ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მაჭახელას ხეობაში მეტალურგიული კერების გამოვლენა-კვლევის სამუშაოები ჩატარდება

08.08.2019 • 2892
მაჭახელას ხეობაში მეტალურგიული კერების გამოვლენა-კვლევის სამუშაოები ჩატარდება

აჭარის მეტალურგიული კერების არქეოლოგიური კვლევის მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მდინარე მაჭახელას ხეობაში გარკვეული არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. მომსახურებას სააგენტო ტენდერით შეისყიდის. სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა 16 946 ლარია.

ტენდერის პირობის მიხედვით, აჭარის მეტალურგიული კერების გამოვლენისა და კვლევისთვის უნდა ჩატარდეს შემდეგი არქეოლოგიური სამუშაოები:

[checklist]

  • მდინარე მაჭახელას ორივე სანაპიროს კლდოვანი ქანების გაწმენდა მცენარეული საფარისა და ეკალ-ბარდისაგან;
  • მდინარე მაჭახელას ორივე სანაპიროზე მიწის ფენის მოხსნა;
  • მდინარის ორივე ნაპირზე ქვის გოლების გაწმენდა ხერგილისა და ქვა–ღორღისაგან;
  • განათხარი მიწის გატანა 20 მ მანძილზე ხელით და ურიკით.

[/checklist]

სამუშაოები მაჭახელას ხეობაში, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში უნდა ჩატარდეს. „ჩასატარებელი სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება“, – აცხადებს ეროვნული სააგენტო.

„ბოლო წლებში სადაზვერვო და მცირე მასშტაბის გაწმენდითი-გათხრითი საველე სამუშაოების შედეგად, აჭარის ტერიტორიაზე გამოვლენილ იქნა ბრინჯაოს მეტალურგიასთან დაკავშირებული მეტად საინტერესო კერები. მათმა რიცხვა 25-ს მიაღწია. დასტურდება, რომ ლითონის დასაქუცმაცებელი ქვის გობების პარალელურად აქაურ მკვიდრთ გამოუყენებიათ თითქმის ინდუსტრიულ დონეზე აყვანილი ახალი ტექნოლოგიური ხერხები.
მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: პირველ რიგში მდინარეთა ხეობებში, უპირატესად დამრეც, სიპ კლდოვან მასივებში, თვით მდინარეთა კალაპოტებში ამოუკვეთიათ მოზრდილი გოლები, რომელთა სიფართე ზოგჯერ 5 მ–ზე მეტია, ხოლო სიღრმე 1,5 მ–დე. მასში ათავსებდნენ საბადოებიდან გამოტანილ ლითონის ნატეხებს ფუჭი ქანებისაგან განთავისფულების მიზნით.
ყველა ძეგლზე მათი რიცხვი საგრძნობია. მაგალითად, თეთრობის მთაზე 24 ასეთი გოლის არსებობა დადასტურდა. ამავდროულად, ძველ მეტალურგებს კლდის მასივებშივე ამოუკვეთიათ ასევე დიდი რაოდენობით სხვადასხვა ზომის ქვის გობები, რომლებშიც ხდებოდა წყლის ენერგიის გამოყენებით გოლებში გამდიდრებული ლითონის დაფშვნა–დაქუცმაცება მომდევნო ეტაპისათვის ქურებში ლღობის პროცესების დაჩქარების მიზნით. მათმა რიცხვმა ასეულს გადააჭარბა. ზოგჯერ მარტო ერთ ძეგლზე 30-მდე კლდეში ნაკვეთი გობია დაფიქსირებული.
მოპოვებულია ბრინჯაოს მეტალურგიასთან დაკავშირებული საინტერესო არტეფაქტები. ჩანს, რომ პოლიმეტალებით მდიდარი სამხრეთ–დასავლეთ საქართველო, განსაკუთრებით ჭოროხის აუზი, წარმოადგენდა ბრინჯაოს მეტალურგიის მსოფლიო ცივილიზაციის ერთ–ერთ უძველეს კერას ძვ.წ. V–II ათასწლეულებისათვის. ჩვენს ხელთ არსებული მონაპოვრების მიხედვით უნდა ჩანდეს, რომ აქაური ნედლეული მარტო ადგილობრივი მომხარების საგანი არ უნდა ყოფილიყო. ეჭვგარეშეა, რომ მნიშვნელოვანი წილი მიედინებოდა ანატოლიისა თუ წინა აზიის ქვეყნებში“, – აღნიშნულია ძეგლის მოკლე აღწერაში.

ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები აჭარის მეტალურგიული კერების ტერიტორიაზე [მაჭახელას ხეობაში], გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 2 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.

ამ თემაზე:

მომზადდა თუ არა მაჭახელას ხეობის კონცეფცია, რაშიც ბიუჯეტიდან 454 300 ლარია გადახდილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: