„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ზუგდიდში, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და წარადგინა აუდიო ჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო თათბირიდან პარტიის შტაბის წევრებმა გამოიტანეს და „ოცნების“ შტაბს მიაწოდეს.
თალაკვაძის თქმით, ჩანაწერის მონაწილეები „მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები – სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე“ არიან.
არჩილ თალაკვაძის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი დაახლოებით, 1.5 წუთიანია. ჩანაწერში ორი ქალის ხმა ისმის, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობს, რომ აჭარა უნდა „ადუღდეს“, შემდგომ კი მას სხვა რეგიონებიდ შეუერთდნენ. ის ასევე ამბობს, რომ საჭიროა, ხალხი დაიძრას თბილისისკენ დასავლეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც და შეიქმნას „კონტროლირებადი გვირაბი“.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ გამორიცხავენ პარტიის შტაბის რაიმე სახის კავშირი თალაკვაძის მიერ დასახელებულ ორ ქალთან.
„ის ორი პიროვნება, რომლებიც დასახელებულნი არიან ჩანაწერში, არ არიან „ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრები. თუმცაღა, ჩვენ ვგმობთ აბსოლუტურად ყველა ტიპის განცხადებასაც კი ძალადობის შესახებ. ამიტომ, მოვუწოდებთ შსს-ს, გამოიძიოს, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური, რა პირობებში მოხდა ამის ჩაწერა. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია რაიმე ტიპის თათბირზე, რადგან, ვიმეორებ, ისინი შტაბის წევრები არ არიან“, – აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
დღეს, 19 მაისს, აჭარაში მერის არჩევნები ხულოში მიმდინარეობს.
დაბა ქედაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში დღეს, 19 მაისს, ხანძარი გაჩნდა.
ქედის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით დაიწვა სულიკო სურმანიძის საცხოვრებელი ბინა: „მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე ახლაც მუშაობენ. ჯერ კიდევ არის დაკვამლიანება“.
სახანძროს ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი ჯერ დაუდგენელია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია აბულაძე აცხადებს, რომ ხულოში „ოცნების“ კოორდინატორებს დასურათებული სიები გამოართვა და მას ამის დამადასტურებელი ვიდეო კადრებიც აქვს. ვიდეოში, რომელიც ენმ-მ გაავრცელა, ჩანს როგორ ართმევს გია აბულაძე სავარაუდოდ კოორდინატორს დასურათებულ სიას.
გია აბულაძე ასევე აცხადებს, რომ სოფელ ტაბახმელაში მობილიზებულია სპეცრაზმი და პერიოდულად გადაადგილდება, ამის დასადასტურებლად მან ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეო მასალა წარუდგინა, ერთ ფოტოზე ჩანს პოლიციის პიკაპი, მეორეზე კი – ვილისი.
პოლიციის პიკაპი. ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
გია აბულაძე ამბობს, რომ ამ მანქანებში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სპეცრაზმელები იმყოფებიან.
შს სამინისტროს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება და შს სამინისტრომ ამის შესახებ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.
საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
„აღნიშნულ თემაზე გავრცელდა ვიდეოკადრებიც და ინფორმაცია, რომ თითქოს ხდება სამაგიდო სიების გამოყენება. პარტიებს და დამკვირვებელ ორგანიზაციებს აქვთ უფლება გამოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია. აღნიშნულ კადრებში ფიქსირდება არა სამაგიდო სია, არამედ სავარაუდოდ უფლებამოსილ პირებზე კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სია. რაც შეეხება რეაგირებას, საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს უფლებამოსილებას კენჭისყრის შენობაში და კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების პირადი მონაცემების დამუშავება.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ნებისმიერი პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარე ტერიტორიაზე; თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ, ცესკოს პრესსპიკერმა.
დღეს, 19 მაისს ხულოში, მერს ირჩევენ. ხულოს მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის.
ამომრჩეველთა აქტივობა ხულოში დილიდანვე მაღალია.
ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.
______________
მთავარ ფოტოზე: გია აბულაძე ბრიფინგზე, ხულო. ფოტო: „ბათუმელები“, ცაგო კახაბერიძე
ხულოს #1 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ირაკლი ჯორბენაძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა.
„პიანინოზე დამრჩა“ – უთხრა მან ჟურნალისტებს. მერობის კანდიდატს რამდენიმე წუთი მოუხდა ლოდინი, სანამ სახლიდან მოწმობას მოუტანდნენ, მანამდე კი ირაკლი ჯორბენაძემ სიაში საკუთარი თავი და მეუღლის მონაცემები გადაამოწმა.
დღეს, 19 მაისს, საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნები მიმდინარეობს, მათ შორის ხულოშიც.
ხულოს მერის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, როცა 2018 წლის 18 ოქტომბერს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ ხულოს მერის მოვალეობას ვახტანგ ბერიძე ასრულებს. ის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ხულოში.
_______________
ფოტოზე: ირაკლი ჯორბენაძე მეუღლესთან ერთად საარჩევნო უბანზე. ცაგო კახაბერიძის ფოტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 19 მაისის 21 საათიდან 20 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 13 – 18 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 21 -26 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით,მომდევნო ორ დღეს,21-22 მაისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალი შენობის დასაცავად შპს „სტადიონი“ 50 400 ლარის გადახდას გეგმავს. ამ თანხას დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხდიან. პროექტი, რომელიც ახალი საავადმყოფოს მშენებლობას ითვალისწინებს, ბოლო შეთანხმებით, 2019 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გაურკვეველია, კონკრეტულად როდის დასრულდება იგი. ასევე გაურკვეველია, თუ რომელ უწყებას გადაეცემა საბოლოოდ ახალი საავადმყოფო.
„სტადიონის“ მიერ შესყიდვების სააგენტოში 17 მაისს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ „ახალი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადა არის სავარაუდო, შესაბამისად, დაცვითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდება სამუშაოების დასრულების შემდეგ, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადად განისაზღვრება ობიექტის სხვა უწყებაზე საბოლოოდ გადაცემამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი“.
„170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო შედგება სამი ბლოკისაგან, რამდენიმე დამხმარე ნაგებობებით. რომლებშიც დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის ძვირადღირებული სხვადასხვა მოწყობილობები. ტერიტორიის ფართობი შეადგენს 22 107 კვ.მ-ს, შენობების მოშენების ფართობი 4733 კვ.მ-ს და წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას. შესაბამისად, ობიექტის მასშტაბიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე მასში დაცული თანამედროვე ტიპის ძვირადღირებული სხვადასხვა მოწყობილობების გათვალისწინებით აუცილებელია დაცვითი მომსახურება განხორციელდეს შეიარაღებული [ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით] დაცვით, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად იქნას აღკვეთილი კანონდარღვევა და დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი“ – აღნიშნულია „სტადიონის“ წერილში.
„სტადიონი“ არის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს, რომელიც რამდენიმე პროექტს, მათ შორის ბათუმში [ტენდერის საშუალებით], 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ახალ საავადმყოფოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ აშენებს.
როდის დასრულდება სამუშაოები?
„მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით [2019 წლის 17 მაისი – ავტ] მიმწოდებელს ერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე… დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს შენობის დასუფთავებისა და სხვა მცირე ფასიანი მოწყობილობების დამონტაჟების სამუშაოები. პროექტის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების სავარაუდო დასრულების ვადად განისაზღვრება 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდი. ხსენებული ობიექტის დასრულებისთანავე უნდა განხორციელდეს შენობაში დამონტაჟებული სხვადასხვა მოწყობილობების ტესტირება, რის შემდეგაც მოხდება ობიექტის საბოლოო მიღება.“ – აღნიშნულია „სტადიონის“ წერილში.
50 400 ლარად, საავადმყოფოს შენობას დაცვის პოლიცია, სავარაუდოდ, 2019 წლის პირველი ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში დაიცავს.
ახალ შენობას თავდაპირველად შპს „სტადიონი“ ჩაიბარებს. შემდეგ კი გადაწყდება თუ ვის გადაეცემა ის მართვაში. მიუხედავად იმისა, სამშენებლო სამუშაოები დროში საკმაოდ გაიწელა, ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი თანხა საავადმყოფოს სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით აღსაჭურვად.
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ეს პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 28 იანვარს დაამტკიცა, ცვლილებები კი, 14 მაისს შეიტანა.
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა [09:40 საათისთვის]. პირველი ეხებოდა მეხუთე უბანში ცესკოს წარმომადგენლის მითითებებს – საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ცესკოს წარმომადგენელი ჩაერია კომისიის მუშაობაში, რისი უფლებაც არ ჰქონდა.
საჩივარი დაიწერა ასევე ხულოს 54-ე უბანშიც, სადაც გადაღების უფლება შეუწყვიტეს დამკვირვებელს.
ორივე შემთხვევაში საჩივარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დაწერა. ხულოს საოლქო კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ მელაძის თქმით, „ორივე პრობლემა უკვე აღმოფხვრილია“.
დღეს, 19 მაისს ხულოში, მერს ირჩევენ. ხულოს მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის.
ამომრჩეველთა აქტივობა ხულოში დილიდანვე მაღალია.
ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.
ხულოში, დილის 8 საათისთვის, 54-ვე საარჩევნო უბანი გახნილია. ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ პროცესს პრობლემები არ მოჰყოლია და კანონმდებლობის დაცვით ჩაიარა.
დღეს, 19 მაისს ხულოში, მერს ირჩევენ. ხულოს მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის.
ამომრჩეველთა აქტივობა ხულოში, დილიდანვე მაღალია.
ხულოში არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე 2018 წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა.
ხულოს მერის არჩევნები / 19.05.2019 / ხულოს N1 საარჩევნო უბანი / ცაგო კახაბერიძის ფოტო
დღეს, 19 მაისს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
18 მაისიდან 19 მაისს გარდამავალი ღამეს, ბათუმის მუზეუმებში შეგიძლიათ უფასოდ შეხვიდეთ. უფასო ვიზიტები 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დღეს ღამეს დაგეგმილია აქტივობა სახელწოდებით – „ღამე მუზეუმში“. პროექტი გულისხმობს აქტივობებში ვიზიტორების ჩართვას.
ღონისძიებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
18 მაისი:
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
„ერთი დღე ძველ ბათუმში“. წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქალაქური ყოფა. ეს აქტივობა მალე დაიწყება [21:00-დან 01:00 საათამდე].
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმში
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება „არტეფაქტების მინაბაძების დამზადება კერამიკულ სახელოსნოში“; ღამის 10 საათიდან კი წარმოდგენილი იქნება „ხალხური მეტალურგიის ტრადიციები აჭარაში“;
ხელოვნების მუზეუმი
„XX ს. ქართული მხატვრობა“; წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია, რომელიც შეგიქმნით ნათელ წარმოდგენას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების ძირითად ეტაპებზე. [დასაწყისი 20 საათზე];
მსოფლიო შედევრების რეპროდუქციული ბანერების გამოფენა თემაზე ,,ცეკვა მხატვრობაში“ და ,,ბავშვთა სახეები ხელოვნებაში“ [დასაწყისი 20 საათზე];
გამოჩენილი ებრაელი სკულპტორის, ფრანკ მაისლერის მცირე პლასტიკის ნიმუშების გამოფენა [დასაწყისი 20 საათზე];
20 მაისი
ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
,,ჩინური სახლი“ – სტუმრები გაეცნობიან ჩაის კულტურის მოკლე ისტორიას, ჩაის სმასთან დაკავშირებულ რიტუალს. გამოიფინება ამ რიტუალთან დაკავშირებული ექსპონატები.
21 მაისი
ხელოვნების მუზეუმი
ბათუმელ მხატვართა ჯგუფური გამოფენა/გალერეა [დასაწყისი 16 საათზე].
დაცული ტერიტორიების სააგენტომ დასავლეთ საქართველოში მდებარე დაცულ ტერიტორიებსა და მღვიმეებში შესასვლელი ბილეთის ფასი გაზარდა.
3 მაისიდან ტურისტებს უკვე გაზრდილი ფასის გადახდა უწევთ. ბილეთების გაძვირება გააპროტესტეს გიდებმა და ტურისტულმა კომპანიებმა, თუმცა უშედეგოდ. დაცული ტერიტორიების სააგენტო ფასის შემცირებას არ აპირებს. გიდებს კი წინასწარ გაყიდულ ტურებზე, ბილეთების გაზრდილი ფასის გამო თანხის დამატება უწევთ.
სოციალურ ქსელში, პროფესიულ ჯგუფებში ორი კვირაა განიხილავენ ბილეთების გაძვირებას. გიდები, რომლებსაც ოკაცესა და მარტვილის კანიონზე ტურისტები გადაჰყავდათ, აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც კანიონებთან ახლოს საპარკინგე ადგილები თითქმის ცარიელია. მათი მტკიცებით ფასის გაზრდამ ვიზიტორები შეამცირა.
სულ სხვას ამტკიცებს დაცული ტერიტორიების სააგენტო. სააგენტოდან მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის 1-16 მაისის პერიოდში მარტვილის კანიონს 9394 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2018 წლის იგივე პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 5399 იყო.
რაც შეეხება ოკაცეს კანიონს, 2019 წლის 1-16 მაისის პერიოდში 4628 ტურისტი ეწვია, ხოლო 2018 წელს 3688 ვიზიტორი. ამავე სტატისტიკის თანახმად 26%-იანი ზრდა არის ასევე პრომეთეს მღვიმეში მიმსვლელი ტურისტების, მხოლოდ სათაფლიის ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 19 %-ით. ჯამურად დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 30 %-ითაა გაზრდილი.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგის სამსახურის უფროსი, ნიკო თევდორაშვილი სათაფლიაზე ვიზიტორთა შემცირებას იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებით ხსნის. კითხვაზე, თუ რატომ გაიზარდა ფასები, პასუხობს:
“დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ეკო ტურისტული ობიექტების განვითარებას საქართველოში. სწორედ ამიტომ მოხდა ელექტრონული გაბილეთიანების სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს ქაღალდის ბილეთებიდან ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას. კომპანია guru.ge შეირჩა აუქციონის წესით. შემოგვთავაზა საუკეთესო ფასი და შემოვიდა მომსახურებაში. დაინერგა ელექტრონული ბილეთი და შესაბამისად დაემატა მომსახურების პროცენტი. ამან გამოიწვია ზრდა”.
ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი, ბილეთებზე ფასის ზრდას არ ეთანხმება და ამბობს, რომ დაიკლებს ტურისტული ნაკადი დასავლეთ საქართველოში მდებარე დაცულ ტერიტორიებზე.
„ტურისტების რაოდენობა გაიზარდა თუ შემცირდა ამის წინა წლის მონაცემებთან შედარება სწორი არ იქნება. რადგან ეს პაკეტები დიდი ხნით ადრე აქვთ გაყიდული ტურისტულ სააგენტოებსა და გიდებს. ჯერ კიდევ ინერციით მიდის ტურისტი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასის გაძვირების მიუხედავად მოთხოვნა დიდია. რადგან გაყიდულ პაკეტში ვერაფერს ვეღარ შევცვლით, გვინდა თუ არ გვინდა ამ გაზრდილი ფასის გამო მაინც უნდა მივიყვანოთ ტურისტი, სხვაობა კი საკუთარი ჯიბიდან დავამატოთ,“ – ამბობს ლაშა.
პროფესიულ ჯგუფში, სადაც გიდები თავიანთ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ, ერთ-ერთი გიდი წერდა, რომ გაზრდილი ფასის გამო ერთ ტურზე 240 ლარის დამატება მოუწია. ნიკო თევდორაშვილი კი თვლის, რომ ბილეთების ფასის ზრდის გამო, ტურისტულები ზარალს არ განიცდიან.
„მოდით ვიანგარიშოთ მარტივი არითმეტიკით, ბილეთი გაძვირდა 2,25 ლარით. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს კომპანიის მოგება რომელიმე ტურზე? გუგლი არსებობს, დაგუგლეთ და ნახავთ, რომ საშუალო ფასი არის $90 ერთ კაცზე. ამაში შედის სამი ობიექტი, სალხინო, მარტვილის მონასტერი და მარტვილის კანიონი. აქ მოგება ორი ლარია? ნამდვილად არაა ასე. მოდი ასე ვთქვათ – გიდს ზარალი არ უნახავს, შემოსავალი შეიძლება შეუმცირდა. მე მათი მესმის, რეალურად ისინი ბიზნესს აკეთებენ და უნდათ ნაკლები დანახარჯით მიიღონ მეტი მოგება. მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ, მაგალითად, დაცულ ტერიტორიებზე ამის ფასად არ განვითარდეს ეკო ტურიზმი, არ განვითარდეს ინფრასტრუქტურა ან არ ჩაიდოს ინვესტიციები. ეს ამის ფასად არ იქნება.
დაცული ტერიტორიების მთავარი მიზანი არის ტერიტორიების დაცვა და მოფრთხილება. ჩვენი საქმე არის ის, რომ ამით გვინდა ეკოტურიზმი განვავითაროთ. საქართველოს და მის სტუმრებს გავაცნოთ უნიკალური ბიომრავალფეროვნება. ჩვენი მთავარი მიზანი ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნებაა,“ – ამბობს ნიკო თევდორაშვილი.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ფასი ისევ გაიზარდოს.
„ბაზარზე რაზეც არის დიდი მოთხოვნა, როცა სერვისი იხვეწება, ფასებიც იზრდება,“ – ამბობს ის.
ლაშა ბერეკაშვილი კი ამბობს, რომ გაზრდილმა ფასმა ტურისტულ კომპანიებს უბიძგა ახალი მარშრუტები მოიძიონ და ტურისტები სხვა ადგილებზე წაიყვანონ:
„ის ფინანსური, ტექნიკური თუ იურიდიული ბარიერი, რომელსაც ვაწყდებით, გვიბიძგებს იქითკენ, რომ მოვძებნოთ ალტერნატივები. ძიებაშიც ვართ უკვე. რაც შეეხება სტატისტიკას, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის სტატისტიკა როცა დაიდება, როცა ყველა ახალ რეალობაზე გადაეწყობა, მაშინ გამოჩნდება გაიზრდება თუ შემცირდება იმ ადგილების ვიზიტორთა რაოდენობა, სადაც ფასი გაზარდეს“.
გარდა ფასებისა, გიდებისთვის პრობლემაა პრომეთეს მღვიმეში საათობრივი შეზღუდვის დაწესება. მაგალითად, როდესაც ელექტრონულ ბილეთს ყიდულობს ტურისტი, იქ მითითებულია შესვლის დრო. თუკი დააგვიანებს და დროზე არ გამოცხადდება, ბილეთი უქმდება. ტურისტული კომპანიების შემთხვევაში ზარალი გაცილებით დიდია, დაგვიანება ავტომატურად ნიშნავს მთელი ჯგუფისა ბილეთის გაუქმებას.
“ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. მაგალითად, ამერიკულ მუზეუმებში როცა ყიდულობ ბილეთს ყიდულობ რატომ? რიგში არ მოგიწიოს დგომა და იცოდე სეანსი როდის არის. ჩვენ ბილეთებს აწერია, რომ ადგილზე უნდა გამოცხადდნენ 20 წუთით ადრე. კინოზეც, თვითმფრინავზეც, ყველგან ასეა. ეს არის თვითორგანიზების საკითხი. თუ ეჭვი გეპარება, რომ დანიშნულ დროს ვერ მიხვალ, შეგიძლია გზიდან იყიდო 15 წუთით ადრე. ისე უცხოელებზე ჯერ არ გვქონია შემთხვევა ეყიდოთ და დაეგვიანებინოთ”.
ნახევრად ცარიელი პარკინგი მარტვილის კანიონთან. გიდები ამბობენ, რომ წლის ამ დროს კანიონზე პარკინგის ადგილის პოვნა ჭირდა. ფოტო: ლაშა სილაგაძე
ბილეთებზე ფასის ზრდა არ არის ერთადერთი, რითიც უკმაყოფილოები არიან მოქალაქეები. სოფელ კინჩხის მოსახლეობა ითხოვს, რომ ჩანჩქერის ტერიტორიაზე ადგილობრივები უფასოდ შევიდნენ. ამ მიზნით მათ პეტიციაც შექმნეს, რომელსაც დღეისათვის 92 ხელმომწერი ჰყავს.
„6 მაისს, კინჩხას ჩანჩქერის გახსნის შემდეგ, ჩვენთვის, ადგილობრივებისთვის, ფასიანი გახდა იმ ადგილზე შესვლა, რომელსაც საკუთარ ხუთ თითზე უკეთ ვიცნობთ. იდენტური მდგომარეობაა გორდში – ოკაცეს კანიონზე. დღეები, როდესაც ჩანჩქერსა და კანიონზე თავისუფლად ჩასვლა და გადაადგილება შეგვეძლო, სადღაც გაქრა. წარმოუდგენლად მიგვაჩნია ადგილობრივი მოსახლეობისგან მოითხოვო 10 ლარი, რომ მშობლიურ ადგილზე მოხვედრა შეძლოს,“ – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციის ავტორი ფიქრია გელენიძეა. ის ამბობს, რომ პეტიციის შედგენა სოფელ კინჩხისა და გორდის მოსახლეობამ სთხოვა.
„ამ ადამიანებისთვის ეს ადგილები სოფლის შემადგენელი ნაწილია და იქ გადასაადგილებლად ყოველდღიურად ფულს ვერ გადაიხდიან,“ – ამბობს ფიქრია გელენიძე.
„გავეცანი პეტიციას და მინდა გითხრათ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ ახალია, როცა ეკოტურისტული ადგილი იხსნება. თუ გახსოვთ მარტვილზე ანალოგიური იყო. იყო სათაფლიაზეც პრობლემები, მაგრამ ობიექტის ამოქმედებიდან წელიწად-ნახევარში რადიკალურად იცვლება დამოკიდებულება.
კინჩხის ჩანჩქერზე ბილიკი მოწყობილია ისეთ ადგილას, სადაც ქვათაცვენა არაა, ასევე დაცულია მდინარის ადიდებისგან თუ სხვა საფრთხეებისგან. ამას გარდა, კინჩხის ტერიტორიაზე არის სხვა ადგილები, სადაც ადგილობრივებს შეუძლიათ თავად შესთავაზონ ტურისტებს ტურები და დამატებითი შემოსავალი მიიღონ. ულევ შესაძლებლობას იძლევა განვითარებისას. ის თემა, რომ მე აქ გავიზარდე, მე ასე ვიტყოდი, რომ საქართველოა მთლიანად და კახელი რატომ უნდა დაიჩაგროს კინჩხაში მაგალითად, თუ კინჩხელს უფასოდ შეეძლება შესვლა? პეტიციის მიუხედავად ფასი არ შეიცვლება და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იქნება ერთი და იგივე. გახსნის დღეს ჩანჩქერზე შესვლა გვქონდა უფასო. ყველა მაცხოვრებელი შევიდა და დაათვალიერა. ყოველდღე იქ სიარული რა აუცილებლობაა არ ვიცი. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, ჩვენ გვინდა ამ ხალხს მივაღებინოთ ამ ხალხს სარგებელი. აქტიურად ვმუშაობთ სარეკლამო მიმართულებით. ოკაცეს ჩანჩქერის განვითარებით კინჩხამ უკვე მიიღო სარგებელი. წარმოგედგინათ რომ კინჩხაში ვინმეს შეიძლება მიწა ეყიდა 70 ათას დოლარად ორი წლის წინ? ახლა სასტუმროსთვის მიწა იყიდა ინვესტორმა. ეს გამოიწვია იმან რომ იქ ორგანიზებული ტურიზმია და ეს მართულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, “ – ამბობს ნიკო თევდორაშვილი.
რა ღირდა შესვლა დაცულ ტერიტორიებზე და როგორ გაიზარდა ფასები 3 მაისიდან
მაგალითად, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მარშრუტზე, მარტვილის კანიონზე შესასვლელი ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 9 ლარიდან 10,35 ლარამდე გაიზარდა. უცხოელებს კი 15 ლარის ნაცვლად 17,25 ლარის გადახდა მოუწევთ.
მარტვილის, ოკაცეს კანიონის, სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმის სანახავად საქართველოს მოქალაქეებს 3 მაისამდე 34 ლარის გადახდა უწევდათ. ახლა კი იგივე ადგილების სანახავად 39,05 ლარის გადახდა უწევთ.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 3 მაისამდე ამ ოთხ ტურისტულ ადგილას შესვლა 65 ლარი უჯდებოდათ, გაძვირების შემდეგ კი იგივე ბილეთების ფასი 74,75 ლარი გახდა.
კიდევ ერთი ტურისტული ატრაქცია კინჩხას ჩანჩქერი 6 მაისს გაიხსნა. ჩანჩქერზე შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებმა 10,35 ლარი უნდა გადაიხადონ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კი 17,25 ლარი.
8 მაისს, „თავისუფალ ჟურნალისტთ სახლის“ ორგანიზებით, მედია-დისკუსია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების მაცხოვრებლებთან გაიმართა.
შეხვედრების მიზანი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირება იყო. შეხვედრების ფორმატი მოიცავდა მედიის წარმომადგენლების მონაწილეობას დისკუსიაში. ხაბელაშვილებში გამართული შეხვედრის მონაწილეები ამჯერად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი ივანე ბაკურაძე და „გაზეთ ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი ზოსიძე იყვნენ. თავდაპირველად მოქალაქეებს მედიის წარმომადგენლებმა თავიანთი მედია საშუალებების მუშაობის პრინციპები გააცნეს.
ივანე ბაკურაძე – ვცდილობთ, რომ გამოწვევები და საჭიროებები, რაც რეგიონს გააჩნია, მივიტანოთ იმ ადამიანებამდე, ვისაც ამ პრობლემების გადაჭრა შეუძლია. ჩვენი მიზანია თქვენგან მოვისმინოთ რა გამოწვევებია სოფელში, რეგიონში. ვაპირებ, მოვამზადო სიუჟეტი, რათა ბევრმა ადამიანმა გაიგოს თქვენს სოფელზე და თვითრეალიზაციის მეტი საშუალება გაგიჩნდეთ. სახელმწიფო ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემები მოაგვაროს. თქვენგან მივიღებთ ნებისმიერ რჩევას და შენიშვნას იმის თაობაზე, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს ისეთი ტელევიზია, რომელსაც დიდი სიამოვნებით გადართავთ და მიიღებთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ნაზი ზოსიძე – გაქვთ საშუალება, თქვენს წინაშე არსებული პრობლემების შესახებ ისაუბროთ და ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა უწყებას… „გაზეთ ბათუმელების“ წარმომადგენლის კითხვაზე – მიუწვდებათ თუ არა ადგილობრივებს ხელი ჯანდაცვის პროგრამებზე და რამდენად იციან ამ პროგრამების შესახებ, სოფლის მცხოვრებლებმა თქვეს, რომ ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ.
ივანე ბაკურაძე – ტურიზმთან დაკავშირებით როგორია თქვენი ხედვა, რა უნდა შეიცვალოს, რომ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს ხეობაში? თუ არის სოფელში მოწყობილი სახლები სათანადოდ, ტურისტები რომ მიიღოთ?
ზვიად ბოლქვაძე, ადგილობრივი მცხოვრები: სახლები არის მომზადებული, გასულ წელს ტურიზმის დეპარტამენტმა გადაიღო სოფელი ჩაქოხი. წელს კეთდება რაღაცეები, მაგრამ ტენდერი ჩავარდა, თვე-ნახევარში უნდა იყოს ცნობილი შედეგები და ველოდებით.
შეხვედრა სოფელ ხაბელაშვილებში
ივანე ბაკურაძე – ხეობაში რამდენი ადგილია, რაც ტურისტებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო?
ნოდარ ბერიძე, ადგილობრივი მცხოვრები: აქედან მთებში გადადიან. გომის მთაზე. პრობლემებია გზებზე – არ წმენდენ დროულად. არ არის სანიაღვრე არხები. გურიის მხრიდან ნებისმიერი მანქანა ადის გომის მთაზე, ჩვენი მხრიდან მხოლოდ სატვირთო მანქანა. ოთხი საათია საჭირო ქალაქიდან რომ წამოვიდეს ადამიანი.
ივანე ბაკურაძე – რა მეურნეობებია განვითარებული ძირითადად თქვენთან?
თამაზ ბერიძე – ძირითადად განვითარებულია მესაქონლეობა, მეთხილეობა, სიმინდისა და და თამბაქოს მოყვანა. ახალგაზრდებს არ სურთ მესაქონლეობაში ჩართვა, საკმაოდ შრომატევადი საქმეა და ალბათ მაგიტომ. არ გვაქვს ისეთი ადგილები, სადაც საქონელს გავუშვებთ და მარტივი იქნება მათი გამოკვება.
შეხვედრის დროს სოფლის შიდა გზის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც ერთ-ერთმა აქ მცხოვრებმა, თამაზ ბერიძემ აღნიშნა, ეს სამუშაოები სამი კილომეტრს მოიცავს და სკოლასთან სრულდება. იმისთვის, რომ გზა გომის მთის ასასვლელამდე მივიდეს, დამატებით ორი კილომეტრზე უნდა დაეგოს ასფალტი. მოსახლეობის სურვილია, რომ ხარისხიანი გზა გაკეთდეს.
სოფელ ხაბელაშვილებში გაზი არ მიეწოდებათ, შესაბამიდან ზამთარში გათბობისა თუ სხვა საჭიროებისთვის ისევ შეშას იყენებენ.
კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, ისევე როგორც აჭარის სხვა სოფლებში, ახალგაზრდების მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ გადინებაა. შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ძირითადად თურქეთში მიდიან სამუშაოდ.
ნოდარ ბერიძე კიდევ ერთ პრობლემას გვიზიარებს – ამბობს, რომ რთულია შეშის მოსაჭრელად ბილეთის მიღება. „ერთ დღეს უნდა აიღო ბილეთი, ახვიდე, მოჭრა შეშა და ჩამოხვიდე, ძალიან რთულია. ძალიან გვიან იძლევიან ბილეთებს, ნოემბრის დასაწყისში უკვე თოვს ტყეში“.
შეხვედრა სოფელ ხაბელაშვილებში
მოსახლეობა უნდობლობით უყურებს აგროსესხებს. შიშობენ, რომ მისი აღების შემთხვევაში თუ არ გაამართლა, გადახდას ვერ შეძლებენ.
შეხვედრა სოფლის კლუბში მიმდინარეობდა, სადაც მოუწესრიგებელი გარემო დაგვხდა. ჩვენს კითხვაზე როგორ წარმოუდგენიათ სოფლის განვითარება, ყველას ერთი მოსაზრება აქვს – მათ ტურიზმის განვითარების იმედი აქვთ. სურთ, რომ სოფელი და იქ არსებული ღირსშესანიშნაოებები ტურისტულ რუკაზე აისახოს. ამბობენ, რომ ტურისტები ხშირად დადიან. სოფელში გაჩერებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი სწორედ ამას უკავშირდება.
სოფლის სავიზიტო ბარათად ადგილობრივები კილომეტრ-ნახევარი სიგრძის ველობილიკს ასახელებენ, რომელიც მდინარის პირას გადის, აგრეთვე სამი საუკუნის თაღოვან ხიდსა და ე.წ. ჩაქოხის უბანსა.
ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემების განხილვისას, გვითხრეს, რომ სოფელში არ არის საფეხბურთო მოედანი. როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, არ აქვთ ტერიტორია, სადაც შეიძლება გაკეთდეს მოედანი.
___________
დისკუსია მომზადდაამერიკულიორგანიზაციის NED-ისდაფინანსებულიპროექტის„დემოკრატიულიიდეებისგანვითარება“ ფარგლებში.
დღეს, 18 მაისს, ბათუმში უნდა გამართულიყო საჯარო ლექცია – „17 მაისი – თავისუფლების ილუზია“. ლექციის ორგანიზატორი თავდაპირველად ამ ლექციის გამართვას ბსუ-ს 21-ე აუდიტორიაში გეგმავდნენ. წუხელ, ანუ 17 მაისს მათ ბსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ ლექციას ვეღარ ჩაატარებდნენ. ლექცია „იდენტობამ“ გადაიტანა საჯარო ბიბლიოთეკის ბათუმის ამერიკულ კუთხეში. ორგანიზატორის თქმით, ბიბლიოთეკის დირექტორმა დღეს მათ განუცხადა: „მთავრობის აპარატიდან უნდა ვიგებდე რა ტარდებაო“ და ბიბლიოთეკაში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობისა“ და „ანარესის აკადემის“ უკვე ჩაშლილი ლექციის მიზანი, როგორც მარიამ ქაჯაია „იდენტობიდან“ აცხადებს, იყო „კრიტიკული პერსპექტივა შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის ის, თუ როგორ უნდა იქნას დანახული ქვიარ ადამიანების პრობლემატიკა.“
მარიამ ქაჯაიას თქმით, ხანგრძლივი ბიუროკრატიული ხელშეშლების მიუხედავად, მოხერხდა და ლექცია თავდაპირველად, დაახლოებით ორი კვირის წინ, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ჩანიშნა.
„რუსთაველის უნივერსიტეტიდან წუხელ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მთელს უნივერსიტეტში ჩანიშნულია სარემონტო სამუშაოები. მე შევთავაზე, რომ თუ 21-ე აუდიტორიაში არის შეუძლებელი ლექციის ჩატარება, მაშინ გამოეყოთ სხვა კუთხე, რაზეც გვითხრეს, რომ ვერ იზამდნენ, რადგან სარემონტო/ტექნიკური სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი მთლიან უნივერსიტეტში წყდებოდა შაბათ-კვირას. შემდეგ დავუკავშირდით ამერიკულ კუთხეს, გავაცანით ჩვენი მიზანი და დაგვთანხმდნენ. დღეს კი გვიბარებს საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი და გვეუბნება, რომ ეს ვიწრო ჯგუფი არ აინტერესებს და არ ემსახურება მათ“ – აცხადებს მარიამ ქაჯაია.
„ბათუმელები“ „იდენტობის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა ბსუ-ს პრესცენტრს, სადაც გვითხრეს, რომ კომენტარს არ გააკეთებენ.
„ბათუმელები“ გადამოწმების მიზნით იმყოფებოდა ადგილზეც, ბსუ-ში. აღმოჩნდა, რომ ბსუ-ს 21-ე აუდიტორიაში არავითარი ტექნიკური და სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობდა.
ცარიელი 21-ე აუდიტორია ბსუ-ში. ფოტო გადაღებულია დღეს, 13:50 საათზე
რაც შეეხება ბიბლიოთეკას, ამ საჯარო სივრცის დირექტორმა, ინგა გოგიბერიძემ „ბათუმელებს“ თავდაპირველად განუცხადა: „საიდან მოიტანეთ, რომ არ ვუთმობთ იდენტობას სივრცეს“. ასევე კატეგორიულად უარყო, რომ „მთავრობის აპარატიდან დაურეკეს“.
შემდეგ კი ინგა გოგიბერიძემ თქვა:
„ამერიკული კუთხის ეს საჯარო ლექცია ჩემთან შეთანხმებული არ იყო. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ამერიკულ კუთხეში საპირფარეშოს ფანჯრის გაჭრა, გატეხვა. შაბათ-კვირას ვაკეთებთ, რომ მკითხველებს ხელი არ შეეშალოს. გაფრთხილებული იყო სალომე ჟორჟიკაშვილი, ზურაბ მესხიძე და მამუკა საფარიძე, მაგრამ მამუკას რატომღაც დავიწყებული ჰქონდა და ჩანიშნა ეს ლექცია. ჩვენ ჩანიშნული გვქონდა სარემონტო სამუშაოები. ამიტომ უარი ვუთხარით ამ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით. სხვა დროს ჩაატარებენ რა პრობლემაა“.
ფანჯარა ამერიკულ კუთხეში, რომლის „გატეხვასაც“ აპირებენ. ფოტო გადაღებულია 15:05 საათზე
მარიამ ქაჯაიას უარის მიზეზად ინგა გოგიბერიძე კიდევ ერთი მიზეზი – უსაფრთხოება დაუსახელა. დირექტორს მარიამ ქაჯაიამ შესთავაზა, რომ თუ მას ეშინია „მიმართავს პოლიციას და ლექციის დროს პერიმეტრს პოლიცია დაიცავს“, რაზედაც ინგა გოგიბერიძე თქვა: „არა. პოლიცია რაში მჭირდება“.
მარიამ ქაჯაია
მარიამ ქაჯაიას თქმით, დღევანდელი ფაქტის გამო ის აუცილებლად მიმართავს სახალხო დამცველს, ბსუ-ს და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინააღმდეგ დისკრიმინაციის დადგენის მოტივით.
17 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბათუმის ბულვარის წარსულის და თანამედროვეობის ამსახველი პირველი სამეცნიერო კონფერენცია და ფოტოგამოფენა გაიმართა.
ბულვარის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „ბათუმის ბულვარი, წარსული და თანამედროვეობა“ მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.
„ბათუმის ბულვარი, წარსული და თანამედროვეობა“ მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.
სამეცნიერო კონფერენცია ძველი და ახალი ბულვარის ამსახველი ფოტოგამოფენით გაიხსნა და ბულვარის შესახებ მოხსენებებით გაგრძელდა. სამეცნიერო კონფერენციამ მოიცვა ბულვართან დაკავშირებული ისეთი თემები, როგორებიცაა: ბულვარის ისტორია, მისი განვითარების რეტროსპერქტივა დაარსებიდან დღემდე, ბულვარის როლი ქალაქის ეკოლოგიისა და ბიო-მრავალფეროვნების შექმნაში, სახელმწიფო ენის გამოყენების პრაქტიკის ზოგიერთი სამართლებრივი ასპექტი ბათუმის ბულვარში, სამუზეუმო ფონდებში დაცული და ბულვარის განაშენიანებაში გამოყენებული ფრანგული წარმოების მებაღეობის იარაღები და სხვა.
სამეცნიერო კონფერენცია ბულვარის შესახებ
კონფერენცია დასრულდა ფოტოკოლექციონერ შოთა გუჯაბიძის მიერ ბულვარის შესახებ მომზადებული ვიდეო-რგოლებით. კონფერენციის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, ბათუმის ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავა. როგორც ირაკლი ჯინჭარაძემ აღნიშნა, ბულვარის თემატიკაზე მიძღვნილი მსგავსი სამეცნიერო კონფერენცია პირველად ტარდება ბათუმში და ეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ სამეცნიერო სტატიების ერთიან ფორმატში მოქცევისთვის, არამედ ბათუმის ბულვარზე დისკუსიების გასამართად, საინტერესო მოსაზრებების მოსასმენად და გასათვალისწინებლად.
ირაკლი ჯინჭარაძე, ბათუმის ბულვარის დირექტორი
„დაწყებულია მუშაობა ბულვარის კონსერვაციისა და განვითარების გეგმის ტექნიკურ დავალებაზე, ჩართულია და კონსულტაციას გვიწევს საქართველოში დარგის საუკეთესო სპეციალისტები. შესაბამისად, ბათუმის ბულვარში ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული გეგმის ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანია შემუშავდეს ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციისა და განვითარების კონცეფცია მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით და ხაზგასმით“ – განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.
ბულვარის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა ასევე თსუ-ს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა. მისი თქმით, უნივერსიტეტი ისტორიულად არის ბულვარის შემადგენელი ნაწილი და ქმნის ერთიან კულტურულ სივრცეს, რაც მთლიანობაში წარმოადგენს რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობას.
სამეცნიერო კონფერენცია ბულვარის შესახებ
„დღეს მნიშვნელოვანი ურთიერთობის ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი, რომელიც კიდევ უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან უნივერსიტეტისა და ბულვარის საქმიანობას, მით უფრო, რომ ბულვარის ისტორია და თანამედროვეობა მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული, ისე საგანმანათლებლო კუთხით” -აღნიშნა მერაბ ხალვაშმა.
სამეცნიერო კონფერენცია ბულვარის შესახებ
ბულვარის შესახებ სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეკრეაციული ზონისა და კულტურულის მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას მოემსახურება.
კონფერენცია „ბათუმის ბულვარი, წარსული და თანამედროვეობა“კონფერენცია „ბათუმის ბულვარი, წარსული და თანამედროვეობა“
ტოლერანტობის ინსტიტუტის 2019 წლის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში გამკაცრდა სახელმწიფო პოლიტიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საზღვრის გადმოკვეთისას.
სახელმწიფო, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში შემოსვლაზე დაუსაბუთებელ უარს ეუბნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საზღვრის გადმოკვეთაზე ყველაზე მეტი უარი ეთქვათ ირანისა და ინდოეთის მოქალაქეებს (ირანი – 3224, ინდოეთი – 2254). უარის თქმის საფუძვლებზე შსს სტატისტიკას არ აწარმოებს
TDI ინფოგრაფიკა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევიდან: „რასობრივი შეუწყნარებლობა და ქსენოფობია – უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში”.
ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 2016-2018 წლებში საქართველოში გამოვლინდა უცხო ქვეყნების (განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის) წარმომადგენლებისა და მიგრანტების მიმართ ძალადობის, აგრესიისა და ქსენოფობიის მზარდი ტენდენცია.
„ნეოფაშისტური და ულტრანაციონალისტური ჯგუფები საჯარო სივრცეში ხშირად ჩნდებიან და თავს ესხმიან კონკრეტული ეროვნებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანებს. ამ ჯგუფების აქტიურობა კი 2017 წლის ივლისის შემდეგ, აღმაშენებლის გამზირზე ორგანიზაცია „ქართული მარშის“ მიერ გამართული მსვლელობის შემდეგ გაიზარდა. ქსენოფობიური აქციის მთავარი მოწოდება ქვეყნიდან არალეგალურად მყოფი მიგრანტების გაძევება იყო“, – ნათქვამია კვლევაში.
ბათუმში, 18 მაისს, საღამოს 5 საათზე, გაიმართება საჯარო ლექცია – 17 მაისი – თავისუფლების ილუზია. ლექცია გაიმართება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, ამერიკულ კუთხეში [მისამართი: ვაჟა-ფშაველას 21].
ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ და „ანარესის აკადემია“. ლექციას წაიკითხავს ქვიარ აქტივისტი ანანო სურმავა. დასწრება თავისუფალია.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით „კითხვები, რომელსაც ლექციაზე ვუპასუხებთ არის ის, თუ როგორ გახდა 17 მაისი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი საქართველოში და ვისთვის არის ის მნიშვნელოვანი? არის თუ არა ხილვდობის პოლიტიკასა თუ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლას შორის სხვაობა და რომელი გზა გვჭირდება?“
ლექციის ჩატარება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო დაგეგმილი, თუმცა ორგანიზატორების თქმით მათ უნივერსიტეტიდან შეატყობინეს, რომ „ამ შაბათ-კვირას მოულოდნელად ჩაენიშნათ რემონტი მთელს უნივერსიტეტში, რის გამოც ხვალ სივრცეს ვეღარ გვითმობენ. ლექცია გაიმართება საჯარო ბიბლიოთეკაში, ამერიკულ კუთხეში“.
კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში დღეს, 17 მაისს, აჭარის მუზეუმში გამოფენა გაიმართა, სახელწოდებით “ძველი ბათუმი და ევროპული ინვესტიციები”. გამოფენაზე ძველი ბათუმის ფოტოები იყო წარმოდგენილი.
გამოფენა აჭარის მუზეუმის დირექტორმა თამარ ორაგველიძემ გახსნა და იმ ევროპელების შესახებ ისაუბრა, ვინც ბათუმის, როგორც ქალაქის ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა კი ევროინტეგრაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“ძალა ევროპაშია კამპანიის მთავარი მიზანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რატომაა მნიშვნელოვანი საქართველო გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. რა შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციამ. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ ეს წევრობა მოვიპოვოთ და ასევე ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეების კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რა ჯობია ევროპა თუ რუსეთი.
ამ კამპანიის განხორციელება იმიტომ გახდა მნიშვნელოვანი, რომ როცა სამი წლის წინ ეს დავიწყეთ, დავინახეთ რომ ჩვენს მოქალაქეებს ბევრი კითხვა აქვთ ამასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძლავრია რუსული პროპაგანდა და, სამწუხაროდ, არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უჯერებენ ამ პროპაგანდას და უჩნდებათ კითხვები, საით უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ მათ ვპასუხობთ – ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, ჩვენს ქვეყანაში იყოს დემოკრატიული სისტემები, გვინდა, რომ გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო, უკეთესი ეკონომიკა, მაღალი დონის განათლება, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ უფრო მაღალი პენსიები და ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ ვიქნებით ევროპული ტიპის სასამართლო,” – განაცხადა ეკა გიგაურმა.
კამპანია „ძალა ევროპაშია“ სამი წელია საქართველოში ტარდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას, ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გაერთიანებებში ინტეგრაციას. ასევე უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციის პროცესში.
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. პროგრამა საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 28 იანვარს დაამტკიცა. ცვლილებები კი, 14 მაისს შეიტანა.
ამ პროგრამის მიხედვით, 2019 წელს, მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო აპარატურითა და ავეჯით, ასევე საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვისთვის 8 448 300 ლარია გამოყოფილი. [სახელმწიფო პროგრამისთვის, რომელიც ზუგდიდის გარდა სხვადასხვა კლინიკების აღჭურვას თუ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებასაც ითვალისწინებს, მთლიანობაში 20 მილიონი ლარი გამოყოფილი].
ზუგდიდის რუხის კლინიკა, ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფო მართვაში მოიაზრება. ამ ოთხში ერთ-ერთი კი, მინისტრის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოა.
„საქართველოში უნდა შეიქმნას რამდენიმე სანიმუშო, ეტალონური კლინიკა, რომელიც იქნება სახელმწიფოს მართვაში, სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს კლინიკები იქნება: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო; საჩხერის სამედიცინო ცენტრი; ზუგდიდის რუხის კლინიკა, რომლის მშენებლობა ასევე სრულდება და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. მინიმუმ ეს ოთხი კლინიკა იქნება მოქცეული ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფო საკუთრებაში“, – განაცხადა 2018 წლის ნოემბერში „ბათუმელებთან“ დავით სერგეენკომ.
„ბათუმელები“ ამჯერად აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ზაალ მიქელაძეს დაუკავშირდა. მინისტრმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ არის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ოთხი კლინიკის აღჭურვა ერთიან ჭრილში განიხილება და მასში აჭარის მთავრობის წარმომადგენელიც იქნება ჩართული.
„ეს პროგრამა, რაც თქვენ ახსენეთ, მართალია მე არ მინახავს, მაგრამ არ იქნება ის, რაც დასახელებული ოთხი საავადმყოფოს აღჭურვას ემსახურება. ეს შესაძლოა მშენებლობის დასრულებისთვის დასჭირდათ. 8 მილიონი არ არის ის თანხა, რაც რუხის კლინიკის აღჭურვისთვისაა საკმარისი, ვინაიდან ამ კლინიკის პროფილი უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი კლინიკის. ჩვენს კლინიკაში არ იქნება მაგალითად რადიოლოგია და ონკოლოგია, რაც აქვს ზუგდიდის კლინიკას. ამასთან, ჩვენ გარკვეული აპარატურა გვაქვს, მაგრამ საავადმყოფოს სრულად აღჭურვას, წინასწარი გათვლებით მაინც საკმაო ფინანსები დასჭირდება“, – ამბობს ზაალ მიქელაძე.
ბათუმის ახალი კლინიკის აღჭურვას „ბათუმელების“ ინფორმაციით დაახლოებით 35 მილიონი ლარი მაინც დასჭირდება.
ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს საავადმყოფოს ახალი შენობის მიღება-ჩაბარების პროცედურების გავლა, რაშიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც იქნება ჩართული. ახალი შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ უნდა ჩაიბაროს.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მშენებელ კომპანიასა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონს“ შორის დადებული ბოლო შეთანხმებით 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
გარდა ამისა, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის პროექტი 2 მილიონზე მეტი ლარით გაძვირდა. შესაბამისად, მშენებლობა აჭარის ბიუჯეტს, საბოლოოდ, 25 768 251 ლარი დაუჯდება. ამ თანხის 99% [25 638 788 ლარი] მშენებელი კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია.
თორნიკე ონიანი ბოლნისის პოლიციის უფროსი აღარ არის. ამის შესახებ „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს. თორნიკე ონიანი ბოლნისში პოლიციას ხელმძღვანელობდა, სადაც 16 წლის ბიჭი აწამეს, სცემეს, ხელი მოტეხეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. ამ საქმეზე ამ დრომდე დასჯილი არავინაა. მსხვერპლი ბიჭი ამბობს, რომ მას უშუალოდ პოლიციის უფროსმა სცემა.
„ასეთი ამბავი უახლოეს ისტორიას არ ახსოვს, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში. პროკურატურა ადასტურებს წამების ფაქტს და არავის იჭერს… თორნიკე ონიანი უნდა დაეჭირათ იმ პოლიციელებთან ერთად, ვინც ეს ჩაიდინეს. თუ ამას გამოძიების დაწყებიდან 6 თვეში არ გააკეთებენ, მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს არაეფექტური გამოძიების კუთხით,“ – ამბობს დაზარალებულად ცნობილი ბიჭის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.
ეს შემთხვევა ბოლნისში 2018 წლის 13 თებერვალს მოხდა. 16 წლის ბიჭი წამების ფაქტზე დაზარალებულად პროკურორმა გიორგი ლომჯარიძემ 10 აპრილს მიიჩნია. პროკურორი დადგენილებაში წერს, რომ 12 თებერვალს 16 წლის თ.ა.-მ ძვირფასეულობის მაღაზია გაქურდა, მეორე დილით კი, სკოლის ეზოში მასთან პოლიციელები მივიდნენ. პროკურორი წერს, რომ ბიჭი პოლიციელებმა მანქანაში ძალით ჩასვეს.
„…პოლიციელები მას აგინებდნენ ჩადენილი ქურდობის გამო და ურტყამდნენ ხელებს თავის არეში. მისი ცემა და გინება გაგრძელდა პოლიციის შენობაში მიყვანის შემდეგაც. პოლიციელები მას აფურთხებდნენ, ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, თავში ურტყამდნენ პლასტმასის ბოთლს, რომელშიც იყო ყინული,“ – წერია პროკურატურის დადგენილებაში.
„დადგენილებაში პროკურორი აღწერს საქმის იმ მასალებსაც, რომლის მიხედვითაც პოლიციის შენობაში ბიჭს შარვალი ჩახადეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ, მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს, დააგდეს და ხელი მოტეხესო… 10 აპრილს რომ ამას წერს პროკურორი, 11 აპრილს რატომ არ დააკავეს თორნიკე ონიანი? მით უმეტეს მაშინ, როცა დადგენილია, რომელმა პოლიციელებმა დააკავეს ეს ბიჭი და ვინ მიიყვანა საავადმყოფოში ხელის მოტეხილობით და რენტგენის ფულიც ვინ გადაუხადა,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.
ადვოკატი წინა ხელისუფლების დროს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მოგებულ საქმეს იხსენებს – „გიორგი მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. მაშინ საქართველოს პროკურატურა ირწმუნებოდა, რომ ბრალდებულმა პოლიციის განყოფილებაში თვითდაზიანება მიიყენა.
„აქ კი პირდაპირ ამბობს პროკურორი, რომ პოლიციელებმა აწამეს ადამიანი… სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა მკაფიო და ხისტია ამ მიმართულებით – როცა ადამიანი შედის საღსალამათი პოლიციის განყოფილებაში და იქედან გამოდის დაზიანებებით, ყველა შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება პოლიციას. თუ თვითდაზიანებას მიმართავს დაკავებული, დაადე ხელბორკილი… გამოდის, რომ ადამიანი აწამეს პოლიციელებმა, შსს და პროკურატურა კი დამნაშავეებს ხელს აფარებს,“ – მიიჩნევს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი.
სამართალდამცავ ორგანოების უმოქმედობაზე საუბრობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი როლანდ ასაკიშვილი. ის 2016 წლიდან გიორგი ადეიშვილის ინტერესებს იცავს. ამ საქმეშიც თორნიკე ონიანი ფიგურირებს. მაშინ გიორგი ადეიშვილი ამბობდა, რომ ისანი სამგორის მეორე განყოფილების უფროსი, თორნიკე ონიანი მას პოლიციასთან თანამშრომლობას აიძულებდა, უარის მიღების შემდეგ კი, „ნარკოტიკი ჩაუდეს“. ფაქტის მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ დაიწყო.
„გეინსპექციას ერთი მოქმედებაც კი არ ჩაუტარებია… პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და დაკითხეს, როგორც გიორგი, ასევე თორნიკე ონიანი, თუმცა დღემდე ეს გამოძიება გრძელდება და კონკრეტული შედეგი არ დადებულა. გასულ წელს მოგვწერეს პროკურატურიდან, რომ მიმდინარეობს გამოძიება, სხვა არაფერია ცნობილი,“ – გვითხრა როლანდ ასაკიშვილმა. მისივე თქმით, მარიხუანა გიორგი ადეიშვილს თბილისის ზღვაზე ჩაუდეს, სადაც ვიდეო კამერებია დამონტაჟებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი არცერთ კამერაში არ იყო. გამოძიებამ ასევე უარი თქვა ჩხრეკის დროს ამოღებული მარიხუანას შეფუთვაზე დნმ ექსპერტიზის ჩატარებაზე. გიორგი ადეიშვილი სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა ამ კუთხით შეცვლილი კანონმდებლობის მიზეზით მისთვის სასჯელი არ დაუკისრებიათ – გიორგის მხოლოდ 5 წლით ჩამოართვეს ავტომანქანის მართვის მოწმობა.
დამნაშავე რომ არ დაისაჯოს, ამ რისკს ხედავს როლანდ ასაკიშვილი 16 წლის ბიჭის საქმეშიც, რადგან საქმე პოლიციელებს ეხება. პოლიციელების წინააღმდეგ 2016 წელს დაწყებულ გამოძიებას კი არაფერი უთქვამს და თორნიკე ონიანი საბურთალოს განყოფილებიდან ბოლნისის პოლიციის უფროსად გადაუყვანიათ.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესცენტრის ინფორმაციით, თორნიკე ონიანი ამ უწყებაში აღარ მუშაობს. აქ არ დაგვიკონკრეტეს, როდის გათავისუფლეს თორნიკე ონიანი თანამდებობიდან. ამავე უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიებას შესაძლო გადაცდომის შესახებ პროკურატურა აწარმოებს.
რატომ ვერ გამოიძია აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თორნიკე ონიანთან დაკავშირებული წინა შემთხვევა, რომელიც 2016 წელს მოხდა? – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნა არსებობს და მის მისაღებად უწყებას საჯარო ინფორმაციით უნდა მივმართოთ.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 28 წლის თორნიკე ონიანი ბოლნისის პოლიციის უფროსი გასული წლის დეკემბერში გახდა. 2018 წელს ის პოლიციის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა, მანამდე კი – აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
განათლების სამინისტრომ პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგების სამსახურიდან წასვლის მექანიზმი შეიმუშავა. ამ გეგმის განხორციელება სახელმწიფოს მინიმუმ 100 მილიონი ლარი დაუჯდება. აქვს თუ არა კრიზისის დაძლევის გეგმა სამინისტროს იმ შემთხვევაში, თუკი პენსიონერი პედაგოგების დიდი ნაწილი დათანხმდება ჯილდოს აღებას და დატოვებს სკოლას? სკოლებში ახალი კადრების შეყვანის რა ვერსიებს განიხილავენ და როგორია პროფესიაში დარჩენის მსურველი პრაქტიკოსი მასწავლებლების სტატისტიკა? „ბათუმელებთან“ ამ საკითხებზე მანანა რატიანი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე საუბრობს.
ქალბატონო მანანა, თუ აქვს სამინისტროს კონკრეტული გეგმა იმ დეფიციტის შესავსებად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პენსიონერი მასწავლებლების სკოლიდან გასვლის შემდეგ?
დღევანდელი სტატისტიკით, სკოლებში 33 ათასამდე პრაქტიკოსი მასწავლებელი მუშაობს, აქედან 11 ათასამდე პენსიონერია. შეთავაზება, რომ აიღონ ორი წლის ჯამური ხელფასი და დატოვონ სკოლა, მხოლოდ პრაქტიკოს მასწავლებლებს გაუკეთდა, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, თუკი მათ შორის არიან საპენსიო ასაკის, ჩვენ ვთავაზობთ გაზრდილ ანაზღაურებას.
საპენსიო ასაკის პედაგოგი, რომელიც დაადასტურებს კომპეტენციას, დარჩება სკოლაში, მიიღებს 150 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას და შეუძლია ხელფასის პარალელურად აიღოს პენსიაც.
პრაქტიკოსების ნაწილი არის საქალაქო დასახლებებიდან და, შესაბამისად, ასეთ დასახლებებში ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებს აქვთ არასრული განაკვეთი. ამიტომ, პირველ ხანებში შესაძლებელია ამ კრიზისის შევსება საათობრივი განაკვეთით, მეორე შემთხვევაში, გვაქვს არაერთი პროგრამა და შესაძლებელია კრიზისის წარმოშობის შემთხვევაში მათი გამოყენება. ვნახავთ, რამდენი გაივლის რეგისტრაციას ჯილდოს მისაღებად და ამის მიხედვით გავაკეთებთ იმ ადამიანების მობილიზებას, რომლებსაც აქვთ კვალიფიკაცია და სწავლების ხარისხს არ დააგდებენ.
რომელ პროგრამებს გულისხმობთ?
ეს არის პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“, რომელიც მაღალმთიან რეგიონში არაქართულენოვან სკოლებში უშვებს კადრებს, ასევე, მაძიებლობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდების სკოლებში შეყვანას. ამ პროგრამით მოსარგებლე პირებს სწავლების პარალელურად დავეხმარებით, რომ პროფესიულადაც განვითარდნენ.
პრაქტიკა აჩვენებდა, რომ მთის სკოლებში წასვლის სურვილს ნაკლები პედაგოგი გამოთქვამდა. რას შესთავაზებთ ასეთ შემთხვევაში მათ მოტივაციისთვის?
გვიგზავნიდნენ კადრებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებდით დეფიციტის დაკმაყოფილებას სრულად, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი ეს იყო დაბალი ბიუჯეტი და მეორე მიზეზი იყო მცირე საათები – არ ითვალისწინებდა სრულ დატვირთვას. ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვახერხებდით მასწავლებლის გაშვებას მთის სკოლაში, რადგან არახარჯთეფექტური იყო პროგრამა. ამიტომ, გარკვეულ რეგიონებში ინგლისურის მასწავლებლების გაშვებას ვერ ვახერხებდით. ამ შემთხვევაში ავამოქმედეთ დისტანციური პროგრამა, რომლის პილოტი აჭარის ორ სკოლაში დავნერგეთ.
უნივერსიტეტიც ამზადებს 60-კრედიტიანი პროგრამით ან მილევადი მაინორ პროგრამით ადამიანებს, რომლითაც შეუძლიათ სკოლაში შესვლა. ეს ყველა გარე პროგრამა და სამინისტროს დაქვემდებარებული ჩვენი ცენტრის პროგრამები იმუშავებს. ასევე, გაცხადებული იყო, რომ იმ პედაგოგებს, რომლებიც კომპეტენციას ვერ ადასტურებენ, კრიზისის შემთხვევაში ხელშეკრულება გაუფორმდეთ და დარჩნენ სკოლაში. ჩვენი მიზანია, სწავლების უფლება არ შეეზღუდოთ მოსწავლეებს და საგნები კვალიფიციურმა კადრებმა ასწავლონ.
გარკვეულ სკოლებში ერთი პედაგოგი რამდენიმე საგანს ასწავლის. თუკი ასეთი პედაგოგი წავა სკოლიდან, იქ რა იქნება. თუ გაქვთ შესწავლილი ასეთი სკოლების რაოდენობა რამდენია?
ჩვენ ვიმუშავებთ ყოველ კონკრეტულ ვაკანსიაზე, რომ მაქსიმალურად შევძლოთ კადრებით დაკმაყოფილება. ბევრი ახალგაზრდა გვირეკავს და სურვილი აქვთ, რომ სკოლაში დაიწყონ მუშაობა.
ალბათ, ქალაქზეა მოთხოვნა, თუ სოფლის სკოლებშიც სურთ მუშაობა?
განსხვავებული მოთხოვნებია. ყველანაირი რეკავს. პროგრამის გარეშეც შეიძლება ბევრი დაინტერესდეს ვაკანსიებით, რადგან გაზრდილია ანაზღაურება და მეორე მხრივ, თუკი სკოლები თვითონ ვერ მოახერხებენ შეავსონ ვაკანსიები, ჩვენ დავეხმარებით პროგრამებით.
თუ გაქვთ ზუსტი მონაცემები, რამდენ ადამიანს სურს სკოლაში დასაქმება?
ამ ეტაპზე ეს სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა ჩვენ მოვემზადებით სექტემბრისთვის და გვექნება ეს რეესტრიც.
ჯილდოზე როცა ვსაუბრობთ, რამდენი ლარიდან იწყება ათვლა და დაახლოებით რამდენი ლარი უჯდება ბიუჯეტს ამ ჯილდოს გაცემა?
ათვლა ხდება იქედან, რამდენ ლარსაც იღებს კონკრეტული პედაგოგი. პრაქტიკოსი მასწავლებლის საბაზო ხელფასი 405 ლარია. ზუსტად რა ბიუჯეტზეა საუბარი, ვერ გეტყვით, 2019 წლის ბიუჯეტში ეს თანხა არ იყო, თუმცა მოლაპარაკებები არის მთავრობასთან და, შესაბამისად, ამ თანხებს მოვიძიებთ. დაფინანსება შესაძლებელი რომ არ ყოფილიყო, არც შეთავაზება იქნებოდა.
როგორია მოლოდინი, პენსიონერი პედაგოგების დაახლოებით რამდენი პროცენტი დატოვებს სკოლას?
ძნელია წინასწარ თქმა, თუმცა ჯილდოთი ასივე პროცენტმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა რომც ისარგებლოს, ჩვენ გვაქვს მზაობა.
წელს ბევრი მასწავლებელია დაინტერესებული სტატუსის ამაღლებით. რით არის ეს გამოწვეული? კომპეტენციის დადასტურების ახალი მოდელი ხომ არ აშინებთ?
გრძელვადიან გეგმებზე ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე მთავრობასთან გადაგზავნილია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს მოპოვებული სტატუსის შენარჩუნებას. იმედია, მთავრობის უახლოეს სხდომაზე ეს დამტკიცდება.
2020 წლიდან როცა ამუშავდება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი, რომელიც სქემას ჩაანაცვლებს, იქნება სხვა ტიპის ვალდებულებები. სტატუსის მოსაპოვებლად პედაგოგს მოუწევს კომპლექსური შეფასების გავლა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილში. დეტალებზე ვიმსჯელებთ ექსპერტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.
როგორც ვიცი, გარე დაკვირვება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კრედიტის დასაგროვებლად. ეს კომპონენტი ახალი სქემითაც ნარჩუნდება, თუ შეიცვლება?
სახეცვლილი იქნება ფორმატი. კონცეპტუალური დოკუმენტი შემუშავებულია, თუმცა დეტალებზე ნაადრევია საუბარი. გარკვეული სახეცვლილება შეიძლება მოხდეს.
“ამ კადრში ხედავთ, რომ ჰოსტელში შესვლის ინიციატორები ბრალდებულები არ ყოფილან, იქ ჯერ თავად დაზარალებული შედის…” – მიმართა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მოსამართლე ლევან გელოვანს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 მაისს პროკურატურის ბოლო მტკიცებულება – ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოიკვლიეს.
საუბარია გასული წლის 4 დეკემბერს ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელის ძარცვაზე. ეს ჰოსტელიც იმ შენობაშია, სადაც პოლიციის მე-6 განყოფილებაა განთავსებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ჰოსტელში პოლიციელების სახელით შევიდნენ და თქვეს, რომ ნარკოტიკს ეძებდნენ, შემდეგ კი რუს ტურისტს ძვირადღირებული მობილური ტელეფონი წაართვეს.
გამოძიება ბრალდებულებს ჯგუფურად ძარცვას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. ერთ-ერთი მათგანი ბ. მუსაევი რუსეთის მოქალაქეა. დიეგო ბ. კი ბათუმში ცხოვრობს.
ვიდეოკადრების მიხედვით, ჰოსტელიდან გამოსული მამაკაცი ტროტუარზე სავარაუდო ბრალდებულებს ესაუბრება. გასაუბრების შემდეგ ჰოსტელში ჯერ დაზარალებულად ცნობილი ტურისტი შედის, შემდეგ – ბრალდებულები.
დაზარალებულად ცნობილი ტურისტების თქმით, ჰოსტელში შესულმა ადამიანებმა მათი გაძარცვა გადაწყვიტეს და ერთ-ერთ ტურისტს ძვირადღირებული მობილური ტელეფონი წაართვეს. ჰოსტელის შიგნით ვიდეოკამერა დამონტაჟებული არ იყო.
“ეს ხომ აბსურდია, ჩემს შვილს მობილური წაერთმია იქ ტურისტისთვის და საკუთარი ადგილზე დაეტოვებია?” – კითხულობს ბრალდებულ დიეგო ბ.-ს დედა, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა.
დიეგოს საკუთარი აიფონი მართლაც დარჩა ჰოსტელში, თუმცა პროკურორის ვერსიით, ეს სიჩქარის გამო მოხდა.
“ნახეთ, ამ კადრში ბრალდებული გარბის…” – მიუთითა პროკურორმა ლევან მურვანიძემ მოსამართლეს ჰოსტელის წინ ღამით გადაღებულ კადრზე.
