მთავარი,სიახლეები

რას წერს რუსული მედია პუტინის გინებაზე – შეფასებები და განცხადებები

08.07.2019 • 2423
რას წერს რუსული მედია პუტინის გინებაზე – შეფასებები და განცხადებები

რუსული მედია „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ის ეთერს, სადაც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა და შემდგომში განვითარებულ მოვლენებს, გუშინვე, 7 ივლისს, გადაცემის გასვლიდან მოკლე ხანში გამოეხმაურა.

ერთ-ერთი პირველი კომენტარი ამ თემაზე „რია ნოვოსტიზე“ გამოჩნდა. გამოცემამ თინა კანდელაკის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გინებას „ტელეგრამზე“ გადაცემის გასვლიდან მოკლე ხანში გამოეხმაურა.

„გადაცემის დასაწყისში წამყვანი დიდხანს, ბინძურად და ქუჩურად აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს…

მე მივიჩნევ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2, რომელიც 18 ივლისს თავის კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს, ვალდებულია არამხოლოდ ბოდიში მოიხადოს ასეთი ქცევისათვის ჩვენი პრეზიდენტის წინაშე, არამედ ბოდიში უნდა მოიხადოს საქართველოს ხელისუფლებამაც. არ მგონია, რომ ვლადიმერ პუტინს ეს ბოდიში სჭირდება, მაგრამ ეს ერთადერთი საშუალებაა შეინარჩუნო „სახის ნარჩენები“ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ასეთი ეთერი“ – დაწერა კანდელაკმა „ტელეგრამზე“ 7 ივლისს, ღამე.

უკვე 8 ივლისს რუსულ მედიაში გამოჩნდა ოფიციალური პირების კომენტარები.

რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გაიყინოს.

„სიცივე აჯანსაღებს. უცნაურია მხოლოდ ის, რომ ამასთან შეკამათებას ცდილობენ სწორედ ქართველი ტურბო-პატრიოტები იმიტომ რომ ისინი ყველაზე მეტად ყვირიან – „თავი დაანებეთ საქართველოს, დაგვშორდით“. – დიახ, დაგვითანხმეთ, აღარ ჩამოვალთ თქვენთან, აღარ ჩამოვფრინდებით, უკვე თქვენით გამოსცურეთ“. „ოჰ, თქვე ვერაგო მტრებო, ასე როგორ შეგიძლიათ“. შეგვიძლია. ეს ჩვენ არ გვახარებს მაგრამ როგორც ჩანს, აუცილებელია“, – წერს პრიმაკოვი.

რუსეთის დუმის დეპუტატი ასევე წერს, რომ მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელი, მაგრამ „ბოდიში არ გახმიანებულა.“

რუსულ მედიაში გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის კომენტარიც, რომელმაც საქართველოში მიმდინარე სიტუაციას „რუსოფობიური კრუნჩხვა“ უწოდა.

„ეს არაფერია, თუ არა ხელისუფლების მხრიდან სურვილის ან მზაობის უქონლობა, აღეკვეთა ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფები თავიდანვე. ეს არის შედეგი, რომელსაც თვალს ვადევნებთ“ – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი კი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

„ამ ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ლიდერის შეურაცხყოფის ფაქტზე ამ არამზადას წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას. ეს ცივილიზებულ ჩარჩოებს სცდება. მე უფრო შორსაც წავიდოდი და სავაჭრო ემბარგოსა და ხისტ სანქციებს დავაწესებდი. ჩემი აზრით, რეაგირებას მალე უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რას იტყვიან ევროპელები“, – განაცხადა ჯაბაროვმა.

საქართველოს მიმართ სანქციების თემა მალევე გახდა აქტუალური რუსულ მედიაში.

რუსეთის დუმის წევრმა, რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე.

„საქართველოში მეღვინეობა უკვე ნამდვილად ჩამოიშლება [რუსეთის ბაზრის გარეშე]. თუ ჩვენ დავადებთ სანქციებს, ქართველმა ხალხმა უნდა ჰკითხოს თავის პოლიტიკოსებს, ვისზე მუშაობენ ისინი – ვაშინგტონისთვის თუ საკუთარი ხალხისთვის“ – განაცხადა ონიშენკომ.

მან ასევე განაცხადა რომ მხარს უჭერს საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლების შეტანის აკრძალვას, მაგრამ არა როგორც ექიმი, არამედ როგორც პოლიტიკოსი.

8 ივლისს, შუადღეზე, უკვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია რასია“ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვის ინიციატივა დააყენა. მიზეზი, დეპუტატის განმარტებით, საქართველოში არსებული “რუსოფობიური განწყობებია”, რომელიც მისი მტკიცებით რუსეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

რუსეთის საგარეო უწყება რ2-ის წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის გინებას “ქართველი რადიკალების მხრიდან მოწყობილ კიდევ ერთ პროვოკაციას უწოდებს”. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ამ ძალების მიზანი “რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესებაა”.

რუსეთის საგარეო უწყება ხაზს უსვამს რომ ამჟამად, განსხვავებით 20 ივნისის [გავრილოვის ინციდენტი] შემთხვევისგან, საქართველოს ხელისუფლებას “რადიკალების გამართლება” არ დაუწყია.

„საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავში იპოვა ძალა, გაემიჯნა პროვოკატორებს და შეაფასა მათი ქმედებები. ვხედავთ სამართლიან აღშფოთებასაც, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ მომხდარი მიიღო”, – აცხადებენ რუსეთის საგარეოში.

„რია ნოვოსტი“ წერს რუსი ჟურნალისტის, კრემლის ცნობილი პროპაგანდისტის, ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის გამოხმაურებაზეც, რომელმაც განაცხადა რომ დროა „სიმართლეს თვალებში შევხედოთ“:

„იქნებ უკვე დროა შევზღუდოთ ჩვენი ბაზარი ქართული პროდუქციისთვის? ხოლო ჩვენი [რუსული] კომპანიების, რომელებიც ილტვიან ქართულ ბიზნესში დაბანდებისკენ, თანაგრძნობა საჭირო არაა. ისინი მშვენივრად ხვდებოდნენ ყველა რისკს. მოვიდა დრო მშვიდი, პრაგმატული და არა ემოციური პასუხების. კმარა მუდმივად ყველასთან ვალში ყოფნისა და ყველაფერში დამნაშავედ თავის გრძნობა“ – წერს სოლოვიოვი „ტელეგრამზე“.

ქართველი ჟურნალისტის გინებას პუტინის მისამართით გამოეხმაურა მომღერალი დიანა ღურწკაიაც.

„ეს სამარცხვინოა და ჟურნალისტის მოქმედება ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ. აქ სტანდარტული წუხილით შემოფარგვლა ვერ მოხდება, ქვეყნის ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე უნდა მოიხადოს ბოდიში“ – განაცხადა ღურწკაიამ, რომელიც რუსეთის დამსახურებული  არტისტი და საზოგადოებრივი პალატის წევრია.

თემას გამოეხმაურა ჟირინოვსკიც, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერიც.

„საქართველოში სიტუაციის გამწვავების ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს რუსების საბოლოო გაყვანა ქვეყნიდან და თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის უკიდურესად გაუარესება, რათა მომზადდეს საქართველოში ამერიკული ავიაციის განთავსების საფუძველი, რომელიც შემდგომში ირანის დაბომბვისთვის იქნება გამოყენებული“ – წერს იგი „ტელეგრამზე“.

რუსული საბჭოთა ბოი-ბენდი, “ლასკოვი მაი (Ласковый май)“  გიორგი გაბუნიას გინების შემდეგ საქათველოში გასტროლებს აღარ გამართავს. ამის შესახებ ინსტაგრამზე მათი პროდუსერი, ანდრეი რაზინი წერს.

განცხადებაში რაზინი გიორგი გაბუნიას უცენზუროდ მოიხსენებს და ამბობს, რომ “ლასკოვი მაი“ საქართველოში გასტროლებს აღარასდროს ჩაატარებს.

„მივმართავ ყველა რუს არტისტს, მიბაძონ ჩვენს მაგალითს და აღარასდროს ჩავიდნენ საქართველოში,“- წერს ის.

________________________

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვონ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ჟურნალისტის საქციელი შეაფასონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: