„შუახევიჰესი“ გვირაბის ჩამოშლის შემდეგ


აგვისტოში „შუახევიჰესის“ სამი გვირაბიდან ერთ-ერთი ჩამოიშალა. სამი თვის შემდეგ ჰესის მფლობელ კომპანიაში, „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ თქვეს, რომ მეწყრული პროცესებით აქტიურ მაღალმთიანეთში, სავარაუდოდ, გვირაბის ჩამოშლა „არამყარმა ქანებმა“ განაპირობა და საქმე გვაქვს „გაუთვალისწინებელ გეოლოგიურ პროცესთან“.

გვირაბი ხულოში, სოფელ დიდაჭარასთან ჩამოიშალა, წყალსაცავთან ახლოს, რომელიც წყლისგან ახლა სრულიად დაცლილია. ამ ადგილას მოსახლეობა სამი წლის წინ საპროტესტო აქციებს მართავდა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მაშინ ექსპერტებმაც ღიად თქვეს, რომ ჰესი შესაბამისი გეოლოგიური დასკვნების გარეშე შენდებოდა და საფრთხეს არაფერი გამორიცხავდა. ჰესის მშენებელი კომპანია კი ახლაც ირწმუნება, რომ დასკვნები არსებობდა. მოსახლეობის ეს საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა დაშალეს. ჩახშობილი პროტესტის შემდეგ აშენებული გვირაბი ჩამოიშალა, როგორც კი შიგ ჰესის ექსპლუატაციის სატესტო რეჟიმის დროს წყალი გაუშვეს.

„შუახევიჰესი“ არ არის პირველი ჰიდროელექტროსადგური, სადაც გვირაბი ჩამოიშალა. სხვადასხვა ფორმით ჰესებზე რამდენიმე გვირაბი დაზიანდა. რატომ იშლება ახალაშენებული ჰესები? – პასუხი არ აქვს არც ერთ სამთავრობო უწყებას. მთავრობა მხოლოდ ზარალს ითვლის და ჰესების მშენებელი კომპანიების ნაცვლად, დიდი თუ მცირე მასშტაბის ზარალის ანაზღაურებას ცდილობს.

ჩამოშლილი გვირაბის შესასვლელი დიდაჭარის წყალსაცავთან. გვირაბი შესასვლელიდან 170-ე მეტრზეა ჩამოშლილი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

რა მოხდა „შუახევიჰესის“ გვირაბში

„აგვისტოს შუა რიცხვებში მივხვდით, რომ სხალთა-დიდაჭარის გვირაბში იყო პრობლემა – გვირაბმა წყალი არ გაატარა… დავცალეთ გვირაბი წყლისგან, რომ გვენახა რა მოხდა, სად იყო პრობლემური ადგილები. პრობლემა დიდაჭარის წყალსაცავთან ახლოს აღმოვაჩინეთ, გვირაბის შესასვლელიდან 170 მეტრში,“ – გვიყვება კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ პროექტის დირექტორის მოადგილე, ჯოშ ჯერარდი.

რის გამო ჩამოიშალა გვირაბი? – კომპანიაში ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ. განმარტავენ, რომ დათვალიერება ამ დრომდე გრძელდება, გვირაბში ჩამოსული მასა უნდა გაიბურღოს და ლაბორატორიული ექსპერტიზა ჩატარდეს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გვირაბი ჩამოიშალა და არ ჩამონგრეულა. ჯერ ზუსტი მიზეზი არ დაგვიდგენია, მაგრამ შესაძლებელია, რომ გაუთვალისწინებელი გეოლოგიური პროცესი განვითარდა. გეოლოგიური დასკვნა, რა თქმა უნდა, არსებობდა მშენებლობის დაწყებამდე, მაგრამ გეოლოგიაში ყველაფერს ვერ გათვლი,“ – აღნიშნავს ჯოშ ჯერარდი.

„დეტალური გეოლოგიური კვლევები არ ჩატარებულა, ეს არის ტყუილი,“ – ამბობს დავით ჭიპაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი. იგი 2013 წელს ორგანიზაციის მიერ წერილობითი ფორმით გასაჯაროვებულ შენიშვნებს გვაჩვენებს, სადაც წერია, რომ დეტალური კვლევის გარეშე დაიწყო ჰესის მშენებლობა. დავით ჭიპაშვილის თქმით, მოგვიანებით კომპანიამ წარმოადგინა გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ აეროდათვალიერება ჩატარდა.

„ასე არ არის, ჩვენ დეტალური კვლევები ჩავატარეთ,“ – ამბობს ჯოშ ჯერარდი, – „გვირაბის გაყვანის დროს პარალელურ რეჟიმში მუშაობდნენ გეოლოგები. ისინი ყოველი სამი მეტრის გაყვანის შემდეგ სწავლობდნენ მიწის ქანებს და ჩანაწერებს აკეთებდნენ. ჩვენ მათი დასკვნების მიხედვით ვიღებდით გადაწყვეტილებას. თუკი ისინი იტყოდნენ, რომ რთულ ქანებთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში გამოვიყენებდით გვირაბის ჩამოცემენტების მეთოდს, ან ლითონის კონსტრუქციებს და ისე გავამყარებდით გვირაბს, მაგრამ ამის აუცილებლობა გეოლოგებს არ დაუნახავთ“.

დავით ჭიპაშვილი: „თან ბურღავდე გვირაბს, აფეთქებდე და თან დეტალურ გეოლოგიურ კვლევას ატარებდე, ასე არ ხდება, ეს მინიმუმ არასერიოზულია. დეტალური კვლევა ასე არ კეთდება. ჯერ ტარდება გეოლოგიური კვლევა, პრობლემური ადგილების გამოკვეთა, შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მერე – ნებართვის მიღება. ჩვენ 2013 წელს ვამბობდით, რომ ასე არ შეიძლებოდა და არსებობდა საფრთხე. კომპანიამაც და სამთავრობო უწყებებმაც მაშინ გვითხრეს, თქვენ არაფერი იცით, ჩვენ ვიცითო. ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 10 წელი სჭირდება ჰესის მშენებელ კომპანიას ნებართვის მისაღებად“.

რატომ ვერ დადგინდა სამ თვეში გვირაბის ჩამოშლის ზუსტი მიზეზი? – ჯოშ ჯერარდი ამბობს, რომ გვირაბის ჩამოშლის დროს ჰესის სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებული იყო და მათ ხელახლა მოუხდათ ინფრასტრუქტურის აღდგენა, ელექტროხაზების გაყვანა, ვენტილაციის სისტემის შექმნა, წყლის ამოტუმბვა.

„ახლა ვცდილობთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის შეიქმნას გვირაბში უსაფრთხო გარემო. თავდაპირველად უნდა გაიბურღოს ეს ჩამოსული მასა, რომ გავიდეთ მეორე მხარეს. ჩვენ არ ვიცით რამდენ ნაწილად არის ჩამოსული მიწის მასა. გრუნტის მასალა გაიგზავნება ლაბორატორიაში, დაიდება დასკვნები და შემდეგ განისაზღვრება, რა უნდა გაკეთდეს,“ – დასძენს ჯოშ ჯერარდი, „შუახევიჰესის“ პროექტის დირექტორის მოადგილე.

ჯოშ ჯერარდი დაფაზე გვიხატავს, რა ფორმით ჩამოიშალა გვირაბი. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

„შუახევიჰესს“ სამი კომპანია აშენებს: ნორვეგიული Clean Energy Invest-ი, ინდური კომპანია Tata Power-ი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი IFC-ი. ამ კომპანიებმა შუახევში ჰესის ასაშენებელად 400 მილიონი აშშ დოლარი ჩადეს. ჰესის მშენებლობაზე ნებართვა 2013 წელს გაიცა. ოფიციალური დოკუმენტებით, „შუახევიჰესი“ 2018 წლის 9 იანვრიდან უნდა შესულიყო ექსპლუატაციაში, თუმცა ჯოშ ჯერარდი ამბობს, რომ ექსპლუატაციის დაწყების ვადა მინიმუმ ექვსი თვით გადაიწევს.

საიდან დაასკვნა კომპანიამ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

2 ნოემბერს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: „დათვალიერების ფაზის დასრულების შემდგომ შესაძლებელი გახდება ტესტირების ჩატარება დაზიანებების მიზეზის დასადგენად… ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი საშიშროება არ ემუქრება“.

ჯოშ ჯერარდს ვკითხეთ, რის საფუძველზე დაამშვიდა კომპანიამ მოსახლეობა, როცა არავის დაუდგენია ჩამოშლის ზუსტი მიზეზი და შესაძლო რისკები. „შეუძლებელია ამ ჩამოშლამ საფრთხე გამოიწვიოს მოსახლეობისთვის,“ – ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენა ჩვენთან ინტერვიუს დროს ჰესის მფლობელი კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. ჯოშ ჯერარდმა ვერ გვითხრა, მხოლოდ ზეპირ განაცხადს რატომ უნდა ენდოს მოსახლეობა. ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რის გამოც მიიჩნევს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება:

„გვირაბში ჩამოსული მასა არ ჩანს იმდენი, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. თვითონ გვირაბის თავზე საცხოვრებელი სახლები არ არის და არც ვინმეს განცხადება შემოსულა, რომ მიწამ დაიწია, ან რამე საფრთხე შეექმნა,“ – ამბობს ჯოშ ჯერარდი.

„მიწა არ ჩაწეულა, მაგრამ სახლებს ისევ უჩნდება ბზარები, წყაროები, მათ შორის, სამკურნალო წყლები დაიკარგა, მეტი რაღა უნდა მოხდეს?“ – ამბობს სოფელ ღურტას მცხოვრები ზურაბ გელაძე. მას სამი წლის წინ გამართულ აქციაზეც ვკითხეთ, რომელიც ხელისუფლებამ დაშალა. მაშინ ღურტელებმა წერილი თითქმის ყველა სამთავრობო უწყებას მისწერეს, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ღურტელები ამბობენ, რომ მათ არავინ გამოეხმაურა.

დიდაჭარის გვირაბის დათვალიერებაზე კომპანიამ უარი გვითხრა უსაფრთხოების მიზეზით. „გვირაბში სამუშაოები მიმდინარეობს, იქ საკუთარ თანამშრომლებსაც არ ვუშვებთ“, – დასძინა ჯოშ ჯერარდმა.

ბათუმი-ახალციხის დაზიანებული გზა დიდაჭარის წყალსაცავთან. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დიდაჭარის გვირაბთან „ბათუმელებს“ არავინ დახვედრია. გვირაბის შესასვლელთან მძიმე ტექნიკაა გაჩერებული, დიდაჭარის წყალსაცავი წყლისგან სრულიად დაცლილია. აგვისტოში შევსებული წყალსაცავის კვალი ეტყობა ტყის პირს, სადაც რამდენიმე თვის წინ წყალი აღწევდა.

გორხანაული წყლით იჟღინთება

შუახევში, სოფელ გორხანაულში, წყალი მიწიდან მიმდინარე წლის ივლისში ამოვიდა. წყლით გაიჟღინთა ფერდობები, საკარმიდამო ნაკვეთები, გზები… მიწიდან წყლის ამოსვლამდე, „შუახევიჰესის“ მშენებლობის დროს, სოფელში წყალი დაშრა. ამ სოფელში თითქმის ყველა სახლთან შენიშნავთ წყლის ლურჯ ავზს. წყლის დაშრობის დროს სოფელში ავზები დადგა კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“. სასმელი წყლით ჰესის მფლობელი კომპანია ამარაგებს სოფელს. ჰესის ერთ-ერთი გვირაბი სოფელ გორხანაულის თავზე გადის.

„წყალი არასდროს ყოფილა პრობლემა ჩვენს სოფელში. პრობლემა მას მერე დაიწყო, რაც ჰესი შენდება,“ – გვიყვება გორხანაულში მცხოვრები მადონა თავდგირიძე და თან მიწიდან რამდენიმე ადგილას ამომავალ წყალს გვაჩვენებს. – „ჯერ წყალი დაშრა, ახლა პირიქითაა, წყალმა უნდა წაგვიღოს, მგონი. წყალი ივლისში გამოვიდა, ვიდრე გვირაბი ჩამოიშლებოდა. მახსოვს, პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, ჰესი ამუშავდაო და ჩემი ქმარიც ესწრებოდა მაგას. მეორე თუ მესამე დღე იყო, ბოსტანი წყლისგან გაჟღენთილი დამხვდა“.

„გვირაბის ჩამოშლის შემდეგ ჩვენ წყლისგან დავცალეთ ყველა გვირაბი. ეს აჩვენებს იმას, რომ ამ სოფელში წყლის მიწიდან ამოსვლა ჰესს არ უკავშირდება. ასევე ამ სოფელში ბევრად უფრო ადრე ამოვიდა წყალი, ვიდრე სხალთა-დიდაჭარის გვირაბი ჩამოიშლებოდა,“ – გვითხრა თავდაპირველად „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალურ და მიწის საკითხთა დირექტორმა, ზვიად დიასამიძემ.

„იქნებ თვითონ ვერ შენიშნეს, რომ გვირაბი იყო ჩამოშლილი? დაგვიმტკიცონ მაშინ, რომ არ უკავშირდება ეს პრობლემა ჰესის მშენებლობას. გვეუბნებიან, არ მტკიცდება და თქვენ დადეთ ექსპერტიზაო. ჩვენ საიდან უნდა ჩავატაროთ ექსპერტიზა?“ – კითხულობს მადონა თავდგირიძე სოფელ გორხანაულიდან.

სოფელ გორხანაულში მიწიდან წყლის ამოსვლაზე გეოლოგიური დასკვნა 2017 წლის 19 სექტემბერს მოამზადა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ. მანამდე გორხანაულში აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ ჩაატარა კვლევა. დასკვნების მიხედვით, გეოლოგებმა 10 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი შეისწავლეს და კონკრეტულად ლელა პლატონაძის ოჯახის შემთხვევაში ადგილმონაცვლეობის საჭიროება დაადგინეს.

„სახლი იმყოფება მეწყრული პროცესების შესაძლო განვითარების ზონაში, საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს და უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია შენობის გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანა… აქვე აღვნიშნავთ, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია,“ – ვკითხულობთ გეოლოგიურ დასკვნაში, რომელიც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ მოამზადა.

რატომ ამოდის სოფელში წყალი მიწიდან? – გარემოს დაცვის სააგენტოს გეოლოგიურ დასკვნაში წყლის გააქტიურების შესახებ ეს წერია:

„ცალსახაა, რომ „შუახევიჰესის“ ექსპლუატაციაში საცდელი გაშვების შემდეგ მოიმატა გრუნტის წყლების დებიტმა. თუ გავითვალისწინებთ გრუნტის წყლების გაზრდილ დებიტს და მათ გამოსვლებს, რომლებიც უსისტემოდ მიედინება იქ მცხოვრები მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებში, აუცილებელია გრუნტის წყლების რეგულირება – დრენაჟი შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით“.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჰესის მშენებლობას უკავშირდება სოფელში წყლის ამოსვლა? – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, მერაბ გაფრინდაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამის დადასტურებას ჰიდროგეოლოგიური დასკვნა სჭირდება, რომელიც ძვირადღირებულია და ამის რესურსი სააგენტოს არ გააჩნია. სააგენტოში გვითხრეს, რომ ჰესის მფლობელ კომპანიას აქვს ვალდებულება, ჰიდროგეოლოგიური კვლევა ჩაატაროს.

შუახევში, სოფელ გორხანაულში, წყალი მიწიდან მიმდინარე წლის ივლისში ამოვიდა. წყლით გაიჟღინთა ფერდობები, საკარმიდამო ნაკვეთები, გზები… მიწიდან წყლის ამოსვლამდე, „შუახევიჰესის“ მშენებლობის დროს, სოფელში წყალი დაშრა. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

„ჰიდროგეოლოგია სწავლობს მიწისქვეშა წყლებს, ადგენს როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრივ რეჟიმს. ჰიდროგეოლოგიური კვლევის ჩატარების ვალდებულება, როგორც ვიცი, აქვს ჰესის მშენებელ კომპანიას. ეს გათვალისწინებულია ნებართვაში, რაც კომპანიას მიეცა მშენებლობის დაწყებამდე. საჭიროების შემთხვევაში, კომპანიამ უნდა ჩაატაროს მსგავსი კვლევა, როგორც მშენებლობის, ასევე ჰესის ექსპლუატაციის დროს,“ – ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის გაგზავნილ დასკვნაში ჩაწერა, რომ ჰიდროგეოლოგიური დასკვნის გაკეთება გამგეობამ კომპანიას უნდა მოსთხოვოს. შუახევის გამგეობაში კომპანიისთვის მიმართვის ნაცვლად ბიუჯეტის ფულის დახარჯვა არჩიეს.

„ოჯახს, რომლის ადგილმონაცვლეობის საჭიროება დაადგინეს გეოლოგებმა, შევთავაზეთ, რომ ჩავრთავთ 25-ათასლარიან პროგრამაში. ამ ოჯახს შეუძლია მიიღოს 25 ათასი ლარი, როგორც ეკომიგრანტმა,“ – ეს ზაზა ზოიძემ გვითხრა, შუახევის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა.

კითხვაზე, რატომ უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტის ფული, თუკი კერძო კომპანიის გამო ზიანდება მოქალაქე, ზაზა ზოიძემ გვიპასუხა, რომ „კომპანიას პირდაპირ ვერაფერს დაავალებს გამგეობა“. საბოლოოდ შუახევის გამგეობამ ჩვენთან საუბრის დროს ეს გამოსავალი იპოვა: „თუ მოქალაქეს პრეტენზია აქვს, სასამართლოს მიმართოს“.

„მიუხედავად იმისა, რომ არ დადგენილა ის, რომ ჩვენ გამო ამოდის იქ წყალი, მზად ვიყავით მოგვეწყო სადრენაჟო სისტემა. ამაზეც უარი გვითხრეს,“ – აღნიშნავს ზვიად დიასამიძე, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალურ და მიწის საკითხთა დირექტორი.

კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯოშ ჯერარდი ხაზს უსვამს იმას, რომ სოფელი გორხანაული დაახლოებით 20 კილომეტრითაა დაშორებული დიდაჭარის წყალსაცავს, ანუ იმ ადგილს, სადაც გვირაბი ჩამოიშალა. ჯოშ ჯერარდი რუკაზე გვაჩვენებს, რომ სოფელ გორხანაულის თავზე გამავალი გვირაბი არ უკავშირდება დიდაჭარასთან ჩამოშლილ გვირაბს.

მადონა თავდგირიძე, სოფელი გორხანაული: „ჩვენც არ ვიცით, არის თუ არა ეს წყალი გვირაბიდან გამოსული. ფაქტი არის ერთი, რომ ჰესის მშენებლობის შემდეგ წყალმა შეიცვალა მიმართულება, ჯერ წყალი გაქრა, ახლა ყველგან წყალი მოდის.“

მადონა თავდგირიძე მეზობელია გასახლებას დაქვემდებარებული ლელა პლატონაძის, რომელიც სახლში არ დაგვხვდა. მადონა ადასტურებს, რომ სადრენაჟო სისტემის მოწყობაზე მართლაც უარი თქვეს მეზობლებმა, რადგან კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ მისცეს იმის გარანტია, რომ ეს მოაგვარებდა პრობლემას.

რით ადასტურებს კომპანია, რომ სადრენაჟო სისტემის მოწყობით, მაგალითად, ლელა პლატონაძეს გასახლება აღარ დასჭირდება? გეოლოგიურ დასკვნაში არ წერია, რომ სადრენაჟო სისტემის მოწყობა უზრუნველყოფს ამას. „ჩვენი ტექნიკური გუნდის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი აღნიშნული პრობლემა და სადრენაჟო სისტემის მოწყობა სწორედ მათი გამოცდილებიდან და პრობლემის სპეციფიკიდან იყო რეკომენდებული“, – გვიპასუხეს „აჭარისწყალ ჯორჯიაში“.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰიდროგეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად კომპანია მზად იყო, მაგრამ მოქალაქე ლელა პლატონაძემ მათ ამის უფლება არ მისცა. კომპანია „აჭარისწყალ ჯორჯიაში“ გვაჩვენეს ლელა პლატონაძის წერილი და მასზე გაცემული პასუხი. წერილში მოქალაქე არსად ახსენებს, რომ ჰიდროგეოლოგიური კვლევების წინააღმდეგია. პირიქით, ამბობს, რომ კომპანიამ ვერ დაარწმუნა სადრენაჟო სისტემის მოწყობის ეფექტურობაში და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

„თქვენი შემოთავაზება რიგი სამუშაოების განხორციელების თაობაზე არ არის ადეკვატური მოყენებული ზარალისა და შემოთავაზებული სამუშაოები, განხორციელების შემთხვევაშიც კი, არ უზრუნველყოფს სახლში უსაფრთხო ცხოვრებას…“ – წერს მოქალაქე 5 ოქტომბრის წერილში.

ლელა პლატონაძეს კომპანიამ პასუხი 12 ოქტომბერს გასცა, სადაც ასევე არ არის საუბარი ჰიდროგეოლოგიურ კვლევებზე. ამჯერადაც კომპანია ცდილობს დაარწმუნოს მოქალაქე, რომ სადრენაჟო სისტემის მოწყობაა ეფექტური.

ამავე წერილში კომპანია პასუხობს მოქალაქეს ზარალის ანაზღაურების საკითხზეც და ბიუჯეტისკენ მიუთითებს. კომპანია ლელა პლატონაძეს ახსენებს, რომ მას შუახევის გამგეობამ 25-ათასლარიანი პროგრამით სარგებლობა შესთავაზა.

გორხანაული. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გზების დეპარტამენტი: გვირაბიდან გამოტანილმა გრუნტის მასამ დააჩქარა გამორეცხვის პროცესი

დიდაჭარის გვირაბის ჩამოშლის შემდეგ, მაღალმთიანეთში კიდევ ერთ პროექტზე იხარჯება ბიუჯეტიდან თანხა – ხულოს ჩამორეცხილი გასასვლელის აღსადგენად. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი სახელმწიფო უწყება ღიად ამბობს, რომ ზარალი ჰესის მშენებლობის გამო დადგა.

რამდენიმე დღის წინ საავტომობილო გზის დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა ხულოს გასასვლელის აღდგენაზე. სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ:

„ნიადაგის გამორეცხვას ხელი შეუწყო იმან, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტში და ხევში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას მშენებელი ორგანიზაციის მიერ მოწყობილი იქნა გვირაბიდან გამოტანილი გრუნტის მასების ყრილი, რამაც გაამრუდა მდინარის დინება კალაპოტში და დააჩქარა გამორეცხვის პროცესი,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

გზის დაზიანებას უარყოფენ „აჭარისწყალ ჯორჯიაში“. აქ განმარტავენ, რომ გრუნტის დაყრაზე კომპანია თავდაპირველად დააჯარიმეს, მაგრამ 2016 წელს ნებართვა აიღეს და შემდეგი ინსპექტირების დროს პრობლემა არ დაფიქსირებულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ხულოს გასასვლელის აღდგენას დაახლოებით მილიონ 800 ათასი ლარი დასჭირდება, რასაც ამ დროისთვის გზების დეპარტამენტი აფინანსებს.

„რადგან საკამათოა ეს საკითხი, მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზას, რომელიც დადებს დასკვნას, გამორეცხვა გამოიწვია თუ არა ჰესის მშენებლობამ. ჩვენ რაც თვალით დავინახეთ, ის ჩავწერეთ სატენდერო დოკუმენტში. თუ დადგინდება, რომ ჰესთან ეს კავშირშია, კომპენსაციას მოვთხოვთ კომპანიას, მაგრამ ახლა კრიტიკული სიტუაციაა და გზის აღსადგენად ფული ბიუჯეტიდან იხარჯება, ტენდერით კონკრეტული სამუშაოს შესყიდვა ხდება,“ – ამბობს ზურაბ სიხარულიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

სახელმწიფო კონტროლი არ მუშაობს

„შუახევიჰესის გვირაბზე სააგენტო ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს“ – მოგვწერეს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან. ეს უწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება და მისი ვალდებულებაა ჰესებზე სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების კონტროლი.

რა მოიაზრება „მუდმივ მონიტორინგში“? – სააგენტომ მოგვწერა, რომ: „იღებს ინფორმაციას კომპანიის წარმომადგენლებისგან, ასევე უწევს მათ კონსულტაციებს საჭიროებისამებრ. გვირაბზე სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები მოცემულ მომენტში არ მიმდინარეობს. შესაბამისად, სააგენტო არ უწევს მას ამ ეტაპზე ზედამხედველობას. ამ ეტაპზე კომპანიაში მიმდინარეობს საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება გაწმენდითი სამუშაოების მეთოდოლოგიის შესარჩევად – რა გზით უნდა მოხდეს გვირაბის გამოთავისუფლება ჩამოქცეული მასებისგან. აღნიშნული მასებისგან გვირაბის გაწმენდის შემდეგ, კომპანია განახორციელებს გვირაბის სრულ ინსპექტირებას და დაადგენს გრუნტის ჩამოშლის მიზეზებს… მშენებლობის დაწყების შემდეგ სააგენტო განახორციელებს ზედამხედველობას“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.

რა ქმნის მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გარანტიას, ან რატომ არ სცადა აქამდე სააგენტომ გვირაბის დათვალიერება და მისი ჩამოშლის მიზეზის დამოუკიდებლად დადგენა? – სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათი ინფორმაციით, გვირაბში შესვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. პრესსამსახურის წარმომადგენელს, თამარ თოდუას ვუთხარით, რომ გვირაბში შესვლა ფიზიკურად შესაძლებელია.

ამ საუბრის შემდეგ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან მოგვწერეს: „გრუნტის ჩამოშლის მიზეზების დადგენა, კანონმდებლობის მიხედვით, არ შედის სააგენტოს კომპეტენციაში“. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ გვირაბის ჩამოშლის მიზეზები კომპანიის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ და კვლევები ჩაატარონ, სააგენტო კი, კვლევის შედეგს განიხილავს.

რატომ ვერ დააფიქსირა სააგენტომ ხარვეზები გვირაბში, ვიდრე იქ წყალს გაუშვებდნენ? – სააგენტოდან გვიპასუხეს, რომ ექსპლუატაციამდე გვირაბის ინსპექტირების დროს ვიზუალური ხარვეზები არ დაფიქსირებულა. სააგენტოში ადასტურებენ, რომ ჰესის მშენებლობის დროს, რომელიც განსაკუთრებით რთული კატეგორიის მშენებლობაა, ზედამხედველობა მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას და დოკუმენტურ კონტროლს ახორციელებს.

„სააგენტოს კომპეტენციაა ზედამხედველობა გაუწიოს მშენებლობის დროს მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობას სააგენტოს მიერ ნებართვაგაცემულ პროექტებთან მიმართებაში. ეს არ გულისხმობს ყოველდღიურ ზედამხედველობას მშენებლობის დროს მიმდინარე ყველა ტექნოლოგიურ პროცესზე,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოსგან მივიღეთ.

„საზოგადოების კონსტიტუციური უფლებაა იცოდეს, არის თუ არა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება უსაფრთხო,“ – მიიჩნევს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მსგავს სიტუაციაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო რესპონდენტის როლში კი არ უნდა იყოს, არამედ თავად აწვდიდეს ინფორმაციას მოსახლეობას.

„ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობაზე კონტროლი. ამ უწყებამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება, თუ რა საფრთხის მატარებელია მიმდინარე პროცესები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დრომდე სააგენტო არის დამკვირვებლის როლში და ცდილობს ვითარება შეაფასოს შორიდან, რაც ცალსახად დაუშვებელია. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ თანახმად, ის არის ერთადერთი უწყება, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოებაზე,“ – აღნიშნავს გიორგი ხიმშიაშვილი.

დავით ჭიპაშვილი ორგანიზაციიდან „მწვანე ალტერნატივა“ ვერ ხედავს სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობის შედეგს.

„თუკი არსებობს კონტროლი, სად არის? პირველი შემთხვევა ხომ არ არის გვირაბის ჩამოშლა „შუახევიჰესზე?“ რა დაადგინა სახელმწიფომ კინტრიშზე, ან „ბახვი ჰესზე“, „დარიალი ჰესზე“? რამდენი გაკვეთილი უნდა ვნახოთ, რომ რამე ვისწავლოთ? ჩვენთან მთავრობა ფიქრობს, რომ ნებართვის აღებამდე თუკი ინვესტორს მოსთხოვს დეტალურ შესწავლას, ეს პროცესს შეაფერხებს და დააფრთხობს ინვესტორს. კონტროლზეც ამავე მიზეზით ამბობს ხელისუფლება უარს, როგორც ჩანს,“ – დასძენს დავით ჭიპაშვილი.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, მუშაობს თუ არა „კინტრიში ჰესი“, რომელიც ოფიციალურად ექსპლუატაციაში შესულია. გასული წლის დეკემბერში ამ ჰესზე გვირაბის შესასვლელი ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩამოანგრია. აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გვირაბი აღდგენილია, თუმცა ექსპლუატაციაში შესული ჰესი ამ დროისთვის ისევ არ მუშაობს.

„დადგინდა, რომ გვირაბის დაზიანება გამოიწვია მეწყერმა. კომპანიამ დაზიანებების აღსადგენად შეიმუშავა ახალი პროექტი, რომელიც დამტკიცებულია ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ სააგენტოს თანამშრომლებმა შეისწავლეს მშენებლობა და ელექტროსადგური მიიღეს ექსპლუატაციაში. ახლა სხვა ადგილას ვატარებთ სარემონტო სამუშაოებს, ეს გვირაბს არ უკავშირდება. დაახლოებით ერთ თვეში ჰესი ისევ ამუშავდება,“ – გვითხრა დავით ტავლალაშვილმა, „კინტრიში ჰესის“ დირექტორმა.

„სამი წლის წინ, როცა ჰესის მშენებლობა დაიწყო, მოსახლეობა იხსენებდა მეწყრისგან წაღებულ სახლებს, გეოლოგები და ექსპერტები საუბრობდნენ საფრთხეებზე. მაშინ კომპანია ირწმუნებოდა, რომ უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული. რა გამორიცხავს იმას, რომ ისევ არ მოგვიწევს ჟურნალისტებს იმავე კითხვების დასმა თქვენთვის?“ – ეს შეკითხვა კომპანიის წარმომადგენელს „ბათუმელებმა“ დაუსვა. ჯოშ ჯერარდმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა აღარ მოუწევდა, თუმცა ვიდრე დაგვემშვიდობებოდა, გვითხრა: „გამორიცხული არაფერია“.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი