რატომ ბინძურდება არდაგანის ტბა

არდაგანის ტბა მექანიკურად [სპეციალური ტექნიკით] „ბათუმის წყალმა“ რამდენიმე დღის წინ გაწმინდა, თუმცა, დღეს ტბას, ისევ ტექნიკის გამოყენებით წმენდდნენ. „ბათუმის წყალში“ ამბობენ, რომ ტბის ზედაპირული გაწმენდა მიმდინარეობს ყოველდღე, მექანიკური გაწმენდა კი ხდება ტბაზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიხედვით. ტბა განსაკუთრებით „მაგნოლიას“ მხარეს ბინძურდება.

„დღეს, სპეცტექნიკით მოხდა ზედაპირზე არსებული დაბინძურებული მასის ამოტუმბვა“, – გვითხრეს „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში. რა იწვევს ტბის ხშირ დაბინძურებას? – ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არც ქალაქის მერიას აქვს და არც მერიის შპს „ბათუმის წყალს“.

ხომ არ იწვევს ტბის დაბინძურებას მასში სანიაღვრე არხიდან მოხვედრილი წყალი? – ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში ჯაბა ტუღუში ამბობს, რომ სანიაღვრე არხიდან ტბაში მოხვედრილი წყალი ტბას ასე არ უნდა აბინძურებდეს.

„ჯავახიშვილის სანიაღვრე არხიდან [რომელსაც გიორგი ბრწყინვალის არხი უერთდება ჭაობში] ტბის დაბინძურება გამორიცხულია. ამ არხებზე თვითნებური დაერთებები რაც იყო საკანალიზაციო ქსელის, ყველა ჩაიჭრა 2017 წელს. ასე, რომ ფეკალიების მოხვედრაც კი ტბაში, უკვე გამორიცხულია. ტბასთან მშენებარე სატუმბი სადგურის გამო ნინოშვილის არხიდანაც აღარ მოდის წყალი ტბამდე – დელფინარიუმის მიმდებარედ ჩადის ზღვაში დროებით. ჩემი აზრით, ტბას სჭირდება გამოკვლევა სპეციალისტების ჩართულობით, რათა დადგინდეს დაბინძურების რეალური მიზეზი. ტბის ფსკერის პრობლემა უნდა იყოს  და ალბათ საჭირო იქნება მისი მოწყობა სპეციალური ბალასტით“, – ამბობს ჯაბა ტუღუში.

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, მათ ასეთი კვლევის შედეგი არ აქვთ და არც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი ტბის შესწავლა ამ კუთხით.

„კვლევა, თუ რა აბინძურებს ტბას, არ ჩატარებულა, მაგრამ ხდებოდა და ხდება გარკვეული პერიოდულობით ტბის წყლის ხარისხის შემოწმება. ამ მონაცემებს ვამუშავებთ და ვგეგმავთ, უახლოეს მომავალში გავასაჯარაოთ. შემოწმებებით გვაქვს მაჩვენებელი, რომელიც არ არის სახარბიელო, მაგრამ არის მაჩვენებელი, რომელიც კარგია, მაგალითად, ჟანგბადის შემცველობა“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

ბათუმში, არდაგანის ტბასა და საცხოვრებელ კორპუს „მაგნოლიას“ შორის არსებულ ტერიტორიაზე სატუმბი სადგური შენდება, რომელიც 2020 წლის აპრილში უნდა დასრულდეს. 2020 წლის პირველ კვარტალში უნდა დასრულდეს ჯავახიშვილის არხის მშენებლობაც.

ნინოშვილის ქუჩიდან გამომავალი სანიაღვრე არხი და ასევე არხი ჯავახიშვილის ქუჩიდან, რომელსაც თავის მხრივ, „ჭაობის“ დასახლებაში უერთდება კიდევ ერთი ცენტრალური სანიაღვრე არხი [რომელიც გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან გამოდის], უშუალოდ ტბას არ უერთდება, ზღვაში ჩადის. მაგრამ არხს აქვს ე.წ. ფანჯარა [ფარდები], რომლიდანაც დიდი წვიმის დროს სანიაღვრე არხიდან წყალი ტბაში გადადის [ეს ფარდები იხსნება და იკეტება]. ტბას სხვა, მცირე სანიაღვრე არხებიც უერთდება.
ბათუმის წყლის ტექნიკური სამსახურის ინფორმაციით, დღეს ეს ფარდები გახსნილია.
არდაგანის ტბა / 22.04.2019 / გურამ მურვანიძის ფოტო
არდაგანის ტბა / 22.04.2019 / გურამ მურვანიძის ფოტო

ხელისუფლებამდე რა ინფორმაციის მიტანა სთხოვეს მოქალაქეებმა ჟურნალისტებს

„მედია და საზოგადოება“ – ამ სახელწოდების დისკუსიათა ციკლის ფარგლებში,  12 აპრილს, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ კიდევ ერთი  შეხვედრა  გამართა.  ხულოს მუნიციპალიტეტის  სოფელ  ბოძაურის  მოსახლეობის მოსაზრებები და პრობლემები  „ბათუმელების“ რედაქტორმა  ეთერ  თურაძემ და  „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“  ხულოს  ბიუროს  ჟურნალისტმა ლენა მამულაძემ მოისმინეს.

მსგავსი შეხვედრები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმართება და მისი  მიზანია  აჭარის  რეგიონში მოქმედი მედიასაშუალებების  მონაწილეობით მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის პრობლემების გამოვლენა და მათ შესახებ  საზოგადოების ინფორმირება. უკვე  ჩატარებული შეხვედრებისგან გასხვავებით, სოფელ ბოძაურში ქალების აქტიურობა გამორჩეული იყო. შეხვედრის  დასაწყისში  მედიის  წარმომადგენლებმა  მონაწილეებს თავიანთი  საქმიანობის მიზნები და  პრინციპები  გააცნეს.

ეთერ თურაძე, „ბათუმელების“ რედაქტორი: მიხარია, რომ ქალბატონები ხართ ამ  შეხვედრაზე. როგორც ქალების აქტიურ გულშემატკივარსა  და მხარდამჭერს, მგონია, რომ ეს არის ძალიან  მნიშვნელოვანი.  მე წარმოვადგენ ორ გამოცემას:  „ბათუმელებსა“ და  „ნეტგაზეთს“. სატკივარი, რომელიც  თქვენ შეიძლება გქონდეთ, ჩვენი  გავლით  შეიძლება  მივიტანოთ  ცენტრალურ ხელისუფლებამდე, ლოკალურ დონეზეც დავსვათ კითხვები. ჩვენ წარმოვადგენთ მხოლოდ  საზოგადოების  ინტერესს და მგონია, რომ თუ თქვენი ხმა გაჟღერდება ამ, სრულიად მიუკერძოებელ მედია საშუალებებში, იქნება  ძალიან  მნიშვნელოვანი საერთო პრობლემის გადაწყვეტისთვის.  არამგონია, რომ ერთჯერადი აქტივობებით  შევძლებთ  შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყოველდღიური შრომა, განწყობა აუცილებლად გამოიღებს  შედეგს. აუცილებლად  იქნება კარგი  განათლების შესაძლებლობა თქვენი შვილებისთვის, იქნება  კარგი ინფრასტრუქტურა, გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც მოგვისმენს, რადგან ისინი ჩვენი  დაქირავებული ადამიანები არიან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოთხოვნა.

შეხვედრა სოფელ  ბოძაურში

შეხვედრის  ფორმატი მოიცავდა მოსახლეობის მოსაზრებებისა და პრობლემების შესახებ საუბარს.  

თალიკო  შავაძე:  გვჭირდება სოფლის სახლი.  ჩვენ სოფელში 120 კომლია და მუდმივად არსებობს საკითხები, რომელიც მოითხოვს გადაჭრას. ძირითადად ვიკრიბებით სკოლის შენობაში. მხარდაჭერა გვინდა იმისთვის, რომ ჩვენი სოფელი შენარჩუნდეს. გვაქვს საბავშვო ბაღი, თუმცა ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს, გასულ წელს, გაზაფხულზე დასრულდა მშენებლობა და დღემდე არ გახსნილა.  ბავშვები დაგვყავს რიყეთში, დიოკნისში, ჩვენივე სახსრებით.

ანზორ შავაძე: სოფელში არ არის გზა, იწყება ხვნა-თესვა და აზოტი არ გვაქვს. ხულოში ფასები ძალიან მაღალია და ამიტომ გვიწევს ბათუმში ჩასვლა. მანქანას დამატებით 2 ლარს ვუხდით. აზოტი მზადდება საქართველოში და ამიტომ უნდა იყოს იაფი.

მედიის  წარმომადგენლები დაინტერესდნენ  ხულო-ზარზმის  გზის  მშენებლობის  შესახებ, რაზეც მონაწილეებს  ერთი მოსაზრება  ჰქონდათ.

ანზორ შავაძე:  51 წლის კაცი ვარ და ამ გზას 30 წელია აკეთებენ.  შევარდნაძის მერე ეს გზა არავის გაუკეთებია. არჩევნებზე ამოდიან, იძლევიან დაპირებებს, თუმცა ამაოდ, გზა ისევ არ არის.

გზის საკითხის  გარდა  მოსახლეობას  სასმელი  წყლის  პრობლემაც  აწუხებს.

შეხვედრა სოფელ  ბოძაურში

იოსებ ხოზრევანიძე:  გასული საუკუნის 80-იან წლებში, დაახლოებით 50-მა ოჯახმა, 7 კმ-ის მანძილიდან მოიყვანა სასმელი წყალი, დღეს ის გაუქმების პირასაა, არანაირი რემონტი  არ ჩატარებულა. იქნებ სასმელი წყლის რეაბილიტაცია მოხდეს?  ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტს განცხადებით დაახლოებით ერთი კვირის წინ  და პასუხი არ მიგვიღია.  7-8 კილომეტრია და დაახლოებით 6-7 ავზი დაგვჭირდება.

ადგილობრივების  კიდევ ერთი პრობლემა, როგორც  აღმოჩნდა  სახანძრო  უსაფრთხოებას  ეხება. სოფელში  სახლები  ხის კონსტრუქციით არის  აშენებული და ზაფხულში ცეცხლის საშიშროებაა. გარდა ამისა, ერთი სახლიდან მეორეზე მარტივად გადადის ცეცხლი. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების  მიზნით  სახანძრო  ქვედანაყოფი უნდა შეიქმნას. 

შეხვედრა სოფელ  ბოძაურში

დისკუსიის  მოდერატორის, ასლან ჭანიძის  შეკითხვაზე, რამდენჯერ ჰქონდათ მცდელობა მიემართათ მუნიციპალიტეტისთვის  და  იყო თუ არა რეაგირება მოსახლეობის პასუხი ამგვარად  ჟღერდა: „ორი წლის წინ მივმართეთ, თუმცა ეს პრობლემები ყოველთვის რეაგირების გარეშე რჩება“. სოფლის მოსახლეობის თქმით, ხანძრის  შემთხვევაში  მეხანძრეებს 1 საათი მაინც სჭირდებათ დაბა ხულოდან  სოფელში ასასვლელად.  ცოტა  ხნის  წინ  მომხდარი ფაქტიც  გაიხსენეს,  როგორ  ცდილობდნენ თავად  (100-მდე ადამიანი ) ხანძრის ჩაქრობას. ამბობენ, რომ  ხანძრის დროს  მათი მიზანი  უფრო ის არის, რომ ხელი შეუშალონ  სხვა სახლებზე  გავრცელებას.

სოფელ  ბოძაურის  კიდევ  ერთ  მცხოვრები,  თემურ ხოზრევანიძე  სანიაღვრე  არხის  პრობლემაზეც  საუბრობს,  მან თავისი  წუხილი იმასთან დაკავშირებით გამოთქვა, რომ ძლიერი კოკისპირული წვიმის  დროს  შესაძლოა  რამდენიმე ოჯახი მეწყერულმა პროცესებმა რისკის ქვეშ დააყენოს.

შეხვედრის  ბოლოს დისკუსიის  მონაწილეებმა  განაცხადეს, რომ  სასმელი  წყლის ლაბორატორიულ შემოწმებას  ითხოვენ.

დისკუსია ქვეყნდება შემოკლებით. 


დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.

თამთა მიქელაძე სპეცოპერაციაზე: მათ დაიწყეს პანკისიდან, რადგან ამას გაამართლებდნენ

„ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მოსახლეობის პროტესტი არ არის ირაციონალური“, – მიიჩნევს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია პანკისელების ინტერესებს იცავს სასამართლოში, სადაც გასული წლის ზაფხულიდან განიხილება ხეობაში ახალი ჰესების აშენების შესახებ გაცემული ნებართვის კანონიერება. თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი ჭიანურდება. იგი ფიქრობს, რომ სპეცოპერაციებს სხვა რეგიონებშიც უნდა ველოდოთ, სადაც ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. თამთა მიქელაძე გუშინ, 21 აპრილს პანკისის ხეობაში იმყოფებოდა.

  • ქალბატონო თამთა, სპეცოპერაციის დროს და შემდეგ, ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები. რამდენად მისაღებია მინისტრ გახარიას არგუმენტები თქვენთვის?

გუშინ მიღებული ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად მოულოდნელი, რადგან წინა კვირას ხეობას სტუმრობდნენ მთავრობის კაბინეტის წევრები, მათ შორის, მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. იყო საჯარო დაპირება, რომ მოხდებოდა დემოკრატიული ფორმატის განხილვა, რომელშიც ჩაერთვებოდნენ ექსპერტები. სრულიად მოულოდნელად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაცია მოაწყო ხეობაში ეკონომიკის მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე. ბუნებრივია, შსს-მ იცოდა ხეობაში არსებული განწყობები, მათ შორის, საჯარო დაპირებები, რომელიც ადგილობრივებმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მიიღეს. გაუგებარია, რა რაციონალობა იდგა ამ ტიპის საპოლიციო ღონისძიების უკან.

  • თვლით, რომ არსებობდა პოლიტიკური ინტერესი ამ სპეცოპერაციის უკან? 

ვფიქრობ, ამის უკან დგას კონკრეტული ეკონომიკური ინტერესი. ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნა არის ენერგოლობისტების ღია ინტერესების გატარება პოლიტიკაში. ნათია თურნავამ თავის პირველ განცხადებაში გააკეთა კიდეც მინიშნება, რომ ენერგოპოლიტიკაში ხედავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რაც, ბუნებრივია, ჰესებს უკავშირდება. ჰესების მშენებლობას კი ახლავს მაღალი სოციალური წინააღმდეგობა. მათ დაიწყეს ამ წინააღმდეგობის „გადატეხა“,  ჩათვალეს, რომ პანკისის ხეობაში ძალის გამოყენება უფრო გამართლებული იქნებოდა… ბუნებრივია, ეს არის სრულიად გაუაზრებელი ნაბიჯი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომელიც ამ შემთხვევაში ბიზნესის ინტერესებს იცავს და ვერ ახერხებს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. ჩვენ ვხედავდით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შსს-ს მინისტრის მოადგილე ახდენდა ჰესებთან დაკავშირებული პროცესების მოდერაციას. ისინი ძალიან ხშირად დაშინების ინსტრუმენტებსაც იყენებდნენ, ადგილობრივ აქტივისტებს იბარებდნენ ხეობაში და ამ პროცესში მთლიანად იყო ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ცდილობდა კომპანიის ინტერესების დაცვას და ადგილობრივების წინააღმდეგობის შესუსტებას. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ამ წინააღმდეგობას საბოლოოდ საპოლიციო ძალა დაუპირისპირდა.

  • რატომ ფიქრობთ, რომ ეკონომიკის ახალ მინისტრს უკავშირდება გუშინდელი სპეცოპერაცია? 

მანამდეც იყო ინტერესი ჰესების აშენებაზე, მაგრამ თურნავას დანიშვნა უკვე ამ პოლიტიკის ღია გატარებაა. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე აგრესიულ პოლიტიკას ისინი გაატარებენ სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, სვანეთში, რაჭაში, აჭარაში. ჩემთვის თურნავას გამინისტრება ამას ნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოებმა დაიცვან სახელმწიფო პოზიციები, არ მოახდინონ გარემოს დაცვის და სოციალური ინტერესის იგნორირება, რომელიც ადგილობრივ თემს აქვს და ამ პრობლემას გლობალურად შეხედონ. ჰესების მშენებლობის პოლიტიკა თუ ამგვარად გატარდება, ეს ძალიან დიდ სოციალურ კრიზისებს და კონფლიქტებს წარმოშობს.

  • თქვენი შეფასებით, პანკისის ხეობაში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი? 

დაგეგმვის ეტაპზე იყო შეცდომა, რის გამოც ესკალაციის პრევენცია სახელმწიფომ ვეღარ მოახერხა. ცხადია, ზოგიერთ მომენტში ჩანს, რომ შეკრების მონაწილეები ასევე იყენებდნენ ძალადობრივ აქტს, თუმცა მათი უკმაყოფილება იყო რეაქცია იმაზე, რასაც პოლიცია აკეთებდა. ზოგიერთ შემთხვევაში ჩანს აშკარად ძალის გადამეტება, როცა რეზინის ტყვიის გამოყენება პირდაპირ დამიზნებით ხდება. მნიშვნელოვანია ასევე ის, თუ როგორ უნდა ხდებოდეს იგივე რეზინის ტყვიის გამოყენება: უნდა მოხდეს გაფრთხილება, კორიდორის მიცემა, ჯერ მოლაპარაკების რესურსი ამოწურული არ იყო და პირდაპირ დაიგეგმა ეს სპეცოპერაცია.

ჩვენ უნდა შევხედოთ გეგმას, რამდენად აქვს პოლიციას სტრატეგია და რამდენად არის ორიენტირებული ძალის გამოყენების მინიმალიზაციაზე. ეს არ შეიძლება ინდივიდუალურად შევაფასოთ: ვინ როგორ ისროლა ქვა, ან გაისროლა რეზინის ტყვია. თუ გეგმას შევხედავთ, ვნახავთ, რომ პოლიციამ დაიწყო მასობრივი ღონისძიება მაშინ, როცა პოლიტიკური მოლაპარაკების რესურსი ამოწურული არ იყო. პირდაპირ რეპრესიული ინსტრუმენტები გამოიყენეს, როცა თელავში მშვიდობიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამან, ბუნებრივია, მოლაპარაკების პროცესიც ჩაშალა.

  • მინისტრი გახარია ამბობს, რომ არსებობდა საჭიროება ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალები შეეყვანათ. რაში აწყობდა ხელისუფლებას ამ მოლაპარაკების ხელოვნური ჩაშლა? 

ალბათ, ეს არის სრულიად გაუაზრებელი ნაბიჯი და არასწორი სტრატეგია. მინისტრი გიორგი გახარია იყო ბიზნესმენი, მას პოლიტიკური და სოციალური მუშაობის ცუდი გამოცდილება აქვს. შეიძლება, დამაჯერებელი არის მისი საჯარო გამოსვლები, მაგრამ მისი ნაბიჯები არ არის პოლიტიკურად გათვლილი. ამავდროულად, ის არ არის არც იურისტი, არც უფლებადამცველი. მას ამის გამოცდილება არ აქვს. მთავარი პოლიტიკური სიბრმავე მაინც არის ბიზნესინტერესების მიმართ მაღალი ლოიალობა და ამ ინტერესებთან თანხვედრა.

  • თქვენ პოლიციის აგრესიულ მოქმედებას ელით სხვა რეგიონებშიც, სადაც ჰესებს აშენებენ და არსებობს მოსახლეობის პროტესტი. რატომ შეარჩიეს თავდაპირველად პანკისი? 

პანკისის ხეობაში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც ტარდებოდა ღია სპეცოპერაციები, გვახსოვს იგივე ლაფანყური. ერთი წლის წინ იყო „მაჩალიკაშვილის საქმე“… არც ერთი საქმე არააა გამოძიებული. როცა პანკისის ხეობაში არსებობს ასეთი ტრავმატული გამოცდილება, ამ მასშტაბის საპოლიციო ღონისძიების გატარება ნიშნავს იმას, რომ ვერ გრძნობ გარიყულობის და ტრავმის ხარისხს, რომელიც ამ თემში არსებობს.

მათ დაიწყეს პანკისიდან, რადგან ამას გაამართლებდნენ. მუდმივად ხდება პანკისელების  წარმოჩენა, როგორც რადიკალების, ირაციონალური ჯგუფის. პანკისის ხეობაში დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა არის ძალიან დაბალი, მათ აქვთ მაღალი სახელმწიფოებრივი აზროვნება. პანკისელები სოლიდარობის ქსელშიც არიან ჩართულები, გუდამაყარში, სვანეთში, ეს არაა მარტო პანკისელების უკმაყოფილება. პანკისელების განსხვავებულად წარმოჩენა მინისტრ გახარიას გუშინდელ ბიჭურ და კაცურ გარჩევებშიც ჩანდა. მინისტრი მათ ესაუბრებოდა ისე, რომ იქ წესრიგი უნდა დაამყაროს. ესეც არასწორია, რადგან მთელი წელი ეს პროტესტი იყო მშვიდობიანი.

როცა ამბობ, რომ ყველას ერთნაირად მოვექცევი, როგორც პოლიციელი, უნდა ვთქვათ, რომ ის ყველას ერთნაირად არ ექცევა უკვე, რადგან ის ბიზნესის ინტერესებს ატარებს და მას ემსახურება. როცა ამ სახალხო პროტესტს არ ითვალისწინებ და დახურულ, მცირე თემში ამ მასშტაბის საპოლიციო ძალით შედიხარ, გამოდის, რომ სახელმწიფოებრივად არ აზროვნებ, ან უკიდურესი პოლიტიკური უმეცრების მდგომარეობაში ხარ.

  • რატომ გამორიცხავთ მესამეს, რომ ხელისუფლებას გულწრფელად სურს დაიცვას ბიზნესის ინტერესი, რომელსაც მოსახლეობა ხელს უშლის? 

ბიზნესმა, რომელმაც პანკისის ხეობაში ჰესის აშენებას აპირებს, ეს ნებართვა მიიღო დაუსაბუთებლად, გარემოს დაცვის და სოციალური ინტერესის საწინააღმდეგოდ. ფორმალური დოკუმენტები ჰქონდათ საბჭოთა კავშირში და ნაცისტურ გერმანიაშიც. როდესაც შენ ყველა რეგიონი გიფეთქდება, გეუბნებიან, რომ გვინადგურებ მიწას, წყალს, როგორ შეგიძლია ბიზნესის ინტერესების სამსახურში ჩადგე და თქვა, რომ ნებართვა არის საკმარისი ხეობაში სპეცოპერაციის ჩასატარებლად. ეს არის რეალობის უგულებელყოფა. დალოდებოდნენ სასამართლო დავას, პოლიტიკურ მოლაპარაკებებს.

  • დაწყებულია გამოძიება. რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს ხეობაში ამ საქმეზე ვინმეს დაკავებას? 

უნდა დაველოდოთ, რა მოხდება. ცხადია, ამას უკმაყოფილება მოჰყვება. ხეობაში ჰქონდათ განცდა, რომ ეს იყო კოლექტიური წინააღმდეგობა. მნიშვნელოვანია, რომ ვიღაცის დასჯა არ გახდეს ისევ დამაშინებელი ეფექტის მომტანი ჰესების წინააღმდეგობის გასატეხად, ასევე, გამოძიება არ იყოს გამოყენებული და ეს საქმე არ გახდეს ხელისუფლების მხრიდან ვაჭრობის საგანი. ინდივიდუალურად ვის დააკავებენ და რა მტკიცებულებები ექნებათ, ამას დავაკვირდებით. მე პანკისის ხეობაში მცხოვრებლებს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ისინი მარტო არ არიან ამ ბრძოლაში: არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, მათი ინტერესების სადარაჯოზეა. პანკისის ხეობაში გუშინ დაინახეს უპრეცედენტო სოლიდარობა რეგიონებიდან და თბილისიდან.

  • რამდენად მართებული შეიძლება იყოს პოლიციელებზე თავდასხმის კუთხით შედარება ზაზა სარალიძესთან, რომელსაც საბოლოოდ პასუხისმგებლობა არ დააკისრეს, რადგან პროტესტის გამოხატვა კარვით კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იყო?

როცა პოლიციელი ვერ ახერხებს ბიზენსის ინტერესისგან გათავისუფლებას, როცა ის პოლიტიკური მხარე ხდება, ბუნებრივია, ასეთი ტიპის ძალადობრივი წინააღმდეგობები იქნება. დღეს, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა გააკეთოს, არის არა პროფესიული მუნდირის დაცვა, რაზეც საუბრობენ, არამედ იმის გააზრება,  ვის ემსახურება პოლიცია და რამდენად ახერხებს იგი სხვადასხვა ჯგუფის დაცვას. არ შეიძლება ამას მხოლოდ ფორმალური კანონმდებლობით და პროფესიული მუნდირის ჭრილიდან შევხედოთ.

ზაზა სარალიძის შემთხვევაში ის იყო ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლი. თუ სამართლიანობის რწმენა გაქვს, შეუძლებელია, ამ დროს არ იყო ზაზა სარალიძის მხარეს, არ იყო პანკისელი ქალების და კაცების მხარეს, რომლებმაც ცხადია, არ უნდა გამოიყენონ ძალადობა, მაგრამ ხანდახან სწორედ პოლიტიკურ სისტემას მიჰყავს ადამიანები ამ ქცევამდე. თუ მიზეზებს არ შევხედავთ და მხოლოდ შედეგზე ვილაპარაკებთ, ჩვენ უსამართლო მსჯელობაში ვიქნებით. არსებითია, რომ ყველა სოციალური წინააღმდეგობა მშვიდობიან მოდუსში დარჩეს და სწორედ მშვიდობიანი წინააღმდეგობის მნიშვნელობა გავიაზროთ.

  • რა არის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, თქვენ რას ელით ხელისუფლებისგან? 

ვფიქრობ, ამ პროცესიდან მთლიანად უნდა გავიდეს შსს. წლის განმავლობაში ჩვენ მივუთითებდით ამას, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს იგივე მოლაპარაკებების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ უარი თქვას ესკალაციის სტრატეგიაზე, რომელმაც მძიმე ტრავმული მეხსიერება მოიტანა ხეობაში. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაიაზროს, რომ მოსახლეობის ეს წინააღმდეგობა არ არის ირაციონალური დაპირისპირება, მან უნდა დაინახოს, რომ აქ არის საკმაოდ ძლიერი არგუმენტები გარემოსა და სოციალური დაცვის პერსპექტივიდან. თუ თურნავას პოლიტიკას გაატარებს სახელმწიფო, ჩვენ უნდა ველოდოთ სოციალურ კრიზისებს სხვადასხვა რეგიონში.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/358600/

 

„თავისუფალი სივრცე“ მუსიკოსებისათვის კონკურსს აცხადებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ სოციალურ კაფე „თავისუფალ სივრცეში“ ახალ პროექტს – „მედიArt2“-ს იწყებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მუსიკოსებს, რომლებიც საავტორო მუსიკას ქმნიან.

„პროექტი “მედიArt2” შესაძლებლობას გაძლევს შენი საავტორო მუსიკა მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახადო, გაგაცნოს თანამედროვე მიღწევები შემოქმედებით პროცესში ინკლუზიის კუთხით, შეასრულო დუეტი ჟესტური ენით მოსაუბრე სმენისარმქონე/სმენადაქვეითებულ მუსიკის მოყვარულთან ერთად“ – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომლებიც ჰონორარს მიიღებენ.

ასევე, სოციალურ კაფე “თავისუფალ სივრცეში” გაიმართება მუსიკოსების შემოქმედებითი საღამო.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო.

აპლიკაცია შეგიძლიათ შეავსოთ ბმულზე.

____________

მთავარ ფოტოზე:  სოციალური კაფე “თავისუფალი სივრცე” ფოტო: FB

ფოცხვერი და შვლები ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში [ფოტო]

ფშავ-ხევსურეთის ეროვნულმა პარკმა ფოტოხაფანგის მიერ პარკის ტერიტორიაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

შველი. ფოტო: ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
შველი. ფოტო: ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
ფოცხვერი. ფოტო: ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები შეიქმნა 2014 წელს და მოიცავს ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, როშკის ბუნების ძეგლს და ასას აღკვეთილს. საფეხმავლო ბილიკებით შესაძლებელია თუშეთისა და ყაზბეგის დაცულ ტერიტორიებზე გადასვლა. ეს ბილიკები ყველაზე პოპულარული ეკოტურისტული მარშრუტებია ბუნების მოყვარულთათვის.

ბათუმის მერია დახარისხებულ ნარჩენებს გაყიდის

22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის უნივერსიტეტთან ნარჩენების დახარისხების სტენდი განთავსდა. ნარჩენების დახარისხების სტენდებთან, ურნებში, შესაძლებელია ქაღალდის, შუშის, პლასტმასისა და ალუმინის დახარისხებული ნარჩენების განთავსება.

ბათუმში ასეთი სულ ხუთი სტენდია – უნივერსიტეტთან, #1 საჯარო სკოლასთან, საბაგირო „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიასთან, დელფინარიუმთან და აკვაპარკის მიმდებარედ.

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავების“ უფროსის, დავით დუმბაძის თქმით, სტენდებზე დახარისხებული ქაღალდის, მინისა და ალუმინის ნარჩენებს მათი სამსახური დაასაწყობებს, შემდგომ კი გაყიდის.

„მუნიციპალიტეტისთვის ეს დამატებითი შემოსავლი იქნება. სტენდების განთავსება მიზნად ისახავს ნაგავსაყრელზე შეტანილი ნაგვის რაოდენობის შემცირებას. დახარისხებული ნარჩენები უნდა წავიდეს მეორადი გამოყენებისთვის. ესაა ქაღალდი, პლასტიკი, ალუმინი. უნდა შევიძინოთ პატარა დანადგარები, რომელიც ამ ნარჩენებს დაპრესავს და შემდეგ ოფიციალურად გავყიდით, ტენდერით. ეს არის USAID-ის მიერ შეძენილი სტენდები, ახლა ჩვენ ვგეგმავთ შევიძინოთ დამატებით ურნები, სხვადასხვა ფერის [ნარჩენების დასახარისხებლად] და განვათავსებთ საბავშო ბაღებთან, სკოლებთან, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით“ – ამბობს დავით დუმბაძე.

ფოტო: ბათუმის მერია
ფოტო: ბათუმის მერია

ნარჩენების დახარისხების საჭიროება საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულებითაა განსაზღვრული და 2019 წლიდან საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში უნდა დაიწყოს.

სტენდები USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის – „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ ფარგლებში დაიდგა. პროგრამას CENN-ი ახორციელებს.

დღესვე, 22 აპრილს, ბათუმის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის საგანია საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი მხარეების ურთიერთთანამშრომლობა მერიის პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპის შესაბამისად, ბათუმში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივ დანერგვასა და ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას, ბათუმში 5 ადგილას სეპარაციის სტენდების განთავსებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.

ნარჩენების სეპარაცია, ანუ გადარჩევა [გამოცალკევება] და შეგროვება 2019 წლის თებერვლიდან მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა. მათ ამას „ნარჩენების მართვის კოდექსი“ ავალდებულებს. ძირითადად, უნდა მოხდეს ქაღალდის, მინის, პლასტიკისა და ლითონის გამოცალკევება.

საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას 2019 წლისთვის მაინც პილოტური ხასიათი ექნება და ის რამდენიმე მსხვილ ქალაქში დაიწყება: „არის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, სადაც ნიშნულებია გაწერილი, რასაც უნდა მიაღწიოს ქვეყანამ გარკვეულ პერიოდში. ძირითად ათვლის წერტილებად აღებულია 2020, 2025 და 2030 წელი. პარალელურად უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება, მოსახლეობის მიჩვევა, რომ სეპარირებული იქნეს ნარჩენები და შესაბამისად, ისინი სხვადასხვა კონტეინერში ჩააგდონ“.

მთავარ ფოტოზე: ნარჩენების დახარისხების სტენდი ბათუმის უნივერსიტეტთან. ფოტო: ბათუმის მერია

ვრცლად ამ თემაზე: 

ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

დაუმორჩილებლობისთვის ჯელალ ქიქავა სასამართლოში გადაჰყავთ

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ჯელალ ქიქავა სასამართლოში გადაჰყავთ. ახლა იგი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯელალ ქიქავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა ბათუმის მერიის შენობაში დაცვის პოლიციელს მიაყენა. ჯელალ ქიქავას წინააღმდეგ პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარვევის ოქმი შეადგინეს დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის მუხლების დარღვევის გამო.

ჯელალ ქიქავა დღეს, 22 აპრილს, ბათუმის მერიაში მივიდა და ისევ მოითხოვა საჯარო ინფორმაცია მუნიციპალური შპს „ბათუმის წყალთან“ დაკავშირებით. ამ ინფორმაციის მიუღებლობა კამათის საგანი გახდა საკრებულოს წინა სხდომაზეც, რომელიც 12 აპრილს გაიმართა.

ახალი შეღავათები საქართველოში კაზინოს მოწყობისთვის

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019 წლის 11 აპრილიდან სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან 10 წლით გათავისუფლდება სამორინეს მოწყობა გრიგოლეთსა და ფოთში ახლად აშენებული არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე.

2019 წლის 4 აპრილიდან კი, მთავრობის დადგენილებით, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან საერთოდ გათავისუფლებულია სამორინეს მოწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში.

საქართველოს მთავრობამ ზოგიერთი მუნიციპალიტეტისთვის სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებიც განსაზღვრა.

შესაბამისად, ამ დროისთვის, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთია წელიწადში 5 000 000 ლარი [გარდა ბათუმის, ფოთის, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოს, ყაზბეგის, სიღნაღის, ახალციხის მუნიციპალიტეტების და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორიებისა];

ქალაქ ბათუმში, ქალაქ ფოთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი წელიწადში 250 000 ლარია;

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – წელიწადში 100 000 ლარი.

სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა ყაზბეგის, წყალტუბოს, სიღნაღის მუნიციპალიტეტების და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტერიტორიაზე, ასევე დაბა ბაკურიანისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე.

სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში სანებართვო მოსაკრებლის გადახდისგან თავისუფლდება:

[checklist]

  • ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა;
  • ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთში და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახლად აშენებული არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა.

[/checklist]

ამ თემაზე:

რატომ იხურება კაზინოები ბათუმში და რა ელის უმუშევრად დარჩენილ 400-მდე თანამშრომელს

მემცენარეობა და აგრობიზნესის შემცირებული წილი ქვეყნის ეკონომიკაში [ინფოგრაფიკა]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მემცენარეობის შესახებ გასული წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ ერთწლიანი კულტურების წარმოება 2017 წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა დიაგრამიდან ჩანს, რომ ზრდის ტენდენცია წინა წლებს ნაკლებად მიემართება:

წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ხორბლის წარმოებამ 106.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 33.3 პროცენტით გაიზარდა და 58.5 ათას ტონას მიაღწია. სიმინდის წარმოება 190.3 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 33.5 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

კარტოფილის წარმოება 21.1 %-ით გაიზარდა და 218.1 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში წარმოებულია 138.3 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 9.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მონაცემებს. აქვე ჩანს რომ სიმინდის წარმოება 2018 წლის წინასწარი მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით, 53,4 ტონით, 2014 წელთან შედარებით კი – 101.3 ტონით არის შემცირებული.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.7 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 6.6 %-ით ჩამორჩება.
მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 53.1 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 152.6 ათასი ჰექტარი შეადგინა.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 72.4 ათასი ჰექტარი შეადგინა.

2018 წელს ქვეყანაში წარმოებულია 86.2 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 3.3-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 46 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 2.4 %-ით ნაკლები), 21.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (12.2 %-ით ნაკლები), 15.5 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (19.3 %-ით მეტი), 67.4 ათასი ტონა ციტრუსი (15.8 %-ით მეტი).

2018 წელს წარმოებულია 261.8 ათასი ტონა ყურძენი, რაც 44.8 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობაში გარკვეული მიმართულებებით ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე წელია კლებულობს აგრობიზნესის მთლიანი გამოშვების წილი ქვეყნის ეკონომიკაში:

აღსანიშნავია ასევე, რომ სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, საქართველოში აზიურმა ფაროსანამ განსაკუთრებით დააზიანა თხილის კულტურა. მოსავალი 2016 წელს − 16%-ით, ხოლო 2017 წელს 27%-ით შემცირდა. მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვის მიყენებულმა ზარალმა კი, მარტო 2016 წელს, 69 მილიონამდე აშშ დოლარი შეადგინა.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფომ დაგვიანებით დაიწყო; გასულ წლებში გატარებული ღონისძიებები კი არაეფექტური აღმოჩნდა.

ამ თემაზე:

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს აუდიტი არაეფექტურად აფასებს

ღონისძიებები, რითაც ნაკლები ფაროსანა გამოიზამთრებს – როგორ დავიცვათ ციტრუსი და თხილი

„ბლექ სი არენა“ კონცერტებისთვის წელს 6,5 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

„ბლექ სი არენა ჯორჯია“ 2019 წლის საკურორტო სეზონის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტსა და ღონისძიების ჩატარებისთვის ბიუჯეტიდან 6,5 მილიონ ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ღონისძიებები სახელმწიფო პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება.

„კონტრაქტი უნდა გაფორმდეს ადგილობრივი შემსრულებლებისა და მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავური მუსიკალური ჯგუფების, არტისტების და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლების [DJ] პროვაიდერ სააგენტოებთან. ასეთი სააგენტოები კი არ არიან დაინტერესებული ტენდერში მონაწილეობის მიღებით. ასევე ამ ყველაფერს აფერხებს ის ფაქტი, რომ უმეტესობას დაგეგმილი აქვთ ტურნე და თარიღის განსაზღვრა ხდება მათ მიერ. შესყიდვის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია ზემოაღნიშნული შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვა“ – აღნიშნულია „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ განცხადებაში, რომლითაც შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

სააგენტომ თანხის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობა „ბლექ სი არენას“  უკვე მისცა.

„ბლექ სი არენა ჯორჯიას“ განაცხადის მიხედვით ღონისძიებების ჩატარების პერიოდი განისაზღვრება 2019 წლის ივნისიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით. 6,5 მილიონი ლარი კი წინასწარი გათვლებით შემდეგნაირად დაიხარჯება:

[checklist]

  • 4,5 მილიონი ლარი – შემსრულებლების ჰონორარში;
  • 2 მილიონი ლარი – ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო შესყიდვებისთვის.

[/checklist]

„ბლექ სი არენა ჯორჯია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის 100% წილის მმართველი საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროა. საკონცერტო დარბაზი კი ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში მდებარეობს.

 

პოლიციელებზე თავდასხმა და ცეცხლის წაკიდება – გამოძიება პანკისში მომხდარ ფაქტებზე 2 მუხლით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმის და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე ორი მუხლით დაიწყო. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

„ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა პოლიციას, დაუშინა ჯოხები და ქვები, რის შემდეგაც მოხდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება. ადგილზე მყოფი მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს. დაზიანდა პოლიციის ტექნიკა, დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეები.

ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება“ – აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ 21 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლები და პოტენციური სასჯელები იხილეთ ბმულზე

———–

პოლიცია და ადგილობრივები გუშინ, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივთა მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

ამ თემაზე:

პანკისში დაპირისპირებისას დაშავებული 16 ადამიანი საავადმყოფოში რჩება

 

ტერაბანკი ქართველ ემიგრანტებს ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს

ტერაბანკმა სპეციალურად ემიგრანტებისთვის იპოთეკური სესხის ახალი პროდუქტი შექმნა. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და მის მისაღებად მსურველებს დამატებითი უზრუნველყოფა არ სჭირდებათ.

მომხმარებლები, რომლებიც ახალი პროდუქტით სარგებლობას მოისურვებენ, უძრავი ქონების შეძენას როგორც დეველოპერული კომპანიებისგან, ისე ფიზიკური პირებისგან შეძლებენ.

როგორც ცნობილია, უცხოეთში მცხოვრები ქართველები თანხას უმეტესწილად უძრავი ქონების შეძენის მიზნით აგროვებენ. თუმცა, შემოსავალს ისინი ძირითადად ხელზე იღებენ, რის გამოც მას ოფიციალურად ვერ ადასტურებენ. ეს კი უძრავი ქონების ყიდვისას მათთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. როგორც ტერაბანკში აცხადებენ, ახალი პროდუქტი და მისი განსხვავებული პირობები მათ სწორედ ამ ბარიერს მოუხსნის.

„მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების შესაძენად საჭირო თანამონაწილეობის თანხას უამრავი ქართველი ემიგრანტი აგროვებს, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის აღებას ისინი მაინც ვერ ახერხებენ. ჩვენი პროდუქტის მთავარი ბენეფიტიც სწორედ ეს არის: ამიერიდან ემიგრანტები სესხის აღებას შემოსავლების დაუდასტურებლადაც შეძლებენ და ამისთვის მათ დამატებითი უზრუნველყოფაც არ დასჭირდებათ. ვფიქრობთ, ახალი იპოთეკური სესხი, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ აქვს, უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის სასარგებლო პროდუქტი იქნება“, – აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკის ახალი პროდუქტით სარგებლობა ქართველი ემიგრანტების გარდა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსა და ორმაგ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

სოფელ ევგენიძეებში სახლი დაიწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ევგენიძეებში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აქ მცხოვრები ოჯახი კი ღია ცის ქვეშ დარჩა. სახანძრო -სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით „ეს იყო ე.წ. ვაგონი,“  რომელსაც საცხოვრებლად იყენებდნენ. რამ გამოიწვია ხანძარი ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

„სოლიდარობა პანკისს“ – აქცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილმა მოქალაქეებმა დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: „სოლიდარობა პანკისს“, „ბიზნესმენების მთავრობა“, „სისტემა მოძალადეა“.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. ხეობაში ჩასული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. ადგილობრივთა მოლაპარაკებების შემდეგ მან თქვა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამ, სანამ პროექტს მოსახლოების 90% მაინც არ დაუჭერს მხარს და ასევე, სპეცდანიშნულების რაზმები დატოვებენ ხეობას.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხეობაში ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ეს მათ საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად გააუარესებს.

ჯერჯერობით უცნობია, 21 აპრილის შეტაკებისას დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა ცნობა, რომ დაშავებული იყო 27 ადამიანი, მათგან 12 პოლიციელი, თუმცა მას შემდეგ დაშავებულებზე სხვადასხვა წყარო განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. სავარაუდოდ, დაშავებულთა რაოდენობა უფრო მეტია. პანკისის ხეობაში ამ დროისთვის [19:30 სთ] სიმშვიდეა.

„სოლიდარობა პანკისს“ – აქცია ბათუმში / 21.04.2019
„სოლიდარობა პანკისს“ – აქცია ბათუმში / 21.04.2019
„სოლიდარობა პანკისს“ – აქცია ბათუმში / 21.04.2019
„სოლიდარობა პანკისს“ – აქცია ბათუმში / 21.04.2019
„სოლიდარობა პანკისს“ – აქცია ბათუმში / 21.04.2019

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან აჭარაში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 21 აპრილის საღამოს 9 საათიდან 22 აპრილის საღამოს 9 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია:

ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა, ღამით მაღალ მთაში თოვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 5-10, დღისით 12-17 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში კი ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 3-8 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა. ხილვადობა 4-10კმ. ტალღის სიმაღლე 13-18დმ [4 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 12 გრადუსი. ატმოსფერული წნევა 763 მმ ვწყ.სვ.

ბათუმში, 23 აპრილს ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო დღისით უმეტესად უნალექო ამინდი. 24 და 25 აპრილს კი სანაპირო ზოლში, ასევე აჭარის მაღალმთიანეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ქართველ მუსლიმთა კავშირი: ის, რაც ხდება დღეს პანკისში სცილდება დემოკრატიულ პრინციპებს

პანკისის ხეობაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე განცხადებას ავრცელებს.

„ის, რაც ხდება დღეს პანკისის ხეობაში, ვფიქრობთ, სცილდება ყველა ცივილურ და დემოკრატიულ პრინციპებს. ამოვარდნილია სახელმწიფოებრივი აზროვნების და ნორმების ჩარჩოდან. ხელისუფლების ასეთი არასწორი ქმედება ხელს შეუწყობს რეგიონში დაძაბულობას. თუ თვალს გადავავლებთ იმ ქმედებებს, რაც რამდენიმე წელია ამ ხეობის მოსახლეობის მიმართ ახორციელებს ხელისუფალი, კიდევ უფრო არასწორი და დაუფიქრებელია ძალისმიერი მეთოდებით საკითხის მოგვარება. მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს დროულად შეწყვიტოთ ძალისმიერი მეთოდებით მოქმედება და დაუბრუნოთ საკითხები მოლაპარაკების მაგიდას. ვფიქრობთ, ხეობის მოსახლეობის ჩაგვრა არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

შსს-ს განცხადებით დღეს პანკისის ხეობაში პოლიციასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მომხდარის დაპირისპირების დროს 27 ადამიანი დაშავდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს. უწყებაში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი შემოვიდა

დღეს, 21 აპრილს, ბათუმის ნავსადგურში აშშ-ის სამხედრო ხომალდი Ross [DDG 71] შემოვიდა. საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. ეს, გემის პირველი ვიზიტია საქართველოში.

USS Ross [DDG 71] არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

„USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეების მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით“ – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

USS Ross-ის მეთაურია კაპიტანი David Coles. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 154 მეტრი, სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 9.4 მეტრი.

„შავი ზღვის რეგიონში ჩვენი მოკავშირეები ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“ – განაცხადა ხომალდის მეთაურმა კაპიტანმა Dave Coles-მა, „ეკიპაჟი და მე მოუთმენლად ველით დინამიურ პირობებში სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესებას და ამ რეგიონის მდიდარი ისტორიისა და კულტურის გაცნობას.“

საელჩოს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან: „გამართავენ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან,  საკალათბურთო მატჩს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვდებიან ახალგაზრდებს ბათუმის ამერიკულ კუთხეში“.

„ხომალდი USS Ross წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად“ – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის სამხედრო ხომალდი Ross [DDG 71] ბათუმის ნავსადგურში / 21.04.2019 / ლელა დუმბაძის ფოტოები
აშშ-ის სამხედრო ხომალდი Ross [DDG 71] ბათუმის ნავსადგურში / 21.04.2019
აშშ-ის სამხედრო ხომალდი Ross [DDG 71] ბათუმის ნავსადგურში / 21.04.2019

სოლიდარობა პანკისს – ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია იგეგმება

სოლიდარობა პანკისს! – დღეს, 21 აპრილს ბათუმში, ევროპის მოედანზე აქციაა დაგეგმილი. საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ ევროპის მოედანზე დღეს, 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.

პოლიცია და ადგილობრივები დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოსახლეობა ეწინააღმდეგება ხეობაში ჰესის მშენებლობას. დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

დაშავებულები არიან როგორც სამართალდამცავები, ისე – ადგილობრივები. მოსახლეობა ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას ითხოვს.

აქცია დაგეგმილიოა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.

https://netgazeti.ge/news/358459/

გელა მთივლიშვილი: ვითხოვთ სასწრაფო სამედიცნო დახმარებას

პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელი ლაივ ჩართვაში აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში გაშვებული ცრემლსადენი გაზის შედეგადა ხალხი მოიწამლა. ჟურნალისტი  პირდაპირ ეთერში ითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას. გელა მთივლიშვილის თქმით, თავს ცუდად გრძნობს ასობით ადამიანი.

სპეცრაზმსა და პანკისის მოსახლეობას შორის შეტაკება ამ წუთებშიც გრძელდება. მოსახლეობა დღეს დილიდან აპროტესტებდა ჰესის მშენებლობის დაწყებას.

 

აღდგომა ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში [ფოტო]

დღეს, 21 აპრილს, ბათუმის წმ. სამების პროტესტანტულ ეკლესიაში სააღდგომო მსახურება გაიმართა.

ქადაგების შემდეგ ეკლესიის საკვირაო სკოლის ბავშვებმა და ახალგაზრდულმა ჯგუფმა პერფომანსი წარმოადგინეს სახარებისეულ მოტივებზე.

დღეს, 21 აპრილს, აღდგომას აღნიშნავს კათოლიკური და სომხური სამოციქულო ეკლესიები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი დღეს ბზობას აღნიშნავს, აღდგომას კი – 28 აპრილს.

აღდგომა ბათუმის წმ. სამების პროტესტანტულ ეკლესიაში:

აღდგომა ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში / 21.04.2019 / ლელა დუმბაძის ფოტოები
აღდგომა ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში / 21.04.2019 /
აღდგომა ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში / 21.04.2019 /
აღდგომა ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში / 21.04.2019 /
აღდგომა ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში / 21.04.2019 /

 

ქალი, რომელიც დღეში 13 საათს მუშაობს და 7 ლარს გამოიმუშავებს

ავტორი: ნანა ცეცხლაძე

მისი სამუშაო დილა დაახლოებით 6:30 იწყება და ღამის რვაზე მთავრდება. ისაუზმებს თუ არა ჩანთას ჰკიდებს ხელს და ქუჩაში გადის. ჩანთაში გასაყიდ ტანსაცმელი აქვს ჩალაგებული. 52 წლის იამზე აბულაძე უკვე ექვსი წელია ასე ირჩენს თავს – ის წლების განმავლობაში წერეთლის ქუჩაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ბათუმის მერიამ მათ აქ ვაჭრობა აუკრძალა, იამზე ჩანთაგადაკიდებული მოძრაობს ქუჩაში და ასე ყიდის ნივთებს.

იამზე აბულაძეს, ისე როგორც სხვა გარემოვაჭრეებს წერეთლის ქუჩიდან, მერიამ ბათუმის ავტოსადგურში მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ურჩია საქმიანობის გაგრძელება, მაგრამ იამზესთვის ეს წინადადება მიუღებელი აღმოჩნდა. მიზეზი სრულიად ობიექტურია – მას უთხრეს, რომ იქ დგომის სანაცვლოდ 60 ლარის გადახდა მოუწევდა.

როგორც იამზე გვიყვება, გათენებამდე ქუჩაში მკლავზეგადაკიდებული ტანსაცმლით იმის იმედით გამოდის, რომ ყოველდღიური საკვებისთვის საჭირო თანხა გამოიმუშავოს. „ასევე ბანკში შესატანი ფულის ნაწილის შეგროვებაც უნდა შევძლოო“, – გვიყვება ის.

ხან უმართლებს, ხან – არა, მისი შემოსავალი ყოველდღიურად 7-ლარიდან, ათ ლარამდე აღწევს. ძირითადად წერეთლის ქუჩაზე, #23 სკოლის წინ მოძრაობს, ერთ ადგილზე არ ჩერდება. ამბობს, რომ ერთ ადგილზე გაჩერება იმ მცირე შემოსავალსაც გაუნახევრებს, რაც ახლა აქვს.

იამზე გარეთ სამუშაოდ ყოველდღე გადის, იმის მიუხედავად, თუ როგორი ამინდია. სახლში მას მეუღლე ელოდება, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუშაობას ვერ ახერხებს.

ამბობს, რომ ქუჩაში ხალხი კეთილგანწყობით ხვდება, თუმცა გამონაკლისი შემთხვევებიც ჰქონია, მაგალითად, პრობლემები აქვს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან:

„ხანდახან  პოლიცია და მერია მუშაობაში ხელს მიშლიან. მაიძულებენ ტერიტორია დავტოვო. მე კი იმაზე ვფიქრობ, ამ 10 ლარიდან სახლში წავიღო პური თუ  სახლის ქირის გადასახადი გადავიხადო“, – ამბობს იამზე.

იამზე იმ დღეს იხსენებს, როცა გარემოვაჭრეები იძულებით გადაიყვანეს ავტოსადგურში, თუმცა ის ავტოსადგურში არ გაჩერებულა. აქ მას ფეხით მოსიარულე ვაჭრის სახელით იცნობენ.

რატომ არ მიიღო მერიის შეთავაზება ავტოსადგურში გადასულიყო და ამ გზით საქმეც შეემსუბუქებინა? – ამტკიცებს, რომ ეს მას დააზარალებდა: „მომხმარებელი იქ არ შემოდის, რომ რაიმე გავყიდო, ამიტომ იძულებული ვარ დაღამებამდე ასე ვიარო – სახლში პური ხომ უნდა მივიტანო? დროს ტყუილად ვერ დავკარგავ  ერთ ადგილზე ყოფნით, ხალხი ისედაც არ დადის და მე ამის ფუფუნება არ მაქვს.“

იამზეს თქმით, ავტოსადგურში ადგილისთვის გადასახადიც უნდა გადაეხადა, რაც დამატებით გაართულებდა მის მდგომარეობას: „გადასახდი 60 ლარის ოდენობით უნდა გადამეხადა, ალბათ ესეც მოიმატებს გარკვეული დროის შემდგომ და თუ ვერ გადავიხადეთ იქიდანაც გამოგვიშვებენ.“

იამზეს ბუღალტერის კვალიფიკაცია აქვს: „გათხოვებამდე ხულოში „ატეკაში“  ვმუშაობდი ბუღალტრადო.“

ახლა იამზე ბანკში დაგროვილ დავალიანებაზე დარდობს. გვიყვება, რომ წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობით სესხების დაფარვას ახერხებდა, ახლა კი  ხუთი თვეა არცერთ ბანკში სესხი აღარ შეუტანია, რის გამოც მას ყოველდღიურად ემატება ჯარიმა.

იამზეს ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას არ იღებს.

ლითონის ღობე გონიოს ციხის დასაცავად – ციხე ნაწილობრივ შეიღობება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გონიოს ციხის გალავანს ერთი მხრიდან ლითონის ღობეს შემოავლებს. ღობე ციხის ერთ კედელთან [კვარიათის მხარეს, სასაფლაოსა და ციხის გალავანს შორის] მოეწყობა. სააგენტო „გონიოს ციხის მიმდებარედ დამცავი ღობის მოწყობის სამუშაოებს“ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 14 500 ლარია.

„საპროექტო წინადადებით განსაზღვრულია გონიო-აფსაროსის სამხრეთ კედლის გარე პერიმეტრზე, სამანქანე გზის მიმდებარედ გარემო ფაქტორებისაგან დამცავი ღობის მოწყობა, რომელიც არ ზემოქმედებს ციხის კედლებზე. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე განსაზღვრულია ლითონის ღობის მოწყობა, ვინაიდან მაღალი ტენიანობის და ხშირი წვიმების შედეგად ადვილად ზიანდება და მწყობრიდან გამოდის ხის კონსტრუქციები. გარდა ამისა, ციხის ირგვლივ სასოფლო ტიპის დასახლებაა და ხშირად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი აზიანებს და ანაგვიანებს ციხის მიმდებარე ტერიტორიას“ – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

გონიოს ციხე მართკუთხა ფორმის ნაგებობაა. ღობე, „გარე ფაქტორებისგან დასაცავად“ კი, ოთხიდან, მხოლოდ ერთ მხარეს კეთდება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, იმ მხარეს სადაც ღობე მოეწყობა სააგენტოს გალავანთან დაგებული აქვს კორდი, მოწყობილია გარეგანათება. ასევე იგეგმება ციხის ირგვლივ გარედან ბილიკის მოწყობა, მნახველმა ციხეს მთლიანად რომ შემოუაროს. შეიღობება თუ არა ციხე გარედან მთლიანად, გადაწყვეტილი არ არის. ამასთან, ციხის მიმდებარე ტერიტორია [მიწის ნაკვეთების საკუთრების კუთხით] დღემდე დავის საგანია, ადგილობრივ მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის.

„ღობის განთავსება ხდება მუზეუმ-ნაკრძალის საკუთრების საზღვრებში, კონსტრუქცია შედგება სხვადასხვა ზომის ლითონის მილკვადრატებისგან [40×40, 60×60, 80×80] რომელიც შეიღებება ანტიკოროზიული საღებავით“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

სააგენტოს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული უშუალოდ ციხის ტერიტორიაზე ქვაფენილის ქვეშ რკინა ბეტონის ფილის მოსაწყობად და შემდეგ ქვაფენილის დაგებაზე. ამ სამუშაოებისთვის 10 ათასი ლარია გამოყოფილი.

„გონიოს ციხის შიდა ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს არსებული გრანიტის ფილების დემონტაჟი, დასაწყობება. 135 მეტრის სიგრძეზე 10 სმ სისქის და 60 სმ სიგანის ორი ზოლის რკინა ბეტონის ფილის მოწყობა. ფილაში არსებული რკინის ბადე უნდა დამზადდეს 8მმ არმატურისგან. ფილის მოწყობის შემდეგ უნდა მოხდეს დასაწყობებული ქვაფენილის დაგება და დატკეპნა.“ – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.

ლითონის ღობე გონიოს ციხის კედელთან / რენდერი საპროექტო დოკუმენტიდან
გონიოს ციხე / ფოტო საპროექტო დოკუმენტიდან

ნათია კაპანაძეს საქართველოს პენცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა შესთავაზეს

საქართველოს პენცენტრი აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს საქართველოს პენცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას სთავაზობს.

ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. სასამართლოს სრულად დაქვემდებარების შემდეგ ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის „მიეხედა“. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო ის ტელევიზია, რომლიდანაც, მაყურებლის ტვინის რეცხვის ნაცვლად, დაბალანსებული, ღირებული და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ რატიანის საქმეზე სწორედ ამ ტელევიზიით გავიდა არაერთი მიუკერძოებელი, პროფესიონალური ინტერვიუ და რეპორტაჟი, რაც, სახელისუფლებო დეზინფორმაციის ფონზე, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო.

საქართველოს პენცენტრის ბრძოლის გენერალური ხაზი გამოხატვის თავისუფლებაზე გადის. მიგვაჩნია, რომ ნათია კაპანაძის გადაყენება ისედაც შევიწროებული გამოხატვის თავისუფლების კიდევ უფრო დაკნინებას და ამ იდეის პარტიულ-სახელისუფლებო აკვიატებებზე მიბმას გულისხმობს.

თანადგომას ვუცხადებთ ნათია კაპანაძეს. გვსურს, ეს სიტყვიერი სოლიდარობა პრაქტიკული ჟესტითაც გავამყაროთ, შესაბამისად, მას ვთავაზობთ, გახდეს საქართველოს პენცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ვფიქრობთ, მისი შემოსვლით პენცენტრის იდეა კიდევ უფრო გამყარდება“.

საქართველოს პენცენტრი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის პრეზიდენტია: პაატა შამუგია. სამეურვეო საბჭო: ირაკლი კაკაბაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ქეთი ქანთარია, ლაშა ბუღაძე, გიორგი ლობჟანიძე, დავით რობაქიძე, ალექს ჩიღვინაძე, გიორგი შონია, ნინო ბექიშვილი, ირაკლი ლომოური, ირინე ჭოღოშვილი.

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 21 აპრილს, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ქრისტიანები ამ დღეს იესო ქრისტეს იერუსალიმში ზეიმით შესვლას აღნიშნავენ.

მომავალ კვირას, 28 აპრილს კი, მართლმადიდებლები ქრისტეს აღდგომას იზეიმებენ.

ბზობა, ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი:

ბზობა, ბათუმის ღვისმშობლის საკათედრო ტაძარი, 2019 წლის 21 აპრილი
ბზობა, ბათუმის ღვისმშობლის საკათედრო ტაძარი, 2019 წლის 21 აპრილი
ბზობა, ბათუმის ღვისმშობლის საკათედრო ტაძარი, 2019 წლის 21 აპრილი
ბზობა, ბათუმის ღვისმშობლის საკათედრო ტაძარი, 2019 წლის 21 აპრილი
ბზობა, ბათუმის ღვისმშობლის საკათედრო ტაძარი, 2019 წლის 21 აპრილი
ბზობა, ბათუმის ღვისმშობლის საკათედრო ტაძარი, 2019 წლის 21 აპრილი
ბზობა, ბათუმის ღვისმშობლის საკათედრო ტაძარი, 2019 წლის 21 აპრილი
ბზობა, ბათუმის ღვისმშობლის საკათედრო ტაძარი, 2019 წლის 21 აპრილი
ბზობა, ბათუმის ღვისმშობლის საკათედრო ტაძარი, 2019 წლის 21 აპრილი

ქრისტიანების ნაწილი აღდგომას აღნიშნავს [ფოტო]

ხვალ 21 აპრილს, ქრისტიანული სამყაროს ნაწილი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ზეიმობს. დღეს, 20 აპრილს, საღამოს 8 საათიდან, სააღდგომო მსახურება დაიწყო ბათუმის კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებში. ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიებში კი სააღდგომო მსახურება ხვალ დილით გაიმართება.

კათოლიკები აღდგომის ღამეს კოცონს ანთებენ
ფოტო: ლელა დუმბაძის

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ეზოში ტრადიციისამებრ კოცონი დაინთო, სადაც მრევლი შეიკრიბა და „მამაო ჩვენოს“ წაკითხვის შემდეგ სანთლები აანთეს. კათოლიკები ცეცხლს ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ ანთებენ.

კოცონის ცეცხლიდან ანთებენ სანთლებს და ეკლესიას წრეს უვლიან. შემდეგ კი შედიან ტაძარში, სადაც სინათლე მხოლოდ ამის შემდეგ ინთება.

ბათუმის კათოლიკური ეკლესია. სააღდგომო მსახურება.
ფოტო: ლელა დუმბაძის
აღდგომის მსახურება ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში. 2019 წელი.

მართლმადიდებელი ეკლესია კი აღდგომას 28 აპრილს იზეიმებს. ხვალ, 21 აპრილს კი მართლმადიდებლები ბზობის, ანუ ქრისტეს იერუსალიმში შესვლის დღეს აღნიშნავენ.

პადრე, გაბრიელ ბრაგანტინი სააღდგომო მსახურებაზე.
ფოტო: ლელა დუმბაძის

მარათონი ბათუმში [ფოტო]

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში მარათონი იმართება. მარათონი 18:40 საათზე დაიწყო და ამ დრომდე [21:30 სთ] გრძელდება.

მარათონის გამო ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

მარათონი ტარდება the Great Night Race-ს ორგანიზებით. ამავე წყაროს ცნობით, გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დასაჩუქრდებიან. პრიზების შესახებ ინფორმაცია და მარათონში მონაწილეობის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მარათონი ბათუმში / 20.04.2019 / ლელა დუმბაძის ფოტოები
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /
მარათონი ბათუმში / 20.04.2019 /

სომხური დიასპორა ბათუმში 21 აპრილს ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს [ფოტო]

სომხური სამოციქულო ეკლესია კვირას, 21 აპრილს, ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა ბათუმის სომხურ ეკლესიაში დღეს, 20 აპრილს, საღამოს 8 საათზე დაიწყო. ეკლესიაში ბათუმში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლებია შეკრებილნი.

ლიტურგია დღეს, საღამოს 11 საათისთვის დამთავრდება და კვირას, დილის 11 საათზე განახლდება. დილის ლიტურგიის დასრულების შემდეგ, დიასპორის წარმომადგენლები ბათუმში სომხური დიასპორის ცენტრში შეიკრიბებიან, სადაც სააღდგომო ღონისძიება გაიმართება.

21 აპრილს ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს კათოლიკური ეკლესიაც. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია კი ხვალ, 21 აპრილს, ბზობას აღნიშნავს, ქრისტეს აღდგომას კი – 28 აპრილს.

სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სომხურ ეკლესიაში [2019 წლის 20 აპრილი]:

 

სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სომხურ ეკლესიაში [2019 წლის 20 აპრილი]
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სომხურ ეკლესიაში [2019 წლის 20 აპრილი]
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სომხურ ეკლესიაში [2019 წლის 20 აპრილი]
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სომხურ ეკლესიაში [2019 წლის 20 აპრილი]
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სომხურ ეკლესიაში [2019 წლის 20 აპრილი]
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სომხურ ეკლესიაში [2019 წლის 20 აპრილი]
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სომხურ ეკლესიაში [2019 წლის 20 აპრილი]
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სომხურ ეკლესიაში [2019 წლის 20 აპრილი]
სააღდგომო ლიტურგია ბათუმის სომხურ ეკლესიაში [2019 წლის 20 აპრილი]

სომხური ეკლესია ბათუმში

ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია

მარათონის გამო ბათუმის ქუჩებში ავტომანქანების მოძრაობა პარალიზებულია, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებს. ქუჩებში ისმის მანქანების საყვირების გაბმული ხმაური.

დღეს, 20 აპრილს, ბათუმში მარათონის გამო, არაერთ ქუჩაზე მოძრაობა რომ ჩაიკეტებოდა, ამის შესახებ შსს-ს გუშინ განაცხადა.

შსს ინფორმაციით, მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით, ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება მარათონის დასრულების შემდეგ.

მემედ აბაშიძის გამზირი ბათუმში / 20.04.2019 / 19:55 სთ
მემედ აბაშიძის გამზირი ბათუმში / 20.04.2019
მარათონი ბათუმის ქუჩებში / 20.04.2019
მარათონი ბათუმის ქუჩებში / 20.04.2019
მარათონი ბათუმის ქუჩებში / 20.04.2019
მარათონი ბათუმის ქუჩებში / 20.04.2019

რა უნდა შეიცვალოს ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამებში – რეკომენდაციები

დანაშაულის მიმართ ტრადიციული, კონსერვატიული მიდგომა უპირველეს მიზნად ისახავს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირის იზოლირებას, ლიბერალური მიდგომა კი გულისხმობს, რომ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებას, რომელმაც ვერ უზრუნველყო დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორების შემცირება (როგორებიცაა: სიღარიბე, უმუშევრობა და სხვ). ლიბერალური მიდგომის მიხედვით, რეაბილიტაციის პროცესი გულისხმობს არა სამართალდამრღვევის გამოსწორებას, არამედ მისი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“  „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამა“ საქართველოში წელიწად-ნახევარზე მეტია ეხმარება ყოფილ პატიმრებს, მათი ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს: დასაქმების ხელშეწყობით, იურიდიული კონსულტაციებით, სამედიცინო მხარდაჭერით და ა.შ. პროგრამა სწორედ ლიბერალური მიდგომით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის“ პუბლიკაციაში, სადაც ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის  საერთაშორისო გამოცდილებაა ასახული, ნათქვამია, რომ საქართველოში სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალური ტენდენციაა, თუმცა არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს პროცესი ჯერ ადრეული განვითარების ეტაპზეა და ე.წ. რეპრესიული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ელემენტები და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ ინდივიდუალური მიდგომების ნაკლებობა ჯერ კიდევ ჭარბობს პრაქტიკაში.

„საქართველოს სისხლის სამართლის სისტემა, ერთი მხრივ, იზიარებს დანაშაულისადმი ლიბერალურ მიდგომას, მეორე მხრივ კი, ინარჩუნებს ტრადიციული მიდგომის პრაქტიკას. ზოგადი, მაგრამ მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, მოხდეს მოცემული მიდგომის კონცეპტუალური გააზრება და დაიწყოს უფრო თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა,“ – ნათქვამია კვლევაში, რომელშიც საქართველოში არსებული სახელმწიფო სარეაბილიტაციო პროგრამების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია მოცემული:

  • არამართებულია რომელიმე ცალკეულ ქვეყანაში არსებული მიდგომის დუბლირება, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება, ამა თუ იმ ქვეყნის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციის პროცესის ანალიზი
  • განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შემდეგ უნდა მოხდეს ცალკეული კომპონენტების ამოკრება და მათი საქართველოში დანერგვის შესაძლებლობის განხილვა. თუმცა შესაძლებელია ორი უფრო კონკრეტული რეკომენდაციის შეთავაზებაც:  რეაბილიტაციის პროცესის დაწყება სასჯელის მისჯის დღიდანვე, რადგან როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, სარეაბილიტაციო პროგრამები თავისუფლების აღკვეთისთანავე იწყება; სამართალდამრღვევებს საპატიმროშივე მიეწოდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო სერვისები
  • პირს საპატიმროში მოხვედრისთანავე ამზადებენ საზოგადოებაში დაბრუნებისთვის, რათა სასჯელის დასრულების შემდეგ ის მზად იყოს უმტკივნეულო რეინტეგრაციისთვის
  • საქართველოში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულების გაძლიერების ტენდენცია არის, თუმცა ეს არაა საკმარისი. საქართველოს დღეს არ გააჩნია ფინანსური და ადამიანური რესურსები, რომ დღესვე დანერგოს გერმანიის ან დანიის ციხეებში არსებული მიდგომები და გათავისუფლებულ სამართალდამრღვევებს სერვისების მრავალფეროვნება შესთავაზოს, თუმცა მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ გვიან დაწყებული სარეაბილიტაციო ღონისძიებები ნაკლებად ეფექტურია
  • მნიშვნელოვანი იქნება თუნდაც გრძელვადიანი ხედვის შემუშავება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება რეაბილიტაციის პროცესმა დიდწილად თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გადაინაცვლოს
  • აუცილებელია არსებული მიდგომების შედეგიანობის ანალიზი და შეფასება, რათა გადასახადის გადამხდელთა მიერ გადახდილი ფული არაეფექტურად არ დაიხარჯოს. მნიშვნელოვანია, რომ არსებული მიდგომები გაუმჯობესდეს და არაეფექტური სახელმწიფო პროგრამები შეჩერდეს
  • მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო თუ დანაშაულის პრევენციის სახელმწიფო პროგრამების შეფასების სისტემის დანერგვა

კვლევაში, რომელშიც რეკომენდაციებია მოცემული, დეტალურადაა განხილული ინგლისისა და უელსის, ნორვეგიის, დანიის, გერმანიისა და ესტონეთის ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის საერთაშორისო გამოცდილება.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

სტუდენტი, რომელიც ქართული ანბანისგან ახალ სტილს ქმნის

ქართული დამწერლობა იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად 2016 წელს აღიარა. ქართული ანბანისგან სახვითი ხელოვნების ახალ სტილს ქმნის, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ღუნაშვილი. მისი შექმნილი კალიგრამები უკვე საკმაოდ პოპულარულია. ნიკას ნამუშევრები 2015-2016 წლებში გამოფენილი იყო კაიროში და კიოლნის უნივერსიტეტში, გერმანიაში ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ.

ნიკა ღუნაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის სამომავლოდ გრაფიკული დიზაინის შესწავლას აპირებს და ქართული კალიგრამი ახალი და საინტერესო ნამუშევრების შექმნაში დაეხმარება.

ნიკა ღუნაშვილის კალიგრამი ქართულ ანბანზე

კალიგრამით პირველად რვა წლის ასაკში დაინტერესდა. „დედამ რუსთავში სამრევლო სკოლაში მიმიყვანა, სადაც ქართულ კალიგრაფიას ასწავლიან. ქართული კალიგრამები არ არსებობდა აქამდე და აქედან გამიჩნდა იდეა, რომ მემუშავა ამ მიმართულებით. მინდოდა, რაღაც ახალი შემემატებინა ქართული დამწერლობისთვის“, – გვეუბნება ნიკა.

კალიგრამების თემას, როგორც ნიკა გვეუბნება, ყოველდღიურობიდან იღებს – ირგვლივ რაც ხდება იქედან. „მაგალითად, კალიგრამი „მშვიდობა“ აგვისტოს ომის შემდეგ გავაკეთე. „ხანძარი“, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის დროს ვერტმფრენი რომ ჩავარდა ტბაში ის დავხატე. „იარე ნელა“ – გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე გავაკეთე“, – გვეუბნება ნიკა.

ნიკა ღუნაშვილს კალიგრამები შექმნილი აქვს ჩურჩხელაზე, ქართულ ცეკვაზე, ანბანზე… „ყველაზე მეტად „ქართული ცეკვა“ მომწონს, ალბათ უფრო დახვეწილია და ამიტომ“, – ამბობს ნიკა.

ნიკას აზრით, ქართულ კალიგრამს მომავალი აქვს გრაფიკულ დიზაინში და სარეკლამო სფეროში.

„განვითარების პერსპექტივა  აქვს მარკეტინგში, ბრენდინგში, აბრებზე, ლოგოებზე ძალიან მოთხოვნადია კალიგრამი. გრაფიკული დიზაინის მიმართულებით დიდი პერსპექტივები აქვს. პირველ რიგში მნიშვნელოვანი ის, რომ ქართულ დამწერლობას ძალიან დიდი ისტორია აქვს  და ვფიქრობ, რომ ისტორია არ უნდა დაიკარგოს. უნდა ვეცადოთ, რომ ის უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ, რაღაც ახალი შევმატოთ, განვავითაროთ და ქართულად ვწეროთ სოციალურ ქსელებშიც, რომ უფრო მეტად გახდეს ცნობილი სხვა კულტურებისა და ქვეყნებისთვისაც“.

ნიკა ღუნაშვილის ნამუშევარი

ნიკამ პირველი კომერციული წინადადება „გუდვილისგან“ მიიღო. „კამპანია ჰქონდათ ასეთი – „როგორია ნამდვილი“. კალიგრამები კეთდებოდა როგორც რძის პროდუქტებზე, ასევე ხილზე, ბოსტნეულზე და საკმაოდ საინტერესო იყო ამაზე მუშაობა“.

ქართულმა დამწერლობამ სამი საფეხური გაიარა. თავდაპირველად იყო ასომთავრული, შემდეგ, ხუცური და მხედრული, რომლისგანაც თანამედროვე ქართული დამწერლობა განვითარდა.

ფეხმძიმე ქალი

ნიკა კალიგრამისთვის ძირითადად თანამედროვე დამწერლობას იყენებს. ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გასაგები იყოს შინაარსი ყველასთვის, თუმცა იყენებს მხედრულის ელემენტებსაც.

ნამუშევრებს ნიკა ქაღალდზე ქმნის აკრილის საღებავით და ფუნჯებით. ასევე მელნით და კალმისტარითაც ხატავს. ნიკას ამ დროისთვის 30-მდე ნამუშევარი აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ გრაფიკული დიზაინის შესწავლის შემდეგ მისი ნამუშევრები უფრო საინტერესო და დახვეწილი იქნება.

„ქართულ ანბანთან მუშაობა ძალიან საინტერესოა, რადგან ხატვის დროს იმაზეც ვფიქრობ, როგორ იქმნებოდა ეს ანბანი“. – გვეუბნება ნიკა. მისი თქმით, ქართული კალიგრაფიისა და კალიგრამის მიმართ ინტერესი საზოგადოებაში გაჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ სფეროს საინტერესო განვითარება ექნება მომავალში.

ბათუმის ბულვარი „გედების ტბის“ რეკონსტრუქციას გეგმავს

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხეში არსებული ტბის რეკონსტრუქციისთვის და ახალი აუზის მოსაწყობად „ბათუმის ბულვარს“ 281 409 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ძველ ბულვარში არსებული ე.წ. გედების ტბის სარეკონსტრუქციო, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და 2019 წლის 16 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

[checklist]

  • პირველი ეტაპი – გედების ტბის ახალი აუზის მოწყობის სამუშაოები – ხელშეკრულების გაფორმებიდან სამოცი კალენდარული დღის ვადაში;
  • მეორე ეტაპი – გედების ტბის არსებული აუზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები – 2019 წლის 15 სექტემბრიდან 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

[/checklist]

შესაბამის მომსახურებას ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის 27 აპრილს დაიწყება და 30 აპრილს დასრულდება.

შესრულებული ყველა სახის სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან  სამი წლითაა განსაზღვრული.

არსებული გედების ტბის რეაბილიტაცია / ფოტო საპროექტო დოკუმენტიდან
საპროექტო გედების ტბის რეაბილიტაცია / ფოტო პროექტიდან

ბათუმის ბულვარის ზოოკუთხე 2006 წლიდან ფუნქციონირებს:

ნუ დაუყრით ფრინველებს მზესუმზირას და ბატიბუტს

 

ბათუმის ხელოვნების ცენტრის შენობის ადაპტირებისთვის 386 ათასამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი შშმ პირებისთვის ხელოვნების ცენტრის შენობის სრულად ადაპტირებას გეგმავს. შესაბამის  სამშენებლო-სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოებს კი, ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 386 530 ლარია. ცენტრის შენობა ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩა №1-ში მდებარეობს.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოეწყობა პლატფორმა ლიფტები ეტლით გადასაადგილებლად, ხოლო კიბის საფეხურებზე უნდა მოეწყოს კონტრასტული ფერის ანტისლიპები:

„პირველი სართულის მარშრუტი დაიკვალება ტაქტილური ბილიკებით. ამავე სართულზე უნდა შეიცვალოს საპირფარეშოს არსებული კარი ადაპტირებული კარით და მოხდეს სველი წერტილის სრულად ადაპტირება. მთავარ დარბაზში უნდა მოიხსნას სკამების ორი რიგი, სადაც შემდგომში განთავსდება სივრცე ეტლით მოსარგებლეთათვის“.

ხელოვნების ცენტრის შენობის სრულად ადაპტირება, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 9 მაისს დაიწყება და 14 მაისს დასრულდება.

როდის ჩაირთვება გაზი ბონის დასახლებაში

ბათუმში, ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისსა და მიმდებარე ქუჩებზე, აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი გუშინ საღამოს შემდეგ არ მიეწოდება.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით გაზის შეწყვეტის მიზეზი მილსადენის დაზიანება გახდა, რომელსაც სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა.

„აბონენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა გაზის მიწოდება დღეს, 20 აპრილის 13:30 საათიდან დაიწყება. აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“ – გვითხრეს „სოკარში“.

ძველ ბათუმში დამწვარ სახლს ძეგლის სტატუსი აქვს

ძველ ბათუმში, კომახის ქუჩის პირველ ნომერში ხანძრის შედეგად 400-მდე კვ.მ საცხოვრებელი ფართობი დაიწვა. დამწვარ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

მერიის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი თითქმის მთლინადაა დამწვარი, სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომელბიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა.

„დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ პირველადი მატერიალური დახმარება და მიეწოდებათ საკვები პროდუქტები“ – ამბობენ მერიაში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, აღდგება თუ არა სახლი თავდაპირველ მდგომარეობაში, მერიის პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ მერია ამ ეტაპზე დაზარალებული ოჯახების დახმარებით არის დაკავებული და შემდეგ სახლის რეაბილიტაციის საკითხზეც დაიწყება მუშაობა.

საცხოვრებელ სახლში ხანძარი დღეს, 20 აპრილს, დილით გაჩნდა.

ძველ ბათუმში დამწვარ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

ფოტო: ბათუმის მერია

ხანძარი ბათუმში – დაიწვა საცხოვრებელი სახლის ნაწილი

ბათუმში, დღეს 20 აპრილს, დილით, რევაზ კომახიძის #1-ში [ზვიად გამსახურდიას ქუჩის მიმდებარედ] საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით 1500 კვ/მ-მდე ფართობიდან 400 კვ/მ დაიწვა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათს მუშაობდნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ხანძარი ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე / 20.04.2019 / ფოტოები თვითმხილველმა მოგვაწოდა

შსს: ბათუმში დააკავეს კაცი, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვა აღიარა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული ლ.შ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ე.წ. „ატმეჩკის“ გამოყენებით კუპიურების მიმღები ყუთი მოხსნა, სადაც თანხა ინახებოდა.

სამართალდამცველებმა ლ.შ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ე.წ. „ატმეჩკები“, კუპიურების მიმღები ყუთი და 5 000 ლარამდე თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვისას, ლ.შ.-მ მიმდინარე წელს ჩადენილი სწრაფი ჩარიცხვის 23 აპარატის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

Exit mobile version