მთავარი,სიახლეები

ერმაკოვი მოსამართლეს: მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე პროკურატურაში

24.07.2019 • 2170
ერმაკოვი მოსამართლეს: მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე პროკურატურაში

ბიუჯეტიდან დაკარგულ 1 მილიონ 300 ათასზე გააკეთა აქცენტი სასამართლო პროცესზე პროკურორმა რამაზ შავაძემ, როცა მან მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების წინასწარ პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე დღეს, 24 ივლისს, “მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე” წინასასამართლო სხდომას ხელმძღვანელობს. პროცესის ერთ-ერთი ნაწილი ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შესაძლო შეცვლაა.

“ეს არაა სამართლებრივი მსჯელობა, ძალიან უჭირს პროკურატურას,” – თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. მან კანონის ჩანაწერზე ისაუბრა, სადაც განმარტებულია, რომ “კონკრეტული ფაქტების და ინფორმაციის საფუძველზე” უნდა დგინდებოდეს პირის პატიმრობიდან გათავისუფლების საფრთხე.

“პროკურორს დაავიწყდა, რომ ბრალდებულებს დროებით შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება. თუ არასამოხელეო დანაშაულზე ვსაუბრობთ, ეს ჰგავს პინგ-პონგის თამაშს, ასე შეიძლება ნებისმიერმა პირმა ჩაიდინოს დანაშაული,” – დასძინა რამინ პაპიძემ.

ადვოკატმა ბიუჯეტიდან დაკარგულ მილიონზეც ისაუბრა. მან პროკურატურას მიანიშნა, რომ საქმეში არ არის მოწმე ან მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ ამ გაფლანგვით რაიმე ფინანსური სარგებელი მიიღეს ბრალდებულებმა.

რამინ პაპიძე საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების ნაცვლად, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასაც ითხოვს.

ბიუჯეტიდან დაკარგულ ფულზე ისაუბრა ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმაც. მან ყურადღება “ბაზისბანკსა” და ბათუმის მერიას შორის არსებულ სასამართლო დავაზე გააკეთა, რაც ჯერ არ დასრულებულა  – “იაფი სახლის პროექტზე” საბანკო გარანტიის ნამდვილობა თავის დროზე “ბაზისბანკმა” დაადასტურა. ამჯერად ბათუმის მერია ამ ბანკს სთხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ ზიანის ანაზღაურებას, რასაც პროკურატურა მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავება.

“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ საქმეზე,” – აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა. იგი ბაგრატ ხალვაშის და ეგარსლან ლომიძის ინტერესებს იცავს. ადვოკატმა ბრალდებულების 100 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა.

“მილიონ 600 ათასი იყო კომპანიისთვის ავანსის სახით გადარიცხული და არა მილიონ სამასი, ბატონო პროკურორო,” – მიმართა პროკურორ რამაზ შავაძეს გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა. ადვოკატმა განმარტა, რომ პროკურორი მხოლოდ დაკარგულ თანხაზე არ უნდა საუბრობდეს, თუკი გამოძიება ირწმუნება, რომ წინასწარ განზრახვით თანხის გაფლანგვასთან გვაქვს საქმე.

ადვოკატს დაეთანხმა ბრალდებული გიორგი ერმაკოვი, ბათუმის ყოფილი მერი:

“მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე პროკურატურაში და პოლიციაში… სამი წელია მიმდინარეობდა ამ საქმის გამოძიება, ჩვენ გამოგვკითხეს და ვერ მეტყვის პროკურორი ვერც ერთ შემთხვევას, როცა ჩვენ თავი ავარიდეთ ან გამოუცხადებლობას ჰქონდა ადგილი,” – აღნიშნა ერმაკოვმა.

“მას შემდეგ, რაც გამოკითხეთ არჩილ ვანაძე, მას შეუზღუდეთ რომელიმე ეტაპზე ტელეფონით კომუნიკაცია?” – მიმართა პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძეს არჩილ ვანაძის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

ბაგრატ მანველიძე – ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი და განათლების მინისტრის მოადგილე

“არა,” – მოკლედ უპასუხა ადვოკატს პროკურორმა.

“ეს ადასტურებს იმას, რომ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე ახლა მით უმეტეს აღარ არსებობს… არჩილ ვანაძეს შეეძლო დაერეკა ვინმესთვის დაკავებამდე. მან იცოდა, რომ იყო ძიება და ეს სამი წელი გრძელდებოდა,” – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

“ამ საქმეზე 27 ტომი წარმოადგინა პროკურატურამ,” – აღნიშნა მოსამართლემ, როცა იგი წინასასამართლო სხდომის კიდევ ერთ საკითხს – მტკიცებულებების დასაშვებობას განიხილავდა. მხარეებმა ყველა მტკიცებულება დასაშვებად მიიჩნიეს, თუმცა სადავოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში თითოეულ მოწმეს მოუსმენენ.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღევანდელ პროცესზე შვიდივე ბრალდებულს ჰკითხა, ცნობენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ. ბრალდებულებს ერთნაირი პასუხი ჰქონდათ: “არა”.

არჩილ ვანაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სასამართლო დარბაზში პერიოდულად ისმის ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციის ხმა: “თავისუფლება არჩილ ვანაძეს,” – სკანდირებენ აქციაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: