მთავარი,სიახლეები

მოქალაქე ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის

09.07.2019 • 2261
მოქალაქე ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის

ხელვაჩაურში მცხოვრები ირაკლი მესხი ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის. ირაკლი სოფელ მნათობში ცხოვრობს, სადაც მერიას შიდა სასოფლო გზა გაჰყავს. მოქალაქე ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერი გეოლოგის დასკვნას არ ითვალისწინებს და მისი სახლის დამეწყვრის საფრთხე არსებობს.

„ჩემს სახლთან არაერთხელ ჩამოწვა მეწყერი, პირველად 1989 წელს იყო ეს…“ – გვიყვება ირაკლი მესხი და სხვადასხვა დროს სახლთან ჩამოწოლილი მეწყრის ფოტოებს გვაჩვენებს. ირაკლის თქმით, სახლის ზემოთ მდებარე ფერდოზე ძველი გზა გადის, რომელიც ამჟამად უფუნქციოა და მერიამ მისი აღდგენა გადაწყვიტა. ეს გზა მოქალაქეებს ფერიის ცენტრალურ გზასთან მისვლას გაუმარტივებს.

ირაკლიმ გეოლოგის დასკვნა გვაჩვენა, რომელიც ხელვაჩაურის მერიის დაკვეთით მომზადდა, ვიდრე მნათობში გზის აღდგენას დაიწყებდნენ. გეოლოგიურ დასკვნაში ვკითხულობთ:

„საცხოვრებელი სახლის მოსაზღვრე ძველ მეწყრულ ფერდზე რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოება გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის, რადგან ფერდზე სამუშაოები [გზის გაყვანა, ფერდის ჩამოჭრა, სამშენებელო მოედნის მოწყობა და სხვა] გამოიწვევს გრავიტაციული წონასწორობის დარღვევას და ხელს შეუწყობს მეწყრული პროცესების აქტივიზაციას“.

„ნახეთ, რა წერია დასკვნაში – ფერდზეო. ჩვენ არ ვეხებით ფერდს. გზა უკვე არსებობს და მხოლოდ მისი კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობს,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

„გზაზე ამჟამად მანქანით გავლა შეუძლებელია. ფერდზე ხელშეხების გარეშე შეუძლებელია გზის გაყვანა,“ – ამბობს მოქალაქე, რომელმაც უკვე მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მერის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, თუმცა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაწყებულია და ირაკლი მესხის სახლთან უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა – სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამუშაოების შეჩერებაზე უარი თქვა.

ირაკლი მესხი ამბობს, რომ გზის გაყვანის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მერიამ დამცავი ჯებირი  და წყლის ამრიდი არხი უნდა მოაწყოს.

„ხელვაჩაურის მერს როცა შევხვდით, გვითხრა, რომ ახლა ვერ მოხერხდა და მომავალი წლის ტენდერში გაითვალისწინებენ… მე არ მაქვს ნდობა. არ ვიცი, გააკეთებენ თუ არა,“ – აღნიშნავს ირაკლი მესხი.

„გათვალისწინებულია ჯებირი და წყლის არხებიც,“ – ირწმუნება ხელვაჩაურის მერი. მას ვუთხარით, რომ მოქალაქის თქმით, ეს ჯებირი არ არის გათვალისწინებული გზის იმ მონაკვეთში, სადაც ირაკლი მესხის სახლია. ხელვაჩაურის მერმა გვითხრა, რომ მერიაში მისვლის შემთხვევაში გვაჩვენებს სრულ დოკუმენტაციას.

ირაკლი მესხის თქმით, ხელვაჩაურის მერმა მას რამდენიმე დღის წინ ტელეფონზე დაურეკა: „ჯუმბერ ვარდმანიძე დამემუქრა. მითხრა, რომ ჩემსას არ გამატანინებს, მეუბნებოდა შეურაცხმყოფელ სიტყვეს, მე მაინც ჩემსას გავაკეთებ და ჯობია კაცურად შევთანხმდეთო… იურისტებთან გავდივარ კონსულტაციებს. შესაძლოა პოლიციას მივმართო,“ – გვითხრა ირაკლი მესხმა.

მოქალაქის ნათქვამს მერი უარყოფს: „არსებობს სატელეფონო ჩანაწერი? არავითარი მუქარა არ ყოფილა,“ – ამბობს მერი.

ხელვაჩაურის მერია სამ სოფელში შიდასასოფლო გზის მოსაწესრიგებლად 228 999 ლარს დახარჯავს. ხელვაჩაურის მერს ასევე ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა მერიამ შიდა სასოფლო გზის მოწესრიგება, როცა ამ სოფელში გზა უკვე არსებობს, ბევრ სოფელში კი სასოფლო გზაც მოუწესრიგებელია.

„ამით საინვესტიციო გარემოს ვქმნით… ხელისუფლების ვალდებულება ეს არის. როცა გზა იქნება და წყალი, იქ მერე ინვესტორიც მივა“, – დასძინა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელებთან“. მისივე თქმით, კონკრეტულ ინვესტიციაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.

სოფელი მნათობი ბათუმთან ახლოს, ფერიის მხარეს მდებარეობს.

მეწყერი ირაკლი მესხის სახლთან, 1989 წლის ფოტო.

ირაკლი მესხის სახლი, სოფელი მნათობი, ხელვაჩაური

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: