მთავარი,სიახლეები

„აჭარის ტელევიზიის“ ახალ დირექტორს 10 ივლისს აირჩევენ

08.07.2019
„აჭარის ტელევიზიის“ ახალ დირექტორს 10 ივლისს აირჩევენ

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილება ბორდმა ზეგ, 10 ივლისს, საღამოს 7 საათზე უნდა მიიღოს.

„აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობა სულ 12 კანდიდატს სურს. დღეს, 8 ივლისს, მრჩეველთა საბჭო დავით ჩხარტიშვილს, შოთა ზოიძეს, ირმა ზოიძეს და თინათინ ცისკარიძეს მოუსმენს. ხვალ, 9 ივლისს საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ კანდიდატები: დავით დიასამიძე, შოთა გურაბანიძე, ფირუზ ბოლქვაძე და ნუგზარ ჩხეიძე. 10 ივლისს კი, ბორდი გიორგი კოხრეიძეს, მერაბ წულუკიძეს, გიორგი წულაიას და ციალა ქათამიძეს მოუსმენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი უკვე მეორედ იმართება. პირველ ჯერზე კონკურსი 31 მაისს გაიმართა და დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, აქედან მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო კონკურსში გასამარჯვებლად საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება და კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

მეორე ჯერზე კონკურსში მონაწილეობს ყველა ის კანდიდატი, რომლებიც პირველ ჯერზე მონაწილეობდნენ კონკურსში, გარდა ნათია ზოიძისა და თორნიკე მჟავანაძისა.

ნათია ზოიძემ, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, პირველი კონკურსის შემდეგ განაცხადა, რომ მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო იდეებთან, ღირებულებებთან და არ ეფუძნება პრობლემების მქონე თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის  განცდას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდან არის ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

 

მთავარი ფოტო: ბორდის სხდომა. ფოიტო არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: