მთავარი,სიახლეები

„ინტურისტი“ ისტორიული ღობის მოშლისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და შესაძლოა ისევ დააჯარიმონ

09.07.2019 • 3375
„ინტურისტი“ ისტორიული ღობის მოშლისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და შესაძლოა ისევ დააჯარიმონ

სასტუმრო „ინტურისტის“ ფასადზე სარეკლამო ბანერების უნებართვოდ განთავსების ამბავი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 9 ივლისს, განიხილა. მოსამართლე დაინტერესდა, რამდენად არის რეკლამის განთავსება ისტორიულ შენობაზე „უნებართვოდ ძეგლზე სამუშაოს შესრულება“. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ამ საქმეზე სპეციალისტის – ხელოვნებათმცოდნის მოსაზრების მოსმენაა საჭირო. ამ მოტივით სასამართლო პროცესი გადაიდო.

სარეკლამო ბანერების უნებართვოდ განთავსებაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 10 ივნისს შეადგინა. ოქმში აღნიშნულია, რომ სასტუმროს მესაკუთრე გააფრთხილეს, მაგრამ სარეკლამო აბრების დემონტაჟი არ მომხდარა. სააგენტო სასტუმრო „ინტურისტის“ მესაკუთრის – „მეტრო ინტურისტ ბათუმის“ 10 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

ეს კომპანია რამდენიმე დღის წინ დააჯარიმა 10 ათასი ლარით მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. საქმე ამ შემთხვევაში სასტუმროს ისტორიული ღობის ნაწილობრივ მოშლას ეხებოდა.

„თუკი 6 თვის ვადაში სასტუმრო ღობეს არ აღადგენს, ჩვენ სამმაგი ოდენობით დაჯარიმებას მოვითხოვთ,“ – განმარტავს ზაურ ახვლედიანი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სარეკლამო ბანერებს, მოსამართლე დაინტერესდა, რატომ არ დაჯარიმდა კომპანია, მაგალითად, რეკლამის შესახებ კანონით, რომლის მიხედვითაც უნებართვოდ რეკლამის განთავსება ასევე ჯარიმებს ითვალისწინებს.

„ჩვენ ვაჯარიმებთ იმ შემთხვევაში, როცა საქმე კულტურულ მემკვიდრეობას ეხება,“ – უპასუხა მოსამართლეს სააგენტოს იურისტმა, თამილა აბუსელიძემ.

მოსამართლის თქმით, კანონი განმარტავს, რა არის ძეგლზე უნებართვო სამუშაო, ხოლო კონკრეტულ პირობებზე სააგენტოს „ინტურისტთან“ ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია.

„როცა ძეგლს ეხება საქმე, შესაძლოა, იქ ვან გოგის ნახატი ჩამოკიდოს და ძალიან მოუხდეს, მაგრამ უნებართვო თუ იქნება, ეს მაინც სამართალდარღვევა გამოვა…“ – მიმართა მოსამართლეს სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ოლეგ ბოლქვაძემ.

„თქვენ შეადგინეთ ოქმი და ახლა ფიქრობთ კონკრეტულ საფუძველზე… ცოტა კი არა, ღრმად გასაანალიზებელია ეს საკითხი,“ – უთხრა მოსამართლემ სააგენტოს ხელმძღვანელს.

„აკრძალულია ძეგლზე უნებართვო სამუშაოები, ამას ამბობს კანონი… ახლა ამას საიდან შემოუხვევთ, მაინტერესებს,“ – გაცხარდა სააგენტოს უფროსის მოადგილე, ოლეგ ბოლქვაძე.

გაბრაზდა მოსამართლეც: „რას ნიშნავს შემოუხვევთ? გადაწყვეტილება უკვე მიღებული რომ მქონდეს, აღარ მოგიწვევდით საერთოდ აქ… ასეთი დამოკიდებულება არ მიაჩნია სასამართლოს სწორად,“ – თქვა მან. მერე კი სააგენტოს ხელმძღვანელს და მის იურისტს შეახსენა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს მათ კანონის იმპერატიული მოთხოვნა დაარღვიეს.

„თქვენ არ მოგისმენიათ განმარტება იმ მხარის, ვისაც აჯარიმებდით…“ – დაასრულა მოსამართლემ.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ „მეტრო ინტურისტ ბათუმის“ წარმომადგენლები, თუმცა მათთვის მოსამართლეს კითხვა არ დაუსვამს. მათ განმარტებაზე უარი გვითხრეს სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ.

ბანერი სასტუმროს ფასადზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: