ნეტგაზეთი • RU

რუსეთის სანქციების ქრონიკა საქართველოს წინააღმდეგ – მოკლედ

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის  შეჩერების შემდეგ რუსეთში ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის დახურვაზე და ფულადი გადარიცხვების აკრძალვაზე საუბრობენ.

მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ.

  • 2005 წლის დეკემბერი – რუსეთში აიკრძალა საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი. საბაბი იყო ფიტოსანიტარული ნორმების დარღვევა.
  • 2006 წლის მარტი – აიკრძალა ქართული ღვინის, ღვინომასალის, ბრენდისა და შუშხუნა ღვინოების რუსეთის ტერიტორიაზე ექსპორტი და რეალიზაცია. რუსეთი ამის მიზეზად ასახელებდა  პროდუქციის ნიმუშების შემოწმების შედეგებს.
ჯაშუშების სკანდალი, რომელსაც ეკონომკური ბლოკადა მოჰყვა
2006 წლის სექტემბერში საქართველოს შს სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) 4 ოფიცერი და 11 საქართველოს მოქალაქე, რასაც რუსეთის ფედერაციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პუტინმა საქართველო „სახელწიფო ტერორიზმში“ დაადანაშაულა და საქართველოდან გაიწვია რუსეთის ელჩი.
  • 2006 წლის აპრილი –  რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა  საქართველოში წარმოებული მინერალური წყლების ექსპორტი.
  • 2006 წლის ივლისი – რუსეთის მხარემ ცალმხრივად შეწყვიტა „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გავლით ფიზიკური პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების გატარება, მისი რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყების საბაბით.
დაირღვა ხელმოწერილი შეთანხება - გაიგეთ მეტი
ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი დაიხურა საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ხელმოწერილი ,,საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ” შეთანხმების მოთხოვნათა უხეში დარღვევით.  შეტყობინება გამშვები პუნქტის რემონტთან დაკავშირებით მოძრაობის შეჩერების თაობაზე საქართველოს გაეგზავნა ფუნქციონირების შეწყვეტამდე 2 საათით ადრე, ნაცვლად შეთანხმებით დადგენილი ვადისა.  რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევამ მეტად რთული ვითარება შექმნა საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც ბლოკირებული აღმოჩდნენ დიდი რაოდენობით  სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, ასევე საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა შორის იყვნენ მოხუცები, ბავშვები და პირები, რომლებიც საჭიროებდნენ სამედიცინო დახმარებას.
  • 2006 წლის სექტემბერი – საქართველოს მოქალაქეებისათვის შეჩერებულ იქნა ვიზების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შეძენასთან, მოწვევასთან, დროებითი ცხოვრების ნებართვისა და ბინადრობის მოწმობის აღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცემა.
  • 2006 წლის ოქტომბერი – რუსეთმა შეწყვიტა საქართველოსთან საჰაერო, საავტომობილო, საზღვაო, სარკინიგზო მიმოსვლა და საფოსტო კავშირი.
  • 2006 წლის ოქტომბერი – რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილების შენობის შესასვლელთან, სპეცდანიშნულების რაზმებმა დაიწყეს იქ მყოფი მოქალაეების საბუთების შემოწმება. დააკავეს 4 ადამიანი.
რატომ იყო ეს პრობლემა - დაკლიკეთ აქ
დაირღვა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-3 და 25-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებას ფაქტობრივად არ მიეცა საშუალება განეხორციელებინა მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია – დაიცვას თავისი სახელმწიფოს მოქალაქეთა ინტერესები ადგილსამყოფელ ქვეყანაში.
  • 2006 წლის ოქტომბერი –  რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსთან არსებულ სასტუმრო სახლ ,,თბილისში’’, რომელიც  საქართველოს საელჩოს კომპლექსი იყო, შედის სპეცდანიშნულების რაზმი, იქ თითქოსდა უკანონოდ მცხოვრები პირების გამოსახლების მიზნით. ამოწმებენ მცხოვრებთა საბუთებს, ლუქავენ სასტუმრო სახლის ნომრებს. რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ უგულებელყოფილია ექსტერიტორიულობის პრინციპი, რაც წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ  1961 წლის ვენის კონვენციის დარღვევას.
  • 2006 წლის ოქტომბერი – რუსეთის ფედერაცია ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებთან უშუალო სიახლოვეს (0.7 საზღვაო მილი ტერიტორიული წყლებიდან) იარაღის გამოცდისა და სამხედრო მანევრების განხორციელების შესახებ.
ძალის გამოყენების მუქარა
ამ ზონის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებს, ვინაიდან ზღუდავს შავ ზღვაზე საქართველოს საზღვაო  პორტების ფუნქციონირებას, აფერხებს და საფრთხეს უქმნის საჰაერო და საზღვაო მიმოსვლას საქართველოს მიმართულებით და, ასევე, ლახავს საქართველოს, როგორც  საზღვაო სახელმწიფოს უფლებას,  განახორციელოს თავისი სუვერენული ინტერესები და იურისდიქცია განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რაც განსაზღვრულია საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციის მე-5 ნაწილით. ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტში ასახულ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, განიხილება, როგორც საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების პირდაპირი მუქარა.
  • 2006 წლის ოქტომბერი – საქართველოში რუსეთის ფედერაციის საკონსულო უარს ეუბნება ორ ქართველ სამბისტს სავიზო ნებართვის  გაცემაზე, რის შედეგადაც ისინი ვერ იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირში.  ამავე პერიოდში უქმდება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაწილეობა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ტურნირზე.
  • 2006 წლის ოქტომბერი –  მოსკოვში, მალაია პოლიანას ქუჩაზე, უცნობი პირები არბევენ გალერეას, სადაც მიმდინარეობს ქართველი მხატვრის ალექსანდრე ჯიქიას ნამუშევრების გამოფენა.  მასობრივ ხასიათს იძენს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ისეთი საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შემოწმება, რომელსაც ქართული დასახელება აქვს. სამართალდამცავები ამოწმებენ არბატზე არსებული ქართულ კულტურულ ცენტრს „მზიური“. საქართველოს მოქალაქეთა გამოვლენის მიზნით, რუსეთის მილიცია პასპორტებს უმოწმებს მოსკოვში არსებულ წმ. გიორგის ეკლესიის მრევლს.
  • 2007 წლის იანვარი – რუსეთის ფედერაციის სასამართლოების მიერ ამ დროისათვის გამოტანილი იქნა 4 634 გადაწყვეტილება რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევების შესახებ. სამი ადამიანი გარდაიცვალა პატიმრობაში.
საქმე, რომელიც სტრასბუგის სასამართლოში საქართველომ მოიგო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გამოძევების კოორდინებული პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ევროპულმა სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ უკანონოდ დაკავებული და გამოძევებული ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5(1),(4) მუხლების დარღვევით; ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის არ იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-3, მე-5 (1), (4) მუხლებთან და მეოთხე ოქმის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში.

საქართველოს მოქალაქეების პირველი გაძევებული ნაკადი 2006 წლის 6 ოქტომბერს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს რუსეთიდან. სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოწმეები ამბობდნენ, რომ თვითმფრინავში სკამების ორი რიგი არსებობდა, რომლებზეც ქალები და ბავშვები ისხდნენ, მამაკაცები იატაკზე ისხდნენ, ან ფეხზე იდგნენ, ხოლო კასრის მსგავსი ნივთი გამოიყენებოდა როგორც ტუალეტი და ტრიალებდა რიგებს შორის.

* მომზადებულია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით. 

2008 წლის აგვისტო – რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

2008 წლის აგვისტო – შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის.

2008 წლის აგვისტოს ომი
2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ გამხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. 2009 წლის მარტში გაიხსნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.

2019 წლის ივნისი – რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა. აკრძალვის ოფიციალური მიზეზი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვაა.

„გავრილოვის ღამის“ შედეგი
19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. 20 ივნისს  გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელიც დღემდე [9 ივლისი] გრძელდება. 

2019 წლის ივლისი – რუსეთის დუმაში ქართული ღვინის, წყლის და ფულადი გზავნილების აკრძალვაზე იმსჯელებენ [ინფორმაცია განახლდება].

ჟურნალისტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინება
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. “რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. 
[სტატია განახლების რეჟიმშია]. 
მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com