ბრალდებულების ახლობლების მტკიცებით, დიეგო და მუსაევი ჰოსტელში მარიხუანას მოსაწევად უცხოელმა ტურისტმა თავად შეიპატიჟა, შემდეგ კი ჩვეულებრივი სიგარეტი შესთავაზეს, რის გამოც იკამათეს და ჰოსტელი დატოვეს.
“მაშინ რის გამო გარბის დიეგო ბ.?” – ვკითხეთ მის უფლებათადამცველ ჯემალ კიკნაძეს.
“რეალურად ის დაიბნა, რადგან პოლიციას დაურეკეს… დიეგოს ეგონა, რომ მის მეგობარს რჩებოდა მობილური და წამოიღო, შემდეგ ხვდება, რომ ასე არაა და ტელეფონს იქვე, ხის ძირას დებს…”- გვითხრა ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ.
ადვოკატების მტკიცებით, კონფლიქტის მთავარი მიზეზი ენობრივი ბარიერი იყო.
“სად ჩანს აქ თარჯიმანი, რომელიც პოლიციელების თქმით, თითქოს დაკავების ადგილზე მოვიდა?” – იკითხა ერთ-ერთმა ბრალდებულმა. მისთვის პროკურორს არ უპასუხია.
შემდეგ პროცესზე მოსამართლე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გაეცნობა და ამით არსებითი განხილვა დასრულდება.
„და ჩვენ ვიცეკვებთ“ ეროვნებით ქართველი შვედი რეჟისორის, ლევან აკინის გეითემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმია, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ფრანგულ და ინგლისურენოვან მედიაში ფილმის არაერთი რევიუ გამოქვეყნდა, სადაც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფილმი უაღრესად ბუნებრივ, რეალურ შთაბეჭდილებას ტოვებს და დაცლილია პროვოკაციულობისგან. გამოცემა Franceinfo-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს არის ფილმი ჰომოსექსუალობასა და ნაციონალურ ცეკვაზე არატოლერანტულ საქართველოში.
გამოცემა წერს, რომ ფილმი დაცლილია კლიშეებისგან, რომელსაც გეითემატიკაზე გადაღებულ ფილმებში ვხვდებით და აჩვენებს ეგზოტიკურ გარემოს: მოულოდნელ და შთამბეჭდავ ღიაობას ტრადიციული ქართული ცეკვის წრეში.
„გულწრფელი და რეალურია ფილმის ყველა პერსონაჟი. სცენების ბუნებრიობა კინემატოგრაფიული გადატვირთვის გარეშეა მიღწეული.
„და ჩვენ ვიცეკვებთ“ ბუნებრივი შარმით გაჯერებული ფილმია, რომლის ყურებაც არ გბეზრდება. მოქმედება ცეკვის რეპეტიციებზე ვითარდება, უკომპრომისო, ტირანიის ზღვარზე მყოფი მასწავლებლის თვალწინ.
ფილმში ტრადიციული ქორეოგრაფიის სამსახურში ჩამდგარი სხეულების „გამოფენის“ მრავალი სცენაა, ეროტიკული სცენები კი ისეა გადაღებული, რომ ყველა ნიუანსი დაცლილია პროვოკაციულობისგან. ფილმის არც ერთი დეტალი არავის განსჯის ოდნავ სურვილსაც კი არ აღუძრავს მაყურებელს“, – წერია რევიუში.
კანის ფესტივალის საზოგადოებას ოფიციალური გამოსვლისას ფილმის რეჟისორმა ლევან აკინმა უთხრა, რომ საქართველოში, ამ წრეებში თემა უჩინარია და ქვიარ ადამიანებზე ზეწოლა დიდია.
ფილმის იდეა ,,და ჩვენ ვიცეკვებთ“ რეჟისორ ლევან აკინს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რამდენიმე წლის წინ მან საინფორმაციო საშუალებებით ნახა, თუ როგორ სცემეს თბილისში ჰომოსექსუალებს, რომლებსაც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა სურდათ.
მთავარი გმირი, მერაბი (ლევან გელბახიანი) მოცეკვავეა, რომელმაც მთელი ცხოვრება ცეკვას მიუძღვნა. ბავშვობიდან მარისთან ერთად ცეკვავს წყვილში, ვის როლსაც მსახიობი ანა ჯავახიშვილი ასრულებს. მათ შორის არის რაღაც ურთიერთობა, რაც სექსუალურ კავშირამდე ჯერ არ მისულა.
სწორედ ამ დროს მოდის ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლში ქარიზმატული ირაკლი (ბაჩი ვალიშვილი), რომელიც მერაბს მოხიბლავს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი, რომელშიც ოთხი კომპანია მონაწილეობდა, სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ხელახალი ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება.
ფერიაში ახალი სკოლის მშენებლობისთვის თავდაპირველად 3 794 100 ლარი იყო გათვალისწინებული, შემდეგ ეს თანხა კომისიამ 3 742 470 ლარამდე შეამცირა, „ვინაიდან ხარჯთაღრიცხვაში იყო უზუსტობები“. ამჯერად, განმეორებით ტენდერში კი სავარაუდო ღირებულებად 3 752 100 ლარია განსაზღვრული. ახალი სკოლის შენობა ოთხსართულიანი იქნება და ის 430 მოსწავლეზეა გათვლილი.
რატომ შეწყვიტა კომისიამ წინა ტენდერი
2019 წლის 31 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა, რომლებიც მომსახურებას სამინისტროს სხვადასხვა ფასად სთავაზობდნენ: „დამბა“ – 3 447 000 ლარი, „მტმ“ – 3 222 222 ლარი, „ჯი ინშაათ“ – 2 993 977 ლარი და „ანანა“ – 2 993 977 ლარი.
ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებები ორმა კომპანიამ დავების საბჭოში გაასაჩივრა.
„გამომდინარე იქედან, რომ დავების საბჭოს გადაწყვეტილებებით გაუქმდა სატენდერო კომისიის ერთი გადაწყვეტილება, ხოლო ამავე ტენდერში სატენდერო კომისიას დაევალა შემდგომი გადაწყვეტილების გადასინჯვა, სატენდერო კომისიამ პირველ ეტაპზე გააუქმა ეს გადაწყვეტილებები და შესაბამისად გაუქმდა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის ჩანაწერებიც. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სატენდერო კომისია ვერ იმსჯელებს ზემოაღნიშნული პრეტენდენტების [„ჯი ინშაათის“ და შპს ,,მტმ“-ის] სატენდერო წინადადებებზე ერთდროულად, რადგან საერთო გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია“ – აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.
ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ ამავე ტენდერზე დისკვალიფიკაცია მიეცა პრეტენდენტს შპს ,,ანანა“-ს იმავე საფუძვლით, რა საფუძველიც არასწორად მიიჩნია დავების საბჭომ, „თუმცა აღნიშნულ პრეტენდენტს ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია“.
სატენდერო კომისიის ინფორმაციით, სატენდერო პირობების 2.6.1. პუნქტის ჩანაწერი, რომელიც გახდა სადავო, ითვალისწინებდა შემდეგს: „პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საბანკო დაწესებულებიდან, რომ გააჩნია არანაკლებ 300 000 ლარის ფინანსური რესურსი. ინფორმაცია გაცემული უნდა იქნას ტენდერის გამოცხადების შემდეგ პერიოდში. პრეტენდენტი ვალდებული იქნება შემსყიდველის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში დაზუსტების ეტაპზე წარმოადგინოს განახლებული ინფორმაცია ფინანსური რესურსის შესახებ. ამ შემთხვევაში ინფორმაცია გაცემული უნდა იყოს არაუადრეს მოთხოვნის დღისა.“
სატენდერო კომისია ოქმში განმარტავს, თუ რას გულისხმობდა აღნიშნულ ჩანაწერში: „პრეტენდენტმა მინიმუმ ორჯერ უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია – პირველად სატენდერო წინადადების წარმოდგენის დროს, მეორედ – დაზუსტების ეტაპზე. მსგავსი ჩანაწერის მიზანი იყო, რომ პრეტენდენტს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონოდა საჭირო ფინანსური რესურსი პროექტის განსახორციელებლად და არა მხოლოდ ერთჯერადად, დოკუმენტის წარმოდგენის დროისათვის. მაგ: კომპანიამ შესაძლებელია რამდენიმდე საათით განათავსოს თანხა ანგარიშზე მხოლოდ იმისათვის, რომ წარმოდაგინოს ცნობა და ცნობის მოპოვებისტანავე დააბრუნოს თანხა, ხოლო თუ მას ორჯერ ექნებოდა ეს ცნობა წარმოსადგენი, შესაბამისად მცირდება მსგავსი ფაქტის შესაძლებლობა“.
კომისია ტენდერის შეწყვეტას შემდეგნაირად ასაბუთებს: „პროექტის წარმატების განხორციელების მიზნით მნიშვნელოვანია პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობის დადგენა და მხოლოდ იმის გამო, რომ სატენდერო პირობებში ვერ მოხდა ზუსტად და ცალსახად მოთხოვნის გაწერა, რაც დადასტურდა დავების საბჭოს გადაწყვეტილებებითაც, საფრთხე არ უნდა შეექმნას პროექტის განხორციელებას. შესაბამისად, მიზანშეწონილია შეწყდეს ელექტრონული ტენდერი, რის შემდეგაც იგი ხელახლა გამოცხადდეს დაზუსტებული სატენდერო პირობებით, მათ შორის დავების საბჭოს გადაწყვეტილებებში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით. გამომდინარე აქედან, პრეტენდენტების სატენდერო წინადადებების ხელახალი განხილვა ვეღარ განხორციელდება“.
ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში 2.6.1. პუნქტის ჩანაწერი სატენდერო კომისიამ შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
„პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქართველოს საბანკო დაწესებულებიდან, რომ გააჩნია არანაკლებ 300 000 ლარის ფინანსური რესურსი (ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ). ინფორმაცია გაცემული უნდა იქნას ტენდერის გამოცხადების თარიღიდან წინადადებების მიღების დასრულების დღის ჩათვლით პერიოდში. (ფინანსურ რესურსად არ ჩაითვლება ინფორმაცია, თუ საბანკო დაწესებულება გასცემს ცნობას ფინანსური რესურსის შესახებ გარკვეული პირობების გათვალისწინებით).
პრეტენდენტი ვალდებული იქნება შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოადგინოს განახლებული ინფორმაცია იგივე ოდენობის ფინანსური რესურსის შესახებ. ამ შემთხვევაში ინფორმაცია გაცემული უნდა იყოს არაუადრეს მოთხოვნის დღისა.
იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებასთან ერთად არ იქნება წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ინფორმაცია სატენდერო პირობების შესაბამისად, ასევე თუ პრეტენდენტი არ წარმოადგენს დაზუსტების ეტაპზე განახლებულ ინფორმაციას, აღნიშნული ინფორმაცია არ ექვემდებარება დაზუსტებას და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას“.
წინა ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სატენდერო კომისიამ 2019 წლის 6 მაისს შეწყვიტა.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 17 მაისს, ბათუმში ყოფნისას განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
„არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც ტარდება არჩევნები, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მას სჩვევია, ცდილობს თავისი აგრესიით, თავისი რიტორიკით შეიტანოს დაძაბულობა საზოგადოებაში, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა პრემიერმა.
ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრემიერს საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებებზე, სადაც ის სახელმწიფო უწყებებში კორუფციაზე საუბრობდა.
მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ კონკრეტული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ხელისუფლება იქნება ძალიან მკაცრი: „ჩვენ მართვაში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები, მაგრამ ბოლო კვარტალის შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს პროგრესი. ქობულიას რაც შეეხება, მრჩება განცდა, რომ გარკვეულწილად გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი“.
პრემიერმა ასევე ისაუბრა განათლების ბიუჯეტზე, რომელიც მისი თქმით, სამი მილიარდი ლარი უნდა გახდეს:
„ჩვენ გვაქვს გაცხადებული სტრატეგია, ეს არის ეროვნული იდეა განათლების სახით და ამ იდეის რეალიზაციას უზრენველვყოფთ. ტექნოლოგიური ქალაქიც, რომელსაც ბათუმში ვაშენებთ, ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება. წელს განათლების ბიუჯეტი არის მილიარდ 600 მილიონი, მომავალ წელს იქნება ორი მილიარდი, 2021 წელს იქნება ორ მილიარდ-ნახევარი და შემდეგ წელს კი ბიუჯეტის მეოთხედს მიაღწევს. ეს ინიციატივაც შეტანილია საქართველოს პარლამენტში და იმედია, იქნება მიღებული“.
ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობა, როგორც პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადეს, წელს დაიწყება.
ბათუმის კულტურის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 2019 წლის 26 მაისს, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად ევროპის მოედანზე გაიმართება. ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 80 ათასი ლარის დახარჯვას კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე გეგმავს. შესაბამისი თანხმობისთვის ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორც კულტურის ცენტრის განაცხადშია აღნიშნული, „სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობდა ღონისძიების ცენტრალურ საორგანიზაციო კომიტეტთან. ჩვენი პროექტის საბოლოო შეთანხმება კი სიტყვიერად მოხდა 11 მაისს. თავიდან ღონისძიება ტრადიციულად დაგეგმილი იყო ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა აღნიშნულ ადგილას დაიგეგმა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები და შეიცვალა ლოკაციის ადგილიც – ევროპის მოედანი, რამაც გამოიწვია რიგი დეტალების, აქტივობების და შესაბამისად ხარჯთაღრიცხვის ცვლილება“.
კულტურის ცენტრის ინფორმაციით „ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურების და სამუშაოს შესყიდვის ჩატარება ტენდერის პროცედურების საშუალებით შეუძლებელს გახდის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შესრულებას მაღალ დონეზე, ხარისხიანად“, ამიტომ, „მიზანშეწონილია აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო მომსახურებების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს“.
ბათუმში 2019 წლის 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს:
ბეჭდვითი მომსახურება (ბანერები, ფლაერები, ფერადი დროშები და თემატური დროშა ბანერები);
ჰელიუმის ბუშტები;
ყვავილებით უზრუნველყოფა;
თემატური ფოტოგამოფენის მოწყობა;
საბავშვო გასართობი კუთხეების მოწყობა;
ტექნიკური აპარატურით უზრუნველყოფა (განათების აპარატურა);
კარავითა და დახლებით უზრუნველყოფა;
ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამონტაჟო და ტექნიკური სამუშაოები;
სცენის დეკორაცია;
პიროტექნიკური მომსახურება;
ტექნიკური პერსონალის (დაცვა, მუშები) და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა;
სარეკლამო ვიდეო-რგოლის დამზადება;
მუსიკალური ჯგუფებისა და სოლოშემსრულებლების ჰონორარი.
დღეს, 17 მაისს, ბათუმში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით ჰკითხეს ჟურნალისტებმა. კითხვაზე – თქვენ დადეთ პირობა, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეოდა ქვეყანაში. სახალხო დამცველის თქმით კი, ქვეყანაში ირღვევა ლგბტქ ადამიანის უფლებები და მათ არ ეძლევათ 17 მაისს მსვლელობის საშუალება, პრემიერმა განაცხადა:
„საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება არის დაცული კანონით. რაც შეეხება ამ კითხვას (ლგბტ ადამიანების უფლებებს), მე ადრეც გავეცი პასუხი დღესაც და ხვალაც თუკი მკითხავთ, იგივე პასუხი მექნება, საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ჰქონდა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. ეს იყო ასე, ასეა დღესაც, მომავალშიც ასე იქნება“.
ბათუმში განათლების ქალაქის პრეზენტაციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მასწავლებლებზეც ისაუბრა. პრემიერი ამბობს, რომ საქართველოში ისედაც დაბალი ხელფასების ფონზე, მასწავლებლის ხელფასი საშუალო სტატისტიკურზეც კი დაბალია:
„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია“.
პრემიერის თქმით, მასწავლებლების ხელფასი დაპირებისამებრ შემოდგომიდან გაიზრდება მინიმუმ 150 ლარით:
„შემდეგ გავზრდით ყოველწიურად და 2022 წლისთვის მინიმალური ხელფასი პედაგოგისთვის იქნება 1500-დან 1800-ლარამდე. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ქვეყანა, რომელიც პედაგოგის ღვაწლს ვერ დააფასებს სათანადოდ, მას არათუ მომავალი არ ექნება, მან შეიძლება თავისი წარსულიც კი დაკარგოს და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. მე მინდა მივესალმო ჩვენს მასწავლებლებს, განსაკუთრებით მინდა მოვეფერო ჩვენს პედაგოგებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ასეთი მწირი, ხშირ შემთხვევაში, დაფინანსების არქონის პირობებში შეძლეს და მოიტანეს ჩვენამდე დღევანდელი განათლების სისტემა, რომელსაც სჭირდება ახალი ენერგია, ახალი ინვესტიციები ახალი ხედვა და ჩვენ ამას ყველაფერს უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა პრემიერმა პრეზენტაციაზე.
პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ბათუმში მთავრობა ისეთივე განათლების ცენტრის მშენებლობას გეგმავს, როგორიც შენდება თბილისში. პრემიერის ინფორმაციით, ბათუმის საგანმანათლებლო სივრცე კომაროვის სკოლას, პროფესიულ განათლების ცენტრს, თანამედროვე ლაბორატორიებსა და საერთო საცხოვრებელს გააერთიანებს. საგანმანათლებლო სივრცეს სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცეებიც ექნება. ეს პრემიერმა დღეს ბათუმში პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პრემიერმა ისაუბრა ასევე პროექტის მნიშვნელობასა და განათლების შესახებ მთავრობის ახალ კანონპროექტზე, რომლის დამტკიცების შედეგად, პრემიერის თქმით, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი განათლებას მოხმარდება.
„იცით ჩვენთვის განათლებას რამხელა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვაქვს იდეა, ეროვნული იდეა და ეს არის სწორედ განათლება. ჩვენ აჭარაში გვყავს ყველაზე ნიჭიერი ბავშვები და ეს პროექტი სწორედ მათთვის შენდება და მათთვის შეიქმნება, რომ ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში, შევძლოთ იმავეს გაკეთება, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ნიჭის და ცოდნის რეალიზაცია, ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი“.
პრემიერი ამ საკითხთან მიმართებაში კრიტიკოსებსაც გამოეხმაურა:
„მე ძალიან ბევრი უსაფუძვლო კრიტიკა მოვისმინე მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ არის ეს ჩვენთვის ეროვნული იდეა? – ეროვნული იდეა განათლება ჩვენთვის არის იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა, იმისთვის, რომ საქართველო ოცდამეერთე საუკუნეში ვაქციოთ წარმატებულ ქვეყნად. მე ეს ღრმად მწამს, ქართველ ერს აქვს უნიკალური პოტენციალი, უნიკალური ნიჭი და განათლება არის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი იმისთვის, რომ ჩვენ საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევა დავძლიოთ. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ პროექტის რეალიზაციას ვახდენთ ბათუმში. “
პრემიერი შეეხო ასევე საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განათლების შესახებ:
„ეს არის ჩვენი ეროვნული იდეის განუყოფელი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს მივმართავთ განათლებაზე, მომავალ თაობაზე, მასწავლებლებზე, პროფესორებზე, ახალგაზრდა მეცნიერებზე. იმ ხალხზე, რომლის მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფოებრიობა, საქართველოს მომავალი. წელს ჩვენი განათლების ბიუჯეტი გახლავთ მილიარდ ექვსასი მილიონი, მომავალ წელს ის გახდება ორი მილიარდი. 2021 წელს ის იქნება დაახლოებით 2 მილიარდ-ნახევარი და 2022 წელს ის მიაღწევს ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს, შემდეგ სამი მილიარდ ოთხას მილიონ ლარს და ეს კანონი მიაღწევს იმას, რომ ყოველი შემდეგი მთავრობა იყოს ვალდებული, რომ ბიუჯეტის დიდი რესურსი მიმართოს არა მომდევნო არჩევნებში, არამედ ქვეყნის მომავალში. მე ღრმად მწამს, ეს არის გზა, რომელიც საქართველოს მოუტანს დიდ წარმატებას“,- განაცხადა პრემიერმა.
ბათუმში ტექნოლოგიური ქალაქის მშენებლობისთვის ადგილი თამარის დასახლებაში (ე.წ. ბნზ-ს ტერიტორია) გამოიყო. ქალაქი შვიდ ჰექტარზე გაშენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს ადგილი ამჟამად ცარიელია და სახელმწიფოს საკუთრებაშია.
მამუკა ბახტაძე და მთავრობის სხვა წევრები დღეს ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდნენ პრეზენტაციაზე დასასწრებად. ამ პრეზენტაციის მოსაწყობად აჭარის განათლების სამინისტრომ ბიუჯეტიდან 87 ათასი ლარი მოითხოვა.
მოტოციკლი ყველასთვის, ვინც მას არ ატარებს, ხმაურიანი და სახიფათო ტრანსპორტია – ბაიკერებისთვის კი ცხოვრების განსხვავებული სტილი, რაც მეოცე საუკუნეში ერთგვარ სუბკულტურადაც ჩამოყალიბდა: მოძრაობენ ჯგუფებად, უკრავენ და უსმენენ მძიმე მუსიკას, არ ერთვებიან ჩხუბში და ბევრს მოგზაურობენ.
როგორც თავად ამბობენ, ბაიკერები საკმაოდ მშვიდი ხალხია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხანდახან ტკბილად ჩაძინებულებს ერთხელ მაინც გაგღვიძებიათ ქუჩაში მოღრიალე ძრავების ხმისგან ან ძლივს ჩაძინებული ჩვილი დაშინებული წამომხტარა საწოლიდან. ეგეც რომ არ იყოს, ძალიან სახიფათო ტრანსპორტია და რაც ნაკლები ადამიანი იმოძრავებს მოტოციკლით, მით უკეთესი! – კი, ასეთი ფიქრებიც გიტრიალებს მოტოციკლის დანახვისას, მაგრამ დავცხრეთ: სახიფათოა ცხელი ფაფის სწრაფად მირთმევაც და მოტოციკლზე ბევრად ხმაურიანია ზოგიერთი მსუბუქი ავტომანქანა, რომელმაც ტექდათვალიერება რა სასწაულის ძალით გაიარა, ვერავინ გამოიცნობს.
ალბათ მაინც ღირს გიამბოთ ადამიანების შესახებ, რომლებიც ქალაქში დამოუკიდებელ ჯგუფად არსებობენ, საკუთარი დროშა და წესდებაც კი აქვთ, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტიც ჰყავთ და საჭიროების შემთხვევაში, მოტოკლუბის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი წევრების იმპიჩმენტიც კი შეუძლიათ მოითხოვონ.
თუ ბათუმში გუნდ-გუნდად მოძრავ ბაიკერებს დაინახავთ წარწერებით აჭრელებული ერთნაირი ჟილეტებით, სავარაუდოდ Black Sea Riders-ის ან IBERIANS-ის წევრებს შეხვდით. ასე ჰქვია ბათუმის ორ მოტოკლუბს, რომლებიც სპეციალური წესდების მიხედვით მოქმედებენ. გარდა პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისა, კლუბ IBERIANS-ს ჰყავს სერჟანტი, ვინც კლუბის წევრების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი გადაადგილებისას, ხაზინადარი – კლუბის ქონების განმკარგავი და ა.შ.
კლუბებში, ძირითადად, მეგობრები ერთიანდებიან, რომლებსაც გარდა მოტოციკლის სიყვარულისა, სხვა ბევრი რამ აერთიანებს.
MR. PRESIDENT
ირაკლი სარჯველაძე, კლუბ IBERIANS – ის პრეზიდენტი. კლუბის პრეზიდენტი. მისი მოვალეობა კლუბის მართვა, ღონისძიებებისა და გასვლების დაგეგმვა, სხვა კლუბებთან კომუნიკაციაა.
IBERIANS-ის წევრი, ირაკლი სარჯველაძე ამბობს, რომ კლუბის წევრები ერთმანეთს ძირითადად მოტოციკლებმა შეახვედრა. ზოგი მანამდეც მეგობრობდა, სანამ მოტოციკლები ექნებოდათ. სულ ერთად მოძრაობდნენ, ერთმანეთს ხშირად ნახულობდნენ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ კლუბი ჩამოეყალიბებინათ საკუთარი წესებით. „ასე უფრო მარტივია ქალაქგარეთ, საზღვარგარეთ გასვლის, ბაიკერული ღონისძიებების დაგეგმვა. ცოტა ხანს ვიფიქრეთ სახელზე, იერარქია დავადგინეთ, შევიმუშავეთ კლუბში მიღების წესები, რასაც ახალი წევრი უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა, იყოს მინიმუმ 24 წლის და ა.შ.” – ამბობს ირაკლი სარჯველაძე, კლუბის პრეზიდენტი. მისი მოვალეობა კლუბის მართვა, ღონისძიებებისა და გასვლების დაგეგმვა, სხვა კლუბებთან კომუნიკაციაა.
კლუბ IBERIANS – ში ათი წევრია, იხდიან კლუბის საწევრო გადასახადს და აწყობენ საქველმოქმედო აქციებს, მოტოფესტივალებს.
„ყოველ ახალ წელს ვაგროვებთ სათამაშოებს, ტკბილეულს, დავდივართ ბავშვთა სახლებში, ამჯერად ვფიქრობთ დავეხმაროთ სოციალურად დაუცველებს ტექნიკით, ავეჯით და ა.შ. ყველაფერს ჩვენივე სახსრებით ვაკეთებთ, ყველანი ჩვეულებრივად ვმუშაობთ“, – ამბობს ირაკლი, რომლის ცხოვრებაც მოტოკლუბის პრეზიდენტობის მიღმა მარკეტინგს უკავშირდება: პროფესიით მარკეტოლოგია და დღეში რვა საათი ჩვეულებრივად მუშაობს.
მომღერალი ნიკო ბერიძეც IBERIANS–ის წევრია. ამბობს, რომ მოტოციკლი ნამდვილად სახიფათო ტრანსპორტია და არ უნდა გეგონოს, რომ ოდესმე მის მართვას იდეალურად ისწავლი, მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა კი თავმოყვარე ბაიკერისთვის უპირველესია, რაც არასდროს უნდა დაირღვეს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გასაფრთხილებლად.
ნიკოს საკუთარი ბენდი ჰყავს, ახალ ალბომზე მუშაობს, რომელსაც მალე წარუდგენს მსმენელს. თავისუფალ დროს კლუბის წევრებთან ერთად მოძრაობს და მოგზაურობს.
„მოტოკლუბის წევრებს გზის, მოგზაურობის სიყვარული და მეგობრობა აერთიანებს. სათამაშო მოტოციკლები ბავშვობიდანვე მქონდა. მერე ისე მოხდა, რომ ეს ტრანსპორტი ჩემი სხეულის და სიმშვიდის ნაწილად იქცა.
მოტოციკლით მოძრაობისას გარემოს და გზის ნაწილი ხარ, ეს სულ სხვა რამეა.
ნიკო ბერიძე, კლუბ IBERIANS – ის წევრი
ავტომობილის მართვა და ფანჯრიდან გარემოს თვალიერება იგივეა – ტელევიზორს უყურებდე“, – ამბობს ნიკო. მისთვის კომფორტია ისიც, რომ კლუბის წევრებს ერთნაირი მუსიკალური გემოვნება აქვთ, უსმენენ როკს, ჯაზს, ბლუზს.
„მაღალი ხმა გინარჩუნებს სიცოცხლეს”
კახაბერ მექვაბიშვილი 8 წელია მოტოციკლს მართავს, მაგრამ ძრავის გადაჭარბებული ხმაური მისთვის დისკომფორტია. ამბობს, რომ ხშირად ავტომობილის მძღოლები ვერ ამჩნევენ გვერდით მოტოციკლს, ამიტომ ბაიკერს უწევს იხმაუროს, რომ შენიშნონ.
„ხმა არის ერთ-ერთი საშუალება იმის, რომ მანქანის მძღოლმა შეგამჩნიოს. ცნობილი გამოთქმაც არსებობს ასეთი, რომ მაღალი ხმა გინარჩუნებს სიცოცხლეს.
როცა ორთვალა ტრანსპორტით მოძრაობ, საკუთარ თავს და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს საფრთხეს უქმნი. უჩაფხუტოდ თუ ვხედავთ ვინმეს, ვაჩერებთ და ვთხოვთ, რომ დაიხურონ“, – ამბობს კახაბერი, ვიცე-პრეზიდენტი.
კახაბერ მექვაბიშვილი, კლუბ IBERIANS-ის ვიცე-პრეზიდენტი.
კლუბის იერარქიაში ცვლილებები ისევეა შესაძლებელი, როგორც დემოკრატიულ წყობაში: არჩევნებით.
„თუ პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიები გაჩნდება, ჩვეულებრივად ვიმოქმედებთ, იმპიჩმენტის გამოცხადებაა შესაძლებელი“, – ამბობს კახა კეჟერაძე, კლუბის ერთ-ერთი წევრი. თუმცა 3 წლის IBERIANS – ის წევრები მშვიდად თანაარსებობენ და ამბობენ, რომ კლუბის წევრთა ფუნქციების გადანაცვლების საჭიროება არასდროს დამდგარა, რადგან ყველა კარგად ასრულებს საკუთარ მოვალეობას.
მსოფლიოში პირველი მოტოკლუბი 1948 წელს კალიფორნიაში დააარსეს დემობილიზებულმა ვეტერანებმა, რომლებსაც, გარდა იმისა, რომ მოტოციკლის მართვა მოსწონდათ ერთნაირად, თავს ვალდებულად მიიჩნევდნენ ერთმანეთს ყველა პრობლემის დროს დახმარებოდნენ, მას შემდეგ ყველა მოტოკლუბის წევრისთვის გასაჭირში ერთმანეთის თანადგომა მთავარი მოთხოვნაა.
რუსთაველის ქუჩაზე, ორ ოთახში, განათლების განყოფილების თანამშრომელი ხასან გოგიტიძე ცხოვრობს 20 წლის ცოლთან, ასიკოსთან და შვილებთან ერთად. უფროსი შვილი წლის და ოთხი თვისაა, უმცროსი – სამი თვის.
ხასანი ეს-ეს არის დაბრუნდა სახლში და ტყავის პორტფელი კართან დადო. ოჯახი სავახშმოდ ემზადება. ვახშმის შემდეგ თეატრში მიდიან, ასიკომ საგანგებოდ ამ დღისთვის მანიკიურიც კი გაიკეთა. ბათუმის დრამატული თეატრი დღეს „სამშობლოს“ წარმოადგენს.
მაგრამ დღეს გოგიტიძეები თეატრში ვერ წავლენ. იანვრის ეს საღამო სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებას. სულ მალე კარზე დააკაკუნებენ, ოთახში ორი კაცი შემოვა და ხასანს ეტყვიან, რომ დაკითხვაზე იბარებენ.
ეს ამბავი ხასან გოგიტიძის შვილიშვილმა, ქეთევან გოგოტიძემ გვიამბო. ბაბუა მას მხოლოდ ფოტოზე უნახავს. იანვრის ამ საღამოს შესახებ მან ბებიის, ასიეს მოგონებებიდან იცის, რომელსაც ასაკით მასზე 14 წლით უფროსი ქმარი სიყვარულით ასიკოს ეძახდა.
იანვრის იმ საღამოს ხასან გოგიტიძემ ცოლს უთხრა, ნუ გეშინია, არაფერი დამიშავებია, დღეს სახლში დავბრუნდებიო და კარი გაიხურა. ასიკომ იმ ღამეს ბევრი იტირა, მეორე დღეს კი კარზე ისევ დააკაკუნეს და ახალგაზრდა ქალს ბინის დატოვება უბრძანეს. იგი ქობულეთში, მშობლების სახლში წაიყვანეს ძმებმა შვილებთან ერთად.
ქეთევან გოგიტიძის ოჯახში დღესაც ინახება ახმედისა და ასიეს ფოტო. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
34 წლის ხასან გოგიტიძე 1938 წლის 23 იანვარს დახვრიტეს, თუმცა ამის შესახებ ასიეს არაფერი გაუგია. თითქმის 20 წლის შემდეგ მან მიიღო ცნობა, რომ ხასან გოგიტიძე უდანაშაულო იყო და რეაბილიტირებულია.
ასიე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველაზე მეტად იმ პერიოდის გახსენება უყვარდა, როგორ ცხოვრობდა თავის საყვარელ ქმართან ერთად ბათუმში, რა ბედნიერი იყო მაშინო – ჰყვება ქეთევან გოგიტიძე.
ფოტო გოგიტიძეების ფოტოალბომიდან. ფოტოზე ამოჭრილია 1937-38 წლებში რეპრესირებული ადამიანები.
გოგიტიძეების ოჯახში, ისევე როგორც სხვა, ასობით ოჯახში აჭარაში, 2019 წლის აპრილში გაცოცხლდა მოგონება 1937-1938 წლებში დახვრეტილი ადამიანების შესახებ. 5 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულმა ცნობამ, რომ ნაპოვნია ბათუმში 1937-1938 წლებში დახვრეტილ პირთა ოთხი სამარხი, ააღელვა ის ადამიანები, რომელთა წინაპრებს რეპრესიები შეეხო.
სამარხში აღმოჩენილი ნეშტი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ეპარქიის მიერ გავრცელებულ ცნობას თან ახლდა ფოტომასალა, რომელზეც ჩანდა ადამიანის ჩონჩხები და ტყვიით გახვრეტილი თავის ქალები. ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ნაპოვნია 150-მდე ნეშტი, თუმცა ფოტოსურათებს თან ახლდა ისტორიკოს რამაზ სურმანიძის მიერ დამუშავებული სია, რომელშიც 630 ადამიანის სახელი, გვარი და დახვრეტის თარიღი იყო მითითებული. მოგვიანებით ეპარქიამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი, 1937-38 წლებში აჭარაში დახვრეტილ პირთა 1050-კაციანი სია, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივზე დაყრდნობით.
ნატყვიარები თავის ქალაზე. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
ეპარქიამ გამოაცხადა ნეშტების დაკრძალვის თარიღი და ადგილიც – 21 აპრილი, ბათუმის #3 სამხედრო ბაზა – იქ, სადაც ნეშტები იქნა აღმოჩენილი. თუმცა ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გაჩნდა კითხვები:
საიდან ვიცით, რომ სამარხი ნამდვილად 1937-1938 წლებში რეპრესირებულ პირებს ეკუთვნის?
იყვენენ თუ არა გათხრებში ჩართული სპეციალისტები?
რატომ არ ტარდება დნმ ექსპერტიზა?
როცა კითხვები სულ უფრო ხმამაღლა გაისმა, აჭარის მთავრობამ საკითხის შესასწავლად საგანგებო კომისია შექმნა. ითქვა, რომ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო დნმ-ს ჩაატარებდა და საკითხს სპეციალისტები შეისწავლიდნენ.
150-მდე ნეშტი ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის სარდაფში ასვენია. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
მეტიც, ჯერ ისიც არ არის დადგენილი, საერთო სამარხებიდან ნამდვილად 1937-38 წლების რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების ნეშტებია ამოღებული თუ არა, რადგან 2017 წელს, სამარხების გათხრის პროცესში სპეციალისტები ჩართული არ ყოფილან. შესაბამისად, არ არსებობს კომპეტენტური სპეციალისტების დასკვნა, რომ სამარხებში ნამდვილად დიდი ტერორის წლებში, აჭარაში დახვრეტილი პირების ნეშტებია. ეს ვერსია მხოლოდ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებას ემყარება და ასევე, ზეპირ გადმოცემებს იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რეპრესიების დროს დახვრეტილ პირებს მარხავდნენ.
მინდორი, სადაც სამარხები იპოვეს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა და აქ შესვლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ნებართვითაა შესაძლებელი. ეპარქიამ ამ ტერიტორიაზე გათხრები თავდაცვის სამინსიტროს ნებართვით ჩაატარა.
სამხედრო ბაზა ბათუმში, სადაც სამარხები აღმოაჩინეს. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ამ ტერიტორიაზე სამარხი რომ იყო, ჯერ კიდევ 70-იან წლებში იცოდა ზურაბ ჯიხაძემ, რომელიც ცეცხლფარეშად მუშაობდა საბჭოთა ჯარის სამხედრო ბაზაზე.
„ტანკის სამრეცხაოს აკეთებდნენ 1978 წელს და ამოვიდა ძვლები. ცოტა შევეწინააღმდეგე და მითხრეს – ისინი ხალხის მტრები იყვნენო. 1937 წელს, როცა ხალხი დახვრიტეს, ამ ადგილას იყო თხმელას გაუვალი ტყე, ბარდნარი. მერე აშენდა სამხედრო ნაწილი“, – გვიამბო 82 წლის ზურაბ ჯიხაძემ.
გათხრების პროცესში ჩართული იყო იღუმენია სიდონია დარჩია. მან ჩვენს კითხვებს წერილობით გასცა პასუხი. კითხვაზე, ვინ მუშაობდა გათხრებზე, იღუმენიამ გვიპასუხა, რომ გათხრებს აწარმოებდა ეპარქიის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი და მათ შეძლებისდაგვარად დახმარებას უწევდნენ ისტორიული და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები.
მისივე თქმით, სამარხების სიღრმე დაახლოებით ორი მეტრი იყო. პირველი სამარხიდან ეპარქიის ჯგუფმა 36 ადამიანის ნეშტი ამოასვენა, მეორე სამარხიდან – 30, მესამედან – 43, მეოთხე სამარხიდან კი – 27 ნეშტი. სამარხებზე მუშაობა 2017 წლის 2 აგვისტოს დასრულებულა. მას შემდეგ ნეშტები ეკლესიის სარდაფშია დასვენებული.
„სამარხში ნეშტები უწესრიგოდ იყო განლაგებული. ხელები ყველას ჰქონდა ზურგს უკან შეკრული. ყველა თავის ქალას აღენიშნებოდა ტყვიის კვალი კეფის არეში. დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან. სამარხში აღმოჩენილი ნივთები, კერძოდ, XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდათ საბჭოთა მოქალაქეებს.
სამარხში აღმოჩენილ მონეტებზე იკითხება თარიღი – 1936 და 1935.
სამარხებში არ აღმოჩნდა არც ერთი სამხედრო ნივთი, დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, ქალის ბეჭედი და აბადოკი. გათხრების შესახებ ადგილობრივი მთავრობა საქმის კურსში გახლდათ. აგრეთვე, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი იყო გამნაღმველთა ჯგუფი, რომელმაც ტერიტორია გაასუფთავა. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც ყოველი სამუშაო დღის ანგარიშს იბარებდნენ და ადგენდნენ ოქმებს“, – მოგვწერა იღუმენია სიდონიამ.
ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა სამარხები. ადგილი ახლა მოსწორებულია, მიწას ტრაქტორის ნაკვალევი ემჩნევა. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც წლებია საბჭოთა წარსულს იკვლევს, ამბობს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, რომ ამოღებული ნეშტები ნამდვილად 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს დახვრეტილებს ეკუთვნით და ამის დამადასტურებელი ვერ იქნება მხოლოდ სამარხში ნაპოვნი მონეტები:
„ჩვენ არ ვიცით, სად იყო ეს მონეტები აღმოჩენილი, ეს იყო ზედაპირზე თუ ნამარხებთან. რაც შეეხება ჭრილობის [ნატყვიარების] კვალს, ესეც გასარკვევია რამდენს აქვს, ასევე მნიშვნელოვანია [ტყვიის გასროლის] ტრაექტორია. თითოეული სამარხი უნდა ნახოს კრიმინალისტმა, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და შეუძლია თქვას, რა ტიპის ჭრილობაა ეს, რა იარაღიდან და ა.შ.
პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, როგორც წესი და რიგია. ნამარხების ამოღებაზე უნდა იმუშაონ არქეოლოგებმა, სრულფასოვნად უნდა ჩატარდეს ეს პროცესი, დოკუმენტირებით, აზომვებით, ფოტოფიქსაციით და ა.შ. იქვე შეიძლება მოეწყოს საველე ლაბორატორია, რომ ეს ნამარხები ადგილზევე, ზედმეტი დაზიანებისა და ტრანსპორტირების გარეშე შეისწავლონ, იქვე უნდა იმუშაონ კრიმინალისტებმა და სამედიცინო ექსპერტებმა. მთელი ის ინფორმაცია, რაც გათხრის მომენტიდან დასრულებამდე შეგროვდება და გაანალიზდება, იძლევა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული დასკვნის გაკეთების საშუალებას.“
ისტორიკოსის განმარტებით, არ შეიძლება გამოირიცხოს ის გარემოება, რომ მასობრივი სამარხები შესაძლოა არა 1937-38 წლების, არამედ სხვა პერიოდის იყოს, რადგან აჭარაში რეპრესიების რამდენიმე ტალღა იყო:
გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს, როცა ზემო აჭარაში, ანტირელიგიურ კამპანიას და ძალდატანებით კოლექტივიზაციას მოჰყვა რეპრესიები;
1924 წელს ბათუმთან ახლოს დახვრიტეს წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები;
რეპრესიული მანქანა მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგაც, სტალინის სიკვდილამდე და ხრუშჩოვის „დათბობამდე“, როცა ხვრეტდნენ ცალკეულ ადამიანებსა და ჯგუფებს და სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ ბათუმის შემოგარენში. ასევე, სიკვდილით სჯიდნენ კრიმინალურ დაჯგუფებებსაც.
„ყველა შემთხვევაში საინტერესო და მნიშვნელოვანია გავერკვეთ, რასთან გვაქვს საქმე, რა პერიოდია და რისი მსხვერპლი გახდნენ ეს ადამიანები“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი. მისივე თქმით, ამის დადგენა შეუძლებელია, თუ სამარხებს პროფესიონალები არ შეისწავლიან.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია და საქართველოსა და უცხოეთის არქივებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, სამარხების საკითხზე შექმნილი სამთავრობო კომისიის წევრია. მან გვითხრა, რომ სამთავრობო კომისიის შემადგენლობა არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ სამარხი ნამდვილად 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლთ ეკუთვნით.
„ამ კომისიაში დაინტერესებული მხარეები არიან მოწვეული, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი, ამაში უნდა ჩაერთონ ექსპერტები, შეიძლება საერთაშორისო სპეციალისტების მოწვევაც. მნიშვნელოვანია ჩაერთოს შს სამინისტროს არქივი და არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, ეს გახდეს მაღალი პრიორიტეტის საკითხი ხელისუფლებისთვის, რადგან თუ არ გამოიყო სათანადო რესურსი, რთული იქნება კვალიფიციურად გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა“, – გვითხრა მან.
ბევრ შეკითხვას პასუხი შეიძლება გასცეს სამარხმა, რომელიც იგივე ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, სადაც დანარჩენი ოთხი სამარხი გათხრა ეპარქიამ 2017 წელს. სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, ზაალ მიქელაძემ გვითხრა, რომ ჯერ აქ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, გამნამღმველებმა უნდა იმუშაონ, შემდეგ კი არქეოლოგიური გათხრები დაიწყება, ამჯერად უკვე – პროფესიონალების ჩართულობით.
ეს ახალი სამარხია, რომელიც ახლა უნდა გაითხაროს. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი
ბათუმში კიდევ რამდენიმე ადგილია, სადაც შესაძლოა რეპრესირებულ პირთა ნეშტები აღმოჩნდეს. აჭარაში საზოგადოება „მემორიალის“ ხელმძღვანელი ზურაბ ზაქარიაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი ადგილია ყოფილი სამთავრობო აგარაკი სალიბაურში, რომელსაც ადრე „ბერიას აგარაკს“ ეძახდნენ. გადმოცემის თანახმად, აქ მიმდინარეობდა დაკითხვები 1937-1938 წლებში და აქვე ხვრეტდნენ ადამიანებს.
ისტორიკოსი რამაზ სურმანიძე, ავტორი წიგნისა – „ტრაგედია ბათუმში. 1937-1938 წლები“, ამბობს, რომ რეპრესირებულთა კიდევ ერთი მასობრივი სამარხია, სავარაუდოდ, ბათუმში, ადლიაშიც:
„არის მიტოვებული, დაჭაობებული ადგილი, იქნება დაახლოებით 2500 მეტრი, არავინ ეკარება, ადლიაში იციან, რომ სამარხია იქ. წლების წინ აქ შევხვდი ჩემს ძველ მასწავლებელს, ხასან ხალვაშს, რომელმაც მითხრა, ხიხაძირიდან სპეციალურად ჩამოვსახლდი აქ, მითხრეს, მამაშენი აქ დამარხეს დახვრეტის მერეო და აქ ვიყიდე სახლი, მის საფლავთან ახლოს მაინც რომ ვყოფილიყავიო.“
იმ შემთხვევაში, თუ კი დადასტურდება, რომ ბათუმში აღმოჩენილ სამარხებში 1937-1938 წლებში რეპრესირებული პირები არიან დამარხული, ეს იქნება დიდი ტერორის დროს დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი საქართველოში.
სამარხების საკითხის შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა, თუმცა განხილვის მთავარი საკითხი ამ სხდომაზე ნეშტების დაკრძალვის თარიღი და ადგილმდებარეობა იყო. ეპარქია მიიჩნევს, რომ ნეშტები მალე უნდა დაიკრძალოს იმავე ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩენილი იქნა სამარხები და ამ ადგილას მუზეუმი და მემორიალი უნდა გაკეთდეს.
2017 წელს სამარხების გათხრაში ჩართული არ ყოფილან აჭარაში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლები, რამაც ისინი გაანაწყენა, რადგან აჭარაში 1937-1938 წლებში დახვრეტილთა დიდი ნაწილი მუსლიმი იყო და მათ შორის იყვნენ მუსლიმი სასულიერო პირებიც.
განხილვის თემაა ისიც, ერთად დაიკრძალება თუ არა სამარხში ნაპოვნი ნეშტები, რადგან 1937-1938 წლებში დახვრეტილების ზოგიერთ შთამომავალს სურს მისი წინაპრის ნეშტი საგვარეულო სასაფლაოზე გადაიტანოს.
მათ შორისაა ახმედ მეკეიძე. მას სახელი ბაბუის, ახმედ მეკეიძეს პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც 1936 წელს, 26 წლის ასაკში გახდა რეპრესიების მსხვერპლი. ახმედ მეკეიძე ბავშვი იყო, როცა კითხვაზე, რატომ არ ჰყავდა მას ბაბუა, უფროსებმა უპასუხეს, რომ ბაბუა ახმედი ბათუმის ციხეშია. ათი წლის იყო, როცა გაიგო, სად იყო ბათუმის ციხე, მიდიოდა ბიძაშვილთან ერთად და მთელი ხმით ეძახდა, რომ მისთვის ხმა მიეწვდინა. „მთელი ცხოვრება ვეძებდი, ყველა დიდ ციხეში, სადაც შევძელი, ვიკითხე მისი სახელიო“, – იხსენებს იგი.
„8 აპრილს ვნახე სიაში ბაბუას გვარი. ბებიები რომ ტიროდნენ და მათ თვალებზე ცრემლები იყო, მათი ტირილით ვიტირე მე. ხომ არასდროს მინახავს, მაგრამ უნახავს ვტირი. მინდა მას პატივი მივაგო, მისი მიწა ვაღირსო“, – გვითხრა ახმედ მეკეიძემ.
რამდენად იქნება ნეშტების იდენტიფიცირება შესაძლებელი ისე, რომ მან და სხვა ადამიანებმა, რომელთაც საკუთარი წინაპრის საგვარეულო სასაფლაოზე გადასვენების სურვილი აქვთ, უცნობია. ჯერ უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ადამიანები, რომელთა ნეშტები ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის სარდაფში ასვენია.
„მაღალი თანამდებობიდან მეტის გაკეთება შეიძლება,“ – მიიჩნევს როლანდ აბულაძე. ის ხულოს მერობის ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელიც ამავდროულად ხულოს მერიაში ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობს. მას და მერობის სხვა კანდიდატებს „ბათუმელები“ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ესაუბრა. 19 მაისს საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხულოში, მერს აირჩევენ.
ხულოში მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, თუმცა მათი უმრავლესობა ამ დრომდე მედიაში არ გამოჩენილა. ისინი არ პასუხობენ ჟურნალისტებს, ან ღიად ამბობენ, რომ საუბარი არჩევნებზე არ სურთ. უცნობია, რას სთავაზობენ ეს კანდიდატები ამომრჩევლებს.
„არ ვაკეთებ მე საერთოდ კომენტარს, არჩევნების თემაზე არ ვსაუბრობ“, – გვითხრა ხულოს მერობის კანდიდატმა „თავისუფალი საქართველოდან“ საბა ბობოხიამ.
კომენტარისთვის, მაგალითად, ვერ მოიცალა „სოციალური სამართლიანობის“ მერობის კანდიდატმა ზურაბ ხიმშიაშვილმა. მას „ბათუმელები“ დღის განმავლობაში სამჯერ დაუკავშირდა. სამივეჯერ მერობის კანდიდატმა გვითხრა, რომ ტირილში იმყოფება.
სხვა მიზეზით გვითხრა უარი კომენტარზე „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა. „მასაჟს ვიკეთებ, არ მცალია, თბილისში ვარ, 18-ში ავალ ხულოში და გავაკეთებ კომენტარს…“ – აღნიშნა ნუგზარ ფუტკარაძემ.
წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს დამოუკიდებელი კანდიდატი და ხულოს მერიის თანამშრომელი, როლანდ აბულაძე.
„მხოლოდ ის გავიგე, რომ ბაღის თანამშრომლებს და უბნის ექიმებს, ასე ვთქვათ, რჩევებს აძლევენ, „ოცნებას“ დაუჭირეთ მხარიო, სხვა არაფერი გამიგია…“ – აცხადებს როლანდ აბულაძე. იგი არ მალავს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატობამდე კონსულტაციები პარტია „ქართულ ოცნებასთანაც“ ჰქონდა, მაგრამ ვერ შეთანხმდა და საბოლოოდ, არჩევნებზე უპარტიო კანდიდატობა არჩია.
„პირდაპირ გეტყვით, რომ პარტია „ქართული ოცნება“ არ არსებობს… ვინც ხულოს მუნიციპალიტეტში აქამდე ქმნიდა პოლიტიკურ ამინდს, მათ არ აქვთ პროტესტი „ნაცმოძრაობიდან“ პორტირებულ ადამიანებზე. მძიმე რეალობაა… მე კანდიდატობა გადავწყვიტე, რადგან მერები მიდიან, დაპირებები კი შეუსრულებელი რჩება,“ – ამბობს როლანდ აბულაძე.
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხულოს მერიის სოციალურ სამსახურში მუშაობს და იმ განყოფილებას ხელმძღვანელობს, რომელიც სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარებაზე ზრუნავს. „ჩვენ უნდა ვიყოთ ხერხემალი ამ რაიონის“, – მიიჩნევს მერობის კანდიდატი და აქცენტს სოციალური პროგრამების გაძლიერების აუცილებლობაზე აკეთებს.
„ჩემი გამარჯვების შანსი დიდია – ხალხს სოციალური პრობლემები აქვს, აბულაძეებიც მრავლად ვართ,“ – ამ არგუმენტებით საკუთარ წარმატებაში დარწმუნებულია ხულოს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, როლანდ აბულაძე.
„ხალხი შიშისგან ხელს აღარ მართმევს,“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატი, ირაკლი ჯორბენაძე. მისი თქმით, „ოცნებამ“ ხალხი ასლან აბაშიძისეული მეთოდებით დააშინა და ადამიანებს კომუნიკაციაც აღარ სურთ „ოპოზიციონერ კანდიდატებთან“.
„ვინც შემხვდა ლამაზად და გამართულად, ყველას პრობლემები შეექმნა… აღსანიშნავია ღორჯომში, სოფელ ლაბაიძეებში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევა. იქ ჩავრთე ფეისბუქლაივი, რადგან მერაბ ბერიძის ოჯახს ჰყავს უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვი, ამ ოჯახს მოუხსნეს სოციალური შემწეობა 2016 წელს… რადგან ფეისბუქლაივში ამ ოჯახმა უსაყვედურა ხელისუფლებას, მივარდნენ იქ, ვახტანგ ბერიძეც იყო მისული და დააშინეს, გააჩუმეს. მერე დამიკავშირდნენ ამ ოჯახიდან და მითხრეს, არაფერი არ გვინდა, ხელისუფლებას ვერ დავუპირისპირდებითო…“ – გვიყვება ირაკლი ჯორბენაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის კანდიდატის გვერდით ასევე ხშირად ჩნდებიან მერიის და მუნიციპალური ააიპ-ების თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ დროს სამსახურში უნდა იყვნენ.
ირაკლი ჯორბენაძე არაპირდაპირ მოსყიდვაზე საუბრობს – კოორდინატორებსა და აგიტატორებზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო უბნებზე ჰყავს.
„თითო უბანზე 35-მდე კოორდინატორი და აგიტატორია. წარმოიდგინეთ მათი ოჯახის წევრები… ეს არის არაპირდაპირი მოსყიდვა. სოფელ დიოკნისში „ოცნების“ აგიტატორი იმავე სოფლის რწმუნებული ვაჟა შავაძეა. ის ხელითაც შეეხო ჩვენს მხარდამჭერს – რეზო შავაძეს, როცა სოფელში მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა. პოლიციას მივმართეთ, მაგრამ გამოძიება დაიწყო თუ არა, არ ვიცი… ჩვენ არ ჩავბარდებით, უნდა გადავდენოთ ეს ხალხი აქიდან“, – აცხადებს ირაკლი ჯორბენაძე.
„ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი არ იყო, სიტყვიერი იყო მხოლოდ, შევკამათდით და დღეს ერთმანეთს აღარ ველაპარაკებით,“ – ამბობს სოფელ დიოკნისში მცხოვრები რეზო შავაძე. მისივე თქმით, პოლიციას ის არ დაუკითხავს. დიოკნისის თემის რწმუნებულმა ვაჟა შავაძემ კი, ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
„მე ამ დაპირისპირების შესახებ არაფერი ვიცი… რეზო შავაძე ჩემი მერობის დროს რწმუნებული არ იყო. არ ვიცი, ვისზე საუბრობს ჩემი ოპონენტი,“ – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ, ხულოს მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“.
ვახტანგ ბერიძემ არ გაგვიმხილა, რამდენი კოორდინატორი, აგიტატორი და ზონის უფროსი ეხმარება არჩევნებზე. გვითხრა, რომ რაოდენობა არ ახსოვს და ხაზი გაუსვა კანონს, რომელიც აგიტატორების სიმრავლეს არ კრძალავს.
კანონი მოიშველია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საჯარო მოხელეების მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოჩენაზეც.
„ვისაც სურვილი აქვს და პატივს მცემს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, სადაც კანონი არ ზღუდავთ, არასამუშაო საათებში და დღეებში ხვდებიან ისინი მოსახლეობას ჩემთან ერთად,“ – ირწმუნება ვახტანგ ბერიძე, რომელიც კანდიდატად დასახელებამდე ხულოს მერის მოვალეობას ასრულებდა, მანამდე კი პოლიციის უფროსი იყო ხულოში.
სასტუმრო „ინტურისტმა“ ნინოშვილის ქუჩის მხრიდან შენობის ღობე ნაწილობრივ მოშალა და ღია შესასვლელები მოაწყო. როგორც შენობას, ასევე ღობეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და კანონი ძეგლთან მიმართებაში, ნებისმიერი ჩარევის შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმებას ითვალისწინებს, სააგენტო კი, გადაწყვეტილებას საკითხის ძეგლების საბჭოსთან განხილვის შემდეგ იღებს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე უკვე იყო გასული და სასტუმროს მფლობელი 10 000 ლარით დააჯარიმა.
კითხვაზე, დაავალდებულა თუ არა სააგენტომ შენობის მეპატრონე პირვანდელი სახით აღადგინოს ისტორიული ღობე, სააგენტოში დაზუსტებული პასუხი ვერ გაგვცეს: „ამას, სავარაუდოდ, სასამართლო გადაწყვეტს“.
კომენტარი არ გააკეთეს სასტუმროს ადმინისტრაციაში. ერთ-ერთმა მენეჯერმა გვითხრა, რომ მთავარი მენეჯერი დაგვიკავშირდება იმ შემთხვევაში, თუ კომენტარის გაკეთებას გადაწყვეტს.
პოლიციის ავტომანქანა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ბავშვს დაეჯახა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა შეატყობინეს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურეს შს სამინისტროშიც.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ბავშვს კოჭი აქვს დაზიანებული. ამ დროისთვის ის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრშია გადაყვანილი. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა ზებრიდან მოშორებით მოხდა.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილიდან გაყვანილია ავტომანქანა და მოხსნილია შესაბამისი ლენტებიც.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ სამართლებრივი პროგრამის ხელმძღვანელმა მაკო ღავთაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დღეს, 16 მაისს, პარლამენტში, რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ ის შეურაცხყო. მაკო ღავთაძის თქმით, საკითხი შეეხებოდა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ფრესკების სარესტავრაციო სამუშაოებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ზაზა ვაშაყმაძე ამტკიცებდა, რომ ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
„მე შეხვედრაზე ვახსენე რომ გარკვეული პროცესები დაიწყო ფრესკების რესტავრაციასთან დაკავშირებით და ვისაუბრე იმ პრობლემაზე, რომ წლებია სახურავი არის დაზიანებული, ჩამოდის წყალი, რის გამოც დაზიანებულია ფრესკები. ამაზე არაერთხელ ყოფილა საუბარი და დოკუმენტირებულია მედიითაც. „ბათუმელებსაც“ არაერთხელ გაგიშუქებიათ ეს საკითხი, რომელიც ძალიან მტკივნეულია კათოლიკე ეკლესიისთვისაც, რადგან ზიანდება ფრესკები და ამით იშლება ისტორიული კვალი.
ზაზა ვაშაყმაძემ, საკმაოდ დესტრუქციული ფორმით, აგრესიულად, შეურაცხმყოფელი ფორმით დამადანაშაულა სიცრუეში და მითხრა, რომ მე ვიტყუებოდი, რომ ღვთისმშობლის შობის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები დიდი ხანია ჩატარდა და უკვე დასრულებულიც არისო“, – გვეუბნება მაკო ღავთაძე, რომელიც „ბათუმელებს“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ასევე არ ფლობდა რეალურ ინფორმაციას.
„მე ვუთხარი, რომ რესტავრაციის დასრულებაზე ინფორმაცია არ მქონდა და ძალიან კარგია, თუ ეს ასე არის-მეთქი. რა თქმა უნდა, ეჭვი შემეპარა მის ნათქვამში და ამიტომ გადავამოწმე „ბათუმელებთან“ ეს ინფორმაცია“, – ამბობს მაკო ღავთაძე.
შეხვედრაზე იმყოფებოდა „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძეც, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრაზე ფრესკების რესტავრაციის დასრულების შესახებ ნამდვილად განაცხადა.
ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამიტომ, ინფორმაციის დაზუსტების მიზნით „ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაუკავშირდა. სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაურ ახვლედიანის თქმით, ამ დროისთვის დასრულებულია მხოლოდ ფრესკების რესტავრაციის პროექტზე მუშაობა, სარესტავრაციო სამუშაოები კი დაწყებული არ არის.
„პროექტი და ხარჯთაღრიცხვა გაკეთებულია 300 ათას ლარზე, თუმცა შესყიდვის სამუშაოებს ვერ ვიწყებთ, რადგან სახურავი არ არის გადახურული. როცა გარემონტდება, რომ წყალი არ ჩამოვიდეს, მერე დაიწყება რესტავრაცია“, – გვითხრა მან.
ზაურ ახვლედიანი ინფორმირებული არ არის, ვინ იმუშავებს ტაძრის სახურავის აღდგენაზე. „ჯერ არ ვიცით, ვინ გააკეთებს სახურავს, საპატრიარქო თუ სახელმწიფო. სანამ არ გადაიხურება, მანამდე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ“, – გვეუბნება ის.
„ბათუმელები“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერსაც ესაუბრა. დეკანოზ იოანე გორელიშვილის თქმით, ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები დაწყებული არ არის. მან ასევე გვითხრა, რომ ისევ არ არის ტაძრის გადახურვის საკითხი გადაწყვეტილი. „სამი თვის წინ იყო საუბარი იმაზე, რომ სახურავს ფონდი „ქართუ“ აღადგენდა, თუმცა ამის შემდეგ ჩვენთვის ახალი არაფერია ცნობილი“, – გვითხრა დეკანოზმა.
რელიგიის საკითხებზე სამუშაო ჯგუფი პარლამენტში რამდენიმე თვეა რაც შეიქმნა. ამ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობენ როგორც სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.
„ბათუმელები“ კომენტარისთვის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსაც დაუკავშირდა. გვინდოდა გვეკითხა, რის საფუძველზე აცხადებს ზაზა ვაშაყმაძე, რომ ბათუმის საკათედრო ტაძარში ფრესკების რესტავრაცია დასრულებულია. უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.
აჭარაბეთი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩემპიონებს ეძებს! საიტზე განახლდა ნარდის, დომინოს, ბურას და სეკას ინტერფეისი, დაემატა მრავალფეროვანი ტურნირები, ჯეკპოტები, მობილურზე ადაპტირებული გამოცდილება, SPIN ფორმატი და კიდევ უამრავი სიახლე.
პროექტის ფარგლებში, სამაგიდო თამაშების ექსპრესავტობუსი 25 მაისს ბათუმს ესტუმრება და მოაწყობს გასართობ ზონებს, სადაც მოსულ მომხმარებლებს გართობასთან ერთად ელოდება უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი.
8 ივნისს მსოფლიო ოკეანის დღეს აღნიშნავს. ეს საერთაშორისო ეკოლოგიური დღესასწაული 1992 წელს დაარსდა.
წყლების დაცვაზე ზრუნვა ყველა ქვეყნის ვალდებულებაა. სწორედ ეკოლოგია გვაერთიანებს ჩვენ. დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და რადგან დედამიწის ორი მესამედი წყალია, რომელიც სიცოცხლის საწყისია, უნდა გავაცნობიეროთ, რომ წყლის დაბინძურება სიცოცხლის საწინააღმდეგო ქმედებაა.
ოკეანეებისა და ზღვების მდგომარეობას ყველაზე კარგად მეზღვაური აფასებს – ხედავს, როგორ წარმოიშვა უზარმაზარი ნაგვის კუნძულები ოკეანეში. ქიმიური ნარჩენების, კანალიზაციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავება შეუძლებელი გახდა. თუ ადამიანი არ გაუფრთხილდება თავის წყაროს, მდინარეს, ზღვას, კიდევ უფრო გაიზრდება ნაგვის კუნძულების ფართობი ოკეანეებში, გაიზრდება მისი მჟავიანობა, ქიმიური ნაერთები გაანადგურებენ ცოცხალ ორგანიზმებს და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება მთელი ცივილიზაცია.
ჩვენ, როგორც საზღვაო-საპორტო რეგიონი, რომელიც საზღვაო განათლების ცენტრია ქვეყანაში, ვალდებულები ვართ, გავიაზროთ გარემოსდაცვითი განათლების პოპულარიზაციის ვალდებულება. ამ მიზნით, 7 ივნისს 11 საათზე ბუსს ანრის კადეტები დაასუფთავებენ სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიას, ზღვის სანაპიროს და მეზღვაურთა კლუბის მიერ გაშენებულ მეზღვაურთა ხეივანს. ხოლო, 8 ივნისს, 11 საათზე, ვმართავთ შემეცნებით კონფერენციას თემაზე – „წყალი და ადამიანი“.
კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან პორტის, ნავთობბაზის, ქალაქ ბათუმის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩვენი აკვატორიის, მასში ჩამდინარე წყლებისა და სანაპიროს გარემოსდაცვით ღონისძიებებზე.
კონფერენციას ასევე დაესწრებიან აჭარაში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
ძველ ბათუმში ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. მერიის მიერ ამჯერად შერჩეულია ცხრა ეზო, სადაც შესაბამის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შეასრულებს. სატენდერო თანხა 87 200 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება.
26 მაისი/ფ. მეფის N 37/87; რ. კომახიძის ქ. N7; ლუკა ასათიანის ქ. N12; ზ. გამსახურდიას ქ. N43; ი. აბაშიძის (იმნაძის) ქ. N4; კოსტავას ქ. N32; მემედ აბაშიძის ქ. N35; თავდადებულის ქ. N10; ნინოშვილის ქ. N3 – ეს იმ ეზოების მისამართებია, სადაც აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სამუშაოები უნდა შესრულდეს წარმოდგენილი ვიზუალური ესკიზების და ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად. ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა სამუშაო უნდა შეთანხმდეს ბათუმის მერიასთან.
ეს ცხრა ეზო მერიამ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცენტრების განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეარჩია.
ტენდერში გამარჯვებულს, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე ამ ცხრა ეზოში მცირე ეკონომიკური საქმიანობის დაწყების მხარდასაჭერად, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების [მათ შორის კედლების მოხატვა] და შესაბამისი საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარის [ავეჯი, ტექნიკა] შესყიდვის ორგანიზება ევალება.
მერიის მოთხოვნაა, კედლების მოხატვა განხორციელდეს გამოცდილი სპეციალისტ[ებ]ის მიერ: „ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თუ პრეტენდენტს არ ჰყავს მსგავსი გამოცდილების სპეციალისტი, ქვეკონტრაქტით მისი აყვანა უნდა შეთანხმდეს მერიასთან“.
ძველი ბათუმის ერთ-ერთი ეზოს ესკიზი / წყარო: სატენდერო დოკუმენტებიძველი ბათუმის ერთ-ერთი ეზოს ესკიზი / წყარო: სატენდერო დოკუმენტებიძველი ბათუმის ერთ-ერთი ეზოს ესკიზი / წყარო: სატენდერო დოკუმენტები