ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მე-6 სკოლისთვის ახალი კორპუსი აშენდება

08.07.2019 • 4199
ბათუმის მე-6 სკოლისთვის ახალი კორპუსი აშენდება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე N6 საჯარო სკოლის არსებული კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და მეორე კორპუსის მშენებლობის სამუშაოები 2019 წელს უნდა დაიწყოს და 2021 წელში დასრულდეს. რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 491 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, N6 საჯარო სკოლის არსებული კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს 5 თვის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში დაფიქსირებული თარიღიდან. ეს სამუშაოები უნდა განხორციელდეს 2021 წელს [სავარაუდო პერიოდი: აპრილი – სექტემბერი]. ახალი [მეორე კორპუსის] მშენებლობა კი 24 თვეში უნდა დასრულდეს ხელშეკრულების დადების თარიღიდან.

„ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები [მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით], ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

სამინისტროს განცხადებით, პროექტის მიხედვით „უნდა აშენდეს სამსართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 540 მოსწავლეზე ერთ ცვლაში. შენობაში განთავსდება 18 საკლასო ოთახი და დამხმარე ოთახები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო. შენობა ადაპტირებული იქნება, მოეწყობა ლიფტი, შესაბამისი სველი წერტილები და პანდუსი. ასევე, განხორციელდება არსებული შენობის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია. ეზო სრულად კეთილმოეწყობა. აქვე განთავსდება ღია სპორტული მოედანი ტრიბუნებით“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

ამ სკოლის არსებული შენობის მხოლოდ ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე ტენდერი სამინისტრომ 2018 წლის თებერვალშიც გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე დღეში ტენდერი შეწყვიტა. სატენდერო თანხა 610 769 ლარი იყო.

ტენდერის შეწყვეტის შესაბამის ოქმში ვკითხულობთ, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია და ახალი კორპუსის მშენებლობა ერთი პროექტია, ამიტომ ის უნდა გადასცემოდა ბათუმის მუნიციპალიტეტს. თუმცა პროექტს ისევ სამინისტრო განახორციელებს.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/115876/

მთავარი ფოტო: მე-6 სკოლის ახალი კორპუსი / რენდერი პროექტიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: