13 ივლისს მომხდარი ავარიისას დაშავებული 7 წლის გოგონა, რომელსაც მშობლები და პატარა ძმა ავარიის შედეგად დაეღუპა, ნათესავებმა საქართველოდან წაიყვანეს – ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება აღენიშნება, დასტაბილურდა და ნათესავებმა იგი თვითმფრინავით წაიყვანეს სამშობლოში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ოჯახი საუდის არაბეთიდან ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად.
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე 13 ივლისს მოხდა. შედეგად დაიღუპა არაბი ცოლ-ქმარი და მათი ექვსი წლის შვილი. ავარიისას სულ დაშავდა 12 ადამიანი – არაბი და პოლონელი ტურისტები და ორი ქართველი მძღოლი.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276- ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი დახურულ სხდომაზე განიხილავს გაუპატიურების საქმეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომის დახურვა, დღეს, 23 ივლისს, პროკურორმა თორნიკე გოგიშვილმა იმ მოტივით მოითხოვა, რომ საქმე პირად ცხოვრებას ეხება. პროკურორის შუამდგომლობას ბრალდებულის სამივე ადვოკატი და თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.
ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ქალმა პოლიციელებს უთხრა, რომ ის ბრალდებულმა ირაკლი თ.-მ გააუპატიურა. პოლიციაში მეზობელმა დარეკა იმ საცხოვრებელი კორპუსიდან, სადაც დაზარალებული ქალი და ბრალდებული ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ. მეზობლის ჩვენების მიხედვით, მან ბინიდან ქალის კივილის ხმა გაიგონა.
გამოძიება ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის დასკვნას.
ადვოკატების თქმით, მომხდარს ბრალდებული უარყოფს. იგი 32 წლისაა. ადვოკატების ვერსიით, დაზარალებულად ცნობილი გოგო ბათუმში ირაკლი თ.- სთან დაოჯახების მიზნით ჩამოვიდა და შურისძიება მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა ირაკლიმ მას მშობლები არ გააცნო.
ადვოკატის, ნონა დუმბაძის თქმით, არ არსებობს საქმეში არც ერთი მტკიცებულება, რაც გაუპატიურების ფაქტს დაადასტურებს. ადვოკატი აქცენტს აკეთებს დაზარალებულად ცნობილი ქალის მაგისტრ მოსამართლისთვის უკვე მიცემულ ჩვენებაზე, სადაც იგი, პოლიციის განყოფილებაში მიცემული თავდაპირველი ჩვენებისგან განსხვავებით, გაუპატიურებას ან რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას გამორიცხავს.
დაზარალებული რუსეთის მოქალაქეა. მან წინასწარ მისცა სასამართლოს ჩვენება, რადგან შესაძლოა რუსეთში დაბრუნდეს.
დღევანდელ პროცესზე უნდა გაირკვეს, რამდენად დასაშვებია ის მტკიცებულებები, რაც მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს. მოსამართლე ასევე გადაწყვეტს, საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყება თუ არა.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ირაკლი თ.-ს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელს დაახლოებით ასი სოფლისა და ერთი ქალაქის საჯარო სკოლებს პირველკლასელი არ ეყოლებათ. ამ ჩამონათვალში მოხვდა აჭარის მუნიციპალიტეტების 19 სოფელიც.
აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი – შუახევის ათი სოფლის სკოლებს არ ეყოლებათ წელს პირველკლასელი მოსწავლე. შუახევის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, გასულ წელს მხოლოდ 4 სკოლაში არ ჰყავდათ პირველკლასელი. წელს ასეთი სკოლების რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ედუარდ გოგრაჭაძის თქმით, სკოლების მიხედვით მატება მკვეთრია, თუმცა იგივე არ ითქმის მუნიციპალიტეტში პირველკლასელთა რაოდენობაზე. „მაგალითად, გასულ სასწავლო წელს 134 ბავშვი შევიდა პირველ კლასში. წელს მათი რიცხვი 110-მდე შემცირდა“, – გვითხრა ედუარდ გოგრაჭაძემ.
შუახევის მუნიციპალიტეტი
[checklist]
სოფელ ლომანაურის საჯარო სკოლა
სოფელ ჟანივრის საჯარო სკოლა
სოფელ ვანის საჯარო სკოლა
სოფელ ცხემლისის საჯარო სკოლა
სოფელ გომარდულის საჯარო სკოლა
სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლა
სოფელ წყაროთის საჯარო სკოლა
სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლა
სოფელ გოგაძეების საჯარო სკოლა
სოფელ მახალაკიძეების საჯარო სკოლა[/checklist]
პირველკლასელის გარეშე მომავალ სასწავლო წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 7 სოფლის საჯარო სკოლა შეხვდება. გასულ წელს ამ მუნიციპალიტეტში სულ 2 სკოლას არ ჰყავდა პირველკლასელი, წელს ასეთი სკოლების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.
ხულოს მუნიციპალიტეტი
[checklist]
სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლა
სოფელ პანტნარის საჯარო სკოლა
სოფელ კალოთის საჯარო სკოლა
სოფელ სკვანის საჯარო სკოლა
სოფელ თხილვანის საჯარო სკოლა
სოფელ მანიაკეთის საჯარო სკოლა
სოფელ გელაურის საჯარო სკოლა[/checklist]
რაც შეეხება პირველკლასელთა ნაკადს – გასულ წელს ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლებმა 264 პირველკლასელი მიიღო, წელს მათი რაოდენობა 225-მდე შემცირდა.
პირველკლასელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში წელს ერთი სოფლის სკოლას არ ეყოლება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
[checklist]
სოფელ აჭის საჯარო სკოლა[/checklist]
ქობულეთის მსგავსი ვითარებაა ქედაშიც.
ქედის მუნიციპალიტეტი
[checklist]
სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლა[/checklist]
რაც შეეხება ხელვაჩაურს, წელს ამ მუნიციპალიტეტს არ აქვს ისეთი სკოლა, სადაც პირველკლასელი არ ეყოლებათ.
სოფლებთან ერთად წელს ქალაქის სკოლასაც არ ეყოლება პირველკლასელი. ეს ქალაქ ჭიათურის №12 საჯარო სკოლა იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 ივლისის 21 საათიდან 24 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7– 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 13-18 დმ –4 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 25-26 ივლისს, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადატვირთვის მოცულობის თვეში 50 ათას ტონამდე ანუ წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდას გეგმავს. ამისთვის ტერმინალი აპირებს თხევადი აირების მიღების, შენახვისა და გადატვირთვისთვის არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას და შემდგომში მის ექსპლუატაციას.
დაგეგმილია: არსებული 5 000 კუბ/მ მოცულობის თხევადი აირის საცავის გვერდით 7 ახალი საცავი რეზერვუარის მოწყობა [ჯამში 21 000 კუბ/მ მოცულობის]; რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უნაპირო ნავმისადგომის გემსაბმელს, რათა უზრუნველყოფილი იყოს 10 ათასი ტონა ტევადობის გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების ტანკერების მიღება და სატვირთო ოპერაციების ჩატარება; გაყვანილი იქნება ტანკერებში გათხევადებული აირების გადასატვირთი მოტივტივე შლანგები; აირების ახალ საცავებსა და უნაპირო ნავმისადგომს შორის დამონტაჟდება ახალი მილსადენები.
შესაბამისი განცხადებით ბათუმის ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 11 ივლისს მიმართა და სკოპინგის ანგარიშიც წარუდგინა. სკოპინგის ანგარიშის [გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების მიღების და გადატვირთვის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის და ექსპლუატაციის პროექტის] საჯარო განხილვა ბათუმის მერიაში 2019 წლის 8 აგვისტოს, 16:00 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრის ორგანიზატორი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
ბათუმის მერიაში ჩანიშნული „საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის, უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ ასევე წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 12 აგვისტომდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე : eia@mepa.gov.ge“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
[red_box]სკოპინგის ანგარიშის მიხედვით:[/red_box]
რეკონსტრუქციის სამუშაოები განხორციელდება გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების [გნა] და სხვა ნავთობპროდუქტების არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის პარალელურ რეჟიმში.
რეკონსტრუქციის ფარგლებში ასევე განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გაფართოვდება ვაგონცისტერნებიდან გნა-ს ჩამოსასხმელი სარკინიგზო ესტაკადა და გაიზრდება მისი გამტარუნარიანობა; კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება ობიექტზე მისასვლელ სარკინიგზო ხაზს; რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და გაიზრდება გნა-ს გადასატუმბი საკომპრესორო დანადგარების სიმძლავრე; დამონტაჟდება თხევადი აზოტის ახალი, უფრო მეტი სიმძლავრის დანადგარი, ასევე, რეკონსტრუქციას დაექვემდებარება და განახლდება: გნა-ს მიღების, შენახვისა და გადატვირთვის ტექნოლოგიური პროცესების მართვის ავტომატიზებული, სარეზერვუარო პარკებში და ნავმისადგომებზე დაგაზიანების კონტროლის, სარეზერვუარო პარკებში და ნავმისადგომებზე სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემები; ავარიული ელექტრომომარაგების სისტემა; წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები;
დაგეგმილი საქმიანობის პროექტირების დაწყების წინ საწარმო უზრუნველყოფს წინა საპროექტო კვლევების ჩატარებას, სივრცითი, ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წინასწარ შეთანხმებას ქალაქ ბათუმის მერიასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან, სხვა დაინტერესებულ უწყებებთან, რის საფუძველზეც მომზადდება გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების მიღების, შენახვის და გადატვირთვის არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის საპროექტო დავალება.
რეზერვუარები განთავსდება 3 მეტრ სიღრმეზე, ბეტონის საძირკვლებზე, 2 ჯგუფად. ერთ ჯგუფში ერთმანეთის პარალელურად განთავსდება 3 რეზერვუარი, ხოლო მეორე ჯგუფში – 4 რეზერვუარი. რეზერვუარების პარკის ორივე ჯგუფი განთავსდება მიწაყრილის ქვეშ, ხოლო გარშემო მოეწყობა რკინა-ბეტონის კედელი ორმაგი არმირებით.
მიწაყრილი და სარეზერვუარო პარკის შიდა ტერიტორია დაიფარება წყალგაუმტარი ფენით. რეზერვუარების გარშემო მოეწყობა რეზერვუარების მილსადენების მომსახურების სივრცე რ/ბ კედლებით და გადახურვით, მათ შორის ნარჩენი კონდესატისაგან რეზერვუარების დასაცლელად, რომელიც მილსადენით გადაიტვირთვება შემკრებ რეზერვუარში.
რეზერვუარების პარკი აღიჭურვება ხანძრის ქაფით ქრობის და წყლით გაგრილების ავტომატური სისტემით [ხელის მართვის დუბლირებული პულტით] ამერიკული სტანდარტის NEPA-58 და NEPA-15 -ს მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნული სტანდარტის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით რეზერვუარების აღჭურვის შემთხვევაში, მინიმალური დასაშვები მანძილი რეზერვუარებიდან სხვა უახლოეს ობიექტამდე 100 მეტრია. საპროექტო მიწის ნაკვეთი უახლოესი საცხოვრებელი ზონიდან კი დაცილებულია 150 მ-ით.
მიწისქვეშა მილსადენები გაყვანილი იქნება 3 მ სიგანის რკინაბეტონის არხებით, რომელიც ბუნებრივად განიავდება. რეკონსტრუქციის შემდეგ სარკინიგზო ესტაკადა კვლავ ორჩიხიანი იქნება. თითოეულ ჩიხში ერთდროულად 15 ვაგონ-ცისტერნის მიწოდება იქნება შესაძლებელი, რაც ჯამში 30 ვაგონ-ცისტერნას შეადგენს.
ПУЭ – ს თანახმად, სარკინიგზო ესტაკადა საშიშროების В-1г კლასს ეკუთვნის. შესაბამისად, გნა-ს სარკინიგზო ესტაკადის მილსადენებზე, 20 მეტრის დაშორებით, კვლავ გათვალისწინებული იქნება ელექტროამძრავიანი ფეთქებადუსაფრთხო გამომრთველი ონკანები, რომელთა დანიშნულებაა გნა-ს სარკინიგზო ესტაკადის გამორთვა ხანძრის წარმოქმნის შემთხვევაში.
ექსპლუატაციაში დარჩება არსებული საკომპრესორო-სატუმბო სადგური, რომელიც კვლავ გამოყენებული იქნება არსებული 5000 მ3 ტევადობის სარეზერვუარო პარკში გნა-ს შესატუმბად და ამავე რეზერვუარებიდან N2 ნავმისადგომზე მდგომ ტანკერში გნა-ს გადასატვირთად 90-100 ტონა/სთ სიჩქარით. ახალი საკომპრესორო სადგურის საშუალებით გნა-ს რეზერვუარებში და უნაპირო ნავმისადგომზე მდგომ ტანკერებში გნა-ს გადტუმბვის სიჩქარე კი იქნება 300-350 ტონა/სთ. რეკონსტრუირებული სარკინიგზო ესტაკადა მოემსახურება როგორც არსებულ 5000 მ3 ტევადობის სარეზერვუარო პარკს, ისე ახალ 21 000 მ3 ტევადობის სარეზერვუარო პარკს.
გათხევადებული აირების მიღების და გადატვირთვის სადგური განლაგებულია შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ჩრდილო-აღმოსავლეთით განცალკევებულად მდებარე 13 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთზე [თამარის დასახლებაში], ყოფილი ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ ტერიტორიაზე განლაგებულია „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ნავთობშლამებისა და ნავთობით დაბინძურებული გრუნტების დროებითი განთავსების მოედნები.
გნა-ს რეზერვუარების მიმდებარედ განთავსებულია ასევე შპს „აჭარგაზის“ 7 რეზერვუარი; ამავე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შპს „სიგმატიქსი“, რომელიც ახდენს შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ გადაცემული ნავთობშლამების ინსინერაციას.
მილსადენები გაყვანილი იქნება შემდეგ ტერიტორიებზე: შპს ,,ბათუმი პეტროლეუმის“ ტერიტორიაზე, ღობის გასწვრივ, მიწისზედა გაყვანით, მაღალ საყრდენებზე; ყოფილი კაზინეცის ქუჩაზე, რკინიგზის ვაკისამდე, მიწისქვეშა გაყვანით, შპს ,,ბათუმი პეტროლეუმის“ ღობის გარეთა მხარეს, სპეციალურ რ/ბ არხით, (რკინიგზის გადაკვეთა – შესრულდება არსებულ გასასვლელში მიწისქვეშა რ/ბ არხის საშუალებით); თამარ მეფის გამზირის გადაკვეთა პერპენდიკულარულად, მიწისქვეშა რ/ბ არხით; ქუჩის გადაკვეთის მთელ მონაკვეთზე მილები მოქცეული იქნება ფოლადის მილებისგან დამზადებულ ფუტლარებში (მილი-მილში); შემდგომ გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირის მილსადენები გაიყვანება სანაპიროს გასწვრივ მდ. ბარცხანამდე. მდ. ბარცხანაზე გათვალისწინებულია მიწისზედა გადასასვლელი მაღალ დგარებზე და შემდგომ ნაპირის გავლით ნავთობპროდუქტების არსებულ ტექნოლოგიურ ესტაკადამდე. ტექნოლოგიურ ესტაკადაზე მილსადენების გაყვანა ხდება ზედა იარუსის არსებულ ტრავერსებზე, ქვედა იარუსზე დამატებითი საყრდენი დგარების დაყენებით, და ასეთი ვარიანტით ხდება მათი მიყვანა გამწმენდი ნაგებობების მოედნამდე. გამწმენდი ნაგებობების მოედნიდან უნაპირო ნავმისადგომამდე მილსადენების სიგრძე შეადგენს დაახლოებით 500 მეტრს და განთავსებულა П-სებრ საყრდენებზე.
საქართველოს მთავრობის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომპანია „ყაზტრანსოილმა“ უნდა უზრუნველყოს ყოველწლიურად არანაკლებ 5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა. ანუ, გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირების გადაზიდვის მოცულობების გაზრდა ხელს შეუწყობს ამ ვალდებულების შესრულებას. მიღწეულია რეალური შეთანხმება ყაზახეთში მოქმედ კომპანია „თენგიზშევროილთან“ ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გავლით გნა-ს წლიური ტვირთბრუნვის წელიწადში 600 ათას ტონამდე გაზრდის თაობაზე. გნა-ს გადატვირთვასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალიზაციის სხვა საწარმო საქართველოში არ ფუნქციონირებს…
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გაითვალისწინებს, რომ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების პროცესში მოსალოდნელია გაიზარდოს ეკოლოგიური და სამრეწველო რისკები. მათ შორის:
[crosslist]
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიებით, ხმაურის და ვიბრაციის გავრცელებით მოსახლეობაზე და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები;
ადგილი ექნება ზედაპირული წყლების ბუნებრივ ჩამონადენზე ზემოქმედებას.
მოსალოდნელია შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარე კუბასწყალის წყლის ხარისხის გაუარესების გარკვეული რისკები;
ოსალოდნელია ნარჩენების რაოდენობის ზრდა და შესაბამისი გაზრდილი ზემოქმედება გარემოზე და ა.შ.
[/crosslist]
სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ უზრუნველყოფს საქმიანობის პროცესში მოსალოდნელი რისკების სათანადო მართვას, განახორციელებს შესაბამის შემარბილებელ და საკომპენსაციო ღონისძიებებს და დააწესებს ქმედით სისტემურ კონტროლს აღნიშნული ღონისძიებების შესრულებაზე, რათა მაქსიმალურად შეამციროს ბუნებრივ გარემოზე მოსალოდნელი ნეგატიური ზემოქმედებების მასშტაბები და გავრცელების არეალი.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქმიანობისთვის შერჩეული ტერიტორია წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განიცდიდა მაღალ ანთროპოგენურ ზემოქმედებას. აღნიშნულის შედეგად საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში ნიადაგი მნიშვნელოვნად დეგრადირებულია. შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალი“ გაითვალისწინებს, რომ არასწორი მენეჯმენტის შემთხვევაში დაგეგმილი საქმიანობა შესაძლოა შერჩეული ნაკვეთის ან მეზობელი ტერიტორიების ნიადაგების დამატებითი უარყოფითი ზემოქმედების მიზეზი გახდეს. კომპანია უზრუნველყოფს მდინარე კუბასწყლის და ზღვის წყლების ხარისხის მონიტორინგს ეკოლოგიური მონიტორინგის გეგმის შესაბამისად როგორც მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პირობებში“ – აღნიშნულია ანგარიშში.
„სკოპინგის ანგარიშში ნეგატიური ზემოქმედებების ხასიათი, მასშტაბები და შეფასება მოკლედ არის განხილული და ეს ყველაფერი დეტალურად განხილული იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის შესაბამის პარაგრაფებში“ – აცხადებს „ბათუმის ნავთობტერმინალი“.
დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით გზშ-ს, „ბათუმის ნავთობტერმინალი“ მას შემდეგ მოამზადებს, რაც სამინისტრო სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას.
გათხევადებული ნახშირწყალბადოვანი აირის N 2 ნავმისადგომზე გადატვირთვის პროცესი / ფოტო: სკოპინგის ანგარიშიდან
ამჯერად Fuji-ის მსუბუქი კამერით იღებს და ამბობს, რომ ქუჩის გადაღებებისთვის ეს სრულიად საკმარისია. უამრავი ფოტოაპარატი გამოუცვლია, აქვს უზარმაზარი ფოტოარქივი, რომლისგანაც ცოტა ხნის წინ 90-იანი წლების არტისტების ცხოვრების ამსახველი კადრები ამოარჩია და ბათუმში მოაწყო ფოტოგამოფენა „ზამთარი გადატანილია“. ამავე სახელწოდებით გურამ წიბახაშვილის ფოტოალბომიც გამოიცა, რომელსაც ანა კორძაია-სამადაშვილის ესეები ავსებს ისტორიებით.
„80-90-იანი წლების დასაწყისშიც იგივე ხდებოდა საქართველოში, რაც ახლა ხდება. ის ზამთარი გადატანილია, მაგრამ როგორც ლაშა ბაქრაძე ამბობს – ზამთარი ისევ მოვა. როგორ ზამთარსაც მოვიყვანთ, ისეთი იქნება გადასატანი, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“, – ამბობს გურამ წიბახაშვილი – იგივე წიბახა.
იღებს ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ ამბებს, აქციებს, რომელიც შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით იმართება. ამბობს, რომ როგორც ფოტოგრაფი მშვიდადაა, რადგან უამრავი ადამიანი იღებს კამერით, აფიქსირებს ისტორიულ ფაქტებს და თუ მის ობიექტივს რაიმე გამორჩება, აუცილებლად გადაიღებს ამ ფაქტს ვინმე სხვა.
„ბევრი ადამიანი იღებს ჩემ ირგვლივ და ყველაფერი ფიქსირდება. 90-იან წლებში ასე არ იყო. ცოტა ფოტოგრაფი იყო, კამერა ყველას არ ჰქონდა და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა იყო ფაქტების გადაღება-შემონახვა. ახლა ყველაფერში კამერაა ჩამონტაჟებული. გადაღების მიზანი ინფორმაციის, ფაქტის დაფიქსირებაა. დღეს ინფორმაციული ველი დიდია და ამ ინფორმაციის ვიზუალურად დაკარგვა ყოვლად შეუძლებელია, თუ სპეციალურად ფოტოგრაფი არ გადაიღებს რამეს, ვინმეს მაინც აღმოაჩნდება მოვლენის კადრი. ეს კარგია.
სკოლაში გვასწავლიდნენ. ლიტერატურას, მათემატიკას, საბუნებისმეტყველო საგნებს კი ბატონო, მაგრამ ვიზუალური ენა? ამას არა. არადა, ეს ისეთივე ენაა, როგორც ჩვეულებრივი, საკომუნიკაციო ენა. გაიზარდა ვიზუალური ენის როლი.
საქართველოში კარგი ფოტოგრაფიის დიდი ბუმია. ბევრი ახალგაზრდა ფოტოგრაფი მუშაობს ნაყოფიერად და ხარისხიანად. ფოტოგრაფიის სკოლები გაიხსნა, სადაც ისწავლება ვიზუალური კომუნიკაციის ენა.
ფოტოგრაფიის ყველაზე დიდი უპირატესობა მისი დოკუმენტურობაა. როგორი ტრანსფორმაციაც არ უნდა გაუკეთო კადრს, იცი, რომ დასაწყისში იყო რაღაც პირველადი, ნამდვილი გამოსახულება“.
გურამ წიბახაშვილი იხსენებს, რომ როცა გადაღებას იწყებდა, ფოტოგრაფობა სერიოზულ პროფესიად არ მიიჩნეოდა. პროფესიით ქიმიკოსია და მისი ოჯახის წევრებს ძალიან სწყინდათ, ქიმიას რომ ჩამოშორდა და ფოტოაპარატით დაინტერესდა. უწევდა წიგნებით, ჟურნალებით სწავლა, მერე ფოტოგრაფები გაიცნო და მათთან დამეგობრებაც სწავლის კიდევ ერთ საშუალებად იქცა.
მასწავლებლად ლეონარდო და ვინჩის მიიჩნევს. მისმა ჩანახატებმა ტექსტებით შთააგონა, გადაეღო ფოტოები და ეწერა ამბები.
წიბახას უამრავი საყვარელი ფოტოგრაფი ჰყავს, მაგრამ მათ შორის დუან მიხალსს გამოარჩევს, ვისი საშუალებითაც ფოტოგრაფიული აზროვნება ისწავლა.
„თანამედროვე ქართველი ფოტოგრაფების მუშაობას ვაკვირდები დიდი ინტერესით, მაინტერესებს რას აკეთებენ, რა არის აქტუალური მათთვის. ყველა შეიძლება გახდეს ფოტოგრაფი, ეს ყველაზე ლიბერალური პროფესიაა, მაგრამ აუცილებელია ადამიანური, რაღაც ტიპის ცხოვრებისეული გამოცდილება მაინც. თუ ეს არ არის, გამოსახატიც არაფერია. რაც არ განგიცდია, ვერც გადმოსცემ – ყალბი გამოვა“, – ამბობს წიბახა.
ფოტოგრაფის პირველი პროფესიული გამოცდილება გაზეთ „7 დღეში“ მიიღო, რომელიც 1992 წლიდან გამოდიოდა. პრესაში მუშაობა ფოტოგრაფისგან დიდ მობილიზებას მოითხოვდა, მერე კი ეს მისთვის დიდ გამოცდილებად იქცა.
„ვიღებ ფირიანი კამერებითაც სტუდიაში. თავად ვამჟღავნებ და ვბეჭდავ, კოლექციონერები ეძებენ ხშირად ფირით გადაღებულ ფოტოებს და ამიტომ. ფირი წარსულს არ ჩაბარდება, მაგრამ იქცევა იშვიათობად. ყოველთვის იარსებებს ვიღაც, ვინც ფირით გადაიღებს ფოტოებს. არის ხალხი, ვისაც ამის გარეშე არ შეუძლია“, – ასე ფიქრობს წიბახა.
ბათუმის ჩოგბურთის კორტები არაერთი მუსიკალური საღამოს მასპინძელია ყოველ ზაფხულს. 17 აგვისტოს კი კორტებზე ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33A-ს სოლოკონცერტი გაიმართება.
17 აგვისტოს ბათუმში ჯგუფი ძირითადად ძველ სიმღერებს შეასრულებს, რითაც მსმენელისთვის საყვარელ და პოპულარულ ბენდად იქცა, თუმცა სიმღერების ნაწილი ინტერპრეტირებული იქნება და ნიაზ დიასამიძე რამდენი ახალ სიმღერასაც წარუდგენს მსმენელს.
Tickets.ge-ზე ონლაინშეძენის შემთხვევაში კონცერტის ბილეთი 20 ლარი, ადგილზე ყიდვისას კი 30 ლარი ღირს.
ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33A-ს ბათუმში კონცერტის ორგანიზატორია „ქართული ღვინის ფონდი“.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტი – სევერიან ხინკილაძე რძის პროდუქტებს ეტიკეტს უცვლის. „რძის პროდუქტები უკვე 10 თეთრით გაძვირდა და შესაცვლელიაო,“ – ამბობს ის და რძის პროდუქტების მაცივრის თაროზე ჯერ კიდევ შემორჩენილ ძველ ფასებს მაჩვენებს. ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების და საკვები პროდუქტების გაძვირების გამო ფასების ეტიკეტებს ახლა თითქმის ყველგან და ყველაფერზე ცვლიან.
რძის პროდუქტები 10 თეთრით გაძვირდა
„ყველაფერი გაძვირდა, ზოგ პროდუქტს 20 თეთრი დაემატა, ზოგს – 50. მაგალითად, შაქარს აქამდე ლარ-ნახევრად ვყიდდით, ახლა კილო შაქარი 1 ლარი და 70 თეთრია, მაკარონი 50 თეთრით გაძვირდა, ბრინჯი და წიწიბურა არ გაძვირებულა. ბრინჯი ისევ ლარი და 60 ღირს, წიწიბურა – 1 ლარი და 80 თეთრი. ენერგეტიკული სასმელი „ბუმიც“ გაძვირდა 20 თეთრით, პური არ გაძვირებულა ჯერ და ესაა მთავარი,“ – ამბობს სევერიან ხინკილაძე.
ამ და სხვა სუპერმარკეტების კონსულტანტების თქმით, ყველაზე მეტად ფასის ზრდა გაყინულ პროდუქტებზე აისახა. მაგალითად, გაყინული ქათმის საშუალო ფასი ახლა 7 ლარიდან იწყება. კონსულტანტების განმარტებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში გაყინული ხორცის პროდუქტებზე ფასი საშუალოდ 1 ან 2 ლარით გაიზარდა.
„რასაც მაღალი ფასი ჰქონდა, ის არ გაძვირებულა. მაგალითად, ზეთი დიდ ბოთლებში 17 ლარი და 50 თეთრი რომ ღირდა, ახლაც იგივე ფასი აქვს. მაგრამ 2 ლარით გაძვირდა მზესუმზირის ის ზეთი, რომელიც 13 ლარი და 50 თეთრი ღირდა. ღარიბი ფენისთვის გაძვირდა ისევ ცხოვრება“, – გვითხრა ერთ-ერთი სუპერმარკეტის კონსულტანტმა, დავით ვერძაძემ.
ივლისში შაქარი 20 თეთრით გაძვირდა.
საკვები პროდუქტების გაიაფებაზე საუბრობენ ბათუმის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები. „გახედეთ რიგებს, მყიდველი არავინაა და ვინ მოუმატებს ფასს,“ – ირწმუნებიან აქ.
საქონლის რბილ ხორცს აგრარულ ბაზარში საშუალოდ 17-19 ლარად იყიდით, ქათმის ხორცის ფასი კი 6 ლარი 50 თეთრიდან იწყება. „6 ლარშიც გამოვაო,“ – გვითხრა მოვაჭრემ, როცა დახლს მოვშორდით. ვენერა გორგაძის თქმით, ერთი თვის წინ კილოგრამ ქათამს საშუალოდ 7 ლარად ყიდდა.
ბაზარში იმერული ყველი საშუალოდ 8 ლარი ღირს, სულგუნი – 12 – 14 ლარი. „მარტო სულგუნს მოვუმატეთ თითო ლარი, ზაფხულია და ვითომ მაინც გაიყიდებაო,“ – დასძენენ ყველით მოვაჭრეები.
ნიგვზისა და ბოსტნეულის გამყიდველების თქმით კი, ლარის გაუფასურება მათ დახლებს არ შეხებია: კილოგრამი ნიგოზი 15 ლარი ღირს, ქართული ნიგოზი – 20. კარტოფილის საშუალო ფასი – 1 ლარი და 20 თეთრიდან იწყება.
მერყევია კიტრისა და პომიდვრის ფასები. მაგალითად, იზოლდა ქოქოლაძე ამბობს, რომ სახლის კიტრს გასულ თვეში 2 და 3 ლარად ყიდდა, ახლა კი, სახლის კიტრის ფასი ლარ-ნახევარია, სათბურის – 70 თეთრი. აგრარულ ბაზარში კილოგრამი პომიდვრის შესაძენად 2,50 – 3,50 ლარი დაგეხარჯებათ.
ლარმა მორიგი მკვეთრი გაუფასურება გასული თვის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ამჟამად 1 დოლარის შესაძენად 2.88 ლარის გადახდა მოგიწევთ ბათუმის ქუჩებში.
გუშინ, 21 ივლისს, კიდევ ერთხელ – 4-5 თეთრით გაძვირდა ბენზინიც. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას იქონიებს ბენზინის გაძვირება საკვებ პროდუქტებზე.
ვარშავაში საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა სტაჟირების კონკურსის 12 გამარჯვებული მასწავლებელი გამოვლინდა.
ბიოლოგია:
ნინო ქათამაძე (ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა)
ნონა ქორიძე (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა)
მაგდანა ხაბაძე (ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა)
ბუნებისმეტყველება:
დალი თებიძე (დაბა ქედის საჯარო სკოლა);
ნინო მალაზონია (ბათუმის მე-5 საჯარო სკოლა);
თამარ კონცელიძე (ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა);
ფიზიკა:
მერაბ დიასამიძე (ქედა, მახუნცეთის საჯარო სკოლა);
მზევინარ იმედაშვილი (ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა);
მარინე ხოზრევანიძე (ბათუმის მე-9 საჯარო სკოლა);
ქიმია:
თამარა ბერიძე (ხელვაჩაური, ფერიის საჯარო სკოლა);
ნაირა ჯაყელი (ხელვაჩაური, ჭარნალის საჯარო სკოლა);
რუსუდან შავაძე (ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა).
კონკურსის მეორე ეტაპზე 24 პედაგოგი მონაწილეობდა. სტაჟირების პროგრამააჭარის განათლების ფონდს ჰქონდა გამოცხადებული.
კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან პოლონეთში, ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა (Copernicus Science Centre) და ფონდში – „სკოლა კლასთან“ (School with Class Foundation) 2019 წლის 22-29 სექტემბერს.
მთავარი ფოტო: აჭარის განათლების ფონდი/გასაუბრება სტაჟირების კონკურსში მონაწილე პედაგოგებთან.
16 , 17 და 18 აგვისტოს ბათუმის ძველ ბულვარში „შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ გაიმართება.
ქართულ ღვინოს სამი დღის განმავლობაში ასამდე ღვინის მარანი წარმოადგენს. ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია ფესტივალის სტუმრებისთვის უფასო იქნება, გაიყიდება სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
აფიშა
დაგეგმილია ასევე:
• ეთნოკულინარიული გამოფენა – ქართული ყველის, ჩირისა და ჩურჩხელის ნაირსახეობებით
• ტრადიციული კერძების მასტერკლასი
• ქართული რეწვის პროდუქტების ორმოცი მწარმოებლის გამოფენა (თექა, მინანქარი, თიხა და ა.შ.)
• ოცდაათი თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენა – გაყიდვა და ტრადიციული სამოსელის გამოფენა
ბათუმში „რვაფეხას“ რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასრულებულია, თუმცა მისი შემდგომი ფუნქციონირების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რომელიც „რვაფეხას“ მესაკუთრეა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფუნქციონირების საკითხის შესახებ გადაწყვეტილება სამუშაოების ჩაბარების შემდეგ გადაწყდება.
„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ჯერ ბათუმის მერია შენობას მიიღებს ექსპლუატაციაში შესაბამისი წესით და ამის შემდეგ შესრულებულ სამუშაოს ჩაიბარებს სამინისტრო. შესრულებული სამუშაოების ჩაბარების შემდეგ კი, მიღებული იქნება გადაწყვეტილება შემდგომში ამ ნაგებობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით,“ – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, როდის ჩაიბარებენ სამუშაოებს.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, მათთვის შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე ამ დროისთვის არავის მიუმართავს. მერიაში განმარტავენ, რომ „რვაფეხა“ არ საჭიროებს ექსპლუატაციაში მიღებას, ვინაიდან მას მხოლოდ რესტავრაცია ჩაუტარდა. „თუმცა, მერიაში შემოსულია ეკონომიკის სამინისტროდან მომართვა – შენობის ექსპლუატაციაში მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტებია საჭირო. მერიაში ეს მომართვა ჯერ არ განუხილავთ და მას, სავარაუდოდ, სამინისტროსთან ერთად განიხილავენ,“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.
„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე „ფანტაზია“ [„რვაფეხა“] ძველი ფოტოების მიხედვით აღადგინა.
კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
2012 წლამდე 2 053 კვ/მ მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია „რვაფეხა“ [220 კვ/მ], ბათუმის მერიას ეკუთვნოდა, თუმცა ამავე წლის მაისში, ის საკუთრებაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცეს. ამ განკარგულებით, აჭარას საკუთრების უფლება შეუწყდებოდა, თუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არ განკარგავდა ქონებას.
ბათუმის საკრებულოს 2016 წლის განკარგულებით კი, ცვლილება შევიდა 2012 წლის განკარგულებაში და აჭარის მთავრობას „რვაფეხას“ რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაევალა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქონება საკუთრებაში უბრუნდებოდა ბათუმის მუნიციპალიტეტს. თუმცა განკარგულებაში რეაბილიტაციის დასრულების დრო მითითებული არ არის.
ამონარიდი ბათუმის საკრებულოს 2016 წლის განკარგულებიდან
2014 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცეს ასევე საკუთრებაში „რვაფეხას“ მიმდებარედ არსებული კიდევ ორი ნაკვეთი [„ჰილტონზე“ პირდაპირი ფორმით სარგებლობაში განკარგვის მიზნით, საერთო ფართობით – 3 268 კვ/მ]. თუმცა, 2016 წელს ცვლილება შევიდა 2014 წლის განკარგულებაშიც და აჭარის მთავრობას დაევალა გადაცემულ მიწის ნაკვეთების მხოლოდ კეთილმოწყობა. შესაბამისად, ქონება „ჰილტონისთვის“ აღარ გადაუციათ. ეს ტერიტორია დღეს ბათუმის ბულვარზე უზუფრუქტით არის გადაცემული და მას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს.
„რვაფეხა“ და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც აჭარის საკუთრებაშია
შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს დედა და დეიდა, რომლებიც არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, ბოლო 1 წლის განმავლობაში, შვილებს და დისშვილებს, 6-დან 12 წლამდე ასაკის 4 არასრულწლოვანს, იძულებით, ფსიქიკური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენების გზით, სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ, მოქალაქეებისგან მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ხოლო მათ მიერ გამომუშავებულ თანხებს მთლიანად ითვისებდნენ.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი არა ერთი მტკიცებულება მოიპოვეს.
„ამ ეტაპზე, დაზარალებული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის სერვისებში არიან განთავსებულნი და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ოჯახის სხვა წევრების მიმართ შემაკავებელი ორდერები გამოსცა“ – წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედდა სამთვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში – დმანისში, მარნეულსა და საგარეჯოში, სასულიერო პირებს ქართულ ენას შეასწავლიან.
პროგრამას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ახორციელებს.
როგორც პროექტის მენეჯერი მარიკა ციბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის პროგრამაში 50-მდე პირია დარეგისტრირებული. „ბევრმა გამოთქვა სურვილი, ამიტომ ოქტომბერში კიდევ დაემატებიან ბენეფიციარები“, – გვეუბნება ციბაძე.
მისი თქმით, პროგრამა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსთან მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში არ გვითხრეს, ამ მიზნის მისაღწევად რა თანხა დაიხარჯება.
სსიპ-ის პიარმენეჯერმა ლიკა ბაბლუანმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ უნდა გაარკვიოს, არის თუ არა საჯარო ინფორმაცია პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა, ეს მაშინ, როცა სსიპ-ი და პროგრამაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მოგვიანებით კი დასძინა, რომ ამ ციფრის გასაგებად, ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ და „მას კანონით დადგენილ, ათდღიან ვადაში მოგვაწვდის“.
მთავარი ფოტო: განათლების სამინისტრო/რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირები სახელმწიფო ენის შესწავლის სამთვიან კურსს გაივლიან.
32 წლის ნაირას 6 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში ნაქირავებში ცხოვრობს. მერიაში უთხრეს, რომ ბინას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მეშვიდე შვილს გააჩენს. ნაირა ქმარს გაშორდა. ახლა ნაირა ექვს შვილთან ერთად ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს, თუმცა დიასახლისი უკვე სთხოვს ბინის დაცლას – „ბავშვები ხმაურობენ და მაწუხებენო, მეუბნება“. მარტოხელა ქალი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს.
ნაირა თავის ექვს შვილთან ერთად პატარა ზომის ორ ოთახს ქირაობს – ერთ სივრცეში სამზარეულო აქვს მოწყობილი, მეორეგან იძინებენ. ბავშვებს იატაკზე ვუგებ და ისე ვაძინებო – გვიყვება ის.
„ქმარი ხშირად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა. მამცირებს, შეურაცხყოფას მაყენებს და ბოლოს სექსუალურად ძალადობაც დაიწყო. დავიღალე, მასთან ცხოვრება აღარ მინდა, დავიღალე მისი პრობლემებითაც. მინდა შვილებზე ვიზრუნო, ოღონდ მარტოს გამიჭირდება და სახელმწიფოს ვთხოვ დახმარებას“, – გვეუბნება ნაირა.
ნაირა ამბობს, რომ 17 წელი მეუღლის სახლში შეუსრულდა. არასრულწლოვანი გათხოვდა და 15 წელი ქმართან და შვილებთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობს.
უფროსი შვილი 11 წლისაა, ყველაზე პატარა კი 11 თვის შესრულდა. ნაირა ქმართან ოფიციალურად განქორწინებას აპირებს და მალე მიმართავს სასამართლოს. „ადრე მეუბნებოდნენ, ბავშვების ხათრით არ დაანგრიო ოჯახიო და ამ ხათრმა მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე“, – გვეუბნება ნაირა.
ნაირა და მისი მეუღლე თავდაპირველად სამტრედიაში, ქმრის მშობლების ძველ ბინაში ცხოვრობდნენ, თუმცა როგორც გვეუბნება, ბინა დაინგრა და იქ ცხოვრება ვეღარ გააგრძელეს. „ვის არ მივმართე, პრემიერსაც კი მივწერე წერილი, რომ ჩემი ექვსი შვილისთვის საცხოვრებელი მიეცათ, მაგრამ არავინ არ გამცა პასუხი.
ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად და აქაც 15 წელია ნაქირავებში ვცხოვრობთ. რადგან აქ ვარ რეგისტრირებული, ბათუმის მერიასაც მივმართე, მაგრამ მითხრეს, ბინა რომ მოგცეთ, შვიდი ბავშვი უნდა გყავდესო. ექვს ბავშვს არ უნდა ბინა?
ყოფილ ქმარს ოჯახში ისედაც არაფერი შემოჰქონდა, სულ ვალებს იღებდა. სოციალური შემწეობაც ვეღარ მოვახმარე ბავშვებს. 600 ლარს ვიღებთ და 300 ლარის გახდა მიწევს ქირაში. ბევრი ბავშვისთვის ოთახის დათმობა არავის არ უნდა. ერთი თვეა, რაც ვიქირავე და დიასახლისი უკვე ბინის დაცლა მთხოვს, ბევრი ხართ, ბავშვები ხმაურობენ და დამიცალეთო. რა ვქნა, 15 წელია აღმა-დაღმა დავდივართ, ახლა კიდევ ასე მოგვიწევს.
მინდა სახელმწიფო დამეხმაროს, რომ ჩემი შვილები ღირსეულად გავზარდო, ქუჩაში არ იყვნენ, ისწავლონ“.
ნაირას არც პროფესიული განათლება აქვს და არც უმაღლესი. ამბობს, რომ მძიმე ბავშვობა ჰქონდა და განათლების მიღების შესაძლებლობა არ მიეცა.
„ერთი თვეა, რაც დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. დღეგამოშვებით ვმუშაობ. როცა სამსახურში ვარ, პატარებთან ერთ-ერთი ბავშვის ნათლიას ვტოვებ. ერთადერთი, რაშიც სახელმწიფოს დახმარებას ვთხოვ, საცხოვრებელი ფართობია. მარტო ვერ შევძლებ ამ პრობლემის გამკლავებას“, – გვეუბნება ქალი.
ნაირა თავის შვილებს უფასო სასადილოდან მოტანილი საჭმლით კვებავს – დღეში ერთხელ მოაქვს სამი პური და სხვა დანამატები. ამბობს, რომ ეს არ ჰყოფნით.
„საქართველოს რკინიგზის“ 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, მგზავრთა გადაყვანებიდან მიღებული შემოსვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 მილიონ ლარს გადააჭარბა.
აღნიშნული მაჩვენებელი 20 %- ით მეტია მაგისტრალური გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალზე და 51%-ით მეტი საერთაშორისო გადაყვანებიდან მიღებულ შემოსავალაზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის 6 თვის ჭრილში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1,277,312 შეადგენს, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. ამ შედეგების მიღება მრავალი ფაქტორითაა განპირობებული.
“მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანები წამგებიან სეგმენტს წარმოადგენს და გარკვეულწილად სოციალურ ხასიათს ატარებს, კომპანიამ მოახერხა ტარიფების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისა და სამგზავრო მატარებლების უტილიზაციის გაზრდის შედეგად, მგზავრთა გადაყვანის ზარალის შემცირება. კომპანია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მომსახურება და მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს,” – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
„საქართველოს რკინიგზამ“ ბილეთების შეძენის მარტივი და კლიენტზე მორგებული სერვისი დანერგა. ახლა უკვე ბილეთების შეძენა მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც არის შესაძლებელი და მგზავრს საშულება აქვს აირჩიოს სასურველი ადგილები მატარებელში. „საქართველოს რკინიგზა“ უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ – ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე!”
4-4 ათასი ლარით დაჯარიმდნენ მუშები, რომლებიც ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, კლდის აფეთქებაზე მუშაობდნენ. ეს ის სოფელია, სადაც გასული წლის 31 ოქტომბერს, კლდის აფეთქებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში თამაშის დროს 6 წლის ბიჭი დაიღუპა.
უნებართვო აფეთქებაზე ხელისუფლებიდან პასუხისმგებლობა არავის აუღია – ტრაგედიის საპასუხოდ მხოლოდ კლდის აფეთქების სამუშაოები შეჩერდა ჭინკაძეებში. პასუხისგებაში მიცემული სამი მუშა კი, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სისხლის სამართლის წესით დააჯარიმა.
„ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. რეალურად დამნაშავე იყო სხვა… მუშა არავითარ გადაწყვეტილებას არ იღებდა. მათ რასაც დაავალებდნენ, იმას აკეთებდნენ. ეს გაწერილია ხელშეკრულებებშიც და გამოჩნდა მოწმეთა ჩვენებებშიც,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. იგი მუშების ინტერესებს იცავდა სასამართლოში და ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.
კლდის აფეთქებაზე მყოფი სამი მუშა გამოძიებამ პირველ ნოემბერს დააკავა. მათ პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინა ბრალი, რაც გულისხმობს „უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ბრალდებულები 244-ე მუხლის მიხედვით გაასამართლა – „ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“.
ეს მუხლი სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმას ითვალისწინებს.
მსჯავრდებულ მუშებს ჯარიმის – 4 ათასი ლარის გადახდა არ მოუწევთ. მათ სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა ჩაუთვალა სასჯელის მოხდად. მსჯავრდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ და საქართველოც დატოვეს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან.
სამშენებლო მასალის მოპოვების სამუშაოებს ჭინკაძეებში ჰოლანდიური კომპანია „სტრუკ ჯორჯიას“ დაკვეთით თურქეთში დაფუძნებული „ალბაირაქი“ ახორციელებდა. ამ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული მუშები, რომლებიც დაჯარიმდნენ. უშუალოდ კლდე კი, კომპანიამ „დინამიტი ლ.დ.“-მ ააფეთქა. დაახლოებით ერთი კვირის წინ პროკურატურამ ამ კომპანიის ორ პასუხისმგებელ პირს წარუდგინა ბრალი – ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.
„სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც სასამართლო ჯარიმას გამოიყენებს… ისინი 5 – 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს,“ – გვითხრა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.
სოფელ ჭინკაძეებში სამშენებლო სამუშაოების მოპოვება შეწყვიტა კომპანია „ალბაირაქმა“. ამ კომპანიის წარმომადგენელი, გია ღოღობერიძე ამბობს, რომ დაღუპული ბავშვის ოჯახს ზიანის ანაზღაურების თანხა გადაუხადეს.
„სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ 2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა. განკარგულების მიხედვით, „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ 65 ათასი კუბური მეტრი ანდეზიტ-პორფირიტი უნდა მოეპოვებინა სოფელ ჭინკაძეებში. ამავე განკარგულების მიხედვით, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენებაზე ზედამხედველობა წიაღის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.
აჭარაში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, მათი ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია ან მეტი 71 პროცენტის და განეკუთვნებიან ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ კატეგორიას:
სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში);
სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი დედით, მამით ან უდედმამო (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში);
სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში).
ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა დოკუმენტები უნდა წარადგინონ აჭარის განათლების სამინისტროში 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით.
ზაფხულის ცხელ დღეებში ცივი წყლის ნაცვლად ცხელი წყლის დალევა სჯობს, ბევრი ყავის და კოფეინის შემცველი სხვა სასმელების მიღებისაგან კი უმჯობესია თავი შევიკავოთ – რეკომენდაციები ზაფხულის კვებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
ზაფხულის ცხელ დღეებში ორგანიზმის მოთხოვნილება სითხეზე მკვეთრად იზრდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ასეთ დროს უკეთესია თითო ჯერზე წყლის მცირე რაოდენობით მიღება, რადგან ბევრ წყალს ორგანიზმი ვერ ითვისებს და სიმძიმედ აწვება თირკმლებს.
წყლის მინიმალური რაოდენობა ადამიანისთვის, რომელიც 50 კგ-ს იწონის (ფიზიკური დატვირთვის გარეშე), სულ მცირე 2,5 ლიტრს უნდა შეადგენდეს.
სიცხეს ორგანიზმი გამოყოფილი ოფლით ებრძვის, რომელიც ორთქლდება და კანს აგრილებს. ადამიანის სუნთქვა ხშირდება, ეს კი კიდევ უფრო აძლიერებს ორგანიზმში წყლის აორთქლებას. გამომდინარე აქედან, ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი სულ მცირე 3 ლიტრ წყალს გამოჰყოფს, რაც არღვევს ბალანსს და წყლის დონეც დაშვებულ ნორმაზე დაბლა ეცემა. სითხის ქრონიკული სიმცირის დროს ადამიანს შეშუპება უჩნდება და წონაშიც მატულობს. დიეტოლოგების განცხადებით, სითხის სიმცირე არღვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და სწორედ ეს იწვევს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას. ზედმეტ წონას კი, ყოველთვის თან ახლავს შეშუპება. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ცოტა წყალს იღებს, შეშუპება ქრონიკული ხდება.
ოფლის გამოყოფასთან ერთად ორგანიზმი მარილსა და მიკროელემენტების გარკვეულ ნაწილს კარგავს, რასაც, როგორც წესი, მინერალური წყლის მიღებით ივსებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მინერალური წყლის მიღება გამართლებულია, თუმცა უკეთესია, უარი თქვათ სხვა მარილიან პროდუქტზე, რადგან ზედმეტი მარილი ისევ შეშუპებას იწვევს.
რეკომენდებული არ არის ტკბილი სასმელისა და ალკოჰოლის მიღებაც, რადგან ისინიც კანის გაუწყლოებას იწვევენ. წყურვილის გრძნობის გაძლიერებას, ასევე, ტკბილი წვენები იწვევს.
სიცხეში უკეთესია პომიდვრის, კიტრის ან ოხრახუშის წვენის მიღება. ახალგაწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა, რადგან მათში მეტი ვიტამინი და უჯრედისია. თუმცა ამგვარი კოქტეილის დალევა რეკომენდებულია წყალთან გაზავებით.
რაც შეეხება ცივ წყალს. ყინულიანი წყლის დალევა ტემპერატურის მკვეთრ დაცემას იწვევს, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვების შევიწროების მიზეზი ხდება და ირღვევა სისხლის მიწოდება. თბილ ამინდში ცხელი წყლის დალევა კი, პირიქით სასარგებლოა, რადგან პირის ღრუს თერმორეცეპტორები ორგანიზმს გაგრილების სიგნალს აძლევენ, ის კი, თავის მხრივ „დამცავ სისტემას“ რთავს და იცავს ადამიანს გადახურებისგან.
ცხელ დღეებში არ არის რეკომენდებული კოფეინის შემცველი სითხის დიდი რაოდენობით მიღება. ამგვარი მეთოდით დახარჯული სითხის კომპენსირება აბსოლუტურად უშედეგოა.
რაც შეეხება კვებას, ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა რძის ნაწარმის (რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი) მიღება შეუზღუდავად შეიძლება. აღნიშნული პროდუქტები აგრილებენ და ხელს უწყობენ სითხის დაგროვებას, რაც ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან – გამოშრობისგან იცავს.
საკვები სასურველია იყოს თბილი და მსუბუქი, კარგია ბრინჯის, ხორბლის, შვრიისა და წიწიბურას ფაფები – გარდა იმისა, რომ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს.
თუ წელიწადის ცივ დროს საუზმე ჩვეულებრივ ნახშირწყლებთან ასოცირდებოდა, რომელიც ენერგიას მატებს, ცხელ ამინდში ნახშირწყლოვანი პროდუქტების – ბოსტნეულისა და ხილის სალათების, წიწიბურა და ბრინჯი, კარტოფილი და სუფები (უხორცო), ეს ის კერძებია, რომლებიც კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ იწვევს – სადილად მიღება უპრიანია. ამგვარი ნახშირწყლები ორგანიზმის მიერ ადვილად შეითვისება, იწვევენ მინიმალურ მჟავურ რეაქციას და შესაბამისად, ბევრი სითხის მიღებაც არაა საჭირო მისი ორგანიზმიდან გამოსადევნად.
ძილის წინ შიმშილის გრძნობის მოსაკლავად სასურველია რძემჟავა პროდუქტები, რომლებიც დაბალცხიმიანობით გამოირჩევა.
ზაფხულში ადამიანის ორგანიზმი იცვლება ორი მიმართულებით: მცირდება ძილის ხანგრძლივობა და იზრდება ორგანიზმში მიმდიანრე ბიოქიმიური რეაქციები. ტემპერატურის 10 გრადუსით მომატებისას საჭიროა მისაღები კალორიების 5-10%-ით შემცირება, ე.ი. არა მარტო საკვების რაოდენობრივად შეზღუდვა, არამედ ნაკლებკალორიული პროდუქტების მიღება. საჭიროა რაციონიდან ამოღებულ იქნეს: ცხიმიანი ხორცი, ტორტები, ბლინები მაიონეზით გაზავებული საკვები. სასურველია ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება, თუმცა ცხიმის საერთოდ ამოღება რაციონიდან საჭირო არ არის.
______________________________
წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშისა და გერბის ნახატებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით „საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით“, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოსპირველირესპუბლიკისდროშა – სახეობა – სახვითი ხელოვნება; მხატვარი – იოსებ შარლემანი; შექმნის დრო – 1918 წელი, თბილისი. ამჟამინდელი ადგილსამყოფელი – საქართველოს ეროვნული არქივი.
საქართველოსპირველირესპუბლიკისგერბი – სახეობა – სახვითი ხელოვნება; მხატვარი – იოსებ შარლემანი; კონცეფციის ავტორები – ივანე ჯავახიშვილი და დიმიტრი შევარდნაძე. 1918 წელი, თბილისი. დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
წყარო: ბრძანების დანართი
სააგენტოს დირექტორის ამავე ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე ვახტანგ VI-ის სტამბაში, 1709 გამოცემულ „დავითნს“, რომელიც ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება.
ნიკოლოზ ანთიძის ბრძანება ძალაში 2019 წლის 18 ივლისს შევიდა.
ხულოს საავტომობილო გზაზე, სოფელ ვაშლოვანთან, სამარშუტო მიკროავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი – დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილიელი რივალდო, რომელიც adjarabet.com-ის სპორტის სახე გახდა, უკვე თბილისშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარაბეთის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი გულშემატკივარიც დახვდა.
რივალდო აჭარაბეთის ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც „არენა“ ჰქვია. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში ქართველი ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ვესტუმრე. საქართველო ძალიან მიყვარს და სიამოვნებით დავთანხმდი შეთავაზებას და გავხდი „adjarabet.com-ის სპორტის ამბასადორი“. ფილმში გადაღება საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივია“, – განუცხადა რივალდომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივლისის 21 საათიდან 22 ივლისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 23 – 28 გრადუსი
ღამით: 17 – 22 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7– 12 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 23-24 ივლისს, მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი – უმეტესად უნალექო ამინდი.
შავი ზღვის ჯაზფესტივალი 20 ივლისს ბრიტანულმა ჯგუფმა Incognito-მ დახურა.
Incognito ბრიტანეთში 1979 წელს ჩამოყალიბდა. ბენდის სოლისტი და სულის ჩამდგმელი ჟან-პოლ მონიკია. ბენდს 46 სინგლი, 17 სტუდიური და 2 ცოცხალი შესრულების ალბომი აქვს.
შავი ზღვის ჯაზფესტივალი ფოტო: მარიამ მუთიძე/ბათუმელები
აჭარაში თანხის მითვისების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1982 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს. შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მოქალაქემ მისთვის უცხოეთიდან ავტომობილის ჩამოსაყვანად 12 100 აშშ დოლარი ჩაურიცხა, თუმცა დაკავებულმა აღნიშნული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.
გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ზამთარი გადატანილია“ – ასე ჰქვია გურამ წიბახაშვილის გამოფენას, რომელიც ბათუმის თიბისი გალერეაში 20 ივლისს გაიხსნა. გამოფენა და ამავე სახელწოდების ქართული და ინგლისურენოვანი წიგნი ფოტოგრაფის 250-მდე კადრსა და ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს, გვიამბობს 1987 – 1995 წლების მრუმე ყოფაში არტისტების ცხოვრებაზე, ადამიანებზე, ვისთვისაც ომი, სიბნელე, უიმედობა და მძიმე სოციალური პირობები შემოქმედებით მუხტად იქცა.
წიგნი თიბისისა და გამომცემლობა „ინდიგოს“ თანამშრომლობით, ნინო ლომაძის რედაქტორობით გამოიცა.
ექსპოზიციის ნაწილი იყო სტუდია “Film Asylum“-ის მიერ გადაღებული ფილმიც, რომელშიც გოგი გვახარია, ოლეგ ტიმჩენკო, რობი კუხიანიძე, ლაშა ბაქრაძე, თეო ხატიაშვილი და სხვები 90-იანებში ფიზიკური და მენტალური გადარჩენის ისტორიებზე, ზამთრის გადაგორების ამბებსა და გადასატან ზამთრებზე ყვებიან.
„თუ ადამიანს რამის კეთება უნდა, ნებისმიერ სიტუაციაში იმოქმედებს, რადგან იყო ადამიანი, ნიშნავს ქმნიდე და აკეთებდე რამეს. 90-იან წლებში ბევრი სხვადასხვა ჯგუფი და არტისტი იყო, ამ გამოფენის მთავარ თემად ჩემი თაობის ერთი ნაწილი და მათ გარშემო არსებული სოციალური ყოფა ავირჩიე.
სათაურის იდეა – „ზამთარი გადატანილია“ ერთი გამოფენისგან მოგვივიდა, რომელიც 1993 წლის დეკემბერში მოეწყო. მამუკა ცეცხლაძემ გამოფენას „ზამთარი გადასატანია“ დაარქვა, ყოველთვის არსებობდა მოლოდინი, რომ იმ წლებში რომელიმე ჩვენგანი გაქრებოდა და არამხოლოდ ზამთარი, ყოველი დღე იყო გადასატანი. 25 წელი გავიდა მას შემდეგ და ყველაფერი გადავაგორეთ, ამიტომაც დავარქვით ამ წიგნს და გამოფენას სიმბოლურად – „ზამთარი გადატანილია“. თუმცა, წინ არაერთი ზამთარია, რომელსაც თავად შევქმნით და მერე თავადვე გადავაგორებთ“, – ამბობს გურამ წიბახშვილი.
ორასგვერდიან წიგნ-ალბომში ანა კორძაია-სამადაშვილი 90-იანების რეალურ გმირებს აცოცხლებს, რომლებიც არ ხატავდნენ, არც წერდნენ, მაგრამ აბსურდში ცხოვრებით ძალაუნებურად იქცეოდნენ პერსონაჟებად, ნინიკო მაგალითად, რომელიც გრძელ თმას ვერ იბანდა უწყლობის გამო, პაემანზე წასვლის წინ კი მთელმა უბანმა შეუგროვა წყალი ოქროსფერი თმა რომ თამამად გაეშალა.
წიგნის პერსონაჟია თავად ანაც – გოგო 39 ნომერი, ყველგანმავალი ლურჯი ბოტასებით (მაშინ, როცა მისი ფეხის ,,ალალი“ ზომაა 37) და იმ პერიოდში წარმოუდგენლად მდიდრული ხელფასით – 40 დოლარი!
წარმოგიდგენიათ დანგრეულ 90-იანებში ჩუბიკას მოდელების დეფილე? ან ლადო ბურდული, რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ საქართველოში პირველად დაფინანსებული ალტერნატიული მუსიკის კონცერტს მართავს? – წიბახას ფირებმა ყველა და ყველაფერი შემოინახა.
როგორც თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხსიმგებლობის პროექტების მენეჯერი მაშო სამადაშვილი ამბობს, პროექტზე თითქმის წელიწად-ნახევარი მუშაობდნენ გამომცემლობა ,,ინდიგოს“ ჯგუფთან ერთად, იდეა კი გურამ წიბახაშვილთან პირადი საუბრისას დაიბადა.
„კულტურა და განათლება თიბისის მთავარი პრიორიტეტია ახლაც და ასე იქნება მომავალშიც. არ ვცდილობთ გვქონდეს ლამაზი პროექტები, ჩვენთვის მთავარი შინაარსის შემცველი, შემეცნებითი იდეების მხარდაჭერაა“, – ამბობს მაშო სამადაშვილი.
გამოფენა „ზამთარი გადატანილია“ ბათუმის თიბისი გალერეაში 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება, ამავე სახელწოდების წიგნის შეძენა კი მსურველებს შეუძლიათ მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“.
დღეს, 20 ივლისს ბათუმში, გორგილაძის N88-ში, სავაჭრო ცენტრ ბათუმი მოლის მესამე სართულზე „ატელიე აუთლეთის“ რიგით მესამე მაღაზია საზეიმოდ გაიხსნა. გახსნაზე უამრავ სტუმარს შორის ცნობადი სახეებიც იმყოფებოდნენ. გახსნის ცერემონიას მსახიობები რუსკა ქარქაშაძე და კახა კინწურაშვილი უძღვებოდნენ. აუთლეთში მოსული სტუმრების განწყობაზე ზრუნავდა მუსიკალური ბენდი და დიჯეი. ბავშვებს დაურიგეს ბუშტები.
დღეს შესაძლებელი იყო მყიდველს მიეღო დამატებით 10%-იანი ფასდაკლება, თუ კომპანიის ფეისბუქ-პოსტს ან ლაივ-ჩართვას გააზიარებდა.
მაღაზიაში მისულ მყიდველს ფართო არჩევანი დახვდება
ფერიდე როხვაძე- ატელიე აუთლეთის მენეჯერი: „სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს ბათუმისთვის. როგორც იცით, ატელიე აუთლეთი 10 თვეა რაც დაარსდა, მესამე ფილიალია, რაც გავხსენით. ვფიქრობთ, ეს სიახლეა ბათუმელებისთვის მიმზიდველი იმიტომ უნდა იყოს, რომ ძალიან ბევრი ბრენდი გვაქვს, 50-მდე დასახელების და მგონია, რომ ძალიან კმაყოფილი და ხელდამშვენებული უნდა წავიდს აქედან მყიდველი.
გვაქვს ყველა სეგმენტზე მორგებული ფასები. მაგალითად, საცურაო კოსტიუმები 14.90 ლარიდან იწყება. გვაქვს მამაკაცებიც სექცია, სადაც მდიდრულ ბრენდებზე გვაქვს ფასდაკლება.“
„ატელიე აუთლეთის“ გახნის ცერემონიალი
ატელიე აუთლეთს 2 მაღაზია უკვე აქვს თბილისში. როგორც ამბობენ, ყოველ შაბათს განახლდება კოლექცია და მოდის მიმდევრებს ყოველკვირეულად ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ახალ-ახალი, ტრენდული ტანისამოსი თუ ფეხსაცმელი.
„ატელიე აუთლეთის“ გახნის ცერემონიალს მუსიკალური ბენდი აფორმებდა
„ატელიე აუთლეთი“ მომხმარებელს 50-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, კაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობს. მათ შორის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა : Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike და სხვები.
ბათუმის რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის წინააღმდეგ დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს რეჟისორმა შოთა გუჯაბიძემ მიმართა. მას მიაჩნია, რომ გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, ეს მშენებლობა ქალაქის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს საბოლოოდ წაშლის.
შოთა გუჯაბიძე:
„მას შემდეგ, რაც კი არსებობს ცნება – ისტორიული ზონა, ეს ადგილი ყოველთვის არის ისტორიულ ზონაში. ისტორიული ზონა ნიშნავს იმას, რომ ამ ზონაში ვრცელდება განსაკუთრებული რეჟიმი: რისი აშენება შეიძლება და რისი დანგრევა, არის მკაცრად განსაზღვრული და შეზღუდული. ასეთი დოკუმენტი საბჭოთა პერიოდში უკვე არსებობდა. არსებობდა პოსტსაბჭოთა პერიოდში ე.წ. აბაშიძის პერიოდს რომ ვეძახით. შემდეგ უკვე 2004 წლიდან ძალიან ძალიან დიდი ფული დაიხარჯა ამ ადგილის გამოკვლევაზე.
ეს ადგილი არამარტო ჩვენთვის, ჩვენი ქალაქისთვისა, არამედ ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ბურუნთაბიეს ციხე იდგა, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში ფრანგი მოგზაურის ჟან მურიეს ნაშრომებში არის აღწერილი. აქ იდგა მიხეილის პოლკი. მეფის რუსეთის დროს დავით კლდიაშვილი მსახურობდა 26 წლის განმავლობაში. საბჭოთა პერიოდში აქ სამხედრო ნაწილი იდგა…
აქ ირგვლივ ყველაფერი ისტორიულია: ჯერ კიდევ ქალაქის სტატუსის მიღებამდე ამ სახლში [სამშენებლოდ მონიშნული ტერიტორიის გვერდით] ცხოვრობდა დურმიშხან ჟურული, რომელიც ქალაქის პირველი პირი იყო. აქ მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია იდგა, ახლა 12-იანები რომ დგას, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაინგრა. აზიზიეს მეჩეთი იდგა აქ.
აქ გვაქვს ბოლო მოგებული ომი საქართველოს ისტორიაში, სადაც დაკრძალული არიან მაზნიაშვილის მეომრები – 50 ადამიანია დაკრძალული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, ხშირად ვუწოდებთ ამ ადგილს იუნკრების საფლავს და, სხვათა შორის, აქ არც ერთი იუნკერი არ არის დაკრძალული…
ხელისუფლება ხშირად მანიპულირებს, რომ აქ ყველაფერი კანონიერად ხდება. ისინი არ აღიარებენ, რომ დანაშაულს სჩადიან. მრავალი დოკუმენტი არსებობს იმის წინააღმდეგ, რასაც აპირებენ და ერთ-ერთი, სადაც მკაფიოდ და მოკლედ არის ჩამოყალიბებული ასე გამოიყურება: აქ [დოკუმენტში] ქუჩების დონეზე მითითებულია, სად გადის ისტორიული ზონის საზღვრები. ნინოშვილის ქუჩა, ბარბიუსის ქუჩით [ახლა ამ ქუჩას სულიკო ჟღენტის სახელი ჰქვია] ზღვამდე, სანაპირო ზოლი მიჰყვება ზღვას, საზღვაო ვაგზლამდე და ვაგზლიდან ჭავჭავაძემდე.
ეს ის ზონაა, სადაც ახლა მშენებლობას აპირებენ. ეს შედის ისტორიული ზონის საზღვრებში. რა ხდება ამ ზონის საზღვრებში? ამ დოკუმენტით ქალაქ ბათუმის ისტორიული ზონის დაცვის საზღვრებში აკრძალულია სამსართულზე მაღალი შენობა-ნაგებობის აშენება. სამი სართული არ არის 55 სართული მოგეხსენებათ. ამ დოკუმენტით ამ ადამიანებს 4-სართულიანი შენობის აშენება უნდა გაუჭირდეთ… [ამ დოკუმენტით ჩანს] რა დონეზე არის უგლებელყოფილი კანონი, საზოგადოების აზრი.
ეს იტორიული ადგილია. ზუსტად ამ ადგილზე ძალიან ბევრჯერ სამყაროს ორი უზარმაზარი იმპერია შეჯახებია ერთმანეთს – რუსეთის და ოსმალეთის იმპერია, რომელიც დღეს ბუნებაში აღარ არსებობს, მაგრამ დგას ბათუმი, ვდგავართ ჩვენ და ვიცავთ იმ ისტორიას, ადგილს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს. მე იმედი მაქვს, რომ ეს ბრძოლა ისევე დასრულდება, როგორც ჩვენ [გვსურს] და არა ისე, როგორც ერთ-ორ ფულიან კაცს უნდა, რომ კიდევ უფრო მეტი ფული იშოვოს“.
შოთა გუჯაბიძე
აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნათია აფხაზავამ თქვა, რომ საზოგადოებას აქვს ზუსტად ოთხი დღე დარჩენილი იმისათვის, რომ წარუდგინოს თვითმმართველობას მოსაზრებები და არგუმენტები, რატომ არ უნდა აშენდეს ქალაქის ისტორიული ზონაში მაღლივი ინტენსივობის შენობები.
ნათია აფხაზავას თქმით, ქალაქი ეკოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, თუ ბათუმის რივიერაზე ცათამბჯენებს ააშენებენ.
„არა ბათუმის ჩაბეტონებას“ – აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობას აწყობენ ბათუმის ქუჩებში. ისინი ბათუმის რივიერაზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის შესაძლებლობას აპროტესტებენ. მშენებლობა სურს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიას. ამ მშენებლობის ფინანსური მხარდამჭერია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი.
ნათია აფხაზავაფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ნახეთ რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი ბათუმის რივიერაზე მშენებლობასთან დაკავშირებით:
„არა ბათუმის ჩაბეტონებას! დაიცავი ძველი ბათუმი! ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ამ წუთებში ბათუმის რივიერაზე ამ ადგილას 5 კოშკის აშენების მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა უკვე გააჟღერეს შემდეგი მოთხოვნები:
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ: შეჩერდეს პროექტის „რივირას“ საქმისწარმოება, რომელიც ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს. მოგიწოდებთ, გაითვალსიწინოთ ეკოლოგიური საფრთხეები, რომლის შესახებ საუბარია 2013 წლის გაკეთებულ სამთავრობო დოკუმენტში, აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგია: „დიდ საფრთხეებთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრის ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“.
ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის ეკონომიკური სარგებელი ეჭქვეშ დგება და მრავალ კითხვის ნიშანს აჩენს.
მოვითხოვთ, რივიერა დაუბრუნდეს ისტროიულ დაცვის ზონას და შეუნარჩუნდეს ქალაქს, როგორც ერთადერთი მწვანე და ღია სივრცე რითაც ძველი ბათუმის ზღვას უკავშირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორიული ბათუმი დაკარგავს ზღვისპირა ქალაქის იდენტობას.
„მთავარი ღირებულება ეკონომიკური მოტივით არ უნდა დავკარგოთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საპროტესტო აქცია ბათუმის რივიერაზე მშენებლობის წინააღმდეგ
ბათუმი რივიერაზე 5 ცათამბჯენის აშენებას სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანია აპირებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი. ბათუმის მერიამ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გასაცემად უკვე დაიწყო სამართლებრივი პროცედურები.
საპროტესტო აქცია ბათუმის რივიერაზე მშენებლობის წინააღმდეგ.
იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდათის პოლიციამ კერძო პირის საკარმიდამო ნაკვეთიდან 36 ძირი კანაფი ამოიღო, რაც სამ პიკაპში ჩატვირთეს და ისე გაიტანეს.
პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ზ.კ დააკავეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობს.
„ძალადაკარგულად ჩაითვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭოს წევრთა ჰონორარების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, – წერია დოკუმენტში, რომელიც აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ახლახანს გამოაქვეყნა.
შესაბამისად, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მრჩევლების ანაზღაურება აღარ გაიზრდება.
11 ივლისის დადგენილებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ჰონორარი თვეში 3 300 ლარით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის – თვეში 3 100 ლარით, ხოლო წევრების – თვეში 3 025 ლარით.
დღეს, 20 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლების ანაზღაურება იქნება იმ ოდენობის, რაც აქამდე: მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე – 2 900 ლარი; მოადგილე – 2 700 ლარი; წევრი – 2 625 ლარი.
ივნისში ყველაზე მეტი, 212 981 ვიზიტორი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტი 167 529 ვიზიტორი შემოვიდა აზერბაიჯანიდან, 156 117 ვიზიტორი თურქეთიდან, 148 792 ვიზიტორი სომხეთიდან, 57 837 ვიზიტორი ევროკავშირის ქვეყნებიდან, 28 125 უკრაინიდან და 22 674 ისრაელიდან.
ივნისის თვეში საქართველოში ასევე იმოგზაურეს საუდის არაბეთის, ირანის, ყაზახეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის და კორეის რესპუბლიკის მოქალაქეებმა.
ჯამში ივნისის თვეში საქართველოს საზღვარი 905 177 უცხო ქვეყნის მოქალაქემ გადმოკვეთა. აქედან, 24 საათი და მეტი ქვეყანაში – 464 384 ვიზიტორმა დაჰყო.
დღეს, 20 ივლისს, 19 საათზე, რივიერას გადასარჩენად ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება.
„არა ბათუმის ჩაბეტონებას! დაიცავი ძველი ბათუმი! ბათუმი ცათამბჯენების წინააღმდეგია!“ – ასეთია აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნები.
„ბათუმის კონცხზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობაზე “სილქ როუდ ჯგუფს” მწვანე შუქი აუნთო ქალაქის თვიმმართველობამ. უგულებელყო ბათუმელების მოთხოვნა – შეენარჩუნებინა ქალაქისთვის ერთადერთი გადარჩენილი სივრცე, ზღვაზე გადასასვლელი, საიდანაც ქალაქი ნიავდება და ხედავს ზღვას. არ გაითვალისწინეს მეცნიერების მოთხოვნა – ისტორიული ქალაქის საზღვრებში დაებრუნებინა ეს ისტორიული ადგილი და არ მიეცა ინვესტორისთვის ბეტონის კედლების აღმართვის ნება. არად ჩააგდეს ეკოლოგების გაფრთხილება – მრავალსართულიანი განაშენინების საფთხის შესახებ.
მოვითხოვთ, ბათუმის რივიერა შეუნარჩუნდეს ქალაქს როგორც მწვანე სივრცე, ერთადერთი მწვანე ადგილი, რომლითაც ძველი ბათუმი ზღვას უკავშირდება. ბეტონის ფარდა, რომელიც ბათუმსა და ზღვას შორის წინა და ახლანდელმა ხელისუფლებამ აღმართა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. რივიერა ერთადერთი გადარჩენილი ადგილია. რივიერა ძველი ბათუმის სანაპირო და მისი განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ჩვენ, ბათუმის მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით რივიერაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას,“ – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქცია შვიდ საათზე, მემედ აბაშიძის ქუჩის დასაწყისში, დრამატული თეატრის უკან, იუნკერების მემორიალთან გაიმართება.
მოკლედ ბათუმი რივიერას შესახებ
ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ კომპანია „რივიერა ბათუმი“ გეგმავს კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. თავდაპირველად ამ ტერიტორიაზე 6 ცათამბჯენის აშენება იგეგმებოდა.
ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.
რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან 59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.
ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია.
მთავარი ფოტოს ორიგინალი: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 161 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, 161 აბი „სუბოქსინის“ გარდა ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის მიერ გასაღების მიზნით ქობულეთის ტერიტორიაზე დადებული 8 აბი ნარკოტიკი.
დაკავებულია 1996 წელს დაბადებული ი.ბ. რომელსაც ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობა ედება.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დღეს, 19 ივლისს, ჰოსპიტალურმა ქსელმა „მედალფამ“ ბათუმში, ბონის დასახლებაში ახალი თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური კლინიკა გახსნა.
„მედალფა“ მზარდი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 2011 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამედიცინო ბაზარზე და უკვე 7 კლინიკას აერთიანებს თბილისში, ბათუმში, მახინჯაურში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთსა და კასპში.
კლინიკის საზეიმო გახსნას ესწრებოდა ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე, ჯანდაცვის მინისტრი – ზაალ მიქელაძე, ასევე „ავერსისა“ და სხვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე წითელი ლენტი მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ერთად გაჭრეს.
ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა
კლინიკის დამფუძნებელმა ბათუმის მერს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრსა და მოწვეულ სტუმრებს „მედალფას“ კვლევითი-დიაგნოსტიკური კაბინეტები და ახალი აპარატურა დაათვალიერებინა. კლინიკის პრეზენტაცია მუსიკის ფონზე საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.
კლინიკის საზეიმო გახსნას ესწრებოდა ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე, ჯანდაცვის მინისტრი – ზაალ მიქელაძე და „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე
ბათუმში მრავალპროფილური კლინიკა მედალფა გაიხსნა
ეს „მედალფას“ მეშვიდე სამედიცინო დაწესებულებაა, მაგრამ აჭარაში პირველია.
„დღემდე გვქონდა სამედიცინო დაწესებულებები გურიასა და შიდა ქართლის რეგიონში, ახლა უკვე აჭარაშიც. კლინიკა მრავალპროფილური სტაციონარული დაწესებულებაა და ჩვენი სამარკო ნიშანი რამდენიმე სამედიცინო განხრით, აპარატურით და სხვადასხვა სერვისით მომსახურებაა. კომპანია „მედალფამ“ პირველად შემოიტანა საქართველოში ოფიციალურად ისეთი დიდი და ძველი, ტრადიციული იაპონური ბრენდის სამედიცინო აპარატურა, როგორიცა „Hitachi“. გახსნასთან დაკავშირებით მოსახლეობას ვთავაზობთ უფასო კონსულტაციებს და ფასდაკლებებს დიაგნოსტიკაზე ივლისის თვის დასასრულამდე“, – ამბობს „მედალფას“ გენერალური დირექტორი, გიორგი ამბროლიანი.
დასაწყისისთვის ბონის კლინიკა „მედალფამ“ 150-მდე სამუშაო ადგილი შექმნა, რაც ამდენივე დასაქმებულს ნიშნავს, თუმცა ვაკანსიების რაოდენობა დროდადრო გაიზრდება.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ჰოსპიტალურმა ქსელმა 2016 წელს ბათუმში შეიძინა ყოფილი მეორე კლინიკური საავადმყოფოს შენობა და უზრუნველყო რეაბილიტაცია-მოდერნიზება. „მედალფა ბონის კლინიკა“ 55 საწოლზეა გათვლილი, ულტრათანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით. კლინიკა მომსახურებას უწევს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პაციენტებს. აქ ფუნქციონირებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების განყოფილებაც.
ავერსის და მედალფას დამფუძნებელი პაატა კურტანიძე, ყვება თუ რატომ და როგორ გადაწყდა ბონის დასახლებაში მედალფას კლინიკის დაარსება:
„სამი წლის წინ შემოგვთავაზა აჭარის მთავრობამ გაგვეკეთებინა ამ ობიექტის პრივატიზაცია, იმ პირობით, რომ აღვადგენდით კლინიკას და დავასაქმებდით მინიმუმ 100 ადამიანს. ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ეს წინადადება. ობიექტი გერმანელი ტყვეების მიერაა აშენებული საკმაოდ მყარად. შევინარჩუნეთ შენობა, დავამატეთ ბლოკები, ფართობს აქვს მიწის ნაკვეთი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მომავალში დამატებითი ბლოკები ავაშენოთ. ვამაყობთ, რომ ძველ, განადგურებულ შენობაში მოეწყო ულტრათანამედროვე კლინიკა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ბათუმის მოსახლეობა კმაყოფილი იქნება „მედალფას ბონის კლინიკის“ მომსახურებით“, – ამბობს პაატა კურტანიძე.
„მედალფა“ პირველი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში, რომელიც სამედიცინო ტექნოლოგიების მწარმოებელი წამყვანი იაპონური ფირმის „Hitachi”-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა შპს „ინტერმედსერვისის“ მეშვეობით.
„მედალფა ბონის კლინიკა“ მუდმივად შესთავაზებს მოსახლეობას საინტერესო სამედიცინო სიახლეებს და სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერ პროგრამებს. კლინიკის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით ივლისის თვის ბოლომდე ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები კლინიკაში უფასოა, ექოსკოპიასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე კი ამავე პერიოდში 30 % – იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ბათუმში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ მათგანს კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, მეორე – გულკერდის დაჟეჟილობა, მესამეს – ჭრილობა ფეხზე, მეოთხეს კი – ჭრილობა თავზე.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიაში სამი ავტომობილი მონაწილეობდა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.