შსს: 20 აპრილს 19 საათიდან ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, 20 აპრილს დაგეგმილი მარათონის გამო, არაერთ ქუჩაზე შეიზღუდება მოძრაობა. ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებზე მოძრაობა აიკრძალება და შეიზღუდება 19:00 საათიდან.

მოძრაობა შეიზღუდება:

  • შერიფ ხიმშიაშვილის გამზირზე -იუსტიციის სახლიდან ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის კვეთამდე;
  • იუსტიციის სახლიდან – რუსთაველი-კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთამდე.

მოძრაობა აიკრძალება:

  • კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე -რუსთაველის გამზირის კვეთიდან მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთამდე;
  • მემედ აბაშიძის ქუჩაზე -კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე;
  • დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე – მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთამდე;
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე – დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთამდე;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე – ზურაბ გორგილაძის ქუჩის კვეთიდან ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთამდე;
  • ნოდარ იმნაძის ქუჩაზე – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის კვეთიდან კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;
  • კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე – ნოდარ იმნაძის ქუჩის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე;
  • მერაბ კოსტავას ქუჩაზე – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთამდე;
  • ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე – მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთიდან ვალენბერგის ქუჩის კვეთამდე;
  • ვალენბერგის ქუჩაზე – ზვიად გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან იაკობ გოგებაშვილის ქუჩის კვეთამდე;
  • იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე – საბაგიროდან იახტკლუბის შესახვევამდე.

შსს ინფორმაციით, მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მითითებით, ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ.  ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება მარათონის დასრულების შემდეგ.

 

 

დაზოგეთ დრო, შეიძინეთ მატარებლის ბილეთები ონლაინ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია მგზავრთნაკადი. შესაბამისად  დიდი მოთხოვნაა სამგზავრო მატარებლის ბილეთებზეც.

„საქართველოს რკინიგზა“ გთავაზობთ   მარტივ და კომფორტულ სერვისს – შეიძინოთ   ბილეთები მობილური აპლიკაციით და ვებ გვერდების  მეშვეობით. ამასთანავე მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა  ვებ გვერდებზე – (railway.ge; tkt.ge;  biletebi.ge; matarebeli.ge და სხვა)   ოპერატიულად და  შეუფერხებლად ხდება  ბილეთების რეალიზაცია. სამგზავრო დოკუმენტებს  შეიძენთ სწრაფი გადახდის აპრატებით და matarebeli.ge -ს   მობილური აპლიკაციითაც.

„საქართველოს რკინიგზა“   გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

რატომ შეწყვიტეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის გადაყენების შემდეგ, ტელევიზიის ოპერატორებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ისინი ამ წუთებში ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთი ოპერატორის, ლაშა ჯოყილაძის განმარტებით, გაფიცვა მხოლოდ დროებით შეწყვიტეს:

„მოვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ საშუალება მივცეთ ახალ მენეჯმენტს განიხილოს ჩვენი პრობლემები, თუ სიტუაცია ისევ შევა ჩიხში, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ გამოვიდეთ გარეთ და გავაგრძელოთ გაფიცვა“.

ოპერატორები აცხადებენ, რომ ხელფასის მომატებას ისინი დიდი ხანია ითხოვენ და ამის თაობაზე არაერთხელ მიმართეს საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილ  დირექტორს ნათია კაპანაძეს, თუმცა ამ საკითხის განხილვა 2020 წლისთვის გადაიდო.

აჭარის ტელევიზიის ოპერატორები დღეს გაიფიცნენ, მანამდე, ვიდრე ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭო დირექტორის გადაყენების პროცედურას დაიწყებდა. ბორდმა დირექტორი უკვე გადააყენა.

ოპერატორი ლაშა ჯოყილაძე აცხადებს, რომ ეს პროცესი იმპიჩმენტის პროცედურისთვის შეგნებულად არ დაუმთხვევიათ:

„ჩვენი პროცესი დაიწყო იანვრის თვეში, ამ დროს ქალბატონი ნათიას იმპიჩმენტზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ გაფიცვის შესახებ სამი დღით ადრე განვაცხადეთ, ბორდი 18-ში გეგმავდა იმპიჩმენტის პროცედურის განხილვას. მე არ გამოვრიცხავ, შესაძლებელია ჩვენი პრობლემაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი, ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვებული, თუმცა ეს ბორდის პრეროგატივა იყო და ბორდმა გადაწყვიტა.“

ოპერატორი ამბობს, რომ ჯერ არ შეთანხმებულან ვადაზე, რასაც ისინი ხელფასების მომატების საკითხის განსახილველად ახალ მენეჯმენტს მისცემენ.

 

აჭარის ტელევიზიის „ახალი ამბების“ ოპერატორები შესაძლოა გაიფიცნონ

რატომ დაუჭირა მხარი ნატა იმედაიშვილმა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს

„თუკი  8 თვის შემდეგ წავიდოდა ნათია კაპანაძე იმიტომ, რომ მისი უფლებამოსილების ვადა იწურებოდა, ესე იგი, შესაძლებელია, სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დამდგარიყო? შეუძლებელია, ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ,“ – ასე პასუხობს „აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ნატა იმედაიშვილი შეკითხვას სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის რისკთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებით დაიწყოს. დღეს, 19 აპრილს, მრჩეველთა საბჭოს ოთხმა წევრმა დირექტორის – ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი დააკმაყოფილა.

ნატა იმედაშვილს ვკითხეთ, რის გამო დაუჭირა მხარი მან იმპიჩმენტს, რომელიც 10 აპრილს საბჭოს წევრებმა გიგა ჩხარტიშვილმა [„ქართული ოცნების“ კვოტა] და ირაკლი დარცმელიძე [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტა] დასვეს. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი პოზიცია დღეს ნათია კაპანაძის არაარგუმენტირებულობამ განაპირობა.

„რაზეც ნათია კაპანაძეს ჰქონდა არგუმენტი, ეს შეეხებოდა რეიტინგს, რომელიც მე ყველაზე ნაკლებად მაღელვებს… იყო დასაბუთება, რომ არსებობს ნდობა და გვყავს მაყურებელი, რომელმაც იცის, რომ აჭარის ტელევიზია არსებობს“, – ამბობს ნატა იმედაშვილი.

რა საკითხზე ვერ მიიღო პასუხი მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძისგან? – ნატა იმედაშვილი რამდენიმე საკითხს ასახელებს, მათ შორის, პრიორიტეტების შეუსრულებლობას და უსამართლობის განცდას, რომელიც თანამშრომლების ნაწილს აქვს.

„დღეს უწოდეს ამ პროცესს მართული, მაგრამ ეს საბაბის გარეშე არ არსებობდა… ბოლო სხდომაზე ანგარიშის წარმოდგენის დროს იყო საუბარი იმაზე, რომ შესრულდებოდა პრიორიტეტები და გაკეთდებოდა გადაცემები განათლების შესახებ, ასევე საბავშვო გადაცემები და დოკუმენტური ფილმები. ჩვენ ველოდით, რომ დღეს იქნებოდა უფრო მეტი არგუმენტები…

ასევე თანამშრომლების ნაწილს აქვთ უსამართლობის განცდა იგივე სახელფასო გადანაწილებასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ თანამშრომელს აქვს უსამართლობის განცდა. თანამშრომლებისთვის უცხო არ არის, რომ მან ერთ-ერთ მოწვეულ კონსულტანტს ორ თვეში 16 ათასი ლარი გადაუხადა,“ – აღნიშნა ნატა იმედაშვილმა.

საბავშვო გადაცემების არქონა, ან განათლების შესახებ ცალკე გადაცემა არის თუ არა საკმარისი მიზეზი იმპიჩმენტისთვის? – ნატა იმედაიშვილის თქმით, წლების განმავლობაში განიხილებოდა ეს პრობლემები და ბოლოს, როცა უმაღლეს საბჭოს ანგარიში ჩააბარა, როგორც მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ჰქონდა პირობა, რომ ეს პრობლემები მოგვარდებოდა.

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა, როგორც მიუკერძოებელი მაუწყებელი. ნატა იმედაშვილს ასევე ვკითხეთ, რატომ არ გახდა მისთვის ანგარიშგასაწევი იგივე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშ, სადაც აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზამრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გვითხრა, რომ კვლევებს და, მათ შორის, ეუთოს დასკვნებს ენდობა, თუმცა ტელევიზიის მუშაობას დადებითად მაშინაც აფასებდნენ, როცა ის მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტი იყო.

„მე ვერ მოვიძიე ეს კვლევები, ხელთ არ მაქვს, მაგრამ 2013 წლამდეც კეთდებოდა აჭარის ტელევიზიის მისამართით დასკვნები, რომ არჩევნებს ეს ტელევიზია კარგად აშუქებდა… ეს მაღალი სტანდარტი აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. მე მგონია, რომ მრჩეველთა საბჭომ უნდა აიღოს სწორედ ეს პასუხისმგებლობა. მე არ ვფიქრობ, რომ მრჩეველთა საბჭო, ან დირექტორია თავისუფლების გარანტი. მგონია, რომ ერთიანად უნდა მოხდეს ამის გადანაწილება,“ – აღნიშნა ნატა იმედაშვილმა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს.

103 თანამშრომელი და ქარტიის მონიტორინგი – არის თუ არა კაპანაძე აჭარა TV-ის დამოუკიდებლობის გარანტი 

 

 

 

 

 

სამინისტრო სკოლებისთვის ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიის პროგრამების შეძენას გეგმავს

ვირტუალური ლაბორატორიის ელექტრონული პროგრამების გამარტივებული წესით შეძენაზე, შეშესყიდვების სააგენტომ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უარი უთხრა. ათი საჯარო სკოლისთვის პროგრამების ტენდერის გარეშე შესაძენად სამინისტროს 50 ათასი ლარი ჰქონდა გათვალისწინებული.

სამინისტრო ვირტუალური ლაბორატორიის [ფიზიკის] ელექტრონული პროგრამების შესყიდვას ქალაქ ბათუმის N20, N6, N13, N1, N16, N15, ასევე ხელვაჩაურის სოფლების – კაპრეშუმისა და მახინჯაურის და ქალაქ ქობულეთის N1 და N2 საჯარო სკოლებისთვის გეგმავს.

სამინისტროს განმარტებით შპს „მეცნიერების განათლებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების აკადემიამ“, „საქპატენტისგან“ მიიღო დეპონირების მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ იგი ფლობს საავტორო უფლებას აღნიშნულ პროგრამაზე. აქედან გამომდინარე სამინისტრომ ჩათვალა, რომ „პროგრამის შინაარსიდან და საავტორო უფლების გათვალისწინებით, მისი შესყიდვა ტენდერის გზით ვერ განხორციელდება“.

შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულებაში კი აღნიშნულია, რომ სამინისტროს განმარტებით „ზემოაღნიშნული პროგრამა ერთადერთი სრული ვერსიაა ამ სფეროში და არ არსებობს ალტერანტივა“, თუმცა, „სამინისტროს ამის დამდასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია“. შესაბამისად, სააგენტომ სამინისტროს მიმართვა, გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად, საერთოდ განუხილველი დატოვა.

„სამინისტრომ სააგენტოს მიმართა დროის მოგების მიზნით. ვინაიდან თანხმობა ვერ მივიღეთ, პროგრამების შესყიდვაზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი. მართალია შესყიდვის პროცედურები ტენდერის გამო დროში გაიწელება, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ სკოლებისთვის ამ პროგრამების შეძენას მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებამდე მოვასწრებთ“ – გვითრეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

 

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე გადააყენეს

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭომ დღეს, 19 აპრილს, მიიღო გადაწყვეტილება და ნათია კაპანაძე დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. ნათია კაპანაძეს ბორდის ხუთი წევრიდან უნდობლობა ოთხმა წევრმა გამოუცხადა.

10 დღეში ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

ნათია კაპანაძეს ვადის ამოწურვამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძის არჩევას აპირებენ.

აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ

აჭარა ტვ-ის დირექტორის მოვალეობას ნათია ზოიძე შეასრულებს

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭომ დღეს, 19 აპრილს, ნათია კაპანაძე დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა. ნათია კაპანაძეს ბორდის ოთხმა წევრმა გამოუცხადა უნდობლობა.

10 დღეში ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

ვიდრე მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის ახალ დირექტორს შეარჩევს, დირექტორის მოვალეობას ავტომატურად მისი მოადგილე ასრულებს. „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე მაუწყებლის განვითარების დარგში ამ დროისთვის ნათია ზოიძეა. დირექტორის მოვალეობის შესრულება სწორედ მას მოუწევს.

გათავისუფლებულ დირექტორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს. აქამდე არსებული პრაქტიკით, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გადააყენეს, სასამართლომ გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა.

„თუკი დირექტორს უნდობლობა გამოუცხადეს, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს და უზრუნველყოფის სახით გამოცხადებული კონკურსის შეჩერებაც მოითხოვოს  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს: 2013 წელს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გიორგი ბარათაშვილი გაათავისუფლეს. ამ დროს სასამართლომ გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა. სასამართლომ შესაძლოა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილოს,“ – განმარტავს მარიამ გოგოსაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი.

რაც შეეხება კონკურსს, თუკი მას სასამართლო არ შეაჩერებს, მისი გამოცხადებიდან ერთ თვეში განცხადებების მიღება იქნება შესაძლებელი, მომდევნო სამ დღეში ქვეყნდება სია – ვის სურს ტელევიზიის დირექტორობა. კანდიდატებს ესაუბრება და ახალ დირექტორს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო შემდეგ ერთ კვირაში არჩევს.

ბათუმში ლომბარდის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე  „ელიტ ლომბარდის“ დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.  შსს ინფორმაციით, ლომბარდიდან არაფერი არ არის წაღებული, თუმცა გამოძიება მიმდინარეობდა ყაჩაღობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში, ამ ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძეს უპირებენ არჩევას.

„ბათუმელებს“ ამის შესახებ ინფორმაცია ორმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.

თორნიკე მჟავანაძე უკვე ოთხი წელია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მუშაობს. ის უსკოს წევრია.

„ბათუმელებმა“ თავად თორნიკე მჟავანაძესთანაც სცადა დაკავშირება. ჩვენი ინფორმაციით, ის ბათუმში იმყოფება, მაგრამ უკვე მეორე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს.

თუკი მოქმედ დირექტორს, ნათია კაპანაძეს ბორდის სამი წევრი დღეს უნდობლობას გამოუცხადებს, 10 დღეში ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

ვიდრე მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის ახალ დირექტორს შეარჩევს, დირექტორის მოვალეობას ავტომატურად მისი მოადგილე შეასრულებს. „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილე მაუწყებლის განვითარების დარგში ამ დროისთვის ნათია ზოიძეა. დირექტორის მოვალეობის შესრულება სწორედ მას მოუწევს.

გათავისუფლებულ დირექტორს შეუძლია სასამართლოს მიმართოს. აქამდე არსებული პრაქტიკით, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გადააყენეს, სასამართლომ გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა.

სამეთავლყურეო საბჭოს სხდომა ამ წუთებშიც [14:28] გრძელდება – საბჭოს იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე ჯერ არ დაუყენებია.

მთავარი ფოტო: თორნიკე მჟავანაძე.

 

“ეს პროცესი მართულია” – მრჩეველთა საბჭოს წევრი კაპანაძის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე

“არის თუ არა აჭარის ტელევიზია სანდო თქვენთვის?“- მიმართა ნათია კაპანაძემ ბორდის წევრებს და დარბაზს. დღეს, 19 აპრილს მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.

ნათია კაპანაძისთვის პასუხი ტელევიზიის სანდოობაზე ჯერ არ გაუციათ. მან მინიშნება იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია მიუკერძოებელია და გამორჩეული პლატფორმა შესთავაზა ამომრჩევლებს წიმასაარჩევნო პერიოდში.

„საფრთხე არ ემუქრება სიტყვის თავისუფლებას,“ – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა მრჩეველთა საბჭოს წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა. მან 10 აპრილს ირაკლი დარცმელიძესთან ერთად დააყენა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა.

გიგა ჩხარტიშვილმა აქცენტი რეიტინგის კლებაზე გააკეთა. მისივე თქმით, ტელევიზიის დირექტორი თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოს წევრებთან ურთიერთობას უკრძალავდა.

„ის იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს… როგორც უნდა, ისე განკარგავს თანხებს,“ – აღნიშნა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ. მან თქვა, რომ დირექტორს იმ თანამშრომლების ფინანსური წახალისება სთხოვა, რომლებიც „ლეოგრანდის“ ხანძრის პროცესს, ან 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებს აშუქებდნენ.

„არაფერი არ გაითვალისწინა, არავითარი რეაგირება,“ – დასძინა ირაკლი დარცმელიძემ.

„მე ყოველთვის ვმუშაობდი, ვმუშაობ და ვიმუშავებ კანონის შესაბამისად,“ – თქვა ნათია კაპანაძემ.

ნათია კაპანაძე სხდომაზე დოკუმენტებით მივიდა. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ აჭარის ტელევიზიის დირექტორს კითხვებს დაუსვამენ. საბოლოოდ კი, მრჩეველთა საბჭოს წევრები დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს.

„ეს პროცესი მართულია,“ – ამბობს მრჩეველთა საბჭოს წევრი ბეჟან გობაძე. მან უკვე თქვა, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ დაუჭერს.

მრჩევეთა საბჭოს სხდომა აჭარის ტელევიზიის შენობაში გრძელდება.


მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი, რომლებიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს უჭერენ მხარს, აცხადებენ, რომ მისი მართვის პირობებში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში შექიმნა კრიზისი როგორც ადამიანური რესურსების მართვის, ისე – პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კუთხით. ასევე, აღნიშნული ორი წევრის მოსაზრებით, კაპანაძე არასათანადოდ ხარჯავს მაუწყებლის ბიუჯეტს. თავად ნათია კაპანაძე მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

„აჭარის ტელევიზია“ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში, ტელევიზიის არსებობის განმავლობაში პირველად, არაერთ კვლევაში მოხვდა, როგორც დაბალანსებული მედიაორგანიზაცია.

წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშში აჭარის ტელევიზია მოხვდა, როგორც ერთადერთი ქართული ტელესადგური, რომელმაც მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება შესთავაზა

„აჭარის ტელევიზია“ მოხვდა „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, რომელშიც დადებითად არის ასახული აჭარის ტელევიზიის“ ეთერში რადიო „თავისუფლების“ იმ გადაცემების განთავსება, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

აჭარის ტელევზიის სამეთავლყურეო საბჭოს წევრები არიან ნატა იმედაიშვილი [თავმჯდომარე], ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, გიორგი ირემაძე და ბეჟან გობაძე.

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება 18 აპრილს გაავრცელა ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა,ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ასევე, აშშ-ის საელჩომ საქართველოში.

ეკომეგობრული მცირე ჰესის პროექტი სოფელ ქედქედში

მაჭახლის ხეობის სოფელ ქედქედში კომპანია “ბიჯი თრეიდი” მცირე სიმძლავრის ეკომეგობრულ ჰესის აშენებას გეგმავს. რა თქმა უნდა, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ბუნებრივია ჩნდება არაერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით ემუქრება თუ არა საფრთხე ეკოსისტემას, სოფელს ან რა სარგებელს მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა?

სწორედ, ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოსახლოება სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდეს ყველა იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ჰესის აშენებასთან იქნება დაკავშირებული.

ეკომეგობრული მცირე ჰესი

მოქმედი კანონის მიხედვით, მცირე ეწოდება ჰესს, რომლის სიმძლავრე 101 კვტ-დან 1.5 მგვტ–მდეა. არსებობს ორი ტიპის მცირე ჰესი: კაშხლიანი და გამდინარე, რომელიც [წყლის] ჩამოდინებაზე მუშაობს.

ჩამოდინებაზე მომუშავე მცირე ჰესებს ეკომეგობრულ, მწვანე ჰესებსაც ეძახიან. ასეთი ჰესი მიკროკლიმატსა და ლადშაფტში არანაირ ძირეულ ცვლილებას არ იწვევს, ის ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და მდინარესთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებსა და მდინარის ბინადრებს განადგურებას არ იწვევს. მსგავსი ჰესები მრავლადაა ევროკავშირის ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრია, შვეიცარია, იტალია.

სწორედ, მწვანე ჰესის პროექტის განხორცილებას უზრუნველყოფს კომპანია ბიჯი თრეიდიმაჭახლის ხეობის სოფელ ქედქედში. ჰესის მაქსიმალური სიმძლავრე 1,3 მეგავატი იქნება.

2 მეგავატამდე ჰესის აგებისას სახელმწიფო გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ) არ ითხოვს, ვინაიდან მცირე ჰესის გავლენა ეკოლოგიურ პროცესზე იმდენად მინიმალურია, რომ ამის საჭიროებაც კი არ დგას დღის წესრგიში. ცხადია, საკანონმდებლო რეგულაციების მიღმა არსებობს განვითარებული სახელმწიფოების პრაქტიკა და გამოცდილება ამ სფეროში, რასაც ასევე იზიარებს საქართველოც.

რომელი კომპანია ააშენებს ჰესს?

სოფელ ქედქედში მცირე ჰესის აშენება იტალიური კომპანიის – STUDIO FROSIO პროექტით იგეგმება. STUDIO FROSIO 1980 წელს დაფუძნდა და დღემდე სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში ათასზე მეტი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური აქვს დაპროექტებული. Studio Frosio შვეიცარიული კომპანიის – BKW Group -ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ევროპაში ჰესებს ფლობს და ელექტროენერგიას ყიდის.

მცირე ჰესის სათავე ნაგებობის აგებაზე ავსტრიული კომპანიაWild Metal GmbH იზრუნებს. კომპანია მანქანა-დანადგარებს ავსტრიდან ჩამოიტანს, ასევე სათავე ნაგებობისთვის საჭირო უჟანგავი მეტალის კონსტრუქციის მოწოდებაც ავსტრიიდან მოხდება. გეგმის მიხედვით, ჰესის გაეშვება 2020 წელ.

ექნება თუ არა ჰესს გავლენა გარემოზე?

მდინარის წყლის მოცულობა, სადაც ჰესი უნდა დაიდგას, დაახლოებით 5 კუბური მეტრია, ხოლო ჰესის ფუნქციონირებას 1 კუბური მეტრი წყალი სჭირდება. კომპანია ჰესისთვის წყალს მთაშიზღვის დონიდან 320 მეტრზე აიღებს და ჰესამდე მილში მოაქცევს, რომლის მაქსიმალური დიამეტრი 800 მილიმეტრი იქნება. შედარებისთვის, სწორედ ამ ზომის მილებით მიჰყავთ წყალი დასახლებულ პუქნტებამდე.  

ბიჯი თრეიდისწარმომადგენელის, ლევან ბაკურიძის განცხადებით, კომპანიას უფლება ჰქონდა მილი მდინარის კალაპოტში გაეტარებინა, მაგრამ ევროპიდან მოწვეული სპეციალისტების რეკომენდაცით და იქ აპრობირებული სტანდარტების გათვალისწინებით გადაწყდა, მილის სამანქანე გზის ნაწილში გატარება, რადგან ამით გამორიცხოს ყოველგვარი უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე..

მართალია, ამან პროექტის გააძვირება გამოიწვია და დამატებით ფინანსების მოზიდვა გახდა საჭირო, თუმცა, გაკეთდა მთავარი – ხელუხლებელი დარჩა ხეები და არ დაზიანდა კალაპოტი, რისი ინტერესიც კომპანიას ჰქონდა.

როგორც სოფელ ქედქედს, ისე მდინარეს, ამ პროექტით არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჰესისთვის წყალი არ გუბდება, მდინარე ინარჩუნებს გამდინარე პროცესს და მასში არსებული ცოცხალი ორგანიზმები არ წყვეტენ განვითარების პროცესს.

სათავე ნაგებობის პროექტის მიხედვით, ცალკე კეთდება .. თევზის ბილიკი, რომელშიც წყალი მუდმივად გაედინება. ეს კონსტრუქცია თევზის ჰესის ტექნიკურ ნაგებობასთან შეხებისას გამორიცხავს მის დაზიანებას.

კომპანია მზად არის სპეციალისტების ფართო ჩართულობით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილოს ჰესის პროექტი და მათ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.

რა სარგებელს მიიღებს სოფელ ქედქედის მოსახლეობა?

პროექტის მშენებლობაზე ორმოცდაათამდე ადგილობრივი დასაქმდება, ხოლო აშენების შემდეგ 5 ადამიანი. ასევე, კომპანია ყოველწლიურად 30 000 ლარს გამოყოფს სოფელში სოციალური პროექტების განსახორციელებლად.

იმისათვის, რომ თანხების განკარგვა მიზნობრივად და კანონშესაბამისად მოხდეს, კომპანია მზად არის სოფლის მოსახლეობას სამართლებრივი დახმარება გაუწიოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებაში, რომელსაც თანხა გადაერიცხება და შემდგომ ადგილობრივები თვითონ შეარჩევენ მიზნობრივ პროექტებს, რომელსაც განახორციელებენ.

რა ფინანსებით შენდება ჰესი?

ჰესის მშენებლობა Eu4business მხარდაჭერითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) აღებული სესხით იგეგმება. EBRD თავისი მიზნებიდან გამომდინარე, ისეთი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობს, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობისკენაა მიმართული.

ქედქედის ჰესის პროექტის ანალოგი:

 

თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რეაბილიტაციაში 782 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის 765 ათას 297 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, რომელთანაც აღნიშნულ თანხაზე ხელშეკრულება 2019 წლის 17 აპრილს გაფორმდა. სამუშაოები 2020 წლის პირველ აპრილამდე უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს საავტორო ზედამხედველობას „ძეგლებისა და ღირსშესანისნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კავშირი“ გაუწევს, რომელმაც ამ შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადა. ზედამხედველობისთვის კავშირს ქალაქის ბიუჯეტიდან 16 836 ლარს გადაუხდიან.

დემეტრე თავდადებულის 35-ში მდებარე სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მის რესტავრაცია-რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა. სატენდერო თანხა 944 809 ლარი იყო.

ტენდერში სულ ოთხი კომპანია მონაწილეობდა. ყველაზე დაბალ ფასს სამმართველოს შპს „ფელიქსი“ სთავაზობდა – 755 848 ლარი. თუმცა სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა.

გამარჯვებულად შპს „იუკონი და კომპანია“ გამოცხადდა, რომელმაც შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება სამმართველოს 765 297 ლარად შესთავაზა. კომპანია 2010 წელს თბილისშია რეგისტრირებული. მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი მაყვალა აბულაძეა.

———

დემეტრე თავდადებულის 35-ში მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ინვესტორს [გელა მახარაძეს], რომელიც თავდადებულის ქუჩის მხარეს სახლის ფასადს ინარჩუნებდა, ამ ადგილზე „პიაცას“ ტიპის კვარტალის აშენება სურდა. გელა მახარაძე კომპანია შპს „ექსელენტ დეველოპმენტის“ 100% წილის მფლობელი იყო, რომელმაც კომპანიის წილები სრულად, ათას ლარად მიჰყიდა ნარიმან თურმანიძეს 2018 წლის მარტში. ეს კომპანია დემეტრე თავდადებულის N33, N35 და N37-ში გარკვეულ ფართობებს უკვე ფლობს და აქვს აღებული ვალდებულებები მესაკუთრეთა ბინებით დაკმაყოფილებაზეც.

ამ თემაზე:

მერია, კულტურული მემკვიდრეობა და ინვესტორი – რა ხდება თავდადებულის 35-ში

დავით გაბაიძე აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ბათუმელებთან“ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ამ თემაზე პოლიტიკოსები რაც უფრო ნაკლებად ისაუბრებენ, უკეთესი იქნება.

„ეს არის ტელევიზიის შიდა საქმე. ტელევიზიის ერთი ორგანო ესაუბრება მეორე ორგანოს. დირექტორიც და ბორდიც არის ტელევიზიის ნაწილი. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსები რაც უფრო ნაკლებს ვილაპარაკებთ ამ თემაზე და ვიტყვით, ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი პოზიცია და ამ პრინციპს ვერ დავარღვევ.

ჩემმა ნებისმიერმა სიტყვამ შესაძლებელია გამოიწვიოს გაუგებრობები, გამომდინარე იქედან, რომ ტელევიზია არის დამოუკიდებელი და ზედმეტი სიტყვა და მოქმედება პოლიტიკოსის მხრიდან იქნება არასწორი“, – ამბობს დავით გაბაიძე.

აჭარის ტელევიზიის ბორდის ორი წევრი, ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს. ბორდის წევრებმა დღეს, 19 აპრილს უნდა უყაროს კენჭი დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. დღეს, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, ტელევიზიის 13 ოპერატორიც გაიფიცა.

ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა ამერიკის საელჩომ საქართველოში. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში ჰარლემ დეზირმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში აჭარაში

დღეს, 19 აპრილის 21 საათიდან, ხვალ 20 აპრილის 21 საათამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია:

ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 5-10, დღისით 12-17 გრადუსი სითბო; მთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა. ხილვადობა 4-10კმ. ტალღის სიმაღლე 13-18დმ [4ბალი].

ზღვის წყლის ტემპერატურა 12 გრადუსი. ატმოსფერული წნევა 763 მმ ვწყ.სვ.

ჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 21 და 22 აპრილს აჭარაში ზოგან დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.

როგორ აპირებს მუშაობის გაგრძელებას „აჭარა ტვ“ ოპერატორების გაფიცვის ფონზე

დღეს, 19 აპრილს, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 13-მა ოპერატორმა გაფიცვა დაიწყო. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, როგორ გააგრძელებენ მუშაობას და მოახერხებენ თუ ვერა საინფორმაციო გადაცემების ეთერში გაშვებას.

მაია მერკვილაძე: „ამ ეტაპზე გაფიცულია 13 ოპერატორი. ისინი საინფორმაციო სამსახურის ოპერატორები არიან. დღეს აღმოვაჩინეთ, რომ მათ შეუერთდნენ ორი ბიუროს – ხულოს და ქობულეთის ოპერატორებიც. ერთი ჯგუფი წასულია უკრაინაში არჩევნების გასაშუქებლად. ამ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ ორი ოპერატორი – ანალიტიკური მიმართულების ოპერატორები. ისინი ალბათ დღეს გადაიღებენ ბორდის სხდომას.

საინფორმაციო გადაცემებს არ ვიცი როგორ შევავსებთ. გვაქვს რამდენიმე თემატური მასალა, რომელსაც ალბათ გამოვიყენებთ დღეს“.

დღეს, 13:00 საათზე აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭო ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს.

ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს, როგორც რისკს სარედაქციო დამოუკიდებლობის კუთხით.

მთავარი ფოტო მაია მერკვლიაძის ფბ გვერდიდან.

 

ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

აჭარის ტელევიზიის 13-მა ოპერატორმა დღეს გაფიცვა დაიწყო

დღეს 19 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების 13 ოპერატორი გაიფიცა. ისინი ტელევიზიის შენობის წინ არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მუშაობას არ გააგრძელებენ.

„ჩვენ გვქონდა მოთხოვნა გუშინ სახელფასო ანაზღაურებაზე და შეხვედრები გვქონდა მენეჯმენტთან, ეს პირველი შეხვედრა არ იყო, არამედ ბოლო იყო, რადგან უშედეგოდ დამთავრდა. იყო საუბარი – „მოდით ჩვენ ერთად დავიწყოთ მშენებლობა, ერთად რაღაც ვაკეთოთ“. ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს“, – ამბობს ომარ ბერიძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რამდენი პროცენტით ითხოვენ ხელფასების მატებას, გაფიცული ოპერატორები არ აკონკრეტებენ. „ხელფასების მომატებაზე საერთოდ არ იყო საუბარი და შემდეგ წავიდა მუქარის ტონი, რომ „შენ გადიხარ გაფიცვაზე?“ მაშინ ავდექით და წამოვედით“, – ამბობს ომარ ბერიძე, რომელმაც გვითხრა, რომ ის ყველა გაფიცული ოპერატორის სახელით აკეთებს განცხადებას.

ოპერატორები დღეს დაგეგმილ სამეურვეო საბჭოს სხდომაზეც აპირებენ დასწრებას. დღეს, 13:00 საათზე სამეურვეო საბჭო აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს.

ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს, როგორც რისკს სარედაქციო დამოუკიდებლობის კუთხით.

ამავე თემაზე:

ბორდის ორი წევრი აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვს

„ზოგჯერ ნარეცხ წყალს გვასხამენ სართულებიდან“ – „ბირჟის“ მუშები ბათუმიდან 

ბათუმში პუშკინისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაში, ზამთარ-ზაფხულ, წლებია დგანან კლიენტების მომლოდინე მუშები. ისინი ძირითადად იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან არიან ჩამოსულები და თვიდასაქმების ამ ფორმის არჩევა მოუხდათ: როგორც თავად ამბობენ, ახლომახლო მცხოვრებ მოქალაქეებს მუშების ქუჩაში ჯგუფ-ჯგუფად დგომა აწუხებთ და სართულებიდან ნარეცხ ან ცხელ წყალსაც ასხამენ ხოლმე.

კორპუსის კედლებზე, რომლის ახლომახლოც მუშები იკრიბებიან, მათი ჩანთები კიდია. ჩანთებში მუშების სამოსი და პირადი ნივთებია. აქვე აწყია სამუშაო იარაღების დიდი, მძიმე ჩემოდნებიც. დგანან და კლიენტებს ელიან.

მუშების ბირჟა ბათუმში

 

კორპუსის კედლებზე, რომლის ახლომახლოც მუშები იკრიბებიან, მათი ჩანთები კიდია. ჩანთებში მუშების სამოსი და პირადი ნივთებია.

კაფელ-მეტლახის დაგება, სარემონტო სამუშაოები, მძიმე ტვირთების გადაზიდვა-გადმოზიდვა – ვისაც მუშის დახმარება სჭირდება ბათუმში ამ ადგილს აკითხავს. თუმცა თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ კლიენტი ძალიან ცოტა ჰყავთ, დღეში შეიძლება ,,ბირჟაზე“ ორი კლიენტი მივიდეს და სულ 5 კაცი დასაქმდეს, მაგრამ დანარჩენები იდგნენ და კვირაობით ელოდნენ სამუშაოს. „ვართ აქანა დამდგარი მაინც და ველოდებით ბედს“, – ამბობს გელა ხვედელიძე, რომელიც ბათუმში ჭიათურიდან ჩამოვიდა სამუშაოდ ათი წლის წინ.

გელა ხვედელიძე – თვითდასაქმებული მუშების ბირჟიდან.

„შეიძლება ისე დაღამდეს, ერთი კლიენტიც არ მოვიდეს. ბინის ქირა გვინდა, ჭამა გვინდა, ოჯახი მყავს ჭიათურაში, რომელიც ჩემგან ორ კაპიკს ელოდება. თუ რამეს ვიშოვი ბარათზე ვურიცხავ, თუ ვერ ვიშოვი კი ვარ ასე, რა ვქნა. მუშები რაც შეიძლება იაფიან ბინებს ვქირაობთ, ძირითადად პირველ სართულზე ,,პადვლებში“, – ამბობს გელა ხვედელიძე.

ვიდეო, მონტაჟი – ია ფრანგიშვილი.

მისი თქმით, კაფელ-მეტლახის და სარემონტო სამუშაოების მცოდნე ხელოსნებს გაუმართლათ, რადგან რაღაც იციან და შედარებით უკეთესი მდომარეობა აქვთ.

„კაფელი, მეტლახი – ასეთი რამეები რომ შემეძლოს კარგია. ვისაც ხელოსნობა არ გვეხერხება ფიზიკურად ვმუშაობთ, შემოვა ახლა მანქანა აგერ, რაღაცა აქვს დასაცლელი, შევთანხმდებით თანხაზე და წავიმუშავებ. ან შეიძლება მძიმე ტვირთი, სამშენებლო-სარემონტო მასალები ჰქონდეს ვინმეს ასატან-ჩამოსატანი მაღალ სართულებზე, ესაა ჩვენი საქმე. შარშან 80 დღე არ გაწვიმებულა ჭიათურაში – გვალვა, ფაროსანა, ყველაფერი მოგვესპო, რა მოსავალი უნდა მიგვეღო?“ – ამბობს გელა ხვედელიძე.

სანამ ბათუმში ჩამოვიდოდა, ჭიათურაში სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოჰყავდა. თუმცა, მისივე თქმით, იქ მიწა მწირია, ხვნა-თესვისა და სასუქების საფასური მიღებული პროდუქტების ფასს აჭარბებდა და შრომამ სოფლად გელა ხვედელიძისთვის აზრი დაკარგა.

მუშების „ბირჟა“ ბათუმში საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოსაა. კლიენტების მოლოდინში მუშები ხან კარტს თამაშობენ, ხანაც ხმამაღლა საუბარი უწევთ, რაც იქვე მდგარი კორპუსის მცხოვრებლებს აღიზიანებთ.

„აქ ოჯახები ცხოვრობს და ხანდახან ცოტა ხმამაღალი საუბარიც მოგვდის, ამიტომ ზოგჯერ ნარეცხ წყალს გადმოგვასხამენ ხოლმე სართულებიდან, ხან ცხელს, ხან ცივს (ცივი გვირჩევნია), მაგრამ ვითმენთ, რას ვიზამთ. ხანდახან ჩვენც ვაშავებთ, მაგრამ ფიზიკური შეურაცხყოფა მეტისმეტია. მუშები ვართ, მაგრამ ადამიანები ვართ“, – ამბობს გელა ხვედელიძე.

მუშების ბირჟა ბათუმში.

39 წლის ირაკლი ვერულიძეც მუშების ,,ბირჟიდანაა“ – მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ქობულეთიდან ბათუმში სამუშაოდ 15 წლის წინ ჩამოვიდა, ქობულეთში ოჯახი კორპუსში ცხოვრობდა და მცირე მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რაზეც მხოლოდ ცოტა კიტრის, პომიდვირს მოყვანას ახერხებდნენ. ეს საკმარისი აღარ იყო და ირაკლი ბათუმში წამოვიდა ოჯახთან ერთად. თავს ,,შავ მუშას“ უწოდებს და გელა ხვედელიძის მსგავსად კონკრეტული ხელობა არ აქვს. მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევა, რაც დიდი შემოსავლის წყარო არ არის. ოჯახი ერთი კვირის, ხანაც ათი დღის განმავლობაში 20 ლარით ცხოვრობს.

ირაკლი ვერულიძე – თვითდასაქმებული ბათუმის მუშების ბირჟიდან.

„ერთი კვირაა აქ ვდგავარ და ერთი თეთრის არ მიმუშავია. ორი დღეა ბავშვი მეხვეწება კანფეტი მომიტანეო და ვერ მიმაქვს, ეს ცხოვრებაა?

ჩვენი მთავრობა მთავრობა არაა. ყველა საკუთარი ჯიბისთვის იბრძვის. ქარხნები, საწარმოები რომ იყოს, გააკეთოს მთავრობამ და დაასაქმოს ეს ხალხი, ხო აღარ ვიწვალებდით ასე. რა თქმა უნდა, ქარხანაში წავიდოდა კაცი. აქ წანწალს ურჩევნია, რომ ერთ ადგილზე დასაქმდეს და ხელფასი ჰქონდეს“, – ამბობს 39 წლის მუშა.

ირაკლი ამბობს, რომ ზამთარი ყვეელაზე რთული დროა ,,ბირჟაზე“ თვითდასაქმებულებისთვის – ამ დროს სამუშაო თითქმის არაა, მაგრამ ყველა მაინც აქ დგას  იმედით, რომ რაღაც მაინც გამოჩნდება.

ვიდეო, მონტაჟი – ია ფრანგიშვილი.

 

 

ემიგრანტების ნამდვილი ისტორიები საფრანგეთიდან [ფოტო-ვიდეო]

„დაახლოებით ორი თვე ქუჩაში ვიყავი, ანუ სტაბილური საცხოვრებლის გარეშე… ხან დილის 6 საათზე ვრეკავდი 115-ზე, რომ ღამით იქნებ ერთი ადგილი გამოეყოთ ჩემთვის. ცხელ ხაზზე უამრავი ზარი შედის, სულ დაკავებაა… პირველად მეტროს დახურულ სადგურში მომიწია ადგილი, ის იყო თავშესაფარი, იატაკზე დაგებულ მატრასებზე ხალხი ეყარა, გასასვლელში დარბოდნენ ვირთხები… ძლივს დავიძინე.

იგივე მეორდებოდა – დილით ისევ ვრჩებოდი ქუჩაში მარტო და გამუდმებით უნდა მერეკა ცხელ ხაზზე, რომ ღამით ღია ცისქვეშ არ დავრჩენილიყავი,“ – ამას პარიზის რეგიონში მყოფი ირაკლი გვიყვება [სტატიაში შეცვლილია იმ ადამიანების სახელები, რომლებიც ლტოლვილის სტატუსის მიღებას ითხოვენ].

ირაკლი ერთ-ერთია ასეულობით საქართველოს მოქალაქეს შორის, ვინც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსის მიღებას ელის. ახლა ირაკლი მეგობართან ერთად ცხოვრობს, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა.

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 18 ათასამდე გაიზარდა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 მარტს გამართულ შეხვედრაზე გიორგი ტაბატაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ განსაკუთრებით საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა – ევროპის ქვეყნებიდან საფრანგეთში გამორჩეულად მეტი ადამიანი მიდის ჯანმრთელობის პრობლემით.

რა რეალობა ხვდებათ საფრანგეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს? სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანების ნაწილი საერთოდ სამედიცინო მომსახურების გარეშე რჩება? რა რისკები ხვდებათ უცხო ქვეყანაში ჩასულ ადამიანებს? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვებზე პასუხის მიღება საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებთან სცადა, მათ შორის, მათთან, ვინც ჯანმრთელობის პრობლემის გამო დატოვა საქართველო. ვესაუბრეთ ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებსაც.

ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ელიან

„როგორც ვიცი, სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, როცა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს,“ – განაგრძობს ირაკლი, რომელსაც „ფეისბუქში“ ვესაუბრეთ. – „ვფიქრობ, რომ ქართველების აღარ სჯერათ, ან იშვიათად სჯერათ. ქართველები აქ ჩამოდიან ოჯახებით, ბავშვებით… გადაჭედილია პრეფექტურები, ზოგი რას იტყუება და ზოგი – რას. ამას წინათ ვნახე, ორსულ ქალს ქუჩაში ეძინა… მეც რამდენიმე დღე მეტროში გავათენე. იცით, რომელი იყო ყველაზე გამორჩეული ადგილი ძილისთვის? – ტელეფონის ჯიხური. თუ მოვასწრებდი ყველას იქ მისვლას, კაი „პონტში“ ვიყავი, მთელი ღამე მშვიდად მეძინა. ახლა ვმუშაობ ხან რაზე, ხან – რაზე. შემწეობასაც ვიღებ, მაგრამ არაფერში მყოფნის… ინტერვიუ უკვე მქონდა ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე და ახლა პასუხს ველი. თუ უარს მეტყვიან, გავასაჩივრებ,“ – დაასრულა ირაკლიმ.

„ლოგიკურია ეს მაჩვენებელი სიკვდილიანობის მატებაზე. სადაც ადამიანები სამკურნალოდ და თავის გადასარჩენად მიდიან, იქ კვდებიან კიდეც,“ – გვითხრა შალვამ. ის პარიზის დროებით საცხოვრისშია მოთავსებული და მკურნალობს. ისიც ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობს.

„ჩემი მეგობარიც გარდაიცვალა, რამდენიმე დღის წინ გადავასვენეთ ცხედარი საქართველოში, ახალგაზრდა კაცი იყო. სიმსივნე ჰქონდა… საქართველოში უთხრეს, ორ თვეში მოკვდებიო. აქ ჩამოვიდა და ორი წელი იცოცხლა…“ – ამბობს შალვა.

შალვას თავშესაფრის სტატუსის მიღებაზე უკვე უარი უთხრეს, თუმცა გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია და ახლა განსხვავებულ შედეგს ელის. შალვა მიიჩნევს, რომ საქართველოდან საფრანგეთისკენ წამსვლელთა რიგი არ შემცირდება, თუკი საქართველოს ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემებით, კონკრეტულად კი ექიმების პროფესიონალიზმით არ დაინტერესდება.

პარიზის რეგიონი, საფრანგეთი, 2019 წელი, გიორგი ჯუგაშვილის ფოტო

კიდევ ერთი მიგრანტი საქართველოდან – სალომე ასევე ჯანმრთელობის პრობლემით წავიდა საფრანგეთში. ის გვიყვება, რომ მიგრანტები ლტოლვილის სტატუსის მისაღებად ყოველთვის „სხვა მიზეზს“ ასახელებენ, რადგან საქართველო აღარ მიიჩნევა იმ ქვეყნად, სადაც ადამიანებს საფრთხე ელით ჯანდაცვის პროგრამაზე ხელმიუწვდომლობის გამო.

სალომეს ემიგრაციის მიზეზად ოჯახში ძალადობა დაუსახელებია. ის ამ დრომდე თავშესაფრის სტატუსს ელის.

„აქ არ აინტერესებთ საქართველოში დასმული დიაგნოზი, თავიდან გიკვლევენ, თუნდაც წარადგინო დიაგნოზი… მე საქართველოში სიმსივნე დამიდგინეს, აქ ტუბერკულოზის საწყისი ფორმა. დამიჯერეთ, ფრანგ მედიკოსებს უამრავი სასწაული აქვთ ნანახი ქართველი ექიმებისგან,“ – ირწმუნება სალომე. მისივე თქმით, საფრანგეთში ჩასული საქართველოს მოქალაქე სამედიცინო დაზღვევას დაახლოებით 3 თვეში იღებს. ამ პერიოდში კი, სამედიცინო გამოკვლევები სრულდება. დაზღვევა ერთწლიანია, თუმცა იგი შესაძლოა გახანგრძლივდეს, თუკი ექიმი ამის საჭიროებას დაინახავს,“ – გვითხრა სალომემ.

რა ხვდებათ საფრანგეთში სამკურნალოდ ჩასულებს

საფრანგეთის კლინიკური კვლევების ცენტრის ქართველი თანამშრომელი, ჯანდაცვის სპეციალისტი ზაზა ფუტკარაძე რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რის გამოც ადამიანები მკურნალობისთვის საფრანგეთში მიდიან. ის ასევე არის ასოციაციის „ქართველები საფრანგეთში“ ხელმძღვანელი და ხშირად უწევს სხვადასხვა ადამიანის ისტორიის მოსმენა. ზაზა ფუტკარაძე აღწერს პრობლემებს, რასაც საქართველოდან საფრანგეთში ჩასული ადამიანი, მათ შორის, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი აწყდება. იგი მიიჩნევს, რომ მთავარი მაინც ინფორმაციის ნაკლებობაა, ან „მითების იმედად“ ყოფნა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“.

„ხშირად ადამიანები აქ ჩამოდიან ისე, რომ არ აქვთ ინფორმაცია: როგორ უნდა იმკურნალონ, სად მივიდნენ. იმისთვის, რომ საფრანგეთმა უფასოდ უმკურნალოს ადამიანს, საჭიროა კონკრეტული კრიტერიუმების დაცვა. საფრანგეთში ჩასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად მიიღებ სამედიცინო მომსახურებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს სამედიცინო დაზღვევა, უნდა დაადასტუროს დოკუმენტურად, რომ თავის ქვეყანაში ვერ უმკურნალეს, ან ვერ უმკურნალებენ, მაგალითად, ის, რომ შესაბამისი მეთოდი საქართველოში არ გამოიყენება…“ – განმარტავს ზაზა ფუტკარაძე.

„ქართველები საფრანგეთში“ – ამ ასოციაციის ინფორმაციით, ხშირად გვიანდება მკურნალობის კურსის მიღება: „მაგალითად, იქმნება ენის პრობლემა, ეს სერიოზული პრობლემაა… ყოფილა შემთხვევები, როცა საკმაოდ დამძიმებულ ვითარებაში ჩამოუყვანიათ საქართველოდან პაციენტი. ამ დროს უცნობია, მკურნალობის რა კურსი ჩაუტარდა მას საქართველოში, როგორია პაციენტის ისტორია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით მკურნალობის მიღება გვიანდება და პაციენტის მდგომარეობა მძიმდება,“ – გვიყვება ზაზა ფუტკარაძე.

ნდობა ექიმსა და პაციენტს შორის – საფრანგეთში მცხოვრები ზაზა ფუტკარაძე ფიქრობს, რომ ეს ისევ მთავარი ფაქტორია, რის გამოც ადამიანები რისკების მიუხედავად საფრანგეთში, ან ევროპის სხვა ქვეყნებში მიდიან და ფიზიკურ გადარჩენას ცდილობენ.

„აქ ჩამოსული ადამიანების ისტორიებიდან ჩანს, რომ საქართველოში ისევ გვაქვს პრობლემები დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით. ისინი ბოლო შანსს იყენებენ ევროპის ქვეყანაში წასვლით,“ – დასძინა ჩვენთან ზაზა ფუტკარაძემ.

ვინ იღებს რეალურად თავშესაფარს ევროპაში? 

თავშესაფრის მოლოდინში ორსული ქალებიც კი ქუჩაში ათევენ ღამეს.

„ადამიანებს რომ ჰქონდეთ რეალური ინფორმაცია, რა პროცედურებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული ლტოლვილის სტატუსის მიღება, 50 პროცენტი არ გარისკავდა ამას, მით უმეტეს, მძიმე დაავადების მქონე, თოთო ბავშვებით ხელში, ან ორსული ქალები,“ – ამბობს სალომე საძაგლიშვილი, საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის სამსახურის თანამშრომელი, ასოციაციის French Refugee Council ვიცე-პრეზიდენტი. მას საქართველოდან ყოველკვირეულად საშუალოდ 20 ადამიანი უკავშირდება. თითოეულ მათგანს საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსის მიღება სურს.

„ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა არ ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთში ავტომატურად მოგცემს სახლს და შეგიქმნის კომფორტს. სამწუხაროდ, ხშირად ასე ფიქრობენ. ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნა მარტივად ნიშნავს იმას, რომ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდები, რადგან შენს სიცოცხლეს იქ კონკრეტული მიზეზით საფრთხე ემუქრება და სახელმწიფო ამის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებს. რაც მთავარია, ეს უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. საუბარია შემთხვევაზე, როცა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები ილახება, მაგალითად, ქალი გინეიდან, რომელიც ამბობს, რომ მის ქვეყანაში გოგონებს ისევ უსახიჩრებენ სასქესო ორგანოებს. ჩამოვიდა ქალი და თქვა, რომ მისი და ამ საშინელი ტრადიციის შედეგად ბავშვობაში გარდაიცვალა, თვითონ გადაიტანა და ახლა თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად გამოაღწია ქვეყნიდან.. ლტოლვილის სტატუსს იღებენ ადამიანები საომარი ტერიტორებიდან და ასე შემდეგ,“ – გვიყვება სალომე საძაგლიშვილი.

ძირითადად რა რისკების გადალახვა უწევთ საფრანგეთში ჩასულ მოქალაქეებს, ვიდრე ისინი სტატუსს მიიღებენ? – სალომე საძაგლიშვილის თქმით, მთავარი სირთულე საფრანგეთში და კონკრეტულად პარიზის რეგიონში ღამის გასათევის პოვნაა.

„ჩვენ, ანუ მიგრაციის სამსახურიც კი, როცა ვრეკავთ ცხელ ხაზზე, 115-ზე, ხშირად ვერ გვპასუხობენ და საათობით ველით დაკავშირებას… ბინა პარიზის რეგიონში განსაკუთრებით ძვირია. ერთხელ როცა მიიღებ დროებით ღამის თავშესაფარს, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე დღესაც იქ იქნები. არა მხოლოდ ქართველები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თავად ფრანგებიც ხშირად რჩებიან ქუჩებში. ისინი ღამეს ათევენ მეტროებში, სადგურებში, ხიდების ქვეშ… საბუთების შეტანიდან ინტერვიუს ჩანიშვნას ზოგჯერ რამდენიმე კვირა სჭირდება.

ხშირად ადამიანები საქართველოდან მოდიან ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე. ამ ხალხმა არ იცის, რომ საფრანგეთი არავითარ შემთხვევაში არ ანიჭებს თავშესაფარს არავის იმიტომ, რომ მას თავის ქვეყანაში უჭირს, ან სახლი არ აქვს, ეს გამორიცხულია,“ – კატეგორიულად ხაზს უსვამს საუბრის ამ ნაწილს საფრანგეთის მიგრაციის სამსახურის თანამშრომელი. ის ამავდროულად არის ასოციაციის „ქართველები საფრანგეთში“ ვიცე-პრეზიდენტი.

სალომე საძაგლიშვილი – საფრანგეთის მიგრაციის და ინტეგრაციის დეპარტამენტის OFII-ის თანამშრომელი

„უსაფრთხო ქვეყანა“ – ევროპის ქვეყნები და მათ შორის საფრანგეთი ამ სტატუსს აღიარებს. ეს სტატუსი ლტოლვილის სტატუსის მიღებას კიდევ უფრო ართულებს. სალომე საძაგლიშვილის თქმით, საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებიდან დაახლოებით 93 პროცენტს უარს ეუბნება ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

როცა ლტოლვილის სტატუსის მომლოდინეთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

რას უნდა აკეთებდეს ასეთ ვითარებში საქართველოს ხელისუფლება, როცა ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ლტოლვილის სტატუსის მომლოდინეთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება? – ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში, ვანო ჩხიკვაძე მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმაზე საუბრობს. მისი თქმით, ხელისუფლება „თითქოს ყველა არსენალს“ იყენებს, მაგრამ ეფექტური საინფორმაციო კამპანია ამ მიმართულებით არ არსებობს.

„საინფორმაციო კამპანიას ხელისუფლება აწარმოებს, მაგრამ ამას დიდი ეფექტი არ გააჩნია. სამიზნე ჯგუფის წინასწარი ანალიზი უნდა ჩატარდეს, უნდა შევისწავლოთ წინასწარ, რა აინტერესებს ხალხს და მათზე მორგებული გზავნილები უნდა გავრცელდეს. შესაძლოა ერთი-ორი წარმატებული ისტორია გავრცელდეს, როგორ მიიღო კონკრეტულმა პირმა თავშესაფარი და ამან შესაძლოა გადაწონოს მთელი საინფორმაციო კამპანია. შესაბამისად, საინფორმაციო კამპანიის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – გვითხრა ვანო ჩხიკვაძემ.

ევროინტეგრაციის ექსპერტი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მიღებაზე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და ეს უნდა მოხდეს საქართველოში დისკრიმინაციის ფაქტების აღმოფხვრის რეალური და ეფექტური მექანიზმების შექმნის პარალელურად.

„სიღარიბე – ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ევროპის ქვეყნებში ითხოვენ თავშესაფარს. გრძელვადიან გეგმაში ამას ვგულისხმობდი – ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე,“ – ამბობს ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში, ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძე

„შეჩერების მექანიზმი“, ანუ უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ეს თემა ევროსტრუქტურებში გააქტიურებულია. ექსპერტი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ძირითადად პოლიტიკური ფაქტორით ინარჩუნებს ამ დრომდე დუმილს.

„ოფიციალურად არა, მაგრამ რეალურად ამაზე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ხშირად ესაუბრებიან. შეჩერების მექანიზმს აქვს არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ პოლიტიკური განზომილება – რეალურად ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება პრორუსულად განწყობილი ძალებისთვის, ეს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერებსაც ძალიან დაარტყამს,“ – დასძენს ექსპერტი.

რას აკეთებს ხელისუფლება? 

საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებას  ევროპელი პარტნიორები რომ სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, ამას ვლადიმერ კონსტანტინიდიც ადასტურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველა საკომუნიკაციო არხს იყენებს. პრობლემას კი უფრო „სტერეოტიპული აზროვნება“ ქმნის.

„ყველა საკომუნიკაციო არხი გვაქვს გამოყენებული ფაქტობრივად, რაც არის ხელმისაწვდომი და გათვლილია ყველა სეგმენტზე, მათ შორის, იმ ადამიანებზე, რომლებიც, ვთქვათ, ვერ ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს… საინფორმაციო კამპანიას იმდენად ინტენსიური ხასიათი აქვს, რომ რეგიონებშიც კი დავიწყეთ სიარული. ჩვენ მათ ვაცნობთ, როგორც სიკეთეებს, ასევე რისკებს, რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს. აქცენტირება კეთდება იმაზე, რომ თუკი კონკრეტული ადამიანი, ბოროტად გამოიყენებს ამას, ეს შეიძლება ცუდად აისახოს საჯარო ინტერესებსა და ქვეყნის ინტერესებზე.

ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს სტერეოტიპული წარმოდგენები: 90 -იანი წლების შუა პერიოდიდან ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან დასავლეთ ევროპაში იყო მიგრაციის მაღალი ტალღა. ეს, ძირითადად, ეკონომიკური პირობებით იყო გამოწვეული. ადამიანები ამ დროს ასე თუ ისე ახერხებდნენ გარკვეული სტატუსის მოპოვებას. არსებობდა მექანიზმები, რომ მათ ფიზიკურად ყოფნა ევროპაში გაეხანგრძლივებინათ. ეს წარმოდგენები იმდენად იყო გავრცელებული, რომ ეს შემორჩათ ადამიანებს…“ – მიიჩნევს ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში არ იზიარებენ პოზიციას, რომ საინფორმაციო კამპანიას შესაძლოა სხვაგვარად სჭირდება დაგეგმვა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის დაკვირვებით, ადამიანებს, რომლებიც ევროპის ქვეყნებში თავშესაფარს ითხოვენ, ხშირად ატყუებენ „დამკვალიანებლებიც“, რომლებიც ფულს იღებენ სამუშაოს დაპირებითა და უცხო ქვეყანაში ვიზის ლეგალური სტატუსის მინიჭებით.

რა მოლოდინს უჩენენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ევროპელ პარტნიორებს, როცა საუბარი სიღარიბეს ეხება, როგორც მიგრაციის მთავარ მიზეზს? – ვლადიმერ კონსტანტინიდმა ამჯერადაც არჩია ადამიანების მორალზე გაემახვილებინა ყურადღება და არა ხელისუფლების  პასუხისმგებლობაზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აქვე დაგვამშვიდა, რომ „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების რეალური საფრთხე ჯერ არ არსებობს.

„დასამალი არ არის, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც საზღვარგარეთ მიემგზავრება, არის ის, რომ გაიუმჯობესონ მატერიალური პირობები… ჩვენი, როგორც საგარეო უწყების ამოცანაა, რომ ეს ისტორიული მონაპოვარი შენარჩუნებულ იქნას და საფრთხე არ დაემუქროს… „შეჩერების მექანიზმი“ არსებობს და იგი იდგა სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც, თუ ეს მიიღებს უკონტროლო ხასიათს. დღეისთვის ამის რეალური საფრთხე არ არსებობს. ჩვენი უცხოელი პარტნიორები ხედავენ, რომ რეადმისიის პირობებს ზედმიწევნით ვასრულებთ,“ – გვითხრა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია იმაზეც, რომ იგივე საფრანგეთში იმატა ჯანმრთელობის პრობლემის მქონე საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობის მაჩვენებელმა. სამინისიტროს წარმომადგენელს, ვლადიმერ კონსტანტინიდს ჩვენ ასევე ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რადგან ადამიანები საზღვარგარეთ მიდიან მაშინ, როცა სამშობლოში მათ ვერ მკურნალობენ.

„არა, ეს არ არის ჩვენი უწყების კომპეტენცია,“ – გვიპასუხა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მისივე თქმით, საფრანგეთის ოფიციალური, ან არაოფიციალური უწყებებიდან სამინისტროს არ აქვს კონკრეტული მონაცემები, საქართველოს რამდენი მოქალაქე რჩება იგივე საფრანგეთში სამედიცინო მომსახურების მიღმა, რამდენი იღუპება, რამდენი იღებს დაზღვევას და ასე შემდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში თვლიან, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა შეამცირებს არალეგალური მიგრაციის მაჩვენებლებს.

მთავარი ფოტო: კარვები პარიზის რეგიონში. ხიდის ქვეშ ლტოლვილის სტატუსის მოლოდინში მყოფ ადამიანებს, მათ შორის, ქართველები კარვებში ცხოვრობენ. გიორგი ჯუგაშვილის ფოტო

__________

რეალური ისტორიების გაცნობის შემდეგ შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, რა გზის გავლა უწევს ლტოლვილის სტატუსის მოპოვების ნებისმიერ მსურველს. ტესტი მომზადებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალებისა და ასოციაცია „ქართველები საფრანგეთში“ მიერ გამოცემული ცნობარის მიხედვით.

დაიწყეთ ტესტის შევსება

ვის შეუძლია ევროპაში თავშესაფრის მიღება [ტესტი]

მერი ურბანულ პრობლემებზე: „როდესაც ქვემეხები დუმს, პოეზია საუბრობს“

„ნათქვამია, როდესაც ქვემეხები დუმს, პოეზია საუბრობსო. ამის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, დააკვირდით სიტუაციას, როდესაც დუმხართ თქვენ, არასამთავრობო სექტორი, ანუ ჩვენ ვდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ თქვენ მოგწონთ. ამ დროს საუბარს იწყებს სამშენებლო სექტორი. როდესაც დუმს სამშენებლო სექტორი, მაშინ საუბრობთ თქვენ. ხალხი ამ შემთხვევაში თქვენს მხარესაც ლაპარაკობს და მეორე მხარესაც, იმის მიხედვით, თუ ვინ ესაუბრება მათ საკუთარი გადმოსახედიდან და  ცდილობს თავისი მომხრე საზოგადოება გამოაჩინოს. ეს არის ჯოხი ორი ბოლოდან. ყოველთვის ერთი ბოლო გხვდება, როდესაც ხარ სახელმწიფო მოხელე, მაგრამ ეს ჩვენი მოვალეობაა, შევაზავოთ და გააკეთოთ ისე, რომ თან ააშენო, თან დააკმაყოფილო ეს საჭიროებები“, – ასეთი შედარებებით ახსნა დღეს ბათუმის მერმა ურბანულ საკითხებთან მიმართებაში მერიის გამოწვევა „ბათომის“ კვლევის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

„ბათომმა“ დღეს, 18 აპრილს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს ბათუმის ურბანული პოლიტიკის ანალიზი წარუდგინა. შეხვედრა „ბათომის“ წევრებსა და მერს შორის პოლემიკის გარეშე არც ამჯერად დასრულებულა. ლაშა კომახიძე „ბათომის“ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების გარდა მედიაში გახმაურებულ რამდენიმე საკითხსაც გამოეხმაურა და ბოლო პერიოდში გაჟღერებულ რამდენიმე კითხვასაც უპასუხა, ამიტომაც გთავაზობთ მის გამოსვლას თემატურად, მცირე შემოკლებით:

როგორ და რატომ ჩნდება „ბეტონის ჯუნგლები“ ქალაქში 

„ძეგლები, რომლებსაც აქვთ ღირებულება ჩვენთვის, ისტორიულ-მხატვრული და სხვა გადმოსახედიდან, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არის დღეს სრულად ამორტიზებული. აბსოლუტური უმრავლესობა არის ლამის ქვიშად ქცეული. ძალიან რთულია იმ ოდენობის ფინანსების მობილიზება სახელმწიფოში, რომ მიხედო ამას და აიღო მიმართულება, რომ ყველაფერ ამას გადაწყვეტს სახელმწიფო. ეს ძალიან რთულია, ფაქტობრივად შეუძლებელია. ამას დავამატოთ ისიც, რომ ქალაქი ვდგავართ სხვა აუცილებელი გადასაწყვეტი  საკითხების წინაშე… მიაქცევდით ყურადღებას, რომ დღეის მდგომარეობით 753 ოჯახი, მცხოვრები არაკულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში, ცხოვრობს ავარიულ შენობაში. ეს სახლები სიცოცხლისთვის საშიშია, ეს არის პრობლემა, რომელიც არამხოლოდ ბათუმისთვის, საქართველოს სხვა ქალაქებისთვისაც დამახასიათებელია.

როდესაც დღის წესრიგში დგას პრობლემა, რომელსაც ჰქვია საცხოვრისი…  ამას მე უფრო ვეხები არა კულტურული მემკვიდრეობის საზღვრების თემაში – არის დამოკიდებულება ურბანული პოლიტიკა მაღლივი შენობების მიმართ კ2 კოეფიციენტის გამოყენებისა და ასე შემდეგ. კ2 კოეფიციენტის გამოყენება არის ინსტრუმენტი, მსგავსი ტიპის პრობლემების გადაჭრის. იმას, თუ რა არ მოგვწონს ჩვენ და რას ვეძახით ბეტონის ჯუნგლებს, ამის სამოცდაათი პროცენტი საფუძველი არის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს გამოიყენონ ეს ბოროტად.

მერი შეუსრულებელ მისიაზე 

მოაგვარო კრიტიკული საჭიროებები საცხოვრისის მიმართ და თან ეს გააკეთო ისე, რომ ამით იყოს ყველა ძალიან კმაყოფილი, ეს არის შეუსრულებელი მისია. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის უკან მე ვთქვი, რომ ჩვენ გვაქვს სამკუთხედი, რომელშიც არის არასამთავრობო სექტორი თავისი მოთხოვნებით, არის საჭიროებები და საჭიროებებზე პასუხები. ამას დავარქვათ ერთად სამშენებლო სექტორი და ასევე სახელმწიფო სექტორი, ყველას გვაქვს ჩვენი ამოცანები.

თქვენი ამოცანები ჩვენს ამოცანებთან შედარებით ვიწრო და პროფილურია. სწორედ გამიგეთ რას ვგულისხმობ, ვამბობ იმ ამოცანებთან შედარებით, რომლებიც დგას თვითმმართველობის წინაშე. ძალიან ბევრი საჭიროებები კვეთაში მოდის იმ საკითხებთან, რომლებზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას. ამიტომ ცალმხრივად დაჩემება, რომ ასეთი სტეიტმენტის გაკეთება, რომ ეს ასე უნდა იყოს და მორჩა, მხოლოდ ეს არის სწორი გზა და ასე უნდა იაროს თვითმმართველობამ, არასწორია. უნდა გესმოდეთ, რა არის ამ საკითხებთან კვეთაში. რაში არის კონფლიქტის ძირი და არა კონფლიქტის ზედა მხარე. ერთად უნდა შევეცადოთ კონფლიქტის ძირზე ვიმოქმედოთ.

ბევრჯერ მოვისმინე ამ პრეზენტაციაში – საჭიროა ეს დოკუმენტი, საჭიროა ეს დოკუმენტი… პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ამ დოკუმენტების შემუშავების ექსპერტიზა არ გაგვაჩნია. აჭარაშიც არ გაგვაჩნია ამ დოკუმენტების შემუშავების ექსპერტიზა, ყველასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად იქნება ეს სამთავრობო თუ არასამთავრობო. ჩვენ გაგვაჩნია ფინანსური რესურსი, რომლითაც შეგვიძლია შევისყიდოთ ეს დოკუმენტაცია. აქ მე ვხედავ ძალიან კარგი თანამშრომლობის შესაძლებლობას. რაც დამატებით გვჭირდება, ყველაფერი ეს რაც გაჟღერებული იყო [ გულისხმობ „ბათომის“ რეკომენდაციებს] შევიმუშაოთ ერთ გეგმაში, განვსაზღვროთ მისი ფინანსური ღირებულება და გამოვაცხადოთ – ვიყიდოთ. მე გაძლევთ პირობას, რომ ამას ჩვენ ჩავსვამთ გეგმაში. წელს ალბათ ვეღარ მოესწრება, მაგრამ მომავალ წელს გავაკეთოთ მრავალწლიანი გეგმა ამ აუცილებელი ბაზისური დოკუმენტების შესყიდვის. თქვენ თვითონ შეიმუშავეთ ტექნიკური დავალება მთლიანად, რა თქმა უნდა, ჩვენთან თანამშრომლობით, მაგრამ გაძლევთ პირობას, ამ ექსპერტიზას მთლიანად ჩვენ გადავიხდით.

ისტორიული განაშენიანების ზონის დამტკიცების გაჭიანურების მიზეზი

რაც შეეხება ისტორიული განაშენიანების ზონას, თქვენ კარგად თქვით ქალბატონო ნინო [ნინო ინაიშვილს] ერთი რამ, დრო იწელება და შემდეგ უფრო რთული ხდება რაღაცის გაკეთება, ეს კი უფრო ძვირი ჯდება. რომელ წელს შემუშავდა თავდაპირველად ისტორიული საყრდენი გეგმა? – 2007 წელს. მე ხშირად გისმენთ თქვენც, მედიასაც, სხვებსაც არასწორად იყენებენ განმარტებას, რომ 2017 წელს განახლდა არსებული დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა 2007 წელს, არაფერი არ განახლებულა. წაიკითხეთ სათაური – ზოგადი საინფორმაციო განახლება მოხდა მხოლოდ. არ მომხდარა განახლება გარდა ტექსტური საინფორმაციო ნაწილისა, სადაც ძირითადი ნაწილი, რასაც ეს დოკუმენტი უნდა ეყრდნობოდეს, აბსოლუტურად დარჩა იგივე. ეს არის 2007 წელს შემუშავებული დოკუმენტი და ახლა 2019 წელია. 2008-2009 და ასე შემდეგ წლები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეს რუკები გამოეყენებინათ და საზღვრები დამტკიცებულიყო, სანამ ეს დოკუმენტი ცოცხალი იყო და რეალურად ასახავდა მდგომარეობას.

თქვენ ძალიან კორექტულად აუარეთ იმ ნაწილს გვერდი, როდესაც ჩვენ წარვადგინეთ კორექტირებული დოკუმენტი, როგორიც იყო ჩვენი ხედვა, არა სპეციალისტების მოსაზრებებზე დაფუძნებით, არამედ ჩვენი ხედვით. მაგრამ ის დაიწუნეს და ჩვენ მივიღეთ ეს. ამის შემდეგ დავსვით მარტივი კითხვა – საჭიროებს თუ არა ეს დოკუმენტაცია განახლებას, თუ წავიდეთ არსებული რედაქციით, რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ საჭიროებს განახლებას. ჯერჯერობით ველოდებით პასუხს კითხვაზე, თუ რა ნაწილში საჭიროებს დოკუმენტი განახლებას. იმისთვის, რომ მთლიანად დავეყრდნოთ ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებს ამ ნაწილში. არ დაგავიწყდეთ, ისტორიული განაშენიანების დამტკიცება იყო ჩემი ინიციატივა. ჩვენ წავალთ დოკუმენტის განახლების გზით. ეს არის ჩემი ხედვა.

მერი მშენებლობებზე: „ეს არის ფულის აკუმულირების ერთადერთი სექტორი“

რაც შეეხება ურბანული განვითარების დოკუმენტს – იცით, რომ გამოცხადებულია ტენდერი, სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმის შესახებ. გაიხარჯა წელიწადი, რომ არსებული ტექნიკური დავალება გადაკეთებულიყო, გავრცობილიყო და მომზადებულიყო. დღეს ტენდერი გამოცხადებულია და ნურავის გვექნება ილუზია, რომ ამ დოკუმენტის შემუშავება მოხდება უფრო ადრე, ვიდრე… ღმერთმა ქნას, რომ გამარჯვებული ახლავე გამოვლინდეს. მე არ მაქვს ილუზია, რომ ორი წელი მინიმუმ არ დასჭირდება ამ დოკუმენტს.

ორი წელი რა გავაკეთოთ? აბსოლუტური მორატორიუმი ყველა ტიპის მშენებლობაზე, თუ უნდა წავიდეთ უკვე რეგულირებული ქალაქმშენებლობის გზით? – არ მაქვს აქ, მაგრამ მოგაწვდით, ქალაქმშენებლობაში, საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების, მაღლივების დატვირთვას და წილს ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში. ახსნილია ციფრებში – როდესაც შენდება ერთი სახლი, როგორ ნაწილდება ის დოვლათი, რომელიც წარმოიშვა ამ მშენებლობის შედეგად.

სრული მორატორიუმი ამ კუთხით არის სრული კოლაფსი ძალიან ბევრი მიმართულებით, ეს არის სერიოზული სოციალური და ეკონომიკური ჩავარდნა ჩვენი ქალაქისთვის. ეს არის მოთხოვნის ერთადერთი სფერო, რომელსაც ჩვენ ვერ ვაძლევთ ვერაფერ სხვას, რომ გადავანაწილოთ, ეს არის ფულის აკუმულირების ერთადერთი სექტორი ქალაქში, რომელსაც არა აქვს ალტერნატივა.

როგორ ხედავს მერი ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენას  

როდესაც ვსაუბრობ მშენებლობებზე, მე ისტორიულ ზონას არ ვგულისხმობ. საუბარი მქონდა, ზოგადად, ქალაქში მაღლივი სახლებისა და სასტუმროების მშენებლობაზე. ისტორიული განაშენიანების დამტკიცების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა რეგულაცია უნდა ამოქმედდეს, რაც არის ზონასთან დაკავშირებული. რაც შეეხება იმას, რა მოხდება ზონების დამტკიცებამდე? – სწორედ ამიტომ არის საჭირო დოკუმენტის განახლება, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რისი გაკეთება შეიძლება იქ და რისი – არ შეიძლება.

 

 

 

პროექტი სმენადაქვეითებული პირების დასახმარებლად

როგორ დავეხმაროთ მეტყველებისა და სმენის პრობლემების მქონე ბავშვებს? – ამ თემაზე დღეს, 18 აპრილს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სთეფ ფორვარდის“ ორგანიზებით, მშობლებსა და სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში ამავე თემაზე ლექცია განათლების, მედიცინისა და ფსიქოლოგიის მიმართულების ბსუ-ს სტუდენტებისთვისაც ჩატარდა.

„პორტუგალიის უნივერსიტეტიდან ჩამოვიდა სპეციალისტი, განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით, რომელიც უშუალოდ სმენის პრობლემებზე მუშაობს. დღეს შეხვედრა გვქონდა სმენის პრობლემების მქონე ბავშვების მშობლებთან და ამ მიმართულების სპეციალისტებთან.

პროექტის მიზანია, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს სტრატეგიები და მიდგომები სმენის პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებლად. მუშავდება ამ მიმართულებით ტრენინგ-კურსები და მომავალ წელს იქნება პილოტირება. პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ნებისმიერი სფეროდან იმისათვის, რომ შეძლონ სმენის პრობლემების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა“, – გვეუბნება ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ნანა მაკარაძე. ბსუ პროექტის ერთ-ერთ პარტნიორია.

ტრენინგზე 19 მშობელი იყო მიწვეული. ერთ-ერთი სმენადაქვეითებული ბავშვის მშობლის – ქრისტინა ბერიძის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტები მას ეხმარება იმაში, რომ სწორად დაგეგმოს თავისი შვილის განვითარება.

„ჩემს შვილს აქვს მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითება, ესაჭიროება ოპერაცია და მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდე, როგორ უნდა ვიზრუნო იმისთვის, რომ ჩემი შვილი განვითარდეს. დღეს მივიღე საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ჩემს შვილთან მიმართებაში დამეხმარება“, – გვეუბნება ის.

ტრენინგი სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებისთვის ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

„სთეფ ფორვარდის“ დირექტორი მანანა ინაიშვილი: „საქართველოში სმენადაქვეითებულ პირთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ ათას ბავშვზე სამი სმენადაქვეითებული და ერთი ყრუ ბავშვი იბადება. აჭარაში ჩვენ დავიწყეთ  მონაცემთა ბაზის შეგროვება და გამოკითხვებით შევაგროვეთ დაახლოებით 250 ბავშვი და ახალგაზრდა, ვისაც სმენის პრობლემები აქვს.

ვინაიდან შარშან დაიწყო სახელმწიფო უნივერსალური სკრინინგი და ხდება ახალშობილების შემოწმება, ასევე იქნება კონფიდენციალური რეგისტრაციისა და მიდევნების სისტემა. ამის შემდეგ  გვეცოდინება, რამდენი სმენადაქვეითებული ბავშვი გვყავს ქვეყანაში“.

პროექტის ფარგლებში ავეიროს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სკოლის ლექტორი, იზაბელ მონტეირო და კოსტაც იმყოფებოდა ამერიკულ კუთხეში. ის ამბობს, რომ სმენადაქვეითებული ბავშვების პრობლემების მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია დროული ზომების მიღება. ამ პროცესში ერთნაირად მნიშვნელოვანია მშობლის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი ჩართულობა.

იზაბელ მონტეირო და კოსტა ტრენინგზე

„ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, შევძლებთ ჩვენი გამოცდილების გაზიარებას. მეტყველებისა და სმენის მიმართულებით საქართველოში ახლა იწყება მუშაობა. ვფიქრობ, მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეტყველების თერაპევტთან თანამშრომლობა, რადგან მხოლოდ მშობელი მარტო ვერ მოახერხებს პრობლემის მოგვარებას“, – გვეუბნება ის.

პროექტი 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროექტი ხორციელდება ERASMUS+-ის „უკეთესი კომუნიკაციის ხელ­შეწ­ყო­ბისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილმა დირექტორის წინააღმდეგ ბრიფინგი გამართა

დღეს, 18 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილმა ბრიფინგი გამართა. 103 თანამშრომლის სახელით განცხადება გააკეთა აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამილა დოლიძემ. მისი თქმით, ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილს პრეტენზია აქვს ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის მმართველობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს. დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ.

დიდი ხანია მომწიფდა პრეტენზიები შრომის ანაზღაურების სამართლიან გადანაწილებასთან დაკავშირებით, რაც  თანამშრომლებს მოტივაციას უკარგავს, მათ შორის ვარ მეც“, – ამბობს თამილა დოლიძე.

განცხადების ტექსტში ასევე საუბარია იმაზე, რომ დირექტორი ტელევიზიის თანამშრომელს მრჩეველთა საბჭოსთან ლაპარაკს უკრძალავს.

„ცალკეული პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ პიროვნებების განწყობით, აჭარის ტელევიზიას თითქოს ყველაზე დემოკრატი დირექტორი ჰყავს, თუმცა ეს მხოლოდ პოპულიზმის გამოძახილია. სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ ნათია კაპანაძის დამსახურება არ არის, არამედ იმ გუნდის, რომელიც აჭარის ტელევიზიაში მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე წაიკითხა თამილა დოლიძემ.

ბრიფინგის მონაწილე ტელევიზიის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მათ პოზიციას მრჩეველთა საბჭო გაითვალისწინებს. აღნიშნულ განცხადებას ტელევიზიის ჟურნალისტებიდან მხოლოდ ერთმა, მარი ბოლქვაძემ მოაწერა ხელი, რომელიც გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანია. საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები ხელმომწერებს შორის არ არიან.

აჭარის ტელევიზიის ხუთწევრიანი ბორდის ორმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი რამდენიმე დღის წინ დააყენა. მათი განცხადებით, დირექტორი მართვისას იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, რაც უარყოფითად აისახა ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობასა და იმიჯზე.

დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ, ხვალ 19 აპრილს უნდა უყაროს კენჭი.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა.

დღემდე არაერთმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა ეჭვი, რომ ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენები აჩენს ამ მაუწყებლის რისკებს.

დღეს ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში.

როგორ აღნიშნეს ,,მადაგასკარელებმა“ დედა-ენის დღე

„ქართული ენა -ეს არის მუსიკა,მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გარდამოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი“ – ამ დღესთან დაკავშირებით ქართულ-ამერიკულმა საერთაშორისო სკოლა ,,პროგრესმა” გვიმასპინძლა რისთვისაც მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას და პედაგოგებს: თ.დონაძეს და მ. ზარანდიას თბილი და სასიამოვნო დახვედრისათვის!

ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და მუსიკაში. ბაღის აღსაზრდელებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები.

„მადაგასკარის“ სახელით ერთხელ კიდევ გილოცავთ ამ ძვირფას დღეს!

მადაგასკარელებს სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლებს
ჯგუფ „ვარსკვლავებს“ სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
მადაგასკარელებს სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
ჯგუფ „ვარსკვლავებს“  სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
მადაგასკარელებს სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
ჯგუფ „ვარსკვლავებს“ სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
მადაგასკარელებს სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
ჯგუფ „ვარსკვლავებს“ სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
მადაგასკარელებს სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
ჯგუფ „ვარსკვლავებს“  სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
მადაგასკარელებს სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
ჯგუფ „ვარსკვლავებს“ სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
მადაგასკარელებს სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
ჯგუფ „ვარსკვლავებს“ სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
მადაგასკარელებს სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
ჯგუფ „ვარსკვლავებს“ სკოლა სკოლა „პროგრესში“ გვიმასპინძლეს
ჯგუფი „ცეროდენები“
ჯგუფი „ცეროდენები“

გამარჯობა!

ავტორი: იუჯელ ალფაი დემირი

ყველაფერი ჩემი ცოლის ნათასავის, მურად მასწავლებლის სიტყვებით დაიწყო: წამო, ბათუმში წავიდეთ!

წესად არ მაქვს, ვიკითხო: „ხომ მშვიდობაა? რა საქმე გაქვს?“,  არც მისთვის მიკითხავს.

ჩემი ხშირი მოგზაურობები ქვეყნის ფარგლებშიც და საზღვარგარეთაც, უმეტესად ასე სპონტანურად და ბევრი ფიქრის გარეშე დაწყებულა.

მოგზაურობის დეტალები აეროპორტში გაცნობილ შოთა გაბაიძესთან საუბარში გავიგე.

შოთას ქოჯაელის უნივერსიტეტში უსწავლია. დახვეწილი, გამჭრიახი ქართველი ყმაწვილია.

ჩემ ართვინელ ქვისლს ქართული ფესვები აქვს. მისი მამა, ძია დურსუნ ალი,  შოთას მამის, ჯამბულ გაბაიძის ძველი მეგობარი ყოფილა. სწორედ მათი მეგობრობა გახდა ჩვენი გაცნობის მიზეზი.

მურად მასწავლებელი სტუმრად მიუწვევიათ და ამის წყალობით, მათთან სტუმრობის ბედნიერება მეც მხვდა წილად.

შოთას მამა, ჯამბულ გაბაიძე, დედა, გიული გაბაიძე და მათი ნათესავები უკეთილშობილესი ადამიანები არიან. ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობით მიგვიღეს და გამოგვაცილეს.

როგორც ახალციხელ მესხს, უცხოობა სულ არ მიგრძვნია, პირიქით, გამაოცა ჩვენი სამზარეულოსა თუ კულტურის მსგავსებამ.

იმან კი, დედაჩემის გაკეთებული  ხინკლის, სინორის, ხაჭაპურის და ლობიოს გემო საოცრად რომ ჰგავდა შოთას დედის, გიულის ნახელავს, განსაკუთრებული ელფერი შეჰმატა ყველაფერს.

სასწავლებლად თუ სავაჭროდ ბევრი ქართველი დადის თურქეთში და  თურქულიც ბევრმა იცის, ამიტომ არც ენობრივი ბარიერის გამო მიგრძვნია უცხოობა…

საგზაო მოძრაობის წესებს ჩვენზე გაცილებით უკეთ იცავენ, მაღაზიებში თავაზიანად გექცევიან, არავინ არაფრის შეძენას არ გაძალებს. ამ პატარა ქალაქში არის მოედანი, როგორსაც ვერ ნახავთ ჩვენს ქალაქებში – 145-მეტრიანი ანბანის კოშკი, ნინოს და ალის სიყვარულის საგალობელი – 8-მეტრიანი მოძრავი ქანდაკება, შავი ზღვის პლაჟები, უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომლის სანახავად ერთი დღე ნამდვილად არ გეყოფათ, განსაკუთრებული არქიტექტურის სახლები ქალაქის ყველა ადგილას, რომლებიც გიადვილებენ მისამართის მიგნებას და ქართული სამზარეულო.

ეს ქალაქი თავს გამახსოვრებს, გიწვევს კიდევ ერთხელ სანახავად.

თქვენც გირჩევთ.

ისინი კი ისეთ თურქებს ელიან, ვინც მხოლოდ აზარტული თამაშებისა და ღამის ცხოვრებისთვის არ ჩადის.

ტურიზმის ეს ნაწილი თურქეთიდან ჩასული მეწარმეების ხელშია, რომლებიც იმ უბანს, რომელიც „ინტენსიურად“ არის დასახლებული, ამ ადამიანებით სტამბოლის ლალელის  ამსგავსებენ. თუმცა…

არ შევხვედრივარ არცერთ ქართველს, რომელიც ფიქრობს, რომ აი, თურქეთიდან ტურისტი ჩამოვიდეს და მოვატყუოთ, ვითაღლითოთო, როგორც ამას, ზოგ სოციალურ მედიასა და ფორუმებზე წერს – პატიოსანი, მშრომელი ხალხია.

რა თქმა უნდა, ასეთებიც იქნებიან, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ ის თაღლითი ჩვენი ქვეყნიდან ჩასული ვინმე მეწარმეც იყოს.

აბა, საკუთარ თავსაც შევხედოთ, სხვა ქვეყანაში ჩასულთ!

ანგელოზი არავინ არ ვართ, მაგრამ კარგი იქნება ზოგჯერ მაინც დავფიქრდეთ, ზიანს ხომ არ ვაყენებთ მუსულიმი თურქების იმიჯს!

ეს კრიტიკა ჩვენს იმ თანამემამულეებსაც ეხება, აზარტული თამაშებს, სასმელს, ფულს რომ არიან დახარბებული!

რადგან მათ ყველაზე მეტად უჩივიან!

კარგი იქნება, თუ მომავალ თაობას უკეთეს ნაკვალევს დავუტოვებთ, რომ მათაც ჩვენსავით იამაყონ წინაპრებით.

საბედნიეროდ, ბათუმში არის თურქული სკოლები და თურქი მასწავლებლები, რომლებიც სწორი კუთხით წარმოაჩენენ თურქებს. მათი წყალობით შენარჩუნებულია ბათუმელი ქართველების კარგი შეხედულება მუსლიმი თურქი ხალხის მიმართ.

თუ წახვალთ, წადით, ნახეთ ბათუმი.

გამარჯობამ თუ დაგაინტერესათ, მისალმებაა ქართულ ენაზე და ამით გამარჯვებას გისურვებენ.

და თუ ქართველს ეტყვით „გამარჯობა!“, ის გიპასუხებთ – „გაგიმარჯოს!“ და ნაცნობობაც ასე ადვილად დაიწყება.

ბედნიერი დღე გქონოდეთ!

სიყვარულით…

მთავარი ფოტო: შოთა გაბაიძე და იუჯელ ალფაი დემირი

Write On! – კრეატიული წერის სამი გამარჯვებული ბათუმიდან

Write On! – არის ინგლისურენოვანი საერთაშორისო კონკურსი კრეატიულ წერაში. ის საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ორგანიზებით ტარდება. წელს, ნაციონალურ კონკურსზე სამმა გოგონამ გაიმარჯვა ბათუმიდან. კონკურსის პრინციპი ასეთია – გაძლევენ ამბის დასაწყისს, შემდეგ კი ამბავი კონკურსის მონაწილემ საკუთარი შემოქმედებითი უნარის მიხედვით უნდა განავითაროს და დაასრულოს. ფინალში ყველაზე კრეატიული იდეის ავტორები გადადიან.

თამარ ტაბიძე ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მე-11 კლასელია, ის Write On!-ის მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

თამარ ტაბიძე

„საკონკურსო თემის თეზა იყო, რომ პრინცესა იჯდა მაღალ კოშკში გამოკეტილი და ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ ამ ყველაფრისგან თავი დაეღწია. თემა განვავითარე იმ მიმართულებით, რომ გოგონას და ბიჭსაც და, საერთოდ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ყველაფერს, რაც სურს, თუკი მოინდომებს და არ დაელოდება სხვას.

ჩვენს ნაცვლად სხვამ არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ“.

თამარი ამბობს, რომ წერა ძალიან უყვარს, მათ შორის ლექსების. „როცა სკოლაში მასწავლებელი რაიმე დასაწერს გვაძლევს, ერთი სული მაქვს, როდის მივალ სახლში და დავწერ“.

თამარს მოსწონს გენდერული საკითხებზე წერა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ქალთა უფლებებზე საუბარია და წერა, რადგან გენდერული თანასწორობის საკითხები დღესაც კამათს იწვევს საზოგადოებაში.

„ახლა სკოლაში სამიჯნურო ნაწილს გავდივართ ნაწარმოებებში და ხშირად ვკამათობთ ამ თემის ირგვლივ. ბიჭების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ სტერეოტიპულად უყურებს ქალის როლს და ამბობს, რომ „ქალი ყველა უბედურების მომტანია“ და „როცა ქალი გამოჩნდება, იქ ყველაფერი ინგრევა“.

„ხევისბერ გოჩას“ როცა გავდიოდით, იქ წამოვიდა კიდევ ასეთი დამოკიდებულება – „ქალი რომ არ ყოფილიყო, ხომ არ იჩხუბებდნენ მეგობრები“, „ხომ არ მოხდებოდა ეს ტრაგედია“ და ა.შ. ვფიქრობ, სულ სხვანაირად უნდა შევხედოთ ამ ტიპის საკითხებს, რადგან სიყვარული არ შეიძლება იყოს დანაშაული და ქალი არ შეიძლება იყოს დამნაშავე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას შეუყვარდა“.

თამარი ამბობს, რომ თავის  მომავალს ლიტერატურაში ხედავს. „ზოგადად, ჩემი ასაკი არის საკუთარი თავის ძებნის და პოვნის ასაკი, ამიტომ მეც ძიებაში ვარ“, – გვეუბნება ის.

ვალერია ჩაზმავა მესამე ადგილის მფლობელი გახდა ამ კონკურსში. ის ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის მე-12 კლასელია. კონკურსში პირველად მონაწილეობდა.

ვალერია ჩაზმავა

ვალერია ამბობს, რომ პრინცესას ცხოვრება მან ასე განავითარა: „სკოლაში წავიდა და იქ ერთი ბიჭი გაიცნო, რომელმაც შემდეგ იმედები გაუცრუა, რადგან დანაპირები არ შეასრულა.

იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში მხოლოდ სიტყვები არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია ადამიანების ქცევა. გარდა ამისა, კოშკიდან გაქცეული პრინცესა იმასაც მიხვდა, რომ სხვაზე არ უნდა იყო დამოკიდებული და შენი თავისუფლება შენ თვითონ უნდა მოიპოვო“, – ამბობს ვალერია.

თამარის მსგავსად წერა ვალერიასაც ძალიან უყვარს. კიდევ უყვარს სპორტი და ბათუმის ნაკრებში ფრენბურთს თამაშობს. „საქართველოს ჩემპიონატი გვაქვს რამდენჯერმე მოგებული“, – გვეუბნება ის.

მომავალში ვალერია ადვოკატობას აპირებს. ამბობს, რომ ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობა აინტერესებს. „ვფიქრობ, ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ავიღოთ თუნდაც ბავშვის უფლებები, აქაც გვაქვს ხარვეზები. ბავშვის აზრს ამ ქვეყანაში პატივს არ სცემენ სათანადოდ“, – გვეუბნება ის.

თამარ თურაძეც მესამე ადგილის მფლობელია. ის სკოლა „განათლების“ მეათე კლასის მოსწავლეა. თამარის ამბობს, რომ კონკურსის ფორმატი და თემაც მისთვის ძალიან საინტერესო იყო.

თამარ თურაძე

„ამბავი იწყებოდა ასე, – „ტყეში შევიდა გოგონა და დაინახა დიდი კვერცხი“. შემდეგ აზრი უნდა გამევითარებინა მე. დავწერე, რომ გოგონამ კვერცხი აიღო და წაიღო სახლში. გოგონას წარმოდგენაში კვერცხში ლამაზი და ძვირფასი ნივთები უნდა ყოფილიყო ჩალაგებული, მაგრამ როცა კვერცხი გატეხა, შიგნით ძველი ტანისამოსი აღმოჩნდა. ამით ის ვთქვი, რომ ხშირად გარეგნულ მხარეს შეცდომაში შევყავართ“.

თამარს ასევე მოსწონს გენდერულ საკითხებზე წერა. ბოლოს USAID-ის კონკურსში გაიმარჯვა, სადაც სწორედ გენდერულ უთანასწორობაზე დაწერა.

„ის, რომ ქალი არ არის კაცის თანასწორი“, რომ „ოჯახში ფულის შემომტანია კაცია“ და „ქალის ადგილი არის „კუხნაში“, ასეთი ფრაზები დღესაც ისმის ჩვენს ირგვლივ. ვფიქრობ, ამ პრობლემაზე ხშირად უნდა ვისაუბროთ და ვწეროთ“, – გვეუბნება თამარი.

ორმო ბარცხანის ხიდზე და დაზიანებული მანქანა – მერიას ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვენ

ბათუმში, ბარცხანის ხიდზე დაზიანებული გზისა და შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნის არარსებობის გამო ავტომანქანებიც ზიანდება. „ბათუმელებს“ ერთ-ერთი მძღოლი, გოდერძი პაქსაძე დაუკავშირდა, რომელსაც ხიდზე არსებული ორმოს გამო ავტომანქანა დაუზიანდა.

„გუშინ, 17 აპრილს, საღამოს 9 საათისთვის გადავდიოდი მანქანით ბარცხანის ხიდზე, არანაირი მინიშნება არ იყო. ვერ შევამჩნიე, გზა ყოფილა ჩატეხილი და მანქანის საბურავი, ღერძი ისე დაზიანდა, გადაადგილება შეუძლებელი იყო. ახლობლის დახმარებით გადავიყვანე მანქანა. ჩემს შემდეგ, მოკლე დროში, მაგ ადგილზე კიდევ ორი მანქანა დაზიანდა, თუმცა მათ გააგრძელეს სვლა. შემდეგ, არ ვიცი ვინმემ დარეკა თუ შემთხვევით იყო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მოვიდა, ორმოში საბურავები ჩადგეს და ლენტი შემოახვიეს“, – ამბობს გოდერძი პაქსაძე.

ის აპირებს მიმართოს ბათუმის მერიას და ზარალის ანაზღაურება მოსთხოვოს.

„თუ გზა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია, ამ შემთხვევაში მოქალაქემ ბათუმის მერიას უნდა მიმართოს. დაზარალებულს უფლება აქვს მოთხოვოს მერიას ზარალის ანაზღაურება, გზის შეკეთება და სხვა, თუმცა ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ექსპერტიზის დასკვნა – რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ანუ, ვისი ბრალეულობა იკვეთება“, – გვითხრა საიას იურისტმა მირზა მამულაძემ.

ასეთი „გამაფრთხილებელი ნიშანი“ მოაწყო საპატრულო პოლიციამ ბარცხანის ხიდზე, ერთ-ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ:

დაზიანებული ბარცხანის ხიდი / ფოტო გოდერძი პაქსაძემ მოგვაწოდა

ბათუმის მერია ბარცხანის ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს, თუმცა, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო თანხა 778 140 ლარი იყო.

„ხიდზე გზის დაზიანებული მონაკვეთის დროებითი აღდგენითი სამუშაოები ამ დროისთვის [18 აპრილი, 13 სთ.] მიმდინარეობს. სრულ რეაბილიტაციაზე კი ტენდერს ხელახლა გამოვაცხადებთ“, – გვითხრეს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში.

ამ თემაზე:

ბარცხანის ხიდზე რეაბილიტაციის დროს ავტომანქანები ერთ ზოლში იმოძრავებენ

„ბათუმის წყლის“ მიერ დატოვებულ თხრილში მანქანები ჩაცვივდა

სავალუტო ჯიხურის ძარცვაში ბრალდებულმა საფრანგეთში მოახერხა წასვლა

სავალუტო ჯიხურის ძარცვაში ბრალდებული 26 წლის ზ.ლ. დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. ის საფრანგეთშია. მან საზღვრის გადაკვეთა მას შემდეგ მოახერხა, როცა სასამართლომ გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„ეს არის ცნობა საფრანგეთის ერთ-ერთი კლინიკიდან, ის იქ მკურნალობს,“ – თქვა ადვოკატმა მზია დიასამიძემ და მოსამართლეს დოკუმენტი მიაწოდა. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებული სხდომის გამართვას მისი დასწრების გარეშე ითხოვს.

„რაზე მკურნალობს?“ – დაეჭვდა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი. მან ფრანგულ ენაზე შევსებულ დოკუმენტს გადახედა და დასძინა, რომ სამკურნალოდ უცხო ქვეყანაში წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ პროცესზე მისვლა ვერ შეძლო.

ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ ამ ეტაპზე არ გაურკვევია, რა წერია საფრანგეთიდან გამოგზავნილ დოკუმენტში. ის მოსამართლეს და პროკურორს სიტუაციის გარკვევას დაჰპირდა.

„ეს დადასტურებადია, თავისი ფეხით წავიდა, თუ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა… საჭიროა ისეთი დოკუმენტი, რითაც დასტურდება, რომ მას არ შეუძლია გამოცხადება,“ – უთხრა ადვოკატს მოსამართლემ.

ძარცვის ეს შემთხვევა, რაზეც ზ.ლ. არის ბრალდებული, რამდენიმე თვის წინ, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. როგორც ადვოკატი ყვება, სავალუტო ჯიხურში მყოფ პირს 5 ათასი ლარი დაშინების და მუქარის გარეშე წაართვეს. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციელებმა ზ.ლ. დააკავეს – ის სათვალთვალო კამერებში გამოჩნდა. დაკავებულმა თქვა, რომ ბრალს აღიარებდა, მაგრამ არა 5 ათასი ლარის წაღებას.

„არ ახსოვს რამდენი წაიღო,“ – დასძენს ადვოკატი მზია დიასამიძე.

ადვოკატმაც და პროკურორმაც დღევანდელი პროცესის გადადება ითხოვეს, რადგან შესაძლოა მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგეს. ადვოკატის თქმით, ის ჯარიმის დაკისრებას და პირობით მსჯავრს ითხოვს.

„ჯერ არ ვიცით, რა სასჯელზე შევთანხმდებით,“ – ამბობს პროკურორი ზურაბ კონცელიძე.

სასამართლო პროცესი თვენახევრით გადაიდო. ამ პერიოდში ბრალდებული ან შესაბამის სამედიცინო ცნობას წარმოადგენს სასამართლოში, ან საქმე შეთანხმებით დასრულდება.

 

 

103 თანამშრომელი და ქარტიის მონიტორინგი – არის თუ არა კაპანაძე აჭარა TV-ის დამოუკიდებლობის გარანტი 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის განხილვამდე ორი დღით ადრე მრჩეველთა საბჭოს ფეისბუქგვერდზე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების წერილი გამოქვეყნდა, რომელიც მაუწყებელში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმიანება.

„ვემიჯნებით მაუწყებლის სახელით გაკეთებულ განცხადებას მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე. ასევე, ვემიჯნებით საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვას. ვაცხადებთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არის ნათია კაპანაძის მონაპოვარი და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის მომენტიდან და გვჯერა, ასევე გაგრძელდება მომავალშიც“, – აღნიშნულია წერილში.

ამავე წერილში წერია, რომ დღეს აჭარის ტელევიზიაში არსებობს „შიშის ფაქტორი“ და „ბევრი თანამშრომელი დათრგუნული და იმედგაცრუებულია არსებული მდგომარეობით. ნებისმიერ ორგანიზაციაში, მით უფრო საზოგადოებრივ მედიაში შიშის არსებობა დაუშვებელია“, – ვკითხულობთ წერილში. აქვე საუბარია იმაზე, რომ ტელევიზიის დირექტორი მართვისას იღებს ერთპიროვნულ და არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც უარყოფითად აისახა ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობასა და იმიჯზე.

„ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებს აქვთ უამრავი პრეტენზია დირექტორთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამართლიანი ანაზღაურების საკითხიც“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც სრულდება წერილის გასაჯაროვების მოთხოვნითა და იმედით, რომ „მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად, საზოგადოების და მაუწყებლის თანამშრომლების ინტერესების გათვალისწინებით დასრულდება, ტელევიზია და რადიო გააგრძელებს თავისუფალ გარემოში განვითარებას და იქნება საზოგადოების სამსახურში.“

წერილი 16 მარტით თარიღდება და როგორც საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას ხელს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 103 თანამშრომელი აწერს. მრჩეველთა საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილს არ ახლავს უშუალოდ ხელმომწერთა სია, თუმცა „ბათუმელებს“ ეს სია მრჩეველთა საბჭომ მოაწოდა. ხელმოწერათა უმრავლესობა ძირითადად ბუნდოვანია და მკაფიოდ არ იკითხება.

წერილში საუბარია, რომ ტელევიზიის იმიჯი ზიანდება ნათია კაპანაძის მენეჯმენტის პირობებში, თუმცა საპირისპიროს ამბობს კვლევები, რომელიც პერიოდულად ქვეყნდება და საუბარია აჭარის ტელევიზიის საქმიანობაზე დადებით ჭრილში. რატომ არ ენდობიან კვლევებს წერილის ხელმომწერები? – გვინდოდა ეს კითხვა რამდენიმე ხელმომწერისთვის დაგვესვა, მაგალითად, თამილა დოლიძისთვის, რომელიც ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით. მან გვითხრა, რომ შეკითხვებს ამ ეტაპზე ვერ უპასუხებს, ვიდრე პოზიციები საბოლოოდ არ შეჯერდება სხვა ხელმომწერებთან.

ჩვენ ასევე ვცადეთ საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსთან, იმედა თავდგირიძესთან დაკავშირება, რათა დაგვეზუსტებინა, რა იგულისხმება თანამშრომლების „შიშებსა“ და „დათრგუნვაში“. მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

არის თუ არა „სარედაქციო დამოუკიდებლობა ნათია კაპანაძის მონაპოვარი“ და იყო თუ არა აჭარის ტელევიზიაში „სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილი ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის მომენტიდან“ – როგორც თანამშრომლების წერილშია მითითებული.

მაგალითად, 2016 წელს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მაუწყებლების ახალი ამბების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „აჭარის ტელევიზიამ“ ყველაზე მეტი დრო „ქართული ოცნების“ გაშუქებას დაუთმო. მონიტორიგი 31 აგვისტოდან 25 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდა, ამ დროს „აჭარის ტელევიზიის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსით საქმიანობდა და ნათია კაპანაძე დირექტორი არ იყო.

„აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ყველაზე მეტი დრო „ქართული ოცნების“ გაშუქებას დაეთმო, ყველაზე მაღალი დადებითი გაშუქების მაჩვენებელი ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა, დათმობილი დროის 8%. ყველაზე მეტი უარყოფითი ტონი საარჩევნო სუბიექტებს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დაფიქსირდა, მისთვის დათმობილი დროის 30%. ნეიტრალური გაშუქებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს ჰქონდა – 100-100%,“ – წერია ანგარიშში

2016 წელს ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგმა „აჭარის ტელევიზია“ სხვა მაუწყებლებს შორის გამოარჩია, როგორც ტელევიზია, რომელიც „ბიძინა ივანიშვილს ყველაზე პოზიტიურად წარმოაჩენდა.“

„ბიძინა ივანიშვილი ყველაზე პოზიტიურად ტელეკომპანია აჭარის ეთერში წარმოჩინდა, მისთვის დათმობილი დროის 45%“, – წერია მედიამონიტორინგის ამ ანგარიშში. 

ამავე ანგარიშში ეთიკის ქარტიამ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში ქსენოფობიის და თურქოფობიის ფაქტის ტირაჟირებაც დააფიქსირა. „აჭარის ტელევიზიის ეთერში სამონიტორინგო პერიოდში ქსენოფობიის და თურქოფობიის ფაქტის შეუსაბამო ტირაჟირება დაფიქსირდა. ასევე იყო ბალანსის დარღვევის რამდენიმე შემთხვევაც,“ – აღნიშნულია მედიამონიტორინგის ანგარიშში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ უწყების 103 თანამშრომელი ერთ წერილს აწერს ხელს. ტელევიზიის თანამშრომლები ასე ერთსულოვნად აქამდე ტელევიზიასთან დაკავშირებულ არც ერთ მნიშვნელოვან ფაქტს არ გამოხმაურებიან: მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ირინა ყურუას გათავისუფლებას 2014 წელს, როცა აჭარის ტელევიზიის მაშინდელმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსს ჯერ აჭარის რადიოში შესთავაზა გადასვლა, შემდეგ კი სამსახურიდან გაათავისუფლა და არც მაშინ, როცა საინფორმაციო სამსახური ორმა პროდიუსერმა დატოვა აჭარის ტელევიზია. მაშინ მათ განაცხადეს, რომ სამსახურის დატოვების მიზეზი გახდა საეჭვო სარედაქციო გადაწყვეტილებები.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს ტელევიზიის იმიჯის დაზიანებად არ ჩაუთვლიათ არც ის ფაქტი, როცა 2015 წელს აჭარის ტელევიზიის ვებგვერდიდან მოიხსნა სიუჟეტი, რომელშიც აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარის ერთ-ერთ აქტივობას საზოგადოებაში მკვეთრად ნეგატიური შეფასება მოჰყვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს 19 აპრილს განიხილავს. სხდომა 13 საათზეა ჩანიშნული.

19 აპრილსვე გეგმავენ გაფიცვას აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების ოპერატორები, რომლებიც ანაზღაურების მატებას ითხოვენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ორმა წევრმა: ირაკლი დარცმელიძემ [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით წარდგენილი წევრი] და გიგა ჩხარტიშვილმა [ქართული ოცნება] მიმართა. გაიმართება ფარული კენჭისყრა, რომელშიც საბჭოს ხუთივე წევრი მონაწილეობს.  ხუთწევრიანი ბორდიდან უმრავლესობა, ანუ სამი წევრი თუკი მისცემს ხმას მოქმედი დირექტორის წინააღმდეგ, ნათია კაპანაძე თანამდებობას დატოვებს.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დრო დარჩა. სამწლიანი ვადის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი დადგა დღის წესრიგში.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა გაავრცელეს განცხადებები. განცხადებებში ნათქვამია, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან შეფასდა, როგორც თავისუფალი, მიუკერძოებელი და მზარდი ინსტიტუტი, მკვეთრად პოლარიზებულ და პოლიტიზებულ მედიაგარემოში; „ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა და ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“; ჩნდება სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევის რისკი და ა.შ.   

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც, რომლის განცხადებითაც აჭარის ტელევიზია არის ის აქტივი, რომელსაც დღევანდელ მედიაგარემოში გაფრთხილება სჭირდება.

დღეს აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა ეუთოს წარმომადგენელი.

GGM – სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა თუ არ შეიცვალა, ხარისხი ვერ გაუმჯობესდება

ბოლო წლებში, ბათუმში, რამდენიმე ახალი სამედიცინო დაწესებულება ამოქმედდა. აღნიშნული ფაქტი, ზოგადად კარგია, თუმცა სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობის მატებასთან ერთად, ამ სფეროში იზრდება პრობლემებიც:

[checklist]

  • ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა პაციენტები (პაციენტის ახლობლები) უჩივიან სამედიცინო მომსახურების ხარისხს და ხშირად საფუძვლიანადაც;
  •  ბათუმში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში, ერთსა და იმავე პაციენტს, ერთ კონკრეტულ პერიოდში, განსხვავებულ კვლევებს სთავაზობენ და სხვადასხვა დიაგნოზს უსვამენ;
  • ბათუმში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები ხშირად სხვა, კონკურენტი დაწესებულების ხარისხს და ექიმების პროფესიონალიზს ეჭვქვეშ აყენებენ;
  • უკვე ერთგვარ პრაქტიკად იქცა სამკურნალოდ, თურქეთის რესპუბლიკაში წასვლა;
  • საშუალო და რთული მდგომარეობის დროს პაციენტების უდიდესი ნაწილი დიაგნოზს “ამოწმებს” სხვა ქალაქებისა და ქვეყნების კლინიკებში.

[/checklist]

მარტივი შესამჩნევია, რომ სამედიცინო დაწესებულებების მატებასთან ერთად, თავისთავად ვერ გაიზრდებოდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რის გამოც, ადრე 2-3 დაწესებულებაში ერთად მომუშავე სპეციალისტები სხვადასხვა კლინიკაში გადანაწილდნენ. კონკურენტი კლინიკის ექიმები კი ერთმანეთთან ნაკლებად თანამშრომლობენ.

ახალი სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი ნაწილი მრავალპროფილურია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, თითქმის ყველგან ყველაფერს მკურნალობენ (ყოველ შემთხვევაში, სერვისები აქვთ).

ჩვენი, როგორც მართვის სფეროში მოქმედი კომპანიის მოსაზრებით, ეს რეალობა გამომდინარეობს სისტემური კრიზისიდან და მისი მოგვარებისთვის, მთავარი გამოსავალი მდგომარეობს შემდეგში: 

[checklist]

  • მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებების ნაცვლად, ეს სფერო უნდა განვითარდეს პროფილურ მიმართულებებად. ერთ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს მხოლოდ მონათესავე მიმართულებები, სადაც იმუშავებენ ერთი პროფილის სპეციალისტები და ეს დაწესებულება გაძლიერდება, სწორედ ამ პროფილის მიმართულებით;
  • მრავალპროფილური და პროფილური სამედიცინო დაწესებულებებისთვის საკანონმდებლო დონეზე უნდა გაიზარდოს კონკრეტულ მიმართულებაზე სპეციალისტების (ექიმის) მინიმალური რაოდენობა და ძირითად თანამშრომლად დასაქმების ვალდებულება;
  • სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მოეთხოვოს სახელმწიფოსთან ერთად, პროფილის მიხედვით მედპერსონალის უწყვეტი განათლების პროგრამების ამოქმედება (ტრენინგი, სტაჟირება, კონფერენცია, პროფილურ კლინიკასთან პარტნიორობა და ა.შ.).

[/checklist]

სამედიცინო დაწესებულებების პროფილური განვითარება შესაძლებელია, როგორც სახელმწიფოს საკანონმდებლო ჩარევებით (იძულებით), ასევე სამედიცინო დაწესებულებების (როგორც ერთ სფეროში მოქმედი ბიზნესკომპანიების) შეთანხმებით.

სამედიცინო დაწესებულებების პროფილური განვითარებით, ვფიქრობთ, მივიღებთ არანაკლებ ხუთ მთავარ შედეგს:

[checklist]

  • ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული კონკრეტული დარგის სპეციალისტების გუნდი და შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტირების სისტემა, ბუნებრივია, რადიკალურად გაზრდის სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარისხს (შესაძლებლობას);
  • გაიზრდება პაციენტების მხრიდან სამედიცინო დაწესებულებებისადმი და ექიმებისადმი ნდობის ხარისხი, რადგანაც დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში ჩართული იქნება კონკრეტული პროფილის ბევრი სპეციალისტი, დაწესებულება აღიჭურვება შესაბამისი ტექნოლოგიებით და რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, პაციენტებს (მათ ახლობლებს) ექნებათ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში (მაგ.: მძიმე პაციენტი) ერთ სივრცეში მოისმინონ ექიმთა გუნდის მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილება – დიაგნოზი (ამ ფონზე პაციენტს/ახლობლებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აღარ დასჭირდებათ სხვაგან დიაგნოზის გადამოწმება);
  • შემცირდება საზღვარგარეთ პაციენტთა წასვლის საჭიროება, რადგანაც, აქვე, ჩვენს ქალაქში იქნება ხარისხიანი მკურნალობის მიღების შესაძლებლობა;
  • ბათუმში მაღალტექნიოლოგიური პროფილური სამედიცინო დაწესებულებების ჩამოყალიბება-გაძლიერებით იქმნება სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა (საქართველოს სხვა ქალაქებიდან/რეგიონებიდან და სხვა ქვეყნებიდან, კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ, ლოგიკურია, ბათუმის კლინიკებს მიმართავენ პაციენტები. სწორი მარკეტინგის პირობებში, ეს ამბავი მაღალტექნოლოგიური პროფილური კლინიკების ძლიერი მხარეა);
  • პროფილური სამედიცინო დაწესებულებები ამ დარგში ლიდერობის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად, შეეცდებიან უწყვეტ რეჟიმში კიდევ უფრო გაძლიერდნენ და მეტი პაციენტი მიიზიდონ, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებენ, როგორც მედპერსონალის კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად, ასევე ტექნოლოგიური მიმართულების გასაძლიერებლად.

[/checklist]

ზემოაღნიშნული ინიციატივის განხილვის მიზნით, მართვის კომპანია GGM მიმდინარე წლის 7 მაისს გამართავს საჯარო ღონისძიებას (ინიციატივის წარდგენა, დისკუსია), რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ხელისუფლების, სამედიცინო დაწესებულებების, უფლებადამცველი, მედია ორგანიზაციების და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები.

მთავარი ფოტო: Luis Melendez

ბიამ მორიგი რეგიონალური შეხვედრა ბათუმში გამართა

B Talks-ის ფარგლებში, ბიას მორიგი შეხვედრა – “ადგილობრივი ბიზნესის გამოწვევები და განვითარების ახალი შესაძლებლობები” გაიმართა. B Talks ბათუმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით გაიმართა და მას აჭარის რეგიონში მოქმედი 150-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

შეხვედრაზე განხილეს აჭარის რეგიონისთვის აქტუალური ისეთი საკითხები, როგორიც არის ინვესტიციების მოზიდვის და ახალი ბაზრების ათვისების გზები, ტურიზმის განვითარება რეგიონში და ბიზნესის უფლებების დაცვა. ბიას წარმომადგენლებმა სტუმრებს აჭარის რეგიონის შემაჯამებელი სტატისტიკა წარუდგინეს და რეგიონალური ბიზნესის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია, რომელსაც ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები – აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სულხან ღლონტი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, თორნიკე კუჭავა. ასევე, ბათუმის პირველი ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ვიცე-მერი, ლელა სურმანიძე და არქიტექტურის სამსახურის უფროსი, მირიან მეტრეველი. ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ მოწვეული სტუმრებისგან მოესმინათ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

B Talks-ის ფარგლებში, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე მეექვსედ იმართება. შეხვედრების მიზანია საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს ქართულ კომპანიებს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. ბიამ უკვე ორი შეხვედრა გამართა თბილისში, სატრანსპორტო და სამშენებლო კომპანიებთან, რომლებსაც 200-მდე ქართული კომპანიის კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. რაც შეეხება რეგიონალურ ბიზნესს, ქუთაისში, თელავსა და ზუგდიდში გამართულ შეხვედრებს 300-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. B Talks-ის ფარგლებში, ბიას მორიგი შეხვედრა 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ახალი ბაზა აშენდება

ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა №2-ში მდებარე 3300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა აშენდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ დეტალური სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 110 ათასი ლარია.

დაბა ჩაქვში ძალოსნები უკვე რამდენიმე წელია ისეთ დარბაზში ვარჯიშობენ, სადაც არც შუქი აქვთ და არც საშხაპე ცხელი წყლით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ დაბა ჩაქვში, მიგინეიშვილის ქუჩის #17-ში არსებული შენობა-ნაგებობა, სადაც ძალოსნები ვარჯიშობენ, მათ ბალანსზე არ ირიცხება და არც არასდროს ირიცხებოდა. ამ ქონებას, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განკარგავს.

ახალი ბაზა ამ შენობიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით აშენდება.

ძალოსნობის სავარჯიშო ახალ ბაზაზე დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საჭირო სივრცეების მოწყობა. სპორტული დარბაზის ესკიზურ-ტექნიკური გეგმარება უკვე არსებობს. ტენდერის პირობების მიხედვით, სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება, ტერიტორიის რელიეფის თავისებურებები, შესასვლელი გზები, საკომუნიკაციო არხები. ტერიტორიის დაგეგმარება სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან.

პროექტების შედგენისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები. საპროექტო სივრცეების დეტალური რეკომენდაციები და მოთხოვნები კი უნდა დამუშავდეს და შეთანხმდეს საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციასთან.

საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ ტენდერში [რომელიც შემდეგ, მშენებლობის პროცესში ტექნიკურ ზედამხედველობასაც მოიცავს] წინადადებების მიღება 2019 წლის 28 აპრილს დაიწყება და 30 აპრილს დასრულდება. დოკუმენტაცია მზად უნდა იყოს გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში.

დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ ცალკე ტენდერი გამოცხადდება ბაზის მშენებლობაზე.

 

სავარჯიშო ბაზა ჩაქვში / რენდერი ესკიზურ-ტექნიკური გეგმარების დოკუმენტიდან
ტერიტორიის ადგილმდებარეობა ჩაქვში, სადაც ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა უნდა აშენდეს

ამ თემაზე:

ძალოსნები უშუქოდ და ცივი შხაპით სხვის შენობაში

ფინკა ბანკის და “აგროსფეროს” შეთავაზება ფერმერებს – აგრო სესხი ექსკლუზიური პირობებით

2019 წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და და ფერმერთა სერვის ცენტრების ქსელ “აგროსფეროს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა ითვალისწინებს ექსკლუზიურ პირობებს აგრო სესხზე, რომლის საპროცენტო განაკვეთი 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან) განისაზღვრა.

ფინკა ბანკის აგრო სესხის ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ ის ფერმერები, რომლებიც “აგროსფეროს” მაღაზიათა ქსელში შეიძენენ სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას და მასალებს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სასუქებს, სათესლე მასალას და სხვა წარმოდგენილ პროდუქციას.

აგრო სესხის ვადა 6-დან 15 თვემდეა, სესხის თანხა 4 501 ლარიდან 60 000 ლარამდე, 10 000 ლარამდე სესხის მიღება შესაძლებელია მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტის გარეშე, აგრო სესხის დამტკიცების და გაცემის საკომისიო – 0%.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინკა ბანკის საკრედიტო მიმართულების ხელმძღვანელმა ირაკლი აბაშიძემ და “აგროსფეროს” ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორმა მიხეილ გაგუნაშვილმა.

„აგრო სესხზე მომხმარებელს ვთავაზობთ ექსკლუზიურ პირობებს და გვაქვს მართლაც უპრეცედენტოდ დაბალი პროცენტი – წლიური 2%-დან (ეფექტური 2.68%-დან), რაც დიდი შეღავათია ჩვენი ფერმერებისთვის. ეს არის შესაძლებლობა მარტივად შეიძინონ მეურნეობისთვის საჭირო როგორც ინვენტარი, ისე მასალები. მომხმარებლებს სესხის აღება შეუძლიათ სწრაფად და მარტივად, დამატებითი პროცედურების გარეშე“ – აღნიშნავს ირაკლი აბაშიძე.

„აგროსფეროს“ ასორტიმენტის მართვისა და განვითარების დირექტორი მიხეილ გაგუნაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთავაზება სწორედ გაზაფხულზე იწყება, რადგან ეს პერიოდი ფერმერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. „აგროსფეროში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს და ექსკლუზიური პირობებით ფერმერებს საშუალება ექნებათ შეიძინონ მათთვის საჭირო მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები, სათესლე მასალა, აგროტექნიკა, აგროინვენტარი, წვეთოვანი მორწყვის სისტემები, ასევე მეღვინეობის დანადგარები, ფილტრაციის სისტემები, მუხის კასრები, დამხმარე მასალები და ა.შ.“

ფინკა ბანკი უკვე 20 წელზე მეტია მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს და ფერმერებს საქართველოს ყველა რეგიონში.

„აგროსფერო“ მომხმარებელს სთავაზობს წამოდგენილ პროდუქციასთან დაკავშირებულ დაგეგმვისა და მოხმარების საკითხებში პროფესიონალურ კონსულტაციას.

130 წლის მასკარონებიანი სახლი „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხვდა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის #21-ში მდებარე ორსართულიანი სახლი მერიის „სიცოცხლისათვის საშიში სახლების“ ნუსხაში მოხდა. იმ დოკუმენტების მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, სახლი ვერ გადარჩება. აქ მაცხოვრებლების ინფორმაციით, რაზეც გადმოცემით იციან, სახლი 130 წლის წინ უნდა იყოს აშენებული. მის ფასადზე შემორჩენილია ქვის მასკარონები და  ხის ფანჯრებიანი აივანი, ძველი მოაჯირით. სახლის ინტერიერს ჯერ კიდევ ამშვენებს ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი ჩუქურთმებიანი ჭერი, როგორც ფოიეში, ასევე საცხოვრებელ ოთახებში.

 

ფოტო: ცაგო კახაბერიძე

სიცოცხლისთვის საშიში ავარიული სახლების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება  ბათუმის მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთა. დასკვნის მიხედვით, შენობა ამორტიზებულია:

„მის მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს განცდილი აქვს მაღალი ფიზიკური და ასაკობრივი ცვეთა, მისი აღდგენა-გამაგრება შესაძლებელია, თუმცა, ჩასატარებელი სამუშაოების დიდი მოცულობისა და ღირებულებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია გაუმართლებლად. გარკვეული საფრთხეების შემცველობის გამო, შენობის შემდგომი ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი. ცალკე საფრთხის შემცველია მიშენებული ნაწილების ექსპლუატაციაც სამშენებლო სეისმურ ნორმებთან შეუსაბამობის გამო.“

ფოტო: მარიამ დუმბაძე [ ბათუმელების სტაჟიორი]
ფოტო: მარიამ დუმბაძე [ „ბათუმელების“ სტაჟიორი]
მერიის ინფორმაციით, ამ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. მერიამ შესაძლოა მათ ფულადი კომპენსაცია,  საბინაო ფონდიდან ბინა ან ამავე ადგილას ახალი სახლის აშენება შესთავაზოს, ინვესტორის ჩართულობით ან მის გარეშე, ეს საკითხი საბოლოოდ დაზუსტებული ჯერ კიდევ არ არის [ეს ის ვერსიებია, რასაც მერია განიხილავს].

ჰაიდარ აბაშიძის #21-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი არ აქვს, თუმცა ის ძეგლის დაცვის ზონაშია. ძეგლის დაცვის ზონაში კი სამშენებლო სამუშაოების წარმოების საკითხს ნებართვის გაცემამდე, კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭო ითანხმებს. კანონის იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც მერია ამ საკითხის წარმოებისას იხელმძღვანელებს, თუ ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, ზონაში განსაკუთრებული რეჟიმი აღარ ვრცელდება.

ამ სახლის გვერდით ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაში ძეგლის ნიშნის მქონე ერთი სახლი უკვე დაანგრიეს. მის ტერიტორიაზე კომპანია „ძმების სახლმა“ ორი სართული ნებართვის გარეშე ააშენა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ძეგლის ნიშნის მქონე სახლი თავად კომპანიამ დაანგრია, თუმცა კომპანიის დირექტორი ამ ინფორმაციას უარყოფს.

მშენებარე პროექტი ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ისე განიხილა და შეითანხმა [დადებითი პასუხი მისცა მერიას ნებართვის გასაცემად], რომ იქ ორი სართული უკვე აშენებული იყო.

სახლში შემორჩენილია ძველი ჩუქურთმები

 

ჰაიდარ აბაშიძის #21 ფოტო: მარიამ დუმბაძე [ბათუმელების სტაჟიორი]

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

 

 

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთი არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს

16 აპრილს, სამშაბათს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა იმ შესაძლო გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა, რითაც უახლოეს ხანებში იქნება შესაძლებელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ პირვანდელი სახით კათედრალი 5 წელიწადში უნდა აღდგეს.  სპეციალისტების თქმით, რთულია ამ ეტაპზე განისაზღვროს, რა დრო დასჭირდება და ზუსტად რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს აღდგენითი სამუშაოები.

გამოცემა  FIGARO-ს ინფორმაციით მინისტრთა საბჭო ელისეს სასახლეში შეიკრიბება და სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებს პერიოდულად რეკონსტრუქციის საკითხებზე. საბჭოს განცხადების მიხედვით შემოწირულობების ხარჯვითი ნაწილი იქნება სრულიად გამჭვირვალე და განისაზღვრება თითოეული ევროს დანიშნულება ნოტრ-დამის აღდგენისას.

რეკონსტრუქციის სპეციალურმა საბჭომ შეიმუშავა შემომწირველთა წამახალისებელი მიდგომა: ფიზიკური პირები და კომპანიები, რომლებიც ტაძრის აღსადგენად შეწირავენ თანხას, სანაცვლოდ ისინი კომუნალურ გადასახადებზე მიიღებენ ფასდაკლებას.

შეიქმნა სპეციალური ვებპორტალიც www.rebatirnotredame.gouv.fr სადაც მსურველებს ოთხ სხვადასხვა ფონდში თანხის ჩარიცხვით შეეძლებათ კათედრალის რეკონსტრუქციაში წვლილის შეტანა.


არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსი დამწვარი კოშკის აღსადგენად

კათედრალის კოშკი, რომლის ჩამონგრევის კადრებიც 15 აპრილს პირდაპირ ეთერში მთელმა მსოფლიომ ნახა, 1859 წელს ააგო არქიტექტორ ეჟენ ვიოლე ლე დუკმა. პრემიერ მინისტრის ედუარდ ფილიპის განცხადების მიხედვით საფრანგეთი არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს. ახალი კოშკი ან ძველის იდენტური ასლი უნდა იყოს ან ჰქონდეს პირვანდელი ფორმები მაგრამ ჰარმონიულად ერწყმოდეს მას თანამედროვე არქიტექტურისთვის დამახასიათებელი დეტალებიც.

დღეს, საფრანგეთის დროით 16:00 საათზე ელისეს სასახლეში კათედრალის აღდგენის საქმეში ჩართული პირები შეიკრიბნენ. მათ კათედრალის აღდგენის საკითხებსა და არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსზე დეტალურად უნდა იმსჯელონ.

ნოტრ-დამის აღდგენის საკითხებით დაინტერესებული სპეციალური საბჭოს შემადგენლობაშია პრეზიდენტი მაკრონი, პრემიერი, მინისტრები, პარიზის მერი, საფრანგეთის ეროვნული საბჭოსა და ეროვნული სენატის პრეზიდენტები, ასევე იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზული და წარმომადგენლები ნოტრ-დამიდან – არქიეპისკოპოსი და სხვები. შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

წყარო: LE FIGARO

 

 

ქუჩაში გრაფიტის დახატვა მოსამართლემ სამართალდარღვევად მიიჩნია

„თვითონ ქმედება ქმნის შემადგენლობას ამ სამართალდარღვევისა, რაზეც ოქმია შედგენილი…“ – აღნიშნა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. დღეს, 17 აპრილს, ამ მოსამართლემ მოქალაქე ლაშა თებიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია კოლონადებთან უნებართვოდ შესრულებული გრაფიტის გამო. ამავე დროს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გრაფიტის დახატვა ქუჩაში „მცირე მნიშვნელობის მქონედ“ შეაფასა და მოქალაქე დაკისრებული ჯარიმის – 500 ლარის გადახდისგან გაათავისუფლა.

გრაფიტი „არა ქიმიურ ტერმინალს“ 5 თებერვალს დახატეს  ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელში. ნახატი გვიან ღამით ბათუმის მერიის თანამშრომლებმა წაშალეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი, პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ლაშა თებიძის წინააღმდეგ შეადგინეს.

„მე ესკიზი მოვამზადე. ხატვაში გამვლელებიც იყვნენ ჩართულები, ჩვენ ამით არავისთვის შეგვიშლია ხელი. ამ ფორმით პროტესტი გამოვხატეთ და არაფერი დაგვიშავებია,“ – გვითხრა ლაშა თებიძემ.

„ამ გადაწყვეტილებით სასამართლო იჭრება გამოხატვის თავისუფლებაში, რომელიც კონსტიტუციის დაცული უფლებაა,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის სასამართლოში ლაშა თებიძის ინტერესებს იცავს და გოჩა ფუტკარაძის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

იურისტი სასამართლოს არაერთგვაროვან პრაქტიკაზეც მიუთითებს – 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდარვევა არ დაადგინა „აუდიტორია 111“-ის საქმეზე. მაშინ ჭავჭავაძის ქუჩაზე სტენსილი გაჩნდა – „მოვითხოვოთ განათლების რეფორმა“. სასამართლომ ეს ფაქტი სამართალდარღვევად არ მიიჩნია, რადგან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის მიხედვით, „თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება გულისხმობს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.“.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძეს არ დაუკონკრეტებია, რატომ მიიჩნია სამართალდარღვევა გრაფიტის ქუჩაში შესრულება. საია-ს იურისტი ფიქრობს, რომ რადგან გრაფიტი არც სავალ ნაწილზე იყო და არც ადმინისტრაციულ შენობაზე, მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში აქცენტს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე გააკეთებს, რომელიც ბათუმის პარკის კოლონადებთან ახლოსაა.

„მუხლის ეს ჩანაწერიც პრობლემაა… მოსამართლემ ჩათვალა, რომ რადგან იქ ქვეითი გადაადგილდება, პროტესტს მსგავსი ფორმით ვერ გამოხატავ, მაგრამ რეალურად ქვეითებს გადასვლის პრობლემა არ შექმნიათ. გამოხატვის თავისუფლება არის უფრო დაცული სიკეთე, ვიდრე ის, რომ ერთი საათით იყო მოხატული კონკრეტული ადგილი,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თქვა ისიც, თუ რაზე ფიქრობდა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე:

„მე მიფიქრია ამ საკითხზე, რომ თითოეული ტერორისტული აქტი, გონივრულია, თუ არაგონივრული, რაღაც პროტესტის გამოხატულებაა, რომელმაც საბოლოო ჯამში კინაღამ მთლიანად სამყარო შეიწირა. ჩვენ გავითვალისწინეთ ორი კონკრეტული საკითხი: მიზანი, რა მიზანიც ჰქონდა ამ პროტესტს და მეორე – გამოხატვის ფორმა. გარკვეულწილად იერ-სახე დამახინჯდა, მაგრამ ამას არ მოჰყოლია ისეთი კვალის დატოვება, რამაც შემდეგში რამეზე ზეგავლენა იქონია… ვიყენებთ შენიშვნას, ეს არ იქნება წამახალისებელი,“ – თქვა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ.

 

 

 

ქობულეთის სოფელ ხალაში ოქროს მოპოვებაზე ლიცენზია 788 305 ლარად გაიყიდა  

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალასთავის ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების [ოქრო-სპილენძი] შესწავლა-მოპოვების მიზნით, 25-წლიანი ლიცენზია გაიცემა. ლიცენზია წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 788 305 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი 11 150 ლარი იყო. სალიცენზიო ფართობი 2 225 100 კვ.მ-ია.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონში ფიზიკურმა პირმა, ბათუმელმა ამირან ჭაღალიძემ გაიმარჯვა. გამარჯვებულმა, აუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული საბოლოო თანხა, 2019 წლის პირველ მაისამდე უნდა გადაიხადოს. ლიცენზია კი, თანხის გადახდის დადასტურებიდან 30 დღის ვადაში გაიცემა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამირან ჭაღალიძემ აუქციონის დასრულებამდე სამი დღით ადრე, 2019 წლის 12 აპრილს, ბათუმში შპს „ქეპითალ გრუპ“ დაარეგისტრირა. ამირან ჭაღალიძე, დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია. კომპანიის საქმიანობის საგანი სამშენებლო საქმიანობაა. ამასთან, კომპანიას უფლება აქვს მოგების მიღების მიზნით განახორციელოს კანონით დაშვებული ნებისმიერი საქმიანობა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ლიცენზიანტი ვალდებულია, შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დახარჯოს არანაკლებ 2,5 მილიონი ლარი; შესწავლის პერიოდში დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქე; ხოლო შესწავლის სამუშაოების დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან ერთად, უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.

ლიცენზიის მფლობელმა მოქალაქეებს არ უნდა შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება.

„დეტალური საძიებო სამუშაოები [თანამედროვე მეთოდიკის და სტანდარტების შესაბამისად], საჭიროებისამებრ შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს, გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოებით [რუკების შედგენა-დაზუსტება], გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევებით, სამთო გამონამუშევრების გაყვანით, ქანების ნივთიერი და მინერალოგიური შესწავლით და ამ შესწავლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობით, ამასთანავე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სამთო სამუშაოების დაწყებამდე შეადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სამუშაოების განხორციელებისას მუდმივად უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი“, – აღნიშნულია აუქციონის პირობებში.

რესურსის მოპოვება ლიცენზიანტმა უნდა განახორციელოს მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრებით; ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია ობიექტის შესწავლის პერიოდში ეროზირებული უბნების სიახლოვეს არ განახორციელოს ისეთი სახის სამთო სამუშაოების ჩატარება, რომელიც გამოიწვევს ეროზიული პროცესების პროვოცირებას; წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში კი, შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

სალიცენზიო ტერიტორია, სადაც კეთილშობილი და იშვიათი ლითონების [ოქრო-სპილენძი] შესწავლა-მოპოვების სამუშაოები უნდა ჩატარდეს, მდებარეობს სოფელ ხალასა და სოფელ ზედა დაგვას შორის:

გეოლოგ ტარიელ ტუსკიას ინფორმაციით, სპილენძისა და ოქროს შესაძლო არსებობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფიქსირდა აჭარაში, ძირითადად, სამ ადგილზე. კერძოდ, ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ჭარნალსა [ხელვაჩაური] და ქედაში.

გეოლოგის თქმით, საუბარი ძვირფასი ლითონების მარაგების ოდენობაზე ძნელია, რადგან ტერიტორიები დეტალურად არ არის შესწავლილი.

„ხალაში ადრე ზოგადი კვლევები ჩატარდა, აღებული იქნა სინჯები და იყო ოქროს მონაცემები ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა შესწავლა და მარაგების დათვლა არ მომხდარა. ასეთივე მდგომარეობაა ჭარნალთან მიმართებაშიც. ქედის მერისის კვანძი კი არის კომპლექსური – ოქროც არის, ვერცხლიც, სპილენძიც და სხვა ბევრი მეტალი. მერისის საბადოზე მარაგებიც დათვლილია დეტალურად“, – ამბობს ტარიელ ტუსკია.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/business/37025/

 

სიცოცხლისათვის საშიშ სახლებში 753 ოჯახი ცხოვრობს – რას გეგმავს ბათუმის მერია

ბათუმში სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთა. მერიის თანამშრომლების მიერ ზედაპირული დათვალიერების შემდეგ ექპერტიზის ბიუროს 34 სახლის მონაცემები მიაწოდეს. ამ სახლებიდან სპეციალისტებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს 19 სახლის აღდგენა-გამაგრება: „ავარიულია და სახლის ან მისი ცალკეული ზონების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია.“

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, დამატებით ორი შენობის არსებული სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია [ტბეთის ქ. #4, ოჯახების რაოდენობა – 10 და ი. ნონეშვილის ქ. #3, ოჯახების რაოდენობა -3].

განმარტების მიხედვით, რომლებიც ბათუმის მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, ამ საკითხს მერიის სპეციალისტები აფასებენ, როგორც „ურთულეს გამოწვევას, რაც დაკავშირებულია ავარიული და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობების ლიკვიდაციასთან.“

მერიაში მიიჩნევენ, რომ პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ის ვერ მოგვარდება მხოლოდ  ბათუმის მუნიციპალიტეტის ფინანსური და ქონებრივი რესურსებით. ერთ-ერთ საშუალებად მათ პროცესში დეველოპერების ჩართვა მიაჩნიათ: „მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შეთავაზების მიზნით და ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად“.

მერიის განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. მათ შორისაა მუნიციპალური პროგრამის შემუშავება, რაც მერიის საკუთრებაში არსებული საბინაო ფონდის გამოყენებასაც გულისხმობს. მერიის გათვლებით, ამ პროგრამის ფარგლებში ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობა-ნაგებობების დემონტაჟი.

ტბეთის ქუჩა #7 ფოტო: ნანა ცეცხლაძე [ბათუმელების სტაჟიორი]

მერია ერთ-ერთ ვერსიად ასევე განიხილავს სახლების მესაკუთრეებისთვის ერთჯერადად 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის კომპენსაციის გაცემას. ამის სანაცვლოდ მესაკუთრემ მერიას უნდა დაუთმოს საკუთარი ავარიული საცხოვრებელი. საკრებულოსთვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში არაფერი წერია იმის შესახებ, როგორ გამოთვალა მერიამ ეს თანხა მაშინ, როცა ამ სახლებში მცხოვრები ოჯახები ქალაქის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა ფართობს ფლობენ, რამდენიმე სახლი ქალაქის ცენტრთან ახლოსაა, რამდენიმე კი მოშორებით. საკრებულოს წევრებს სხდომაზე საკითხის განხილვისას ამ საკითხზე კითხვები არ დაუსვამთ.

განკარგულების ბარათის მიხედვით, მერიამ კომპენსაციის გასაცემად, ასევე ახალი მშენებლობების დასაწყებად, თანხის მობილიზება უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 2020 წლისა და გაგრძელდეს საფრთხის შემცველი ყველა შენობა-ნაგებობების სრულ ლიკვიდაციამდე.

მერია ამ საკითხის მოგვარებაში დეველოპერების ჩართვას აპირებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ავარიული სახლებიდან რამდენიმეს შესყიდვით და მათ ნაცვლად ახალი მშენებლობის წამოწყებით კერძო კომპანიები ამ დრომდეც დაინტერესებულები იყვნენ – განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში და ცენტრის მიმდებარედ. ერთ-ერთი ასეთია, მაგალითად, ყაზბეგის #16.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, „მერია უზრუნველყოფს დეველოპერული კომპანიების ინფორმირებას ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ავარიული სახლების შესახებ. მშენებელ კომპანიებს მიაწვდიან ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს იმ მიზნით, რომ კომპანიებმა, დაინტერესების შემთხვევაში, უზრუნველყონ სალიკვიდაციო შენობების ადგილებზე ახალი მშენებლობები. ბათუმის მუნიციპალიტეტი კი შესაძლებლობის ფარგლებში „პოტენციური ინვესტორების წინაშე არსებული ტექნიკური სახის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მიიღებს მონაწილეობას“. ამ ჩანაწერით მერია, სავარაუდოდ, მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს გულისხმობს.

მერიაში ასევე მიიჩნევენ, რომ საჭიროა სათანადო საინფორმაციო სამუშაოს ჩატარება, საკრებულოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა სხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. პროცესის დასაწყებად მერიას ბათუმის საკრებულოსგან თანხმობა უკვე აქვს.

როგორც „ბათუმელებმა“ ადგილზე გადაამოწმა, ავარიულ სახლებში მცხოვრებთა უმეტესობამ არაფერი იცის მათი საკუთრებასთან დაკავშირებით მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მათ შორის ბევრი ინვესტორს ელოდება, ბევრიც არსებული ვითარების გამოსწორებას შეუძლებლად მიიჩნევს: „ჩვენ არ გვაქვს საშუალება და ინვესტორს ველოდებით“.

მერიაში განმარტავენ, რომ მესაკუთრეებს ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწვდიან. შეტყობინების ფორმასთან დაკავშირებით კი,  როგორც უკვე დამტკიცებული განკარგულების განმარტებით ბარათშია მითითებული, მერია უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 52-ე მუხლის შესაბამისად იმოქმედებს.

[toggle title=”52-ე მუხლი”]მითითებული მუხლის მიხედვით, დაუშვებელია იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას:

მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში კი, [როგორც კანონი განსაზღვრავს] სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით;

ბ) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით;

დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.[/toggle]

ამ მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი საკუთრება საფრთხეს უქმნის მესამე პირების სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, იგი ვალდებულია მიმართოს შესაბამის ორგანოებს და აცნობოს ასეთი საფრთხის შესახებ. მესაკუთრე ვალდებულია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს უსაფრთხოების ზომები საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

ეს ჩანაწერი მერიას განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს იგივე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში არსებულ სახლებთან მიმართებაში მიმართებაში.

საერთო ჯამში, უკვე გამოვლენილ სიცოცხლისათვის საშიშ სახლებში 740 ოჯახი ცხოვრობს. მერია აგრძელებს  ბათუმის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი, შესაძლო ავარიული, ამორტიზებული და საფრთხის შემცველი სხვა შენობა-ნაგებობების გამოვლენის სამუშაოებს.

იმ შემთხვევაში, თუ საინჟინრო კვლევის შედეგად დადგინდება, რომ შენობა-ნაგებობის არსებული სახით ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია ადამიანთა სიცოცხლისათვის, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მისი აღდგენა არ არის მიზანშეწონილი და ექვემდებარება სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებას, მერია აპირებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-ს 52-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეების მობინადრეების ინფორმირებას მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე.

მერია ბათუმში ავარიული სახლების დანგრევას და მობინადრეებისთვის ბინების გადაცემას გეგმავს

 

 

Exit mobile version