ბათუმობა 2019 – ღონისძიებები ღამის 2 საათამდე გაგრძელდება [ფოტო]

ბათუმობასთან დაკავშირებით ღონისძიებები ძველ ბულვარში დღეს, 28 აპრილს 12:00 საათიდან დაიწყო და 29 აპრილის 02:00 საათამდე გაგრძელდება. ღონიძიებას ბევრი სტუმარი ჰყავს, მათ შორის ტურისტები.

ბულვარში წარმოდგენილია დამეგობრებული ქალაქების კუთხე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კუთხე, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, წიგნების კუთხე, ფრანების შოუ, თითების თეატრი. საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე იმართება კონცერტი, მიუზიკლი Welcome To Georgia.

21:00 საათზე ბულვარის კოლონადებთან გალაკონცერტი გაიმართება, რომელსაც დიჯეი დაასრულებს.

ბათუმობა 2019 / 28.04.2019 / ლელა დუმბაძის ფოტოები
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი
ბათუმობა 2019, 28 აპრილი

ამ თემაზე:

„ბათუმობის“ სამზადისი – როდის, სად და რა გელოდებათ ხვალ, 28 აპრილს ბათუმში

როგორი იქნება „ბათუმობა“ 2019 – აფიშა

ქობულეთის შემოვლითი გზის შეკვეთილი-გვარას მონაკვეთის განათება დასრულდა – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი ლოტის 13.7 კმ-იან მონაკვეთზე გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამ მონაკვეთის [შეკვეთილიდან სოფელ გვარას მიმდებარე ტერიტორიამდე] განათებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 373 235 ლარი იყო გამოყოფილი.

რაც შეეხება ამავე გზის სოფელ გვარადან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთს, მისი განათება, დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის მშენებლობის დროს მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება.

ქობულეთის შემოვლითი გზა დაახლოებით 32 კმ-ია, რომლის პირველი [13 კმ-დე] მონაკვეთი 2014 წელს გაიხსნა, მეორე კი – 2018 წლის ივნისში.

 ამ თემაზე:

ქობულეთის შემოვლითი გზის 13 კმ მონაკვეთის განათებაზე 3 373 235 ლარი დაიხარჯება – უსაფრთხოება

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა / საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

სად რა ღონისძიებებია დაგეგმილი დღეს, 28 აპრილს, ბულვარში – ბათუმობა 2019

ბათუმობასთან დაკავშირებით ღონისძიებები ძველ ბულვარში დღეს, 28 აპრილს 12:00 საათიდან დაიწყო და 29 აპრილის 02:00 საათამდე გაგრძელდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება დამეგობრებული ქალაქების კუთხე,
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კუთხე, სპორტული ღონისძიებები, კინო ბათუმში – ფილმების ჩვენება და ფოტოგამოფენა, წიგნების კუთხე, ფრანების შოუ, თითების თეატრი.

საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე გაიმართება კონცერტი, დაიდგმება მიუზიკლი Welcome To Georgia.

21:00 საათზე ბულვარის კოლონადებთან გრანდიოზული გალაკონცერტი გაიმართება, რომელსაც დიჯეი დაასრულებს.

ბათუმობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 28 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ ემსახურება მგზავრებს. ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულ სტუმრებს 12:00-დან 22:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება სასეირნო მატარებელი, რომელიც იმოძრავებს ბათუმის ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან ახალი ბულვარის მიმართულებით.

დღეს, 28 აპრილს, 09:00-დან 19:00 საათამდე, ვიზიტორებისთვის შესვლა თავისუფალი იქნება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.

ბათუმობასთან დაკავშირებუილი ღონისძიებები ბულვარში:

წყარო: ბათუმის მერია

ამ თემაზე:

„ბათუმობის“ სამზადისი – როდის, სად და რა გელოდებათ ხვალ, 28 აპრილს ბათუმში

ქალაქის მერიის ინფორმაციით, „ბათუმობა 2019“-ის გამართვის თარიღი, 28 აპრილი, უკავშირდება ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას: „1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს, ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა“.

ქედის მერია გოგებაშვილის ქუჩისა და წრიულის რეაბილიტაციას გეგმავს

ქედის მუნიციპალიტეტის მერია დაბა ქედაში გოგებაშვილის ქუჩის, ასევე, დაბის შესასვლელში არსებული წრიულის რეაბილიტაციას გეგმავს. სამუშაოებისთვის მერიას 50 623 ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერი გამოცხადებულია.

ტენდერის პირობების მიხედვით, ქედაში, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის, სავარაუდოდ, 42 694 ლარია საჭირო, ხოლო ქედის შესასვლელში არსებული დაზიანებული წრიულის რეაბილიტაციისთვის – 7 929 ლარი.

პროექტით, გოგებაშვილის ქუჩაზე, სოციალური სახლის მარცხენა მხარეს მოეწყობა რკინა-ბეტონის ფილა; ქუჩის დასაწყისში არსებულ საყრდენ კედლებს ჩაუტარდება რეაბილიტაცია, მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი; სანიაღვრე არხები; დასავენებელი ფანჩატური; გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული წყაროს კედლები შებათქაშდება და მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით.

რაც შეეხება დაბა ქედის შესასვლელში არსებულ წრიულს – უნდა მოხდეს არსებული ჩამოსასხმელი ბეტონის კედლისა და დაზიანებული ლითონის ღობის დემონტაჟი; მოეწყოს მონოლითური რკინა-ბეტონის კედელი წრიული ფორმის; კედლები მოპირკეთდეს ბუნებრივი გრანიტის ფილებით; წრიული შეივსება მიწით და დაუზიანებლად დაირგვება არსებული ნარგავები; ანტიკოროზიული საღებავით დამუშავდება არსებული დაზიანებული ლითონის ჯვარი; მწვანე საფარზე მოეწყობა ოთხი ფერადი პროჟექტორი;  უშუალოდ ჯვარზე კი – ნეონური [LED-თოკი] განათება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 10 მაისს დაიწყება და 15 მაისს დასრულდება. სამუშაოს შესრულების ვადაა 60 დღე ხელშეკრულების დადებიდან.

წრიულის ვიზუალიზაცია პროექტიდან

 

ორშაბათიდან ბათუმში 23 გრადუსამდე დათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

28 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის 21 საათამდე აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 7-12, დღისით 18-23 გრადუსი სითბო;

მთიან რაიონებში ღამით 3-8 გრრადუსი, დღისით 12-17 გრადუსი სითბო.

რაც შეეხება ზღვის პროგნოზს – მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ; ხილვადობა კარგი; ტალღის სიმაღლე 5-10დმ [2-3 ბალი]; ზღვის წყლის ტემპერატურა 13 გრადუსი.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 30 აპრილსა და პირველ მაისს აჭარაში, როგორც ზღვისპირა ზოლში, ასევე მაღალმთიანეთში, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

მთავარი ფოტო: საკურას ყვავილობა ბათუმში / ბათუმის ბულვარის ფოტო

სამინისტრო ფიჭვნარში მიწას განმეორებით აუქციონზე 917 ათასი ლარით ნაკლებად ყიდის

ქობულეთში, პლაჟის მიმდებარედ, 11 235 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმეორებით აუქციონზე 20%-იანი ფასდაკლებით ყიდის. თავდაპირველად გამოცხადებულ აუქციონზე მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 4 585 000 ლარი იყო, ამჯერად კი, საწყისი გასაყიდი ფასი 3 668 000 ლარია.

პირობებიანი აუქციონი 2019 წლის 2 მაისს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 90 ათასი ლარია.

აუქციონის პირობებით მყიდველი ვალდებულია:

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი თვის ვადაში საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი, მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის სამინისტროში შესათანხმებლად წარადგინოს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის ვადაში დაამუშაოს საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო დოკუმენტაცია და მიიღოს მშენებლობის ნებართვა. მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში დაასრულოს მშენებლობა და გაუშვას ექსპლუატაციაში და ამოქმედება, არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნებით, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს.

მთლიანობაში, მომავალმა მყიდველმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ამ ნაკვეთის გაყიდვაზე გამოცხადებული პირველი ელექტრონული აუქციონი არ შედგა. eauction.ge-ს მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არავინ მიიღო.

გასაყიდი ტერიტორია ქობულეთში, ფიჭვნარში, დავით აღმაშენებლის გამზირის N379-ის მიმდებარედაა. მომიჯნავე ნაკვეთები უკვე გასხვისებულია სხვადასხვა კერძო კომპანიებზე: „სის ინვესტი“, „ელერ კომპანი“, „არგო ანურია“.

ფიჭვნარში მიწა, რომელიც მთავრობას აუქციონზე 4,5 მილიონად ჰქონდა გატანილი, არ გაიყიდა

საგაზაფხულო სამუშაოები აჭარის მთის ყველაზე მაღალ სოფელში [ფოტო]

ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სოფელში – თხილვანაში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. ფოტოებზე ჩანს, რომ საკარმიდამო ნაკვეთებთან ახლოს ჯერ კიდევ დევს თოვლი, მაგრამ მიწის დახვნის პროცესი სოფელში მაინც დაწყებულია. ამ სოფელ მოსახლეობას, ძირითადად, კარტოფილი მოჰყავს.

 

ფოტო: როინ გუნდაძე
ფოტო: როინ გუნდაძე

 

ფოტო: როინ გუნდაძე
ფოტო: როინ გუნდაძე
ფოტო: როინ გუნდაძე
ჯერ კიდევ თოვლის საფარში გახვეული ხიხანის ციხე

„ბათუმობის“ სამზადისი – როდის, სად და რა გელოდებათ ხვალ, 28 აპრილს ბათუმში

ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან „ბათუმობის“ დღესასწაულის მთავარი სცენა უკვე დამონტაჟებულია. ახლაც [19:23] ადგილზე იმყოფებიან ტექნიკოსები, რომლებიც ინსტრუმენტების გამართულობას ამოწმებენ. მთავარ სცენასთანაა მომღერალი ნინო ქათამაძეც, რომელიც „ბათუმობასთან“ დაკავშირებულ გალა კონცერტში მონაწილეობს. ბათუმობა ხვალ, 28 აპრილს გაიმართება.

ბულვარში მთავარი სივრცის მიმდებარედ კიდევ ორი მცირე ზომის სცენაა დამონტაჟებული. საზაფხულო თეატრის წინ კი მზადაა სივრცე გამოფენა-გაყიდვის მოსაწყობად. აქ გამოიფინება ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები. გამოფენა-გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება და 02:00 საათზე დასრულდება.

ადგილზე მზადების პროცესს აკვირდება ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან უკვე გამოფენილია ბათუმის მეგობარი ქალაქების მთავარი შენობების რამდენიმე მაკეტი და ნაციონალური ტანსაცმლის ფოტოსტენდი. მერიის ინფორმაციით, აქვე – 12:00 საათიდან ბათუმის „ჯაზ ბიგ ბენდის“ კონცერტი დაიწყება. მერია „ბათუმობასთან“ დაკავშირებით ელოდება სტუმრებს ათი ქვეყნის 14 ქალაქიდან.

14:00 საათზე წიგნების კუთხესთან ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიანტებს დააჯილდოებენ.  მერიის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლის პირველი სემესტრის აკადემიური შედეგების მიხედვით 50 სტუდენტი დაფინანსდა. წარმატებულ სტუდენტებს შორის 45 ბაკალავრი და 5 მაგისტრანტია. აქვე 17:00 საათზე გაიმართება შეხვედრა დათო ტურაშვილთან და რატი ამაღლობელთან.

უკვე მომზადებულია საბავშვო კუთხეც.

სპორტული  ღონისძიებები 14:30 საათზე დაიწყება ჩოგბურთის კორტების წინ. იქნება შეჯიბრებები მკლავჭიდში ვაჟებსა და გოგონებს შორის, ქუჩის კალათბურთი, მძლეოსნური გარბენი, ეზოს   ფეხბურთი,  ქვიშის ფრენბურთი, ჩოგბურთის ღია ჩემპიონატი [ვაჟები და გოგონები], ბილიარდი  და მაგიდის  ჩოგბურთი, ვეტერანთა  თამაშები [შაში და ჭადრაკი]. დაგეგმილია ასევე შეხვედრა ტიტულოვან სპორტსმენებთან.

საზაფხულო თეატრის წინ დამონტაჟებულ სცენაზე გამოვლენ: „Asea Sool“, „Melomaniakk“, „Cherry Band“, „Four Seasons“, „Two x Two“, „Black Sea“, „ირაკლი ფაღავა“, „Free space“, ბენდი – „კონიაკი“, ნუგზარ ერგემლიძე, ავთო აბესლამიძე, მორის მელაძე, გიორგი ნაკაშიძე, გიორგი ფუტკარაძე, სულხან დევაძე, ნანუკა მიქაძე, იაგო დევაძე, „The Young Georgian Lolitaz“.

15:00 საათზე საპატიო ბათუმელებს დააჯილდოებენ, შემდეგ კი ფილმების ჩვენება დაიწყება. 19:00 საათზე საზაფხულო თეატრის წინ არსებულ სცენაზე მიუზიკლი „Welcome To Georgia“ დაიდგმება. მუსიკალურ სპექტაკლში წარმოდგენილი იქნება ეროვნული ელემენტები, ტრადიციები და ადათ-წესები. მიუზიკლი საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ მოუთხრობს. სპექტაკლში თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. Welcome To Georgia-ს რეჟისორი და ქორეოგრაფი არჩილ სოლოღაშვილია.

დღესასწაულს გალა კონცერტი დაასრულებს, რომელიც 21:00 საათიდან დაიწყება. გალა კონცერტზე მერის მოადგილე კულტურის მიმართულებით, სოფო ხალვაშიც იმღერებს.

 

გალა კონცერტში მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ლაშა ღლონტი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე, ვაჟა ტუღუში, სტეფანე მღებრიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, სოფო ბათილაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, თამუნა მიქელაძე, ირაკლი კახიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ლუკა ზაქარიაძე, ნინა სუბლატი, თამარ ივერი, თემურ თათარაშვილი, მაია ჯაბუა, ნიკო ბერიძე, გიორგი ბერიძე, აჩიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ცაგარელი, გია ნიკოლაძე, სოფო ხალვაში, დათო ევგენიძე.

 

ბავშვები, რომლებიც კინოთეატრში პირველად მივიდნენ – „დემოკრატიის ინსტიტუტის” აქცია

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს“ წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა. ეს კი, გარდა დასაქმების ხელშეწყობის, იურიდიული და სამედიცინო მხარდაჭერისა, გულისხმობს ბენეფიციართა წამახალისებელ, გასართობ და კულტურულ აქტივობებში ჩართვასაც.

26 აპრილს „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ბენეფიციართა შვილებისთვის სასიამოვნო საღამო მოაწყო. 20-მდე პატარა ბათუმის სამხატვრო სკოლაში შეიკრიბა, პედაგოგის დახმარებით თიხის დამუშავება ისწავლეს და მშობლებთან ერთად სუვენირები გამოძერწეს, მოგვიანებით ტორტიც დააგემოვნეს.

იმავე დღეს ბავშვებმა კინოთეატრ „აპოლოში“ მულტფილმი „ჯადოსნური პარკი“ ნახეს.

როგორც გიორგი ამბობს (სახელი შეცვლილია), 26 აპრილს მან კინოთეატრში პირველად ნახა მულტფილმი დიდ ეკრანზე, ემოციაც შესაბამისი აქვს. აღმოჩნდა, რომ გიორგი არ არის ერთადერთი, ვინც პირველად იყო კინოთეატრში.

როგორც 26 აპრილის ღონისძიებაში ჩართული ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, ამგვარი დღესასწაულების მოწყობა მარტივი არ არის და ისინი ხშირად ვერ ახერხებენ შვილები წაიყვანონ კინოში ან თოჯინების თეატრში.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ მიმდინარეობისას „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ არაერთი ღონისძიება მოაწყო ბენეფიციართა შვილებისთვის.

ყოველ ახალ წელს პატარები გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ და იღებენ სადღესასწაულო სიურპრიზებს. ბავშვები სექტემბერში, სასწავლო წლის დასაწყისში, სასკოლო ნივთებითა და ინვენტარით დასაჩუქრდნენ, რის შემდეგ ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს.

“ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას” “დემოკრატიის ინსტიტუტი” ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მძღოლების დაჯარიმებით ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონი შევიდა 

ჯარიმებისა და საურავებისგან მობილიზებული თანხიდან გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში  4 მილიონ 486 200 ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 95,5%-ია. ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 3 მილიონ 023 400 ლარი საგზაო მოძრაობის წესებისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა შეადგინა. ანგარიში მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურმა საკრებულოს 25 აპრილს წარუდგინა.

გარდა ამისა, ამ ანგარიშში მითითებული ინფორმაციით, გასულ წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში დაჯარიმებულებმა ბიუჯეტში ნახევარმილიონზე მეტი – 521 700 ლარი გადაიხადეს.

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმებულების მიერ გადახდილმა თანხამ ბიუჯეტში 29 800 ლარი შეადგინა. საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევის გამო ბიუჯეტში, ჯარიმის სახით, 2 400 ლარი გადაუხდიათ.

საზოგადოებრივი წესრიგის  დარღვევების  გამო დაკისრებული ჯარიმებიდან კი, ბიუჯეტში  64 200 ლარი აისახა. მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ბიუჯეტის შემოსულობები 93 000 ლარით გაიზარდა.

ქალაქის შემოსავალმა სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო გადახდილი ჯარიმებიდან  351 200 ლარი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ვაჭრობისა და ფინანსების დარგში ჯარიმებისგან – 55 700 ლარი შეადგინა.

ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს სახით გასული წლის ბიუჯეტში 345 700 ლარი შეიტანეს.

სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების სახით გადახდილმა თანხებმა ბიუჯეტის შემოსულობები მილიონ 934 500 ლარით გაზარდა.

ეს აერთიანებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფის სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს, რამაც ბიუჯეტში 460 800  ლარი შეადგინა.

ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვიდან მიღებული საფასურს  სახით, ჯამში, ბიუჯეტში 142 600 ლარი აისახა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში დაკისრებული სანქციებისთვის გადახდილი თანხების ოდენობამ – 191 400 ლარი შეადგინა.

 

60-მილიონიანი პროექტი – გონიო-კვარიათში წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობა იწყება

გონიო-კვარიათში წყლის სისტემების რეაბილიტაცია  და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობა დაიწყება. პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი [KfW] დააფინანსებს, პროექტის ღირებულება ჯამში 60 მილიონი ლარია.

ამ პროექტში შედის ასევე წყალარინების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები – ლეონიძის, ხახულის, აღმაშენებლის, კობალაძის, ფიროსმანის, ინასარიძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე [ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე].

სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული გერმანული კომპანია „ფაიფერი“ ჩაატარებს. კომპანია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა შეარჩია. ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი ხვალ, 28 აპრილს, სახალხო დღესასწაულის – ბათუმობის ფარგლებში გაიმართება.

ხელშეკრულებას ხელს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელი მოაწერენ.

 

 

 

კმდს-ს ზონალური საბჭოს წევრი არქიტექტორს: „ჭავჭავაძის ქუჩა შენი გაფუჭებულია“

„ჭავჭავაძის ქუჩა შენი გაფუჭებულია“ – ასე მიმართა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს წევრმა ნუგზარ ძნელაძემ არქიტექტორ გია გაბაშვილს. არქიტექტორი სხდომაზე დაჟინებით ითხოვდა, საბჭოს უარი არ ეთქვა  შპს „არქეოსისთვის“ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „თიბისი ბანკის“ წინ, 12-სართულიანი სახლის მშენებლობაზე.

„კარგი რაა“ – მხოლოდ ეს იყო გია გაბაშვილის პასუხი საბჭოს წევრის კრიტიკაზე.

შპს „არქეოსი“ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #31-33-35-37-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე თორმეტსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. პროექტი კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს არქიტექტორმა გია გაბაშვილმა წარუდგინა: „მე აქ ავაშენებ მთელ კვარტალს და კიდევ მეტს“. მან სხდომაზევე განაცხადა, რომ ინვესტორიც თვითონაა.

„პროექტი ყველა პარამეტრში ჯდება, აკმაყოფილებს 41-ე დადგენილების მოთხოვნებს, კოეფიციენტი 7,5- ია და სხივებშია, რამდენი სართულია და 12. პარკინგიც ექნება“, – განუმარტა არქიტექტორმა ზონალური საბჭოს წევრებს.

ისტორიული სახლის ფასადი, რომლის დემონტაჟის ხარჯზეც ახალი 12-სართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ

საპროექტო ტერიტორიაზე ამ დროისთვის ორსართულიანი მრავალბინიანი, ისტორიული სახლი მდებარეობს, რომელსაც მთელი კვარტალი უკავია [2600 კვადრატული მეტრი]. პირველ სართულზე კომერციული ფართობებია, მეორე სართულზე კი – საცხოვრებელი ბინები. შენობის მოპირდაპირედ  „თიბისი ბანკის“ შენობაა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საპროექტო ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია.

 

ზონალური საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვას ამ სახლის მესაკუთრეებიც ესწრებოდნენ. ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ ზონალური საბჭო მათი საცხოვრებლის დემონტაჟის ხარჯზე  ახალ მშენებლობას დასთანხმებოდა. ამტკიცებდნენ, რომ ეს მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის აუცილებელია.

ზონალური საბჭოს სხდომა

საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ სახლში მცხოვრები: „ჩვენი სახლი ძალიან ძველია, თითქმის ავარიულია. ადრე აქ რკინიგზის სადგური იყო და სახლი ამორტიზებულია, შეიძლება მეორე სართული ჩავარდეს, რომ ვიძინებთ, გვეშინია. იატაკი ჭრიალებს, რომ დავდივართ.“

ზონალურმა საბჭომ პროექტი დაიწუნა.

„ამ ეზოს განვითარების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მე დღეს ვამბობ უარს, არ მომწონს ეს დამოკიდებულება, შენობა არის მაღალი [გულისხმობს პროექტს]. დაფიქრდით, ცოტა თქვენც მოიკელით, ცოტა ინვესტორისკენაც გაიხედეთ. მე, როგორც არქიტექტორი, აღვადგენდი იმ სახასიათო შენობას, ფასადს. ისე დავაგეგმარებდი, რომ იქ შენობაც იყოს, ქუჩაც, ისტორიაც და თქვენთვის საჭირო პირობებიც“, – განაცხადა საბჭოს წევრმა ნუგზარ ძნელაძემ.

პროექტი დაიწუნა საბჭოს წევრმა დავით ზოიძემაც, უარყოფითი პოზიცია გამოთქვა ასევე საბჭოს თავმჯდომარემ.

„წინ ათსართულიანი პროექტებია, გვერდითაც, აქეთ კიდევ თხუთმეტსართულიანი და ამ პროექტზე უარი უნდა თქვათ. ამაზე რომ გამოვა უარი, მაშინ დამთავრდა ყველაფერი. ექვსი ვიმყოფინო კოეფიციენტი, ეგ რა ლაპარაკია?“ – იკითხა არქიტექტორმა. არქიტექტორის კითხვამ გააღიზიანა როგორც დაგეგმილი პროექტის ტერიტორიაზე მცხოვრებლები, ასევე სხდომის თავმჯდომარე.

„თიბისი  ბანკის მარცხენა და მარჯვენა მხარეს თქვენი პროექტებია და მოპირდაპირედაც 12 სართული გინდა? – ნუ შეგყავს ხალხი შეცდომაში, რომ მშენებლობის წინააღმდეგია საბჭო. ცოტა სხვანაირად დაითვალეთ სიმაღლეები. გვერდით დაშენებული რომაა, კარგია? – მერე გეტყვიან, რატომ გაეციო. ყველა პროექტი თიბისი ბანკის ირგვლივ საშინელებაა“, – უთხრა არქიტექტორს საბჭოს თავმჯდომარემ, ზაურ ახვლედიანმა.

საბჭომ პროექტი სიმაღლის გამო არ შეითანხმა. სხდომაზე  მოსახლეობა ამტკიცებდა, რომ ორსართულიანის ნაცვლად 12 სართული იმისთვისაა საჭირო, რომ პირველ სართულზე არსებული კომერციული ფართობების მეპატრონეები „ბევრს ითხოვენ“.

 

გაზაფხული ბათუმის ქუჩებსა და აივნებზე

ავტორი: ნანა ცეცხლაძე

გაზაფხული უკვე არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ აივნებსა და ძველ, ბათუმურ ეზოებშიც იგრძნობა. თუ ბათუმში ნელი ნაბიჯით სეირნობისას აივნებსაც შეავლებთ თვალს, დაინახავთ, რომ ბათუმელმა მცენარისმოყვარულებმა გამოზამთრებული მცენარეები უკვე გამოფინეს აივანზე, ზოგან ბალბა ყვავის, ეზოში ვარდები უკვე გაიშალა, ზოგან კი გვიმრა ხასხასებს.

კაფეს შესასვლელი აბაშიძის ქუჩაზე
ნანა ცეცხლაძის ფოტო
ნანა ცეცხლაძის ფოტო
ბათუმური ეზო
ბალბის ქოთნები ჭავჭავაძის ქუჩაზე. ნანა ცეცხლაძის ფოტო
აივნები ჭავჭავაძის ქუჩაზე. ნანა ცეცხლაძის ფოტო
თავდადებულის ქუჩაზე მდებარე ბათუმურ ეზოში ვარდები აყვავდა. ნანა ცეცხლაძის ფოტო
სუკულენტები მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის აივნიდან. ნანა ცეცხლაძის ფოტო
ნანა ცეცხლაძის ფოტო
აივნები მემედ აბაშიძის ქუჩაზე. ნანა ცეცხლაძის ფოტო
ქოთნებით მორთული კედელი ბათუმში. ნანა ცეცხლაძის ფოტო
ძველი ბათუმი
აივანზე ამოსული გვიმრა
ძველი ბათუმი
სურო სახლის კედელზე
ნანა ცეცხლაძის ფოტო

ნანა ცეცხლაძის ფოტო
ქოთნები აივანზე

ნანა ცეცხლაძის ფოტო

ქობულეთის საავადმყოფოს საკნალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს – დაწყებულია გამოძიება

ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს. ამის შესახებ  პოლიციას საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შეატყობინა.

ემბრიონი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და კლინიკამ შესაბამისი სამსახური გამოიძახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ინფორმაცია თავდაპირველად „25-ე არხმა“ გაავრცელა.

რა თქვა იესომ? [ ტესტი]

კონკრეტული ფრაზები „ბიბლიიდან“ ბევრს კარგად ახსოვს და ის კონკრეტულ სცენასაც ახსენებს. მატერიალური კეთილდღეობა, სიკვდილი, სიკეთე, სამართლიანობა – რას ამბობდა ამ ყველაფერზე იესო ქრისტე? – შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რამდენად კარგად გახსოვთ „ბიბლია“.

„ნუ აგვიკრძალავთ საარსებო წყაროს“ – კვადროციკლების მესაკუთრები აქციას აგრძელებენ

ავტორი: ნანა ცეცხლაძე, ნესტან ზოიძე 

ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან, კვადროციკლების მესაკუთრები აქციას აგრძელებენ. „ვითხოვთ რეგულაციებს“, „ვინ დაიცავს ჩვენს უფლებებს“, „ნუ აგვიკრძალავთ საარსებო წყაროს“ – ამ წარწერებს ბულვარის შესასვლელთან გაშლილ კარვებზე ნახავთ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შიმშილობენ და საპროტესტო აქციას არ შეწყვეტენ, სანამ მთავრობა მათ ხელსაყრელ პირობებს არ შესთავაზებს. ისინი არ არიან თანახმა მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე – გადავიდნენ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოდ.

„ჩვენ ვმუშაობთ ტურისტებზე, აქედან გამომდინარე ვერ დავთანხმდებით, იქ არ არიან ტურისტები, არ გვექნება საშუალება ვიმუშაოთ. ეს არ არის დახმარება, ეს უპასუხისმგებლობა“ – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პაატა საგინაძემ.

მან გვითხრა, რომ მთავრობა და ბულვარის ადმინისტრაცია მათ რეგულაციებს არ სთავაზობს – „პირიქით, ჩვენ  რისი საშუალებაც გვაქვს ყველაფერი შევთავაზეთო“ – ამბობს.

„ჩვენ ვთმობთ ელექტრომობილებს, ვამცირებთ სიჩქარეს, არასრულწლოვნებს არ დავსვამთ საჭესთან… ეს არის ტურისტისთვის მოსახერხებელი ტრანსპორტი და რატომ გვიკრძალავენ. სანამ სამართლიანად არ გადაწყდება ეს ყველაფერი მანამდე ვიშიმშილებთ“  – ამბობს პაატა საგინაძე.

ბულვარის ტერიტორიაზე 1200-მდე კვადროციკლი მოძრაობდა. მათი მეპატრონეები ამბობენ, რომ თუკი მუშაობის გაგრძელების უფლებას მისცემენ, კვადროციკლების რაოდენობას 300-მდე შეამცირებენ.

კვადროციკლების მეპატრონეების აქცია
კვადროციკლების მეპატრონეების აქცია
კვადროციკლების მეპატრონეების აქცია

ბათუმელი კესარია მგელაძე სასკოლო ჭადრაკში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

9 წლის ბათუმელი კესარია მგელაძე მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართულ სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატზე კესარიამ  9 პარტია ითამაშა და 8 ქულა დააგროვა. მან ვერცხლის მედალი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა. კესარიას მთავარი მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვია.

სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა ანტალიაში 18-დან 26 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. დაჯილდოების ცერემონიალი კი ანტალიაში დღეს საღამოს გაიმართება.

კესარია მგელაძე ბათუმში სკოლა „ევრო 2000“-ის მოსწავლეა.

კესარია მგელაძე

გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 36 მილიონი ლარი შევიდა

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბათუმის ბიუჯეტში ერთ-ერთი მზარდი, სოლიდური შემოსავლის წყაროა. 2018 წლის ბათუმის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ამ თანხამ ბათუმის ბიუჯეტში 36 მილიონ 174 500 ლარი შეადგინა. ანგარიში მერიამ საკრებულოს 25 აპრილს წარუდგინა.

ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში ასახული თანხიდან ყველაზე მეტი 20 მილიონ 082 600 ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის, სამორინეს მაგიდებიდან კი ბიუჯეტში 13 მილიონ 567 ლარი შევიდა.

2018 წლის ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი შეადგინა სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშებიდან მიღებულმა გადასახადმა. წამახალისებელი გათამაშებიდან 294 700 ლარი, კლუბის მაგიდიდან კი ბიუჯეტში 217 900 ათასი ლარი შევიდა.

სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის სახით, გასული წლის ბათუმის ბიუჯეტში, 12 300 ლარი აისახა.

საერთო ჯამში გასული წლის ბიუჯეტი, შემოსულობების ნაწილში, ასი პროცენტით შესრულდა.

სამი ბათუმელი მოსწავლე ისრაელსა და ბულგარეთში ისწავლის

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე თაკო ჭანიძე ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში [AUBG]  ჩაირიცხა, სადაც ფსიქოლოგიას შეისწავლის. თაკომ უნივერსიტეტიდან 30-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო და სწავლას სექტემბერში დაიწყებს.

„ჩავაბარე ზოგადი უნარები ინგლისურად, ასევე, ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტი [TOEFEL] და ბოლო საფეხური იყო გასაუბრება.  აპლიკაციის შევსების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, გასაუბრების შემდეგ გიკავშირდებიან და გეუბნებიან, რამდენი პროცენტით გაფინანსებენ“ – გვეუბნება თაკო.

მისი აზრით, ამერიკული უნივერსიტეტების უპირატესობა ქართულთან შედარებით ისაა, რომ ამერიკული უნივერსიტეტები მეტ არჩევანს სთავაზობს სტუდენტს.

„გარდა იმისა, რომ ამერიკული დიპლომი პრესტიჟულია მსოფლიოში, შესაძლებლობა გაქვს სწავლის პირველ ეტაპზე შეიცვალო ფაკულტეტი და არ დაგეკარგოს წელი.

თაკო ჭანიძე

გარდა ამისა, საქართველოში პირველკურსელებისთვის სამუშაოს შოვნა რთულია, ეს უნივერსიტეტი კი გვაძლევს შესაძლებლობას დავსაქმდეთ უნივერსიტეტშიც, ასევე, ზაფხულობით შეგვეძლება ამერიკაში წავიდეთ, იქ ვიმუშაოთ და ასე გადავიხადოთ სწავლის საფასური და სხვა ხარჯები“.

თაკოს თქმით, შესაძლებლობების ფართო სპექტრი განაპირობებს იმას, რომ ქართველი  მოსწავლეები უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან  ევროპაში ან ამერიკაში განათლების მიღებით.

„ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომელიც უკვე სწავლობს ამ უნივერსიტეტში და კმაყოფილი არიან აქ მიღებული განათლებით. უნივერსიტეტი ლიბერალურ ღირებულებებზეა დაფუძნებული, რაც ასევე საინტერესოა ჩემთვის“ – ამბობს თაკო. მისი თქმით, უნივერსიტეტი გასცემს როგორც ამერიკულ, ასევე ბულგარულ დიპლომს.

ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტი ქალაქ ბლაგოევგრადშია. „როგორც ვიცი, ეს ქალაქი ბათუმივით პატარა და მშვიდია და არც ადაპტაცია გამიჭირდება“ – გვეუბნება თაკო.

ლილე მესხიძე

ისრაელში, Givat Haviva International School-ში ისწავლიან  ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ლილე მესხიძე და ლიზა წოწორია. ლიდერთა სკოლა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარეობს და იქ მსოფლიოს 17 ქვეყნიდან წელს 55 სტუდენტი ისწავლის.

„სკოლა ორწლიანია და საერთაშორისო IB პროგრამებით  ასწავლის. სამი სავალდებულო და სამიც შერჩევითი საგანი უნდა ისწავლო. სკოლის დასრულების შემდეგ ამერიკულ ატესტატს ავიღებ, რაც შესაძლებლობას მაძლევს ამერიკაში წავიდე სასწავლებლად“ – გვეუბნება ლილე მესხიძე. სკოლაში სწავლის წლიური საფასური 30 ათასი დოლარია. ლილე მესხიძე ამბობს, რომ მან 90-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო.

„მომავალში ფსიქოლოგიის შესწავლას ვაპირებ უნივერსიტეტში და ვფიქრობ ამ სკოლაში მიღებული განათლება და გამოცდილება უნივერსიტეტშიც დამეხმარება“.

ლიზა წოწორია

ლიზა წოწორიაც ამავე კოლეჯში ისწავლის, მას უკვე მოპოვებული აქვს 60-პროცენტიანი დაფინანსება. „სკოლა გვამზადებს უნივერსიტეტისთვის და შესაბამისად, სწავლა არის მაღალ დონეზე. მე ავირჩიე ბიზნეს-მენეჯმენტი, მეც ამერიკაში მინდა სწავლის გაგრძელება სამომავლოდ და ვფიქრობ აქ მიღებული გამოცდილება იქნება ჩემთვის საფუძველი, რომ კარგ უნივერსიტეტში მოვხვდე“ – გვეუბნება ლიზა.

ლიზასთვის ამერიკა თავისუფლების  გარდა, პროფესიულ შესაძლებლობებთანაც ასოცირდება. „მაქვს განცდა, რომ იქ სწავლითაც მეტს მივაღწევ და გარემოც უფრო მრავალფეროვანი იქნება. სწავლის დასრულების შემდეგ კი მინდა საქართველოში დავბრუნდე და ჩემი ცოდნა აქ გამოვიყენო“.

ლიზა ფიქრობს, რომ ისრაელში გატარებული ეს ორი წელიც საინტერესო იქნება მისთვის როგორც სწავლის მხრივ, ასევე იმით, რომ ისრაელის კულტურასაც უკეთ გაიცნობს.

შვედეთის ელჩის ტვიტის შემდეგ არდაგანის ტბა გაწმინდეს

ბათუმში მდებარე არდაგანის ტბა გაწმენდილია. ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე დღეს დილით [26 აპრილს] საქართველოში შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა დაწერა.

„მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი“, – დაწერა ულრიკ ტიდესტრომი.

რატომ იყო ტბა დაბინძურებული, ამის გარკვევას “ბათუმელები” ამჯერადაც “ბათუმის წყალთან” შეეცადა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სანიაღვრე სისტემის მეშვეობით არდაგანის ტბაში 26 აპრილს ბლანტი, უცხო სითხე მოხვდა. კომპანიაში გვითხრეს, რომ შესაბამისი სამსახურები ტბას გაწმენდნენ.

ტბა მართლაც გაწმინდეს. ულრიკ ტიდესტრომმა კი ტვიტერზე გაწმენდილი ტბის ფოტო გამოაქვეყნა.

არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ “ბათუმელებმა” ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ დაწერა. პირველი სტატია ტბის დაბინძურების შესახებ 11 აპრილს მომზადდა. მეორე სტატია 22 აპრილს გამოქვეყნდა. “ბათუმელები” შეეცადა გაერკვია, რის გამო ბინძურდება ტბა.

ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში ჯაბა ტუღუში ფიქრობს, რომ ტბას სჭირდება გამოკვლევა სპეციალისტების ჩართულობით, რათა დადგინდეს დაბინძურების რეალური მიზეზი.

“ტბის ფსკერის პრობლემა უნდა იყოს და ალბათ საჭირო იქნება მისი მოწყობა სპეციალური ბალასტით“, – თქვა გასულ კვირას “ბათუმელებთან” ჯაბა ტუღუშმა.

შესაბამისად, ჯერ უცნობია რა აბინძურებს არდაგანის ტბას. “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, არდაგანის ტბაზე მდგომარეობა მნიშვნელოვნად მას შემდეგ გაუმჯობესდება, რაც ტბის მიმდებარედ  სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდება, ანუ 2020 წლის აპრილში. მერიის მოხელეები ფიქრობენ, რომ ამის შემდეგ, სატუმბის მეშვეობით, ქალაქის სანიაღვრე წყლების შეკრება და ზღვაში გადატუმბვა არდაგანის ტბისგან დამოუკიდებლად მოხერხდება.

შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ “ბათუმის წყლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან დაგვიკავშირდნენ. უწყების მტკიცებით, არდაგანის ტბას ზედაპირულად ყოველდღიურად ასუფთავებენ.

მთავარი ფოტო: ულრიკ ტიდესტრომი

შვედეთის ელჩი ბათუმში არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე წერს

რუსთაველზე „ხრუშოვკის“ ფასადისთვის ბათუმის მერია 554 570 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს

ბათუმის მერია რუსთაველის ქუჩა N10-ში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც 554 570 ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე აპირებს.

ფასადის რეაბილიტაციას მერია „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებად“ აფასებს, რასაც შემდეგნაირად ასაბუთებს:

„ადგილი, სადაც ეს შენობა მდებარეობს, წარმოადგენს ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ტურისტულ ადგილს. მნიშვნელოვანია ამ სახლზე არსებული პრობლემების მოგვარება მოხდეს დროულად, ასევე იმ არქიტექტურული იერსახისა, რომლითაც ამ ადგილს მიაკუთვნებენ ბათუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას“.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

სამმართველოს ინფორმაციით, „გამარტივებული შესყიდვის გზით უნდა მოხდეს საცხოვრებელი სახლის ფასადის შეფუთვა [იერსახის შეცვლა, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, თბოიზლაცია]… ტენდერის გამოცხადების თავისებურებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებას სავარაუდოდ დასჭირდება 2 თვე, რომელიც ძალიან გააჭინაურებს პროცესს“.

„რუსთაველის ქ. №10-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი წარმოდგენს ეგრეთ წოდებულ ტიპიურ „ხრუშჩოვკას“. სახლის შეფუთვა-მოპირკეთება რუსთაველის ქუჩის მხრიდან გაკეთდა მრავალი წლის უკან და დღეის მდგომარეობით ფასადი სავალალო მდგომარეობაშია: საცხოვრებელი სახლის აივნები და ფასადი დაზიანებულია და შესაძლებელია გამოიწვიოს მაცხოვრებლების და ქვეითად მოსიარულეთა [მათ შორის ტურისტებისა და ვიზიტორების] საფრთხის შექმნა“ – აღნიშნულია სამმართველოს განაცხადში.

არსებობს თუ არა ესკიზი, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელ სახლზე რუსთაველის ქუჩის მხრიდან ფასადი უნდა მოეწყოს? –  საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გარკვეული მონახაზი აქვთ, თუმცა დეტალები ხელშეკრულების გაფორმების დროს დაზუსტდება.

აღნიშნული სახლის „ექსტერიერის ვიზუალური მხარის საუკეთესო ესკიზის გამოვლენაზე და მის საფუძველზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ სამმართველომ კონკურსი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა, თუმცა ის საკონკურსო კომისიამ შეწყვიტა.

„მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პროექტის კონცეფცია არ არის თანხვედრაში იმ ხედვასთან, რომელიც შემსყიდველს [ბათუმის მერიას] გააჩნია“ – აღნიშნულია კომისიის ოქმში

კონკურსზე წარმოდგენილი ესკიზები, რომლებიც საკონკურსო კომისიამ დაიწუნა:

რუსთაველის 10, ბათუმი / ესკიზი / ავტორი ჯიმსონ გურგენიძე / ფოტო საკონკურსო დოკუმენტებიდან
რუსთაველის 10, ბათუმი / ესკიზი / ავტორი NEW-ENERGY / ფოტო საკონკურსო დოკუმენტებიდან

მაშინ, როცა ბათუმის მერია ხუთსართულიანი სახლის ფასადის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონზე მეტ ლარს ხარჯავს, პარალელურად, ამ სახლზე მანსარდის დაშენების ნებართვას ითხოვენ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულმა ზონალურმა საბჭომ თავის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე რუსთაველის 10-ში მდებარე სახლზე მანსარდის დაშენების პროექტი არ შეითანხმა.

რენდერი / ბათუმი, რუსთაველის 10 / ფოტო ზონალური საბჭოს სხდომიდან

“ბათუმის წყალი” აცხადებს, რომ არდაგანის ტბაში უცნობი სითხე ჩაიღვარა

ბათუმში, არდაგანის ტბაში, დღეს დილით [26 აპრილი]  უცნობი სითხე ჩაიღვარა. “ტბაზე გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს,” – უთხრეს “ბათუმელებს” “ბათუმის წყლის” პიარსამსახურში.

„დილის საათებში დაფიქსირდა სითხის მსგავსი მასის ჩაღვრა ტბაში, რომელთან დაკავშირებითაც ამ წუთებში მიმდინარეობს  მოკვლევა, საიდან არის ეს სითხე და რა არის.  ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის უკვე მიწოდებული გვაქვს ინფორმაცია და ისინი დაადგენენ, თუ საიდან ჩაიღვარა სითხე,” – ამბობენ  “ბათუმის წყალში”.

მოგვიანებით, “ბათუმის წყალმა”  ოფიციალური განცხადება თავის ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა.

დაიწყო თუ არა მოკვლევა, ვინ დააბინძურა არდაგანის ტბა? – ამ კითხვით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მივმართეთ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე შეისწავლის სიტუაციას და კომენტარს ამის შემდეგ გაააკეთებენ.

არდაგანის ტბის გაწმენდის სამუშაოების ამსახველი ფოტო “ბათუმის წყალმა” მოგვაწოდა

ბათუმის ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე პოსტი შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა დაწერა.

„მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი“, – წერს ელჩი.

არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ „ბათუმელებმა“ რამდენჯერმე დაწერა. ტბა პერიოდულად იწმინდება, თუმცა ისევ ბინძურდება.

„ბათუმის წყალმა“ 22 აპრილს,  „ბათუმელებისთვის“ მიცემულ კომენტარში თქვა, რომ  ტბის ზედაპირული გაწმენდა  ყოველდღე მიმდინარეობს, მექანიკური გაწმენდა კი ტბაზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიხედვით ხდება. ტბა განსაკუთრებით „მაგნოლიას“ მხარეს ბინძურდება. „ბათუმის წყალს“ არ ჩაუტარებია კვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვეოდა, თუ რის გამო ბინძურდება არდაგანის ტბა.

შვედეთის ელჩი ბათუმში არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე წერს

 

მყიდველი არ ჩანს – ავტოსადგურის ბაზრობა გახსნიდან ერთი თვის შემდეგ

ავტორი: ნესტან ზოიძე 

ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც ერთი თვის წინ ბათუმის ბაზრობა გაიხსნა და ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეები გადაიყვანა, თითქმის ორი საათი დავყავი.  ამ ხნის განმავლობაში ბაზრობაზე არავინ გამოჩენილა. სწორედ ეს არის მოვაჭრეების ყველაზე დიდი წუხილის საგანი. აქ ამბობენ, რომ დღის განმავლობაში ბაზრობაზე მაქსიმუმ ორი კაცი თუ შემოდის.

მყიდველის მოლოდინში მთელი დღე სხედან და ელიან მომხმარებლის გამოჩენას. ადამიანს, რომელიც შემთხვევით მოხვდა ბაზრობაზე, აქ „ხელიდან არ უშვებენ“ – ევედრებიან, რომ რამე იყიდოს. ასე გრძელდება უკვე რამდენიმე თვეა.

აქ შემთხვევით მისული მომხმარებელი შესაძლოა ვერ მიხვდეს სად აღმოჩნდა, ეს რა ბაზრობაა. მართალია, წერეთლის ქუჩიდან გარემოვაჭრეების გადაყვანას მედია აქტიურად აშუქებდა, მაგრამ ვერც ამან უშველათ – ბაზრობის შესასვლელი, ფაქტობრივად, ტრანსპორტით არის ჩახერგილი – „მარშრუტკებით“ თუ მსუბუქი მანქანებით. საგანგებოდ ამ ბაზრობაზეც რომ მიხვიდე, შესასვლელიც კი უნდა ეძებო.

ბაზრობა ავტოსადგურში. ნესტან ზოიძის ფოტო

გარემოვაჭრეებს ჩემს დანახვაზე თვალები გაუბრწყინდათ, მომხმარებელი ვეგონე და იმ წამსვე შემომთავაზეს ყველაფერი. იმედები გავუცრუე, როცა ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და მათი ამბის გასაშუქებლად მივედი.

„პურის და მურაბის ჭამა დავიწყეთ, რაც აქ გადმოგვიყვანეს“ – მიყვება ნანი გორაძე, რომელიც ამბობს, რომ უკვე 2 თვეა ბინის ქირის ფული არ გადაუხდია და არც წესიერი საჭმელი მიუტანია სახლში. ნანი მიამბობს, რომ ბაზრობაზე ნორმალური პირობებია – შენობაში არ ცივა, არც წყალი ჩადის, მაგრამ ეს არაფერს ცვლის: ასე ჯდომა სახლშიც შემეძლო შემოსავლის გარეშეო – ამბობს. მიუხედავად ცუდი პირობებისა, მას გარეთ ვაჭრობა ერჩივნა, ასე უკეთესად არჩენდა ოჯახს და იმიტომ.

„მაისის 20-იდან გადასახადიც გვექნება – თვეში 60 ლარი, ანუ ყოველ დღეს 2 ლარი. როგორ გადავიხდი ამხელა ფულს, როცა დღეში 1 ლარსაც კი ვერ ვშოულობ…“ „გადასახადს იმ შემთხვევაში დავთანხმდებით, თუ იმუშავებს ეს ადგილი და შემოსავალი გვექნება. ამ საკითხზე მერიას ვერ ველაპარაკებით, რადგან უკვე რამდენიმე დღეა არც ისინი გამოჩენილან“ – შეუჩერებლად შემომჩივლეს ამბები, რომელიც უნდათ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მივიტანო.

„სამი-ხუთი დღეა მანეთი არ გვივაჭრია გოგოებო. მანეთი. თუ გამოიარა ვინმე და ძალით გავატანეთ რამე – ეგაა. მათხოვრებად გადავიქეცით. აქ მყიდველი არავინაა, ყველა გამყიდველები ვართ. აქ არავინ შემოვა, ამდენი გასაცოდავებული ხალხის ყურებას არავინ მოინდომებს“, – ეს სიტყვები მედეა ტუკვაძემ წამოსვლამდე მომაძახა, ბაზრობაზე მოვაჭრეთაგან ერთ-ერთმა.

ბაზრობა ავტოსადგურში. ნესტან ზოიძის ფოტო

შვედეთის ელჩი ბათუმში არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ ტვიტერზე წერს

ბათუმში მდებარე არდაგანის ტბა, რომელშიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო სანახაობა ე.წ. მოცეკვავე შადრევნებია დამონტაჟებული, ისევ დაბინძურებულია. ტბის დაბინძურების შესახებ ამჯერად ტვიტერზე შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი წერს.

“მოცეკვავე შადრევნები ბათუმში. შორიდან ლამაზია. თუმცა ახლოდან არც თუ ისე მიმზიდველი”, – წერს ელჩი.

ელჩს ტვიტერზევე ჰკითხეს, თუ როდის იყო გადაღებული ფოტო. ულრიკ ტიდესტრომმა კი უპასუხა რომ ფოტო დღეს, 26 აპრილს გადაიღო.

„იმედია ეს დროებითია [დაბინძურება]. მშვენიერი ქალაქია და ვიცი, რომ ბევრს მუშაობენ იმისათვის, რომ დაიცვან და  გააუმჯობესონ გარემო ქალაქში, რეგიონსა და ქვეყანაში.  შვედეთი მხარს გიჭერთ,” – წერს შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი.

არდაგანის ტბის დაბინძურების შესახებ “ბათუმელებმა” რამდენჯერმე დაწერა. ტბა პერიოდულად იწმინდება, თუმცა ისევ ბინძურდება.

„ბათუმის წყალმა“ 22 აპრილს,  “ბათუმელებისთვის” მიცემულ კომენტარში თქვა, რომ  ტბის ზედაპირული გაწმენდა  ყოველდღე მიმდინარეობს, მექანიკური გაწმენდა კი ტბაზე არსებული მდგომარეობის შეფასების მიხედვით ხდება. ტბა განსაკუთრებით „მაგნოლიას“ მხარეს ბინძურდება. „ბათუმის წყალს“ არ ჩაუტარებია კვლევა, რომლის მიხედვითაც გაირკვეოდა თუ რის გამო ბინძურდება არდაგანის ტბა.

“ბათუმელები” კომენტარისთვის დაუკავშირდა “ბათუმის წყლის” პიარ სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ ტექნიკური ჯგუფი გავა ტბასთან არსებული მდგომარეობის გადასამოწმებლად.

ამავე თემაზე:

რატომ ბინძურდება არდაგანის ტბა

 

სარფში არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდათ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1 690 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 26  აპრილის   21 საათიდან 27  აპრილის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი 
  • ღამით: 0-3 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 28-29 აპრილს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, თორნიკე თავაძე

ადგილები ბათუმში, სადაც დღეიდან „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 26 აპრილს, ბათუმში რვა ადგილზე სიჩქარის მზომი სექციური რადარები, ე.წ. „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდება.

ბათუმში, ახალ ბულვართან, სიჩქარის კონტროლის სექციები განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ);

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ხიმშიაშვილისა და კობალაძის ქუჩების კვეთამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის N1ა-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ანწუხელიძის ქუჩის N83-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N83-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ანწუხელიძის ქუჩის N37-დან ანწუხელიძის ქუჩის N4-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

ანწუხელიძის ქუჩის N4-დან ანწუხელიძის ქუჩის N37-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ).

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2669 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 936 არის ნომრის ამომცნობი, ხოლო 1733 არის ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. ამ დროისთვის სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 447 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

სამინისტროს მიერ, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

„2019 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.“ – აცხადებს შსს.

სამინისტროს ინფორმაციით დღეიდან „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდება ასევე ქალაქ სენაკში შემდეგ ადგილებზე:

მშვიდობის ქუჩის N137-დან მშვიდობის ქუჩის N355-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

მშვიდობის ქუჩის N362-დან მშვიდობის ქუჩის N122-მდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ).

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების 26 % სიჩქარის გადაჭარბებით იყო გამოწვეული.

ამ თემაზე:

საქართველოში ავარიის შედეგად 6 608 ადამიანი დაიღუპა ბოლო ათ წელში

https://netgazeti.ge/news/356887/

 

ახალი ცათამბჯენი, რომელშიც შესაძლოა „ჰოლიდეი ინნ“ განთავსდეს

კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ აბუსერიძის #13-ში სავაჭრო ცენტრ „კარფურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 110-მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. პროექტის მიხედვით, შენობა ორ მაღლივ კარკასს გააერთიანებს, ერთი 38-სათულიანი, მეორე კი 41-სართულიანი იქნება.

სამშენებლო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია, ახლოსაა საბალეტო სკოლის შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს. ამიტომაც სამშენებლო პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ განიხილა.

საკითხის განხილვისას ზონალური საბჭოს ერთ-ერთი წევრი დაინტერესდა – „რა ეშველება „კარფურს“  მას შემდეგ, რაც სავაჭრო ცენტრის წინ ცათამბჯენი აშენდება. სხდომაზე კომპანიის დირექტორმა ბესიკ ბაჯელიძემ განაცხადა, რომ გააკეთებს „კარფურთან“ გადასასვლელ ხიდს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ამ იდეას დაეთანხმება, კომპანია ნამდვილად მოიაზრებს მომავალში გადასასვლელი ხიდის მოწყობას.

„გავაკეთებთ უსაფრთხოების სრული დაცვით იმისთვის, რომ მომხმარებელი გადავიდეს და იქედანაც გადმოვიდეს აქეთ“,  – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

პროექტის განხილვისას ზონალური საბჭოს წევრმა ნუგზარ ძნელაძემ კომპანიის წარმომადგენელს უთხრა – შენობა მთელ სიბრტყეზე გაქვთ წარმოდგენილი და „კარგი იქნებოდა შუაში ცოტა ჰაერი მიგეცათო“. ამაზე კომპანიის დირექტორმა უპასუხა, რომ ასეთი პროექტი უკვე წარდგენილი ჰქონდა და სწორედ ზონალური საბჭოს წევრების რეკომენდაციით გააერთიანა.

ბესო ბაჯელიძის ინფორმაციით, შენობის ცხრა სართულზე „ჰოლიდეი ინნ“  აპირებს შესვლას – ამაზე მოლაპარაკებები უკვე შედგა. გარდა ამისა, შენობის პირველ ორ სართულზე სავაჭრო ცენტრი განთავსდება, შენობის ნაწილში კი აპარტამენტებს მოაწყობენ და გაყიდიან.

ლადო აფხაზავა სტუდენტებს: თუ არ დავსვამთ კითხვებს, შეიძლება გამოგვიყენონ დეკორაციად

დღეს, 25 აპრილს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ათეულის წევრი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა. ლადო აფხაზავა სტუდენტებთან საუბარი ერთგვარი პერფორმანსით დაიწყო. აანთო სანთელი და სტუდენტებს ჰკითხა, თუ რა ასოციაციას იწვევდა ეს მათში.

დარბაზიდან ისმოდა: „განათლება“, „ეკლესია“, „იმედი“, „წარმატება“, „90-იანები“, „რომანტიკა“… შემდეგ ლადო აფხაზავამ ერთი სანთლიდან მეორეს გადაუკიდა და ისევ იკითხა. რა არის ეს? პასუხი იყო – „გაზიარება“. „მეც სწორედ იმიტომ ვარ აქ, რომ ჩემი პრაქტიკა გაგიზიაროთ“, – უთხრა მან სტუდენტებს.

ლადო აფხაზავა აუდიტორიას სიმულაციური თამაშების ფონზე უხსნიდა, თუ რა არის განათლებაში მთავარი და რატომ არის პრაქტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად. მან ისაუბრა გაკვეთილზე გამოხატვის თავისუფლებაზე. „როცა ვამბობ, რომ ჩემს გაკვეთილზე მოსწავლეს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო, აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რომ ჭერი არ უნდა ჩამოექცეს თავზე, აქ ვგულისხმობ თავისუფლებას აზრის გამოხატვაში. მოსწავლემ იცის, რომ მას არავინ დასცინებს ამის გამო და არ შეზღუდავს“.

სტუდენტები ლადო აფხაზავას ლექციაზე ბსუ-ში.
ფოტო: ლელა დუმბაძის

თეორიისა და პრაქტიკის მიზნობრივად გამოყენებაზე საუბრისას ლადო აფხაზავამ მოიყვანა რელიგიური კონფლიქტის მაგალითი, რომელიც 2012 წელს გურიაში, სოფელ ნიგვზიანში დაიწყო.

„სამოქალაქო განათლებაში ძალიან დიდი თავი აქვს დათმობილი კონფლიქტების მოგვარებას. მხოლოდ თეორია არაფერს ნიშნავს მოსწავლისთვის, თუ მას რეალურად არ აჩვენე პრობლემის არსი. ამ რელიგიური დაპირისპირების გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძალიან ცუდი ატმოსფერო შეიქმნა. ქრისტიანი მეზობლები მუსლიმ მეზობლებს საკუთარ კარმიდამოში არ უშვებდნენ იმისთვის, რომ ელოცათ.

ლადო აფხაზავა სტუდენტებთან, ერთ-ერთი სიმულაციური თამაშის დროს.
ფოტო: ლელა დუმბაძის

მე მინდოდა ჩემს მუსლიმ მოსწავლეებს თავი უსაფრთხოდ ეგრძნოთ და შევეცადე ქრისტიანი მოსწავლეები მათთან ერთად წამეყვანა მათ სალოცავში. ამას საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. მოსწავლეებმა საკუთარი თვალით ნახეს ორი დაპირისპირებული მხარე და ეძებდნენ ამ კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან გზებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ თეორიით ვერ დაანახებ მოსწავლეს პრობლემას, თუ არ გახდი პროცესის მონაწილე“.

ლადო აფხაზავას თქმით, მნიშვნელოვანია ფორმალური განათლების პარალელურად გამოვიყენოთ არაფორმალური განათლების მეთოდებიც.

„გაკვეთილები ჩამიტარებია მდინარის პირას, გამგებლის ოთახში, სხვენზე, მინდორში, სპორტულ მოედანზე, უცნაურ ადგილებში და მიზეზი იყო ის, რომ მოსწავლეს თეორიის გარდა პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც მიეღო. თუ ადამიანს ეს სამი რამ – ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები არ აქვს, მასზე ვერ ვიტყვით, რომ კომპეტენტურია. არაფორმალური განათლება კი მოსწავლეს სწორედ ამ სამი უნარის გამომუშავებაში ეხმარება.

რელიგიური კონფლიქტების შემდეგ ლადო აფხაზავამ  ეთნიკური ნიშნით სიძულვილზე ისაუბრა.

„იყო სკოლაში ასეთი დამოკიდებულება -„ეგ აზერბაიჯანელი“, „ეგ სომეხი“ და ა.შ. ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ ეთნიკური უმცირესობების მიმართ მოსწავლეებს.

აღმოჩნდა, რომ ჩვენს სოფელში 27 რძალი გვყავდა ეთნიკური უმცირესობებიდან და სწორედ მათ ვთხოვე დახმარება. გავაკეთეთ პროექტი „ეთნორძლები“ და ამ ეთნოსებისთვის დამახასიათებელი კერძები მოვამზადეთ – პროცესში ჩავრთეთ უშუალოდ მოსწავლეები.

რაც არ უნდა წაიკითხო წიგნში, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება მაგარია, არ გექნება რეალური შედეგი, თუ ის ცხოვრებაში არ დაინახე. ეს ბავშვები ვერ ხედავდნენ მრავალფეროვნების მნიშვნელობას, რადგან მათი მშობლები არ სცემდნენ პატივს მრავალფეროვნებას. ამ პროექტის შემდეგ კი იყო ის, რასაც ველოდი“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

ლადო აფხაზავა ბსუ-ს სტუდენტებთან

ლადო აფხაზავას აზრით, დღეს 21-ე საუკუნის პედაგოგისთვის აუცილებელია ინოვაციური გზები და მიდგომები. მაგალითად, მისი აზრით, სულაც არ არის საჭირო ხშირად ვახსენოთ ბულინგი ან ჩაგვრა, დავწეროთ ის ფურცლებზე და გადავიღოთ ფოტოები, „საკმარისია იმოქმედო“ – ამბობს ლადო აფხაზავა.

„ჩვენ  გავაკეთეთ პროექტი, სადაც სიტყვა ძალადობა არ იყო გამოყენებული. პროექტს ერქვა –  „შეჭამე ბოსტნეული და არა შენი თანაკლასელი!“ სკოლაში მოვიტანეთ ბევრი ბოსტნეული, რომელიც მოსწავლეებმა თვითონ დაარჩიეს, დაჭრეს და მოამზადეს სალათები. გარდა იმისა, რომ მთავარი მესიჯი გაჟღერდა, გამოგვივიდა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაც“.

ლადო აფხაზავამ სტუდენტებს გუნდურ მუშაობასა და ლიდერობასთან დაკავშირებული სიმულაციური თამაშებიც გააკეთებინა. ამ თამაშების ფონზე მან ისაუბრა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებზე.

„ლიდერი არის ადამიანი, რომელიც ცდილობს გუნდს დავალება შეასრულებინოს და იყოს წინამძღოლი. თუმცა ჩვენ გვჭირდება ლიდერი, რომელიც სხვების უნარებსაც წარმოაჩენს.

ჩვენს ირგვლივ არიან მოსეირე, მაყურებლის როლში მყოფი ადამიანებიც. მაგალითად, სკოლაში 60 ძირი ვერცხლისფერი ნაძვი დავრგეთ. როცა ვთხრიდით ორმოებს, ერთმა მასწავლებელმა გამოაღო ფანჯარა და გვიყურებდა ზემოდან. დავრგეთ 60 ნერგი, როცა ხელები გადავიბანეთ და ბარები  გავასუფთავეთ,  ჩამოვიდა ის მასწავლებელი და გვეუბნება – „არც ერთი არ გაიხარებს ეგ ნაძვიო“. რატომ-მეთქი და დაიწყო ახსნა, დღეს სავსე მთვარეა, ხვალ იცლება და ხვალ დაგერგოთო. ვუთხარი – „ოჯახაშენებულო, ფანჯრიდან გვიყურებდი სამი საათი და ხომ შეგეძლო თავიდან გეთქვათ-მეთქი“. ამოვიღეთ ის 60 ნაძვი და მეორე დღეს თავიდან დავრგეთ. შორიდან მაცქერალი ადამიანები სწორედ ასეთია“, – ამბობს აფხაზავა.

ლადო აფხაზავა ბათუმში

ლადო აფხაზავამ ისაუბრა ცრუ მონაწილეობაზეც. „ჩვენ ადამიანები სკოლაშიც შევეჩვიეთ მოსწავლეების გამოყენებას. მათ ხშირად არ ვაწვდით არანაირ ინფორმაციას და ვეუბნებით, რომ მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ აქტივობაში. ამას ჰქვია დიქტატურა. სოციოლოგი როჯერ ჰარტი მიიჩნევს, რომ დიქტატურაა, როდესაც ადამიანი სარგებლობს თავისი მდგომარეობით და გაუცნობიერებლად იყენებს სხვებს საკუთარი მიზნებისთვის.

ბავშვობიდან მიგვაჩვიეს, რომ რადგან უფროსმა გვითხრა, ამიტომ გავაკეთოთ. ეს არ არის ბავშვის სურვილი და ეს არის ცრუ მონაწილეობა. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, რომლებიც კითხვებს დასვამენ – რატომ? რისთვის? მიზანი რა არის?“

კიდევ ერთი სიმულაციური თამაში ადამიანების დეკორაციად გამოყენებას შეეხებოდა. „შესაძლოა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა ან სხვადასხვა ჯგუფებმა გამოგიყენოთ დეკორაციად. არის შემთხვევები, როცა ადამიანები დგანან რომელიღაც პოლიტიკურ შეკრებაზე, აფრიალებენ დროშებს და როცა მონაწილეებს ეკითხები, რატომ არიან იქ, ამბობენ – არ ვიცი. „გამგებელმა მითხრა და ვაფრიალებო“. სწორედ ეს არის ადამიანების დეკორაციად გამოყენება. თუ ჩვენ არ დავსვამთ შეკითხვებს, შეიძლება ჩვენც გამოგვიყენონ დეკორაციად“, – უთხრა ლადო აფხაზავა სტუდენტებს.

მისი თქმით, თანამედროვე გამოწვევები ითხოვს ინოვაციურ მიდგომებს, რაც ბევრს არ მოსწონს.  „ცდილობენ ტალახი გესროლონ, ამის კი ნუ შეგეშინდებათ“.

ლადო აფხაზავა ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის – „ლიბერრუმის“ ფარგლებში მეორედ მოიწვიეს.

სტუდენტები ლადო აფხაზავას ლექციაზე ბათუმში

ვინ იყო სკოლაში „დიდ ხუთშაბათს“ – პრობლემა, რომელიც არავის აწუხებს

„ქრისტიანული სახელმწიფო ხომ ვართ, ამიტომ არ მოვიდნენ,“ – ეს ფრაზა ბათუმის საჯარო სკოლაშიც მოვისმინეთ და უნივერსიტეტშიც, როცა დავინტერესდით, რატომ დაცარიელდა სასწავლო დაწესებულებები ერთ ჩვეულებრივ სასწავლო დღეს. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანთა „დიდი ხუთშაბათი“ უქმე დღე არ არის, მოსწავლეების ნაწილი დღეს, 25 აპრილს სკოლაში არ მისულა.

მოსწავლეების გამოუცხადებლობას არავინ გაუბრაზებია – მშობლები, მასწავლებლები, დირექტორი. „კარგი იქნება, თუკი სხვა აღმსარებლობის დღესასწაულზეც დასვენება იქნება“, – ეს იმ მოსწავლეებმა გვითხრეს, რომლებიც გაკვეთილებზე დაგვხვდნენ.

„33 უნდა იყოს. 16 გვაკლია,“ – ეს სურათი ბათუმის პირველი საჯარო სკოლის მე-9 კლასში დაგვხვდა. მოსწავლეები ამბობენ, რომ მათი თანაკლასელები რელიგიური დღესასწაულის გამო არ მივიდნენ სკოლაში.

„ყველა დღესასწაული უნდა იყოს უქმე დღე,“ – აღნიშნავს ერთი გოგო. მას სხვებიც ეთანხმებიან. მოსწავლეების ვეკითხები, როდის მოასწრებენ სწავლას, თუკი ყველა რელიგიური დღესასწაულზე დაისვენებენ. ამაზე არ გვიფიქრიაო, დასძენენ ისინი.

მოსწავლეები აკლიათ სხვა კლასებშიც. მაგალითად, მეთერთმეტე კლასს 10 მოსწავლე აკლია. ერთ-ერთი ბიჭი გვეუბნება, რომ პოზიციის დაფიქსირება სურს. „მე ყველას რელიგიას პატივს ვცემ, მაგრამ ვინმეს თუ გამოსაძინებლად უნდა, არაა სწორი, არ ვეთანხმები“, – ამბობს ის. თანაკლასელები აჩერებენ და ეუბნებიან, რომ თანაკლასელი სტიქაროსანია, ღამე ლოცვაში გაათია და „ასე საუბარი არ შეიძლება“.

ამ კლასშიც აქტუალურია „უმრავლესობის რელიგია“ – მოსწავლეები ფიქრობენ, რომ ქრისტიანულ დღესასწაულებზე დასვენება უნდა იყოს, რადგან უმრავლესობა ქრისტიანია. მოსწავლეებს ასევე ვკითხეთ, რა იცოდნენ სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის, ანუ სეკულარიზმის პრინციპის და კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის შესახებ. „ვიცით, მაგრამ უმრავლესობა წყვეტს. ჩვენ წინააღმდეგი არ ვართ ბევრი უქმე დღეების“, – მარტივი გამოსავალი არჩიეს მოსწავლეებმა.

დიალოგში მასწავლებელიც ჩაერთო: „ზოგი ეკლესიაშია წასული, ზოგი – ახლა მიდის. ზოგი მარხულობდა და ბოლო კვირა, მოგეხსენებათ, მძიმე მარხვაა. რა მეთქვა, არ წახვიდე-მეთქი?“- კითხულობს მათემატიკის მასწავლებელი, ირინა ხუნწალია.

„მშობლის ინიციატივას ჩვენც ვიზიარებთ და ვცდილობთ, რომ იგი დავაკმაყოფილოთ,“ – მიიჩნევს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ნატო მგელაძე. დირექტორმა განმარტა, რომ მოსწავლეებმა და მშობლებმაც კარგად იციან იმ რეგულაციების შესახებ, რაც გაკვეთილის გაცდენას უკავშირდება. დირექტორი პასუხისმგებლობას მშობელს აკისრებს. სკოლის პასუხისმგებლობას ნატო მგელაძე ხედავს იმაში, რომ არსად რელიგიური სიმბოლიკა გამოფენილი არ არის და სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეების აღმსარებლობით საერთოდ არ ინტერესდება.

„არდადეგების წინა დღეს მოდის ბევრი მშობელი და ამბობს, რომ გავდივართ ქალაქიდან. თუ ბავშვს სწრებადობა კარგი აქვს და არც ნიშანი აქვს გამოსასწორებელი, უარს არ ვეუბნებით… ჩემთვის მთავარია, იმ მოსწავლეს, რომელიც სკოლაში მოდის, დახვდეს გაკვეთილი და სკოლა ფუნქციონირებდეს. შესაძლოა, დღეს ვინც არ მოვიდა, ზოგიერთს საერთოდ არ ჰქონდეს მჭიდრო კავშირი ეკლესიასთან, მაგრამ ჩვენ ამას ასე არ ვუღრმავდებით. მთავარია, ვიცოდეთ, სად არის მოსწავლე, თუკი იგი სკოლაში არ მოვიდა,“ – გვითხრა ნატო მგელაძემ.

„სწრებადობის კუთხით პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადეს ბათუმის მე-2 და მე-4 საჯარო სკოლებში, თუმცა როცა კონკრეტულ საკლასო ოთახებში შევიხედეთ, ცარიელი მაგიდები იქაც უხვად დაგვხვდა და მოსწავლეებმაც დაგვიდასტურეს, რომ „დიდ ხუთშაბათს“ მათი ბევრი თანაკლასელი სკოლაში არ მივიდა.

„12 არ მოსულა ჩვენთან… სხვა დღეებში მაქსიმუმ 5 შეიძლება აცდენდეს. არავის უნდა ექსტერნების ჩაბარება და ამიტომ არ ვაცდენთ,“ – ეს მეორე სკოლის მე-11 კლასში გვითხრეს.

მარიზა აბაშიძე, მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ სკოლაში უკვე „საარდადეგებო განწყობაა“, თუმცა მოსწავლეების ძირითადი ნაწილი გაკვეთილებს დღეს დაესწრო. მისი თქმით, სწრებადობის პრობლემა „დიდ ხუთშაბათს“ მას შემდეგ გამოსწორდა, როცა მარტში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო და მოსწავლეები დასვენებული ხვდებიან სააღდგომო დღეებს.

თითქმის ანალოგიური სურათი დაგვხვდა მე-4 სკოლაშიც. ორივე სკოლის დირექტორმა იცის, რომ „დიდი ხუთშაბათს“ ეკლესიებში წირვა 4 საათზე იწყება. დირექტორები განმარტავენ, რომ დღის მეორე ნახევარში ძირითადად დაწყებითი კლასის მოსწავლეები დადიან სკოლაში. „ისინი ხანგრძლივ წირვას მაინც არ ესწრებიან,“ – გვიზუსტებენ დირექტორები.

„ასეც რომ არ იყოს, სასწავლო პროცესს მაინც ვერ ჩავშლიდი. მე არ მაქვს დასწრების პრობლემა,“ – აღნიშნავს მე-4 სკოლის დირექტორი მანანა თავართქილაძე.

„დიდი ხუთშაბათი“ უქმე დღედ აქვს გამოცხადებული ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამის მიუხედავად, აქ რამდენიმე სტუდენტი მაინც დაგვხვდა.

„ჩვენმა სპეციალობამ დაგვიანებით გაიარა ავტორიზაცია. ამიტომ ერთი ლექცია დღეს ჩაგვიტარდა. ლექტორმა გვითხრა, კურთხევა ავიღე მოძღვრისგანო… არაა ცუდი „დიდ ხუთშაბათს“ მუშაობა, არა უშავსო…“ – გვითხრეს სტუდენტებმა, რომლებიც უნივერსიტეტს უკვე ტოვებდნენ.

„ქრისტიანული სახელმწიფო ხომ ვართ, ამიტომ ვისვენებთ…“ – თქვა ერთ-ერთმა. მას კურსელებმა შეახსენეს, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია არ არის და ყველა რელიგია თანასწორია.

„ყველა უქმე დღე ქრისტიანულია და რა ვიცი,“ – დასძინა მან.

უნივერსიტეტის პრესცენტრის განმარტებით, „დიდი ხუთშაბათი“ დასვენების დღედ 2011 წელს მიიჩნია წარმომადგენლობითმა საბჭომ. უცნობია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება საბჭომ.

უნივერსიტეტის პრაქტიკა ბათუმის საზღვაო აკადემიასაც გაუზიარებია. დღეს აქაც დაისვენეს.

„ძირითადად რაიონებიდან არიან სტუდენტები. მათ სურვილი ჰქონდათ, რომ წასულიყვნენ ქალაქიდან… ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ადრე მახსოვს, ეს დღე უქმედ იყო გამოცხადებული და ეტყობა, მოეწონათ,“ – გვითხრა მამუკა ბარამიძემ, საზღვაო აკადემიის აპარატს უფროსმა.

 

 

პირველი საჯარო სკოლის დერეფანი.

ვის შეუძლია გახდეს აჭარის ტელევიზიის დირექტორი – განცხადებების მიღება დაიწყო

ახალი დირექტორის შესარჩევად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ ღია კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების წარდგენა 24 მაისის ჩათვლით შეეძლებათ. ბორდმა წარდგენილი კანდიდატებიდან ტელევიზიის ახალი დირექტორი 4 ივნისამდე, გასაუბრების გზით უნდა შეარჩიოს.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომელიც „საზოგადოებრივი აღიარების და ნდობის მქონე პირია“. მრჩეველთა საბჭოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რასაც ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

„მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილების, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება,“ – აღნიშნულია მრჩეველთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

აკრძალული პარკებისთვის ბათუმში მაისამდე არ დააჯარიმებენ – რა იქნება მაისიდან?

საქართველოში ცელოფნის პარკების რეალიზაცია 2019 წლის პირველი აპრილიდან აკრძალულია. თუმცა, ის რეალიზაციაში მაინც რჩება. მთავრობის დადგენილება აკრძალვაზე არ სრულდება, კანონის შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი კი არავინაა. ცელოფნის პარკების შეთავაზება-რეალიზაცია აკრძალულია, როგორც სურსათის, ასევე ტანსაცმლისა და ტექნიკის მაღაზიებში. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ ნაგვის პარკებს, ასევე შესაფუთ მასალას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სავაჭრო ქსელში [ბაზრობები, მარკეტები და სხვ.] კონტროლზე პასუხისმგებელი შესაბამისი მუნიციპალიტეტია.

ბათუმის მერიაში რამდენიმე დღის წინ გვითხრეს, რომ სავაჭრო ობიექტები გააფრთხილეს და აკრძალული პარკების რეალიზაციის შემთხვევაში მათ დაჯარიმებას 8 აპრილიდან დაიწყებდნენ. მიუხედავად ამისა, აკრძალული პარკები ქსელში რჩება, დაჯარიმებით კი მერიას არავინ დაუჯარიმებია.

„სავაჭრო ობიექტებს არ აქვთ ალტერნატივა, რომ ჩაანაცვლონ ცელოფნის პარკები. ბიოდეგრადირებადი პარკების საკმარისი რაოდენობა ბაზარზე, რათა ის მარკეტებმა შეიძინონ, არ არის. თუ დავაჯარიმებთ და ჩამოვართმევთ პარკებს, მომხმარებლების შესაბამის მომსახურებას მარკეტები ვერ შეძლებენ, ანუ ვერ იმუშავებენ. პირველი მაისიდან ველოდებით მდგომარეობის გამოსწორებას, რომ ბაზარზე შემოვა ბიოდეგრადირებადი პარკების საკმარისი რაოდენობა და, შესაბამისად, მოვთხოვთ პასუხს მარკეტებს, რათა შესრულდეს კანონი,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში.

მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გადაჭრით ვერ გვითხრეს, დააჯარიმებენ თუ არა იმ ობიექტის მეპატრონეებს, სადაც აკრძალული პარკები იქნება რეალიზაციაში. 

ბათუმში ამ სააგენტოს გარდა აკრძალული პარკების კონტროლი სხვა სამსახურებსაც ევალებათ.

მთავრობამ ცელოფნის პარკების წარმოება და რეალიზაცია ისე აკრძალა, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლისთვის საჭირო ლაბორატორია, რომელიც დაადგენდა პარკის შემადგენლობა აკმაყოფილებს თუ არა დაშვებულ სტანდარტს – არ აქვს.

ლაბორატორიის არარსებობა კანონის აღსრულების კუთხით პრობლემას ერთ შემთხვევაში შექმნის – ვერ მოხერხდება ადგილზე ასეთი პარკების შემოწმება და იმის დადგენა, ნამდვილად არის ბიოდეგრადირებადი [რომლებსაც აქვთ შესაბამისი წარწერა], თუ ის შეიცავს აკრძალულ პოლიეთილენსაც.

„ბათუმელებს“ არაოფიციალურად უთხრეს, რომ ყველა ელოდება პარლამენტში აღნიშნული საკითხის განხილვას, თუმცა კონკრეტულად როდის, უცნობია. „ეს ალბათ აღდგომის დღესასწაულების შემდეგ იქნება“, – გვითხრა ერთ-ერთმა ინფორმირებულმა პირმა.

ის, რომ პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა კახა კუჭავამაც განაცხადა.

„ცვლილებები მთავრობის დადგენილებით იქნა მიღებული; შესაბამისად, პარლამენტი თავის დროზე პროცესში არ იყო ჩართული. არ გვქონდა აქამდე მწარმოებლებთან შეხვედრები. აღმოჩნდა, რომ მათთვის მიცემული დრო გადაიარაღებისთვის საკმარისი არ იყო. ჩვენ მოვუსმინეთ მწარმოებლებს და ასევე გვექნება შეხვედრები როგორც – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან და სწორედ ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ რეკომენდაციებს, იქნება ეს მთავრობის მისამართით, თუ იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

„ჩვენი მხრიდან არანაირი გადავადება არ მომხდარა, ჩვენ გვევალება უშუალოდ მწარმოებლების შემოწმება, რომ პოლიეთილენის პარკები არ გამოუშვან. შესაბამისი ლაბორატორიაც წლის ბოლომდე აუცილებლად ამოქმედდება. ამასთან, საბაჟოზე საკმაოდ მაღალ დონეზე აკონტროლებენ და პოლიეთილენი არ შემოდის“, – გვითხრეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.

პოლიეთილენის პარკების საქართველოში წარმოება აიკრძალა, თუმცა პარკების იმპორტი არ გაზრდილა. „ბათუმელებმა“ შესაბამისი ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან გამოითხოვა. საქსტატში გვითხრეს, რომ ცალკე ცელოფნის ან ბიოდეგრადირებადი პარკების გამოყოფა არ ხდება და მთლიანობაში აღირიცხება, როგორც „ეთილენის პოლიმერებისაგან დამზადებული საქონლის ტრანსპორტირებისა ან შეფუთვისათვის საჭირო ტომრები და ჩანთები [სეს სნ-ის 392321 კოდი].

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში შემოტანილი იყო 546,4 ტონა ეთილენის პოლიმერებისაგან დამზადებული საქონლის ტრანსპორტირებისა ან შეფუთვისათვის საჭირო ტომრები და ჩანთები, ხოლო 2019 წლის იანვარ-მარტში –  542,5 ტონა. 2019 წლის აპრილის თვის მონაცემები კი საქსტატში ჯერ არ აქვთ.

ცელოფნის პარკების წარმოება-რეალიზაციის შესახებ მთავრობის დადგენილება 2018 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.
——–

საქართველოში აკრძალულია არა მარტო ცელოფნის პარკების რეალიზაცია, არამედ ადგილზე წარმოებაც და იმპორტიც.

პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვის გამო საწარმოების უმეტესობა გაჩერდა, ნაწილი კი სატესტო რეჟიმში, ისიც მცირე დატვირთვით მუშაობს. შესაბამისად, უმუშევარი დარჩა ასობით ადამიანი, რომლებიც საწარმოებსა თუ დისტრიბუციაში იყვნენ დასაქმებულები.

მეწარმეები ამბობდნენ, რომ საწარმოების გადაიარაღებისთვის სახელმწიფომ მათ საკმაოდ მცირე დრო მისცა. მათივე თქმით, სამინისტროდან იყო დაპირება, რომ პოლიეთილენის [პლასტიკის] პარკების წარმოება აპრილიდან სრულად არ აიკრძალებოდა და მათ დროს სექტემბრამდე მისცემდნენ გადაიარაღებისთვის.

ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის მიხედვით:

ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების იმპორტის შემთხვევაში, ტვირთს თან უნდა ახლდეს პარკის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბიოდეგრადირებად და კომპოსტირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: წარწერა – „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“; ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი; ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა.

პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის  უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. პარკზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც, თუ იგი არ შეამცირებს სავალდებულოდ განსათავსებელი ინფორმაციის აღქმადობას.

კონტროლს ახორციელებენ:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი − პარკების წარმოებისას;
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტისას;
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციისას.

მერია კონკრეტული პირის თხოვნით სტადიონთან 8 659 კვადრატულ მეტრ მიწას გაყიდის  

ბათუმის მერია აუქციონის წესით გაყიდის ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიას, 8659 კვადრატულ მეტრს. მერიას ქონება აუქციონზე კონკრეტული დაინტერესებული პირის თხოვნით გააქვს, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ. უკვე განსაზღვრული პირობების მიხედვით, სავარაუდოდ, ეს პირი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

მერიის ინფორმაციით, ქონება დაქირავებულმა აუდიტმა  6 მილიონ 500 0000 ლარად შეაფასა. ნაკვეთი ერთ მხარეს ესაზღვრება გმირთა ხეივანს, ფეხბურთის მშენებარე სტადიონსა და კარფურს. ამ თვალსაზრისით მისი მდებარეობა ტურისტული ბიზნესისთვის სტრატეგიულია.

ნაკვეთის მდებარეობა კიდევ ერთი მხრივაა მომხიბვლელი, მას ჯერ კიდევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 32 314 კვადრატული მეტრი ტერიტორია ესაზღვრება. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, ახალმა მესაკუთრემ ერთიანი კონცეფციის შეთავაზების შემთხვევაში, ეს ნაკვეთი ხელსაყრელი პირობით მიიღოს.

მერიის ქონების მართვისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის ინფორმაციით, გასაყიდი ნაკვეთი შარტავას ქუჩაზე სამ საკადასტრო ერთეულს აერთიანებს. მათი გასხვისება ერთ ლოტად იგეგმება.

აუქციონის პირობა ამ ადგილზე არანაკლებ 300-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა იქნება, სპორტული კომპლექსითა და სპა ცენტრით. ვალდებულებებში იქნება ასევე ღია და დახურული აუზის, კვების ობიექტებისა და კინოთეატრის მოწყობა. მყიდველმა არანაკლებ ასი ავტომანქანის პარკინგი უნდა მოაწყოს.

ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში ჩასმაზე თანხმობის თხოვნით მერიამ საკრებულოს მიმართა. დღეს, 25 აპრილს საკრებულო მერიის ეს თხოვნა დააკმაყოფილა.

 

მერია „ჩაის სახლის“ ნაწილს სატუმროს მოწყობის პირობით გაყიდის

ბათუმში, ზღვასთან ახლოს, გოგებაშვილის #14-ში მდებარე ოთხსართულიან შენობაში [ე.წ. ჩაის სახლი] 341 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ბათუმის მერია აუქციონის წესით გაყიდის.

მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აუქციონის პირობა შენობაში სასტუმროს მოწყობა იქნება. სასტუმროს ინტერიერის მოსაწყობად კი მყიდველს იმის გათვალისწინებაც მოუწევს, რომ შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მერისთვის მიწერილი ოფიციალური წერილით ირკვევა, რომ სააგენტო წინააღმდეგი არ არის ძეგლის ნაწილი სასტუმროს მოწყობის პირობით გასხვისდეს იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას შემძენი პროექტს კანონის დაცვით წარუდგენს სააგენტოს ძეგლების საბჭოს.

შპს „გეოგრაფიკის“ დახასიათებით [კვლევა 2015 წელსაა ჩატარებული] შენობის მხატვრული იერსახე და ტექნიკური მდგომარეობა კარგია და მოითხოვს მხოლოდ გეგმიურ მცირე რეაბილიტაციას. თუმცა კომპანია დადებითად არ აფასებს მიმდებარედ პარკინგის მოწყობას, სასტუმროს მოწყობის შემდეგ კი ამ მხრივ, სავარაუდოდ, რთული ვითარება შეიქმნება:

„ჩაის სახლის მდებარეობა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ, ზღვისკენ ორიენტირებულ მაგისტრალზე სავსებით შეესაბამება მის საზოგადოებრივ დანიშნულებას. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, თუმცა პრობლემურია ავტოსადგომის მოწყობა.“

2012 წლამდე ეს შენობა ორსართულიანი იყო, შემდეგ კიდევ ორი სართული დააშენეს. მერიის ინფორმაციით, ქონება აუდიტმა 853 200 ლარად შეაფასა. ელექტრონულ აუქციონზე კი მისი ფასი შესაძლოა გაიზარდოს.

 

 

ბათუმში მაღაზიების გაქურდვაში 2 არასრულწლოვანი ამხილეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, 3 პირი: 2002 წელს დაბადებული ვ.ა., 2002 წელს დაბადებული რ.ლ. და 1997 წელს დაბადებული რ.ს. ამხილეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 20 აპრილს ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე, შსს-ს ცნობით, დადგინდა, რომ რ.ლ.-მ და რ.ს.-მ იმავე დღეს ბათუმში კიდევ რამდენიმე მაღაზია გაქურდეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო: კადრი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან 

ბოსტნიდან პირდაპირ ბაზარში 

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში ხილ-ბოსტნეულით სავსე დახლებს მიღმა, გარდა გადამყიდველებისა ნახავთ გლეხებსაც, რომლებიც საკუთარ ბოსტანში მოყვანილ მწვანილს, ბაღის ციტრუსს და რძის პროდუქტებს, სოფლის კვერცხს ყიდიან. გადამყიდველებთან შედარებით ბაზარში გლეხები ცოტანი არიან. სახელდახელო დახლები ძირითადად ერთად აქვთ მოწყობილი – ყვავილების გრძელი მწკრივის პირდაპირ. ზოგი სეზონურ ხილს ყიდის, ზოგი მხოლოდ მწვანილს, ზოგს ტყეში ახალდაკრეფილი ეკალა აქვს ჩამოტანილი სოფლიდან.

ბათუმის ცენტრალური ბაზარი

გლეხს დახლზე შეიძლება ბევრი არაფერი ჰქონდეს, მაგრამ აქვთ ცოტ-ცოტა ყველაფერი: მწვანილი, შინ დამზადებული ტყემალი, ლიმონი, ცოტა ლობიო, ცოტაც ფხალი და ა.შ. გრჩება შთაბეჭდილება, რომ დიასახლისმა კალათაში ჩააწყო რაც სახლში მოეპოვებოდა და ბაზრისკენ გამოსწია. გლეხების ხილ-ბოსტნეული განსაკუთრებული შესახედაობით ხშირად არ გამოირჩევა, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, ჰყავთ საკუთარი, მუდმივი მომხმარებლები, რომლებმაც იციან, რომ ნაკლებსასუქიანი, ან უსასუქო ეკოპროდუქტები ბევრად სასარგებლოა სასუქით გაჯერებულთან შედარებით.

„დრო ქვეყანა მაქვს, ვინმე არ მორბის, რატომ მწერთ, უნდა დამიჭირონ?“ – გვეუბნება 77 წლის ჟოლიე ცეცხლაძე, რომელიც ინტერვიუზე გვთანხმდება. გვიყვება, როგორ მოდის დილის 6 საათზე ხულოდან ბათუმის ბაზარში. მერე დღის ბოლოს, 8 საათზე როგორ აკითხავს შვილი და უკან მიჰყავს. ჟოლიეს შვილი და ერთი შვილიშვილი ჰყავს. მის დახლზე პრასი, ქინძი, ოხრახუში, ფხალი, წიწმატი და ორი ბოთლი მწვანე ტყემალია. სოფელში მცირე ნაკვეთი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც თავად ამბობს, მიწა ხულოში უხვმოსავლიანია.

77 წლის ჟოლიე ცეცხლაძე ცენტრალურ ბაზარში საკუთარ ბოსტანში მოყვანილ მწვანილს ყიდის. ხულოდან ბათუმში ის ყოველ დილით, 6 საათზე მოდის.

„სასუქი 50 ლარი ღირს, მაგას ვინ იყიდის, არ ვიყენებ. ყველაფერი ჩემი მოყვანილია, ნატურალური. 100, 200 ბოთლი ტყემალიც ჩამომაქვს, ოცი წელია ბაზარში ვდგავარ. მყავს მუდმივი კლიენტებიც, რომ მოდიან ჩემი ბებო სადააო – მეძებენ. დღის ბოლოს არაფერი მრჩება. მიჭირს წვიმაში, ქარში აქ დგომა, მაგრამ რას იზამ… პური, საჭმელი ხომ უნდა მიიტანო სახლში. პენსიის მომატებაზე რა ვთქვა, ჩემი სიტყვით ვინ რას შეცვლის? – ამბობს 77 წლის ჟოლიე ცეცხლაძე.

მწვანილის თითო კონას 20 თეთრად, ბოთლ ტყემალს ლარად, კილო ლიმონს კი 2 ლარად ყიდის. ჟოლიესგან ტყემალს ვყიდულობთ და მეორე რესპონდენტს ვეძებთ.

ლიმონი, მანდარინი, გრეიფრუტი, ფორთოხალი – გურამ ქართველიშვილი გვეუბნება, რომ ციტრუსის ზამთარში შენახვა შესაძლებელია და გვიხსნის კიდეც როგორც: შესანახი ციტრუსი ნოემბრის ბოლოდან 10 დეკემბრამდე უნდა დაიკრიფოს. სოფელ განთიადში მიწაში ამოჭრილი „მაცივრები“ აქვთ, ზოგან სარდაფები, სადაც სიბნელეში ინახავენ ნაყოფს. შესანახი ადგილი ცალ მხარეს აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს, ოღონდ ისე, რომ იქ სითბომ და მზის სხივმა ვერ შეაღწიოს. ასე გამოზამთრებული ციტრუსი იყიდება გაზაფხულზე ბაზარში.

„ლიმონი ჯერ კიდევ წვნით სავსეა, მაგრამ კანი აქვს ოდნავ შემჭკნარი და ხალხს გონია, რომ არ ვარგა. 80 თეთრად ვყიდი – მაინც ძლივს იყიდება. როცა ხელის გაცლა მინდა გამვლელებს ვეუბნები გჩუქნით-მეთქი, მაგრამ არ კადრულობენ წაღებას“, – ამბობს გურამი.

გურამ ქართველიშვილი ბაზარში ციტრუსს ყიდის. ციტრუსის ბაღს უვლიდა მისი წინაპრების სამი თაობაც.

68 წლისაა, ციტრუსის ბაღებს მისი წინაპრების სამი თაობა უვლიდა, ახლა თვითონ უვლის. ამბობს, რომ შინ მხოლოდ 4 ყუთი ლიმონი და ფორთოხალი დარჩა, რის გასაყიდადაც ბაზარში ორჯერ წამოსვლაღა დასჭირდება. როგორც გურამი ამბობს, წელს ბევრი ციტრუსი დალპა და გადაიყარა. მიიჩნევს, რომ სუპერმარკეტებში უცხოური, ლამაზი შესახედაობის ციტრუსი, რომლის ფასიც 4, 5 ლარია, გლეხების პროდუქციას უწევს კონკურენციას.

გურამს ლიმონის ტომარა და ფორთოხლის ყუთები პირდაპირ მიწაზე უწყია, საკუთარი დახლი არ აქვს.

„ადრე ბაზარი ბევრად კულტურულად იყო მოწყობილი. ბილეთს აიღებდი, შენი ნომერი გქონდა, დაჯდებოდი და ვაჭრობდი. 90 წლებში გვიჭირდა, როგორც ყველას, დედაჩემი ყიდდა ბაზარში ციტრუსს და ასე ვარსებობდით. ბაღის მოვლა-პატრონობაში მთელი ოჯახი ვართ ჩართული“, – ამბობს გურამ ქართველიშვილი.

გვეუბნება, რომ ინდონეზიელების ბაზრობა უნახავს ერთ-ერთ გადაცემაში და გაოცებული დარჩა. „გაფორმების ყველაზე კარგი უნარი ინდონეზიელებს ჰქონიათ. ხილს, ბოსტნეულს, ყველაფერს ლამაზად ამწკრივებენ დახლებზე, მე მაგის უნარი სად მაქვს“, – ამბობს ციტრუსის გამყიდველი.

ბათუმის ბაზარში სააღდგომოდ კვერცხის შესაღები ენდრო გლეხებთან 1,80-დან 2 ლარამდე ღირს, სოფლის კვერცხი, 40, 50 თეთრი, კილოგრამი ნიგოზი 13 ლარი, ჯეჯილს კი ლარ-ნახევრად, 2 ლარად შეიძენთ.

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში კვერცხის ფერადი საღებავი სააღდგომოდ 1 ლარი ღირს.
ციტრუსით მოვაჭრე ბათუმის ბაზრიდან.

Exit mobile version