„ზეციდან ნიშანს არ უნდა ველოდეთ, ეს არის პიკი“, – მიიჩნევს პოლიტიკის ფსიქოლოგი და კემბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით ჯინჭარაძე, რომელსაც სინდისის პატიმრების მიმართ დღეს, 2 სექტემბერს გამოტანილ განაჩენზე ვესაუბრეთ.
რა გათვლა აქვს ივანიშვილს – პოლიტპატირებს როდესაც სასამართლო სინდისის პატიმრებს მოსალოდნელთან შედარებით ნაკლები ვადით უშვებს ციხეში?
„თუ იყო მოლოდინი 8-9 წელი, მიუსაჯეს 2 წელი, რომ შექმნილიყო ილუზია, თითქოს რაღაც ჩვენთვის სასიკეთო მოხდა. სინამდვილეში არაფერი სასიკეთო არ ხდება. ეს სასამართლო პროცესები ასევე დაამთხვიეს წულუკიანის კომისიის სხდომას, რომელიც დასკვნას აცხადებს იმაზე, რომ თურმე საქართველომ დაიწყო 2008 წელს ომი.
მნიშვნელოვანია, არ შევქმნათ სიტუაცია, რომ თითქოს „ოცნება“ რასაც აკეთებს, არავის აღარ უნდა გაუკვირდეს და აღარავის ჰქონდეს რეაქცია. შესაძლოა, ყველაფრის მოლოდინი არსებობს, რადგან არალეგიტიმური მთავრობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავუტაროთ. თუ ასე მოვიქცევით, ამით „ქართულ ოცნებას“ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას, რომ ყველაფერი გააკეთოს. ამიტომაც, არის მნიშვნელოვანი ხალხი გამოვიდეს ქუჩაში,“ – მიიჩნევს დავით ჯინჭარაძე.
- ბატონო დავით, თქვენი აზრით, რაზეა გათვლილი ეს მიდგომა, როცა „ოცნების“ სასამართლო სინდისის პატიმრებს შედარებით ნაკლები ვადით აპატიმრებს?
ამ ხელისუფლებისთვისაც კი რთულია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება – იციან, რომ არ აქვთ ლეგიტიმაცია, საქართველო პატარა ქვეყანაა, ეს გადაწყვეტილება ეხება ამდენ ოჯახს, ამიტომაც უნდათ, რომ რაღაც შუალედური გადაწყვეტილება მიიღონ: თუ იყო მოლოდინი 8-9 წელი, მიუსაჯეს 2 წელი, რომ შექმნილიყო ილუზია, თითქოს რაღაც ჩვენთვის სასიკეთო მოხდა. სინამდვილეში არაფერი სასიკეთო არ ხდება.
ეს სასამართლო პროცესები ასევე დაამთხვიეს წულუკიანის კომისიის სხდომას, რომელიც დასკვნას აცხადებს იმაზე, რომ თურმე საქართველომ დაიწყო 2008 წელს ომი.

დავით ჯინჭარაძე
ივანიშვილს ამ გზით არ ექნება რესურსი, რომ გაიხანგრძლივოს რეჟიმი, თუ ჩვენ ამას არ გავუტარებთ. მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს შესვლას და 93% ვამბობთ, რომ არ დავუჭერთ მხარს „ქართული ოცნების“ კურსს. ამ 93%-ის პოზიციიდან თუ ვილაპარაკებთ, ივანიშვილს არ გამოუვა ეს ყველაფერი. ახლა რა სტრატეგიასაც მიჰყვება ივანიშვილი, შესაძლოა, ბევრი ცუდი რამ მოხდეს ერთ კვირაში და ასე მოიმთავროს, როგორც ეს 29 ნოემბერს მოხდა.
ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ხალხს მალე რეაქცია არაფერზე არ ექნება.
ამიტომაც, თუნდაც ერთი კაცის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. რეაქცია უნდა შენარჩუნდეს და ეს არის ჩვენი მიზანი.
- სინდისის პატიმრების შედარებით ნაკლები ვადით ციხეში გაშვება, თქვენი აზრით, როგორ აისახება წინააღმდეგობაზე?
თუ ეს ამაზეა გათვლილი, არ გამოუვათ. ჩემი აზრით, ამით ისინი ილუზიას უქმნიან მათ ამომრჩეველს, რომ თითქოს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას. არა მგონია, აქ სხვა გათვლა ყოფილიყო.
ამ ქვეყანაში ადამიანების 70-80 % არის ცვლილებების მომხრე, ჯერ შეიძლება ყველამ არ იცოდეს, რანაირი ცვლილება უნდა, მაგრამ 80%-მა იცის, რომ ცვლილება ნამდვილად უნდა.
- რა ეტაპზეა თქვენი დაკვირვებით „ქართული ოცნების“ რეჟიმი, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის გაუქმებაზე საუბრობს და წულუკიანი დასკვნას ამზადებს, სააკაშვილმა დაიწყო ომიო?
არალეგიტიმური პარლამენტი და კომისია არ ნიშნავს იმას, რომ მის მიერ დადებულ დასკვნას არანაირი ძალა დე ფაქტო არა აქვს. როგორც პინოჩეტი იყო დიქტატორი, მაგრამ იღებდა კანონებს.
როცა ქვეყნის პარლამენტის გვერდზე და სახელით ვრცელდება განცხადება, სანამ ეს პარლამენტი მოქმედებს და არ შეცვალა ხალხმა, შესაბამისი ძალაც მას აქვს. მით უმეტეს, რუსეთისთვის ეს საკმარისი იქნება, რომ ახალი პროცესები დაიწყოს. ვერ დავიწყებ სპეკულაციას, შემდეგი რა პროცესები დაიწყება, მაგრამ პირველი ნაბიჯი ნამდვილად ეგ არის, რომ შეგვაჩვიოს იდეას, რომ თითქოს ქართული მხრიდან ვინმემ, ანუ საქართველოს მხარემ დაიწყო ომი.
მნიშვნელოვანია, რომ არ შევქმნათ სიტუაცია: „ოცნება“ რასაც აკეთებს, არავის აღარ უნდა გაუკვირდეს და აღარავის ჰქონდეს რეაქცია. შესაძლოა, ყველაფრის მოლოდინი არსებობს, რადგან არალეგიტიმური მთავრობაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავუტაროთ. თუ ასე მოვიქცევით, ამით „ქართულ ოცნებას“ მივანიჭებთ ლეგიტიმაციას, რომ ყველაფერი გააკეთოს. ამიტომაც, არის მნიშვნელოვანი ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და დაიწყოს პროცესი.
ზეციდან ნიშანს არ უნდა ველოდეთ, ეს არის პიკი.
- თქვენ როგორ ხედავთ წინააღმდეგობის გაძლიერებას? დღეს ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ამბობდა, უფრო ხისტ ფორმებს უნდა მივმართოთო.
მნიშვნელოვანია ნაბიჯ-ნაბიჯ გამწვავება. ნაბიჯ-ნაბიჯ თუ გავამწვავებთ პროტესტს, ნდობაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზრდება. ჩემი აზრით, ადამიანებს არ უნდა მოვთხოვოთ, ერთბაშად რაღაც დაანთონ, გააკეთონ. ამიტომაც, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ. ყველა პროტესტს, რასაც დავგეგმავთ, ეგ ორი კითხვა უნდა დაესვას: ამწვავებ თუ ახერხებ, რომ გადმოიბირო ხალხი?
ჩვენ უნდა დავგეგმოთ აქციები, რომლებიც მწვავდება ნელ-ნელა, არ უნდა ველოდებოდეთ, რომ რომელიმე კონკრეტულ თარიღში უცბად გამოვა ხალხი.
- მაგალითად, როგორც 4 ოქტომბერს დაანონსდა „ოცნების“ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა?
არ ვიცი, რეჟიმი როდის დამთავრდება. მე ის ვიცი, რომ ეს რეჟიმი უნდა დამთავრდეს.
ჩვენს მხარესაა სტატისტიკა. ჩვენს მხარესაა მეცნიერება – შეიძლება ამ რეჟიმის შეცვლა. ასე დაეცა ასადის რეჟიმი, დაეცა პინოჩეტი, მილოშევიჩი, რომელმაც რამდენიმე ქვეყანას გენოციდი მოუწყო.
სამი რაღაც არის ამ პროცესში ჩემი აზრით მნიშვნელოვანი: კომუნიკაცია, მედიაცია და პროტესტი.
კომუნიკაცია ნიშნავს იმას, რომ გაქვს კომუნიკაცია და იმ ტკივილს, რასაც, მაგალითად, ჩვენ განვიცდით და პატიმრების ოჯახის წევრები განიცდიან, ადამიანებს აჩვენებ. ამას აკეთებენ კიდეც პატიმრების მშობლები.
მედიაცია არის ის, რომ პროტესტის მხარეს მყოფმა ხალხმა ერთმანეთი არ უნდა დავჭამოთ იგივე 4 ოქტომბრის გამო, ან რომელიმე პლაკატის გამო. რაღაცნაირად მოვრიგდეთ.
მესამე კი არის პროტესტის გამწვავება. პროტესტი რაც შეიძლება უნდა გამწვავდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ.
_______________
ფოტოზე: 2 სექტემბერი, თბილისი, აქცია სასამართლოსთან. ფოტო: „ნეტგაზეთი“






