ლაშა კომახიძე: მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს


ბათუმის მერია კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვას გასცემს – ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დღეს, 12 მარტს, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ახალი ტერმინალი უსაფრთხოების მაღალ სტანდარტზე აიყვანს ბათუმის პორტს“.

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით  გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი.

გასული წლის მარტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნული იყო, რომ პროექტის პარტნიორია ტრეიდერული კომპანია – Trammo AG და პროექტი „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“, საქართველოს რკინიგზისა და საქართველოს მთავრობის მონაწილეობით ხორციელდება.

ბათუმის მერიას ტერმინალის მშენებლობის ნებართვა ჯერ არ გაუცია.

„ბათუმელებმა“ კი, დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ ამ პროექტს ახორციელებენ გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი და ასევე უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტში. კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება – მაშინ, როცა ბათუმში ტერმინალის მშენებლობას აქციებით აპროტესტებდნენ, თიბისი ბანკის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ამ საკითხთან დაკავშირებით ბათუმში მყოფმა ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ თიბისის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან, რადგან ამ ბანკში ამერიკელი მფლობელიც არის.

2018 წლის დეკემბერში, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ღიად ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ ისაუბრა.

ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს. მაგრამ, იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში?

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი