მთავარი,სიახლეები

ონიშენკო: საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე

09.07.2019 • 812
ონიშენკო: საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე

რუსეთის დუმის წევრმა, რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე. იგი ამბობს, რომ მხარს უჭერს სანქციების დაწესებას და რუსული ბაზრის დახურვას საქართველოსთვის.

„საქართველოში მეღვინეობა უკვე ნამდვილად ჩამოიშლება [რუსეთის ბაზრის გარეშე]. თუ ჩვენ დავადებთ სანქციებს, ქართველმა ხალხმა უნდა ჰკითხოს თავის პოლიტიკოსებს, ვისზე მუშაობენ ისინი – ვაშინგტონისთვის თუ საკუთარი ხალხისთვის“, – განაცხადა ონიშენკომ.

მან ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლების შეტანის აკრძალვას, მაგრამ არა როგორც ექიმი, არამედ როგორც პოლიტიკოსი.

ონიშენკომ ასევე აღნიშნა, რომ აკრძალვა ხდება „ძალიან მარტივად“: „გაიცემა ბრძანება, საბაჟო არ უშვებს. აიკრძალება და მორჩა“ – განაცხადა მან.

ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისათვის რუსული ბაზრის დახურვა პირველი შემთხვევა არ არის. 2006 წელს, როცა ონიშენკო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი იყო, მისმა უწყებამ რუსეთში ღვინის შეტანის აკრძალვა იმით განმარტა, რომ ქართული ღვინო ვერ აკმაყოფილებდა რუსეთის ფედერაციაში ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. რუსული ემბარგო 2012 წლის ბოლოს მოიხსნა.

2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25 582 447), უკრაინა (3 752 488), ჩინეთი (3 554 127), პოლონეთი (1 821 802) და ყაზახეთი (1 656 318).

გუშინ, 8 ივლისს, რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: