მთავარი,სიახლეები

„რატომ არ დააკავეს ის, ვინც 1 მილიონ 370 ათასი მიითვისა?“ – მერიის მაღალჩინოსნების საქმე

24.07.2019
„რატომ არ დააკავეს ის, ვინც 1 მილიონ 370 ათასი მიითვისა?“ – მერიის მაღალჩინოსნების საქმე

„თქვენ ამბობთ, რომ ამ ადამიანებმა გაფლანგეს ფული, თუმცა ერთი მტკიცებულებაც არაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებს ანგარებას, რომ ბრალდებულებმა რაიმე სახის ფინანსური სარგებელი მიიღეს… სამაგიეროდ, თქვენ არ დააკავეთ გლადჩენკო, რომელიც დაკითხეთ და აღიარა თანხის მითვისება,“ – აღნიშნა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა, რამინ პაპიძემ. დღეს, 24 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო სხდომის შემდეგ რამინ პაპიძემ განმარტა, რომ ამ საქმეში მოწმის სახით დაკითხული იგორ გლადჩენკო იმ უკრაინული კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც „იაფის სახლის პროექტის“ განმახორციელებელი – „კონვენტ ჯორჯიას“ ქვეკონტრაქტორი იყო. გამოძიება დაკავებული 7 მაღალჩინოსნიდან სამს – გია ერმაკოვს, ბაგრატ ხალვაშს და არჩილ ვანაძეს სახელმწიფო თანხის გაფლანგვას ედავება. ადვოკატი კი ირწმუნება, რომ პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და ამ დრომდე არ დაუკავებიათ ის პირები, ვინც ეს ფული – 1 მილიონ 300 ათასი ლარი მიითვისა. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ „პროკურატურაა გარეული კორუფციულ გარიგებაში“.

ადვოკატის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს პროკურორი რამაზ შავაძე. მისი თქმით, სახელმწიფო ფულის მითვისების საქმე ცალკეა გამოყოფილი და „მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“.

რატომ ვერ დააკავა პროკურატურამ ის პირები, რომლებმაც ბიუჯეტის ფული მიითვისეს? – ვკითხეთ პროკურორს.

„სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იქნებიან მოწმეები, მათ შორის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნება გლადჩენკო, ჩვენ ღიად და გამჭვირვალედ მოვისმენთ მის ჩვენებას… რაც შეეხება მის დაკავებას, მოგეხსენებათ, რომ პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას სჭირდება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი. თუკი იქნება მტკიცებულება დასაბუთებული ვარაუდი, სისხლის სამართლის დევნა განხორციელდება ნებისმიერი ბრალეული ქმედების ჩამდენი პირის მიმართ,“ – გვითხრა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

ადვოკატი რამინ პაპიძე კი ამბობს, რომ სადავო მილიონ 370 ათასი სწორედ უკრაინულ კომპანიას ჩაერიცხა და გლადჩენკოს ჩვენებაში ჩანს ამავე პირის ბრალეულობა. ადვოკატი ეჭვობს, რომ გლადჩენკოს ჩვენებას ვერ მოისმენს სასამართლო. „ის უკვე საზღვარგარეთაა. გამოკითხეს და გაუშვეს,“ – დასძინა ადვოკატმა.

ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს „იაფი სახლის“ საქმის გამო  დააკავა.  დაკავებულებს, მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს, გია ერმაკოვს, 1 მილიონ 370 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან.

ბათუმის მერიის მაღაჩინოსნები პროკურატურამ 30 მაისს დააკავა.

____

ამავე თემაზე:

ახალი დეტალი, რამაც შესაძლოა „მერიის მაღალჩინოსნების საქმე“ ამოაყირავოს

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: