მნიშვნელოვანი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება, რომ მარტივად შევძლო საქართველოში ჩასვლა, ოჯახის წევრების და მეგობრების ნახვა ან პირიქით, ისინი ჩამოვიდნენ ჩემთან. მაგალითად, ჩემი და წელიწადში მინიმუმ ორ-სამჯერ ჩამოდის, ის საქართველოში ცხოვრობს. პირველი რაც ვიფიქრე, როცა გავიგე, რომ შეიძლებოდა ვიზალიბერალიზაცია შეწყდეს, იყო ის, რომ ძალიან გაგვირთულდება ოჯახის წევრების ნახვა.

ჩემი მეუღლის მშობლებიც ჩამოდიან, მეგობრებიც. ალბათ მეათედი იქნება იმის შანსი, რომ ჩამოვიდნენ სტუმრად ჩვენთან – ვიზის აღება დასჭირდებათ, რაც ძალიან რთულია. ზოგ შემთხვევაში უარსაც კი ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეებს.

  • თქვენ რა პერიოდულობით ახერხებთ ჩამოსვლას საქართველოში?

ვიყავი შარშან, ოქტომბერში. მაქსიმალურად ვარიდებ თავს საქართველოში ჩამოსვლას – არ არის მარტივი ჩვენთვის იმ ყველაფრის ყურება, რაც ხდება საქართველოში. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, დამეტოვებინა ადგილი, სადაც 30 წელი ვიცხოვრე და ახალი გარემო შევქმნა სხვა ქვეყანაში, ენის ცოდნის გარეშე, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ნორმალურად გვეცხოვრა.

პირველი კულტურული შოკი მქონდა მაშინ, როცა დავინახე ასაკოვანი, პენსიონერი ადამიანები, როგორ ფერადად და მხიარულად გამოიყურებიან აქ, როგორ ზრუნავენ საკუთარ კეთილდღეობაზე და ბედნიერებაზე. გამახსენდა ორივე ბებია და ბაბუა, არცერთი აღარ არის ცოცხალი სამედიცინო სფეროს პრობლემების გამო. გამახსენდა და შემეცოდა ჩვენი წინა თაობები.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის დიდი ხანი, რაც პოლონეთი ევროკავშირის წევრია, აქ მაინც დიდია ევროკავშირის სიკეთეები.

ჩემთვის, როგორც დედისთვის, კიდევ ერთი მიზეზი იყო ის, რომ საქართველოში ძალიან მეშინოდა ბავშვის კვების, რას ჭამდა ჩემი შვილი. თითქმის არანაირი კონტროლი არ არის… თითქმის შეუძლებელი იყო ყოველდღიურად გეყიდა შვილისთვის ყველი, ხორცი.

ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო, რომ აქ ჩამოვედით. ევროკავშირი მკაცრად აკონტროლებს საკვებს, დანამატებს და შედარებით მშვიდად ვარ. შედარებით მეტი შესაძლებლობა მაქვს ხარისხიანი პროდუქტის ყიდვის და ნაკლები სტრესი.

  • ალბათ იცნობთ პოლონეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც გარკვეული ვადით – სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩამოვიდნენ. მას შემდეგ, რაც დაიწყო საუბარი, რომ შესაძლოა შეუჩერდეს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, როგორ განიხილება ეგ საკითხი ქართველებს შორის?

ჩვენთვისაც არ იყო მარტივი მოსასმენი, ყველას გვეშინია, რომ ჩვენც შეგვექმნება პრობლემები, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, მინიმუმ იმიტომ, რომ პოლონეთისთვის აღარ ვართ სასურველი, არც დასაქმების სფეროში. მე კი ვაპირებ დარჩენას, მაგრამ მინიმუმ 5 წელზე მეტი უნდა იცხოვრო, რომ შეძლო ხანგრძლივად ცხოვრების უფლების მოთხოვნა. 

რა თქმა უნდა, გაცილებით გართულდება დასაქმება ქართველებისთვის. შეიცვალა ის, რომ ტაქსიზე მომუშავე ქართველებს აქაური საცხოვრებელი და მუშაობის უფლების გარეშე აღარ შეუძლიათ იმუშაონ, უნდა ჰქონდეთ პოლონური მართვის მოწმობა, უნდა გადაცვალონ და ვერ ცვლიან, არ აქვთ არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი. დამსაქმებლები აღარ განიხილავენ ქართველებს.

ჩანაცვლება ყოველთვის შეიძლება, ქართველი იქნება თუ უკრაინელი. შესაბამისად, რაც უფრო მარტივია, იმ არჩევანს აკეთებენ. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ჯერ კიდევ მუდმივი ცხოვრების უფლების გარეშე, პრობლემა იქნება მოგზაურობა. წინა კვირას ვიყავი იტალიაში, ქართული პასპორტით გადავედი, არანაირი კონტროლი არ არის ევროპიდან ევროპაში გადასვლის დროს და დავბრუნდით მშვიდად. მაგრამ თუ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდება, შესაბამისად, დაიწყებენ საბუთების კონტროლს. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ახალი შთაბეჭდილებები, ახალი ქვეყანა, ადამიანები.  

ჩემს ძალიან ბევრ მეგობარს არასამთავრობო სექტორში, კარგა ხანია დაეწყოთ პრობლემები – შემოსავალი დაკარგეს ადამიანებმა, ცხოვრება თავზე დაენგრათ. 

  • გარდა საინფორმაციო საშუალებებისა, რითაც ალბათ ძირითადად იგებთ საქართველოში რა ხდება, პირდაპირი კომუნიკაციითაც ფაქტობრივად იცით ყოველდღიურად რა ხდება აქ. თქვენი აზრით, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ პროტესტის ხმამ შედეგი გამოიღოს?

ადამიანებმა უნდა დაინახონ სრული სურათი. უნდა დაინახონ, რომ მარტო მათი კეთილდღეობა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია საზოგადოების და მომავლის კეთილდღეობა. ჩემთვის აქედან სურათი არის ორნაირი: ერთი მხარე, რომელსაც დახუჭული აქვს თვალი, სინდისზე ხელი აქვს აღებული და უბრალოდ ცხოვრობს, წყლის დინებას მიჰყვება. „აბა ომი გინდას“ პრინციპით აგრძელებენ ცხოვრებას.

მეორე კატეგორიას სრულად გააზრებული აქვს რა პრობლემის წინაშე დგას ქვეყანა.

ზუსტად ეს არის ყველაზე სტრესული საქართველოში, რომ ორივე მხარეს არის შენი ახლობელი, ვერ ახერხებ ისე გამოხატო აზრი, რომ არ აწყენინო მხარეს, რომელიც „აბა ომი გინდას“ პრინციპით ხმას არ იღებს. მაგრამ თუ არ აწყენინებ, მაშინ რუსეთში მოგიწევს ცხოვრება.

  • ამ მხარისთვის არაფერი იცვლება, როცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება დგას დღის წესრიგში? – ყველას შეიძლება ჰყავდეს ახლობელი, რომელსაც სასიცოცხლოდ სჭირდება მიიღოს ევროპული სერვისი, პირდაპირ რომ ვთქვათ, გადარჩეს. ამაზე ისინი არ წუხან, არ დარდობენ?

არა. ყოველთვის შეიძლება იმ იდეის გამართლება, რასაც ემხრობა ადამიანი. ამ შემთხვევაში, იდეა არ არის გააზრებული, მაგრამ იდეა ის არის, რომ სახელმწიფოს არ უნდა ომი და უნდა მშვიდად ცხოვრება. ეს ადამიანები მზად არიან ყველაფერზე თვალი დახუჭონ.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი პრობლემა და თვითონაც დგანან ამ პრობლემის წინაშე, მაინც ეძებენ გამართლების მიზეზს. ადამიანს როცა არ გინდა, ვერ ხედავ და როცა გინდა, ხედავ.

საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციასთან არანაირი შეხება არ მქონია არასდროს, ყოველთვის მქონდა შიში და უნდობლობა მის მიმართ. აქ სანდო და მეგობრული დამოკიდებულება გაქვს – იცი, რომ როცა დაგჭირდება, დაგეხმარებიან და არავინ არაფერს არ მოგიგონებს, არავინ არაფერს ჩაგიდებს, არავინ არავისი მონა არ არის, ყველას შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება.

ჩემთვის, როგორც ემიგრანტისთვის, ცოტა უხერხულია იმაზე ლაპარაკი, როგორ უნდა მოიქცეს ხალხი საქართველოში – მე ასე თუ ისე, უარი ვთქვი, მონაწილეობის მიღებაზე ამ პროცესებში. მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ვნახო საქართველო ისეთი, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები, თუნდაც პოლონეთი, იტალია, ესპანეთი. ყველაფერს აქვს თავისი პლუსი და მინუსი, მაგრამ ევროკავშირის სიკეთეები ყველაზე მაღლა დგას ჩემთვის. 

როგორც აღმოჩნდა, პროპაგანდას ძალიან დიდი ხანია ეწევა ხელისუფლება. მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომ კრიტიკულ აზროვნებას ნუ დაკარგავენ, მოიძიონ ინფორმაცია, შეისწავლონ  საკითხი, უბრალოდ ნუ ენდობიან ადამიანებს, რომლებიც ეუბნებიან, რომ ეს თეთრია და ეს შავი.

საქართველო დგას გზის გასაყარზე. დიდი იმედი მქონდა, რომ არჩევნებზე ეს გადაწყდებოდა. მე და ჩემი მეუღლე ვროცლავიდან წავედით ვარშავაში, ვიმგზავრეთ 6 საათი, ხმა მივეცით… სამწუხაროდ, ისე არ დასრულდა, როგორც ვფიქრობდით.

  • თქვენ ამბობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი როგორ გარემოში გეყოლებათ. მოკლედ რომ მოგვიყვეთ, რას სთავაზობს ევროპა ბავშვს. ჩვენი მთავრობის წევრები შვილებს ასწავლიან ევროპაში – არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ სკოლის ასაკის ბავშვებსაც კი ევროპაში უშვებენ განათლებისთვის.

სახელმწიფო, 18 წლამდე ბავშვს ყოველთვიურად უხდის გარკვეულ თანხას იმისთვის, რომ მისი ხარჯები დაიფაროს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სკოლაში სწავლობენ. სკოლის დაწყების წინ, ყოველ წელს შეგიძლია შეავსო განაცხადი და ამ შემთხვევაშიც გირიცხავენ გარკვეულ თანხას, რომ შეიძინო წიგნები, რვეულები და ასე შემდეგ.

ჩემი შვილი გადადის მეოთხე კლასში. პირველი სამი წელი გაატარა ნიშნების გარეშე, შეჯიბრებითობის გარეშე, ჯანსაღ გარემოში. ყველაზე მთავარი იყო, როგორც აფასებდა მასწავლებელი ბავშვს, ჯგუფში მუშაობა როგორ შეუძლია და როგორ შეუძლია დაეხმაროს სხვებს გამოსავლის მოძებნაში, ან როგორი მეგობრულია.

ვიცით, საქართველოში, როგორი დაძაბულები არიან ბავშვები გაკვეთილზე, რამდენ დავალებას აძლევენ სახლში, როგორი სტრესი აქვთ ამის გამო და ნამდვილად არ მინდოდა, რომ ეს ჩემს შვილს გამოეცადა. არ ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი გზა განათლების მისაღებად.

პოლონეთს არ აქვს ძალიან განვითარებული და დახვეწილი განათლების სისტემა, ჯერ კიდევ ბევრი ლაფსუსია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხოვრებისეულ უნარებს, რაც სამომავლოდ უნდა გამოადგეს ბავშვს, დიდ ყურადღებას აქცევენ.

ყველაფერი ისეა მიწოდებული, რომ ბავშვმა თავისი ასაკისთვის შესაბამისად მიიღოს ინფორმაცია. ბავშვებს არ აქვთ სოციალური ქსელები. არ ვფიქრობ, რომ მეოთხე კლასელ ბავშვს სოციალური ქსელი შეიძლება ჰქონდეს და ეს იყოს უსაფრთხო.

მე-3 კლასის შემდეგ ირჩევ განსხვავებულ კლასებს – სპორტით უფრო მეტად გინდა დაკავდე, თუ ჩვეულებრივი საგნები გააგრძელო მე-8 კლასამდე.

მე-8 კლასის შემდეგ იმის მიხედვით ემზადები, უნივერსიტეტში გინდა ჩაბარება თუ პროფესიულ სასწავლებელში, ანუ ძალიან დიდი არჩევანია. არავინ გეუბნება, სკოლას რომ დაამთავრებ, ჩააბარე ეგრევე უნივერსიტეტში. არ არის საჭირო ყველასთვის უმაღლესი განათლების მიღება.

მე, მაგალითად, არასდროს ჩავაბარებდი იურიდიულზე, ჩემი შვილის ადგილას რომ ვყოფილიყავი და მქონოდა ამდენი ინფორმაცია. ზუსტად ამის იმედი მაქვს, რომ ნახავს ყველაფერს, შეაფასებს თვითონ და მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ ურჩევნია ცხოვრება და იქნება ბედნიერი.

მე, პირადად, პოლონეთში ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე ჩემი თავის და ჩემი სურვილების გაცნობა – მეტი დრო გამიჩნდა საკუთარი თავისთვის.

  • უვიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე საუბრის დროს მთავრობა უკვე ეუბნება ადამიანებს, რომ „მერე რა მოხდა, ვიზით ვივლით“…

როცა არის რაღაც კარგი, რატომ ურთულებენ ადამიანებს ცხოვრებას? უბრალოდ უნდათ, რომ წაიღონ. არ მესმის, რატომ უნდათ გაურთულონ თავისივე მოქალაქეებს ცხოვრება?

მე წარმომავლობით ჭიათურიდან ვარ და ჭიათურელებს და საჩხერლებს არ უყვართ ერთმანეთი, სულ კინკლაობენ. ჩემთვის ალბათ ორმაგად უფრო არასასიამოვნოა ამ საკითხზე ლაპარაკი, მაგრამ ერთი ადამიანის ინტერესს არ უნდა შეეწიროს ქვეყანა.

საქართველო იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და ყველა ადამიანი იმსახურებს იმას, რომ სამართლიანად მოექცნენ. ასე უსამართლოდ არ უნდა აღუკვეთონ თავისუფლება, პირველ რიგში მზია ამაღლობელს, ანდრო ჭიჭინაძეს და უამრავ, უამრავ კარგ ადამიანს – ახალგაზრდებს, რომლებიც, ჩემი აზრით, ძალიან უსამართლოდ არიან ახლა ციხეში. ეს, პირველ რიგში, ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და შემდეგ თავად ამ ადამიანებისთვის.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 აგვისტოს 21 საათიდან 1-ელი სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი სითბო
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 23– 28გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 2 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი; 3 სექტემბერს კი – უმეტეს რაიონში
ელვა-ჭექა და წვიმა.

 

ბათუმში პარკირების წესის დარღვევის 46 948 შემთხვევა გამოვავლინეთ – მუნიციპალური ინსპექცია

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 2025 წელს, ივლისის ჩათვლით,  ბათუმში პარკირების ზედამხედველობის სამსახურმა 46 948 სამართალდარღვევა გამოავლინა. მათ შორის, ყველაზე მეტი, 32 614 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა დაფიქსირდა.

ასევე დაფიქსირდა 5264 – ტროტუარზე დგომის შემთხვევა, 4288 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა, 3301 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა, 846 – პარკირების წესის სხვა დარღვევა, 476 – ველობილიკზე არასწორი პარკირება, 159 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა.

ევაკუაციით საჯარიმოზე გადაუყვანიათ 3177 ავტომობილი.
ჯარიმების ფასები
ბათუმში დადგენილი მოსაკრებლების მიხედვით ჯარიმების ოდენობა ასე ნაწილდება:
  • პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – ჯარიმა 10 ლარი
  • ტროტუარზე დგომა – 10 ლარი
  • დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა – 10 ლარი
  • ავტობუსის გაჩერებაზე დგომა – 100 ლარი
  • BUS LANE-ზე დგომა – 100 ლარი
  • ველობილიკზე არასწორი პარკირება – 100 ლარი
  • შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა – 200 ლარი
  • შშმ პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება – 200 ლარი

ბათუმის საკრებულომ კი, ქალაქში ავტოსატრანსპორ­ტო სა­შუა­ლების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას ტრანსპორტირების ხარჯი 2023 წლის დეკემბრიდან 100 ლარით განსაზღვრა.

ბათუმში პარკირების ადგილების ნაკლებობა უკვე ნებისმიერ სეზონზე სერიოზული პრობლემაა და ხშირად კონფლიქტის მიზეზიც არის.

მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალდონიანი პარკინგების მოწყობას ითხოვს ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია. ამაზე მათ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებშიც დაწერეს. ოპოზიციის მოსაზრებით მრავალდონიანი პარკინგების მოწყობა თავად მერიამ უნდა უზრუნველყოს და ისინი ყველასთვის მისაწვდომი უნდა იყოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ერთი მხრივ, ბათუმის მერიაც აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.

ამ თემაზე ვრცლად: „მაპოვნინე აბა სხვა ადგილი“ – მძღოლი, რომელმაც მანქანა ზებრაზე გააჩერა

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 082 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +810]
  • ტანკი – 11 151 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 23 212 ერთეული [+2]
  • საარტილერიო სისტემა – 32 199 ერთეული [+27]
  • MLRS – 1 476 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 213 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 55 062 ერთეული [+371]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 664 ერთეული [+38]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 60 305 ერთეული [+83]
  • სპეცტექნიკა – 3 952 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 80 712 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 626 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 897 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 118 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 751 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მაკრონმა გაიმეორა, რომ პუტინი „კაციჭამიაა“, მერცმა კი აღნიშნა, რომ პუტინის რეჟიმს უნდა უთხრან – „არა“

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

 

მაკრონმა გაიმეორა, რომ პუტინი „კაციჭამიაა“, მერცმა კი აღნიშნა, რომ პუტინის რეჟიმს უნდა უთხრან – „არა“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „კაციჭამიაა“.

მანამდე, მაკრონმა პუტინზე ანალოგიური განცხადება აგვისტოს შუა რიცხვებში გააკეთა, რაც მოსკოვში „ვულგარულ შეურაცხყოფას“ შეაფასეს. საპასუხოდ მაკრონმა გუშინ, 29 აგვისტოს ისევ თქვა:

„როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარებთან კაციჭამია დგას, მე მჯერა, რომ ეს ასახავს იმას, რასაც ძალიან ძლიერად გრძნობენ ქართველები, უკრაინელები და მრავალი სხვა ხალხი“.

გუშინ, 29 აგვისტოს, საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის საზაფხულო რეზიდენციაში გერმანიის კანცლერს უმასპინძლა. თავის მხრივ ვლადიმერ პუტინთან კონფლიქტზე ფრიდრიხ მერცმაც ისაუბრა. კანცლერის თქმით, პუტინი ყოველდღიურად ესხმის თავს გერმანიის ინფრასტრუქტურას და ცდილობს გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, მათ შორის სოციალური მედიის საშუალებით.

„პუტინი ჩვენი ქვეყნის დიდ ნაწილში დესტაბილიზაციას ეწევა. ის ყველგან ერევა… ასე რომ, ჩვენ უკვე კონფლიქტში ვართ რუსეთთან“, – დასძინა გერმანიის მთავრობის მეთაური.

„ჩვენ ყველას გვაქვს იმედი, რომ ერთ დღეს რუსებთან კვლავ კარგი მეზობლობა გვექნება. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ამისგან ძალიან, ძალიან შორს ვართ. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ უნდა ვუთხრათ „არა“ პუტინის რეჟიმს და ყველაფერს, რაც მისი ნაწილია – ოლიგარქებს, ამ კლეპტოკრატიას, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა. და ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ამ ავტორიტარული რეჟიმის პირისპირ ჩვენ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვიქნებით“.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე, რათა აიძულონ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია. ისინი უკრაინას „დამატებითი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების“ მიწოდებას დაჰპირდნენ. თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა სახის იქნება ეს შესაძლებლობები.

რატომ შეფერხდა შუახევის გაზიფიცირების პროგრამა

აჭარის მთავრობამ 2025 წლის ორ კვარტალში შუახევის სოფლების გაზიგიცირებისთვის გათვალისწინებული თანხა 600 ათასი ლარი ვერ აითვისა. პროგრამა წელს ხიჭაურის დასახლების გაზიფიცირებას, ასევე  გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე საშუალოწნევიანი გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, რაც სამინისტრომ აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა, პროგრამის შეფერხების მიზეზი ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„გასსადენის კონტური გასდევს საავტომობილო გზის კონტურს. გზის რეკონსტრუქციის პროფილის ჩამოყალიბება ეტაპობრივად მიმდინარეობს და შესაბამისად განხორციელდება გაზსადენის სამონტაჟო სამუშაოები“ – განმარტავს სამინისტრო.

რაც შეეხება ზოგადად ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულებას, 2 კვარტალში ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტი 88,1 პროცენტით შესრულდა. შემოსავლების ნაწილში კი გეგმას გადააჭარბეს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 081 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
  • ტანკი – 11 149 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 23 210 ერთეული [+19]
  • საარტილერიო სისტემა – 32 172 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 476 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 213 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 422 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 54 691 ერთეული [+316]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 626 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 60 222 ერთეული [+106]
  • სპეცტექნიკა – 3 952 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 666 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 80 600 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 625 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 24 878 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 588 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 29 088 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 40 681 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკიმ მიანიშნა, რომ „დრუჟბის“ ბედი დამოკიდებულია უნგრეთის პოზიციაზე

უკრაინამ განაცხადა ახალი რაკეტის, „ფლამინგოს“ წარმატებული გამოცდის შესახებ

 

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version