მთავარი,სიახლეები

მოსამართლე ახალ მეჩეთზე დავის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ: წყენა უნდა დაივიწყოთ

12.06.2019 • 1518
მოსამართლე ახალ მეჩეთზე დავის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ: წყენა უნდა დაივიწყოთ

“სასამართლო ფიქრობს, რომ შეუძლებელია მხარეები ვერ შეთანხმდეთ. უფრო წარმოუდგენელია შეუთანხმებლობა… წარმატებებს გისურვებთ. წყენა და რამე თუ გქონდათ, უნდა დაივიწყოთ…” – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მერიის წარმომადგენელსაც და მუსლიმი თემის დამცველ იურისტებსაც. მოსამართლემ ახალი მეჩეთის საქმის განხილვა ისევ გადადო. სასამართლო დაელოდება, რას იტყვის მუსლიმი თემი მერთან შეხვედრის შემდეგ.

ბათუმის მერის ხელმოწერილი განცხადება მერიის იურისტმა გადასცა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს. მერმა ამ შემთხვევაში შეხვედრის კონკრეტული თარიღი დანიშნა – 8 ივლისი.

“ეჭვი ჩნდება, რომ შესაძლოა მერიას ისევ სურდეს პროცესის გაჭიანურება ან მუხტის დაკარგვა… ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს სასამართლო განხილვა,” – მიმართა მოსამართლეს იურისტმა, დავით ბერძულმა. იგი სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავს.

ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ მერიამ წარმოადგინა მხოლოდ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და არა კონკრეტული პირობა.

ამ საქმის სასამართლო განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. სხდომის გადადებას ხშირად ბათუმის მერია ითხოვდა. ამის მიუხედავად, მერია ამ დრომდე არ შეხვედრია მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის საკითხზე სასაუბროდ.

მოსამართლემ მერიის იურისტს უთხრა, რომ იქნებ 8 ივლისამდე ჩანიშნულიყო შეხვედრა. შესვენების გამოცხადების შემდეგ მერიის იურისტმა, ვახტანგ გედენიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ 21 ივნისს გაიმართებოდა პირველი შეხვედრა, 8 ივლისს კი მხარეების საბოლოო პოზიცია გახდება ცნობილი შეთანხმების შესახებ.

მოსამართლემ მხარეებს უთხრა, რომ 21 ივნისის შემდეგ სასამართლო ორივე მხარისგან გაიგებს შეხვედრის და არსებული შეთავაზების შესახებ. საბოლოოდ სხდომა ამ პოზიციებზე იქნება დამოკიდებული.

“8 ივლისს ამ ამბავს დაესმება წერტილი,” – თქვა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ და სასამართლო დარბაზიდან გავიდა.

“ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა” ბათუმის მერიას ორი წლის წინ უჩივლა. დავის საგანი მერიის გადაწყვეტილებაა, რომლითაც მუსლიმ თემს ახალი მეჩეთის აგებისთვის პირველი ეტაპის ნებართვის მიღებაზე უარი უთხრეს. მუსლიმები ამავე საქმეზე ითხოვენ დისკრიმინაციის დადგენასაც.

ამავე თემაზე:

რატომ ჭიანურდება ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმის განხილვა სასამართლოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: