ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში 1 427 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება. ამ მუხლით გამოძიება მაშინ იწყება, როცა სახეზეა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ან სიკვდილი გამოიწვია. კანონით გათვალისწინებული სასჯელი მძიმდება, თუ კი მძღოლი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.
სამი თვის განმავლობაში ავტოავარიის შედეგად საქართველოში დაშავდა 1 929 და დაიღუპა 108 ადამიანი. აქედან, 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს აჭარაში.
ბოლო სამი თვის განმავლობაში 108 დაღუპულიდან 7 ადამიანი ქვეითი იყო. 4 მათგანი 61 წელს იყო გადაცილებული.
შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში ავარიის გამომწვევი ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი იყო:
შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – 101 [დაიღუპა 12 ადამიანი]
სიჩქარის გადაჭარბება – 76 [დაიღუპა 14 ადამიანი]
საჭის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში – 43 [დაიღუპა 1 ადამიანი]
დისტანციის დაუცველობა – 43 [დაიღუპა 2 ადამიანი]
გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა – 39 [დაიღუპა 2 ადამიანი]
საგზაო ნიშნის ან მონიშვნის დაუმორჩილებლობა – 35 [დაიღუპა 2 ადამიანი]
სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა – 797 [დაიღუპა 38 ადამიანი]
მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ – 1 და ა.შ.
ბოლო სამ თვეში ავარიაში მოხვდა 52 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება; 850 მსუბუქი ავტომანქანა [დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა – 51, სწორედ მსუბუქ ავტომანქანებზე მოდის]; 58 სატვირთო; 58 მოტოციკლი და სხვა სატრანსპორტო საშუალებები.
შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 224 ადამიანი დაიღუპა და 3 708 დაშავდა.
შაბათს, 27 ივლისს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზედა პარკში „ყვავილების ფესტივალი“ გაიმართება.
ფესტივალი 13:00 საათზე დაიწყება.
ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობენ რეგიონის ცნობილი სანერგე მეურნეობები, ფიზიკური პირები, ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური, „ევრო ეზო“, ყვავილების სალონი „მარიანა“ და „ჯეაპეიზაჟგორგია“.
ფესტივალზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება შეიძინოს როგორც მოყვავილე, ისე დეკორატიული მცენარეები.
ბოტანიკური ბაღის ცნობით, ფესტივალზე მოსახვედრად უახლესი შესასვლელებია „მწვანე კონცხი“ და უღელტეხილი.
გიორგი ხორგუაშვილი მამისეულ სახლში ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფოს მისი გამოსახლება ნებისმიერ დროს შეუძლია. კასპში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც ახლა გიორგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სახელმწიფოს საკუთრება მას შემდეგ გახდა, რაც გიორგის დედინაცვალი გარდაიცვალა – კანონი მემკვიდრეობის გერისთვის დატოვებას არ ითვალისწინებს. გიორგი ხორგუაშვილმა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
თავად გიორგი ხორგუაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო. სარჩელი, რომლითაც გიორგიმ სასამართლოს მიმართა, წერია, რომ გიორგის მამა – იაკობ ხორგუაშვილი ნინა კოშაძეზე 1986 წელს დაქორწინდა. ნინა გიორგის დედინაცვალი იყო და სახლი კანონისმიერი მემკვიდრეობის პრინციპით ამ ქალის საკუთრება 1990 წელს გახდა, როცა გიორგის მამა გარდაიცვალა. დედინაცვალს ანდერძი არ დაუტოვებია. მას არც შვილები ჰყოლია, არც მშობლები, დები ან ძმები, რომლებიც მემკვიდერობას მიიღებდნენ. შესაბამისად, სახლი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული სამოქალაქო კოდექსის ნორმები განსაზღვრავს კანონით მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს. ეს ჩამონათვალი არ მოიაზრებს გარდაცვლილი მამკვიდრებლის გერს.
„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ როცა არსებობს ოჯახური ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა, როცა გერი იღებს დედინაცვლის ან მამინაცვლის მიმართ მატერიალური დახმარების ან მორალური მხარდაჭერის ვალდებულებას, ამ შემთხვევაში კანონმდებელი უნდა ითვალისწინებდეს გერის მემკვიდრედ ცნობას. ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რომ გერი უთანაბრდებოდეს შვილს,“ – ამბობს გიორგი გოცირიძე, საია-ს იურისტი. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ხორგუაშვილის ინტერესებს იცავს.
„საქართველოში არსებული პრაქტიკა არ არის ამ ქვეყნის სიახლე. მსგავსი მიდგომა აქვს ევროკავშირის ქვეყნების 99 %-ს,“ – განმარტავს ქრისტინე კუპრავა, პარლამენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში. კუპრავა ყურადღებას ამახვილებს დასავლურ მიდგომაზე, რომელიც კანონისმიერი ანდერძის დროს სისხლით ნათესავებისთვის ითვალისწინებს მემკვიდრეობის დატოვებას.
„ჩვენი სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ორ მიდგომას: ანდერძი და კანონით მემკვიდრეობა. თუკი ანდერძი არ დაუტოვებია მამკვიდრებელს. აქ ერევა უკვე კანონმდებელი, რომელმაც უნდა გაანაწილოს ქონება. კანონმდებლის მიდგომა არის მეტად ფრთხილი და ის არჩევანს აკეთებს მხოლოდ სამართლებრივად დადასტურებულ აქტებზე, მაგალითად, ქორწინებასა და შვილად აყვანაზე. მხოლოდ ეს ორი შემთხვევაა გათვალისწინებული, როცა პირი მამკვიდრებლის სისხლისმიერი ნათესავიც არ არის და იღებს ქონებას. თუ გერს მივიჩნევდით მორალური და ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე ოჯახის წევრად, შესაძლებელია, მსგავსი პრეტენზია გაუჩნდეს სხვა ადამიანსაც, რომელიც ფაქტობრივად მასთან ცხოვრობდა,“ – გვითხრა ქრისტინე კუპრავამ.
პარლამენტის წარმომადგენელს ეთანხმება, თუმცა დასავლურ პრაქტიკაში განსხვავებულ მიდგომაზე საუბრობს საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე. იგი ამბობს, რომ გერმა შესაძლოა მიიღოს მემკვიდრეობა, მაგალითად, პოლონეთში, თუმცა იგი მხოლოდ ბოლო რიგის მემკვიდრედ მიიჩნევა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მიდგომაა. მაგალითად, კალიფორნიაში გერი არის შვილთან გათანაბრებული, თუკი დასტურდება, რომ მამკვიდრებელს ჰქონდა მისი შვილად აყვანის განზრახვა,“ – დასძენს გიორგი გოცირიძე.
გიორგი ხორგუაშვილი სასამართლოში თანასწორობისა და მემკვიდრეობის უფლების დარღვევას ასაჩივრებს. საია-ს იურისტი აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს დისკრიმინაციასთანაც.
„მაგალითად, კანონმდებლობით დედინაცვალს ან მამინაცვალს ეკისრება ალიმენტის გადახდა გერის მიმართ ისევე, როგორც გერს აქვს შრომისუუნარო დედინაცვლის ან მამინაცვლის რჩენის ვალდებულება… კანონი ითვალისწინებს შემთხვევასაც, როცა ადამიანი მოთავსებულია მოხუცთა ორგანიზაციაში, უვლიან მოხუცს და შემდეგ მისი ქონება გადადის ამ ორგანიზაციის საკუთრებაში. გერის შემთხვევაში კი, შეღავათი არ ვრცელდება. ეს არის დისკრიმინაციული,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე.
სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. დღეს, 25 ივლისს, ამ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
დღეს, 25 ივლისს, ხულოში ავარიის შედეგად დაიღუპა ბაბუა და შვილიშვილი, მეშვიდეკლასელი გოგო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ისინი მთაში, იალაღებზე მიდიოდნენ „უაზის“ ტიპის მანქანით.
მანქანა გზიდან ხევში გადავარდა, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გამოიყვანა შემთხვევის ადგილიდან.
დაღუპულები ღორჯომის თემიდან არიან. ბაბუა და შვილიშვილი მთაში, იალაღებზე მიდიოდნენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარია დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბათუმის როგორც ცენტრალურ ქუჩებზე, ასევე პერიფერიულ უბნებშიც, ზებრა გადასასვლელები გარკვეულ ადგილებში მთლიანად წაშლილია, ზოგან კი – ნაწილობრივ.
ზებრა გადასასვლელზე წაშლილია თეთრი საღებავი ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაშიც. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელებიქალაქის დიდ ნაწილში წაშლილია ავტობუსის გაჩერებების ნიშნულებიც. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ასეთივე მდგომარეობაა ასათიანის პარალელურ – პუშკინისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებზე. ზებრა გადასასვლელებზე ნიშნულების გაკეთება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვალდებულებაა. როგორც კომპანიაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, ნიშნულების მოხაზვა დაწყებულია, თუმცა როდის დასრულდება, კომპანიაში ვადებს ვერ აკონკრეტებენ.
ასათიანის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელზე თეთრი ხაზები მთლიანად წაშლილია.
„საღებავები შეძენილია და გეგმის მიხედვით მოხდება ნიშნულების გაკეთება,“ – გვითხრეს კომპანიის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, უკვე დაწყებულია გაჩერებებისა და ზებრა გადასასვლელების მონიშვნა გორგილაძის ქუჩაზე, თუმცა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გაჩერებებსა და გადასასვლელებზე ისევ ძველი საღებავია შემორჩენილი.
ზებრა გადასასვლელი წაშლილია თავდადებულის ქუჩაზეც.
„დაიხაზა ხიმშიაშვილის ქუჩა და აეროპორტისკენ ანწუხელიძის ქუჩა, წვიმამ შეგვიშალა ხელი და როცა გამოიდარებს, ისევ განვაახლებთ სამუშაოებს. საღებავი მიღებულია, ჯგუფი არის, ტექნიკა არის და მთელი ქალაქი მოიხაზება, თუმცა დღეში 10-15 ხაზზე მეტს ვერ ვასწრებთ,“-გვითხრა ბესო დათიაშვილმა, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
ღორჯომის თემში ხულოს მერის წარმომადგენლის, თემურ ირემაძის ინფორმაციით, მთა სამარილესთან უაზის ტიპის ავტომანქანა ხევში გადავარდა.
„ბათუმელებს“ ხულოს სასწრაფო დახმარების სამსახურში უთხრეს, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი – ბაბუა და შვილიშვილი, კიდევ ერთი დაშავებული კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურს მთიდან მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაჰყავს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპულები ღორჯომის თემის მკვიდრნი იყვნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოიძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBC PLC) ადასტურებს, რომ 24 ივლისს საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები. ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად კი, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.
ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი თავის მხრივ, მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი უნიკალური როლისთვის, დაეარსებინათ თიბისი ბანკი რთულ 90-იან წლებში. ასევე, თავიანთი უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილისათვის ბანკის წარმატებით განვითარებაში და მის გადაქცევაში ერთ-ერთ უდიდეს და რესპექტაბელურ კომპანიად სამხრეთ კავკასიაში.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეცდეებიან კვლავ შეუერთდნენ თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს, მას შემდეგ, რაც ბრალდებები მათ წინააღმდეგ გაქარწყლდება. სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, დავა ფულის გათეთრების შესახებ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალუყურე საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.
27 ივლისს აჭარის მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა – „ბათუმი ევროპული ქალაქი“. ფოტოებზე ასახულია 1880-1921 წლების ბათუმი.
კერძოდ, გამოიფინება ფოტოებზე ასახული ბათუმში არსებული ევროპული ქვეყნების საკონსულოების შენობები და ამ პერიოდში მოღვაწე ბათუმთან დაკავშირებული ცნობილი ევროპელების ფოტომასალები.
მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენის დროს დაგეგმილია ჯინჭარაძის ქუჩის გადაკეტვა, სადაც გამოიფინება იმ პერიოდის ფოტოები და მუზეუმში დაცული სხვადასხვა ექსპონატი. გამოფენა 14:00 საათზე გაიმართება.
„გვექნება უფასო ბათუმური ყავა და ღვინო, ღონისძიებას გააფორმებს სიმებიანი კვარტეტი“, – გვითხრეს მუზეუმის პრესსამსახურში.
„მედალფამ“ 2019 წლის 20 ივლისს, ბათუმში გახსნა ახალი, თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური კლინიკა – „მედალფა ბონის კლინიკა“.
„მედალფა“ მზარდი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე. დღეისათვის იგი 7 კლინიკას აერთიანებს საქართველოს მასშტაბით: თბილისში, ბათუმში, მახინჯაურში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და კასპში.
ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფა“ 2016 წელს ბათუმში შეიძინა ყოფილი მეორე კლინიკური საავადმყოფოს შენობა და მოახდინა მისი სრული რეაბილიტაცია-მოდერნიზება. დღეისათვის „მედალფა ბონის კლინიკა“ 55 საწოლზეა გათვლილი, რომელიც ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. კლინიკა მომსახურებას უწევს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პაციენტებს. კლინიკაში ფუნქციონირებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების განყოფილება.
ჰოსპიტალური ქსელი „მედალფა“ პირველია საქართველოში, რომელიც სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი იაპონური ფირმის „Hitachi” ოფიციალური პარტნიორია (შპს „ინტერმედსერვისის“ მეშვეობით).
„მედალფა ბონის კლინიკა“ მუდმივად შესთავაზებს მოსახლეობას საინტერესო სამედიცინო სიახლეებს და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის პროგრამას. პირველი ასეთი პროგრამა უკავშირდება კლინიკის ოფიციალური გახსნას და მოიცავს ექიმ-სპეციალისტთა უფასო კონსულტაციას და განსაკუთრებულ ფასდაკლებას როგორც კლინიკურ-ლაბორატორიულ, ისე მაღალტექნოლოგიურ სადიაგნოსტიკო კვლევებზე.
2019 წლის 16 ივლისის ჩათვლით მშენებლობებზე 12 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. საჯარო ინფორმაცია სამშენებლო ობიექტებზე მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. მშენებლობაზე დაღუპვის ბოლო შემთხვევა თბილისში 16 ივლისს მოხდა – დაიღუპა 16 წლის ბიჭი.
მშენებლობებზე დაღუპვის ყველა შემთხვევა თბილისში მოხდა, დაშავების 4 ფაქტი კახეთში დაფიქსირდა, 1 – ქუთაისში.
სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლამდე სამინისტრო ძირითადად პროფესიული კავშირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. წელს კი კანონმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ დამსაქმებელი დაავალდებულა, უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციას. სამინისტროს ინფორმაციით, „წლის ბოლოს წარმოადგენს შრომის ინსპექცია სრულყოფილ სტატისტიკურ მონაცემებს“.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს მშენებლობებზე 16 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, 2017 წელს კი, 17 მუშა დაიღუპა, დაშავდა – 22.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 ივლისის 21 საათიდან 26 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან იწვიმებს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7– 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 15-20 დმ –4 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 27-28 ივლისს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
101 წიწვოვანი და 13 კაკლის ხის უკანონოდ მოჭრის ფაქტი ხელვაჩაურსა და შუახევში გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეებმა ხეების ჭრა და შემდეგ მათი ტრანსპორტირებაც შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოახდინეს.
შუახევის მუნიციპალიტეტში გარემოსდამცველებმა აღმოაჩინეს 2 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროც.
დაწყებულია გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მკვლელობაში ბრალდებულ ჯუმბერ აბაშიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. მკვლელობა 2018 წლის 28 ნოემბერს მოხდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, თუმცა მალევე პროკურატურამ ამ საქმეში პოლიტიკური მოტივი გამორიცხა და მკვლელობის მიზეზად პირადი შურისძიება დაასახელა.
საქმის მასალების მიხედვით, მოკლული მამია ცეცხლაძე იმ დღეს არჩევანის გასაკეთებლად ჩაისუბნის ცენტრში მივიდა, შემდეგ კი საკუთარი ავტომანქანით სახლში მარტო ბრუნდებოდა. გზაში შემხვედრი, მოძრავი ავტომანქანიდან მას მოულოდნელად ესროლეს. მსჯავრდებულმა ჯუმბერ აბაშიძემ თანასოფლელს ავტომანქანით მოძრაობის დროს სანადირო თოფიდან ესროლა.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულის ახლობლებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს ტრაგედია წინა გამოუძიებელი საქმის შედეგია – „2005 წელს, ცხონებულმა სიმთვრალეში შეკამათების დროს, ფეხში დაჭრა ჯუმბერი და ფეხი მოსაჭრელი დარჩა“, – გვითხრეს ოჯახის ახლობლებმა. მსჯავრდებული პროთეზს ატარებს.
2005 წლის შემთხვევის შემდეგ მსჯავრდებული ცოლთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდა და საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. მსჯავრდებული 37 წლისაა.
„თქვენ ამბობთ, რომ ამ ადამიანებმა გაფლანგეს ფული, თუმცა ერთი მტკიცებულებაც არაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებს ანგარებას, რომ ბრალდებულებმა რაიმე სახის ფინანსური სარგებელი მიიღეს… სამაგიეროდ, თქვენ არ დააკავეთ გლადჩენკო, რომელიც დაკითხეთ და აღიარა თანხის მითვისება,“ – აღნიშნა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა, რამინ პაპიძემ. დღეს, 24 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლო სხდომის შემდეგ რამინ პაპიძემ განმარტა, რომ ამ საქმეში მოწმის სახით დაკითხული იგორ გლადჩენკო იმ უკრაინული კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც „იაფის სახლის პროექტის“ განმახორციელებელი – „კონვენტ ჯორჯიას“ ქვეკონტრაქტორი იყო. გამოძიება დაკავებული 7 მაღალჩინოსნიდან სამს – გია ერმაკოვს, ბაგრატ ხალვაშს და არჩილ ვანაძეს სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება. ადვოკატი კი ირწმუნება, რომ პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და ამ დრომდე არ დაუკავებიათ ის პირები, ვინც ეს ფული – 1 მილიონ 300 ათასი ლარი მიითვისა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ „პროკურატურაა გარეული კორუფციულ გარიგებაში“.
ადვოკატის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს პროკურორი რამაზ შავაძე. მისი თქმით, სახელმწიფო ფულის მითვისების საქმე ცალკეა გამოყოფილი და „მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“.
რატომ ვერ დააკავა პროკურატურამ ის პირები, რომლებმაც ბიუჯეტის ფული მიითვისეს? – ვკითხეთ პროკურორს.
„სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იქნებიან მოწმეები, მათ შორის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნება გლადჩენკო, ჩვენ ღიად და გამჭვირვალედ მოვისმენთ მის ჩვენებას… რაც შეეხება მის დაკავებას, მოგეხსენებათ, რომ პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას სჭირდება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. თუკი იქნება მტკიცებულება დასაბუთებული ვარაუდი, სისხლის სამართლის დევნა განხორციელდება ნებისმიერი ბრალეული ქმედების ჩამდენი პირის მიმართ,“ – გვითხრა პროკურორმა რამაზ შავაძემ.
ადვოკატი რამინ პაპიძე კი ამბობს, რომ სადავო მილიონ 370 ათასი სწორედ უკრაინულ კომპანიას ჩაერიცხა და გლადჩენკოს ჩვენებაში ჩანს ამავე პირის ბრალეულობა. ადვოკატი ეჭვობს, რომ გლადჩენკოს ჩვენებას ვერ მოისმენს სასამართლო. „ის უკვე საზღვარგარეთაა. გამოკითხეს და გაუშვეს,“ – დასძინა ადვოკატმა.
ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს „იაფი სახლის“ საქმის გამო დააკავა. დაკავებულებს, მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს, 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან.
ბათუმის მერიის მაღაჩინოსნები პროკურატურამ 30 მაისს დააკავა.
გაჩეჩვა, მოთექვა, ღებვა, მერე კომპოზიციის აწყობა და ხატვა – ასე ამბობს თავის სათქმელს მ.გ. თექაზე მუშაობით. ფერების შეხამება და მატყლის დამუშავება მისთვის სიამოვნება და სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პატიმრობის წლებში – 49 წლის ქალმა საპატიმროში 2 წელიწადი და 2 თვე გაატარა. თექაზე მუშაობაც იქ ისწავლა და მას შემდეგ არ გაჩერებულა.
„რუსთავის ციხეში ვისწავლე ყველაფერი, იქ ერთი ქალბატონი იყო, რომელმაც სტრესის დასაძლევად მასწავლა თექაზე მუშაობა. მატყლს ოჯახში ყოველთვის ვამუშავებდით, მაგრამ შეღებვა, მოთექვა და მერე ხატვა სულ სხვა რამეა, რაც მამშვიდებს და მაბედნიერებს, ამ საქმემ წამომაყენა ფეხზე,“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.
თექა/ყოფილი პატიმრის ნამუშევარი
თუმცა მხოლოდ სასიამოვნო ჰობი რვასულიანი ოჯახის სარჩენად საკმარისი არ არის, მ.გ-ს მეუღლე ახლა თურქეთში ჩაის საკრეფადაა წასული, მერე თხილის კრეფაზე იმუშავებს, თექის ნამუშევრები კი თვეში ერთხელ თუ გაიყიდება – ამ შემოსავალს ვერ დაეყრდნობი.
ნამუშევრებს მ.გ. საბოლოოდ ჩარჩოში სვამს, მით უფრო, თუ გასაყიდად ამზადებს. აქამდე ჩარჩოების შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ახლა კი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრისა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დახმარებით ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში“ ჩაერთო და ჩარჩოების დასამზადებელი დაზგაც შეიძინა.
თექა/ყოფილი პატიმრის ნამუშევარი
„2015 წელს დამიჭირეს, 2017-ში გავთავისუფლდი. 53 წლის ვარ, მაშინ 49-ის ვიყავი. როცა ყოფილი პატიმრები ერთად ვიკრიბებით, ციხეს არ ვახსენებთ, იმდენად შემზარავი იყო თავისუფლების შეზღუდვა, რომ პატიმრობის წლების ხსენება თუ მაინც გვიწევს, „აკადემიის წლებს“ ვახსენებთ.
პატიმრობა იყო გამოცდა, რომელიც ჩავაბარე და გარეთ ნათელი გონებით გამოვედი. ახალი ფურცლიდან დავიწყე ცხოვრება. დღემდე უამრავ ადამიანს ვეხმარები ჩემი შემართებით. როცა ადამიანი ეცემა, ყოველთვის მომხრე ვარ, ფეხზე წამოდგომისკენ ვუბიძგო, ძალა მივცე და ,,უი, რა ცოდო ხარ“ დამოკიდებულება არ მქონდეს.
თექა/ყოფილი პატიმრის ნამუშევარი
მ.გ. ამბობს, რომ დაზგისთვის ხერხი, შალაშინი და სხვა დამატებითი ხელსაწყოებიცაა საჭირო, რომ სრულფასოვნად დაამზადოს თექის ნამუშევრებისთვის ჩარჩოები. ოჯახს რომ დაეხმაროს, სხვა საქმეებსაც ითავსებს, ზამთარში მოხუცსაც უვლიდა დროებით, თუმცა ყოფილ პატიმარს სტაბილური სამსახური არ აქვს და მისი მრავალსულიანი ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიონერის 200 ლარია.
თექა/ყოფილი პატიმრის ნამუშევარი
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მერიის 7 ყოფილი მაღალჩინოსანი, ვისაც გამოძიება ედავება თანხის მითვისების ან გაფლანგვის მუხლის დარღვევას, რამდენიმე მათგანს კი მხოლოდ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულების გირაოს საფუძველზე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში 100 ათასი ლარი იყო. პროკურორების პოზიციით კი, ახალი გარემოება არ გვაქვს და მოწმეთა ზემოქმედების საფრთხე ისევ არსებობს.
“მე ვერ დავაჯგუფე ვერც ერთი ბრალდებული… ეს უნდა გაირკვეს არსებითი განხილვის დროს, ვინაა დამნაშავე და ვინ – არა,” – აღნიშნა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.
მოსამართლემ ადვოკატებს ასევე უთხრა, რომ ის განიხილავს, მაგალითად, ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლების საქმეს, სადაც ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში არ არიან.
“ამიტომაც ყველა საქმე ინდივიდუალურია… მე ვფიქრობ, რომ ობიექტური ვარ,” – დასძინა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ სასამართლო სხდომის ბოლოს.
ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს „იაფი სახლის“ საქმის გამო დააკავა. დაკავებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს, 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონი, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს. როგორც ელგუჯა ბაგრატიონი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით და ასევე ადმინისტრაციული კოდექსით დაიწყო გამოძიება.
როგორც ელგუჯა ბაგრატიონი გვეუბნება, პირველი მუხლი სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი, მას ხმაურის გამო ედავებიან.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში ელგუჯა ბაგრატიონს მოუწევს „ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.
„გააღვიძე ოლიგარქი“- ამ სლოგანით რამდენიმე კვირაა ენმ და სხვა აქტივისტები საპროტესტო აქციებს მართავენ შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც ასევე გაშლილია კარავი მოშიმშილეებისთვის.
„მედავებიან სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას. აქციები როცა დაიწყო და მოშიმშილეების კარავი დავდგით, რეზიდენციის ღობეზე დაამონტაჟეს ვიდეოთვალი, კარვის პირდაპირ. ჩვენ გვინდოდა, რომ კამერა სხვა მიმართულებით შეგვებრუნებინა და მოძრაობის დროს ვიდეოთვალი გადაბრუნდა, თუმცა ძირს არ დავარდნილა. შესაბამისად, ვერც დაზიანდებოდა.
ჩვენ დაცვას დავუძახეთ, მაგრამ ხმა არ გაგვცა, თუმცა შეტყობინება გააკეთეს პოლიციაში“, – გვითხრა ელგუჯა ბაგრატიონმა.
მისივე ინფორმაციით, ვიდეოთვალი ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნას არ გაცნობიან.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ბაგრატიონი ამბობს, რომ მას საპროტესტო აქციების გამო ედავებიან: „აქციაზე ხმაური იქნება, ბუნებრივია, თუმცა რატომ მხოლოდ მე მედავებიან, არ ვიცი. ადგილზე რომ მივალ, ვნახოთ რას მეტყვიან.“
ბაგრატიონი ამბობს, რომ ის ერთ-ერთი ორგანიზატორია იმ აქციების, რომელიც ბოლო ერთი თვეა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან ყოველ საღამოს იმართება.
შეკვეთილის აქციები, თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების სოლიდარობის ნიშნად დაიწყო, თბილისში მოწყობილი „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დემონსტრანტები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.
მშვიდობიანი აქცია თბილისში დღესაც გაიმართება.
რაც შეეხება შეკვეთილს, ენმ-ს წარმომადგენლის, რეზო ხარაზის თქმით, ელგუჯა ბაგრატიონის გარდა, შესაძლოა პოლიციაში სხვა აქტივისტებიც დაიბარონ.
ბათუმში, გამსახურდიას N35-ში მდებარე წმინდა თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ღირებულება 700 ათასი ლარია და მას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
პროექტის განხორციელების ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა, რომელმაც რეაბილიტაციის პროექტი 2017 წელს შეიძინა.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაძარი XIX საუკუნეშია აგებული. შენობას სამლოცველოს ფუნქცია გასული საუკუნის 20-იან წლებამდე ჰქონდა შენარჩუნებული. საბჭოთა პერიოდში ეკლესია სპორტულ დარბაზად იყო გადაკეთებული. დღეს იგი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია.
კმდს-ს ინფორმაციით, „ქართუ“ დააფინანსებს ბათუმში ,,ღვთისმშობლის შობის‘’ სახელობის საკათედრო ტაძრის ფრესკების რესტავრაციასაც.
სააგენტოს ინფორმაციით, ფონდ ,,ქართუსთან“ არსებული საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი ბათუმში არსებულ კიდევ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას ჩაატარებს. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩატარდება ნოე ჟორდანიას ქ. N14-ში, მაზნიაშვილის ქN6/აბაშიძის 15-ში, კ. გამსახურდიას ქ.N13/აბაშიძის ქ.N23-ში.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჯამში 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
მთავარი ფოტო: თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესია ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე
ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ გასცა. ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, 2019 წლის 12 მარტს განაცხადა, რომ მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემდა. მერის ეს განცხადება იმავე დღეს გააპროტესტა მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა, რომელიც ამ მშენებლობას პერმანენტულად მანამდეც აპროტესტებდა. მშენებლობის ნებართვაც, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, 2019 წლის 12 მარტსაა გაცემული.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა ერთ წელში დასრულდება.
ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს.
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას კი ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.
2018 წლის მარტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნული იყო, რომ პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია – Trammo AG და პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით ხორციელდება.
„ბათუმელებმა“ კი, დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ამ პროექტს ახორციელებენ გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი და ასევე, უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში. კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება – მაშინ, როცა ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობას აქციებით აპროტესტებდნენ, „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და მამუკა ხაზარაძე დაკითხა.
დღეს, 24 ივლისს, კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა სასამართლოს მიმართავს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. „მაინც ავაშენებთ!!!”, – წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და აზიარებს ცნობას, რომლის თანახმადაც პორტისათვის გენერალური მშენებელი კომპანია შეირჩა. ის ფრანგული Eiffage იქნება.
იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში და რა სახის სატრანზიტო ტვირთების გადატანაა დასაშვები ამ ტერმინალიდან – ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით?
ბათუმის პორტში სხვა სამუშაოებიცაა დაგეგმილი. აქ უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელის რეკონსტრუქციას გეგმავს „ბათუმის ნავთობტერმინალი“, რათა უზრუნველყოფილი იყოს 10 ათასი ტონა ტევადობის თხევადი აირის გადამტანი ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის დამონტაჟდება ახალი მილსადენები.
„ბათუმის ნავთობტერმინალი“ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადატვირთვის მოცულობის წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს. თამარის დასახლებაში ამისთვის 7 ახალი აირსაცავი რეზერვუარი მოეწყობა [ჯამში 21 000 კუბ/მ მოცულობის].
მთავარი ფოტო: კარბამიდის ტერმინალის ინფრასტრუქტურის განლაგების სქემა / ფოტო პროექტიდან
ბიუჯეტიდან დაკარგულ 1 მილიონ 300 ათასზე გააკეთა აქცენტი სასამართლო პროცესზე პროკურორმა რამაზ შავაძემ, როცა მან მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების წინასწარ პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე დღეს, 24 ივლისს, “მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე” წინასასამართლო სხდომას ხელმძღვანელობს. პროცესის ერთ-ერთი ნაწილი ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შესაძლო შეცვლაა.
“ეს არაა სამართლებრივი მსჯელობა, ძალიან უჭირს პროკურატურას,” – თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. მან კანონის ჩანაწერზე ისაუბრა, სადაც განმარტებულია, რომ “კონკრეტული ფაქტების და ინფორმაციის საფუძველზე” უნდა დგინდებოდეს პირის პატიმრობიდან გათავისუფლების საფრთხე.
“პროკურორს დაავიწყდა, რომ ბრალდებულებს დროებით შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება. თუ არასამოხელეო დანაშაულზე ვსაუბრობთ, ეს ჰგავს პინგ-პონგის თამაშს, ასე შეიძლება ნებისმიერმა პირმა ჩაიდინოს დანაშაული,” – დასძინა რამინ პაპიძემ.
ადვოკატმა ბიუჯეტიდან დაკარგულ მილიონზეც ისაუბრა. მან პროკურატურას მიანიშნა, რომ საქმეში არ არის მოწმე ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ამ გაფლანგვით რაიმე ფინანსური სარგებელი მიიღეს ბრალდებულებმა.
რამინ პაპიძე საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების ნაცვლად, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასაც ითხოვს.
ბიუჯეტიდან დაკარგულ ფულზე ისაუბრა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმაც. მან ყურადღება “ბაზისბანკსა” და ბათუმის მერიას შორის არსებულ სასამართლო დავაზე გააკეთა, რაც ჯერ არ დასრულებულა – “იაფი სახლის პროექტზე” საბანკო გარანტიის ნამდვილობა თავის დროზე “ბაზისბანკმა” დაადასტურა. ამჯერად ბათუმის მერია ამ ბანკს სთხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ ზიანის ანაზღაურებას, რასაც პროკურატურა მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავება.
“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ საქმეზე,” – აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა. იგი ბაგრატ ხალვაშის და ეგარსლან ლომიძის ინტერესებს იცავს. ადვოკატმა ბრალდებულების 100 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა.
“მილიონ 600 ათასი იყო კომპანიისთვის ავანსის სახით გადარიცხული და არა მილიონ სამასი, ბატონო პროკურორო,” – მიმართა პროკურორ რამაზ შავაძეს გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა. ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურორი მხოლოდ დაკარგულ თანხაზე არ უნდა საუბრობდეს, თუკი გამოძიება ირწმუნება, რომ წინასწარ განზრახვით თანხის გაფლანგვასთან გვაქვს საქმე.
ადვოკატს დაეთანხმა ბრალდებული გიორგი ერმაკოვი, ბათუმის ყოფილი მერი:
“მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე პროკურატურაში და პოლიციაში… სამი წელია მიმდინარეობდა ამ საქმის გამოძიება, ჩვენ გამოგვკითხეს და ვერ მეტყვის პროკურორი ვერც ერთ შემთხვევას, როცა ჩვენ თავი ავარიდეთ ან გამოუცხადებლობას ჰქონდა ადგილი,” – აღნიშნა ერმაკოვმა.
“მას შემდეგ, რაც გამოკითხეთ არჩილ ვანაძე, მას შეუზღუდეთ რომელიმე ეტაპზე ტელეფონით კომუნიკაცია?” – მიმართა პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძეს არჩილ ვანაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.
ბაგრატ მანველიძე – ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი და განათლების მინისტრის მოადგილე
“არა,” – მოკლედ უპასუხა ადვოკატს პროკურორმა.
“ეს ადასტურებს იმას, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე ახლა მით უმეტეს აღარ არსებობს… არჩილ ვანაძეს შეეძლო დაერეკა ვინმესთვის დაკავებამდე. მან იცოდა, რომ იყო ძიება და ეს სამი წელი გრძელდებოდა,” – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
“ამ საქმეზე 27 ტომი წარმოადგინა პროკურატურამ,” – აღნიშნა მოსამართლემ, როცა იგი წინასასამართლო სხდომის კიდევ ერთ საკითხს – მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავდა. მხარეებმა ყველა მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნიეს, თუმცა სადავოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში თითოეულ მოწმეს მოუსმენენ.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღევანდელ პროცესზე შვიდივე ბრალდებულს ჰკითხა, ცნობენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ. ბრალდებულებს ერთნაირი პასუხი ჰქონდათ: “არა”.
არჩილ ვანაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
სასამართლო დარბაზში პერიოდულად ისმის ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციის ხმა: “თავისუფლება არჩილ ვანაძეს,” – სკანდირებენ აქციაზე.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგს ეხმაურება, რომელიც დღეს, 24 ივლისს, გაიმართა. ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა მთავრობის ტურიზმის პოლიტიკა გააკრიტიკეს და აჭარის მთავრობას ტურიზმის განვითარების ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ბოლო წლებია სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ვმუშაობთ და ამ შემთხვევაში რეგიონში რეკლამირება აქტიურად მიმდინარეობს როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ევროპულ ბაზრებზე, როგორებიცაა: ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი.
სარეკლამო კამპანიებს არ ვანხორციელებთ რუსეთის ტურისტულ ბაზარზე.
მიმდინარე წელსაც რეგიონის პოპულარიზაცია იანვრიდან დავიწყეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით, რაც შემდეგ სამიზნე ქვეყნებში გარე რეკლამით, სატელევიზიო რეკლამებითა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით გაგრძელდა. ამ წუთებშიც, BBC-ზე, Euronews-ზე, Deutsche Welle-ზე სატელევიზიო რეკლამის შემდეგ, რეგიონის საიმიჯო რგოლებს National Geographic-ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა.
გვინდა გავახაროთ ჩვენი ოპონენტები, რომ უკვე მზადაა რეგიონის ტურისტული განვითარების სტრატეგია, რომელიც გახდება სამოქმედო გეგმა მთავრობისთვის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტის პრეზენტაცია აგვისტოში იგეგმება. რაც შეეხება კურორტ გოდერძის, იქ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც 160 მილიონ ივესტიციას და 18 ინფრასტრუქტურულ პროექტს ითვალისწინებს.
სწორედ მთავრობისა და კერძოს სექტორის თანამშრომლობის შედეგია ის ჩარტერული რეისებიც, რაც ბათუმში წელს ტალინიდან, ბაქოდან, ვარშავიდან, ყაზახეთიდან და ვილნიუსიდან სრულდება. ბათუმი და ზოგადად, აჭარა კი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საერთაშორისო კონფერენციების, ფესტივალების, სპორტული ღონისძიებებისა და შეხვედრების ეპიცენტრი ქვეყანაში,“ – აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ ბათუმის ქუჩებში ვალუტის პუნქტებთან დამონტაჟებულ ელექტრონულ ტაბლოზე 1 დოლარის ყიდვა 2.88 ლარად იყო შესაძლებელი. ზოგიერთ პუნქტთან ფიქსირდებოდა 2.89 ლარიც.
დღეს, 24 ივლისს, ლარის კურსმა აქამდე არსებული ყველა უარყოფითი რეკორდი მოხსნა – ამ დროისთვის [15:00] 1 დოლარის ყიდვისთვის 2.92 ლარი დაგჭირდებათ.
ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც – დღეს [დრო იგივე] 1 ევროს ყიდვა 3.25 ლარად არის შესაძლებელი.
ქობულეთში, საკანალიზაციო მილი, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, წვიმის შედეგად რუსთაველის ქუჩის მონაკვეთში ისე დაზიანდა, რომ მთელი სისტემის პარალიზება გამოიწვია. შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული მონაკვეთი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც მოეწყო დამატებითი სატუმბი სადგური და დროებითი მილი. პრობლემის მოსაგვარებლად აჭარის სარეზერვო ფონდიდან ქობულეთისთვის 102 641 ლარი გამოიყო, საიდანაც 42 ათასამდე ლარი დროებითი საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად დაიხარჯა. ამ მონაკვეთში ახალი ქსელი უნდა გაკეთდეს, რისთვისაც, სავარაუდოდ, ტენდერი გამოცხადდება.
ქობულეთის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2009-2010 წლებში განხორციელდა.
„მიმდინარე წლის 30 ივნისს რუსთაველის ქუჩის N300-ის წინ მწყობრიდან გამოვიდა წყალანირების 800 მმ-ნი მილი, რითაც მოხდა ქალაქის საკანალიზაციო სისტემის პარალიზება. ამასთან ფეკალური მასა გამოედინება ჭებიდან… შესაბამისად, სოციალური უკმაყოფილება შესაძლებელია გართულდეს. მერიის ინტერესს წარმოადგენს ხელშეკრულების ფარგლებში, რამდენი წელი იყო განსაზღვრული საგარანტიო პერიოდად და რა მოვლენის დადგომიდან იწყება მისი ათვლა. ასევე გვაინტერესებს აღნიშნული საკითხის მოგვარების პროცესში თქვენი ჩართულობა რეაბილიტაციის პერიოდში“, – აღნიშნულია ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის წერილში, რომელიც მან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019 წლის 4 ივლისს გაუგზავნა.
„ქობულეთის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა 2010 წელს, ხოლო საგარანტიო [დეფექტებზე პასუხისმგებლობის] პერიოდად განსაზღვრული იყო 1 წელი. ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდი მოკლებულია შესაძლებლობას ჩაერთოს რეაბილიტაციის პროექტში“, – მოწერეს მეორე დღესვე ფონდიდან ქობულეთის მერს.
23 ივლისს ქობულეთის მერმა წერილით მიმართა შესყიდვების სააგენტოს და დროებითი საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოების ტენდერის გარეშე ჩატარებაზე თანხმობა ითხოვა:
„მწყობრიდან გამოვიდა წყალანირების 800 მმ-იანი მილი, რითაც მოხდა ქალაქის საკანალიზაციო სისტემის პარალიზება. ფეკალური მასები გადმოვიდა საკანალიზაციო ჭებიდან, რამაც წარმოშვა ქალაქში, ტურისტულად აქტიურ ზონაში, უსიამოვნო სუნი… ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის იმიჯისთვის შეუფერებელია მსგავსი მდგომარეობა, შესაბამისად, სოციალური უკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონლია სასწრაფოდ განხორციელდეს დროებითი ღონისძიება. ამასთან, ვინაიდან წყალანირების მილი განთავსებულია დაჭაობებულ ადგილას, დღის წესრიგში დგას არსებული მაგისტრალური ხაზის მოდერნიზაცია და დამატებითი გადამქაჩი სადგურის მოწყობა… აღნიშნული პრობლემის დროულად მოუგვარებლობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური უკამყოფილება და ქალაქის საკანალიზაციო სისტემის პარალიზება დიდი ხნის განმავლობაში [შესყიდვის შესაბამისი პროცედურების დასრულებამდე]. გთხოვთ, მოგვცეთ თანხმობა ზემოთხსენებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გავაფორმოთ ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის წესით“.
შესყიდვების სააგენტოში საკითხის განხილვის საბოლოო თარიღი 26 ივლისია; დროებითი ქსელი კი უკვე მოწყობილია.
კანალიზაციის ახალი მილი დაახლოებით 300 მეტრ სიგრძეზე უნდა მოეწყოს. ამ მილით კანალიზაციის წყალი N3 სატუმბ სადგურამდე გადაიქაჩება [ამ ფუნქციას ახლა დროებითი მილი ასრულებს], აქედან კი – ჩოლოქის გამწმენდ ნაგებობაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაზიანებულ მონაკვეთში მოწყობილი იყო პლასტმასის მილი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რათა ქობულეთის საკანალიზაციო სისტემამ ნორმალურად იმუშაოს.
დაზიანებულ მონაკვეთზე ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ქობულეთის მერიისგან ველოდებით, რომელსაც აქვე მოგაწვდით.
მთავარი ფოტო: ქობულეთი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 24 ივლისს, დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთაგან 95% გამოცხადდა. ერთი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდებიდან მობილური ტელეფონის შეტანის გამო, ორი კი – იმის გამო, რომ მათ ნაცვლად სხვა ცდილობდა გამოცდაზე გასვლას. იყო დამხმარე რესურსის გამოყენების ერთი მცდელობაც.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე დღეს, 24 ივლისს, ბათუმში იმყოფებოდა, სადაც მან გამოცდები შეაჯამა.
გორგოძის თქმით, წელსაც დაახლოებით ის მიმართულებებია პოპულარული, რაც წინა წლებში ფიქსირდებოდა. „ესაა სამედიცინო, სამართალი, მენეჯმენტი, მართვა და ა.შ. რომელ მიმართულებაზეა ყველაზე დიდი ან ნაკლები კონკურენცია, ამ ეტაპზე ამას თვალს არ ვადევნებთ, რადგან აბიტურიენტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა, ასევე ქულების გამოცხადების შემდეგაც შეუძლიათ არჩევანი შეცვალონ“, – ამბობს გორგოძე.
მისი თქმით, ქულების გამოქვეყნება აგვისტოს პირველივე რიცხვებიდან დაიწყება. პირველად ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები დაიდება.
გორგოძის თქმით, 2019 წლის გამოცდებზე შემცირებული იყო დაგვიანების შემთხვევები და აბიტურიენტები უფრო მობილიზებული იყვნენ.
11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი.
2020 წელს ეროვნული გამოცდები სხვა სტანდარტით ჩატარდება. აბიტურიენტები აღარ ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას. სავალდებულო იქნება მხოლოდ სამი საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორია. მათემატიკა იმის მიხედვით დაემატება, თუ რომელ მიმართულებას აირჩევს აბიტურიენტი, ჰუმანიტარულს თუ ტექნიკურს.
ცვლილებები იქნება სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, ამის შესახებ განათლების სამინისტრო დებულების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ ისაუბრებს.
ეროვნული გამოცდების პარალელურად მიმდინარეობდა სამაგისტრო და მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდებიც, რომელიც ასევე დღეს დასრულდა.
სამაგისტრო გამოცდაზე 12 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, მასწავლებლის საგნობრივ გამოცდაზე კი – 31 ათასი პედაგოგი, აქედან 10 ათასი მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველია.
მასწავლებლის გამოცდის შედეგების გამოქვეყნებაც აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.
მთავარი ფოტო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი/2019 წლის ეროვნული გამოცდები
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ დღეს, 24 ივლისს, ბათუმში, „ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულებს უნივერსიტეტები ვეღარ დაადგენენ, რადგან სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
გორგოძის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საბოლოო დებულება აგვისტოს შუა რიცხვებში, განათლების მინისტრის ხელის მოწერის შემდეგ გამოქვეყნდება.
„თავიდან ითქვა, რომ გამსვლელ ქულას დაადგენდნენ უნივერსიტეტები, თუმცა ეს ასე აღარ იქნება, რადგან უმაღლეს სასწავლებლებთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ზოგ უნივერსიტეტს გაუჩნდა იმის შიში, რომ ზოგიერთმა უნივერსიტეტმა, იმის გამო, რომ ბევრი სტუდენტი მიიღოს, შესაძლოა ძალიან დაწიოს ბარიერი და ამან გამოიწვიოს სწავლის ხარისხის გაუარესებაო. საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება აღარ იქნა მიღებული. ორ კვირაში დამტკიცდება დებულება, სადაც გაწერილი იქნება 2020 წლის ეროვნული გამოცდების ჩაბარების სტანდარტი“, – ამბობს სოფიო გორგოძე.
ახალი სტანდარტის მიხედვით, სავალდებულო იქნება ორი გამოცდა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენაში. მესამე საგანს – ისტორიას ან მათემატიკას აბიტურიენტი იმის მიხედვით ჩააბარებს, თუ რა პროფილის ფაკულტეტს აირჩევს.
„თუ ტექნიკური მიმართულებით სურს აბიტურიენტს ჩაბარება – იქნება მათემატიკა, ჰუმანიტარულ მიმართულებაზე ჩააბარებს ისტორიას.
რაც შეეხება სამედიცინოს, აქ ცოტა სხვაგვარად იქნება, რადგან მიმდინარეობდა კონსულტაციები სფეროს ექსპერტებთან და რაღაც სხვანაირი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც საბოლოოდ განათლების მინისტრმა უნდა დაამტკიცოს“, – გვეუბნება სოფიო გორგოძე.
გორგოძის თქმით, მეოთხე საგნის დამატების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ გამსვლელ ქულას ვერ აწესებენ, უნივერსიტეტებს მაინც ექნებათ.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ სჭირდება აბიტურიენტს მათემატიკის ჩაბარება, თუკი ის ბიოლოგიაზე აბარებს? სოფიო გორგოძე ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში, სადაც შეზღუდულია გამოცდების რაოდენობა, სტანდარტი სამი საგნის ჩაბარებას ითვალისწინებს.
„ეს არის უცხო ენა, მშობლიური და მათემატიკა, ეს არის უნივერსალური და ამაზე არავინ დავობს, რადგან ეს სამი საგანი არის ყველაფრის საფუძველი“.
დღეს, 24 ივლისს, ეროვნული გამოცდები დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. აქედან გამოცდებზე 95-პროცენტამდე აბიტურიენტი გამოცხადდა.
მსოფლიოს ყველაზე სასტიკი ციხეები ძირითადად ის ადგილებია, სადაც განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები იხდიან სასჯელს.
სან-კვენტინის ციხე, კალიფორნია.
კალიფორნიის შტატის ყველაზე ძველი, სან-კვენტინის ციხე 1852 წელს დაარსდა. ციხეში დღემდე არსებობს გაზის კამერა, თუმცა სიკვდილმისჯილების განაჩენი სისრულეში მოჰყავთ მხოლოდ ინექციით.
სან-კვენტინის ციხეში ძალადობა მუდმივად პრობლემაა. განსაკუთრებული, ფართომასშტაბიანი შემთხვევა აქ 2006 წელს მოხდა, როცა რასობრივი ნიშნით რამდენიმე თავდასხმის შედეგად 100 პატიმარი დაჭრეს, ორი კი მოკლეს. ციხე ცნობილია თავისი გაუსაძლისი პირობებით.
ბანგ-კვანგის ციხე, ბანკოკი, ტაილანდი.
ამ ციხეშიც სიკვდილმისჯილები იხდიან სასჯელს. ციხის ადმინისტრაციას უცნაური დამოკიდებულება აქვს სიკვდილმისჯილებისადმი – მათ არ ეუბნებიან ზუსტად როდისაა დაგეგმილი სიკვდილით დასჯა და სასჯელის აღსრულებამდე მხოლოდ ორი საათით ადრე ამცნობენ.
ციხე კუნძულ რიკერსზე – ნიუ იორკი
ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ციხეა მსოფლიოში, 90-იან წლებში ამ ციხეში წელიწადში 1000 – მდე პატიმარს ჭრიდნენ, ბევრი სხვადასხვა ტიპის რეფორმის შემდეგ ეს რიცხვი 1000 დან 70-მდე შემცირდა.
ციხე კუნძულ ალკატრასზე
კალიფორნიის სანაპიროსთან მდებარე ეს ციხე წლების განმავლობაში იყო დაკეტილი და აქ საზოგადოებისთვის ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს, მაგალითად, ალ კაპონე. ალკატრასის ციხეს უკავშირდება პატიმრების – ფრენკ მორისისა და ძმები – ჯონ და კლარენს ენგლინების დაუჯერებელი გაქცევა. მათ ნესტიანი გვირაბით მიაღწიეს საკანალიზაციო მილებამდე და მერე ხმელეთზე გასვლაც მოახერხეს, თუმცა როგორ, დღემდე დაუდგენელია – სავარაუდოდ, სრუტე გადაცურეს.
თუმცა ციხის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ პატიმრებმა ვერ შეძლეს სრუტის გადაცურვა და დაიხრჩვნენ.
განგაში რომ არ ატეხილიყო და გაქცევა გარკვეული დროის მანძილზე არ შეემჩნიათ, გაქცეულებმა საკუთარი ფიტულები გააკეთეს მუყაოსგან და თავიანთ ლოგინებში “დააწვინეს” დასაძინებლად.
1963 წელს ალკატრასის ციხე საქვეყნოდ ცნობილი ცუდი რეპუტაციის გამო დაიხურა.
დიარბაკირის ციხე
თურქეთის დიარბაკირის ციხე 1980 წელს გაიხსნა და არაადამიანური პირობებით გახდა ცნობილი. ციხის წარსულის შავ ლაქად მიიჩნევა სამუდამო პატიმრობამისჯილი ბავშვები საკნებში. ამ ციხეში განსაკუთრებული სისასტიკით ციხის ზედამხედველები გამოირჩევიან და არა პატიმრები.
1996 წელს ციხეში გახმაურებული ამბავი მოხდა – ციხის მცველებმა და პოლიციამ პატიმრებს სცემა, გარდაიცვალა 10 და დაიჭრა 23 პატიმარი.
ლა საბანეტას ციხე
ლა საბანეტას ციხე ვენესუელაში მდებარეობს და 15 000 პატიმარზეა გათვლილი, მაგრამ საკნებში 25 000 მსჯავრდებულსაც ათავსებენ. ციხის თითო მეთვალყურე 150 პატიმარს ზედამხედველობს. ამ ციხეში უამრავი ძალადობრივი ინციდენტი ხდება. სროლების დროს 1994 წელს 108 პატიმარი დაიღუპა. ჯამში კი ლა საბანეტას ციხის ძალადობრივ გარემოს 196 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა, 624 პატიმარი კი დაიჭრა.
კარანდირუს ციხე
ბრაზილიის კარანდირუს ციხე ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ციხეა. ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ყოველი მეხუთე პატიმარი შიდსითაა ინფიცირებული. 1992 წელს ციხის ადმინისტრაციამ აქაც დახოცა პატიმრები, შემთხვევას 102 პატიმარი შეეწირა.
გუანტანამოს ციხე
აშშ-ს ეს სასტიკი ციხე ბარაკ ობამამ გააუქმა, მაგრამ დონალდ ტრამპმა ისევ აღადგინა.
ციხე მსოფლიო მნიშვნელობის უმძიმესი დანაშაულისთვის გასამართლებული პატიმრებისთვისაა, მათ შორის ძირითადად ტერორისტები არიან.
მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.
„მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“ დღეს, 24 ივლისს, გაირკვევა, დაიწყება თუ არა არსებითი განხილვა, ასევე წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ დაკავებულ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს. წინასასამართლო სხდომა ახლახან დაიწყო მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.
სასამართლო პროცესს შვიდივე ბრალდებული ესწრება.
სხდომის დაწყებამდე სასამართლოსთან საპროტესტო აქცია ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ ვანაძის ახლობლებმა გამართეს. ისინი ვანაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 24/7/2019. ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 24/7/2019. ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 24/7/2019. ფოტო: ჯაბა ანანიძე/„ბათუმელები“
მერიის მაღალჩინოსნები „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე 30 მაისს დააკავეს. ამ პროექტის განხორციელება ბათუმის მერიამ 2016 წელს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან. ბრალდებულებს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების [მითვისება, ან გაფლანგვა], ასევე 332-ე მუხლის პირველი ნაწილის [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება] დარღვევას ედავება. პროკურატურა მაღალჩინოსნებს „მძიმე შედეგის“ დადგომას ედავება.
დაკავებულებს შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე [ის სადავო ტენდერის ჩატარების დროს ბათუმის ვიცე-მერი იყო და სატენდერო კომისიის თავმჯდომარე]; აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე [ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა], ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის მუნიციპალური სერვისების, ქონებისა მართის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე, საქალაქო ინფრასტრუქტირისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე, მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი ბექა ხალვაში.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, არჩილ ვანაძის ახლობლები ამ წუთებში აქციას მართავენ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. არჩილ ვანაძე და კიდევ 6 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ ტენდერის შედეგად 1 მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა ბიუჯეტიდან.
პროკურატურის ვერსიით, მერიამ უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე ისე, რომ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვერტ ჯორჯიამ“.
შვიდივე დაკავებული ბათუმის მერიის მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსანია.
ბარალის დადასტურების შემთხვევაში მათ 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში დღეს, 24 ივლისს, ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის წევრებმა ხელისუფლებას „ტურიზმის მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევის“ ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს. „ჩვენ მოვამზადეთ ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს უახლოესი ერთი-ორი თვის განმავლობაში და მოიცავს ტურიზმის მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაუყოვნებლივ დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებენ ენმ-ში.
ხუთპუნქტიანი გეგმა
[checklist]
განხორციელდეს სარეკლამო კამპანია იმ ქვეყნებში, სადაც ბათუმს ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს, აღნიშნული ქვეყნების დიდი ქალაქებიდან დაინიშნოს დამატებითი რეისები, მგზავრობის სუბსიდირებით;
ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონფერენციები, ტრენინგები და სხვა შეხვედრები ჩაატაროს აჭარაში, ასევე შესწავლილი იქნას სამიზნე ქვეყნების მაის-ტურიზმის ბაზრები და მომზადდეს სპეციალური პაკეტი, რომელიც შეთავაზებული იქნება ამ სფეროში მომუშავე ოპერატორებისათვის;
ტურისტულ სააგენტოებთან და მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს მესაკუთრეებთან ერთად შეიქმნას სპეციალური პაკეტი, რომელიც შეთავაზებული იქნება სამიზნე ქვეყნების ტუროპერატორებზე;
დაიგეგმოს მსოფლიოში ცნობილი ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტები ბათუმში, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული სპორტული შეკრებები და ღონისძიებები გაიმართოს აჭარაში;
მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად დაუყოვენებლივ დაიწყოს ტურიზმის განვითარების რეგიონული სტრატეგიის მომზადება, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, ასევე ბაზრის დივერსიფიცირებას, რათა შემცირდეს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება.
[/checklist]
„2012 წლის შემდეგ ტურიზმის მიმართულება ფაქტობრივად ჩავარდა, 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა რეკლამირებაზე და რეალურად ახალი არაფერი შექმნილა, უფრო მეტიც სარისკო რუსულ ბაზარზე ტურიზმის დეპარტამენტმა 2016-2018 წლებში რეკლამირებაზე დახარჯა 671 372,90 ლარი.
დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, არ წარმოებს რეგიონში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის კვლევა ქვეყნების მიხედვით, რაშიც ბიუჯეტიდან იხარჯება თანხები. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის არანაირი გეგმა არ გააჩნია ხელისუფლებას“, – აცხადებენ ოპოზიციურ პარტიაში.
ენმ-ის ბათუმის ოფისის ხედვით, „ხელისუფლებამ ბოლო წლებში მიზანმიმართულად გაზარდა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება, რაც რისკებს შეიცავდა, უფრო მეტიც როდესაც შეწყდა ავიაფრენები, ნაცვლად იმისა, რომ ალტერნატიულ ბაზრებზე ემუშავათ ეკონომიკის მინისტრი და ტურიზმის დეპარტამენტი ფაქტობრივად დაკავდნენ რუსული პროპაგანდით, რომ ჩვენს ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა რუსეთისა. თუმცა ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როცა 2012 წლამდე არ ვიყავით რუსულ ბაზარზე დამოკიდებული და ტურიზმი უფრო სწრაფად ვითარდებოდა“.
სოფელ აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 169 996 ლარს შეადგენს.
დღეისათვის მიმდინარეობს სამარაგე აუზებისა და მაგისტრალის მოწყობა.
სამუშაოებს აწარმოებს შპს „ნაგო“.
ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება. აღნიშნული პროექტის განხორციელებით აჭარისაღმართის მოსახლეობა სუფთა სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
მომხმარებლებს, რომლებიც სახლის შეძენას გეგმავენ, ტერაბანკი ახალ, ინოვაციურ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თანხის გაცემისას ბანკი შემოსავალს მომხმარებლის მიერ გაკეთებული შენატანების მიხედვით დაითვლის და სესხის აღების მსურველებისთვის შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება აუცილებელი არ იქნება.
სახლის შეძენისთვის საჭირო თანხის მისაღებად, მომხმარებელს მხოლოდ მისი ღირებულების 20% და სესხების ან დეველოპერულ კომპანიის განვადების გადახდის დადებითი ისტორია უნდა ჰქონდეს. პროდუქტით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 12 წელია. სესხები ლარში გაიცემა.
„ტერაბანკისთვის მოქნილი, მომხმარებლების სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული პროდუქტების შექმნა ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამარტივებული, ინოვაციური იპოთეკური სესხი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც ბინის ყიდვას დეველოპერული კომპანიებისგან აპირებს, ან სურს, დეველოპერებთან უკვე არსებული შიდა განვადება ჩვენი გამარტივებული იპოთეკური სესხით ჩაანაცვლოს“, – აცხადებენ ტერაბანკში.
ტერაბანკი მომხმარებლებს იპოთეკური სესხების მრავალფეროვან არჩევანსა და მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. ივლისის თვეში ბანკმა ახალი იპოთეკური სესხი საცხოვრებლის შეცვლის მსურველებისთვისაც შექმნა. პროდუქტი მათ საშუალებას აძლევს, თანხა მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა, ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ და თანხის გადახდა 6-თვიანი საშეღავათო პერიოდის შემდეგ დაიწყონ. აღსანიშნავია კონკრეტულ სეგმენტებზე – რეპეტიტორებსა და ემიგრანტებზე მორგებული სესხებიც, რომლებიც მარტივი პირობებით გაიცემა და უძრავი ქონების შეძენის ბარიერებს მათ სრულიად უხსნის.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 19 ივლისს დაიწყო და 28 ივლისამდე გაგრძელდება ფესტივალი – „ქოლგა თბილისი – ფოტოფესტივალი“. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი თეონა გოგიჩაიშვილი, რომელიც უკვე 8 წელია ამ ფოტოფესტივალის თანაორგანიზატორი და კურატორია, გვიყვება, რომ დღეს ფესტივალის ფარგლებში მოუსმინეს საქართველოდან ჩასულ ფოლკლორის შემსრულებლებს. დღესვე ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და ხმაურიანი ნაწილი ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძების დაგემოვნება იყო.
თეონა გოგიჩაიშვილი გვიყვება, რომ ქართულ-გერმანული მეგობრობის აღსანიშნავი ფესტივალზე, სწორედ დღეს, კონცერტთან ერთად გაიმართა ქართული სამზარეულოს ვორკშოპი, ასევე წიგნის პრეზენტაცია და ისეთი ღონისძიებები, „რაც გერმანელ ხალხს საქართველოს კულტურას უფრო ახლოს გააცნობს“.
„განსაკუთრებით მინდა წარმოვაჩინო ჩვენი ქართული კვარტეტის – „ქალაოს“ წარმომადგენლები, რომლებმაც შეასრულეს ქართულ ხალხურ სიმღერები და საგალობლები. დღეს სიმღერით, სამზარეულო ვორკშოფითა და თავისი სუფრით, ქართული კერძები გერმანელ საზოგადოებას გავაცანით. ჩვენთან ერთად არის ასევე მიშიკო სულაკაური – 23 წლის ახალგაზრდა ხელოვანი, რომელიც სამი კვირა რჩება ჰამბურგში და აკეთებს საოცარ ნამუშევარს – თუშურ კრიპტოგრამას, კედელს და სამნაწილიან ინსტალაციას. აგრეთვე მოხარშავს თუშურ ლუდს – „ალუდ“, – გვითხრა თეონამ.
ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გულივერ თეისიც. ის დღეს ფესტივალზე შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენს წიგნს – „კავკასია“, სწორედ ასე ჰქვია მის წიგნს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოსცა.
გულივერ თეისი
„კავკასია“ შტეფან ორტთან ერთად მოვამზადე ორწლიანი მოგზაურობის შედეგად. ოქტომბერში დავბრუნდი აქ. ეს არის წიგნის პირველი პრეზენტაცია ჰამბურგში. შტეფან ორტი, რომელმაც ეს წიგნი დაწერა, სამწუხაროდ, დღეს ჰამბურგში არ იმყოფება და მე, როგორც ფოტოგრაფი ვიქნები დღეს აქ პრეზენტატორი“, – გვითხრა გულივერ თეისმა.
კავკასია
გულივერ თეისი ამბობს, რომ ის არის მოგზაური ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, რომელმაც უკვე ორჯერ იმოგზაურა საქართველოში და ქართულ სამზარეულოს შესახებ გერმანულ ჟურნალებში სტატიებიც გამოაქვეყნა. გულივერ თეისი ამბობს, რომ ის ორ კვირაში ისევ აპირებს საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ჩამოსვლას.
ფესტივალის შესახებ ქუჩებში გამოფენილმა არც თუ ისე ცოტა აფიშებმა, ჰამბურგში მცხოვრებ ქართველებს მისცა შესაძლებლობა გამხდარიყვნენ ამ ფესტივალის მონაწილეები. ისინი ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად თანხმდებიან, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ინფორმირებული საქართველოს შესახებ. ამ ფესტივალის განწყობა კი, თავისი არსით, ეხმაურება საქართველოში ევროპელი ტურისტების მოზიდვის კამპანიის მხარდაჭერას.
„ქოლგა თბილისი-ფოტოფესტივალის“ ფინანსური მხარდამჭერი ჰამბურგის კულტურის დეპარტამენტია.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ჩართულობით მიმდინარეობს საქველმოქმედო კამპანია ოჯახის დასახმარებლად. მოხალისეებმა საყოფაცხოვრებო ნივთები და სათამაშოები შეაგროვეს, კომპანიებმა – „მარდი ჰოლდინგმა“ და „ანბანის კოშკმა“ კი ოჯახს პროდუქტი და ტკბილეული შეუძინეს.
ტკბილეული ოჯახისთვის
საქველმოქმედო კამპანია გრძელდება.
თუ გსურთ, დაეხმაროთ ოჯახს, სადაც ბავშვები იძულებულნი არიან იატაკზე დაიძინონ და ძირითადად უფასო სადილით იკვებებიან, დარეკეთ ნომერზე: 592 59 24 24
საქველმოქმედო კამპანიას გააშუქებს გაზეთი „ბათუმელები“.