მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ არ აქვეყნებს პატიმრების სავარაუდო წამებაზე ევროსაბჭოს ანგარიშს – ინტერვიუ

02.09.2025 •
„ოცნება“ არ აქვეყნებს პატიმრების სავარაუდო წამებაზე ევროსაბჭოს ანგარიშს – ინტერვიუ

„ოცნება“ ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშს მალავს, პოლიტპატიმრების საქმეებისთვის მნიშვნელოვანია დოკუმენტირებული წამების ფაქტები,“ – აცხადებს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე და უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე.

საუბარია დოკუმენტზე, რომელშიც სინდისის პატიმრების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობის შემთხვევებზეა საუბარი. ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის [CPT] წარმომადგენლებმა პოლიტიკური პატიმრები 2025 წლის იანვარში მოინახულეს და შესაბამისი მონაცემებიც შეაგროვეს. კომიტეტმა ანგარიში საქართველოს იუსტიციის სამინტროს 2025 წლის 4 ივლისს გადასცა, მაგრამ დოკუმენტს იუსტიციის სამინისტროს არ აქვეყნებს.

„არაერთი საერთაშორისო ანგარიში, მათ შორის სახალხო დამცველი, საუბრობს იმაზე, რომ არაადამიანური მოპყრობა და წამება განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ჩაიწერა ამ ანგარიშში. იუსტიციის სამინისტროს არაფერი არ უკრძალავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო და ანგარიში მიღებისთანავე გამოექვეყნებინა,“ – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

სინდისის პატიმრების სავარაუდო წამების შესახებ წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა გარკვეული მონაცემები მიაწოდა საქართველოს სახალხო დამცველსაც, თუმცა სახალხო დამცველის აპარატში „ბათუმელებს“ ამ თემაზე დღეს, 2 სექტემბერს არაფერი უთხრეს. იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრის განმარტებით კი, „ივლისიდან 6 თვის ვადა აქვს ქვეყანას, რომ კონფიდენციალურად მომზადებულ ანგარიშზე თავისი კომენტარები მოამზადოს და მხოლოდ ამის შემდგომ თანხმდებიან CPT და საქართველო ანგარიშის გასაჯაროების თარიღზე.

მანამდე ერთპიროვნულად ქვეყანა CPT-ის მიერ მომზადებულ კონფიდენციალურ ანგარიშს ვერ ასაჯაროებს,“ – მოგვწერეს იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრიდან.

„ბათუმელებმა“ უფლებადამცველ გიორგი ბურჯანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ სამართლებრივი მრჩეველია. 

  • ბატონო გიორგი, რა სახის დასკვნას ამზადებს ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი და რას ნიშნავს ის ამბავი, რომ უკვე ორი თვეა დასკვნას იუსტიციის სამინისტრო არ აქვეყნებს?

თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომიტეტი შექმნილია ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კონვენციის საფუძველზე და მისი მიზანია წევრ სახელმწიფოებში ჩავიდეს და ყველა დახურული დაწესებულება დაამონიტორინგოს.

ეს არის ევროსაბჭოს გამორჩეული მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში წინასწარ გაფრთხილების გარეშე ჩამოსვლას და ნებისმიერ დახურულ დაწესებულების მონახულების უფლებას, სადაც პირი თავისი ნების გარეშე იმყოფება. ეს იმიტომ არის კარგი და გამორჩეული, რომ ქვეყანაში შეიძლება ადამიანებს აწამებდნენ, ამ დროს ადამიანის უფლებების დოკუმენტირებაც არ ხდებოდეს, ამ კომიტეტს შეუძლია ჩამოვიდეს, ნახოს, შეამოწმოს და დაადოკუმენტიროს ეს ფაქტები.

ამ მექანიზმს აქტიურად იყენებს ხოლმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში.

საშუალოდ ციკლი ქვეყანაში ჩამოსვლის არის ოთხი წელი, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, საქართველოში ორჯერ იყვნენ გადაუდებელი ვიზიტით, როცა პატიმრების პრობლემების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია, ასევე, როცა ციხის ჯანდაცვა გახდა პრობლემური.

გიორგი ბურჯანაძე

ამჯერადაც, საქართველოში წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ჩამოსული იყო 2024 წლის ნოემბერში რეგულარული ვიზიტის ფარგლებში, მათ 28 ნოემბერს ჰქონდათ ბოლო სამუშაო დღე [ამ დღეს გამოაცხადა „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და დაიწყო უწყვეტი საპროტესტო აქციები], მაგრამ დაბრუნდნენ 21-22 იანვარს დამატებითი ვიზიტით, რადგან დაიწყო მასიური დაკავებები.

ამ ვიზიტის ანგარიში მოამზადა კომიტეტმა და 4 ივლისს გადაუგზავნა იუსტიციის სამინისტროს. საქართველოს შეეძლო მაშინვე გამოექვეყნებინა ეს ანგარიში. კომიტეტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ ავტომატურად გამოაქვეყნონ ეს ანგარიში, მაგრამ საქართველოს ასეთი პროცედურა აღიარებული არ აქვს.

არც აქამდე ხდებოდა ამ დოკუმენტის გამოქვეყნება წინა შემთხვევებში რაღაც ვადით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მასშტაბის წამება და არაადამიანური მოპყრობა საქართველოში ბოლო 20 წელი არ მომხდარა, იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი საერთაშორისო ანგარიში, მათ შორის სახალხო დამცველი, საუბრობს იმაზე, რომ არაადამიანური მოპყრობა და წამება განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ჩაიწერა ამ ანგარიშში.

იუსტიციის სამინისტროს არაფერი არ უკრძალავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო და ანგარიში მიღებისთანავე გამოუქვეყნებინა.

  • იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „ივლისიდან 6 თვის ვადა აქვს ქვეყანას, რომ კონფიდენციალურად მომზადებულ ანგარიშზე თავისი კომენტარები მოამზადოს და მხოლოდ ამის შემდგომ თანხმდებიან CPT და საქართველო ანგარიშის გასაჯაროების თარიღზე“.

პირიქით, კომიტეტი ყოველთვის მოითხოვს ამას, რომ სახელმწიფოებმა ავტომატური გასაჯაროების მექანიზმი მიიღონ. ბევრი მაგალითია ამის, როცა სხვადასხვა ქვეყანაში ეგრევე აქვეყნებენ მსგავს დოკუმენტს. კომიტეტი სახელმწიფოს არ უკრძალავს ამ დოკუმენტის გასაჯაროებას, პირიქით, სახელმწიფოები წახალისებული არიან, რომ ეს გასაჯაროვდეს და პროცესი იყოს გამჭვირვალე.

  • თქვენი მონაცემებით, რამდენად ჰქონდა ადგილი სინდისის პატიმრების წამებას? კონკრეტული პოლიტიკური პატიმრები, იგივე მზია ამაღლობელი საუბრობენ არაადამიანურ მოპყრობაზე, მას ბათუმის პოლიციის უფროსმა სახეში შეაფურთხა… და არცერთი მსგავსი შემთხვევა არ გამოუძიებიათ. 

ჩვენ პირდაპირ ეთერშიც ვნახეთ, მოვუსმინეთ პროცესებზე და ვიცით არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ, როგორ გამოიყენეს წამება იმისთვის, რათა მათთვის დანაშაულის აღიარება მოეთხოვათ. ამიტომაც, გვაქვს საჯარო ინტერესი, რომ ეს საკითხები მაქსიმალურად გაშუქდეს.

ჩვენს შემთხვევაში საპოლიციო ძალების მიერ გამოყენებულ წამების გარდა გვქონდა ქუჩაში დახვედრები სხვადასხვა ფორმირების მიერ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა.

  • წამების საწინააღმდეგო კომიტეტს არ აქვს უფლება, რომ თავად გაასაჯაროოს ეს დოკუმენტი?

კომიტეტი ამას თვითონ ვერ გაასაჯაროებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სახელმწიფო არ ითანამშრომლებს მასთან.

  • წინა შემთხვევაში, როცა იგივე კომიტეტს ჰქონდა დასკვნა საქართველოს შესახებ, რამდენად შეასრულა „ოცნების“ მთავრობამ რეკომენდაციები? 

როცა, მაგალითად, იყო ციხის „მაყურებლების“ საკითხი, სხვადასხვა არაფორმალური მმართველობის შემთხვევები და კომიტეტს ჰქონდა დასკვნა, პროგრესი იყო ძალიან მცირე.

ბოლო რვა წლის განმავლობაში, რასაც მე უშუალოდ ვაკვირდებოდი და რაც წერია კიდეც ანგარიშებში, შესრულების ხარისხი იყო ყოველთვის ძალიან დაბალი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: