ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ენმ ხელისუფლებას ტურიზმის განვითარების ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს

24.07.2019
ენმ ხელისუფლებას ტურიზმის განვითარების ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში დღეს, 24 ივლისს, ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის წევრებმა ხელისუფლებას „ტურიზმის მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევის“ ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს. „ჩვენ მოვამზადეთ ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს უახლოესი ერთი-ორი თვის განმავლობაში და მოიცავს ტურიზმის მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაუყოვნებლივ დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებენ ენმ-ში.

ხუთპუნქტიანი გეგმა

[checklist]

  • განხორციელდეს სარეკლამო კამპანია იმ ქვეყნებში, სადაც ბათუმს ყველაზე მაღალი ცნობადობა აქვს, აღნიშნული ქვეყნების დიდი ქალაქებიდან დაინიშნოს დამატებითი რეისები, მგზავრობის სუბსიდირებით;
  • ცენტრალურმა ხელისუფლებამ კონფერენციები, ტრენინგები და სხვა შეხვედრები ჩაატაროს აჭარაში, ასევე შესწავლილი იქნას სამიზნე ქვეყნების მაის-ტურიზმის ბაზრები და მომზადდეს სპეციალური პაკეტი, რომელიც შეთავაზებული იქნება ამ სფეროში მომუშავე ოპერატორებისათვის;
  • ტურისტულ სააგენტოებთან და მცირე და საშუალო ზომის სასტუმროს მესაკუთრეებთან ერთად შეიქმნას სპეციალური პაკეტი, რომელიც შეთავაზებული იქნება სამიზნე ქვეყნების ტუროპერატორებზე;
  • დაიგეგმოს მსოფლიოში ცნობილი ჯგუფებისა და მომღერლების კონცერტები ბათუმში, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული სპორტული შეკრებები და ღონისძიებები გაიმართოს აჭარაში;
  • მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად დაუყოვენებლივ დაიწყოს ტურიზმის განვითარების რეგიონული სტრატეგიის მომზადება, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებას, ასევე ბაზრის დივერსიფიცირებას, რათა შემცირდეს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება.

[/checklist]

„2012 წლის შემდეგ ტურიზმის მიმართულება ფაქტობრივად ჩავარდა, 19 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა რეკლამირებაზე და რეალურად ახალი არაფერი შექმნილა, უფრო მეტიც სარისკო რუსულ ბაზარზე ტურიზმის დეპარტამენტმა 2016-2018 წლებში რეკლამირებაზე დახარჯა 671 372,90 ლარი.

დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, არ წარმოებს რეგიონში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის კვლევა ქვეყნების მიხედვით, რაშიც ბიუჯეტიდან იხარჯება თანხები. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის არანაირი გეგმა არ გააჩნია ხელისუფლებას“, – აცხადებენ ოპოზიციურ პარტიაში.

ენმ-ის ბათუმის ოფისის ხედვით, „ხელისუფლებამ ბოლო წლებში მიზანმიმართულად გაზარდა რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება, რაც რისკებს შეიცავდა, უფრო მეტიც როდესაც შეწყდა ავიაფრენები, ნაცვლად იმისა, რომ ალტერნატიულ ბაზრებზე ემუშავათ ეკონომიკის მინისტრი და ტურიზმის დეპარტამენტი ფაქტობრივად დაკავდნენ რუსული პროპაგანდით, რომ ჩვენს ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა რუსეთისა. თუმცა ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როცა 2012 წლამდე არ ვიყავით რუსულ ბაზარზე დამოკიდებული და ტურიზმი უფრო სწრაფად ვითარდებოდა“.

 

მთავარი ფოტო: ბრიფინგი პარტიის ოფისში / ფოტო: ენმ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: