მთავარი,სიახლეები

კაცს ჯერ მამა გარდაეცვალა, შემდეგ – დედინაცვალი, მშობლის ქონება კი სახელმწიფოს დარჩა

25.07.2019 • 3159
კაცს ჯერ მამა გარდაეცვალა, შემდეგ – დედინაცვალი, მშობლის ქონება კი სახელმწიფოს დარჩა

გიორგი ხორგუაშვილი მამისეულ სახლში ცხოვრობს, თუმცა სახელმწიფოს მისი გამოსახლება ნებისმიერ დროს შეუძლია. კასპში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც ახლა გიორგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სახელმწიფოს საკუთრება მას შემდეგ გახდა, რაც გიორგის დედინაცვალი გარდაიცვალა – კანონი მემკვიდრეობის გერისთვის დატოვებას არ ითვალისწინებს. გიორგი ხორგუაშვილმა პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

თავად გიორგი ხორგუაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრო. სარჩელი, რომლითაც გიორგიმ სასამართლოს მიმართა, წერია, რომ გიორგის მამა – იაკობ ხორგუაშვილი ნინა კოშაძეზე 1986 წელს დაქორწინდა. ნინა გიორგის დედინაცვალი იყო და სახლი კანონისმიერი მემკვიდრეობის პრინციპით ამ ქალის საკუთრება 1990 წელს გახდა, როცა გიორგის მამა გარდაიცვალა. დედინაცვალს ანდერძი არ დაუტოვებია. მას არც შვილები ჰყოლია, არც მშობლები, დები ან ძმები, რომლებიც მემკვიდერობას მიიღებდნენ. შესაბამისად, სახლი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული სამოქალაქო კოდექსის ნორმები განსაზღვრავს კანონით მემკვიდრეობის უფლების მქონე პირების ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს. ეს ჩამონათვალი არ მოიაზრებს გარდაცვლილი მამკვიდრებლის გერს.

„ჩვენი პოზიცია არის ის, რომ როცა არსებობს ოჯახური ურთიერთობა, ურთიერთპატივისცემა, როცა გერი იღებს დედინაცვლის ან მამინაცვლის მიმართ მატერიალური დახმარების ან მორალური მხარდაჭერის ვალდებულებას, ამ შემთხვევაში კანონმდებელი უნდა ითვალისწინებდეს გერის მემკვიდრედ ცნობას. ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რომ გერი უთანაბრდებოდეს შვილს,“ – ამბობს გიორგი გოცირიძე, საია-ს იურისტი. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ხორგუაშვილის ინტერესებს იცავს.

„საქართველოში არსებული პრაქტიკა არ არის ამ ქვეყნის სიახლე. მსგავსი მიდგომა აქვს ევროკავშირის ქვეყნების 99 %-ს,“ – განმარტავს ქრისტინე კუპრავა, პარლამენტის წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში. კუპრავა ყურადღებას ამახვილებს დასავლურ მიდგომაზე, რომელიც კანონისმიერი ანდერძის დროს სისხლით ნათესავებისთვის ითვალისწინებს მემკვიდრეობის დატოვებას.

„ჩვენი სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ორ მიდგომას: ანდერძი და კანონით მემკვიდრეობა. თუკი ანდერძი არ დაუტოვებია მამკვიდრებელს. აქ ერევა უკვე კანონმდებელი, რომელმაც უნდა გაანაწილოს ქონება. კანონმდებლის მიდგომა არის მეტად ფრთხილი და ის არჩევანს აკეთებს მხოლოდ სამართლებრივად დადასტურებულ აქტებზე, მაგალითად, ქორწინებასა და შვილად აყვანაზე. მხოლოდ ეს ორი შემთხვევაა გათვალისწინებული, როცა პირი მამკვიდრებლის სისხლისმიერი ნათესავიც არ არის და იღებს ქონებას. თუ გერს მივიჩნევდით მორალური და ზნეობრივი პრინციპებიდან გამომდინარე ოჯახის წევრად, შესაძლებელია, მსგავსი პრეტენზია გაუჩნდეს სხვა ადამიანსაც, რომელიც ფაქტობრივად მასთან ცხოვრობდა,“ – გვითხრა ქრისტინე კუპრავამ.

პარლამენტის წარმომადგენელს ეთანხმება, თუმცა დასავლურ პრაქტიკაში განსხვავებულ მიდგომაზე საუბრობს საია-ს იურისტი, გიორგი გოცირიძე. იგი ამბობს, რომ გერმა შესაძლოა მიიღოს მემკვიდრეობა, მაგალითად, პოლონეთში, თუმცა იგი მხოლოდ ბოლო რიგის მემკვიდრედ მიიჩნევა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა მიდგომაა. მაგალითად, კალიფორნიაში გერი არის შვილთან გათანაბრებული, თუკი დასტურდება, რომ მამკვიდრებელს ჰქონდა მისი შვილად აყვანის განზრახვა,“ – დასძენს გიორგი გოცირიძე.

გიორგი ხორგუაშვილი სასამართლოში თანასწორობისა და მემკვიდრეობის უფლების დარღვევას ასაჩივრებს. საია-ს იურისტი აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს დისკრიმინაციასთანაც.

„მაგალითად, კანონმდებლობით დედინაცვალს ან მამინაცვალს ეკისრება ალიმენტის გადახდა გერის მიმართ ისევე, როგორც გერს აქვს შრომისუუნარო დედინაცვლის ან მამინაცვლის რჩენის ვალდებულება… კანონი ითვალისწინებს შემთხვევასაც, როცა ადამიანი მოთავსებულია მოხუცთა ორგანიზაციაში, უვლიან მოხუცს და შემდეგ მისი ქონება გადადის ამ ორგანიზაციის საკუთრებაში. გერის შემთხვევაში კი, შეღავათი არ ვრცელდება. ეს არის დისკრიმინაციული,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. დღეს, 25 ივლისს, ამ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: