პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ დღეისათვის „ოცნებას“ მისი დაპატიმრების რესურსი არ აქვს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს, პირველ სექტემბერს განაცხადა ტვ „პირველთან“ პირდაპირ ჩართვაში გერმანიიდან.
„მე არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ დღეს აქვს რესურსი, რომ დამიჭიროს.
მიუხედავად იმისა, რომ იქ არის ერთი საქმე აღძრული, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა საქმეებზე გამოძიების პროცესი გააქტიურებულია, მე არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ აქვს დღეს რესურსი, გიორგი გახარია დააპატიმროს.
მაგრამ „ოცნებას“ იმის რესურსი, რომ დღეს შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა, მაშინ როდესაც საქართველოში ვიქნები, აქვს.
ვგულისხმობ იმას, რომ მატარონ სხვადასხვა საქმეების დაკითხვებზე, შექმნან ამისგან რაღაც პიარული თემები, შემიზღუდონ ქვეყნის დატოვება, შემიზღუდონ მობილობა და ა.შ.
ფაქტია, დღეს „ოცნებას“ აქვს საჭიროზე მეტი რესურსი, იმისთვის, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაში ბევრად უფრო ეფექტური იყოს, მაშინ როცა მე ვიქნები თბილისში“ – თქვა გიორგი გახარიამ.
მან აქვე დასძინა, რომ ეს მისი სუბიექტური აზრია:
„მე არ ვამბობ ამას ასპროცენტიანი სიზუსტით, მათი პროგნოზი შეუძლებელია, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ჩემი დაპატიმრება არ არის მარტივი საქმე“ – თქვა მან.
გიორგი გახარია გერმანიაში იმყოფება. მან დღეს ტვ „პირველთან“ განაცხადა, რომ მას გერმანიაში ექნება ხანგრძლივად დარჩენის და მუშაობის უფლება. „უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ“ – თქვა მან.






