მთავარი,სიახლეები

ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს

23.07.2019 • 3044
ბათუმის ნავთობტერმინალი თხევადი გაზის მიღება-გადატვირთვის მოცულობის გაზრდას გეგმავს

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადატვირთვის მოცულობის თვეში 50 ათას ტონამდე ანუ წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს. ამისთვის ტერმინალი აპირებს თხევადი აირების მიღების, შენახვისა და გადატვირთვისთვის არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას და შემდგომში მის ექსპლუატაციას.

დაგეგმილია: არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობა [ჯამში 21 000 კუბ/მ მოცულობის]; რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელს, რათა უზრუნველყოფილი იყოს 10 ათასი ტონა ტევადობის გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის დამონტაჟდება ახალი მილსადენები.

შესაბამისი განცხადებით ბათუმის ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 11 ივლისს მიმართა და სკოპინგის ანგარიშიც წარუდგინა. სკოპინგის ანგარიშის [გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების მიღების და გადატვირთვის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის და ექსპლუატაციის პროექტის] საჯარო განხილვა ბათუმის მერიაში 2019 წლის 8 აგვისტოს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

ბათუმის მერიაში ჩანიშნული „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის, უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის  განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ ასევე წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 12 აგვისტომდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე : eia@mepa.gov.ge“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

[red_box]სკოპინგის ანგარიშის მიხედვით:[/red_box]

რეკონსტრუქციის სამუშაოები განხორციელდება გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების [გნა] და სხვა ნავთობპროდუქტების არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის პარალელურ რეჟიმში.

რეკონსტრუქციის ფარგლებში ასევე განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გაფართოვდება ვაგონცისტერნებიდან გნა-ს ჩამოსასხმელი სარკინიგზო ესტაკადა და გაიზრდება მისი გამტარუნარიანობა; კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება ობიექტზე მისასვლელ სარკინიგზო ხაზს; რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და გაიზრდება გნა-ს გადასატუმბი საკომპრესორო დანადგარების სიმძლავრე; დამონტაჟდება თხევადი აზოტის ახალი, უფრო მეტი სიმძლავრის დანადგარი, ასევე, რეკონსტრუქციას დაექვემდებარება და განახლდება: გნა-ს მიღების, შენახვისა და გადატვირთვის ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებული, სარეზერვუარო პარკებში და ნავმისადგომებზე დაგაზიანების კონტროლის, სარეზერვუარო პარკებში და ნავმისადგომებზე სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემები; ავარიული ელექტრომომარაგების სისტემა; წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები;

დაგეგმილი საქმიანობის პროექტირების დაწყების წინ საწარმო უზრუნველყოფს წინა საპროექტო კვლევების ჩატარებას, სივრცითი, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წინასწარ შეთანხმებას ქალაქ ბათუმის მერიასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან, სხვა დაინტერესებულ უწყებებთან, რის საფუძველზეც მომზადდება გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების მიღების, შენახვის და გადატვირთვის არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის საპროექტო დავალება.

რეზერვუარები განთავსდება 3 მეტრ სიღრმეზე, ბეტონის საძირკვლებზე, 2 ჯგუფად. ერთ ჯგუფში ერთმანეთის პარალელურად განთავსდება 3 რეზერვუარი, ხოლო მეორე ჯგუფში – 4 რეზერვუარი. რეზერვუარების პარკის ორივე ჯგუფი განთავსდება მიწაყრილის ქვეშ, ხოლო გარშემო მოეწყობა რკინა-ბეტონის კედელი ორმაგი არმირებით.

მიწაყრილი და სარეზერვუარო პარკის შიდა ტერიტორია დაიფარება წყალგაუმტარი ფენით. რეზერვუარების გარშემო მოეწყობა რეზერვუარების მილსადენების მომსახურების სივრცე რ/ბ კედლებით და გადახურვით, მათ შორის ნარჩენი კონდესატისაგან რეზერვუარების დასაცლელად, რომელიც მილსადენით გადაიტვირთვება შემკრებ რეზერვუარში.

რეზერვუარების პარკი აღიჭურვება ხანძრის ქაფით ქრობის და წყლით გაგრილების ავტომატური სისტემით [ხელის მართვის დუბლირებული პულტით] ამერიკული სტანდარტის NEPA-58 და NEPA-15 -ს მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნული სტანდარტის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით რეზერვუარების აღჭურვის შემთხვევაში, მინიმალური დასაშვები მანძილი რეზერვუარებიდან სხვა უახლოეს ობიექტამდე 100 მეტრია. საპროექტო მიწის ნაკვეთი უახლოესი საცხოვრებელი ზონიდან კი დაცილებულია 150 მ-ით.

მიწისქვეშა მილსადენები გაყვანილი იქნება 3 მ სიგანის რკინაბეტონის არხებით, რომელიც ბუნებრივად განიავდება. რეკონსტრუქციის შემდეგ სარკინიგზო ესტაკადა კვლავ ორჩიხიანი იქნება. თითოეულ ჩიხში ერთდროულად 15 ვაგონ-ცისტერნის მიწოდება იქნება შესაძლებელი, რაც ჯამში 30 ვაგონ-ცისტერნას შეადგენს.

ПУЭ – ს თანახმად, სარკინიგზო ესტაკადა საშიშროების В-1г კლასს ეკუთვნის. შესაბამისად, გნა-ს სარკინიგზო ესტაკადის მილსადენებზე, 20 მეტრის დაშორებით, კვლავ გათვალისწინებული იქნება ელექტროამძრავიანი ფეთქებადუსაფრთხო გამომრთველი ონკანები, რომელთა დანიშნულებაა გნა-ს სარკინიგზო ესტაკადის გამორთვა ხანძრის წარმოქმნის შემთხვევაში.

ექსპლუატაციაში დარჩება არსებული საკომპრესორო-სატუმბო სადგური, რომელიც კვლავ გამოყენებული იქნება არსებული 5000 მ3 ტევადობის სარეზერვუარო პარკში გნა-ს შესატუმბად და ამავე რეზერვუარებიდან N2 ნავმისადგომზე მდგომ ტანკერში გნა-ს გადასატვირთად 90-100 ტონა/სთ სიჩქარით. ახალი საკომპრესორო სადგურის საშუალებით გნა-ს რეზერვუარებში და უნაპირო ნავმისადგომზე მდგომ ტანკერებში გნა-ს გადტუმბვის სიჩქარე კი იქნება 300-350 ტონა/სთ. რეკონსტრუირებული სარკინიგზო ესტაკადა მოემსახურება როგორც არსებულ 5000 მ3 ტევადობის სარეზერვუარო პარკს, ისე ახალ 21 000 მ3 ტევადობის სარეზერვუარო პარკს.

გათხევადებული აირების მიღების და გადატვირთვის სადგური განლაგებულია შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ჩრდილო-აღმოსავლეთით განცალკევებულად მდებარე 13 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთზე [თამარის დასახლებაში], ყოფილი ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამ ტერიტორიაზე განლაგებულია „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ნავთობშლამებისა და ნავთობით დაბინძურებული გრუნტების დროებითი განთავსების მოედნები.
გნა-ს რეზერვუარების მიმდებარედ განთავსებულია ასევე შპს „აჭარგაზის“ 7 რეზერვუარი; ამავე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შპს „სიგმატიქსი“, რომელიც ახდენს შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ გადაცემული ნავთობშლამების ინსინერაციას.

მილსადენები გაყვანილი იქნება შემდეგ ტერიტორიებზე:
შპს ,,ბათუმი პეტროლეუმის“ ტერიტორიაზე, ღობის გასწვრივ, მიწისზედა გაყვანით, მაღალ საყრდენებზე; ყოფილი კაზინეცის ქუჩაზე, რკინიგზის ვაკისამდე, მიწისქვეშა გაყვანით, შპს ,,ბათუმი პეტროლეუმის“ ღობის გარეთა მხარეს, სპეციალურ რ/ბ არხით, (რკინიგზის გადაკვეთა – შესრულდება არსებულ გასასვლელში მიწისქვეშა რ/ბ არხის საშუალებით); თამარ მეფის გამზირის გადაკვეთა პერპენდიკულარულად, მიწისქვეშა რ/ბ არხით; ქუჩის გადაკვეთის მთელ მონაკვეთზე მილები მოქცეული იქნება ფოლადის მილებისგან დამზადებულ ფუტლარებში (მილი-მილში); შემდგომ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირის მილსადენები გაიყვანება სანაპიროს გასწვრივ მდ. ბარცხანამდე. მდ. ბარცხანაზე გათვალისწინებულია მიწისზედა გადასასვლელი მაღალ დგარებზე და შემდგომ ნაპირის გავლით ნავთობპროდუქტების არსებულ ტექნოლოგიურ ესტაკადამდე. ტექნოლოგიურ ესტაკადაზე მილსადენების გაყვანა ხდება ზედა იარუსის არსებულ ტრავერსებზე, ქვედა იარუსზე დამატებითი საყრდენი დგარების დაყენებით, და ასეთი ვარიანტით ხდება მათი მიყვანა გამწმენდი ნაგებობების მოედნამდე. გამწმენდი ნაგებობების მოედნიდან უნაპირო ნავმისადგომამდე მილსადენების სიგრძე შეადგენს დაახლოებით 500 მეტრს და განთავსებულა П-სებრ საყრდენებზე.

საქართველოს მთავრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომპანია „ყაზტრანსოილმა“ უნდა უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა. ანუ, გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადაზიდვის მოცულობების გაზრდა ხელს შეუწყობს ამ ვალდებულების შესრულებას. მიღწეულია რეალური შეთანხმება ყაზახეთში მოქმედ კომპანია „თენგიზშევროილთან“ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გავლით გნა-ს წლიური ტვირთბრუნვის წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდის თაობაზე. გნა-ს გადატვირთვასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალიზაციის სხვა საწარმო საქართველოში არ ფუნქციონირებს…

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გაითვალისწინებს, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების პროცესში მოსალოდნელია გაიზარდოს ეკოლოგიური და სამრეწველო რისკები. მათ შორის:

[crosslist]

  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიებით, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები;
  • ადგილი ექნება ზედაპირული წყლების ბუნებრივ ჩამონადენზე ზემოქმედებას.
  • მოსალოდნელია შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარე კუბასწყალის წყლის ხარისხის გაუარესების გარკვეული რისკები;
  • ოსალოდნელია ნარჩენების რაოდენობის ზრდა და შესაბამისი გაზრდილი ზემოქმედება გარემოზე და ა.შ.

[/crosslist]

სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ უზრუნველყოფს საქმიანობის პროცესში მოსალოდნელი რისკების სათანადო მართვას, განახორციელებს შესაბამის შემარბილებელ და საკომპენსაციო ღონისძიებებს და დააწესებს ქმედით სისტემურ კონტროლს აღნიშნული ღონისძიებების შესრულებაზე, რათა მაქსიმალურად შეამციროს ბუნებრივ გარემოზე მოსალოდნელი ნეგატიური ზემოქმედებების მასშტაბები და გავრცელების არეალი.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქმიანობისთვის შერჩეული ტერიტორია წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განიცდიდა მაღალ ანთროპოგენურ ზემოქმედებას. აღნიშნულის შედეგად საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში ნიადაგი მნიშვნელოვნად დეგრადირებულია. შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალი“ გაითვალისწინებს, რომ არასწორი მენეჯმენტის შემთხვევაში დაგეგმილი საქმიანობა შესაძლოა შერჩეული ნაკვეთის ან მეზობელი ტერიტორიების ნიადაგების დამატებითი უარყოფითი ზემოქმედების მიზეზი გახდეს. კომპანია უზრუნველყოფს მდინარე კუბასწყლის და ზღვის წყლების ხარისხის მონიტორინგს ეკოლოგიური მონიტორინგის გეგმის შესაბამისად როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პირობებში“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„სკოპინგის ანგარიშში ნეგატიური ზემოქმედებების ხასიათი, მასშტაბები და შეფასება მოკლედ არის განხილული და ეს ყველაფერი დეტალურად განხილული იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის შესაბამის პარაგრაფებში“ – აცხადებს „ბათუმის ნავთობტერმინალი“.

დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით გზშ-ს, „ბათუმის ნავთობტერმინალი“ მას შემდეგ მოამზადებს, რაც სამინისტრო სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირის N 2 ნავმისადგომზე გადატვირთვის პროცესი / ფოტო: სკოპინგის ანგარიშიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: