მთავარი,სიახლეები

ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

12.11.2018 • 3277
ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

შპს „სტადიონი“, რომლის 100% წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს, აჭარის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს 65 მილიონი ლარით დაფინანსდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა შემდეგი პროექტების დაფინანსებას მოხმარდება:

[checklist]

  • ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა – 33 მილიონი ლარი
  • მშენებარე სპორტული კომპლექსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე – 21 მილიონი ლარი
  • ბათუმის ახალი ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა – 11 მილიონი ლარი

[/checklist]

ამ და ასევე ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ბათუმში სწორედ შპს „სტადიონი“ კურირებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსისთვის კი, აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში თანხა გათვალისწინებული არ არის.

აღნიშნული მსხვილი პროექტებიდან ორს – სპორტკომპლექსსა და საავადმყოფოს შპს „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს, საფეხბურთო სტადიონსა და ყინულის არენას [აუზთან ერთად] კი – შპს „ანაგი“. ოთხივე მშენებლობისთვის ხელშეკრულებები ჯამში 188 მილიონ ლარზე და 19,9 მილიონ აშშ დოლარზეა გაფორმებული.

[highlight color=”red”]რესპუბლიკური საავადმყოფო[/highlight]

ახალი საავადმყოფოს მშენებლობისთვის „საბა კონსტრაქშენთან“ ხელშეკრულება 2016 წლის 18 იანვარს 22 მილიონ ლარზე გაფორმდა და მშენებლობა მიმდინარე წლის 18 მაისამდე უნდა დასრულებულიყო. „სტადიონში“ ბათუმელებს დღეს, 12 ნოემბერს, უთხრეს, რომ მშენებლობა მომავალი წლის იანვრამდე დასრულდება.

თავდაპირველ ხელშეკრულებაში ცვლილება 10-ჯერ შევიდა და თანხაც 2 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა. სექტემბრის თვის მონაცემებით, კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია 16 მილიონზე მეტი ლარი. დანარჩენ თანხას კი, დაახლოებით 8 მილიონ ლარს, კომპანიას მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაუხდიან.

მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა დაიწყოს საავადმყოფოს ტექნიკური აღჭურვა, რაც საქართველოს ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. კონკრეტულად რა თანხა იქნება საჭირო, როდის აღიჭურვება და დაიწყებს ფუნქციონირებას ახალი კლინიკა, ამ დრომდე არ არის გარკვეული.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, „ბათუმელებთან“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის საჭირო ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის იანვარში ეცოდინებათ.

მინისტრის განცხადებით, საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს საკუთრებაში: „ეს კლინიკები იქნება: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის სამედიცინო ცენტრი; ზუგდიდის რუხის კლინიკა და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო“.

[highlight color=”red”]სპორტკომპლექსი[/highlight]

მეორე კონტრაქტი „საბა კონსტრაქშენთან“ ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტკომპლექსის აშენებაზეა გაფორმებული. ამ დრომდე ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ შევიდა. სექტემბრის მონაცემებით კომპანიისთვის სახელშეკრულებო თანხის მხოლოდ 40% იყო გადახდილი – 24,6 მილიონი ლარი, 61,9 მილიონი ლარიდან.

ახალი სპორტკომპლექსი ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე, ანუ 2018 წლლის სექტემბრისთვის უნდა დასრულებულიყო თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

არსებული ხელშეკრულების მიხედვით, სპორტული კომპლექსის მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე 2019 წლის 9 ივლისამდე უნდა დასრულდეს.

[highlight color=”red”]ყინულის არენა და საცურაო აუზი[/highlight]

ვინაიდან ლეონიძის ქუჩაზე სპორტკომპლექსის მშენებლობა საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე ვერ ესწრებოდა, აჭარის მთავრობამ ოლიმპიადის ჩატარების მიზნით ბათუმში, არსებული ყინულის სასახლის ადგილზე ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზის აშენებაზე კანადურ კომპანია Westincor Limited-თან 19,9 მილიონ აშშ დოლარზე ხელშეკრულება ტენდერის გარეშე გააფორმა.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, მშენებლობას ქვეკონტრაქტორი „ანაგი“ ახორციელებს. ახალი ყინულის არენისთვის კაპიტალური შენობა უკვე აშენებულია, სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. ახლა ამ შენობის ყინულის არენად გადაკეთება და საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყება, რის გამოც არსებული ყინულის სასახლე უნდა დაიშალოს, 700-მდე სპორტსმენი და მოყვარული კი რამდენიმე თვე ყინულის მოედნის გარეშე დარჩება.

ყინულის არენა უნდა დასრულდეს 2019 წლის პირველი აპრილისთვის, ხოლო საცურაო აუზი – 2020 წლის პირველი აპრილისთვის.

[highlight color=”red”]საფეხბურთო სტადიონი[/highlight]

კომპანია „ანაგი“ აშენებს ბათუმში საფეხბურთო მოედანსაც. ხელშეკრულება კომპანიასთან 99,4 მილიონ ლარზეა გაფორმებული. მშენებლობა 2018 წლის იანვარში დაიწყო და კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია 48,7 მილიონი ლარი [აქედან 35,2 მილიონი ლარი ავანსად]. 

საფეხბურთო სტადიონი 10 თვის განმავლობაში ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სტადიონის მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შეუდგა.

აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 157 მილიონზე მეტი ლარია. სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

________________________

მთავარი ფოტო: მშენებარე კლინიკა ბათუმში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: