მთავარი,სიახლეები

„აჭარის ტურისტული განვითარების სტრატეგია მზადაა“ – ტურიზმის დეპარტამენტის პასუხი ენმ-ს

24.07.2019
„აჭარის ტურისტული განვითარების სტრატეგია მზადაა“ – ტურიზმის დეპარტამენტის პასუხი ენმ-ს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგს ეხმაურება, რომელიც დღეს, 24 ივლისს, გაიმართა. ბრიფინგზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა მთავრობის ტურიზმის პოლიტიკა გააკრიტიკეს და აჭარის მთავრობას ტურიზმის განვითარების ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ბოლო წლებია სწორედ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით ვმუშაობთ და ამ შემთხვევაში რეგიონში რეკლამირება აქტიურად მიმდინარეობს როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ევროპულ ბაზრებზე, როგორებიცაა: ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი.

სარეკლამო კამპანიებს არ ვანხორციელებთ რუსეთის ტურისტულ ბაზარზე.

მიმდინარე წელსაც რეგიონის პოპულარიზაცია იანვრიდან დავიწყეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით, რაც შემდეგ სამიზნე ქვეყნებში გარე რეკლამით, სატელევიზიო რეკლამებითა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით გაგრძელდა. ამ წუთებშიც, BBC-ზე, Euronews-ზე, Deutsche Welle-ზე სატელევიზიო რეკლამის შემდეგ, რეგიონის საიმიჯო რგოლებს National Geographic-ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა.

გვინდა გავახაროთ ჩვენი ოპონენტები, რომ უკვე მზადაა რეგიონის ტურისტული განვითარების სტრატეგია, რომელიც გახდება სამოქმედო გეგმა მთავრობისთვის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით. ამ მნიშვნელოვან დოკუმენტის პრეზენტაცია აგვისტოში იგეგმება. რაც შეეხება კურორტ გოდერძის, იქ აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც 160 მილიონ ივესტიციას და 18 ინფრასტრუქტურულ პროექტს ითვალისწინებს.

სწორედ მთავრობისა და კერძოს სექტორის თანამშრომლობის შედეგია ის ჩარტერული რეისებიც, რაც ბათუმში წელს ტალინიდან, ბაქოდან, ვარშავიდან, ყაზახეთიდან და ვილნიუსიდან სრულდება. ბათუმი და ზოგადად, აჭარა კი ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის საერთაშორისო კონფერენციების, ფესტივალების, სპორტული ღონისძიებებისა და შეხვედრების ეპიცენტრი ქვეყანაში,“ – აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

________

ფოტო: gobatumi.com

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: