დღეს, 9 ივნისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო ფოტოგამოფენა – ევროპული მოედნები და მათი ისტორიები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნი რუმინეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. წიგნზე მუშაობდა ეთნოგრაფი და ანთროპოლოგი კატალინ დ. კონსტანტინი.
ის საქართველოში, კერძოდ, თბილისში არსებულ მოედნებსაც სწავლობს. „ბათუმელებს“ მან უთხრა, რომ საქართველოს მოედნებს შემდეგ გამოფენებში უფრო ვრცლად წარმოადგენს. დღევანდელ გამოფენაზე კი წარმოდგენილი იყო თბილისის ორი – თავისუფლების მოედანი და მეტეხის ხიდთან არსებული მეიდანი.
რა არის მთავარი მოედნისთვის, რა ღირებულება აქვს მას ქალაქის ცხოვრებაში? – ვკითხეთ ანთროპოლოგს. მისი თქმით, მოედნის მთავარი ელემენტი ადამიანია.
„თავისუფლების მოედანზე [თბილისი] ადამიანი ვერ გაჩერდება. ვერ დასხდებიან, ვერ ისაუბრებენ, თბილისის მეიდანზე კი ამას აკეთებენ ადამიანები. ქალაქის მთავარი მოედანი არ უნდა იყოს ცარიელი სივრცე, არამედ სივრცე ხალხის თავშეყრისთვის. იქ იწერება ისტორია და იქ ხდება ქალაქის კულტურისა და სოციალური მეობის ჩამოყალიბება“, – გვეუბნება კატალინ დ. კონსტანტინი.
კონსტანტინი ამბობს, რომ მისთვის, როგორც ანთროპოლიგისთვის, მთავარი სწორედ თბილისის მეიდანია და არა თავისუფლების მოედანი. „თბილისის მეიდანი ყველაზე კარგად ინახავს იმ ევროპული ქალაქის მოედნის სახეობას, საიდანაც შეიძლება მთელი ისტორია წაიკითხო. რაც უფრო ძველია მოედანი, რაც უფრო ისტორიულია, მით უფრო კარგად იკითხება მასში ქალაქისა და ქვეყნის ისტორია“, – გვეუბნება ის.
ბსუს-ს ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ სირაძე ამბობს, რომ ჩვენ მოედნებისთვის ამ კუთხით არასდროს შეგვიხედავს და სწორედ ამიტომ არის ეს გამოფენაც მნიშვნელოვანი. „მთავარია, რომ ეს იდეა ჩაისახა ჩვენს ცნობიერებაში და შემდეგ ამ კუთხით შევხედავთ მოედნებს“, – გვითხრა მან.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დრონით გადაღებული 50 ევროპული მოედნის ფოტო.