მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერი მუსლიმებთან შეხვედრის შემდეგ: დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა

09.07.2019
ბათუმის მერი მუსლიმებთან შეხვედრის შემდეგ: დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა

დღეს, 9 ივნისს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ბათუმის მერის კომენტარი შეხვედრის შესახებ პრესსამსახურმა წერილობით მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში, მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერ დავეთანხმები იმ განცხადებებს, რომლებიც პრესით მოვისმინე, თითქოს შეურაცხმყოფელ შეთავაზებებს ვაკეთებდეთ. პირიქით, მინდა ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა და მოწიწება დავაფიქსირო ჩვენი მუსლიმი მრევლის მიმართ.

შესაძლოა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას თვლიან მხარეები შედეგად. იმ მიზნის მისაღწევად, იმ პრობლემის გადასაჭრელად, რაც მხარეების წინაშე დგას, ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გავაკეთეთ, მედიის საშუალებითაც ახსნილი იყო დეტალები არგუმენტირებულად და დასაბუთებულად, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა.

გულწრფელად ველოდები, რომ არის დარჩენილი რესურსი საერთო გამოსავლის პოვნისა. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მინდა ვუთხრა, რომ თემა ნამდვილად ფაქიზია და ითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას.

ჩვენ, თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტი, ყველა ჩართული ორგანო, მზად ვართ იმისათვის, რომ პრობლემა იყოს გადაწყვეტილი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ურთიერთგაგებით.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლები შეხვდნენ ჯგუფის წევრებს და ჩვენი პოზიცია ოფიციალურად გააცნეს მათ, თუმცა ვერანაირ მზაობას ვერ ვხედავთ საპირისპირო მხრიდან“.

ბათუმის მერიის სახელით დღეს გავრცელებულ განმარტებაში არაფერი წერია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული წინადადება შესთავაზა მერიამ მეჩეთის მშენებლობის სიანიციატივო ჯგუფს.

_____

როგორც ცნობილია, მუსლიმმა თემმა ბათუმში გენერალ აბასიძის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი შეისყიდა, სადაც იგეგმება მეჩეთის მშენებლობა. თუმცა, ბათუმის მერია მუსლიმებს მშენებლობის ნებართვას არ აძლევს. მერისა და მუსლიმებს შორის სასამართლო დავა რამდენიმე თვეა რაც მიმდინარეობს, სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა.

ბათუმის მერია მუსლიმებს სთხოვს, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მუსლიმთა სამმართველოს გადასცენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მუსლიმები. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან მუსლიმებისთვის საკუთრების წართმევის მცდელობა.

ყველა მეჩეთი, რომელსაც დღეს მუსლიმთა სამმართველო განკარგავს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. შესაბამისად, ამ უწყების საკუთრებაში გადავა თემის მიერ მეჩეთისთვის შეძენილი მიწის ნაკვეთიც იმ შემთხვევაში, თუ მას მუსლიმთა სამმართველოს გადასცემენ, როგორც ამას ლაშა კომახიძე სთავაზობს მრევლს.

მუსლიმები აცხადებენ, რომ ისინი მეჩეთის მშენებლობისთვის სამართლებრივ დავას გააგრძელებენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: