„პოლონეთში ჩამოვედი 2014 წლის სექტემბერში, მინდოდა აქ მესწავლა. პოლონეთი არ იყო იმ მომენტში ძვირი ქვეყანა სწავლისთვის. გეგმაში მქონდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ვერ დავბრუნდი“, – ასე იწყებს ამბის თხრობას გიორგი თავაძე, ემიგრანტი, რომელიც წლებია პოლონეთში ცხოვრობს და ახლა უკვე საინვესტიციო ბანკის თანამშრომელია.
„ბათუმელები“ სავიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე ესაუბრა გიორგი თავაძეს, რომელმაც სცადა „ოცნების“ ამომრჩეველს აუხსნას, რატომ არის ტყუილი, რომ ევროპაში კაცებს ათხოვებენ, ან ვინმე ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს.
- გიორგი, 2014 წელს არ იყო უვიზო მიმოსვლა, ალბათ სასწავლო ვიზით წახვედით, როგორი იყო ვიზის აღების პროცესი?
პოლონეთის საელჩოში საბუთები ჩავაბარე, საკმაოდ რთული პროცედურა იყო. ახლაც ეგრეა, თუ [სასწავლო ან სამუშაო] ვიზის აღებაა საჭირო, ბევრი საბუთის მიტანა გჭირდება. ზოგჯერ განმეორებით გთხოვენ საბუთებს.
უვიზო მიმოსვლა იმიტომაც არის კარგი, რომ შეგიძლია ჩამოხვიდე პოლონეთში, როგორც მინიმუმ გაესაუბრო უნივერსიტეტს, მერე საქართველოში გაიარო ლეგალიზაციის პროცედურა და აიღო ვიზა სწავლისთვის.
პოლონეთი ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა – უამრავი კორპორაციაა, საკმაოდ გამართული კანონმდებლობა აქვს და საკმაოდ ადვილი იყო აქამდე ქართველების დასაქმება სამსახურში. ახლა პოლონეთში დაინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილება, აპირებენ საქართველო ამოიღონ იმ 5 ქვეყნის სიიდან (სომხეთის, ბელარუსის, მოლდოვა, უკრაინის), ვისაც გამარტივებული წესით შეეძლო დასაქმება პოლონეთში.
ეს პრობლემას არ შექმნის იმ ემიგრანტებისთვის, ვინც პოლონეთში ისწავლა, მაგრამ სეზონურ სამუშაოზე ჩამოსულთათვის ბარიერად იქცევა. ბარიერი იქნება იმ ხალხისთვის, ვისაც გრძელვადიანი მუშაობის უფლების მიღება სურს.
- რა მოგცათ პირადად თქვენ პოლონეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ?
პირველ რიგში, პიროვნულად გამზარდა. აქ ჩამოსვლის პირველივე დღეს მომიწია სწავლა, რომ ყველა ადამიანს გააჩნია თავისი საზღვრები. აქ ძალიან დაფასებულია პირადი სივრცე, რაც, ჩემი აზრით, საქართველოში არ არსებობს.
ფინანსური პასუხისმგებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც აქ სწავლობ. ვფიქრობ, ქართველების უმეტესობა ამას მაშინ სწავლობს, როცა საზღვარგარეთ მიდის.
აქ დაცულია ადამიანის შრომითი უფლებები. მაგალითად, კანონით აკრძალულია ადამიანი აიყვანოს სტაჟირებაზე თვეობით უხელფასოდ. აქ არსებობს მინიმალური ხელფასის ცნება, მასზე დაბალ ანაზღაურებას დამსაქმებელი ვერ მოგცემს. მაღალი ხელფასის მისაღებად საჭიროა პროფესიონალიზმი – აქ არ გარჩევენ ეროვნების, აღმსარებლობის ან პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.
არის ძალიან კარგი დაზღვევის პაკეტები – გადაუდებელი სამედიცინო დახმარება თუ გჭირდება, არ გიწევს ფიქრი, სად იშოვო ფული.
დასაქმების ბაზარი მზარდია და მრავალფეროვანი. ვარშავაში და სხვა დიდ ქალაქებში უამრავი საერთაშორისო კომპანია, კორპორაციაა, სადაც დასაქმება შეგიძლია. დაწყებული Google-ით, დამთავრებული Netflix-ით, ყველა კომპანიას აქვს თავისი ოფისი პოლონეთში. ამასთან, კარიერული ზრდის მაღალი შანსიც გაქვს. კარგი კადრი თუ ხარ, კორპორაციები ნადირობენ კარგ კადრებზე.
ეს ჩემთვის კარგი მაგალითია, თუ რატომაა ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი. ჩემს სამუშაო სფეროზე რომ ვისაუბრო, ვმუშაობ საინვესტიციო ბანკში.
საქართველოში საბანკო მონოპოლია რომ არ იყოს და მსგავსი საინვესტიციო ბანკები არსებობდეს, საქართველოს ეკონომიკა იქნებოდა უკეთესი. სესხებზე გვექნებოდა უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთი.
აქ მუშაობა გიჩენს განცდას, რომ ღირსეულად შრომობ და ამ შრომისთვის ღირსეულ ანაზღაურებას იღებ. შეგიძლია გაიზარდო პროფესიულად, პიროვნულად, ამავდროულად მიიღო და დააგროვო დოვლათი.
ეს ქვეყანა ამ შესაძლებლობას არამხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს აძლევს, არამედ აქ ჩამოსულ ემიგრანტებსაც, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.
ვარშავაში როცა წამოვედი სასწავლებლად, სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნება მინდოდა. მქონდა კიდეც მცდელობა – საგარეო საქმეთა სამინისტროში გავიარე გასაუბრება, მაგრამ არ ამიყვანეს. საკმაოდ ოპოზიციურად განწყობილი პიროვნება ვარ. გული დამწყდა, მაგრამ მერე როდესაც აქ დავიწყე მუშაობა, მივხვდი, რომ აქ დარჩენა იყო უფრო სწორი გადაწყვეტილება.
ამ ქვეყანამ მომცა ყველაფერი, აქ შევხვდი ჩემს მეორე ნახევარს, თუკი რაიმე პოზიტიური ამბავი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მოხდა პოლონეთში.
2004 წელს გახდა პოლონეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა და სიკეთის გარდა მეტი არაფერი მოუტანია ამას ქვეყნისთვის. პირველ რიგში, გაიხსნა საზღვრები, შემოვიდნენ კომპანიები, დაბრუნდნენ ემიგრაციაში წასული პოლონელები.
საქართველომ მართლა შეიძლება ბევრი რამ ისწავლოს ამ ქვეყნისგან. ახლა სწორედ ამას უნდა აკეთებდეს. ამ ქვეყანაში არის საქართველოს ძალიან ბევრი ქომაგი. სამწუხაროდ, ჩვენკენ სამეგობროდ გამოწვდილ ხელს, ჩვენ ხელს არ ვუწვდით.
- „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს აშინებს და აჯერებს, რომ ევროპა რყვნის, რომ იქ „კაცები თხოვდებიან“. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ამის სჯერა.
პროპაგანდასთან ბრძოლის რამდენიმე ხერხი არსებობს. ერთ-ერთი – რასაც გეუბნებიან, ის ყველაფერი გადაამოწმო. თუ შესაძლებლობა აქვს ადამიანს, წავიდეს ევროპაში და ნახოს როგორ ცხოვრობს ხალხი. ან მოუსმინოს იმ ხალხს, ვინც უკვე ცხოვრობს იქ.
მაგალითად, მე ვცხოვრობ პოლონეთში, მე არ გავთხოვილვარ, მე ცოლი მოვიყვანე.
მეორე, ვნახოთ როგორ შეიცვალა ცხოვრება იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლახან გახდნენ ევროკავშირის წევრები. მაგალითად, ავიღოთ ხორვატია. მას შემდეგ, რაც ევროკავშირში გაწევრიანდა, მისი ერთ-ერთი ქალაქი – დუბროვნიკი გახდა ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველი. მხოლოდ ერთ ქალაქში, დუბროვნიკში წელიწადში იმაზე მეტი ტურისტი ჩადის, ვიდრე მთელ საქართველოში.
ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების შემოსავალი იზრდება. ადამიანი ცხოვრობს უფრო ღირსეულად.
მაქვს კითხვა, რა ჯობია, იჯდე, უსმინო მდინარაძის ან კობახიძის რაღაცა სისულელეებს თუ, მაგალითად, გქონდეს ღირსეული შემოსავალი, იჯდე საკუთარ გერმანულ ავტომობილში ან თქვენი სახსრებით შეძენილ საკუთარ სახლში?
აქ როდესაც ყიდულობ სურსათს ნებისმიერ მაღაზიაში, 100%-ით ხარ დარწმუნებული, რომ გავლილია ყველა პროცედურა და არ მოგწამლავს.
თუ მოგზაურობის სახსრები არ აქვს ადამიანს, შეუძლია ყველაფერი გადაამოწმოს გუგლით ან ხელოვნური ინტელექტის საშუალებით.
ოჯახსა და ტრადიციებზე ლაპარაკობენ. პოლონეთი საკმაოდ ტრადიციული ქვეყანაა. პოლონელებისთვის ოჯახი და ოჯახის წევრები ძალიან ბევრს ნიშნავს. აქვთ ტრადიციული დღესასწაულები, აღდგომა, შობა. ოჯახები იკრიბებიან და ერთად აღნიშნავენ ყველა დღესასწაულს. პოლონეთი ოჯახსა და ოჯახურ ტრადიციებზე ორიენტირებული ქვეყანაა. 97% არის მორწმუნე კათოლიკე.
- პროპაგანდის კიდევ ერთი ხაზია მშვიდობა. ახლაც, ადგილობრივი არჩევნების წინ, „ქართული ოცნება“ ცდილობს ომზე პროპაგანდით დააშინოს საკუთარი მოსახლეობა.
რომელ ჭკუათმყოფელ ადამიანს შეიძლება ომი უნდოდეს? ვინმეს უნდა ახლა ომში წავიდეს და სანგარში იყოს? მე მგონი, არავის არ უნდა. მეორე, ვხედავთ თუ არა ევროკავშირის ჩართულობას უკრაინა-რუსეთის ომში? არა, ვხედავთ, რომ ისინი არ არიან, პირიქით, ისინი ეხმარებიან.
რატომ არის ტყუილი ომზე პროპაგანდა. მაგალითად, ცხოვრობ საქართველოში და გინდა გაიგო გეუბნება თუ არა სიმართლეს კობახიძე.
წარმოიდგინე, გაქვს ბევრი ფული, ან კარგი სამსახური. ამ ყველაფერს დათმობ და სანაცვლოდ იომებ? არა.
დემოკრატიული ქვეყნები არ ომობენ ერთმანეთში. როდესაც ქვეყნის ეკონომიკა მაღალია და ვითარდება, იმ ქვეყანას არ უნდა ომი. ომი არის ინვესტიციის გადინება – არავინ არ ჩადებს ფულს არც ერთ ბიზნესში, სადაც ტყვია-წამალი დაფრინავს.
ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი რესურსი ადამიანია, ადამიანის როგორც სიკვდილი, აგრეთვე მისი ემიგრაცია არის პრობლემა.
ბოლოს როდის იომა ევროკავშირმა ან ევროპის მდგრადმა ქვეყანამ? როდის იომა ბოლოს იგივე დიდმა ბრიტანეთმა?
დემოკრატიული ქვეყნები კარგი შემოსავლით, კარგი ეკონომიკით, გამართული სოციალური პოლიტიკით, ფისკალური პოლიტიკით, საგარეო პოლიტიკით, არ მიდიან საომრად. ეს არის ერთგვარი აქსიომა, რომელსაც დამტკიცება არც სჭირდება.
- როგორ უნდა დაარწმუნო ევროკავშირის სიკეთეში „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, რომელსაც პროპაგანდა აჯერებს, რომ „ევროპას ომი უნდა“ ან „ევროპა რყვნის“?
მარტივი მაგალითებით. მაგალითად, მე თუ დღეს უძრავი ქონების შეძენა მომინდება, შემიძლია მივიდე ბანკში, ავიღო დაბალპროცენტიანი კრედიტი. აქ სესხის აღება შემიძლია 3 %-ში. საქართველოში მგონი 12 %-ია ხომ?
შვეიცარიაში იპოთეკური სესხის პროცენტი არის 1%-ზე ოდნავ მაღალი, ყველაზე ცუდ ვარიანტში, გააჩნია ადამიანის კრედიტუნარიანობა როგორია. შვეიცარია არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია იმუშაოს შვეიცარიაში ლეგალურად.
აი, ახლა, მე შემიძლია ჩავალაგო ჩემოდანი და გავფრინდე ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის კუნძულზე დასასვენებლად. მაგალითად, მადეირაზე.
აქ შეგიძლია დააგროვო დოვლათი და გახდე წარმატებული. აქაური ხელფასით შეგიძლია ღირსეულად იცხოვრო.
ვუსურვებ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც და ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს, რომ დაინახონ ის სიკეთე, რაც ევროკავშირის წევრობას აქვს ქვეყნისთვის. შესაძლებელია საქართველოსგან მშვენიერი ქვეყანა გამოვიდეს – გამართული, როგორც პოლიტიკური სისტემით, ისე საგარეო თუ სოციალური თვალსაზრისით.
ჩვენ შეგვიძლია ან ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ან რეალურად ხელი შევუწყოთ და ის გახდეს რუსეთის ერთ-ერთი ოლქი.






