მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთის საკანალიზაციო ქსელი, რომელიც 9 წლის წინ გააკეთეს, დაზიანებულია

24.07.2019
ქობულეთის საკანალიზაციო ქსელი, რომელიც 9 წლის წინ გააკეთეს, დაზიანებულია

ქობულეთში, საკანალიზაციო მილი, როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, წვიმის შედეგად რუსთაველის ქუჩის მონაკვეთში ისე დაზიანდა, რომ მთელი სისტემის პარალიზება გამოიწვია. შესაბამისი სამსახურის ინფორმაციით, დაზიანებული მონაკვეთი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, რის გამოც მოეწყო დამატებითი სატუმბი სადგური და დროებითი მილი. პრობლემის მოსაგვარებლად აჭარის სარეზერვო ფონდიდან ქობულეთისთვის 102 641 ლარი გამოიყო, საიდანაც 42 ათასამდე ლარი დროებითი საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად დაიხარჯა. ამ მონაკვეთში ახალი ქსელი უნდა გაკეთდეს, რისთვისაც, სავარაუდოდ, ტენდერი გამოცხადდება.

ქობულეთის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2009-2010 წლებში განხორციელდა.

„მიმდინარე წლის 30 ივნისს რუსთაველის ქუჩის N300-ის წინ მწყობრიდან გამოვიდა წყალანირების 800 მმ-ნი მილი, რითაც მოხდა ქალაქის საკანალიზაციო სისტემის პარალიზება. ამასთან ფეკალური მასა გამოედინება ჭებიდან… შესაბამისად, სოციალური უკმაყოფილება შესაძლებელია გართულდეს. მერიის ინტერესს წარმოადგენს ხელშეკრულების ფარგლებში, რამდენი წელი იყო განსაზღვრული საგარანტიო პერიოდად და რა მოვლენის დადგომიდან იწყება მისი ათვლა. ასევე გვაინტერესებს აღნიშნული საკითხის მოგვარების პროცესში თქვენი ჩართულობა რეაბილიტაციის პერიოდში“, – აღნიშნულია ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის წერილში, რომელიც მან საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019 წლის 4 ივლისს გაუგზავნა.

„ქობულეთის წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა 2010 წელს, ხოლო საგარანტიო [დეფექტებზე პასუხისმგებლობის] პერიოდად განსაზღვრული იყო 1 წელი. ამ ეტაპზე მუნიციპალური განვითარების ფონდი მოკლებულია შესაძლებლობას ჩაერთოს რეაბილიტაციის პროექტში“, – მოწერეს მეორე დღესვე ფონდიდან ქობულეთის მერს.

23 ივლისს ქობულეთის მერმა წერილით მიმართა შესყიდვების სააგენტოს და დროებითი საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოების ტენდერის გარეშე ჩატარებაზე თანხმობა ითხოვა:

„მწყობრიდან გამოვიდა წყალანირების 800 მმ-იანი მილი, რითაც მოხდა ქალაქის საკანალიზაციო სისტემის პარალიზება. ფეკალური მასები გადმოვიდა საკანალიზაციო ჭებიდან, რამაც წარმოშვა ქალაქში, ტურისტულად აქტიურ ზონაში, უსიამოვნო სუნი… ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის იმიჯისთვის შეუფერებელია მსგავსი მდგომარეობა, შესაბამისად, სოციალური უკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონლია სასწრაფოდ განხორციელდეს დროებითი ღონისძიება. ამასთან, ვინაიდან წყალანირების მილი განთავსებულია დაჭაობებულ ადგილას, დღის წესრიგში დგას არსებული მაგისტრალური ხაზის მოდერნიზაცია და დამატებითი გადამქაჩი სადგურის მოწყობა… აღნიშნული პრობლემის დროულად მოუგვარებლობამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სოციალური უკამყოფილება და ქალაქის საკანალიზაციო სისტემის პარალიზება დიდი ხნის განმავლობაში [შესყიდვის შესაბამისი პროცედურების დასრულებამდე]. გთხოვთ, მოგვცეთ თანხმობა ზემოთხსენებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გავაფორმოთ ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის წესით“.

შესყიდვების სააგენტოში საკითხის განხილვის საბოლოო თარიღი 26 ივლისია; დროებითი ქსელი კი უკვე მოწყობილია.

კანალიზაციის ახალი მილი დაახლოებით 300 მეტრ სიგრძეზე უნდა მოეწყოს. ამ მილით კანალიზაციის წყალი N3 სატუმბ სადგურამდე გადაიქაჩება [ამ ფუნქციას ახლა დროებითი მილი ასრულებს], აქედან კი – ჩოლოქის გამწმენდ ნაგებობაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაზიანებულ მონაკვეთში მოწყობილი იყო პლასტმასის მილი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რათა ქობულეთის საკანალიზაციო სისტემამ ნორმალურად იმუშაოს.

დაზიანებულ მონაკვეთზე ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ქობულეთის მერიისგან ველოდებით, რომელსაც აქვე მოგაწვდით.

 

მთავარი ფოტო: ქობულეთი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: