მთავარი,სიახლეები

განთიადის სკოლის სამუშაოები ვერ დასრულდა – შპს „ძმებს“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს

01.07.2025 •
განთიადის სკოლის სამუშაოები ვერ დასრულდა – შპს „ძმებს“ ხელშეკრულება შეუწყვიტეს

ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ძმებმა“ კვლავ ვერ დაასრულა, ხელშეკრულების ვადების არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად.

2025 წლის 30 ივნისს განათლების სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე ატვირთა დოკუმენტი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუმცა, ამ დროისთვის [30 ივნისის მდგომარეობით] პორტალზე შესყიდვას არ აქვს მინიჭებული სტატუსი – „შეწყვეტილი ხელშეკრულება“.

ტენდერისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების პარალელურად, წესით,  სამინისტრომ უნდა მიმართოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რათა კომპანია „შავ სიაში“ შეიტანონ, რის შემდეგაც მას გარკვეული ვადით სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აეკრძალება.

ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტრომ 2021 წელს შეისყიდა. სკოლაში სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2022 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა დღემდე არ დაუსრულებია.

ამ თემაზე „ბათუმელებმა“ სტატია 14 ივნისს გამოაქვეყნა, ბოლო ცვლილების მიხედვით, რაც ხელშეკრულებაში შეიტანეს, კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად და სამუშაოების საბოლოოდ ჩაბარებისთვის ვადა 20 ივნისამდე ჰქონდა.

ამ თემაზე: 97 934 ლარი დაიხარჯება სპორტდარბაზზე, რომელიც 4 წელია ვერ აშენდა – „ხდება ხოლმე, თუ პატრონი გყავს“ 

2025 წლის 20 ივნისს აჭარის განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფმა ობიექტი შეამოწმა და აჭარის განათლების მინისტრის პირველ მოადგილეს, ჯემალ სურმანიძეს აცნობა:

„2025 წლის 20 ივნისს ინსპექტირების ჯგუფის წევრები განმეორებით ვიმყოფებოდით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის მიმდინარეობის მოსანახულებლად… აღმოჩნდა, რომ სამინისტროს მიერ შპს „ძმებთან“ 2025 წლის 21 მაისს გაგზავნილ წერილში აღწერილი ხარვეზების მცირე ნაწილზე დაწყებულია გამოსასწორებელი სამუშაოები, მაგრამ ხარვეზების ძირითადი ნაწილი აღმოუფხვრელია.

კერძოდ: ღია სპორტული მოედნის ლითონის კონსტრუქციები კოროზირებულია, სპორტდარბაზის ფასადიდან და სახურავიდან ჟონავს წყალი, გადასაღებია სპორტდარბაზის შიდა კედლების და ჭერების ნაწილი, სპორტდარბაზის იატაკი ნაწილობრივ დაზიანებულია შემოსული წყლისგან, სპორტდარბაზის ნაწილში გათბობა არ მუშაობს, გაუმართავია კანალიზაციის სისტემა, საქვაბის საკვამლე მილი არ შეესაბამება სტანდარტებს.

ამასთანავე, 2025 წლის 20 ივნისს გადის ხელშეკრულების მოქმედების ვადა და საჭიროა მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება“.

ამას დაემატა კონტროლის ჯგუფის მოხსენებითი ბარათი, სადაც აჭარის განათლების მინისტრს, მაია ხაჯიშვილს სწერენ:

„მიმწოდებელს 2023 წლის 9 თებერვალს მიეცა პირველი წერილობითი გაფრთხილება ვადაგადაცილებაზე. მეორე გაფრთხილება მიეცა 2025 წლის 28 ივლისს, ხოლო 2025 წლის 21 მაისს ასევე წერილობით ეცნობა არსებული ხარვეზების გამოსწორების და სამუშაოების დროულად დასრულების შესახებ. 2025 წლის 20 ივნისის მდგომარეობით ხარვეზები არაა გამოსწორებული სრულად, რაც დასტურდება ინსპექტირების ჯგუფის 2025 წლის 20 ივნისის მოხსენებითი ბარათით. შესაბამისად, მიზანშეწონილია შეწყდეს ხელშეკრულების მოქმედება, სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო“.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეს კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს ვერ ასრულებს.

ამავე კომპანიამ, შპს „ძმებმა“, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაიწყო და ვერ დაასრულა სააგენტოს ბათუმის ოფისის მშენებლობის სამუშაოებიც. ჯამში კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა.

იმავე სამუშაოებისთვის სააგენტოს ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწია თითქმის იმავე თანხით – 1 მილიონ 125 ათას 875 ლარით. დოკუმენტაციით, რაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ირკვევა, რომ სააგენტომ საბიუჯეტო სახსრები სათანადოდ ვერ დაიცვა, როცა ამის მექანიზმი ხელშეკრულებაშივე ჰქონდა ჩადებული.

ამავე თემაზე: კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა – მშენებლობა ადლიაში

შპს „ძმები“ 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას მარად ჯიმშერაძე ფლობს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის წილები დაყადაღებულია შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. როგორც ჩანს, კომპანიას საგადასახადო დავალიანებაც აქვს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: