მთავარი,სიახლეები

ახალი დეტალი, რამაც შესაძლოა „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ ამოაყირავოს

01.07.2019 • 4212
ახალი დეტალი, რამაც შესაძლოა „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ ამოაყირავოს

„მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეში“ შესაძლოა ბევრი რამ შეიცვალოს, თუკი ხვალ, 2 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლო ბათუმის მერიის სარჩელის განხილვას დაასრულებს. ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ ზიანის ანაზღაურებას სთხოვს „იაფი სახლის“ გამო. ეს ის სახლია, რომელიც ვერ აშენდა ბათუმში.

„იაფი სახლის საქმის“ გამო დააკავეს 30 მაისს 7 მაღალჩინოსანი – პროკურატურა დაკავებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს, მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება. ბათუმის სასამართლოში მიმდინარე ამ სისხლის სამართლის საქმის პარალელურად კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად სამართლიანად გასცა თავის დროზე, ანუ 2016 წელს საბანკო გარანტიის დადასტურება „ბაზისბანკმა“. თუ გაირკვა, რომ „ბაზისბანკმა“ არასწორად დაადასტურა საბანკო გარანტიის ნამდვილობა, ზიანის ანაზღაურებაც მას მოუწევს, რასაც ახლა მაღალჩინოსნებს ედავებიან.

ეს ამბავი 2015 წელს დაიწყო, როცა ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობა წამოიწყო და ტენდერი გამოაცხადა. მაშინ ტენდერი „კონვენტ ჯორჯიამ“ მოიგო. მას 4 მილიონ 279 ლარად უნდა აეშენებინა „იაფი სახლი“ ბათუმში. ხელშეკრულების გაფორმებამდე და ავანსის ჩარიცხვამდე ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბანკო გარანტია და მისი დადასტურება მოსთხოვა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საბანკო გარანტია ბრიტანულმა Point Bank-მა მისცა, „ბაზისბანკმა“ კი  – ავიზირება ანუ დადასტურება.

დავის საგანი ახლა „ბაზისბანკის“ მიერ 2016 წელს გაცემული ავიზირების დოკუმენტია, რომლითაც Point Bank-ის საბანკო გარანტიის ნამდვილობა დასტურდება. მას შემდეგ, რაც „კონვენტ ჯორჯიამ“ მერიისგან ავანსად გადარიცხული მილიონ 430 ათასი ლარი აიღო, სახლი არ ააშენა და გაუჩინარდა, ბათუმის მერიამ აღმოაჩინა, რომ საბანკო გარანტიის გამცემი ბანკი არ ყოფილა.

„დადასტურდა, რომ ეს Point Bank-ი არათუ ბანკი, არამედ სამეწარმეო საქმიანობის მქონე ორგანიზაციაც კი არასდროს ყოფილა, იგი 2006 წელს არის დაფუძნებული… „ბაზისბანკს“ თავის დროზე რომ ეთქვა, რომ ეს ბანკი რეალურად არ არის, ან ვერ გაარკვია, ბანკია თუ არა, ეს არ მოხდებოდა – აღარ გააფორმებდა მერია ხელშეკრულებას იმ კომპანიასთან, ვინც ტენდერი მოიგო,“ – აცხადებს ვახტანგ გედენიძე, ბათუმის მერიის იურისტი.

Point Bank-ი რომ ბანკი არ არის, ეს ბათუმის მერიის მიერ დაქირავებულმა ბრიტანულმა კომპანიამ „ფლექსიჯობსმა“ 2017 წელს დაადგინა. ამ კომპანიის დასკვნის მიხედვით, Point Bank – ს „არააქტიური კომპანიის კოდი აქვს“ და „არ ეწევა არანაირ სამეწარმეო საქმიანობას“.

მერიის საპასუხოდ, „ბაზისბანკი“ სასამართლოს შესაგებელში აღნიშნავს, რომ ავიზირების პროცესში მას არ დაუდგენია, ჰქონდა თუ არა საბანკო ლიცენზია Point Bank-ს.

„ბაზისბანკს“ არ მოეთხოვებოდა, არც მოუკვლევია და, შესაბამისად, არც ბენეფიციარისთვის დაუდასტურებია, ფლობდა თუ არა Point Bank-ი საბანკო საქმიანობის ლიცენზიას, რადგან გარანტიების ავიზირების პროცესში „ბაზისბანკს“ ევალებოდა და განახორციელა კიდეც მხოლოდ SWIFT-ით მიღებული შეტყობინებების ავთენტურობის დადასტურება და ადრესატისთვის მისი უცვლელად და სრულად გადაცემა“, – წერია „ბაზისბანკის“ შესაგებელში.

„ბაზისბანკი“ შესაგებელში განმარტავს, რომ მან ავიზირების პროცესში SWIFT – ის, ანუ საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ უნიფიცირებული წესების შესაბამისად იმუშავა. SWIFT -ის სისტემით „ბაზისბანკი“ უკრაინული credit Dnepr Bank-ს დაუკავშირდა. აქვე წერია, რომ უკრაინულმა ბანკმა საბანკო გარანტიის ნამდვილობის შესახებ ინფორმაცია მოსკოვში დაფუძნებული Rico Trust-გან მიიღო, რუსულმა ბანკმა კი, მიიღო დადასტურება Point Bank-ისგან.

სასამართლოს შესაგებელში არ წერია, რატომ ვერ დაუკავშირდა უშუალოდ „ბაზისბანკი“ Point Bank-ს, რომელმაც საბანკო გარანტია მისცა კომპანიას, რომელსაც ბათუმში „იაფი სახლი“ უნდა აეგო.

„რატომ არ გამოჩნდა ამ სისტემაში ის, რომ Point Bank-ი ბანკი არ არის, არ ვიცი… როგორც ვიცი, არსებობს კონკრეტული გასაღები, რითაც ამოწმებენ კონკრეტული ბანკის მონაცემებს. „ბაზისბანკი“ ამბობს, რომ მას არაფრის ნამდვილობის დადგენა არ ევალებოდა. შემდეგ გვწერს, რომ ამ უკრაინული ბანკის ნამდვილობა დაადგინა. ჩვენთვის ამოსავალია საბანკო გარანტიის ნამდვილობა. ნამდვილობა კი ნიშნავს იმას, რომ გარანტია გაცემული იყოს ბანკის ან საფინანსო ინსტიტუტების მიერ. „ბაზისბანკმა“ ისე გააკეთა ავიზირება, რომ ეს არ გაურკვევია,“ – აღნიშნავს ბათუმის მერიის იურისტი, ვახტანგ გედენიძე.

რას გულისხმობს ავიზირება, რაზეც მხარეები სასამართლოში დავობენ? – კანონმდებლობაში ეს ტერმინი და არც საბანკო გარანტიის ნამდვილობის დადასტურება არ გვაქვს. იურისტებმა გვითხრეს ისიც, რომ მსგავსი დავა აქამდე სასამართლოში არ ყოფილა და ამ კუთხით პრეცედენტული იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება.

„ბაზისბანკი“ სასამართლო შესაგებელში წერს: „ავიზირება გულისხმობს მეავიზის [ანუ შეტყობინების მიმღები მხარის] ან მეორე მეავიზე მხარის მიერ საერთაშორისო ბანკთაშორისო საფინანსო სატელეკომუნიკაციო არხის SWIFT-ის საშუალებით მიღებული ავიზირების შეტყობინებების [გარანტიების] გადაცემას იმავე შეტყობინებაში მითითებული ადრესატისთვის ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებების აღების გარეშე…“

ბათუმის მერიის იურისტი კი, იშველიებს ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომს – ნინო ჭიპაშვილის „საბანკო გარანტია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო უნიფიცირებული წესების მიხედვით“, სადაც წერია: „ავიზირების მხარე ატყობინებს ბენეფიციარს, რომ გარემოების შესაბამისად ის ნათლად დარწმუნდა გარანტიის ნამდვილობაში და რომ გაგზავნილი შეტყობინება ზუსტად ასახავს იმ გარანტიას, რაც მიიღო ავიზირების გამცემმა…“

როგორია ამ ყველაფერზე ეროვნული ბანკის პოზიცია, რომელიც ადგენს წესებს კომერციული ბანკებისთვის?

„ტერმინი „ავიზირება“ სამართლებრივ დონეზე არ არის განმარტებული ქართულ კანონმდებლობაში და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებში. შესაბამისად, საბანკო სექტორში ავიზირება ხორციელდება უშუალოდ კომერციული ბანკების მიერ მოქმედი პრაქტიკის და გამოცდილების მიხედვით,“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის წერილში, რომელიც ასევე დევს სასამართლო საქმეში.

„ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სხვადასხვა კომერციული ბანკისგან. მოგვწერეს და სასამართლოსაც დაუდასტურეს, რომ ავიზირების პროცესში, პირველ რიგში, ადგენენ ბანკის ნამდვილობას. ზოგიერთი ბანკი ავიზირების პროცესში ადგენს საბანკო გარანტიის გამცემი ბანკის რეიტინგსაც,“ – დასძენს ბათუმის მერიის იურისტი.

საბანკო გარანტიის ნამდვილობის დამოწმება „ბაზისბანკს“ „კონვერტ კორჯიამ“ სთხოვა. უცნობია, რა დაუჯდა ეს კომპანიას.

რატომ იხდის კომპანია ფულს ავიზირებაში, თუკი ამ დოკუმენტის არსებობის მიუხედავად, საბანკო გარანტიის გამცემი შესაძლოა ბანკი საერთოდ არ აღმოჩნდეს? – ამ და სხვა კითხვებით „ბაზისბანკს“ მივმართეთ, სადაც განმარტებებს დაგვპირდნენ. ჩვენ პასუხის მიღებისთანავე გაგაცნობთ „ბაზისბანკის“ პოზიციას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ბათუმის მერიამ „ბაზისბანკის“ წინააღმდეგ სარჩელით 2018 წლის 5 ნოემბერს მიმართა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: