მთავარი,სიახლეები

წიგნი „კავკასია“, ლუდი – „ალუდა“ და „ქალაუ“ – რა ხდება დღეს ჰამბურგის ქართულ ფესტივალზე

23.07.2019 • 2117
წიგნი „კავკასია“, ლუდი – „ალუდა“ და „ქალაუ“ – რა ხდება დღეს ჰამბურგის ქართულ ფესტივალზე

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 19 ივლისს დაიწყო და 28 ივლისამდე გაგრძელდება ფესტივალი – „ქოლგა თბილისი – ფოტოფესტივალი“. გერმანიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანი თეონა გოგიჩაიშვილი, რომელიც უკვე 8 წელია ამ ფოტოფესტივალის თანაორგანიზატორი და კურატორია, გვიყვება, რომ დღეს ფესტივალის ფარგლებში  მოუსმინეს საქართველოდან ჩასულ ფოლკლორის შემსრულებლებს. დღესვე ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ხალისიანი და ხმაურიანი ნაწილი ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძების დაგემოვნება იყო.

თეონა გოგიჩაიშვილი გვიყვება, რომ ქართულ-გერმანული მეგობრობის აღსანიშნავი ფესტივალზე, სწორედ დღეს, კონცერტთან ერთად გაიმართა ქართული სამზარეულოს ვორკშოპი, ასევე წიგნის პრეზენტაცია და ისეთი ღონისძიებები, „რაც გერმანელ ხალხს საქართველოს კულტურას უფრო ახლოს გააცნობს“.

„განსაკუთრებით მინდა წარმოვაჩინო ჩვენი ქართული კვარტეტის – „ქალაოს“ წარმომადგენლები, რომლებმაც შეასრულეს ქართულ ხალხურ სიმღერები და საგალობლები. დღეს სიმღერით, სამზარეულო ვორკშოფითა და თავისი სუფრით, ქართული კერძები გერმანელ საზოგადოებას გავაცანით. ჩვენთან ერთად არის ასევე მიშიკო სულაკაური – 23 წლის ახალგაზრდა ხელოვანი, რომელიც სამი კვირა რჩება ჰამბურგში და აკეთებს საოცარ ნამუშევარს – თუშურ კრიპტოგრამას, კედელს და სამნაწილიან ინსტალაციას. აგრეთვე მოხარშავს თუშურ ლუდს – „ალუდ“, – გვითხრა თეონამ.

ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გულივერ თეისიც. ის დღეს ფესტივალზე შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენს წიგნს – „კავკასია“, სწორედ ასე ჰქვია მის წიგნს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოსცა.

გულივერ თეისი

„კავკასია“ შტეფან ორტთან ერთად მოვამზადე ორწლიანი მოგზაურობის შედეგად. ოქტომბერში დავბრუნდი აქ. ეს არის წიგნის პირველი პრეზენტაცია ჰამბურგში. შტეფან ორტი, რომელმაც ეს წიგნი დაწერა, სამწუხაროდ, დღეს ჰამბურგში არ იმყოფება და მე, როგორც ფოტოგრაფი ვიქნები დღეს აქ პრეზენტატორი“, – გვითხრა გულივერ თეისმა.

კავკასია

გულივერ თეისი ამბობს, რომ ის არის მოგზაური ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, რომელმაც უკვე ორჯერ იმოგზაურა საქართველოში და ქართულ სამზარეულოს შესახებ გერმანულ ჟურნალებში სტატიებიც გამოაქვეყნა. გულივერ თეისი ამბობს, რომ ის ორ კვირაში ისევ აპირებს საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ჩამოსვლას.

ფესტივალის შესახებ ქუჩებში გამოფენილმა არც თუ ისე ცოტა აფიშებმა, ჰამბურგში მცხოვრებ ქართველებს მისცა შესაძლებლობა გამხდარიყვნენ ამ ფესტივალის მონაწილეები. ისინი ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად თანხმდებიან, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ინფორმირებული საქართველოს შესახებ. ამ ფესტივალის განწყობა კი, თავისი არსით, ეხმაურება საქართველოში ევროპელი ტურისტების მოზიდვის კამპანიის მხარდაჭერას.

„ქოლგა თბილისი-ფოტოფესტივალის“ ფინანსური მხარდამჭერი ჰამბურგის კულტურის დეპარტამენტია.

ტექსტი მომზადებულია ნათია შენგელიძეზე დაყრდნობით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: