მთავარი,სიახლეები

რა მოხდა რუსთავი 2-ზე “პოსტსკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში [მოკლედ]

07.07.2019 • 3075
რა მოხდა რუსთავი 2-ზე “პოსტსკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში [მოკლედ]

დღეს, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.

ჟურნალისტის ამ მონოლოგს საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

გიორგი გაბუნიას გაემიჯნა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ფეისბუქ ლაივში თქვა რომ ის “არ აპირებს პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, თუმცა მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა და ეს არ არის არხის დამოკიდებულება”.

პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

“რაც რუსთავი 2-ზე დღეს ვიხილე ვიხილეთ არაფერია თუ არა პროვოკაციის ამაზრზენი აქტი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მსცდელობა. ის, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია” –  წერს პრემიერ-მინისტრი.

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მომხდარ ფაქტზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

“რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებსა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ”, –  ნათქვამია განცხადებაში.

“რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში პუტინის გინებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

“პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას. პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველშემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!”, – პრეზიდენტის ამ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

პირდაპირ ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც.

“რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს”, – წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუქზე.

https://www.facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial/posts/2059732100994555?__tn__=-R

“მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე ფბ-ზე. მაგალითად: რ2 რუსეთიდან ფინანსდება; არიქა, პუტინი დაგვბომბავს; ნიადაგს უმზადებენ რუსეთის აგრესიას; რ2-ს ბიძინა აფინანსებს და ა.შ. ხვალ უკეთესი და, იმედია, უფრო ღირსეული დღე გვექნება ყველას ერთად,” – წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგი კაპანაძე.

https://www.facebook.com/sergikap/posts/10217559336348125

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: