მთავარი,სიახლეები

697 934 ლარი დაიხარჯება სპორტდარბაზზე, რომელიც 4 წელია ვერ აშენდა – „ხდება ხოლმე, თუ პატრონი გყავს“ 

14.06.2025 •
697 934 ლარი დაიხარჯება სპორტდარბაზზე, რომელიც 4 წელია ვერ აშენდა – „ხდება ხოლმე, თუ პატრონი გყავს“ 

ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტრომ 2021 წელს შეისყიდა. სკოლაში სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2022 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა დღემდე არ დაუსრულებია.

კომპანიას სამუშაოების ვადა იმდენჯერ გაუგრძელეს, რამდენჯერაც მისმა დირექტორმა მოინდომა. როგორც ამ საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ჩანს, აჭარის განათლების სამინისტროს მოთმინება ამოუწურავია, ბიუჯეტის ხარჯვა კი, როგორც სახელმწიფო აუდიტი ხშირად წერს – არაეფექტური.

როგორც ინფორმირებული მოქმედი საჯარო მოხელე გვიყვება: „ასე ხდება, როცა პატრონი ძალოვნებში გყავს“.

დოკუმენტები ცხადყოფს, რომ ამდენს ყველას არ პატიობენ. დახარჯულია ნახევარ მილიონზე მეტი ლარი და რა არის შედეგი? – 2025 წლის მაისში შესყიდვების პორტალზე ატვირთულ დოკუმენტში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ვკითხულობთ:

„2025 წლის 20 მაისს განხორციელდა მონიტორინგი, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ გარკვეული სამუშაოები დასასრულებელია. ასევე, სამუშაოების ნაწილი ხარვეზებით არის შესრულებული, კერძოდ: ღია სპორტული მოედნის ლითონის კონსტრუქციები კოროზირებულია, სპორტდარბაზის ფასადიდან და სახურავიდან ჟონავს წყალი, გადასაღებია სპორტდარბაზის შიდა კედლების და ჭერის ნაწილი, სპორტდარბაზის იატაკი ნაწილობრივ დაზიანებულია შემოსული წყლისგან, სპორტდარბაზის ნაწილში გათბობა არ მუშაობს, გაუმართავია კანალიზაციის სისტემა, საქვაბის საკვამლე მილი არ შეესაბამება სტანდარტებს“. 

2025 წლის 21 მაისს, სამუშაოების დაწყებიდან მეოთხე წელს მინისტრის მოადგილე, ჯემალ სურმანიძე კომპანიის დირექტორს ხარვეზის გამოსწორებას სთხოვს და აფრთხილებს:

„აქვე გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება 2025 წლის 31 მაისს. შესაბამისად, გთხოვთ, ხუთი დღის ვადაში გამოასწოროთ არსებული ხარვეზები, დაასრულოთ ყველა სამუშაო და წარმოადგინოთ საბოლოო ფორმა-2. ზემოაღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან ცალმხრივად შეწყდება ხელშეკრულების მოქმედება და გატარებული იქნება ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“.

საინტერესოა და გასაკვირიც, რატომ ჩათვალეს სამინისტროში, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზების გამოსასწორებლად 5 დღე საკმარისი იქნებოდა კომპანიისთვის, რომელმაც ერთ წელში დასასრულებელი საქმე 4 წელში ვერ დაასრულა? – თავისთავად ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ შპს „ძმები“ ამ დავალებას თავს ვერ გაართმევდა, ამიტომაც ვადის გაგრძელებაზე თანხმობა კომპანიამ ამ წერილის შემდეგაც მიიღო.

სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაციის და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ 2021 წლის 3 აგვისტოს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 697 934 ლარი მიუთითეს. სამუშაოები 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

ტექნიკური დავალების მიხედვით, სამუშაოები სს „აჭარკამპშენის“ საპროექტო დოკუმენტების შესაბამისად და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით უნდა წარმართულიყო. ტენდერი შპს „ძმებმა“ მოიგო. კომპანიამ სამუშაოების შესრულება სამინისტროს 628 241 ლარად შესთავაზა.

ესკიზი

ხელშეკრულება სამუშაოების შესრულებაზე 2021 წლის 2 ოქტომბერს გააფორმეს. დოკუმენტების მიხედვით, პროექტი უნდა დაფინანსებულიყო 2021-2022 წლების ბიუჯეტებიდან. შესაბამისი გამოცდილების დასადასტურებლად შპს „ძმებმა“ სამინისტროს შპს „ნიკასთან“ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღება-ჩაბარების აქტები წარუდგინა.

2021 წლის 17 დეკემბერს ამ შესყიდვასთან დაკავშირებით ელექტრონულ პორტალზე პირველი მიღება- ჩაბარების აქტი ატვირთეს. დოკუმენტის მიხედვით, ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირები ნოდარ დევაძე, ზურაბ ტაკიძე და დიმიტრი მამეიშვილი [შემსყიდველი მხარე] და მეორე მხრივ შპს „ძმების“ დირექტორი მარად ჯიმშერაძე [მიმწოდებელი] შეთანხმდნენ, რომ 2021 წლის 22 ოქტომბრის [N 151] მიმწოდებელმა ჩააბარა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო 38 334 ლარის ღირებულების სამუშაოები.

მიღება-ჩაბარების აქტში ვკითხულობთ, რომ ტექნიკურმა ზედამხედველმა, აკრედიტებული ინსპექტირების ორგანომ შპს „ზაისი და კომპანიამ“ გადაამოწმა სამუშაოების ჩამონათვალი, რაოდენობა, მოცულობა და ღირებულება. ატვირთულია შესაბამისი დასკვნაც. 

მიღება-ჩაბარების დოკუმენტი შესაბამისი ექსპერტიზით, რომელიც მოცულობებსა და რაოდენობების ღირებულებას მოიცავს, 2022 წლის 2 მარტს ატვირთეს. ამით დადასტურდა 77 295 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება. კიდევ ერთი მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 18 აპრილს… პერიოდულად რამდენიმე მიღება-ჩაბარების აქტი და ექსპერტიზის შესახებ დოკუმენტი ატვირთეს.

დოკუმენტების მიხედვით, 2022 წლის 23 დეკემბერს ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიტანეს და სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 31 მარტამდე გააგრძელეს. დოკუმენტებში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ჩანაწერი, რომ მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება 2021, 2022 და 2023 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2022 წლის 22 მარტს,  ხელშეკრულებაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე გადაწიეს, შემდეგ – 30 სექტემბრამდე, მოგვიანებით – 30 ნოემბრამდე და ასე გავიდა 2023 წელი.

მერვე ცვლილების მიხედვით, ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 31 მარტის ჩათვლით გადაავადეს. დოკუმენტებში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ჩანაწერი, რომ მიმწოდებელთან ანგარიშსწორება 2021, 2022, 2023 და 2024 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ხორციელდება.

 მეათე ცვლილებით ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2024 წლის 30 ივნისი განსაზღვრეს. მეთერთმეტე ცვლილებით 31 აგვისტოს ჩათვლით გააგრძელეს, შემდეგ 30 ნოემბრამდე და ასე დასრულდა 2024 წელიც.

თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა.

ამის შემდეგ დოკუმენტებში კიდევ გაჩნდა ახალი ჩანაწერი, რომ ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში 2021, 2022, 2023, 2024 და 2025 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში“. ასეთ რამეს ქართული შესყიდვების ისტორიაშიც იშვიათად იპოვით, თუმცა როგორც ამბობენ, „ხდება ხოლმე, თუ პატრონი გყავს.“

კომპანიას ვადა 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით მისცეს. რიგით მე-15 ცვლილებით „ძმებს“ სამუშაოები 2025 წლის 31 მაისს უნდა დაესრულებინა, მეთექვსმეტე ცვლილებით ბოლო ვადა 2025 წლის 20 ივნისია.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეს კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებს ვერ ასრულებს.

ამავე კომპანიამ, შპს „ძმებმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დაიწყო და ვერ დაასრულა სააგენტოს ბათუმის ოფისის მშენებლობის სამუშაოებიც, თუმცა იმუშავა ისე, როგორც თავად სურდა, ვიდრე სააგენტომ წერილები არ მიიღო სხვადასხვა ორგანიზაციისგან კითხვებით და ეჭვებით კორუფციაზე.

ჯამში კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა. იმავე სამუშაოებისთვის სააგენტოს ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწია თითქმის იგივე თანხით – 1 მილიონ 125 ათას 875 ლარით. დოკუმენტაციით, რაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ირკვევა, რომ სააგენტომ საბიუჯეტო სახსრები სათანადოდ ვერ დაიცვა, როცა ამის მექანიზმი ხელშეკრულებაშივე ჰქონდა ჩადებული.

ამ თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:

კომპანიას 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა – მშენებლობა ადლიაში

შპს „ძმები“ 2019 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მას მარად ჯიმშერაძე ფლობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: