მთავარი,სიახლეები

ივანიშვილის ქონების დაზიანებაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

24.07.2019 • 2154
ივანიშვილის ქონების დაზიანებაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონი, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს. როგორც ელგუჯა ბაგრატიონი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით და ასევე ადმინისტრაციული კოდექსით დაიწყო გამოძიება.

როგორც ელგუჯა ბაგრატიონი გვეუბნება, პირველი მუხლი სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს, მეორე შემთხვევაში კი, მას ხმაურის გამო ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ელგუჯა ბაგრატიონს მოუწევს „ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე“.

„გააღვიძე ოლიგარქი“- ამ სლოგანით რამდენიმე კვირაა ენმ და სხვა აქტივისტები საპროტესტო აქციებს მართავენ შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც ასევე გაშლილია კარავი მოშიმშილეებისთვის.

„მედავებიან სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას. აქციები როცა დაიწყო და მოშიმშილეების კარავი დავდგით, რეზიდენციის ღობეზე დაამონტაჟეს ვიდეოთვალი, კარვის პირდაპირ. ჩვენ გვინდოდა, რომ კამერა სხვა მიმართულებით შეგვებრუნებინა და მოძრაობის დროს ვიდეოთვალი გადაბრუნდა, თუმცა ძირს არ დავარდნილა. შესაბამისად, ვერც დაზიანდებოდა.

ჩვენ დაცვას დავუძახეთ, მაგრამ ხმა არ გაგვცა, თუმცა შეტყობინება გააკეთეს პოლიციაში“, – გვითხრა ელგუჯა ბაგრატიონმა.

მისივე ინფორმაციით, ვიდეოთვალი ექსპერტიზაზე იყო გადაგზავნილი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნას არ გაცნობიან.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას, ბაგრატიონი ამბობს, რომ მას საპროტესტო აქციების გამო ედავებიან: „აქციაზე ხმაური იქნება, ბუნებრივია, თუმცა რატომ მხოლოდ მე მედავებიან, არ ვიცი. ადგილზე რომ მივალ, ვნახოთ რას მეტყვიან.“

ბაგრატიონი ამბობს, რომ ის ერთ-ერთი ორგანიზატორია იმ აქციების, რომელიც ბოლო ერთი თვეა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციასთან ყოველ საღამოს იმართება.

შეკვეთილის აქციები, თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების სოლიდარობის ნიშნად დაიწყო, თბილისში მოწყობილი „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დემონსტრანტები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

მშვიდობიანი აქცია თბილისში დღესაც გაიმართება.

რაც შეეხება შეკვეთილს, ენმ-ს წარმომადგენლის, რეზო ხარაზის თქმით, ელგუჯა ბაგრატიონის გარდა, შესაძლოა პოლიციაში სხვა აქტივისტებიც დაიბარონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: