მთავარი,სიახლეები

უჩივლებს თუ არა საქართველო რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

09.07.2019 • 3151
უჩივლებს თუ არა საქართველო რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების შესახებ განცხადება რუსეთის დუმამ დღეს, 9 ივლისს, მიიღო. საქართველოს რუსული სანქციებისა და ემბარგოს დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ამჯერად შესაძლებელია საქართველოს მთავრობამ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში WTO უჩივლოს. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის წევრობასაც რუსეთი 19 წელი ითხოვდა და საბოლოოდ – 2012 წელს გახდა. 2012 წელს რუსეთის წევრობას WTO-ში საქართველომაც დაუჭირა მხარი.

„WTO-ს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შესასრულებელი იქნება, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა ვალდებულება მარტივად შესაძლოა არ შეასრულოს… ამის მიუხედავად, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და რუსეთს მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ ყველა საერთაშორისო ფორუმზე,“ – მიიჩნევს სერგი კაპანაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს პარლამენტის წევრი.

მას შემდეგ, რაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა, მან სხვადასხვა ვალდებულებასთან ერთად, „გლობალურ სავაჭრო სისტემაში ღია და არადისკრიმინაციული ქმედების“ პირობა დადო.

მიმართავს თუ არა საქართველოს მთავრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას რუსეთის წინააღმდეგ? – საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია ამ ბერკეტის შესახებ, რომლის გამოყენებაც საქართველოს მთავრობას შეუძლია.

სერგი კაპანაძე იხსენებს კონკრეტულ შემთხვევას, როცა WTO-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთი იძულებული გახდა, დაწესებულ სანქციაზე უარი ეთქვა.

„2014 წელს იყო ეს, როცა რუსეთმა თითქოს ღორის გრიპის ეპიდემიის გავრცელების საბაბით უარი თქვა ევროკავშირიდან ხორცის პროდუქტების იმპორტზე. სინამდვილეში რუსეთი იყო განაწყენებული უკრაინაში მიმდინარე პროცესებით. მაშინ WTO-ს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეასრულა რუსეთმა და ესტონეთსა და ლიეტუვაში წარმოებული ხორცპროდუქტები რუსულ ბაზარზე დაბრუნდა“, – გვიყვება სერგი კაპანაძე.

რის გამო დაეთანხმა საქართველო 2012 წელს რუსეთის წევრობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში?

„მაშინ ჩვენ მივიღეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთების მონიტორინგის ხელშეკრულება. მივიღეთ საშუალება, რომ არალეგალური ვაჭრობა ცხინვალსა და აფხაზეთში მოქცეულიყო საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის პირობებში ჯერ კიდევ ეს ამოქმედებული არ არის. რუსეთმა კი მიიღო პრაქტიკული სარგებელი – ლიბერალური სავაჭრო პირობები სხვა ქვეყნებთან“, – აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 1995 წელს დაარსდა. დღეს ის 170-მდე ქვეყანას აერთიანებს. საქართველო WTO-ს წევრი 2000 წელს გახდა.

_____

20 ივნისის თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო დემონსტრაციების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა. „რუსთავი 2“-ის ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რუსულად გინების შემდეგ, რუსეთში ძალიან ბევრი თანამდებობის პირი სანქციებზე ალაპარაკდა. დღესვე რუსეთის დუმამ საქართველოს მიმართ სანქციების შესახებ განცხადება მიიღო. დღესვე, მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია, „რადგან ქართველ ხალხს სცემს პატივს“.

მთავარი ფოტო: „სირცხვილის“ აქცია თბილისში.

ამ თემაზე:

რუსეთის სანქციების ქრონიკა საქართველოს წინააღმდეგ – მოკლედ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: