განათლება,მთავარი,სიახლეები

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოდან დაიწყება

24.07.2019
ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება აგვისტოდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 24 ივლისს, დასრულდა. გამოცდებზე 41 ათასი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულთაგან 95% გამოცხადდა. ერთი აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდებიდან მობილური ტელეფონის შეტანის გამო, ორი კი – იმის გამო, რომ მათ ნაცვლად სხვა ცდილობდა გამოცდაზე გასვლას. იყო დამხმარე რესურსის გამოყენების ერთი მცდელობაც.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე დღეს, 24 ივლისს, ბათუმში იმყოფებოდა, სადაც მან გამოცდები შეაჯამა.

გორგოძის თქმით, წელსაც დაახლოებით ის მიმართულებებია პოპულარული, რაც წინა წლებში ფიქსირდებოდა. „ესაა სამედიცინო, სამართალი, მენეჯმენტი, მართვა და ა.შ. რომელ მიმართულებაზეა ყველაზე დიდი ან ნაკლები კონკურენცია, ამ ეტაპზე ამას თვალს არ ვადევნებთ, რადგან აბიტურიენტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა, ასევე ქულების გამოცხადების შემდეგაც შეუძლიათ არჩევანი შეცვალონ“, – ამბობს გორგოძე.

მისი თქმით, ქულების გამოქვეყნება აგვისტოს პირველივე რიცხვებიდან დაიწყება. პირველად ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები დაიდება.

გორგოძის თქმით, 2019 წლის გამოცდებზე შემცირებული იყო დაგვიანების შემთხვევები და აბიტურიენტები უფრო მობილიზებული იყვნენ.

11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი იყო გახსნილი.

2020 წელს ეროვნული გამოცდები სხვა სტანდარტით ჩატარდება. აბიტურიენტები აღარ ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას. სავალდებულო იქნება მხოლოდ სამი საგანი – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ისტორია. მათემატიკა იმის მიხედვით დაემატება, თუ რომელ მიმართულებას აირჩევს აბიტურიენტი, ჰუმანიტარულს თუ ტექნიკურს.

ცვლილებები იქნება სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, ამის შესახებ განათლების სამინისტრო დებულების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ ისაუბრებს.

ეროვნული გამოცდების პარალელურად მიმდინარეობდა სამაგისტრო და მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდებიც, რომელიც ასევე დღეს დასრულდა.

სამაგისტრო გამოცდაზე 12 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, მასწავლებლის საგნობრივ გამოცდაზე კი  – 31 ათასი პედაგოგი, აქედან 10 ათასი მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველია.

მასწავლებლის გამოცდის შედეგების გამოქვეყნებაც აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.

მთავარი ფოტო: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი/2019 წლის ეროვნული გამოცდები

____

ამავე თემაზე:

2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ ქულას უნივერსიტეტები ვერ დაადგენენ – გორგოძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: