რუსთავი 2-ის გარშემო მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, რაც ამ არხის ტელეწამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. საქმე იმაშია, რომ რუსთავი 2-თან შეკრებილი მოქალაქეები ამ წუთებში არხის გაუქმებას, ასევე გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვენ. არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. მანამდე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ტელეწამყვანის ამ განცხადებას უწოდეს „პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“ და თქვეს ისიც, რომ ამას „რეაგირების გარეშე“ არ დატოვებენ.
ზვიად ქორიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
რაკი გიორგი გაბუნიას დღევანდელმა რეპლიკამ ასეთი გაცხოველებული საჯარო დისკუსია გამოიწვია, მსურს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებს რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ.
1. მიმაჩნია, რომ გაბუნიას რეპლიკა იყო უხამსი. ცუდია, როდესაც მედიასაშუალება სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებისას უარს არ ამბობს უხამსობაზე. ამაზე მუდმივად შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ეს საკითხი ვერაფრით გასცდება თვითრეგულირების სფეროს;
2. მიმაჩნია, რომ თვითრეგულირების სფეროს უფრო მკაცრი რეგლამენტაცია, როგორიც დღეს გვაქვს, უკვე ცენზურის მცდელობა იქნება. ამიტომ არის სახიფათო ხელისუფლების წამომადგენელთა განცხადებები მედიის კონტროლისა და საპასუხო ქმედებების შესახებ;
3. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური სასაუბროდან უნდა ამოაგდოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი. რამდენადაც ხშირად ვიტყვით, რომ “აიკრძალოს რუსთავი-2”, “აეკრძალოს გაბუნიას სატელევიზიო ეთერში ყოფნა” და მსგავსი განცხადებები, მით მალე დავემსგავსებით ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებს, როგორც თავად რუსეთია;
4. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საფუძვლებზე სერიოზული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს დასუსტება და მისი დემოკრატიულობის ხარისხის დაცემა;
5. მიმაჩნია, რომ ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა.
დღეს კიდევ ერთ ტესტს ვაბარებთ დემოკრატიაზე. მთავარია, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა. “რუსთავი-2”-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი უხამსობა ჩემთვის პერსონალურ ურთიერთობებშიც მიუღებელია და პროფესიულ საქმიანობაშიც.
ამავე თემაზე:
https://netgazeti.ge/news/378630/