დამრღვევ მშენებელს ნებართვა მისცეს და კ2-იც გაუზარდეს – ყველაფერი 4000 ლარად მოგვარდა

ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა მისცა და კ2 კოეფიციენტიც 5,0 – მდე გაუზარდა შპს „ძმების სახლს“, რომელმაც ბათუმის ცენტრში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე დაგეგმილი მრავალბინიანი სახლის ორი სართული უნებართვოდ ააშენა.

2018 წელს ამ ადგილზე ნახევრად დაანგრიეს ორსართულიანი სახლი, რომელიც ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად იყო წარდგენილი. თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ სახლი მესაკუთრეს დანგრეული ჰქონდა, როცა ტერიტორია შეისყიდეს.

მოგვიანებით კი ამ სახლის საბოლოოდ დანგრევის ნებართვა შპს „ძმების სახლმა“ მოითხოვა და  მიიღო კიდეც. მომიჯნავედ, ფალიაშვილის #16-ში არსებული ბელეტაჟი კი, როგორც აქ მცხოვრებლები ამბობენ, „მიაყოლეს“ – ის საერთოდაც უნებართვოდ დაანგრიეს.

 

სახლი, რომელიც ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე დაანგრიეს. ცაგო კახაბერიძის ფოტო

შპს „ძმების სახლის“ დირექტორმა მურმან დიასამიძემ გვითხრა, რომ ბელეტაჟი ამორტიზებული იყო და ის ამას ფოტოებით დაამტკიცებს.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შპს „ძმების სახლი“ უკანონო მშენებლობისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს და მშენებლობის შეჩერება მოსთხოვეს, თუმცა კომპანიამ მითითება არ შეასრულა, რისთვისაც კიდევ 1000 ლარით დააჯარიმეს.

2019 წლის აპრილში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ ისე იმსჯელა შპს „ძმების სახლის“ სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, რომ არავის უხსენებია, დასამტკიცებელი პროექტის ორი სართული უკვე აშენებული რომ იყო. კომპანიამ დაჯარიმების შემდეგ ნებართვის მიღებამდე კიდევ ერთი სართული ააშენა.

მერის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში, რომლითაც ის პროექტისთვის კ2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე შესაბამისი კომისიის რეკომენდაციას დაეთანხმა, ნათქვამია:

„.. მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან სამშენებლო ობიექტი სივრცით – მოცულობითი და არქიტექტურულ-ვიზუალური თვალსაზრისით სრულად აკმაყოფილებს არსებული ტერიტორიის ურბანული განაშენიანებისა და განვითარების პრინციპებს, ასევე საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ არსებული განაშენიანებისა და ქალაქმშენებლობითი პარამეტრების მოთხოვნებს.“

საინტერესოა რა იგულისხმა ამ ჩანაწერში კომისიამ, რადგან სამშენებლო ტერიტორიას მაღლივი სახლები არ ესაზღვრება. ერთ მხარეს ორსართულიანი ისტორიული სახლია, მოპირდაპირედ – საჯარო სკოლა, ხოლო მესამე მხრიდან ისევ დაბალი სახლებია, რომლებიც ასევე სამშენებლო ღობითაა შემოღობილი.

ზონალური საბჭოს სხდომაზე წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შპს „ძმების სახლი “ ამ ადგილზე 10-სართულიანი მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

მთავარი ფოტო: ფალიაშვილზე უკანონოდ დაწყებული კორპუსის მშენებლობა.

თორნიკე რიჟვაძე დეპუტატს: არასდროს გაგიტარებთ

“არასდროს გაგიტარებთ იმას, რომ ხალხს მიაყენოთ შეურაცხყოფა,” – მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ელგუჯა ბაგრატიონს. რამდენიმეწუთიანი შელაპარაკება ისევ შესვენების გამოცხადებით დასრულდა.

დაპირისპირება “როიალ კარიბიანის” პროექტზე საუბარს მოჰყვა. თორნიკე რიჟვაძეს ელგუჯა ბაგრატიონმა უთხრა, რომ ამ პროექტმა ხელისუფლების უუნარობა აჩვენა.

“გიყვირებთ კი არა, მეტსაც გიზამთ… გასაყრელი ხართ ლევან ვასაძის კომბლებით… თქვენ ხელფასსაც იღებთ 5 ათას ლარს და “ატკატებსაც”. ხალხი ასე არაა,” – აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.

“სიტყვა მოგეცი მე შენ, რომ ლაპარაკობ?”- გაცხარდა დავით გაბაიძე. იგი სხდომის თავმჯდომარეა.

“მაინც ვერ გამომიყვანთ წყობილებიდან” – ჩაიცინა თორნიკე რიჟვაძემ და შემდეგ ისევ სერიოზული სახით მიმართა დეპუტატს “გატარებასთან” დაკავშირებით.

კამათი ისევ დავით გაბაიძემ შეაჩერა. მან თქვა, რომ შესვენება ცხადდება, რომლის შემდეგაც ელგუჯა ბაგრატიონმა სხდომის დარბაზი უნდა დატოვოს.

“არ წავალ,” – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი. მისი თქმით, რეგლამენტი არ ითვალისწინებს დეპუტატის სხდომის დარბაზიდან იძულებით გაძევებას.

“იგი ხელფასის 5 პროცენტის ოდენობით დაჯარიმდება,” – დასძინა სხდომის თავმჯდომარემ დარბაზის დატოვებამდე.

ადლიის გამწმენდ ნაგებობას გააფართოებენ – პროექტი 12 მილიონი ევრო ეღირება

ბათუმში, ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოებას დაახლოებით 12 მილიონამდე ევრო დასჭირდება. ნაგებობის გაფართოება აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ აქ სამომავლოდ თავი უნდა მოიყაროს საკანალიზაციო წყლებმა ბათუმს შემოერთებული ტერიტორიებიდან.

შემოერთებულ ტერიტორიებზე [მახინჯაური, მწვანე კონცხი, ხელვაჩაური, ადლია, კახაბერი, აეროპორტის დასახლება, მეჯინისწყალი] საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება ერთიანი პროექტით განხორციელდება, რომლისთვისაც გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი [KFW] 60 მილიონამდე ევროს სესხს გამოყოფს.

გამწმენდი ნაგებობის გაფართოებაში ასევე იგულისხმება ისიც, რომ საკანალიზაციო წყლის გაწმენდას დაემატება ახალი ეტაპი – აზოტისა და ფოსფორის გაუვნებელყოფა.

18 ივნისს, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი კლაუს ვაიგელი, სამხრეთ კავკასიის ენერგო-სატრანსპორტო სექტორის დირექტორი ჰანს რიკი, გერმანიის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი და გერმანიის თანაშრომლობის სამინისტროს ოფიცერი კარინ იარ დე გუერერო.

„სტუმრებმა განიხილეს გამწმენდი ნაგებობის გაფართოების სამომავლო გეგმები. ასევე შეფასდა მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივები ალტერნატიული ენერგიის წყაროს სახით“, – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამწმენდმა ნაგებობამ ალტერნატიული ენერგიის წყაროდ არა მარტო მზის, არამედ შესაძლოა ის ენერგიაც გამოიყენოს, რომელსაც ნაგებობაზე ბიოგაზების დაჭერით მიიღებს.

„ამ კუთხით ცალკე მიდის სამუშაოები. პროექტი გულისხმობს იმას, რომ არსებული აუზები გადაიხუროს, მოხდეს გაზების დაჭერა და ამ გაზების გარდაქმნა ენერგიად. შემდეგ შეიძლება ეს ენერგია ამავე ნაგებობის განათებისთვის გამოიყენონ. ღირებულება ჯერ არ არის დათვლილი, თუმცა დაფინანსებისთვის, ალბათ ცალკე გრანტის მოსაპოვებლად შეიძლება ვიმუშაოთ“, – გვითხრა ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსმა.

„ბათუმის წყალმა“, დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა, რომ ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე არის გოგირდ-წყალბადის სუნი და აპირებდა მის გაუვნებელყოფას. თუმცა, „ბათუმის წყალში“ ისიც განაცხადეს, რომ ეს არ არის ის სუნი, რასაც ადლიის მოსახლეობა ხშირად უჩივის: „სუნი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ადლიის ნაგავსაყარიდან მოდის“.

ამ თემაზე:

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

მთავარი ფოტო: ადლიის გამწმენდი ნაგებობა / ფოტო: „ბათუმის წყალი“

რიჟვაძე შაჰინის სკოლაზე, რესპუბლიკურსა და შუახევიჰესზე

“იქ მოხდა მნიშვნელოვანი ავარია, მაგრამ ინვესტორი ამას მიიყვანს ბოლომდე,” – ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძემ “შუახევიჰესთან” დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს ანგარიშს აბარებს.

თორნიკე რიჟვაძეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ასმათ დიასამიძემ ჰკითხა, შაჰინის სახელობის სკოლის დახურვის შესახებ, რაც ორი წლის წინ მოხდა. ასმათ დიასამიძის თქმით, იქვე არსებულ თურქულ სკოლასაც აქვს ავტორიზაციის პრობლემა, მაგრამ ამაზე ხელისუფლება არ რეაგირებს.

“კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ყველა… რაც შეეხება ამ სკოლას, ის გადის შესაბამის პროცედურებს. ავტორიზაციის ნაწილში ქმედითად მუშაობს განათლების სამინისტრო,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

“ორი წელია გრძელდება ეს. იმიტომ ხომ არა, რომ თქვენც გაფინანსებენ?” – იკითხა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.

“თუ არ დამეხმარებით, ვერ ვიტყვი ჩემს სათქმელს,”- გახედა დავით გაბაიძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. დავით გაბაიძემ კი, ოპოზიციას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რეპლიკების საშუალება მათ შემაჯამებელ სიტყვებში მიეცემოდათ.

“თქვენ რა, როგორც ქვისლს, ისე ეხმარებით?” – განაგრძო კამათი ელგუჯა ბაგრატიონმა.

“მე აქ ვასრულებ ჩემს ფუნქციას,” – მოკლედ უპასუხა ოპოზიციონერ კოლეგას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

ასმათ დიასამიძემ პროექტ “ეტალონთან” დაკავშირებითაც ჰკითხა თორნიკე რიჟვაძეს.

“მე ჩამივარდა ხელში მიმოწერა, რომლის მიხედვითაც სამინისტრო სკოლებს ავალდებულებს “ეტალონს” კონტრაქტი გაუფორმონ და ფული გადაუხადონ… ჩვენ ვიცით, რომ “ეტალონის” ხელმძღვანელი, გოჩა ტყეშელაშვილი “ოცნების” აქტიური მხარდამჭერია, ის თქვენ ხულოშიც გახლდათ საჯარო შეხვედრის დროს…” – აღნიშნა ასმათ დიასამიძემ.

“მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი… ეს პროექტი ხორციელდება სამინისტროს ეგიდით და მჯერა, რომ არის ნებაყოფლობითი… შემიძლია, დეტალებზე ინფორმაცია მოვიძიო,” – უპასუხა დეპუტატს თორნიკე რიჟვაძემ.

რამდენიმე დეპუტატმა დასვა შეკითხვა “რესპუბლიკური საავადმყოფოს” მშენებლობასთან დაკავშირებით. დეპუტატმა ნუგზარ სურმანიძემ იკითხა, როდის დაიწყებს ეს საავადმყოფო ფუნქციონირებას ახალ სივრცეში. დეპუტატმა გიორგი დიასამიძემ კი თქვა, რომ საავადმყოფოს ახალი შენობა შესაძლოა არ შეესაბამებოდეს სალიცენზიო პირობებს და ამ მოტივით იგი გასხვისდეს.

თორნიკე რიჟვაძემ ვერ უთხრა დეპუტატებს, როდის გადავა ახალ შენობაში “რესპუბლიკური საავადმყოფო”. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს თემა ხელისუფლებისთვის პრინციპულია და “ერთიანი მართვის ქვეშ, ერთიანი დაფინანსებით მოხდება მისი აღჭურვა”.

გზების დეპარტამენტში ტრანსპორტის შეძენის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება გიორგი რომანაძემ. იგი საფინანსო კომისიის ხელმძღვანელია და მანამდე გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. დეპუტატის თქმით, ტრანსპორტის შეძენაზე შეზღუდვები შესყიდვების სააგენტომ დააწესა.

“მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა შესყიდვების სააგენტოსთან… ველით შესაბამის თანხმობას,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის ღირსების ორდენით დაჯილდოვებაზე შეკითხვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა დასვა.

“ის არის მათ შორის დეპუტატ ცოტნე ანანიძის ბრალმდებელი… ამ საქმეში თქვენი მამა მთავარი მოწმე იყო, ამაზე რას გვეტყვით?” – მიმართა დეპუტატმა თორნიკე რიჟვაძეს. მას ჯერ ამ კითხვისთვის არ უპასუხია – სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

შესვენების შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ ასევე უნდა თქვას, ნანობს თუ არა იმ ფრაზებს, რომლითაც მან საზოგადოებას დაამახსოვრა თავი, მაგალითად, “ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის”.

 

 

ევროპაში სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო – სამინისტროს პროგრამა

აჭარის განათლების სამინისტრომ უცხოეთში სტაჟირების პროგრამა – „ევროოდისეა“ განაახლა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 18-დან 32 წლამდე პირებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული ან უმაღლესი განათლება და ფლობენ რომელიმე უცხო ენას.

როგორც სამინისტროს განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა პროფესიის ადამიანს. „ვაკანსიებზე შეზღუდვა არ არის, ვებგვერდზე ინფორმაცია რომ მოვიძიოთ, ყველაფერს ვნახავთ, დაწყებული ვებგვერდის დიზაინერიდან, სასტუმროს რეგისტრატორის ჩათვლით“.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, განათლების სამინისტრო გამარჯვებულ კონკურსანტს აფინანსებს 1000 ლარით, რომელშიც შედის მგზავრობის და ვიზის ხარჯები. თუკი ამაზე ძვირი ეღირება მონაწილეობა, ეს უკვე კონკურსანტის გადასახდელი იქნება. „ამ პროგრამას სხვა ოფიციალური ხარჯი არ აქვს. შეიძლება გარკვეული ხარჯი იყოს იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება მოგიხდეს გარკვეული დოკუმენტის გადათარგმნა ან რაიმე ტექნიკური საკითხების მოგვარება“, – ამბობს ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე.

მისი თქმით, „ევროოდისეა“, ანუ პარტნიორი ორგანიზაცია ანაზღაურებს უკვე ადგილზე სტაჟიორის დაბინავებას, ყოველთვიურ სტიპენდიას, ჯანმრთელობის დაზღვევას და ენის კურსებს.

წელს პროგრამა სამ გამარჯვებულს გამოავლენს, მომავალ წელს კი, როგორც ნაზიბროლა ბერიძე-გაბაიძე გვეუბნება, პროგრამის ბიუჯეტი გაიზრდება და ათი სტაჟიორის შერჩევა იქნება შესაძლებელი. პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი 7 ათასი ლარია.

უცხოეთში გასაგზავნი სტაჟიორები კონკურსის წესით შეირჩევიან. კონკურსის პირველ ეტაპს ატარებს აჭარის განათლების სამინისტრო. პირველ ეტაპზე გამარჯვებულ მონაწილეს უფლება აქვს, „ევროოდისეას“ ვებგვერდის მეშვეობით აპლიკაცია შეავსოს და გაუგზავნოს მიმღებ რეგიონებს.

სამინისტროს განმარტებით, სტაჟიორის შერჩევასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორი რეგიონის კოორდინატორი (კონკურსის მეორე ეტაპი),  აპლიკანტთან სატელეფონო გასაუბრების საფუძველზე.

სამინისტროში განაცხადების მიღება 2019 წლის 17 ივნისიდან 31  დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ვებგვერდზე: www.eurodyssee.eu

ხვალ ბსუ კანცლერს ირჩევს – არჩევნებში ერთი კანდიდატი მონაწილეობს

ხვალ, 20 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურმა საბჭომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კანცლერის კანდიდატურა უნდა შეარჩიოს, თუმცა არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს – ბათუმის მერის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე მითაიშვილი. კონკურსში განაცხადების მიღების ვადა გუშინ ამოიწურა.

„პირველ ეტაპზე  აკადემიური საბჭო ახდენს კანდიდატის სამოქმედო გეგმის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადამოწმებას, შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. ამის შემდგომ წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს კანდიდატურას. არჩევნები შეიძლება ჩაიშალოს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ვერ მიიღებს აკადემიური საბჭოს შემადგენლობის უმრავლეობის ხმებს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ გიორგი დიასამიძემ, ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

აკადემიურ საბჭოში სულ 11 წევრია.  თუ მათი უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს კანცლერის კანდიდატურას, კანცლერის თანამდებობაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება, ხოლო თუ წარმომადგენლობითი საბჭო არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატურას, აკადემიურ საბჭოს შეუძლია ხელახლა წარადგინოს კანდიდატურა, ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კი, ხელახლა ცხადდება კონკურსი.

ამ დრომდე უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი ჯემალ ანანიძეს ეკავა. ის კანცლერის თანამდებობაზე 2015 წლიდან მუშაობს და 23 ივნისს ეწურება ამ პოსტზე მუშაობის ოთხწლიანი ვადა.

 

რას სთავაზობს სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დასადგენად განაცხადი 1 200-ზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა.

ვინ შეიძლება იყოს მრავალშვილიანი მშობელი? – სააგენტოს განმარტებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი ბიოლოგიური ან ნაშვილები შვილი.

სტატუსის დადგენის დროს, მნიშვნელობა არ აქვს შვილის ასაკს. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე – დედაც და მამაც. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენა უფასოა და სტატუსის განსაზღვრა მოხდება განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

რა სარგებელს მიიღებენ მრავალშვილიანი ოჯახები სახელმწიფოსგან? – სახელმწიფო სერვისების სააგენტოს განმარტებით, მრავალშვილიანი ოჯახები  სტატუსის ფარგლებში ისარგებლებენ შემდეგი პირობებით:

  • დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების  ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 2014 წლის 1 ივნისიდან დაბადებულ ბავშვებს, ტყუპებს. ბიოლოგიური ოჯახი უნდა ცხოვრობდეს იმ რეგიონში, რომელსაც პროგრამა მოიცავს. პროგრამა ეხება იმ რეგიონებს, სადაც ბავშვების დაბადების საშუალო დადებითი მაჩვენებელი არ ფიქსირდება, ან 200-ზე ნაკლებია.
  • პროგრამით ფინანსდება ყველა ის ბავშვი, რომელიც დაბადების დღის მდგომარეობით, არის მისი ბიოლოგიური დედის რიგით მესამე, ან შემდეგი ცოცხლადშობილი შვილი (მეორე და მესამე ტყუპების შემთხვევაში – ერთ-ერთი ტყუპისცალი).
  • „ფულადი დახმარება ინიშნება განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან ბავშვებისათვის (2 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით) და შეადგენს: მაღალმთიან რეგიონში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის – 200 ლარს, სხვა დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებთათვის – 150 ლარს“.
  • სააგენტოს განმარტებით, ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ ბიოლოგიურ დედას/მამას ან ბავშვთან ფაქტობრივად მცხოვრებ სხვა კანონიერ წარმომადგენელს.
  • ამ პროგრამის მოსარგებლეები არიან ასევე ის ბავშვები, რომლებიც 2016 წლის 1 იანვრიდან დაიბადნენ და რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი.

„ფულადი დახმარება პროგრამის ფარგლებში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში.

 

ა) თუ მოსარგებლე,  ოჯახის პირველი ან მეორე შვილია.

ბ) 200 ლარის ოდენობით, 2 წლის განმავლობაში, თუ მოსარგებლე, ოჯახის მე-3 ან მომდევნო შვილია.

გ) მეორე და მესამე ტყუპის შემთხვევაში ერთ-ერთ ტყუპისცალს – 100 ლარის ოდენობით ერთი წლის განმავლობაში, ხოლო მეორეს – 200 ლარის ოდენობით 2 წლის განმავლობაში.

 

ფულადი დახმარების მიღებაზე უფლება ენიჭება ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ-ერთ მშობელს.

სოციალური დახმარება ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა მიზანმიმართულად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით შექმნილ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის ოდენობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულათა ოდენობაზე.

საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.

 

ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001-ზენაკლებია, მიიღებს 60 ლარს ოჯახის ყველა წევრზე;

ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001და მეტია, მაგრამ ნაკლებია 57001ქულაზე, მიიღებს 50 ლარს  ოჯახის ყველა წევრზე;

გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა 57001 და მეტია, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – ოჯახის ყველა წევრზე მიიღებს 30 ლარს.

ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 100001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

 

ასევე,  საარსებო შემწეობებთან დაკავშირებული კანონის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტებით გათვალისწინებული ოჯახები, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობასთან ერთად, იღებენ „ე“ პუნქტით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობის თანხასაც.

ბავშვთა შრომა – დისკუსია ბათუმში [ანონსი]

ბათუმში დღეს, 19 ივნისს, 15:00 საათზე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ფილიალის ოფისში გაიმართება.

დისკუსია თემაზე: ბავშვთა შრომა

[checklist]
  • რა უნდა გაითვალისწინონ არასრულწლოვნებმა სამსახურის ძიებისას
  • რა საფრთხეები ახლავს ბავშვთა შრომას
  • როგორ იცავს არასრულწოვნების დასაქმებას კანონი
[/checklist]

შეხვედრაზე გაიმართება ამავე თემაზე მომზადებული სიუჟეტის ჩვენება. იქნება საუბარი რისკებზე, საფრთხეებსა და რეკომენდაციებზე.

დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ბათუმი, გორგასალის 89.

დისკუსია იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში.

 

პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“,
ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“(NED) დაფინანსებით.

როგორ გავსხლათ თხილის ბაღი

მართალია, თხილის ბუჩქების გასხვლა ადრე გაზაფხულზე, მანამ არის რეკომედებული, სანამ მცენარე „გაიღვიძებს“, მაგრამ არასდროს არ „გვაწყენს“ იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება გავხადოთ ჩვენი ბაღი უფრო უხვმოსავლიანი – ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ მცენარის გასხვლასაც უკავშირდება.

თხილის ბაღის გასხვლის წესებზე გვიყვება FAO-ს საერთაშორისო ექსპერტი, დამიანო ავანზატო:

თხილის ბუჩქი უნდა შედგებოდეს ცხრა მთავარი დედატოტისგან. თუ დედატოტების რაოდენობა ცხრაზე მეტია, ზედმეტი ტოტები უნდა მოვჭრათ. უნდა მოიჭრას ახალი ამონაყარიც, რომელიც მცენარეს არ სჭირდება ხუთი წლის ასაკამდე. ამონაყარი უნდა მოვჭრათ მიწის ზედაპირთან ახლოს და ყოველ წელს უნდა გავაგრძელოთ იდენტური სხვლა, სანამ მცენარე არ მიაღწევს ხუთ წელს.

პირველი ხუთი წლის მანძილზე ხელი უნდა შევუწყოთ მთავარი დედატოტების გაზრდას, რათა თხილის ბუჩქი ხუთი წლის შემდეგ შევიდეს სრულ მსხმოიარობაში. პირველ რიგში, სანამ უშუალოდ გასხვლას დავიწყებთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ მცენარის ვარჯის ცენტრალურ ნაწილს. უნდა დავტოვოთ მხოლოდ სამი ამონაყარი მეხუთე წელს, ასევე, სამ-სამი – მომდევნო ორ წელს. ეს ამონაყარი შემდგომში ჩაენაცვლება მთავარ დედატოტებს.

პატარა ტოტების მოჭრისას უნდა მოვჭრათ ის, რომელიც მიმართულია მცენარის ზრდის პერიმეტრიდან გარეთ. უნდა შევინარჩუნოთ ის ტოტი, რომელსაც აქვს შესაბამისი სივრცე შემდგომი განვითარებისთვის. ყურადღება უნდა მივაქციოთ სინათლისთვის კონკურენციის თავიდან აცილებას. უნდა დავტოვოთ ის ტოტი, რომელიც კარგი შემცვლელი იქნება დედატოტის, როდესაც ის მიაღწევს რვა წელს. მერვე-მეცხრე წელს უნდა დავიწყოთ ხნიერი დედატოტების ჩანაცვლება ახალი დედატოტებით.

განვიხილოთ ათი წლის თხილის ბუჩქი, რომელიც არ იყო წლების განმავლობაში სწორად გასხლული. სანამ მის გასხვლაზე გადავალთ, უნდა გამოვკვეთოთ, თუ რისი მიღწევა გვინდა. ტოტების ორმაგი რაოდენობა საფრთხეს უქმნის მცენარეს. როცა მცენარე ხავსით არის დაფარული, ეს უკავშირდება მცენარის ვარჯში მზის სინათლის ჩაღწევის პრობლემას, რაც ქმნის ტენიან გარემოს ვარჯში და სოკოვანი დაავადებების გავრცელების კარგ წინაპირობას. გასხვლის დროს ჩვენი ამოცანაა, შევამციროთ დედატოტების რაოდენობდა ცხრამდე და დავტოვოთ ახალი ტოტები, რომლებიც ამ ტოტების შემცვლელი იქნება.

პირველ რიგში, უნდა შევხედოთ მცენარეს და გადავწყვიტოთ, რომელი ტოტები დავტოვოთ და რომელი მოვჭრათ. უნდა მოვჭრათ ის ტოტი, რომელიც ჩრდილავს მცენარეს და ხელს უშლის მცენარის ვარჯში სინათლის ჩასვლას, ასევე, უნდა მოვჭრათ ყველა ხნიერი ტოტი, რომელთაც ნაყოფის მოცემა შემცირებული აქვთ და ჩრდილავენ მცენარის ვარჯს. გასხვლის ოპერაციით მცენარეს უნდა მივცეთ მზის სინათლის მიღების საშუალება. რადგან ამ გზით სტიმულს ვაძლევთ გვერდითა სანაყოფე ტოტების განვითარებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ნაყოფი ვითარდება 25-30 სანტიმეტრის გვერდითა ტოტებზე. ამიტომ თუ ისინი იქნება სუსტი და მოკლე, ნაყოფს ვერ მოგვცემენ.

აუცილებელია, სწორ სხვლასთან ერთად მცენარე ზამთრის პერიოდში დამუშავდეს რკინის სულფატით, რაც ძალზე ეფექტურია ხავსის პრობლემის გადასაწყვეტად.

ჭრის ტექნიკას რაც შეეხება, კარგი იქნება, თუ ტოტს ერთი მხრიდან ჩავჭრით მცირედით და მეორე მხრიდან მოვჭრით მთლიანად. ამ გზით ნაკლებ დაზიანებას მივაყენებთ მცენარეს.

როცა მოვჭრით რამდენიმე ხნიერ ტოტს ერთდროულად, მცენარე გვიპასუხებს მძლავრი ვეგეტატიური ზრდით და ბევრი ამონაყრის განვითარებით.

თხილის კულტურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასხლული ადგილები დავამუშავოთ სანთლით ან სხვა მასალით, რომელიც ხელს უწყობს მცენარის ჭრილობების სწრაფად შეხორცებას და სხვადასხვა პათოგენებისგან მის დაცვას.

მასალა მომზადებულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრზე დაყრდნობით.

“უპრეცედენტო” სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

“უპრეცედენტო”- ეს სიტყვა უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯერ საბჭოს თავმჯდომარემ ახსენა, შემდეგ – თორნიკე რიჟვაძემ და ოპოზიციამ. დღეს, 19 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშს დეპუტატებს აბარებს.

დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატია უპრეცედენტოა, რადგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აქამდე ვალდებული არ იყო, ანგარიში ჩაებარებია უმაღლესი საბჭოსთვის.

თორნიკე რიჟვაძემაც ანგარიშის ჩაბარება, მისი შეფასებით, “უპრეცედენტო პროექტებზე” საუბრით დაიწყო. მან ილაპარაკა ქობულეთში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტზე, სადაც დაახლოებით ნახევარმილიარდიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

“ეს არის უპრეცედენტო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში,” – დასძინა თორნიკე რიჟვაძემ.

სხდომა უმაღლეს საბჭოში. ფოტო: „ბათუმელები“, ჯაბა ანანიძე

თორნიკე რიჟვაძემ საუბრის დასაწყისში ასევე ახსენა “ოცნების ქალაქი”. მან თქვა, რომ მალე ამ ადამიანებს და მათ შორის ასობით ბავშვს “ძირითადი საცხოვრებლის პრობლემა მოგვარებული ექნება”.

აჭარის მთავრობის თამვმჯდომარე ახლა კონკრეტულ პროექტებზე საუბრობს, რომლის დასრულების შემდეგაც მას დეპუტატები კითხვებს დაუსვამენ.

“კითხვის დასასმელად თქვენ გექნებათ 2-2 წუთი,” – უთხრა დეპუტატებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.

ანგარიშის მოსმენის დაწყებამდე ეს ფორმატი გააკრიტიკა ოპოზიციამ და ამას უწოდა „უპრეცედენტო“. მაგალითად, ელგუჯა ბაგრატიონმა თქვა, რომ ეს დრო საკმარისი არ არის კითხვების დასასმელად.

“გადაინაწილეთ კოლეგებმა დრო,” – უპასუხა ოპოზიციას დავით გაბაიძემ.

 

 

სახელმწიფო პროექტით მიწაზე საკუთრების რეგისტრაციის წესი 2020 წლის იანვრამდე იმოქმედებს

სპეციალური წესი, რომელიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ითვალისწინებს, 2019 წლის პირველი ივლისის ნაცვლად, 2020 წლის პირველ იანვრამდე იმოქმედებს.

კანონის მოქმედების დროის გახანგრძლივებაზე შესაბამის დოკუმენტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი 2019 წლის 12 ივნისს მოაწერა და ძალაში 18 ივნისს შევიდა.

პროექტის ფარგლებში, მიწის მფლობელს შეუძლია პირადობისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია უფასოდ. პროექტის ფარგლებში ყველა საჭირო [საარქივო თუ სახვა] დოკუმენტაციის მოძიებას კი საჯარო რეესტრი თავად ახორციელებს.

კანონის მიხედვით სახელმწიფო პროექტი სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელი საჯარო მმართველობითი სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობაა, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის წასახალისებლად.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფაა.

ეს კანონი 2018 წლის ივნისიდან ამოქმედდა. მისი მოქმედების ვადა ჯერ 2019 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული, შემდეგ 2019 წლის პირველ ივლისამდე გადაიწია, ამჯერად კი – 2020 წლის პირველ იანვრამდე.

 

 

500 პოლიციელი და ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩასატარებლად

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში საგამოცდო ცენტრებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებში, დაცვის პოლიციას 544 366 ლარს გადაუხდის.

მომსახურებაში შედის ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ავტომანქანების გაცილება, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოცდების დამთავრების შემდეგ ნამუშევრების [კონფიდენციალური დოკუმენტაციის] შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრამდე მიტანას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები უზრუნველყოფილნი იქნებიან ცეცხლსასროლი იარაღით.

მომსახურება გაწეული უნდა იქნეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პერიოდში [30 დღე], 2019 წლის 25 ივნისიდან 24 ივლისის ჩათვლით.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შეფასების ცენტრში გაგზავნილი წერილის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში, 24 საათის განმავლობაში, დაცვის მომსახურების მიზნით მობილიზებული იქნება 500 თანამშრომელი, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან სატრანსპორტო საშუალებებით, საწვავით, ცეცხლსასროლი იარაღით, საკვებით და სასმელი წყლით.

დეპარტამენტის „მინიმალური ხარჯთაღრიცხვის“ მიხედვით, მომსახურების თანხა, საერთო ჯამში 544 366 ლარი, შემდეგნაირად გადანაწილდება:

[checklist]

  • თანამშრომელთა ხელფასი – 200 000 ლარი [ანუ, ერთ პოლიციელზე 400 ლარი];
  • 500 თანამშრომლის კვებით მომსახურება – დღეში 10 ლარი, 30 დღის განმავლობაში 150 000 ლარი;
  • საწვავის ხარჯი – თანამშრომლიების ობიექტზე მიყვანა, კვების ტრანსპორტირება, საგამოცდო შედეგების ეროვნულ ცენტრებში გაცილება, ტექნიკური საშუალებების ტრანსპორტირება – სავარაუდოდ 21 450 ლარი;
  • მივლინების ხარჯები – 6 000 ლარი;
  • მოგება – 37 745 ლარი;
  • გადასახდელები [დღგ, ბიუჯეტი 10%] – 129 171 ლარი;

[/checklist]

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებისა“ და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს. შესაბამისად, მომსახურების თანხას ცენტრი დეპარტამენტს ექსკლუზიურად, ტენდერის გარეშე გადაუხდის.

ამავე თემაზე:

naec-მა ეროვნული გამოცდების განრიგი გამოაქვეყნა

_____________

ფოტოზე: ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

 

დაკავებული პირუტყვი [ფოტო]

შპს „სანდასუფთავების“ ინფორმაციით, გაფრთხილების მიუხედავად, ბათუმში კვლავ გრძელდება უმეთვალყუროდ დატოვებული პირუტყვის გადაყვანა სპეციალურ საჯარიმო სადგომზე.

დაკავებული პირუტყვის გამოსახსნელად მეპატრონემ 20-დან 50 ლარი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.

ფოტო: შპს სანდასუფთავება
ფოტო: შპს სანდასუფთავება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივნისის  21 საათიდან  20 ივნისის  21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან  ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 23.5 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 21-22 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

___________

ფოტო: „ბათუმელები“, ლელა დუმბაძე

,,ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის“ სტუდენტურ გათამაშებაში ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა

მარიამი, ტატო, ლაშა, მარადი, სალომე და თამარი – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ საზაფხულო სტუდენტურ გათამაშებაში  დღეს ექვსი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც საჩუქრად გადაეცემათ ბილეთები ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე დასასწრებად 21, 22 და 23 ივნისს.

ჩვენ გამარჯვებულებს მითითებულ სატელეფონო ნომრებზე დავუკავშირდებით და მოგებულ ელექტრონულ ბილეთებს  გადავცემთ. საჩუქრის გადაცემამდე აუცილებელია გამარჯვებულმა სტუდენტებმა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ელექტრონული ასლი და სტუდენტის ბარათი ან/და სტუდენტობის დამადასტურებელი რაიმე სხვა სახის მოწმობა.

„ბათუმელები“ და “ნეტგაზეთი“ კვირაში ერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გაათამაშებს სტუდენტებისთვის საინტერესო პრიზებს. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია მოიწონოთ „ნეტგაზეთისა“ და ,,ბათუმელების“ ფეისბუქგვერდები, შემდეგ დარეგისტრირდეთ ჩვენს სტუდენტურ ბაზაში, ბოლომდე  შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დაელოდოთ გათამაშებებს.

გამარჯვებულებს  შემთხვევითობის პრინციპით ყოველ ჯერზე ელექტრონული დოლურა შეარჩევს.

ყოველ ახალ გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტს, რომელსაც აქვს აქტიური სტატუსი და სწავლობს ბაკალავრიატის საფეხურზე.

საზაფხულო სტუდენტური გათამაშება ჩვენი ახალი, ახალგაზრდული პლატფორმის შესაქმნელად გადადგმული პირველი ნაბიჯია.

სტუდენტურ ბაზაში დარეგისტრირებულებს პერიოდულად გამოკითხვა-გათამაშებაში მონაწილეობას შევთავაზებთ. თითოეულ გამოკითხვას თან ახლავს გათამაშებაც.

ჩვენი ამოცანაა სტუდენტებისთვის სასარგებლო საინფორმაციო რესურსების შექმნა, რომ უნივერსიტეტში გატარებული წლები მათთვის უფრო საინტერესო, სასარგებლო და ხალისიანი გახდეს.

დაგვეხმარეთ, გავიგოთ, რა სჭირდებათ სტუდენტებს და მიიღეთ ჩვენი სეზონური საჩუქრები. ყველაზე მთავარი: ჩვენს პროექტებში ჩართვით თქვენ ეხმარებით თავისუფალ მედიას!

ადგილები აჭარის ზღვის სანაპიროზე, სადაც ბანაობა აკრძალულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პლაჟის იმ მონაკვეთებზე, სადაც ბანაობა აკრძალულია, სამსახური შესაბამის ამკრძალავ ნიშნებს განათავსებს. სამსახურში აცხადებენ, რომ აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საბანო ზონებს მიმდინარე სეზონზე სრულად აითვისებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ წელს მაშველები დაემატებიან რამდენიმე ისეთ მონაკვეთზე, სადაც აქამდე სამაშველო კოშკურები არ არსებობდა და მაშველების მიერ არ კონტროლდებოდა. ასეთი მონაკვეთებია პლაჟი ციხისძირთან, ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარედ, კარიერის მოპირდაპირედ მდინარე კინტრიშის შესართავთან ქობულეთსა და ასევე ფიჭვნარში.

აჭარის სანაპიროზე, ტურისტულ სეზონზე, 250 მაშველი იმუშავებს, მათ შორის 20 ქალი იქნება. 

პლაჟებზე ამკრძალავი ნიშნები განთავსდება:

რაც შეეხება ბანაობისთვის აკრძალულ ადგილებს – ესა ადგილებია:

  • სარფში – 2 ადგილას [ძირითადად იქ, სადაც კლდოვანი ნაპირია. ბანაობა ასევე აკრძალულია გამშვები პუნქტის მოპირდაპირე პლაჟზე საქართველო-თურქეთის საზღვართან];
  • კვარიათში – 1 ადგილას [სადაც კლდოვანი ნაპირია];
  • ახალ და ძველ ბულვარში – 3 ადგილას [ახალ ბულვარში იქ, სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს [აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში მდებარე პირსამდე], ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, შემოღობილიცაა. ძველ ბულვარში კი ამკრძალავი ნიშანი განთავსდება იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე];
  • ბარცხანის დასახლებაში – 1 ადგილას, რესტორან „რივიერასთან“;
  • თამარის დასახლებაში [ბენზე] – 2 ადგილას. აქედან ერთი ადგილი სანაპირო დაცვის სამსახურის ტერიტორიაა; მეორე კი 12-სართულიან კორპუსებთან [განთიადის პლაჟის მიმდებარედ];
  • მახინჯაურში – 1 ადგილას, ყოფილი სასტუმრო „მზიურის“ მიმდებარედ;
  • მწვანე კონცხზე – 3 ადგილას [ძირითადად კლდოვან ნაპირებთან – ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ];
  • ჩაქვში – 4 ადგილას, ძირითადად ჩაქვის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ;
  • ციხისძირში – 5 ადგილას, აქედან სასტუმრო „კასტელო მარეს“ მიმდებარედ – 4 ადგილას, 1 ადგილას კი პეტრას ციხის მიმდებარედ.

ბანაობა ასევე აკრძალულია:

  • მდინარეების [განსაკუთრებით ჭოროხის] შესართავებთან,
  • გონიოს ყოფილი პოლიგონის გასწვრივ,
  • ბათუმის პორტის აკვატორიაში.

ამ თემაზე:

ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია

ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

30 000 და 40 000-ლარიან პროექტებს მერია მოქალაქეების ხმის მიცემით შეარჩევს

პროექტის ფარგლებში „შენი იდეა ბათუმს“ მერიაში 34 განაცხადი შევიდა, ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭომ აქედან ათი პროექტი შეარჩია, მათ შორის სამ გამარჯვებულს კი სპეციალური ვებგვერის, idea.batumi.ge საშუალებით მოქალაქეები გამოვლენენ.

შერჩეული ათი პროექტი ვებგვერდზე უკვე განთავსებულია და დაწყებულია ხმის მიცემაც. ამავე ვებგვერდზე იმ პროექტების გაცნობაცაა შესაძლებელი, რომლებიც ათეულში ვერ მოხვდნენ.

შერჩეული იდეების განხორციელებისთვის ავტორები 30  000 – 40 000 ლარს ითხოვენ, ჯამში პროექტის ბიუჯეტი 120 000 ლარია. შერჩეული იდეები ძირითადად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და  ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

მოქალაქეთა ჩართულობის ამ ფორმის დასანერგად ბათუმის მერიასთან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“ ითანამშრომლა, რომლის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც მრჩეველთა საბჭოს წევრი ნათია აფხაზავაა.

 

ბათუმის მერია მოქალაქეების იდეებს 120 000 ლარით დააფინანსებს – ახალი პროექტი

 

შენი იდეა ბათუმს -მრჩეველთა საბჭომ ათი პროექტი გამოავლინა, ათიდან სამს მოქალაქეები ელეტრონულად გამოავლენენ

რას ჰყვებიან შვილიშვილები ბაბუებზე – წითელი ტერორის კვალი 80 წლის შემდეგ 

მათ ყველას ერთი რამ აერთიანებთ – წინაპრები, რომლებიც არასდროს უნახავთ და რომელთა ბედსაც დღემდე მტკივნეულად განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ სტალინურ რეპრესიებს თითქმის ერთი საუკუნე გვაშორებს, ოჯახებს სისხლიანი ტერორის დროს განცდილი დღემდე ახსოვთ.

ნუგზარ მგელაძე 47 წლისაა. მისი ბაბუა, მევლუდ მგელაძე ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა 1937 წელს დაიჭირეს და დახვრიტეს.

„მამაჩემისგან ვიცი, ღამით მოსულან და წაუყვანიათ. არავითარი ინფორმაცია, სად წაიყვანეს და როგორ წაიყვანეს არ უცნობებიათ. წაიყვანეს და დასრულდა. მამაჩემი იმ დროს ბავშვი იყო, მამის სახეც კი არ ახსოვდა.

ბაბუაჩემი უბრალო გლეხი იყო, კოლმეურნეობის წევრი. მოხელე კაცი ყოფილა, უსტას ეძახდნენ, ხის სახლებს აშენებდა. 72 სახლი აქვს აშენებული აჭარაში. სახელმწიფო სამსახურში არ ყოფილა და არც არაფერი დაუშავებია.

ბაბუა რომ წაიყვანეს, მამაჩემი პატარა დარჩა. იმის გამო, რომ მამა არ ჰყავდა, ვერ გააგრძელა სწავლა და დაწყებითი კლასიდან გამოვიდა.

მას მერე ბაბუაჩემის ოჯახი მუდმივად განიცდიდა ზეწოლას. სულ წვალებაში იყვნენ, შვილები და მთელი მისი შთამომავლობა სამშობლოს მოღალატეებად ჰყავდათ გამოყვანილი. მავნებლისა და ხალხის მტრის სტატუსი ყოველთვის უშლიდათ ხელს ყველა საქმეში.

ნუგზარ მგელაძე, ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

როგორც მაშინ ამბობდნენ უნგრეთის კონტრრევოლუციის [1956 წლის ანტისაბჭოთა აჯანყება უნგრეთში – ავტ.] მონაწილე იყო მამაჩემი. უნგრეთში ყოფნისას წერილი დაუწერია – „თუ მამაჩემი სამშობლოს მტერი იყო, მე მის შვილს წითელ არმიაში რა მინდაო“. მეორე დღესვე დაუკავებიათ. იხსენებდა: „პაგონები ამახიეს, მერე ათი დღე მკითხავდნენ – ეს ვინ დაგაწერინა, საიდან დაწერე, რატომ დაწერეო. მათაც გავუმეორე, თუ მტრის შვილი ვარ, რატომ ვმსახურობ წითელ არმიაშიო. დაკითხვების შემდეგ გამოუშვეს.

ამ ამბიდან მალევე სახლში მოგვივიდა რეაბილიტაციის ფურცელი: არაფერი ბრალდება არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს პატიმრობიდანო, მაგრამ რეაბილიტაციის შემდეგ დაავადებული იყო გულის მანკით, სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო და ყაზახეთში გარდაიცვალაო,“ – იხსენებს ნუგზარ მგელაძე.

მევლუდ მგელაძის რეაბილიტაციის ცნობა

ნუგზარ მგელაძის თქმით, მამა ისე გარდაიცვალა, რომ არ იცოდა, რა ბედი ეწია მის მამას, მევლუდ მგელაძეს.

„დღე არ გასულა მთელი ცხოვრების მანძილზე, მამას ბაბუა რომ არ გაეხსენებინა. გარდაცვალებამდე ავად იყო. სოფლიდან ქალაქში არ მოგვყვებოდა, ბათუმში რომ გარდავიცვალო, სოფელში თქვენ აღარ ამომიყვანთო და აქ დედის საფლავი მარტო დამრჩებაო“.

2019 წლის აპრილში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გამოაცხადა, რომ 1937-1938 წლებში დახვრეტილი ადამიანების საფლავები იპოვეს. ამ განცხადებას თან ახლდა სია. ნუგზარ მგელაძემ დახვრეტილთა სიაში ბაბუას სახელი და გვარი იპოვა.

„როდესაც სიები გამოქვეყნდა, მხოლოდ შემდეგ  გავიგეთ, რომ აქ, ადგილზე დაუხვრეტიათ.  თითქმის ყველა მოლოდინი გადაწურული იყო, რომ ოდესმე რამე გაირკვეოდა მის შესახებ და უცებ ირკვევა, რომ თურმე ყაზახეთში კი არა და აქვე, ბათუმში დაუხვრეტიათ და სადღაც ერთ ორმოში განისვენებს ასობით უდანაშაულო ადამიანი. ენით აღუწერელი ტკივილი გაგვიახლდა,“ – ამბობს ნუგზარ მგელაძე.

ნუგზარ მგელაძეს თავისი წინაპრის ნეშტთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს.

„იქნებ იყოს შესაძლებელი საერთო სასაფლაოს გაკეთება. იყოს მემორიალური დაფა და ვიცოდეთ, რომ ჩვენი წინაპარი აი, აქ განისვენებს“.

თამაზ ხოზრევანიძეც რეპრესირებულთა შთამომავალია. ბაბუამისი, ტაშტან ხოზრევანიძე, სოფელ დანისპარაულში 1937 წლის გაზაფხულზე დააპატიმრეს.

თამაზ ხოზრევანიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„ბაბუაჩემი გლეხი კაცი იყო. სტუმართმოყვარე, მშრომელი. გადმოცემით ვიცი, გაზაფხულზე, ხვნა-თესვა რომ დაამთავრეს, ღამით მოსულან და წაუყვანიათ. 2019 წლის გაზაფხულამდე უცნობი იყო ჩვენთვის, სად წაიყვანეს, როგორ წაიყვანეს, რატომ წაიყვანეს.

7 შვილი დარჩა ბაბუაჩემს. ხუთი გოგო და ორი ბიჭი. ერთ-ერთი შშმ პირი იყო. რომ დაუჭერიათ ბაბუა, ყოველდღე ტიროდა თურმე ეს გოგო. ისე იყვნენ დაშინებული, იმ დღეების და წლების გახსენებაც არ უნდოდა მამას.

გადმოცემით ვიცი, სანამ დაიჭერდნენ, ოთხჯერ მიანიშნეს თურმე ბაბუაჩემს წადი თურქეთშიო. ბაბუაჩემს უარი უთქვამს, – მე კი ვიცი რატომ მიშვებთ, მაგრამ არ ვარ იქ წამსვლელიო. შვილები მყავს აქეთ და ამიწიოკებენ ოჯახსო. კერძო მეურნეობა ჰქონდა. 1882 წელს იყო დაბადებული. 1937 წელს დახვრიტეს 54 წლის ასაკში. არაფრის გულისთვის. მავნებელიო – ასე უწოდებდნენ მაშინ ხალხს, ვისაც ხვრეტდნენ.

მამა და ბიძა ისე იყვნენ დაშინებულები, იმ ამბის გახსენებაც არ უნდოდათ. მე კიდევ დღემდე მაწუხებს კითხვები, რატომ წაიყვანეს? ვინ წაიყვანა? სად წაიყვანეს? როცა გავიგე, რომ ნეშტები იპოვეს, ცრემლები წამომივიდა. არაფრის გულისთვის დახვრიტეს და ეგაა გულდასაწყვეტი. ფოტოც კი არ შემოგვრჩა ბაბუას,“ – იხსენებს თამაზ ხოზრევანიძე.

მთავარი ფოტო: კედელი, რომელიც ხელვაჩაურის სამხედრო ბაზაზე აღმოჩენილ სამარხებს აკრავს

————————————————————-

ამავე თემაზე:

ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან

პარლამენტარის პარტნიორის კომპანია სასტუმროს გონიოში უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენებს

შპს „გონიო 5 მგზავრებისგან“ გონიოს პირველ ზოლში, ზღვის სანაპიროზე, სასტუმროს უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენებს. სამშენებლო ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული  სამშენებლო ღობით და არც უსაფრთხოების ბადითაა შეფუთული აშენებული კარკასი. გარდა ამისა, მშენებლობა პირდაპირ სასეირნო პრომინადის გასწვრივ მიმდინარეობს, რაც დისკომფორტს უქმნის დამსვენებელს. ამ სამშენებლო მოედანზე ვერც საინფორმაციო დაფას ნახავთ, რაც კანონით სავალდებულოა.

კომპანია „გონიო 5 მგზავრებისგან“ დავით ცერცვაძეს ეკუთვნის. მან კომპანია „ბათუმი ბულვარ საიდთან“ ერთად თავისი სასტუმროების ქსელში საერთაშორისო ბრენდი „ბესტ ვესტერნი“ შემოიყვანა. „ბათუმი ბულვარ საიდის“ ერთ-ერთი აქციონერი კი დეპუტატი ბექა ოდიშარიაა.

„მგზავრები“ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ათეული სასტუმროს მფლობელია, სადაც ნომრებს ყიდიან, თუმცა კომპანია მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ სასტუმროებს თავად მართავს.

„მგზავრებმა“ კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გონიოში 2019 წლის მაისში მიიღო. ბათუმის მერიის მშენებლობაზე ზედამხეველობის განყოფილების ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობა გაცილებით ადრე, უნებართვოდ დაიწყო.

2019 წლის იანვარში კომპანია ჯერ უნებართვო მშენებლობისთვის, შემდეგ კი უნებართვო მშენებლობის შეუჩერებლობისთვის დააჯარიმეს.

დღეს, 18 ივნისს, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა მიშა ბოლქვაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ აშენებს კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევით. „ბათუმელები“ ამ ფაქტის გადამოწმების მიზნით მერიის ზედამხეველობის სამსახურს დაუკავშირდა.

უწყებიდან მოგვიანებით მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კომპანია ისევ დააჯარიმეს, ამჯერად მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევით  წარმოებისთვის. გარდა ამისა, სამსახურმა გამოსცა აქტი სამუშაოების იძულებით შეჩერებაზე.

სასტუმროების ქსელ „მგზავრების“ წარმომადგენლის ინფორმაციით, მშენებლობა შემოფარგლული იყო ღობით, მაგრამ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მისი უფრო გამართული ღობით შეცვლა გადაწყვიტეს – „ამიტომაც იყო მოხსნილიო“. გვითხრეს ისიც, რომ კომპანია ტურისტულ სეზონზე არ იმუშავებს. მათივე ინფორმაციით, ამ კონკრეტულ პროექტში პარლამენტარი ბექა ოდიშარია მათი პარტნიორი არ არის.

 

„სწავლა კეთებით“ – როგორია ეროვნული ჯილდოს ათეულში მყოფი პედაგოგის პრაქტიკა

სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი ინგა მოსიძე 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ის სალიბაურის პირველ საჯარო სკოლაში მუშაობს.  როგორ მუშაობს მოსწავლეებთან, რას მიიჩნევს სიახლედ სწავლებაში და რა არის მნიშვნელოვანი მოზარდის მოქალაქედ, პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის? პედაგოგი ამ ყველაფერზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • ქალბატონო ინგა, გვესაუბრეთ იმ მეთოდებსა და გამოცდილებაზე, რის გამოც თქვენ მიგიჩნიეს საუკეთესო პედაგოგად…

მნიშვნელოვანია ის, რომ გაკვეთილები არის ინტერაქტიული და მოსწავლეზე ორიენტირებული და ბავშვების მოტივაციასაც ეს განაპირობებს. სწავლების დროს ვიყენებ მრავალფეროვან აქტივობებს. ყველაზე მნიშვნელოვანია თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენება, ანუ სწავლა კეთებით. მნიშვნელოვანია, როცა ბავშვები თავად გეგმავენ საკლასო და სოციალურ პროექტებს, საკლუბო პროექტებს და შემდეგ ახორციელებენ.

  • რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ სწავლა არის ბავშვზე ორიენტირებული, რაში გამოიხატება ეს?

აქ ვგულისხმობ მოსწავლეთა შესაძლებლობებს, დიფერენცირებულ მიდგომას მოსწავლის ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას, სადაც ყველა მოსწავლე იქნება სასწავლო პროცესში ჩართული.

სამოქალაქო განათლების დროს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტერმინებისა და ცნებების სწავლება, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება, მოდელირება და თამაშით სწავლება. მნიშვნელოვანია დილემებზე მუშაობა რთული კითხვებით. სწავლების პროცესში აქტიურად ვიყენებ დოკუმენტურ ფილმებს, სოციალურ რეკლამებს სხვადასხვა პრობლემის გაანალიზებისას, სხვადასხვა წყაროს. ეს ყველაფერი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმძღვანელოები არ არის დაგეგმილი ისე, რომ ინტერაქტივის საშუალებას იძლეოდეს. სახელმძღვანელოში არ არის საკმარისი მასალა მოცემული იმ თემის გააზრებისთვის, რასაც გაკვეთილი მოითხოვს.

  • სამოქალაქო განათლებაში ბევრი თემა შედის, რომლებიც მნიშვნელოვანია მოქალაქის, პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. თქვენ რას ასწავლით ბავშვებს, რა არის მთავარი განათლებაში?

სახელმწიფოს დაკვეთა მასწავლებლის მიმართ არის, რომ მოსწავლეს მისცეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ მისცეს უნარები და ღირებულებები. თუ თვალს გადავავლებთ ეროვნულ მიზნებს, იქ სწორედ ეს წერია, რომ მოსწავლეს უნდა გამოვუმუშაოთ ის კომპეტენციები, რომლებიც მას ცხოვრების მანძილზე სჭირდება. ეს არის სამოქალაქო კომპეტენცია, პასუხისმგებლობა, სამშობლოს სიყვარული, აქედან გამომდინარეა ყველა ჩემი გაკვეთილი.

  • სამშობლოს სიყვარულს როგორ ასწავლით?

რამდენიმე დღის წინ მქონდა პროექტი ეროვნულ გმირებზე და მაშინ ვსაუბრობდით ამ თემაზე. სამშობლოს სიყვარული გამოიხატება ქვეყანაზე ზრუნვაში და იმ გარემოს მოვლაში, სადაც ვცხოვრობთ. სამშობლოს სიყვარული საკლასო ოთახიდან შეგვიძლია დავიწყოთ, შემდეგ გადავდივართ თემში და ა.შ.

გარდა ამისა, ჩემი მოსწავლეები აფხაზეთიდან დევნილები არიან და არ იციან, რომ აფხაზეთიდან არიან, ნაკლები ინფორმაცია აქვთ ამაზე, არც სახელმძღვანელოებში წერია ამის შესახებ. ვცდილობ, მათ ეს ისტორია ვასწავლო. მინდა იცოდნენ იმ გმირების ამბები, რომლებიც მათ გვერდით ცხოვრობენ და ამ ცოცხალი ისტორიებით ვასწავლო სამშობლოს სიყვარული.

  • რა მაგალითები მოგყავთ, როცა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ესაუბრებით და რამდენად კარგად იაზრებენ ამას ბავშვები?

მოსწავლეებს უჭირთ სამართლებრივი ცნებების სწავლა, ამიტომ თუ ჯერ არ გაიაზრეს ბავშვებმა სახელმწიფოს ცნება, რა უფლებები აქვთ, რა მოვალეობები, ისე სხვა საკითხების გააზრებაც რთული იქნება. ამ ყველაფრის გააზრება უნდა მოხდეს კონკრეტულ სიტუაციებში, ვიყენებ ფილმებსაც, ვუყურებთ, ვაანალიზებთ და შემდეგ ვმსჯელობთ.

  • რა ინფორმაციას ითხოვენ ბავშვები, რა აინტერესებთ, რაზე სვამენ ყველაზე მეტ კითხვას?  

ბავშვებს ყველაზე მეტად მაინც ის თემები აინტერესებთ, რაც მედიაში ტრიალებს. იყო მარიხუანას თემა და ჩვენ ვისაუბრეთ მარიხუანას მავნებლობაზე, წელს გვქონდა პროექტი მოზარდების ინტერნეტდამოკიდებულებაზე, იმაზე, რა უხილავი საფრთხეების წინაშე დგანან მოზარდები. კიბერბულინგთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, როცა მოისმინეს, რამდენად საფრთხისშემცველია პერსონალური მონაცემების გავრცელება და რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამან, გაოცებული იყვნენ. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რამდენად ნეგატიური შედეგის მომცემია ინტერნეტდამოკიდებულება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

  • სამოქალაქო საკითხები ასევე უკავშირდება კულტურული მრავალფეროვნების თემებს. აქ შემოდის როგორც ეთნიკური, რელიგიური, ასევე სხვა თემები. რა ცოდნა აქვთ ბავშვებს ამ სფეროში და რაზე სვამენ კითხვებს?

დიახ, სამოქალაქო განათლებით ყველაზე კარგად გამოდის ფასეულობათა პრინციპების სწავლება და რადგან ისტორიასაც ვასწავლი, ბევრია ისეთი თემა, რომელიც სამოქალაქო საკითხებთან არის ინტეგრირებული.

ბავშვებს აინტერესებთ განსხვავებული კულტურების თანაცხოვრება, ტრადიციები, მიმღებლობა, მაგრამ ისეთი, განსაკუთრებული კითხვები არ უჩნდებათ.

  • ჩვენს საზოგადოებაში ხშირად განიხილება რელიგიური მიკუთვნებულობის თემა. აჭარა ამ მხრივ არის მრავალფეროვანი რეგიონი და არის ისეთი შემთხვევებიც, როცა საკითხი ასე დგება – შეიძლება თუ არა ქართველი იყოს მუსლიმი და ამ კითხვას ხშირად პედაგოგები სვამენ. მსგავსი სიტუაციასთან თუ გქონიათ შეხება?

ასეთი საკითხები არ დამდგარა ჯერ დღის წესრიგში – ბავშვებს არ მიაჩნიათ ეს განსხვავებულობა პრობლემად. კლასში მყავს მუსლიმი ბავშვებიც, ქრისტიანებიც და ძალიან მშვიდობიანად უყურებენ ამ თემას. ჩვენ რელიგიური რადიკალიზმის შესახებაც გვქონდა პროექტი და ამის ფარგლებიც ვისაუბრეთ რელიგიური უმცირესობების საკითხებზე და არც მაშინ დასმულა მტკივნეული კითხვები.

  • პრაქტიკის კვლევა თუ გაგიკეთებიათ და რა პრობლემა გამოკვეთეთ?

დიახ, ახლახან გავაკეთე და კვლევის დროს აღმოვაჩინე, რომ ბავშვებს ძალიან უჭირთ ესეების წერა. ეროვნულ გამოცდებზე უწევთ ესეების წერა და ამიტომ ეს საკითხი მათთვის აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ გავიარეთ ტერმინოლოგიური საკითხები, მაგალითად, როცა თემა მოვიდა ქსენოფობიაზე, კულტურულ მრავალფეროვნებაზე, რა მოიაზრებოდა ტერმინში და როგორ შეიძლებოდა შემდეგ ამაზე არგუმენტების დაწერა, ეს გაუჭირდათ.

ამიტომ დავგეგმე, როგორ შეიძლებოდა ამის სიღრმისეული სწავლება. გამოვიყენე მოდელირება, ფოტოებით ამოცნობა, სიტუაციების ანალიზი, თამაშები და ა.შ.

  • რა მიიჩნევა დღეს ინოვაციურ სწავლებად, მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენება?

ჩემი აზრით, ინოვაცია არის ის, როცა ბავშვს ასწავლი პრობლემის გადაჭრის გზებს. ჩვენ გვქონდა ძალადობის თემა განხილული და ვიმსჯელეთ პრობლემის გადაჭრის გზებზე. სამოქალაქო ჩართულობის  საკითხების შესწავლისას გავაკეთეთ ასეთი რამ, რომ სკოლასთან ახლოს არ იდგა სანაგვე ურნები, ამიტომ მივწერეთ თვითმმართველობას და  ეს საკითხი გადავჭერით, გზასთან დაკავშირებული პრობლემა იყო, ამაზეც შევაგროვეთ ხელმოწერები და ესეც მეტ-ნაკლებად მოგვარდა. მთავარია, მოსწავლემ იცოდეს პრობლემის დანახვა და შემდეგ იცოდეს ვის მიმართოს, როგორ მოაგვაროს, მისი როლი რა არის და ა.შ.

ჩვენ გვაქვს ასევე სამოქალაქო განათლების კლუბი „თემიდა“, სადაც ხშირად განვიხილავთ პრობლემურ საკითხებს, ვმსჯელობთ, ასევე ლიდერის უნარ-ჩვევებს ვუყალიბებთ მოზარდებს, ვასწავლით პროექტების წერას, თანამშრომლობას ჯგუფთან, აზრების გაზიარებას, აუდიტორიასთან კომუნიკაციას და ა.შ.

კრიტიკული აზროვნების სწავლება ერთი გაკვეთილით არ მიიღწევა, ბევრი აქტივობა უნდა გამოიყენო, რომ ბავშვებმა არგუმენტების მოყვანა ისწავლონ. ეს დაფუძნებულია ბავშვის საბაზისო ცოდნაზე. მე-9 მე-10 კლასში მაშინ უადვილდება ბავშვს კრიტიკული აზროვნება, თუ დაწყებით კლასებში აქვს ეს უნარები განვითარებული. ეს არის მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობების შედეგი.

საპარტნიორო ფონდი ფიჭვნარში სასტუმროს აშენების პირობით ინვესტორს ეძებს

საქართველოს საპარტნიორო ფონდი ამ ეტაპზე ეძებს ინვესტორს, ვისაც ქობულეთის ზღვისპირას, ფიჭვნარში მდებარე მიწის ნაკვეთს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობისთვის შესთავაზებს. ინფორმაცია საპარტნიორო ფონდში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს.

70 073 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქობულეთის შემოსასვლელში, მდინარე ჩოლოქთან ახლოს, პლაჟსა და საავტომობილო მაგისტრალს შორის მდებარეობს. აღნიშნული ნაკვეთი ბოლო წლებში ყაზახური კომპანია „კაზმუნაიგაზ-სერვისის“ საკუთრებაში იყო.

საპარტნიორო ფონდის განცხადებით, „ფონდმა 2018 წლის ივნისში გამოისყიდა „კმგ-სერვის საქართველოს“ [იგივე შპს „ბორჯომი ლიკანი“] 100%-იანი წილი და მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოშობილი იქნა „ყაზმუნაიგაზსერვისსა“ და „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ შორის არსებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. „კმგ-სერვის საქართველოს“ მფლობელობაში იყო ორი ძირითადი აქტივი – „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციების 50% [მეორე 50% უკვე ეკუთვნოდა საპარტნიორო ფონდს] და მიწა ქობულეთში [ფიჭვნარში – ავტ.]“.

ზემოთ ხსენებული ორივე ძირითადი აქტივი საპარტნიორო ფონდმა ამოიღო „კმგ-სერვის საქართველოს“ კაპიტალიდან და თვითონ გახდა პირდაპირი მესაკუთრე.

აქედან გამომდინარე, საპარტნიორო ფონდი აცხადებს, რომ სჭირდება როგორც კონსოლიდირებული, ისე ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის ყველა ამ განხორციელებული ტრანზაქციის შეფასება ერთიანად და ცალ-ცალკე, მათ შორის:

[checklist]

  • მთლიანად გამოსყიდული ორივე აქტივის შეფასება;
  • „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ გაერთიანებული 100% აქციების შეფასება;
  • ქობულეთის უძრავი ქონების [ფიჭვნარში მდებარე მიწის ნაკვეთის“ შეფასება [როგორც ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის, ასევე საბაზრო მიზნებისთვის]. ასევე, ტრანზაქციიდან გამომდინარე სხვა საჭირო შეფასებები.

[/checklist]

„საპარტნიორო ფონდმა“ აღნიშნული აქტივების შეფასების მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 114 ათას 460 ლარია.

„საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს შეკვეთილის მხრიდან ესაზღვრება პლაჟსა და მდინარე ჩოლოქს შორის მდებარე 104 294 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც შპს „აკვაცენტრის“ საკუთრებაშია [აკვაცენტრი მიწას მდინარის მეორე ნაპირზეც ფლობს].

რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, „აკვაცენტრის“ დირექტორი კახა კობიაშვილია, ხოლო 100% წილის მფლობელია „ვენითი ოუვერსიზ [Vanity Overseas] ლიმითედი / ვირჯინიის კუნძულები [ბრიტანეთი].

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, Vanity Overseas ერთ-ერთი ოფშორული კომპანიაა, რომლის საშუალებითაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი საქართველოში სხვადასხვა კომპანიას ფლობს, მათ შორის შპს „აკვაცენტრს“.

ქობულეთის მხრიდან კი, „საპარტნიორო ფონდის“ ნაკვეთს ფიჭვნარში, კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საკუთრებაში არსებული 24 911 კვ.მ. ტერიტორია ესაზღვრება.

შემდეგ 70 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ამ ნაკვეთიდან, ვიდრე ქობულეთის მოსახლეობამდე [აღმაშენებლის ქუჩის ბოლო] კი, გარკვეული ნაკვეთები უკვე გასხვისებულია. დარჩენილია ერთი ნაკვეთი – 11 235 კვ.მ ფართობი, რომელიც ოთხჯერ გამოცხადებული აუქციონის მიუხედავად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 60%-იანი ფასდაკლებითაც ვერ გაყიდა.

როცა ეს ნაკვეთებიც გასხვისდება, ფიჭვნარის სანაპიროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი ნაკვეთი აღარ იქნება. აქ მხოლოდ პლაჟის ვიწრო ზოლი რჩება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

ამ თემაზე:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

მთავარი ფოტო: ფიჭვნარი, 2019 წლის მაისი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის გაზრდა თვითნებურად და ლეგალურად

ბათუმიდან ჩაქვის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. #40 სამარშრუტო ხაზით მოსარგებლე მგზავრებს 70 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა უწევთ. „ასე თვითნებურად ყველაფერი შეუძლიათ მძღოლებს? მხოლოდ ამ დასახლების მგზავრებს გაეზარდათ ღირებულება“, – მოგვწერა ერთ-ერთმა მგზავრმა.

„მგზავრობის ტარიფი შესაძლოა ისევ გაიზარდოს, თუკი საწვავი გაძვირდება,“ – გვითხრეს შპს „აჭარტრანსრეგულირებაში“. აქ განმარტეს, რომ ტარიფი მართლაც მძღოლების მოთხოვნით გაზარდა კომპანიამ და მგზავრები ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებულნი იყვნენ.

#40 სამარშრუტო  მიკროავტობუსები ბათუმი-ჩაქვის მიმართულებით მოძრაობენ, ასევე მიდიან სოფელ ჩაისუბნამდე. ბათუმიდან ჩაისუბნამდე მგზავრობის ფასი 1 ლარია.

მუნიციპალურ ტრანსპორტში ტარიფის გაზრდა რეგულირებადია ანუ გადაწყვეტილება მგზავრობის ტარიფის გაზრდის ან შემცირების შესახებ საკრებულომ უნდა მიიღოს. ბათუმის საკრებულოს ტარიფის გაზრდაზე ბოლო დროს არ უმსჯელია.

„ჩვენ ვერ ვიმსჯელებდით, რადგან ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი ვრცელდება ჩაქვისწყლამდე… მგზავრობის ღირებულება ქალაქის ტერიტორიაზე ისევ 50 თეთრია და ეს არ შეცვლილა. ბათუმის საკრებულო ვერ იმსჯელებს იმ მუნიციპალურ ტრანსპორტზე, რომელიც სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადადის… ერთგვარი კაზუსია, გეთანხმებით, მაგრამ ასეა,“ – გვითხრა ბათუმის საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ნაკაიძემ.

ბათუმის საკრებულოს წევრი მოსახლეობას სთავაზობს, კომპანიას თავად დაელაპარაკოს.

უკვე მესამე დღეა გაზრდილია მგზავრობა ქობულეთი-ბათუმის მიმართულებითაც. ამ მარშრუტზე სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და 2 ლარი გახდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს თინათინ ზოიძე უხელმძღვანელებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლა სულხან ღლონტი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს რამდენიმე დღის წინ.

თინათინ ზოიძე 9 წელი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, 2015 წლიდან დღემდე ხელძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, მანამდე კი – ბათუმის ტურისტული სააგენტოს ტურიზმისა და მარკეტინგის განყოფილებებს.

თინათინ ზოიძე, ჯაბა ფუტკარაძე და სულხან ღლონტი. ახალი თავმჯდომარის წარდგენა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის სტანდარტის დანერგვას 6 მილიონამდე ევროთი KFW დააფინანსებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 18 ივნისს, მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს [KFW] შორის „განსაკუთრებული შეთანხმება“ გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ბათუმის საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპულ სტანდარტებს დანერგავენ.

„ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და ევროკავშირის შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან დაახლოება“ – მერია ცვლილებებს ამ პროექტის ფარგლებში განახორციელებს. შეთანხმებას ხელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და KFW-ს წარმომადგენელმა კლაუს ფაიგელმა მოაწერეს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია სადემონსტრაციო პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას საჯარო შენობების, ძირითადად, საბავშვო ბაღების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით მოდერნიზებას.

ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებასთან ერთად, პროექტის ერთ-ერთ მიზანია ენერგოეფექტური მასალების მიმართულებით ქართული ბაზრის განვითარება.

სადემონსტრაციო პროექტი საგრანტო ფონდებით ფინანსდება. გრანტის ოდენობა 5 მილიონ 722 ათასი ევროა. მერიის ინფორმაციით, დაფინანსება სამომავლოდ 1 მილიონ 800 ათასი ევროთი გაიზრდება.

ბათუმის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის 10-წლიან განვითარებასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება.

„კვლევის მიხედვით მოხდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის დეტალურად შესწავლა, რათა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავება“ – აღნიშნულია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ საკონსულტაციო მომსახურებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „TH Airport Consulting“-ი გაუწევს.

დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და TH Airport Consulting-ის დირექტორმა ტორსტენ ჰენტჩელმა, რომელიც ამავე დროს ბათუმის აეროპორტის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელმძღვანელი იქნება.

– – – – –

ერთი წლის წინ „ბათუმელები“ წერდა, რომ ბათუმში არაერთი კორპუსი სიმაღლეში სცდება იმ ზღვარს, რაც ბათუმის აეროპორტში ფრენების უსაფრთხოებისთვისაა დაშვებული. აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოებისთვის საერთაშორისო სტანდარტით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის 1-ლი ტომის მოთხოვნებით, დადგენილია სიმაღლეების შეზღუდვის სივრცეები და დაშვებული სიმაღლეები. ამ კონვენციას  საქართველოც მიერთებულია.

მაშინ „საქაერონავიგაციაში“ გვითხრეს, რომ, 2018 წლის 21 ივნისიდან აამუშავეს ახალი საფრენოსნო სქემა, „რომლის სტანდარტული პროცედურების შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა ყველა ბუნებრივი თუ ხელოვნურად არსებული დაბრკოლება, რომელიც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს საკმაოდ სპეციფიკურს ხდის“.

„საქნავიგაციაში“ ისიც განაცხადეს, რომ ახალი სქემის შემუშავებისას, „ყურადღება მიექცა ბათუმში მაღლივი კორპუსების მშენებლობას, რომელიც გარკვეულწილად პრობლემას ქმნის ზოგადად ავიაციისთვის, ვინაიდან აეროდრომის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ეს შენობები, როგორც ხელოვნური დაბრკოლებები… გათვალისწინებული იქნა ყველა მშენებარე და დასრულებული კორპუსი და მაქსიმუმია გაკეთებული, რომ აეროპორტის გამტარუნარიანობა დაცული იყოს. ჩიკაგოს კონვენციის რამდენიმე დანართი არსებობს და იმ მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც ჩვენი ვალდებულებაა, ვასრულებთ ჩვენი ფუნქციის ფარგლებში. ნავიგაციის კუთხით ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დაფრენის პროცედურა ბათუმის აეროპორტში იქნება უსაფრთხო“.  

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვინაიდან ბათუმის აეროპორტს გაფართოების შანსი არ აქვს, ამასთან, ერთგვარად ხელს უშლის ქალაქის განვითარებას [სიმაღლეში გაზრდას – სიმაღლის შემზღუდავი სივრცეების გამო], საქართველოს მთავრობაში განიხილებოდა აეროპორტის ბათუმიდან გადატანის საკითხი.

ბათუმის მომავალი აეროპორტის სავარაუდო ადგილად კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მერია [აქ ადრე აეროდრომი იყო] ან ქობულეთის აეროდრომის ტერიტორია განიხილებოდა.

  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მთების განლაგების გამო, ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავის როგორც დაფრენა, ისე აფრენა მხოლოდ ერთი მიმართულებით [კურსით], ზღვის მხრიდან ხორციელდება. ეს ერთი აფრენა-დაფრენის კურსი კი ძალიან ზღუდავს ბათუმის აეროპორტის შესაძლებლობებს.
  • ბუნებრივი დაბრკოლებისა და ასევე საქართველო-თურქეთის საზღვართან სიახლოვის გამო საჭიროების შემთხვევაში აეროდრომზე დაფრენის დროს საჰაერო ხომალდის მეორე წრეზე წასვლა შეზღუდულია და მან მანევრი მხოლოდ ბათუმის თავზე უნდა განახორციელოს.
  • აეროპორტებისთვის ერთ-ერთ დაბრკოლებად მიიჩნევა, ასევე ის, არის თუ არა ახლოს ნაგავსაყრელი [უსაფრთხოების მიზნით აქ ფრინველების სიმრავლე განიხილება, რამაც შესაძლოა პრობლემა შეუქმნას თვითმფრინავის ფრენის უსაფრთხოებას]. ბათუმის აეროდრომთან ახლოს ფუნქციონირებს ბათუმის ნაგავსაყრელი, რომლის გადატანა გადაწყვეტილია, თუმცა, ჭოროხის დელტა და მდინარის შესართავი ზღვასთან, ბათუმის იმ ათკილომეტრიანი „სამიგრაციო ძაბრის“ ნაწილია, რომელიც მსოფლიოში მესამე ადგილზეა მექსიკისა და ისრაელის შემდეგ გადამფრენ ფრინველთა რაოდენობის მიხედვით. აჭარის ცას ყოველწლიურად ევრაზიიდან აფრიკისკენ გადამფრენი, მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. აეროდრომის დაცვის არე კი დიდწილად ამ „სამიგრაციო ძაბრსაც“ მოიცავს.

ამ თემაზე:

უსაფრთხოა თუ არა ფრენებისთვის ბათუმის აეროპორტი ახალი მაღლივი მშენებლობების პირობებში

 

რუსული კომპანიების ფილიალები, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ

საქართველოში 208 იურიდიული პირია რეგისტრირებული, რომელთა პარტნიორებიც [დამფუძნებელი ან მეწილე] რუსული კომპანიები არიან. ისინი საქართველოში საქმიანობენ, როგორც უცხო ქვეყნის [ამ შემთხვევაში რუსეთის] საწარმოთა ფილიალები, წარმომადგენლობები ან უბრალოდ შპს-ები თუ სააქციო საზოგადოებები.

„ბათუმელების“ მიერ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ 208 რუსული კომპანიიდან 70-მდე კომპანია, როგორც მიმწოდებელი, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაშია რეგისტრირებული. აქედან 31-მა ტენდერშიც კი [ზოგიერთმა რამდენიმე ტენდერში] გაიმარჯვა. შესაბამისად, ამ კომპანიებმა სახელმწიფო ორგანიზაციებისგან მიღებული დაკვეთის შედეგად გაწეულ მომსახურებაში ფული საქართველოს [როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი] ბიუჯეტიდან აიღეს.

2012 წლიდან დღემდე პერიოდში ამ კომპანიებთან სახელმწიფო უწყებებმა ხელშეკრულებები, ჯამში, 139 024 429 ლარზე გააფორმეს. ამ პერიოდში კი სხვადასხვა რუსული კომპანია [მათი ფილიალები] საქართველოში 231 ტენდერში გამოაცხადეს გამარჯვებულად. ამ კომპანიების ძირითადი სფერო საქართველოში მშენებლობაა.

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების პორტალი / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი-ს საქართველოს ფილიალი 2013 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა საქართველოში. ამ ფილიალის დამფუძნებელია შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალ [რუსეთის ფედერაცია]. ფილიალის დირექტორი რაინდი ქანთარიაა, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეა.

ამ კომპანიამ საქართველოში 2013-2017 წლებში 29 ტენდერი მოიგო, ძირითადად ის ტენდერები, რომლებიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერების საერთო სახელშეკრულებო თანხა 46 330 768 ლარია.

კლასიკ-სტროი, რომლის დირექტორი კახაბერ მამალაძეა, საქართველოში რუსულმა შპს კლასიკ-სტროიმ 2015 წლის ოქტომბერში დააფუძნა. ამ კომპანიამ საქართველოში 26 ტენდერი მოიგო, საერთო სახელშეკრულებო თანხამ კი ჯამში 18 491 402 ლარი შეადგინა.

კლასიკ-სტროის 2015 წლიდან მოგებული აქვს როგორც თბილისის მერიის, ასევე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერები. ერთ-ერთი ბოლო ტენდერი, სადაც ამ კომპანიამ გაიმარჯვა, იყო თბილისის მერიის მიერ 2019 წელს გამოცხადებული ტენდერი თბილისის 150-ე საბავშვო ბაგა-ბაღის გამაგრება/აღდგენის სამუშაოებზე.

შპს ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წლის მაისში დააფუძნა რუსულმა შპს ვლადნეფტპროდუქტმა. წარმომადგენლობის დირექტორია რევაზ რაზმაძე.

ამ კომპანიასაც საქართველოში 29 ტენდერი აქვს მოგებული – საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით 15 261 940.

ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ტენდერი, რომელიც ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობამ მოიგო, შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ იყო გამოცხადებული. სოფლების: ფურტიო, ბუთურაული, ნენიის ახალი წყალსადენის სისტემის მშენებლობაზე ხელშეკრულება შუახევის მუნიციპალიტეტსა და ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობას შორის 4 916 999 ლარზე 2015 წლის დეკემბერში გაფორმდა.

პასაჟი-საქართველოს დამფუძნებელია რუსული შპს „პასაჟი“. პასაჟი-საქართველო თბილისში 2017 წლის აგვისტოშია რეგისტრირებული და მისი დირექტორია დავით მშვიდობაძე.

პასაჟი-საქართველოს ძირითადად გზების მშენებლობასა და საყრდენი კედლების მოწყობაზე გამოცხადებული 10 ტენდერი აქვს მოგებული 2017 წელს. საერთო სახელშეკრულებო ღირებულებამ კი 7 415 379 ლარი შეადგინა.

ინვესტსტროირეგიონის წარმომადგენლობა საქართველოში რუსულმა შპს „ინვესტსტროირეგიონმა“ 2014 წელს დაარეგისტრირა. წარმომადგენლობის დირექტორი, რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოლესია კვასოვაა.

ამ კომპანიას 2016 წელს გზების მშენებლობასა თუ კეთილმოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებული 8 ტენდერი აქვს მოგებული, საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით – 6 783 130 ლარი.

„ბათუმელებს“ არ გადაუმოწმებია ამ რუსული კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი, თუმცა მუშაობის პროცესში აღმოჩნდა ისეთი ფაქტები, როცა უცხო ქვეყნის ფილიალი საქართველოში ნაკისრ ვალდებულებას ვერ ასრულებს, დამფუძნებელი კი ახალ კომპანიას [ანუ ახალ ფილიალს] აფუძნებს და ტენდერში ამ ფორმით მაინც მონაწილეობს.

მაგალითად, ბათუმში, ბონის დასახლებაში მდებარე რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 2019 წლის თებერვალში გამოაცხადა. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება, რომ შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაში იყო ტენდერის პირობებთან, კანონშეუსაბამოდ მიიჩნია სხვა პრეტენდენტმა და დავების საბჭოში იჩივლა.

„რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ იმ რუსული კომპანიის დაწესებულებაა, რომელიც საქართველოში ადრე თავისი სხვა ფილიალით საქმიანობდა. ეს ფილიალი კი, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა – სააგენტოს ინფორმაციით, რუსული კომპანიის ფილიალმა 167-ათასლარიანი სამუშაო ვერ შეასრულა.

„რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ 2019 წლის თებერვალში მას შემდეგ დაარეგისტრირა რუსულმა შპს „რეკონსტრუქცია XXI“-მ, რაც ამ კომპანიის მეორე ფილიალმა – „შპს რეკონსტრუქცია XXI“-ს ფილიალი/წარმომადგენლობა“-მ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და შავ სიაში მოხვდა.

შპს რეკონსტრუქცია XXI-ს ფილიალი/წარმომადგენლობას კი 12 ტენდერი აქვს მოგებული საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით – 2 157 856 ლარი.

სხვათა შორის, ამ კომპანიასთან აქვს ხელშეკრულება 24 800 ლარზე გაფორმებული აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2016 წლის ნოემბერში. ხელშეკრულების საგანი ქ. ბათუმში, ხულოს ქ. N10-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შიდა (ეზო და ვერანდა) სარემონტო სამუშაოები იყო.

გარდა იმ 208 კომპანიისა, რომელთა დამფუძნებლები [მთლიანად ან ნაწილობრივ] რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიები არიან, საქართველოში 5 088 ისეთი კომპანიაცაა დარეგისტრირებული, რომელთა ერთი პარტნიორი [მეწილე] მაინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ან ორმაგი [აქედან ერთი რუსეთის] მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირია.

ეს 5 088 კომპანია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობს თუ არა, „ბათუმელებს“ არ გადაუმოწმებია. თუმცა ჩვენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავიღეთ 75 კომპანია და აღმოჩნდა, რომ მათგან 15 დარეგისტრირებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში, როგორც მიმწოდებელი. ამ 15-დან კი, სხვადასხვა ტენდერში 11 კომპანიაა გამარჯვებული.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და „გროსტინვესტ კაპიტალს“ შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან / [„გროსტინვესტ კაპიტალის“ დამფუძნებელი რუსული კომპანიაა].
წალენჯიხის მერიასა და „პასაჟი საქართველოს“ შორის 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულებიდან / [„პასაჟი საქართველო“ რუსული კომპანიის ფილიალია]
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გარდა საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიების ფილიალებისა და იმ კომპანიებისა, რომელთა მინიმუმ ერთი პარტნიორი მაინც არის რუსეთის მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში უშუალოდ რუსული არარეზიდენტი კომპანიებიც მონაწილეობენ.

შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, არარეზიდენტ პირად ითვლება მხოლოდ ის კომპანია, რომელიც უცხოური საიდენტიფიკაციო კოდით არის რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

„ბათუმელებმა“ რუსული არარეზიდენტი კომპანიების სია შესყიდვების სააგენტოსგან ოფიციალურად წერილობით გამოითხოვა, თუმცა ასეთი სია, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ის დამუშავებული აქვს, ამ დრომდე არ მოგვაწოდეს. შესყიდვების გვერდზე კი, სადაც 39 959 მიმწოდებელია რეგისტრირებული, არარეზიდენტი რუსული კომპანიების გამოყოფა ფიზიკურად შეუძლებელია [შესაბამისი ელექტრონული ფუნქცია შესყიდვების პორტალს არ აქვს].

ამასთან, 2012 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 17 ივნისამდე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს, სხვადასხვა კატეგორიის შესყიდვაზე, 249 297 ტენდერი აქვთ გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის იმ არარეზიდენტი კომპანიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მიმწოდებლებად არიან დარეგისტრირებული და ტენდერებში მონაწილეობენ, 2013 წელთან შედარებით, 2018 წელს, თითქმის 15-ჯერ გაიზარდა. 2013 წლამდე პერიოდის ანალოგიური სტატისტიკა სააგენტოს ანგარიშებში არ არის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ამ წელს,  საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე მიმწოდებლად რეგისტრირებული იყო 163 რუსული არარეზიდენტი კომპანია.

რუსული კომპანიები, რომლებიც საქართველოს ტენდერებში მონაწილეობდნენ [წლების მიხედვით]

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო / ეკა ბერიძის ინფოგრაფიკა

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

 

მასწავლებლებისთვის სტატუსის მინიჭების ვადები განისაზღვრა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  მასწავლებლის შეფასების შედეგების ან მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებისა და წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადები განისაზღვრა.

2019 წლის 17 ივნისის ბრძანების მიხედვით, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით სტატუსი განესაზღვრებათ უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებლებს, ხოლო 9 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით – პრაქტიკოს მასწავლებლებს.

მასწავლებლის კარიერული წინსვლის არსებული სქემა მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე მოქმედებს, 2020 წლიდან კი პედაგოგები სტატუსს ახალი მოდელის მიხედვით აიმაღლებენ.

ამავე თმაზე:

როგორ გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი სტატუსის მიხედვით სექტემბრიდან – მინისტრის განცხადება

ბათუმის მერიის პასუხი ტრანსპორტში კონდიცირების პრობლემაზე

ბათუმის საკრებულოს 14 ივნისს გამართულ სხდომაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ე.წ. მარშუტკებში კონდიცირების პრობლემაზე ისაუბრეს. საკრებულოს წევრმა განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერები არ არის ჩართული.

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებზე, რომლებსაც კონდიცირების სისტემა გამართული არ ჰქონდათ, მგზავრთა გადაყვანის ნებართვა არ უნდა გაცემულიყო. შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა 2018 წლის ივლისში  მიიღოთუმცა მიკროავტობუსების მძღოლთა უმრავლესობა მგზავრთა გადაყვანისას კონდიცირებას ისევ არ რთავს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსის პირობები, რომლითაც მერიამ სამარშრუტო ტაქსები შეარჩია, ითვალისწინებდა კონდიცირების სისტემის ან მინიმუმ სამი გასაღები ფანჯრის არსებობას მანქანის სალონში. მერიაში გვითხრეს, ასევე, რომ  გააკონტროლებენ, ხომ არ აქვს ადგილი მძღოლების მხრიდან თვითნებურ ქმედებებს და იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება, რომ კონდიციონერი აქვთ და არ რთავენ, მერია შეთანხმებაში ცვლილებებს შეიტანს:

„ვალდებულება, რომ კონდიციონერი უნდა ჩართონ, არ აქვთ. შერჩევისას ყურადღება მიაქციეს იმას, რომ სამარშრუტო ტაქსს კონდიციონერი ან მინიმუმ სამი ფანჯარა უნდა ჰქონოდა, რომელიც იღება. თუ დაფიქსირდება, რომ კონდიციონერს არ რთავენ, მერია დაავალდებულებს, რომ ჩართონ. მალე ხელშეკრულების ვადა უთავდებათ და ექნებათ ახალი ვალდებულებები“, – გვითხრეს მერიაში.

რაც შეეხება მუნიციპალურ ლურჯ ავტობუსებს, კონდიციონერი გამართული და ჩართულია, ხოლო ყვითელ ავტობუსებში კონდიცირება საერთოდ არ არის.

საკრებულოს სხდომაზე საუბარი იყო, ასევე, ქუჩების მორწყვაზე. პრესსამსახურის ინფორმაციით, „მერია ქუჩებს რწყავს ყოველდღე, დღეში ერთხელ, დილის ექვს საათზე, ხოლო იმ ქუჩებს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რწყავენ დღეში სამჯერ“.

ბათუმის საკრებულოს წევრი „მარშუტკებში“ სავალდებულო კონდიცირებას ითხოვს

აჭარის მთავრობის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერად ნინო გორჯელაძე დაინიშნა

აჭარის მთავრობის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო გორჯელაძე იქნება. ინფორმაციას ადასტურებენ აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი აჭარის მთავრობას ამ დრომდე არ ჰყოლია. ნინო გორჯელაძე ამ თანამდებობაზე 17 ივნისს ხელშეკრულებით აიყვანეს. როგორც აჭარაში მთავრობის პრესცენტრში გვითხრეს, ნინო გორჯელაძე ამ თანამდებობაზე სამი თვის ვადით დანიშნეს.

ნინო გორჯელაძე ბოლო წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიაში“ მუშაობდა.

___________________

ფოტოზე: ნინო გორჯელაძე, კადრი ვიდეოდან

ვალდორფის პედაგოგიკა უკვე ბათუმშია!

ვალდორფის პედაგოგიკა არსებობის 100 წელს ითვლის. მსოფლიოს 60 ქვეყანა, რომლებშიც 1000-მდე ვალდორფის სკოლა და 20000-მდე ვალდორფის ბაღია, ზეიმით აღნიშნავს საუკუნოვან იუბილეს. თბილისში ვალდორფის პედაგოგიკას უკვე 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ბათუმის თავისუფალი საბავშვო ბაღი სულ რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.

პირველი ნაბიჯები კი ასეთი იყო.

ძლიერი ნებით და დიდი ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა ადამიანების შვიდკაციანი გუნდი, რომელთაგან უმეტესობა თბილისის ვალდორფის სკოლის კურსდამთავრებულია, ერთი იდეის გარშემო გაერთიანდადროა, ვალდორფის პედაგოგიკა დედაქალაქის ფარგლებს გასცდეს და რეგიონებშიც გამოჩნდეს. არჩევანი ბათუმზე შეჩერდა.

2018 წლის 1-ელ ოქტომბერს ბათუმის ვალდორფის საბავშვო ბაღმა ცხრა აღსაზრდელით დროებით სივრცეში დაიწყო ფუნქციონირება.

როგორია ამ ბაღის პირველი ნაბიჯები, რას თავაზობს ის იმ მშობელს, რომელსაც თავისი შვილის სკოლამდელი აღზრდისათვის სწორი არჩევანის გაკეთება სურსამ თემებზე ბათუმის ვალდორფის საბავშვო ბაღის ძირითად აღმზრდელსთამთა კომახიძეს ვესაუბრეთ.

[checklist]

  • თამთა, რას ნიშნავს ვალდორფის პედაგოგიკით მომუშავე ბაღი, რა თავისებურებები აქვს მას?

[/checklist]

ვალდორფის პედაგოგიკა ადამიანთმცოდნეობას ეფუძნება. ანუ ჩვენს შემთხვევაში იმის ცოდნას, თუ რას წარმოადგენს სკოლამდელი ასაკის ბავშვი, როგორ მიმდინარეობს მისი განვითარება და რას ეფუძნება ის. ამასთანავე, აქ თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე შემოქმედებითი უნარების განვითარება. ჩვენს საბავშვო ბაღში მოწყობილი გარემო სწორედ ამ ამოცანას ემსახურება.

როგორც ცნობილია, ბავშვი ამ ასაკში ძირითადად მიმბაძველი არსებაა და ღრუბელივით ისრუტავს ყოველივეს, რაც მის გარემოში ხდება. ამ სახით ის კიდევაც აღიქვამს და განიცდის მის გარემომცველ სამყაროს და კიდევაც გაითავისებსთავისად აქცევს მას.

როგორ გამოიყურება ასეთი სივრცე პრაქტიკაში? კედლების და ფარდების თბილი ფერები დამამშვიდებლად მოქმედებს ბავშვებზე. ხის ავეჯი პრაქტიკულია და მსუბუქი, რათა ბავშვებმა თამაშის დროს თავადაც შეძლონ მიწევმოწევა და მოიპოვონ მეტი თავისუფალი სივრცე. შეძლონ, მათ წარმოსახვაში დაბადებული რეალურადაც განახორციელონ. ასე იქცევა გადმობრუნებული მაგიდა უცებ გემად, რომელსაც მამაცი კაპიტანი შორეული ქვეყნებისაკენ მიაცურებს.  

[checklist]

  • სათამაშოების ხარისხი და უვნებლობა საქართველოში სათანადოდ არ კონტროლდება, ვალდორფის საბავშვო ბაღს როგორი მიდგომა აქვს ამ საკითხთან მიმართებაში?

[/checklist]

ზოგადად, სათამაშოს შერჩევას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჩვენთან.  სათამაშო ბავშვის ფანტაზიას უნდა კვებავდეს. ის მრავალფუნქციური უნდა იყოს და რაღა თქმა უნდა, უვნებელი. ამიტომ ჩვენი სათამაშოების უმეტესი ნაწილი შევიძინეთ სოციალურ საწარმო „დადარიში“, სადაც მაქსიმალურად ცდილობენ მომავალ თაობას მიაწოდონ ბიოსაღებავებით შეღებილი ჯანსაღი ხის სათამაშოები. ასევე, სათამაშოების გარკვეული რაოდენობა გერმანიიდან არის ჩამოტანილი.

ყველაზე მთავარი კი მაინც აღმზრდელია, მისი პიროვნება, მისი მიმართება გარე სამყაროსადმი. ის არის ბავშვისთვის მაგალითის მიმცემიც და მიჯაჭვულობის ცენტრიც. როგორ განწყობას ქმნის ის ჯგუფში, როგორ ექცევა სხვა ადამიანებს და ნივთებს, ამას ყველაფერს ბავშვი ძალიან ფაქიზად აღიქვამს, ბაძავს და მისი სამყაროსადმი ნდობაც იზრდება. ეს კი აღმზრდელს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ანიჭებს.

[checklist]

  • რა აქტივობებია მნიშვნელოვანი ბაღის ყოველდღიურ ცხოვრებაში?   

[/checklist]

ეს არის .. თავისუფალი თამაში, რომელიც განსაკუთრებით ავითარებს ფანტაზიის და შემოქმედებით უნარს. სწორედ ესაა ბავშვის აბსტრაქტული აზროვნების განვითარების საფუძველი.  

ამგვარი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ასევე დამოუკიდებლობის სწავლის, გადაწყვეტილების მიღების და სოციალური უნარების გამომუშავებისთვის.  

ამ თამაშებისათვის საჭირო ინვენტარის დიდ ნაწილს ჩვენ თვითონვე მოვიპოვებთ ჩვენი ყოველდღიური გასეირნებებისას ნებისმიერ ამინდში. სანაპიროზე ნიჟარებსა და მინერალებს ვაგროვებთ. ჯოხებით, ქვებით, ხავსით თუ ფოთლებით არის სავსე ჩვენი მამაცი მოლაშქრეების ზურგჩანთები, როცა ისინი დაღლილები, მაგრამ ბედნიერები უკან ბრუნდებიან. ამ აქტივობით ბავშვები უშუალო განცდით ბუნებასაც უფრო ღრმად უკავშირდებიან.  

ჩვენი ბაღისთვის მნიშვნელოვანი აქტივობაა ასევე დილის წრე, რომელიც ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს ტარდება. სკამებით წრეს ხშირად ბავშვები თავად აკეთებენ .. დროის მაგიდის ირგვლივ, რომელიც წელიწადის დროის შესაბამისად არის  მორთული. გვაქვს მისალმება, რიტმული თამაშები, როგორიცაა: თითების თამაში, მოძრაობით თამაშები. ასევე გვაქვს ფერხული, რაც ცეკვას, თამაშს და სიმღერას მოიცავს. ყოველივე ამას პედაგოგიური დატვირთვა აქვსფერხულები ტექსტით და თავისი არსით უკავშირდება წელიწადის მნიშვნელოვან მოვლენებს: მოსავლის აღებას, ზამთრის თუ გაზაფხულის დადგომას, შობისა და აღდგომის დღესასწაულებს.

ამ აქტივობების დამაგვირგვინებელი არის უკვე ზეიმი, სადაც ბავშვებთან ერთად მშობლები და ბაღის სტუმრებიც მონაწილეობენ. ამ ზეიმებისათვის აღმზრდელებთან ერთად მშობლებიც დიდხანს და მონდომებით ემზადებიან. სამზადისის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ხელსაქმე. ულამაზეს ხელნაკეთ სათამაშოებსა და ნივთებს შემდეგ ჩვენი სტუმრები სიხარულით ყიდულობენ. შემოსული თანხა სრულად ბაღის შემდგომ განვითარებას ხმარდება, მაგალითად, ბუნებრივი მასალების შეძენას შემდეგი ზეიმებისთვის.    

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების უშუალო ჩართულობა ბაღის ყოველდღიურ ცხოვრებაში. სრულიად ბუნებრივად ხდება ის, რომ ბავშვები სურვილისამებრ, აღმზრდელთან ერთად, მონაწილეობენ საუზმის მომზადებაში: არჩევენ მარცვლეულს, ჭრიან და ასუფთავებენ ბოსტნეულს სალათისა თუ წვნიანისთვის; აგუნდავებენ ცომს ორცხობილებისა და პურის ცხობისას. ამას ემატება ასევე  წყლის საღებავებით ხატვა, თოჯინების კერვა, თესვა და ცვილით ძერწვა… ამდენად, ჩვენი ყოველდღიურობა დატვირთული და საკმაოდ მრავალფეროვანია. ასე, რომ ჩვენ არ გვჭირდება სპეციალურად მოწყობილი სენსომოტორიკის ოთახი. ჩვენი ბავშვები ყოველდღიურობაში ივითარებენ შეგრძნებებს, მოტორიკას, ასევე, სწავლობენ დამოუკიდებლობას და ყველაფერ ამას დიდი სიხარულით აკეთებენ.

[checklist]

  • რა როლი აქვს ბავშვის მშობელს საბავშვო ბაღში?

[/checklist]

რადგანაც ბავშვის აღზრდაზე ძირითადი პასუხისმგებელი მშობელთან ერთად აღმზრდელიც არის (ბავშვი ხომ დღის განმავლობაში 8 საათს ბაღში ატარებს), ამიტომ მათ ერთობლივ მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვალდორფის საბავშვო ბაღი არის ადგილი, სადაც აღმზრდელები და მშობლები ერთად ქმნიან ჯანსაღ და განვითარებისთვის მნიშვნელოვან გარემოს. რეგულარული შეხვედრები ცალკეულ მშობელთან თუ ყოველთვიური კრებები იმას ემსახურება, რომ მუდმივად დიალოგში ვიყოთ ერთმანეთთან და ერთმანეთს გავუზიაროთ ბავშვის განვითარების კანონზომიერებები თუ თავისებურებები.

[checklist]

  • მოგვიყევით საბავშვო ბაღის სამომავლო გეგმებისა და საინიციატივო ჯგუფის მიერ ორგანიზებული პერიოდული სემინარების შესახებ

[/checklist]

წელიწადზე მეტია ბათუმში ტარდება ჩვენი ორგანიზებული სემინარები, სადაც  თბილისიდან და გერმანიიდან მოწვეული მომხსენებლები მიმოიხილავენ პედაგოგიკის სხვადასხვა ასპექტს, ახორციელებენ პრაქტიკულ ნაწილს  და საბავშვო ბაღის თამაშებს აცნობენ სტუმრებს. სემინარებით დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი ყოველჯერზე იზრდება, რაც ძალიან გვახარებს და სტიმულს გვაძლევს, რომ მომავალში ისევ გაგრძელდეს. რაც შეეხება საბავშვო ბაღის მომავალს, ამ დროისთვის ვგეგმავთ ადგილმდებარეობის შეცვლას. უკეთეს შემთხვევაში, ვფიქრობთ ისეთი სახლის პოვნას, რომელსაც მოზრდილი ეზო ექნება. ფიზიკური აქტივობების განხორციელებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან გვინდა, რომ საბავშო ბაღის საფასურმა დაიკლოს, რაც პირდაპირ კავშირშია საბავშვო ბაღში ბავშვების რაოდენობასთან.

გვჯერა, რაც უფრო ბევრი ბათუმელი შეიტყობს ვალდორფის პედაგოგიკის შესახებ,  მით მეტი მოინდომებს ჩვენთან ბავშვის მოყვანას.

ჩვენი კარი ღიაა თქვენი შვილებისთვის, ბათუმელებო! ვალდორფის ბაღი სიხარულით ელის შევსებას.

ცეცხლაურში ევროსტანდარტების შებამისი ნარჩენების განთავსების პირველი ობიექტი აშენდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ახალი სანიტარული ნარჩენების განთავსების ობიექტი აშენდება. ეს იქნება პირველი თანამედროვე ევროსტანდარტების ნაგავსაყარი საქართველოში, რომლის მშენებლობის პროცესში საერთაშორისო საფინანსო და საკონსულტაციო ორგანიზაციებია ჩართული.

პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 7 მილიონი ევროა, საიდანაც 3 მილიონი ევრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) იაფი სესხის სახით გამოყო, ხოლო 4 მილიონი ევრო გრანტის სახით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (SIDA) დააფინანსა.

სოფელ ცეცხლაურში თანამედროვე, ევროსტანდარტების ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროექტის გაცნობის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ნარჩენების მართვის პროექტი ითვალისწინებს ახალი სანიტარული ნარჩენების მართვის ობიექტის და მისასვლელი გზის დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობას, ასევე ბათუმისა და ქობულეთის არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების დახურვას.

შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“-სა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანია „გოქსინ ინშაათს“ შორის პროექტის ახალი სანიტარული ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.

თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტი აჭარაში

გაზრდილი K2 – 554 კვადრატულ მეტრზე ცხრასართულიან სასტუმროს ააშენებენ

2019 წლის 13 მაისს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაეთანხმა მოქალაქე ოთარ ჭეიშვილის თხოვნას ბათუმში ჰ. აბაშიძის #8-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდაზე.

ლაშა კომახიძის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მერიისავე ინიცირებით დამტკიცებულ ცვლილებას 50-ე დადგენილებაში – „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“. დადგენილება ქალაქმშენებლობის რეგულაციებს განსაზღვრავს ბათუმის ტერიტორიაზე.

ცვლილების მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ 2019 წლის მარტში დაამტკიცა, განისაზღვრა K2 კოეფიციენტის გაცემის წესები და ის გარკვეულწილად სამშენებლოდ გათვალისწინებული ტერიტორიის ფართობს დაუკავშირდა. ამავე ცვლილებით გადაწყდა, რომ K2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას აღარ მისცემენ მშენებელს, რომელსაც მშენებლობა 600 კვადრატულ მეტრზე ან უფრო მცირე ზომის ნაკვეთზე აქვს დაგეგმილი.

 ბათუმში 600 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე K2 აღარ გაიცემა – ცვლილებების პროექტი

„დაუშვებელია მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის K2 კოეფიციენტის გაზრდა კონკრეტულ ფუნქციურ ზონებში არსებულ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ოდენობა არ აღემატება 600 კვ.მ-ს“, – ზუსტად ასე, სიტყვა-სიტყვით წერია დადგენილებაში.

ბათუმის მერი ამ ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, თუმცა მისი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში, პრაქტიკაში განხორციელებულ ქმედებას არ დაემთხვა. საქმე იმაშია, რომ სამშენებლო ფართობი, სადაც მოქალაქე ოთარ ჭეიშვილი მშენებლობას გემავს, რეესტრის მონაცემებით და მერის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში მოცემული ინფორმაციითაც, ზუსტად 554 კვადრატული მეტრია.

მერი K2 კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას შესაბამისი კომისიის რეკომენდაციით გასცემს. კომისიაში შედიან ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი და სპეციალისტები.

ბრძანების მიხედვით, მერიაში მიზანშეწონილად მიაჩნიათ განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან სამშენებლო ობიექტი სივრცით-მოცულობითი და არქიტექტურულ-ვიზუალური თვალსაზრისით აკმაყოფილებს არსებული ტერიტორიის ურბანული განაშენიანებისა და განვითარების პრინციპებს, ასევე, საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ არსებული განაშენიანებისა და ქალაქმშენებლობითი პარამეტრების მოთხოვნებს.

„საბჭოს რეკომენდაცია სპეციალურ [ზონალური] შეთანხმებაზე დადებითი გადაწყვეტილების თაობაზე, მისაღებია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისთვის, აღნიშნულის გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, ჰ. აბაშიძის ქუჩა N8-ში მდებარე 545.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე, განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.“

ნებართვის მაძიებელი ჰაიდარ აბაშიძის #8-ში ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს, ერთი ორსართულიანი სახლისა და ორი ბელეტაჟის დემონტაჟის ხარჯზე. ეს ადგილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაშია. შესაბამისად, მოქალაქე ოთარ ჭეიშვილმა პროექტის შეთანხმების თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოსაც მიმართა. საბჭომ პროექტი შეითანხმა.

ბათუმი. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის #8

ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს ასევე ახალი პროექტის რენდერიც, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ აითვისებს ამ ადგილს ახალი სასტუმრო მისი მშენებლობის შემდეგ.

 

პროექტის რენდერი

მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის განმარტებით, განაცხადი ამ კონკრეტულ მშენებლობაზე მერიაში გაცილებით ადრე იყო შეტანილი, ვიდრე დადგენილებაში ცვლილება შევიდოდა, ამიტომაც ეს ცვლილება ამ კონკრეტულ პროექტზე ვერ გავრცელდებოდა. შესაბამისად, კომისიამ რეკომენდაცია გასცა.

დადგენილებაში მართლაც წერია:

„არ ვრცელდება განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის გაზრდის თაობაზე ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე, რომელთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული.“

გერმანიამ 22 მილიონი ევრო გამოყო თბილისში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობისთვის

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  გერმანიამ საქართველოში პროფესიული სასწავლებლის მშენებლობისთვის 22 მილიონი ევრო გამოყო. სამინისტროს თქმით, გერმანელი ექსპერტები ქართველ კოლეგებთან პროფესიული განათლების ახალი უნარების მიმართულებით იმუშავებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ.

მინისტრის თქმით, პროფესიული სასწავლებელი თბილისში, კერძოდ, დიღომში აშენდება, რომელიც 1500 ბავშვზე იქნება გათვლილი.  „პროფესიული სასწავლებელი მოიცავს სხვადასხვა სივრცეს – ლატორატორიებს, საერთო საცხოვრებელს, ასევე, სასწავლო პროგრამებს, ის გერმანული სტანდარტებით იქნება აშენებული და განთავსდება განათლების ქალაქში“.

მინისტრმა დღეს, 17 ივნისს, ასევე, განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკმა განათლების რეფორმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ასი მილიონი დოლარი გამოუყო, რომელიც მოხმარდება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე, სხვადასხვა კომპონენტს.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, საქართველო 2022-2023 წლებში ბრიუსელში „ევროპალიაზე“ მთავარი ქვეყანა იქნება და ამისთვის სამინისტრო წელსვე დაიწყებს მზადებას.

„ბრიუსელში „ევროპალიაზე“ გაიმართება სხვადასხვა საგანმათლებლო და კულტურული ღონისძიებები, გამოფენები, თეატრალური წარმოდგენები, წიგნის გამოფენები, ჩატარდება ლექციები და ა.შ. საქართველო იქნება მთავარი ქვეყანა, ისევე როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი,“ – განაცხადა, მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრი: ოკუპირებული ტერიტორიიდან სტუდენტები ქართულ უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან

დღეს, 17 ივნისს, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა სტუდენტს, თუკი მათ სურვილი ექნებათ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ, სახელმწიფო სწავლას დაუფინანსებს.

„ჩვენ მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ ეს დადგენილება და  ყველა სტუდენტს, ვინც გამოთქვამს სურვილს, რომ სწავლა გააგრძელოს ქართულ უნივერსიტეტებში, შეეძლება უფასოდ ისწავლოს. თუ რომელში, ამაზე შემდეგ ეტაპზე ვისაუბრებთ,“- განაცხადა მინისტრმა.

ამავე დღეს მინისტრმა ასევე ისაუბრა გერმანიის მიერ 22 მილიონი ევროს გამოყოფაზე, რითაც თბილისში, კერძოდ, დიღომში 1500 ბავშვზე გათვლილი, გერმანული სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის აშენება იგეგმება.

სასწავლებელი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, სადაც იფუნქციონირებს საერთო საცხოვრებელი.

 

როგორი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივნისის 21 საათიდან 18 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი 
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 23.5 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს,19-20 ივნისს, საღამოს და ღამის საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

___________

ფოტო: „ბათუმელები“, ლელა დუმბაძე

როგორ და რას ასწავლის ბათუმელი მასწავლებელი, რომელიც ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდა

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მენაბდე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ის ამ კონკურსზე მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა წარადგინეს. მაია მენაბდე ბათუმის მე-3 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა „შპს განათლებაში“ მუშაობს. რითია გამორჩეული პედაგოგის პრაქტიკა, რა სიახლეებს ნერგავს სკოლაში და რა არის მთავარი ღირებულება, რომელიც, მისი აზრით, პედაგოგმა მომავალ თაობას უნდა გადასცეს? საკუთარ გამოცდილებასა და მეთოდებზე პედაგოგი „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • ქალბატონო მაია, როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს თქვენი განსაკუთრებულობა, როგორც პედაგოგის და რითი გამოირჩევით სხვა კოლეგებისგან?

ყოველთვის ვცდილობ, ვიყო ინოვაციური, შემოქმედებითი, ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ და ვცდილობ, ეს სიახლე ყოველდღიურად შევიტანო ჩემს საგაკვეთილო პროცესში.

ერთ მაგალითს მოვიყვან, როცა დავინახე, რომ მოსწავლეებს სასვენი ნიშნების გამოყენების პრობლემა ჰქონდათ, ერთ დღეს მოვიფიქრე ასეთი რამ, რომ დაგვეწესებინა სასვენი ნიშნების დღე. აუცილებლად უნდა გვქონოდა რაღაც სახალისო აქტივობა, რომლის დროსაც ბავშვები უკეთ გაიგებდნენ სასვენი ნიშნების მნიშვნელობას. მოვიძიე ვახტანგ ჯავახაძის, ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსები სასვენ ნიშნებზე, ვუკითხავდი ლექსებს, სადაც არ იყო გამოყენებული სასვენი ნიშნები და ვაჩვენებდი, როგორ უშლიდა ინტონაციას ხელს სასვენი ნიშნების გამოუყენებლობა.

მოკლედ, ეს გრძელდებოდა მთელი სემესტრის მანძილზე და მნიშვნელოვნად შეიცვალა ბავშვების დამოკიდებულება. განსაკუთრებით ელოდნენ ამ დღეს ბავშვები, სახალისოც გახდა და საინტერესოც.

  • რისი ბრალია სასვენი ნიშნების მიმართ მოსწავლეების გულგრილობა, იმის ხომ არა, რომ, ვთქვათ, წინა წლებში გრამატიკა არ ისწავლებოდა ცალკე საგნად?

ზოგადად, ეს პრობლემა ადრეც იყო და ახლაც არის, მაგრამ სოციალური ქსელების აქტიურმა გამოყენებამაც გაააქტიურა, რადგან სოცქსელებში კომუნიკაციის დროს ბავშვები არ იყენებენ სასვენ ნიშნებს და ეს ჩვევა გადააქვთ შემდეგ ფურცელზე წერის დროსაც. შეიძლება იყოს უცხო ენის გავლენაც.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია პროექტებზე მუშაობის სწავლება. მაგალითად, მეექვსე წელია მაქვს მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი, სადაც ვატარებთ მონოლოგების კონკურსს ე.წ. TED-ის ფორმატში და ამაში ჩართული არიან სხვა სკოლების მოსწავლეებიც.

„ახალ სცენაზე“ გავაკეთეთ მონოლოგები, თვითონ ბავშვები ირჩევდნენ მათთვის აქტუალურ, საინტერესო თემებს, ირჩევდნენ პრობლემას და მისი გადაჭრის გზებსა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდნენ 8 წუთის განმავლობაში.

მსგავს მონოლოგებს გაკვეთილებზეც ვაკეთებდით და ეს ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს.

რაც არ უნდა კარგი მოსწავლე იყოს, ჰაგიოგრაფიის სწავლება მაინც დამთრგუნველია. შევეცადე, ეს პროცესი გამემარტივებინა. ბავშვები დავაჯგუფე, ისტორიკოსებად, ლიტერატორებად, გეოგრაფებად და ა.შ. ყველამ მათი მიმართულებით იმუშავა. შემდეგ ეს ნამუშევრები ბლოგზე თვითონ განათავსეს. ყველაზე პასიური ვინც იყო, სწორედ მას დავავალე ბლოგის მართვა. ამ ყველაფერმაც კარგად იმუშავა.

  • რა პრობლემებზე ამახვილებენ მოზარდები ძირითადად ყურადღებას. რა საკითხები აინტერესებთ, რა აწუხებთ ყველაზე მეტად?

მაგალითად, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა,  უფროსების დამოკიდებულება ახალგაზრდების ჩაცმულობაზე, ზოგადად, განსხვავებულობის პრობლემა და დამოკიდებულება განსხვავებულების მიმართ, ქველმოქმედებაზე ჰქონდათ კიდევ საინტერესო თემები…

  • დღეს საუბარია იმაზე, რომ მოზარდებში გაზრდილია დეპრესიული ფონი. თუ ასწავლით გამოწვევების მართვას, თუ გქონიათ მსგავსი პრაქტიკა და რა ტიპის ცოდნას აძლევთ ბავშვს, გაქვთ რაიმე თქვენეული მეთოდი, რომელიც გამოცდილია პრაქტიკაში?

დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი ეს საკითხი, რადგან სოციალური ქსელების გააქტიურებამ  და სხვადასხვა გამოწვევამ გამოააშკარავა ჩვენი აგრესიულობა, მოძალადეობრივი დამოკიდებულება და ბავშვებიც ხდებიან ამის მსხვერპლი. რამდენჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა. როცა ვხედავ, რომ ბავშვი ინდიფერენტულია, ან არ შედის კონტაქტში, ან აგრესიულია, ვცდილობ, პრობლემის გადაჭრის ჩემეული გზა ვიპოვო. ვეძებ ფსიქოლოგიურ თამაშებს. ერთხელ გამოვიყენე ფილმი, სადაც მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზეა  აქცენტი. მასწავლებელი შედის ძალიან აგრესიულ გარემოში, სადაც თეთრკანიანი და შავკანიანი ბავშვები კლანებად არიან დაყოფილი და მასწავლებელი ამ ბავშვებს ფსიქოლოგიურ თამაშს უტარებს. ეს თამაში გამოვიყენე ჩემს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, მე ეს კონკრეტული კლასის საჭიროებებსა და პრობლემებს მოვარგე და ვფიქრობ, რომ იმუშავა. საკუთარ თავზე დაკვირვება ხშირად გადამწყვეტია ადამიანისთვის, ყურადღებას ვაქცევ, რომ ბავშვებმა ისწავლონ თვითშეფასება და ეს სწორედ  საკუთარ თავზე დაკვირვებით მოდის.

  • სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ არა მარტო ბავშვებს, მოზარდებსაც უჭირთ წაკითხულის გააზრება. თქვენ როგორ ასწავლით კითხვის მნიშვნელობას, წაკითხულის გააზრებას  ბავშვებს, რაიმე განსაკუთრებული მიდგომა გაქვთ?

პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ბავშვის დამოკიდებულება წიგნთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვი ხედავდეს, რომ უფროსიც კითხულობს. მე თუ რაიმეს წავიკითხავ და მომეწონება, აუცილებლად შემაქვს მათთან, ვესაუბრები ამაზე, ვუზიარებ ჩემს შთაბეჭდილებებს, მაგრამ არ ვავალებ, რომ აუცილებლად წაიკითხონ. შეიძლება ისეთ წიგნებზე მისაუბრია, რომლებიც მათი ასაკისთვის არ იყო შესაფერისი, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ამან დაგაინტერესოთ და ფრაგმენტულად, ეს შთაბეჭდილებები აქვთ ბავშვებს გონებაში ჩარჩენილი. მნიშვნელოვანია, რომ შენი ემოციები დაკავშირებული იყოს კითხვასთან და ამას უნდა ხედავდნენ ბავშვები. კითხვამ უნდა გამოიწვიოს ფიქრი, ემოცია… ბუნებრივია, ყველაზე არ მოქმედებს, მაგრამ ეს არის ბიძგი იმისკენ, რომ ბავშვები წიგნებით დაინტერესდნენ.

ვფიქრობ, ჩემი სწავლების განსხვავებულობა იმაშია, რომ ყველანაირად ვცდილობ, ბავშვები ყველა პროცესში ჩავრთო, რაც მათ პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს.

პასუხისმგებლობის სწავლება ლაპარაკით არ ხდება, გამოცდილება აჩვენებს, რომ რაც უფრო ჩავრთავთ  ბავშვებს ამა თუ იმ პროცესში და მივცემთ სადავეებს, ისინი ბევრად უფრო კარგად გააკეთებენ. მკითხველთა კლუბის მაგალითზე შემიძლია ეს ვთქვა. ისინი გეგმავენ თემებს, ბლოგებს ქმნიან, მონაწილეობენ ინტერნეტპლატფორმის მართვაში.

  • ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ განათლება არ არის მხოლოდ ბევრი წიგნის წაკითხვა, არამედ გააზრება იმის, რას ვკითხულობთ და რას ვსწავლობთ აქედან. როგორ ასწავლით რა არის მთავარი ღირებულება, როგორ აწვდით ბავშვს?

ყველაფერი სწორედ აქეთკენ უნდა მიდიოდეს. მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა არაფრის მიმცემი არ არის ბავშვისთვის, თუ მას არ გაუჩნდა სწორი დამოკიდებულებები, სწორი ღირებულებები. ამიტომ, მე ამისთვის არ ვიყენებ მხოლოდ წიგნებს. მაგალითად, ბევრჯერ გამიკეთებია ანიმაციები, რომლებიც სწორედ ღირებულებებს გვასწავლის. რა არის სიკეთე, სიზარმაცე, რას იწვევს რასიზმი უფროსებში და ა.შ. –  ვუყურებთ და განვიხილავთ.

ბევრჯერ გამომიყენებია არასაპროგრამო მასალები, რადგან ასეთ რესურსებს მოკლებულნი არიან ბავშვები. ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო გაკვეთილზე სტატიები, მონოლოგები, სატელევიზიო სივრცეში იყო ასეთი გადაცემა –  „ჩაის თემა“, სადაც ღირებულებებზეა ყურადღება გამახვილებული და ვასმენინებ ხოლმე. ჯერ ერთი, მოსმენის პრაქტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს საზოგადოებაში დგას ამის პრობლემა. ვცდილობ, სხვადასხვა მხრიდან დავანახო ეს ღირებულებები მათ. კითხვის დროს მთავარია რა გაიგო, რა დაინახა და დაალაგა თუ არა მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი.

  • ზოგადად, არსებობს დამოკიდებულება, რომ ქართულის მასწავლებელმა ბავშვებს უნდა ასწავლოს პატრიოტიზმი და ხშირად ეს სწავლება გადადის გარკვეულ იდეოლოგიაში, ნაციზმში, განსხვავებულის მიუღებლობაში. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?

არავითარ შემთხვევაში. მე ცალსახად მივიჩნევ, რომ მსგავსი იდეოლოგიური დამოკიდებულება არის დრომოჭმული. თვითონ ბავშვებიც არ მიგიღებენ ასეთს. ისინი სხვანაირად არიან განვითარებული, მათი ინტერესის, ინფორმაციის სფერო ბევრად უფრო ვრცელია, ამას არ მიიღებენ ბავშვები, თუ, რა თქმა უნდა, ეს იძულებით არ ხდება.

ზოგადად, მასწავლებლობა ბეწვის ხიდზე სიარულია. ამიტომ ვცდილობ, რომ ფრთხილად ვიარო ამ ხიდზე და არავის ზედმეტად არ მოვახვიო ჩემი შეხედულება.

ყოველთვის ვცდილობ, მათგან წამოვიდეს ინტერესი, თვითონ გამოთქვან ღიად რაც შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები, რომ შეეჩვიონ ბავშვები განსხვავებული აზრის მოსმენას, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მათ არ აქვთ, ეს მინდა გაიაზრონ. ეს იქნება უმცირესობების, რელიგიის თუ სხვა საკითხები. ვცდილობ, ყველა მიმართულებით დავიცვათ ეს პრინციპი, თორემ რაც გვჭირს დღეს საზოგადოებას, ყველაფერი ნათელია, რატომაც გვჭირს.

  • გახშირდა მოზარდების გამოყენება ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფებების მხრიდან. რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ, რომ მოზარდები არ აღმოჩნდნენ ამ ძალების გავლენის ქვეშ?   

ისევ და ისევ სწორი ღირებულებების სწავლება და ამაზე ყურადღების გამახვილებაა მნიშვნელოვანი. განვითარებული საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რა არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და ყველა განვითარებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს გათავისებული.

თუკი რაიმე ღირებული შეუქმნია კაცობრიობას, სწორედ ამ ღირებულებებს ემყარება. სამშობლოს სიყვარული იწყება ძალიან მარტივიდან და ეს არ არის გულზე მჯიღის რტყმა, არამედ ის, თუ რამდენად პირნათლად ვასრულებთ ჩვენს საქმეს. სამშობლოს სიყვარული იწყება ჩვენი ყოველდღიური დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ.

Exit mobile version