მთავარი,სიახლეები

ქალი: 6 შვილი მყავს, მერია კი მეუბნება, რომ ბინას 7-შვილიანებს აძლევს

22.07.2019 • 1609
ქალი: 6 შვილი მყავს, მერია კი მეუბნება, რომ ბინას 7-შვილიანებს აძლევს

32 წლის ნაირას 6 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში ნაქირავებში ცხოვრობს. მერიაში უთხრეს, რომ ბინას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მეშვიდე შვილს გააჩენს. ნაირა ქმარს გაშორდა. ახლა ნაირა ექვს შვილთან ერთად ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს, თუმცა დიასახლისი უკვე სთხოვს ბინის დაცლას – „ბავშვები ხმაურობენ და მაწუხებენო, მეუბნება“. მარტოხელა ქალი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს.

ნაირა თავის ექვს შვილთან ერთად პატარა ზომის ორ ოთახს ქირაობს – ერთ სივრცეში სამზარეულო აქვს მოწყობილი, მეორეგან იძინებენ. ბავშვებს იატაკზე ვუგებ და ისე ვაძინებო – გვიყვება ის.

„ქმარი ხშირად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა. მამცირებს, შეურაცხყოფას მაყენებს და ბოლოს სექსუალურად ძალადობაც დაიწყო. დავიღალე, მასთან ცხოვრება აღარ მინდა, დავიღალე მისი პრობლემებითაც. მინდა შვილებზე ვიზრუნო, ოღონდ მარტოს გამიჭირდება და სახელმწიფოს ვთხოვ დახმარებას“, – გვეუბნება ნაირა.

ნაირა ამბობს, რომ 17 წელი მეუღლის სახლში შეუსრულდა. არასრულწლოვანი გათხოვდა და 15 წელი ქმართან და შვილებთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობს.

უფროსი შვილი 11 წლისაა, ყველაზე პატარა კი 11 თვის შესრულდა. ნაირა ქმართან ოფიციალურად განქორწინებას აპირებს და მალე მიმართავს სასამართლოს. „ადრე მეუბნებოდნენ, ბავშვების ხათრით არ დაანგრიო ოჯახიო და ამ ხათრმა მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე“, – გვეუბნება ნაირა.

ნაირა და მისი მეუღლე თავდაპირველად სამტრედიაში, ქმრის მშობლების ძველ ბინაში ცხოვრობდნენ, თუმცა როგორც გვეუბნება, ბინა დაინგრა და იქ ცხოვრება ვეღარ გააგრძელეს. „ვის არ მივმართე, პრემიერსაც კი მივწერე წერილი, რომ ჩემი ექვსი შვილისთვის საცხოვრებელი მიეცათ, მაგრამ არავინ არ გამცა პასუხი.

ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად და აქაც 15 წელია ნაქირავებში ვცხოვრობთ. რადგან აქ ვარ რეგისტრირებული, ბათუმის მერიასაც მივმართე, მაგრამ მითხრეს, ბინა რომ მოგცეთ, შვიდი ბავშვი უნდა გყავდესო. ექვს ბავშვს არ უნდა ბინა?

ყოფილ ქმარს ოჯახში ისედაც არაფერი შემოჰქონდა, სულ ვალებს იღებდა. სოციალური შემწეობაც ვეღარ მოვახმარე ბავშვებს. 600 ლარს ვიღებთ და 300 ლარის გახდა მიწევს ქირაში. ბევრი ბავშვისთვის ოთახის დათმობა არავის არ უნდა. ერთი თვეა, რაც ვიქირავე და დიასახლისი უკვე ბინის დაცლა მთხოვს, ბევრი ხართ, ბავშვები ხმაურობენ და დამიცალეთო. რა ვქნა, 15 წელია აღმა-დაღმა დავდივართ, ახლა კიდევ ასე მოგვიწევს.

მინდა სახელმწიფო დამეხმაროს, რომ ჩემი შვილები ღირსეულად გავზარდო, ქუჩაში არ იყვნენ, ისწავლონ“.

ნაირას არც პროფესიული განათლება აქვს და არც უმაღლესი. ამბობს, რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა და განათლების მიღების შესაძლებლობა არ მიეცა.

„ერთი თვეა, რაც დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. დღეგამოშვებით ვმუშაობ. როცა სამსახურში ვარ, პატარებთან ერთ-ერთი ბავშვის ნათლიას ვტოვებ. ერთადერთი, რაშიც სახელმწიფოს დახმარებას ვთხოვ, საცხოვრებელი ფართობია. მარტო ვერ შევძლებ ამ პრობლემის გამკლავებას“, – გვეუბნება ქალი.

ნაირა თავის შვილებს უფასო სასადილოდან მოტანილი საჭმლით კვებავს – დღეში ერთხელ მოაქვს სამი პური და სხვა დანამატები. ამბობს, რომ ეს არ ჰყოფნით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: