რას წერენ ფეისბუქში 20 ივნისის მოვლენებზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატები


20 ივნისის მოვლენებს – საპროტესტო აქციის დარბევას, საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკულ შეფასებებს, პარლამენტში შესვლის მცდელობას, ასეულობით ადამიანის დაშავებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების თვალის დაკარგვას, თუ ამ ამ დრომდე მიმდინარე საპროტესტო აქციას აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად არ გამოხმაურებია. დეპუტატები არც ფესბუქში აქტიურობენ. ისინი, ძირითადად, პირად ამბებზე წერენ, ან 20 ივნისის მოვლენებზე კახა კალაძის ფეისბუქლაივებს აზიარებენ. დეპუტატები მხოლოდ ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტებს ენდობიან, უფრო ზუსტად იმ სიუჟეტებს, სადაც იუწყებიან, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.

გამონაკლისი რამდენიმე დეპუტატია, ვინც 20 ივნისიდან დღემდე პოლიტიკურ პროცესებს პოსტებით აქტიურად ეხმაურება.

მაგალითად, ირაკლი ჭეიშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, 21 ივნისს პოსტი გამოაქვეყნა, რომ 20 ივნისის მოვლენებმა 11-12 მარტის ბათუმის მოვლენები გაახსენა. მას მიაჩნია, რომ აქცია ბათუმში, დავით-გარეჯსა თუ 20 ივნისს, წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილი იყო.

„ჯერ იყო 11 მარტის მოვლენები ბათუმში (პოლიციასთან შეტაკება), მაგრამ არ გამოუვიდათ! მერე იყო დავით გარეჯი, არაფრიდან გამოწვეული პროვოკაცია, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ!
შემდეგ აჭარაში დამოუკიდებლობის დღეს გაშლილი რუსეთის დროშები და არც მანდ გამოუვიდათ,იმიტომ რომ რეაგირება იყო დროული! მაგრამ დღეს კი მაინც შეგვისრულეს!
ამას ხომ შეუიარაღებელი თვალითაც მიხვდება ნებისმიერი ადამიანი, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი გეგმის ნაწილია, რომლის ავტორიც რუსეთია. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ოკუპანტი ქვეყანა, ამ ყველაფერს საქართველოში არსებული პოლიტიკური (ვითომდა დასავლური) ძალებით ახორციელებს!“ – წერს ირაკლი ჭეიშვილი.

სხვა პოსტებში ჭეიშვილის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საპროტესტო აქცია თბილისში აპოლიტიკური არ არის. დეპუტატი არაფერს ამბობს აქციის დარბევის, ან დაშავებული ადამიანების შესახებ.

რატომ არ დაისაჯა ვინმე და რა ქნა ხელისუფლებამ, თუკი ბათუმში, 2017 წლის მარტში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა? – ეს შეკითხვა გვინდოდა ირაკლი ჭეიშვილისთვის დაგვესვა, მაგრამ მან ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მარტის მოვლენების შემდეგ მხოლოდ მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია დასაჯეს – ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. მაშინ სასამართლო პროკურატურის ვერსიას –  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შესახებ არ დაეთანხმა. ორივე დაკავებული დღეს თავისუფალია.

არ გვიპასუხა დეპუტატმა ვლადიმერ მგალობლიშვილმაც. მასთან გვქონდა შეკითხვა: ჰქონდა თუ არა ასლან აბაშიძის ასოციაცია, როცა გააზიარა ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ წარწერით – „რას გადაურჩა სახელმწიფო 20 ივნისს“. დეპუტატს წესით ნანახი უნდა ჰქონდეს ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში მომზადებული ფილმი მსგავსი სათაურით: „რას გადაურჩა აჭარა“.

ერთ-ერთ ფეისბუქპოსტში დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი ასევე წერს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩავარდნას „არ პატიობს ოპოზიცია გახარიას“, ანუ დეპუტატი არ იმჩნევს აქციაზე მყოფ იმ ასეულობით ამომრჩეველს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ აპარტიულია. დეპუტატს ასევე არ აქვს კითხვები შინაგან საქმეთა მინისტრთან აქციის დარბევის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ ლადო მგალობლიშვილი წლების წინ აჭარის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლად მუშაობდა.

21 ივნისს ლადო მგალობლიშვილმა ასევე ფეისბუქპოსტში პარლამენტთან მომხდარ ამბავს „ექსტრემიზმი“ უწოდა. „რაც პარლამენტთან ხდება, ეს უკვე გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და არის ექსტრემიზმი. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიები მიზანმიმართულად იყენებენ ობიექტურად აღშფოთებული ადამიანების პროტესტს. პ.ს მელიას მოწოდება პარლამენტში შევარდნის თაობაზე ეს უკვე დანაშაულებრივი მავნებლობის პიკია,“ – წერს ლადო მგალობლიშვილი.

20 ივნისის მოვლენებს 29 ივნისს გამოეხმაურა ვახტანგ წულაძე, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. მანაც სხვა რამდენიმე დეპუტატის მსგავსად ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი გააზიარა და დაწერა:

„დავიწყებ იმით, რომ საშინელი ამბავი მოხდა. ძალიან საშინელი. ვერაფერს ვეტყვი იმ მომიტინგეებს და პოლიციელებს, რომლებიც იმ ღამით დაშავდნენ, რადგანაც არ ვიცი რა ვუთხრა…
და არ ვიცი რა ვუთხრა ჩემს სამშობლოს, საქართველოს… ვინ დაიწყო… ვინ დაამთავრა… ვისი ბრალია… ვიცი, რომ დაზარალდა და ზარალდება საქართველო…ამ პოსტს ვწერ, როგორც რიგითი ქართველი. არა იმიტომ, რომ რაღაცის გაპრავება მინდა… უბრალოდ, გთხოვთ, უყურეთ და ყველამ თქვენთვის და საქართველოსთვის სასურველი დასკვნა გააკეთეთ,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში. 

პარლამენტთან მომხდარი ამბავი არ შეუფასებია, მაგრამ 21 ივნისს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტიამ აქციაზე დაშავებული ირაკლი ხვადაგიანის ფოტო გააზიარა მინაწერით – „განსაკუთრებით მიყვარხარ“. ირაკლი ხვადაგიანი საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარია. ის აქციაზე დაშავდა და ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს.

ამ დეპუტატმა პოსტი დადო 24 ივნისსაც, როცა ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ქვეყანას პროპორციულ სისტემით არჩევნების ჩატარებას სთავაზობს. სხვა დეპუტატებისგან განსხვავებით დეპუტატმა ბოდიში მოუხადა აქციაზე დაზარალებულებს და მადლობაც უთხრა ახალგაზრდებს.

„ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებრივ აზრს უწევს ანგარიშს. ხელისუფლება,რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს რეალპოლიტიკის ელემენტებს. ხელისუფლება, რომლის ცენტრალური ხაზი იყო რბილი საშინაო პოლიტიკა. ცოტაც გაგვიჭირდა, ცოტაც გაგვირთულდა, მაგრამ მაინც ამ ხაზის ერთგულად ვრჩებით. დავიწყებ ბოდიშით. ბოდიში ყველა დაზარებულ აქციის მონაწილის. მადლობა ახალგაზრდებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევქმნით უკეთეს საქართველოს,“ – დაწერა ნინო ჩხეტიამ 24 ივნისს ფეისბუკპოსტში. 

20 ივნისის მოვლენებს ფეისბუქში საერთოდ არ გამოხმაურება ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე. პოლიტიკასთან დაკავშირებული აქტივობა ამ დეპუტატს არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 22 ივნისს კაჭრეთის ამბასადორიალში თამაზ მეჭიაურთან ერთად გადაღებულ ფოტოს.

„მე პოლიტიკური შეფასებებისთვის ვიყენებ მედია საშუალებებს, იშვიათად ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს ფეისბუქში,“- გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

20 ივნისის მოვლენების შესახებ არაფერი დაუწერიათ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – ნუგზარ სურმანიძეს და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი რომანაძეს.

ფეისბუქპოტს, „იმედის“ სიუჟეტს – „რას გადაურჩა სახელმწიფო 20 ივნისს“, ან კახა კალაძის ფეისბუკლაივს, ვერ იპოვით ვერც დავით გაბაიძის ფეისბუქგვერდზე. ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი